გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლუკა ჯაბუა ბათუმელები ნეტგაზეთი ინდიგო გაზეთი

ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა | ლუკა ჯაბუას საქმე

„წამით არ ვკარგავ შემართებას, თავი მაღლა მიჭირავს და იმაზე ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის”, – 20 წლის ლუკა ჯაბუა ციხიდან.

ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლუკას და საპროტესტო აქციების კიდევ 10 სხვა მონაწილეს (რეზო კიკნაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი  და ირაკლი ქერაშვილი) პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „სამართალდამცავების მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავდასხმას” ედავებიან. თუმცა, ლუკას ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის თქმით, ლუკა სასამართლო პროცესებამდე არ იცნობდა არცერთ პირს, ვისთან ერთადაც ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს. მათი სახელები გაგებულიც კი არ ჰქონია.

ბრალში აღნიშნულია, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები თავდასხმისთვის სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ. ლუკას ადვოკატი  კი ამბობს, რომ ეს ბრალდება განზოგადებულია თერთმეტივე პირის მიმართ, მაგრამ საქმეში არ ჩანს, რაში გამოიხატებოდა ჯგუფურობა, ან – თავდასხმა, ან ვის მიადგა ზიანი. მაგალითად, არ ჩანს, კონკრეტულად, ლუკა ჯაბუას მოქმედებების შედეგად ვინ დაზარალდა.

ლუკას წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, დაკავების ოქმი და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც ამოღებულია: ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა.

„ვიდეოჩანაწერში ნამდვილად ლუკა ჯაბუაა,  თუმცა არ ჩანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ვინმესთვის ზიანის მიყენება, ჯგუფურად, ან ვინმესთან ერთად ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა. ეს აუცილებლად გახდება სადავო არსებითი განხილვის სხდომაზე”, – ამბობს რუსუდან აგურაშვილი.

პოლიციელების ალყა თბილისში დალუკას დაკავება

ლუკა ჯაბუა თბილისში, „საქართველოს უნივერსიტეტში” ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე სწავლობს. ისე, ზუგდიდელია, სადაც მისი დედა, ძმა და ბებიები ცხოვრობენ. ლუკას მამა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს. ინსულტგადატანილმა ბებიამ ლუკას დაკავების შესახებ არაფერი იცის.

თბილისში საცხოვრებლად მარტო გადმოსული ლუკა კვირაში 2 დღეს მუშაობდა ერთ-ერთ კომპიუტერულ ცენტრში. დაკავებამდე ბოლო რამდენიმე თვეს კი სწავლობდა თეატრალურ სტუდიაში.

„ვიცი, უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი „სიტყვაა” და თეატრალურშიც ამიტომ ჩავაბარე. მინდა, საკუთარი თავი მივუძღვნა ქვეყნისთვის, თუნდაც ერთი აგურის დადებას”, – წერს ლუკა ჯაბუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

აქციებზე აქტიურად სიარული მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა პროტესტის გრძნობა უსამართლობის წინააღმდეგ.

„სამშობლოს ნუ გვიკლავთ, მე აქ ცხოვრება მინდა”, – წერდა ფეისბუქზე 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც „ქართული ოცნების” მიერ არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.

„სხვაგვარად არ შემეძლო ამ ღირსეული ქვეყნის შვილს, ქვეყნისა, რომელმაც უამრავი უბედურება გამოიარა და რომელიც გმირი ხალხის, ღირსეული შვილების ბრძოლამ მოიყვანა აქამდე. აქედან გამომდინარე, თავიდანვე მქონდა გააზრებული, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს სამშობლოსთვის, რომელიც ძალზედ მეამაყება”, – წერს ლუკა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ლუკას დედა ქეთევან ზარქუა გვიყვება, რომ შვილთან საპროტესტო აქციის შესახებ საუბარი მხოლოდ ერთხელ სცადა ტელეფონით, თუმცა ლუკა განაწყენდა და ამის შემდეგ საუბარი აღარ უცდია:

„ერთხელ ვუთხარი, მხოლოდ ერთხელ და მივხვდი, რომ მეტჯერ ვერ ვეტყოდი, იმიტომ, რომ ძალიან ეწყინა. არ წახვიდე-მეთქი [აქციაზე]; თუ წახვალ, წინ არ დადგე-მეთქი და მიპასუხა, მეტჯერ არ მითხრა ესო, დედა და გამითიშა. მანამდე, ტელეფონი გაეთიშოს ჩემთვის ლუკას, ეგეთი შემთხვევა  არ მახსოვს. დავით აღმაშენებლობა ხომ არ გინდა-მეთქი, ვეხუმრე და აი, ასე რომ ფიქრობდით, იმიტომ ვართ ამ დღეშიო და თქვენი თაობის გასაკეთებელს, ჩვენ ვაკეთებთო, მიპასუხა”.

ლუკა თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იქ დააკავეს 2024 წლის 6 დეკემბერს.

დაკავების დროს „ვოლტის” შეკვეთას იღებდა და ეზოს გვერდით, ერთ-ერთ ჩიხში შეეფეთა პოლიციას, რომელმაც ალყაში მოაქცია. ეს ამბავი ქეთევან ზარქუამ შვილის დაკავების შესახებ მეზობლისგან იცის და ამბობს, რომ პოლიცია  4-5 მანქანით მოვიდა – 20-მდე თანამშრომელი ერთად.

„ალყაში მომაქციეს და მითხრეს, რომ აქ ვიღაც მანქანას ტეხავს და უნდა გადავამოწმოთ, შენ ხომ არ ხარო, რაზეც გამეცინა, რადგან დაკავებამდე თვალთვალი და სატელეფონო ზარის საშუალებით ჩემი მიტყუების მცდელობები მრავლად იყო”, – იხსენებს ლუკა ჩვენს კითხვებზე პასუხად.

დაკავების წინა დღეს, 5 დეკემბერს, ლუკა მართლაც წერდა ფეისბუქზე, რომ უცხო პირები დაუკავშირდნენ და უთხრეს, დალეწილი ტელეფონი ვიპოვეთ რუსთაველზე, უკან შენი ნომერი ეწერა და იქნებ ნახოო.

ლუკა იხსენებს, რომ მის სახლს დაახლოებით ერთი ან ორი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ:

„აბა, სად გაქვს მოლოტოვი, მანდ რას იდექი, არ გრცხვენია? და მსგავსი შინაარსის საუბარი... შემდეგ, ტელეფონი ჩამომართვეს, ვუთხარი, რომ კოდს არ ვეტყოდი, რაზეც მიპასუხეს, რომ მაინც გატეხდნენ და ბარემ, გვითხარი მხოლოდ კონტაქტებს ვნახავთო. როდესაც კოდი ვუთხარი, დაიწყეს სოც. ქსელების, ესემესების და ფოტოების თვალიერება. ეს ცუდი კაცი ყოფილაო. განყოფილებაში მითხრეს, თუ გინდა, საქმე შეგიმსუბუქოთ, გვარები გვითხარი, წინ ვინ იდგაო”.

ლუკა დაკავებისას მარტო იყო სახლში და ყველაზე მძაფრად აყვანის მომენტი ახსოვს. „შემდეგ სრულიად მშვიდად შევხვდი ყველაფერს”, – ამბობს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ახლა უკვე ამბობს, რომ წაყენებულ ბრალდებაზე  მხოლოდ ეცინება. საკუთარი თვალით დავინახე, „თუ როგორ ყარს და გამოიყურება უსამართლობაო”. გარეთ მყოფებს ამშვიდებს. დედასთან დარეკვისას ერთადერთი, რის შეგზავნასაც  სთხოვს, წიგნებია.

„ამას ვასწავლიდი მთელი ცხოვრება, რაც უნდა პრობლემა შეგექმნას, შენ თავს ყოველთვის შემოუძახე-მეთქი და აი, ახლა ამისთვის გამოადგა. ვინ იფიქრებდა”, – ამბობს ლუკას დედა.

ლუკა ჯაბუას და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 5 მარტს არის დაგეგმილი.

______________________________

ტექსტი დაიბეჭდა „ბათუმელებისა” და „ინდიგოს” სპეციალურ გამოცემაში - „სინდისის პატიმრები“, რომელზეც სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებმა იმუშავეს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა