გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მიმართულების საპირისპიროდ

მიმართულების საპირისპიროდ | გიორგი ურჩუხიშვილი

ექვს საათზე გავიღვიძე, შვიდზე სახლიდან გავედი და რვაზე რკინიგზის სადგურზე ვიყავი. ბათუმში მივდივარ საქმეზე. 

მეორე კლასის ვაგონი. იმედია, ჰაერი მშრალი იქნება და საპირფარეშოში შესვლა არ მომინდება. არ შემიძლია საერთო ტუალეტი. 

ისე, კარგი მატარებელია: სკამები კომფორტული, გასავლელი – ფართო, რაღაც აპარატებიც დგას, საიდანაც შეგიძლია წყალი სამ ლარად იყიდო და ზედ რვალარიანი “სევენ დეისის” სარეცხი ფხვნილის სუნსა და გემოზე გამომცხვარი კრუასანიც დააყოლო. 

მიმართულების საპირისპიროდ დავჯექი და მალევე მიმართულების მხარეს, თავისუფალ ადგილზე გადავჯექი –  რაღა დროს ჩემი მიმართულების საწინააღმდეგოდ სიარულია? ამას წინათ, შვილი სკოლიდან გამომყავდა და მასწავლებელმა მითხრა: როგორი გოგოა, იცითო? სულ ცდილობს, სამართლიანი იყოს, სიმართლეს მხარეს დადგესო.

ეგონა, გამახარა. 

ქუთაისში გავჩერდით. “სამგზავრო მწეველი” ვარ – სადმე თუ მივდივარ, მხოლოდ მაშინ ვეწევი, ოღონდ აიქოსს – უდანაკარგოდ, ჭაპანივით.

მოვწიე, დავუბრუნდი ადგილს და – ჩემ წინ სავარძელში პატარა ბიჭი მოკალათებულა და ეშმაკურად მიღიმის: მრგვალი, აწითლებული ლოყები აქვს, ხახვის ფოჩისმაგვარი თმა და ზომიერად მოწიფული, პატარა ღიპი. ბაკებთან პატარა ოფლის წვეთები უბზინავს, გაგუდული ცხვირით მძიმედ სუნთქავს, მაგრამ ანცი ღიმილი დასთამაშებს სახეზე. აი, ცოტაც და რაღაცას მეტყვის. 

ერთი, ორი… 

კოშკა (ჩემი კლიჩკა ბავშვობიდან), როგორა ხარო, – გეგონება, სკოლის მეგობარია და უფლება აქვს ამ ფამილარობის. 

აბა, ჯენზები ასოციალურები არიანო? – გამიელვა თავში.

ხახვისფოჩამ: ცოტა ხნით ჩამოვფრინდი, ქუთაისის აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, შენი ნახვა მინდოდაო. გაჭაღარავებულხარ, რას შვრებიო.

რა მეთქვა? საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. ან მე რა ვიცოდი, რას ვშვრებოდი. 

შენ რას შვრები-მეთქი?  

და დაიწყო. ყურადღებით მომისმინეო. მისაყვედურა, აქამდე რატომ არასდროს სცადე, მოგესმინაო? რაღაც სიმძიმე მაქვს, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ – არც მოწყენილობაა, არც ბრაზი, უბრალოდ, გაურკვეველი გუგუნია თავში. ძალიან პატარაობიდან “ვარსკვლავბიჭუნასა” და ძლიერი კაცის ტვირთი ამკიდეს; სულ იმას მიჩიჩინებდნენ, რომ ჭკვიანი და წარმატებული უნდა გამოვსულიყავი. მხეცი ხუთოსანი ყველაფერში. თითქოს შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და ახლა ვერაფერს ვაკეთებ, სულ შეცდომის დაშვების მეშინიაო. 

მეთქი, რა დავაშავე, ახლა ამ უცნობის ტირილი რომ უნდა ვისმინო-მეთქი. უნდა ამომილაგოს ფრიადოსნის კომპლექსები და არ მომეშვას, სანამ მეც არ ავტირდები-მეთქი.

ვერ მივართვი.

მაგრამ თან ჩემი გამჭირვებია. უცნობის წუწუნზე მამაჩემი მახსენდება, როგორ მიმეორებდა ხოლმე: ჩემზეო ჩვენი მეზობელი პაპა სულ იმას ამბობდა, ცივ ქვაზე რომ დასვა, მაინც იცხოვრებსო. ჰოდა, შენც მასე უნდა იყოო. 

ეგრე გამზარდა მამაჩემმა და ახლა ამ უცნობის წუწუნი ძალიან მეხამუშება. ის კი არა, ჩემი გოგო მეგობრებიც, თუ რამეს  დავიწუწუნებდი,  ცხვირს მიბზუებდნენ – კაიო, კაიო, არ გვჯერა ჩვენ კაცის წუწუნისო. ერთხელ, ერთი მეჩხუბა, რაზეც მე ვუთხარი, არ მეჩხუბო-მეთქი, და  რა იყო, პრინცესა ხარო? გავიფიქრე, პრინცესა ვარ, აბა რა ვარ-მეთქი, მაგრამ უხმოდ დავითმინე ეს დაბრკოლება. 

კაცი უნდა იყოს ამტანი და მდუმარე. განა მე არ ვიყავი ხუთოსანი და ვარსკვლავბიჭუნა? მაინც ავდექი და აგერ, ას ადგილას ვმუშაობ, ყველას კოჭს ვუგორებ და ვეფერები, ბალღებს რამე რომ არ მოვაკლო. 

მეზარება შეყოლა, მაგრამ მაინც ვეკითხები: შენ რა შეცდომის გეშინია-მეთქი.

რომ ვერ “გავქაჩავო” – ისეთი არ აღმოვჩნდები, როგორიც უნდა ვიყო მშობლების, ძმაკაცების, უბნელებისა და თანაქალაქელების თვალში. 

მაგალითად, დღემდე ვერ ვნახე უნაკლო ქალი, ჩემებს, გარემოს, მეგობრებს რომ მოეწონოთ, ისეთიო. ქალშიც მინდა, რომ ხუთიანი მივიღოო.  ზოგი ამასობაში მიყვარდება კიდეც, მაგრამ მომკალი და ვერ ვენდობი ქალებს რა –ან როდის გამიბლატავდებიან, ან როდის მიღალატებენო.

აუ, მეთქი, ჩემო ჯენზი ძმაო, იმდენი შეცდომა დამიშვია ცხოვრების გზაზე… კაცი იმიტომ ხარ, რომ გარისკო და შეცდომები დაუშვა-მეთქი. ძაან თავდაჯერებულად ვუთხარი. ვაჩვენე, რომ მაგარი ტიპი ვარ. არადა, ორმოცდაერთი წლის რომ გავხდი, შიგ გულის სიღრმეში ვიგრძენი დაღლა... დაღლა, რადგან სინამდვილეში მეც საზარლად მაწუხებს ეს შეცდომები და სულ თავს ვიჩაქუჩებ – უფრო მაგარი და უშეცდომო რატომ არ ვიყავი-მეთქი. ვითომ დავიკიდე სხვების აზრი, მაგრამ გავნადგურდი. აღარაფერი მსიამოვნებს. მარტოსული ვარ.

მაინც რანაირად დავუშვი ეს შეცდომები?!

ხახვისფოჩამ – ხანდახან ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არც არასდროს გავიზრდებიო. არადა, მინდა გავიზარდო, მინდა პასუხისმგებლობა ავიღო,  ჩემი ცხოვრება მქონდეს, მაგრამ არავინ მაცდის. ყველა მხრიდან მიმითითებენ: ეს ასე ქენი, ის – ისეო. მაგრამ თან სიმართლე ისაა, რომ მე თვითონაც არ ვაცლი საკუთარ თავს გაზრდას. მეშინია იმ ტკივილის, რაც სიმწიფეს მოჰყვება. გაქცევა უფრო ადვილია. ვსვამ, ვყლაპავ, ვიმალები, სხვების აზრებს ვემორჩილები და ასე, ნელ-ნელა, სულს ვყიდი იმისთვის, რომ “ნორმალური კაცი” ვეგონო ხალხს – მაგათ ხომ მე ძალიან ვუყვარვარო.

ვაი, ამის პატრონს-მეთქი, ერთი კი გავიფიქრე. ვის უყვარხარ, თუ ძმა ხარ, არავის. მაგრამ მივხვდი, რომ ამას მოსწონს ამ საყვარელი ბიჭის იმიჯი და მივუშვი ნებაზე – დაე, იყოს ასე-მეთქი. არასოდეს ვყვარებივარ ვინმეს, მხოლოდ ვჭირდებოდი-მეთქი – ჩემთვის, ჩუმად კი, ჩავიწამლე გუნება და განწყობა.

მერე შევუტიე: რატომ გეშინია სხვების აზრის, ქვეშაფსია ხარ-მეთქი? იმან კიდევ, რაღაცნაირად გამიღიმა და – დაცინვის, გარიყვისა და დაჩაგვრის მეშინიაო. მგონია, თუ მეგობრებს სულ დავუჯერებ, ისინიც “მარადიულად მეძმაკაცებიან” და ზურგს გამიმაგრებენო. მეთქი, კი, რავი, ეგრეა მანამ, სანამ შეჭმას დაგიწყებენ და თავის ჭკუაზე ტარებას დაგიპირებენ-მეთქი.

არადა, ვიცოდი, რასაც ამბობდა: როდესაც საშიშროების წინაშე ვყოფილვარ, მეც მინატრია, გვერდში დიდი და ძლიერი საძმაკაცო მყოლოდა. თუმცა, თან სულ ვცდილობდი, არავისთვის მეთხოვა დახმარება, რადგან ამტანი და ძლიერი კაცი სხვებს დახმარებას არ სთხოვს. თან დახმარების სანაცვლოდ, ძღვენი და მსხვერპლი რომ გამხდომოდა მისატანი, როგორც საკრალური შესაწირი? “მიდი რა, ძმაო, დალიე ეს აბი, რისი გეშინია?” ან “რავი, ფული უნდა შემოგვწირო”... 

მოკლედ, მესმოდა ხახვისფოჩასი. ერთნაირად გვტკიოდა რაღაც, მაგრამ ჩემი ბრძოლების მისთვის ჩვენებას არ ვაპირებდი.

ხახვისფოჩამ, ვერასოდეს მოვაწონე თავი უფროსებსო. სულ მარცხვენენ, ყველაფერს მიწუნებენო. მეთქი, აბა, როგორ გინდა? ჰოდა, ჩამოარაკრაკა, რომ ყველა უფროსი კაცი, ვინც გარშემო ჰყავდა, თითქოს, რაღაცას უმალავდა. არასდროს უთქვამთ მისთვის საიდუმლო, რომელიც კაცების სამყაროს კარს გაუღებდა. რამეს ეტყოდა და — რას მიაცვ-მოაცვამო – თითქოს, ეშინოდათ, ხახვისფოჩაც თუ დავაჟკაცდებოდა, უფროს კაცებს ძალა დაეკარგებოდათ. კი არ მასწავლიდნენ, როგორ ვყოფილიყავი ძლიერი, მებლატავებოდნენ, რომ თვითონ იყვნენ მაგარი კაცები – ბევრი რამე შექმნეს და ბევრ რამეს გაუძლესო. პატარა ბავშვს მიმტკიცებდნენ თავიანთ უპირატესობასო. არცერთს არასდროს უთქვამს: შვილო, მე შენით ვამაყობო. სულ ველოდი კურთხევას, რომელიც კაცად მაქცევდაო. ახლა კიდევ ვხვდები: თითქოს, აწყობთ, მე რომ ვერ დავკაცდი და თვითონ არიან ნაღდი კაცებიო.

მეც ხომ მასზე უფროსი ვიყავი და ვუპასუხე: ხო, ჯერ რაღაც-რაღაცები უნდა დაამტკიცო, დაკაცებამდე ბევრი გიკლია-მეთქი. არადა, რას ვეკონკურენტებით ამ პატარა ბიჭებს ამხელა კაცები? სინამდვილეში მეც ხომ იმავე დანაკლისს დავატარებდი, რაც ხახვისფოჩას ჰქონდა. მეც ხომ არ მყავდა უფროსი ადამიანი – მამა, პაპა ან სხვა ვიღაც, ვინც ჩემს დაჩმორებას კი არ დაიწყებდა, არამედ დამამშვიდებდა; რომელიც მუხლზე დამისვამდა და, უბრალოდ, მეტყოდა: “მაგ შენს შფოთვაში არაფერია სათაკილო. მოდუნდი, ჩემო ბიჭო, დაისვენე”.

მაგრამ, რა ვიცი, აბა, ალბათ, არ გამოდის ეგრე. როგორ ვიქნებით ძლიერები, ჩვენ, დაბნეული და პატარა ბიჭები, თუ ეს მიუღებლობა არ გავიარეთ? 

ხახვისფოჩამ გაბრაზებით კი არა, რაღაცნაირი ნევროტული სიცხადით მითხრა: „ჩვენთან, ოჯახში, ბიჭი შვილი გამოსაწვრთნელი ახალწვეულია. და იმის მეშინია, რომ ჩვენც ამ უფროსი კაცების რუპორებად ვიქცევით. წარმოიდგინე, მუდმივ კონტროლში გვყავს ერთმანეთი, რომ “კაცურ სახელს” ლაქა არ მოეცხოს. ეს მეგობრობა კი არა, კოლექტიური თვალთვალი და ემოციური კასტრირებააო. 

მეთქი, საღოლ, ჯენზი, ცოტა ენჯეო-ლექსიკას კი იყენებ, მაგრამ მაგრად მოზგაობ-მეთქი.

ხახვისფოჩამ, ვერ გამიგია, როგორ გავიზარდო, როცა დედაჩემი გაზრდის საშუალებას არ მაძლევსო.

გავიფიქრე, რომ ფემინისტები შაბლონურად შენიშნავდნენ – ხახვისფოჩამ ისევ ქალებს დააბრალა საკუთარი ტკივილებიო. არა, ქალებს კი არ აბრალებს ეს ბიჭი; უბრალოდ, ზოგჯერ დედები ზედმეტად ზრუნავენ ჩვენზე და არჩევანისა და მოქმედების საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენ კი დედის ძალიან გვჯერა. ზოგი დედის ზრუნვა ცეცხლს ჰგავს და ამისგან სწორედ მამამ უნდა დაგვიცვას და მიგვახვედროს: “გეყოფა, გაიზარდე, გენდობი, დიდი ხარ”.

მაგრამ ხახვისფოჩას მაინც ვუთხარი, დედის ამაგზე მასე ლაპარაკი არ შეიძლება-მეთქი.

მერე ხახვისფოჩა უცებ მეუბნება: შეიძლება ჩაგეხუტოო? მეთქი, რა ნაზები ხართ ეს ახალი თაობა-მეთქი. თან გავუღრიჭე, მეთქი, რამე არ დამცხოს – მაგარი ტიპი კი ვარ, მაგრამ მეც ხომ მეშინია, არა? 

ხახვისფოჩას სახე შეეცვალა, თითქოს საბოლოო შიში ჩაუდგა თვალებში და ძალიან დაჟინებით მთხოვა, კარგი, ის მაინც ქენი, რომ არავის უთხრა, რომ აქ ვიჯექიო და თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, ისე უცებ გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა. Spirited Away.

ჩავედი ბათუმში. ვიცოდი, რომ აღარაფერში დამჭირდებოდა ეს უცნაური ხახვისფოჩა ბიჭი. თუმცა, რაღაც მაწუხებდა – საშინელი მელანქოლია. გავიგე, რომ მეც მეხებოდა მისი განცდები, მაგრამ ... საჭიროა ამაზე ხმამაღალი ლაპარაკი? დალევა მომინდა. ვიფიქრე, უნდა დავლიო, გავილეწო და გადავიკარგო-მეთქი. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. ჩემი ბიჭი იყო, სამი წლის.

- მამიკო, იცი, რა მოხდა? - გამომძახა ტელეფონში აკანკალებული, ხმით, - თბილისში ისეთი წვიმა იყო... ისე ქუხდა, რომ ძალიან შემეშინდა. მამა, შენ ხომ არ გეშინია ჭექა-ქუხილის? შენ ხომ დიდი ხარ? 

შვილო, რა ყველაფრის გეშინია, ეს რა წვიმაა? გაიზრდები და აღარ შეგეშინდება-მეთქი.

მოვატყუე – დღემდე ვძრწი ჭექა-ქუხილზე.

...

ის, რაც პატარა ხახვისფოჩამ მატარებელში 41 წლის კაცს უამბო, არ არის მხოლოდ ერთი შეშინებული ბიჭის გრძნობები. ეს არის გლობალური ეპიდემია, რომლის ნაწილიც ის კაციცაა, ვინც ამ ამბავს ისმენს – პირობითად, მატარებლით ბათუმში საქმეზე წასული კაცი. 

ამ დიალოგში ორივე მხარე ერთნაირად განიცდის. ერთი, რომელიც საკუთარ სიმართლეს აკანკალებული ჰყვება და მეორე, რომელიც ამ ყველაფერს ამტანი და ყოვლის მნახველი კაცის პოზიციიდან ისმენს, მაგრამ შინაგანად ისიც იმავე “კაცური სიჩუმის” მახეშია გაბმული.

დაწვრილებით

სხვა სევდიანი მონაცემები:

  • გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებელთა 2/3-ზე მეტი მამაკაცია.
  • ჯანმო-ს მიერ აღიარებული “თამაშების აშლილობა” (Gaming Disorder) მნიშვნელოვნად უფრო ხშირია ბიჭებში. კვლევების მიხედვით, მოზარდი ბიჭების დაახლოებით 10-15% ავლენს პრობლემურ დამოკიდებულებას ვიდეოთამაშების მიმართ.
  • PISA-ს ტესტების მიხედვით, თითქმის ყველა ქვეყანაში ბიჭები კითხვისა და წერის უნარებში ჩამორჩებიან გოგონებს.
  • აშშ-სა და ევროპაში სტუდენტების მხოლოდ 40-45% არის მამაკაცი. ბიჭები უფრო ხშირად ტოვებენ სკოლას ნაადრევად.
  • მსოფლიოში პატიმართა 90%-ზე მეტი მამაკაცია. ეს ხშირად დაკავშირებულია აგრესიის მართვის პრობლემებთან, რომლებიც ემოციების ჩახშობის შედეგია.
  • ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი სკოლებში, ვიდრე გოგონები (რომლებშიც უფრო მეტად სოციალური/ვერბალური ბულინგია გავრცელებული).
  • მამაკაცებში უფრო მაღალია სიკვდილიანობა კიბოს ისეთი ფორმებისგან, რომლებიც ორივე სქესისთვისაა დამახასიათებელი (მაგ. ფილტვის, კოლორექტული კიბო), რადგან დიაგნოსტირება ხშირად დაგვიანებულ ეტაპზე ხდება.
  • სკოლებში ბიჭებს 2-ჯერ უფრო ხშირად სჯიან, ან რიცხავენ, ვიდრე გოგოებს, რაც მათში საზოგადოებისგან გარიყვის განცდას ადრეულ ასაკშივე აჩენს.
  • მამაკაცებს გულის დაავადებები უფრო ადრეულ ასაკში უვითარდებათ, ვიდრე ქალებს. ეს ხშირად დაკავშირებულია სტრესის მართვის არაჯანსაღ მეთოდებთან (მოწევა, ალკოჰოლი).
  • კაცები 2-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ალკოჰოლზე დამოკიდებულებით და 3-ჯერ უფრო ხშირად კვდებიან ზედოზირებისგან, ვიდრე ქალები. ეს არის “თვითმკურნალობის” მცდელობა იმ შფოთვის დასამალად, რომელზეც მთავარი პერსონაჟი საუბრობს.
  • კვლევები აჩვენებს, რომ მშობლები ბიჭებთან უფრო ნაკლებად საუბრობენ ემოციებზე, ვიდრე გოგოებთან. ეს იწვევს ალექსიტიმიას - მდგომარეობას, როცა ადამიანს არ შეუძლია საკუთარი გრძნობების იდენტიფიცირება და გამოხატვა, კაცების დაახლოებით 40-50%-ს, რომლებიც საკუთარ თავებს ზიანს აყენებენ, უჭირთ ემოციების სიტყვებით გამოხატვა. როცა ვერ ამბობ: “მეშინია”, “მტკივა”, “მარტოსული ვარ” - ტკივილი გადადის ფიზიკურ ქმედებაში.
  • მსოფლიოში მძიმე დანაშაულების (მკვლელობა, ყაჩაღობა) 90%-ზე მეტს კაცები სჩადიან. ეს ხშირად არის იმ “დაჩმორების” შიშის კომპენსაცია, ძალადობა ხდება ბიჭების ერთადერთი გზა, რომ “ქვემოთ” არ აღმოჩნდნენ.
  • კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა კაცები თვითდაზიანებისას უფრო ხშირად იყენებენ მეთოდებს, რომლებიც სხეულის მუდმივ დაზიანებას, ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს (მაგ. მუშტების დარტყმა კედლებზე, საკუთარი თავის ცემა), რასაც ხშირად გარშემომყოფები არა ფსიქოლოგიურ ტრავმად, არამედ “უბრალოდ, ბრაზად” აღიქვამენ.
  • კაცები უფრო იშვიათად საუბრობენ სუიციდურ ფიქრებზე, ვიდრე ქალები, მაგრამ მათი მცდელობები უფრო ხშირად ფატალურად სრულდება. ამას ”სუიციდის გენდერულ პარადოქსს” უწოდებენ.
  • სოციოლოგიური მონაცემებით, ახალგაზრდა კაცებში თვითდაზიანებისა და სუიციდის რისკი 2-ჯერ იზრდება, როდესაც ისინი კარგავენ სამსახურს, ან ვერ ასრულებენ “ოჯახის მარჩენალის” ფუნქციას.
  • სტატისტიკურად, კაცები 3-ჯერ უფრო ხშირად იყენებენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ემოციური ტკივილის “დასაჩუმებლად”. ეს არის თვითდაზიანების ფორმა, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო “მისაღებია”, ვიდრე ტირილი;
  • ახალგაზრდა კაცებში (15-29 წელი) სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებია. ფსიქოლოგები ამას ხშირად უკავშირებენ გაუცნობიერებელ თვითდაზიანებას - გადაჭარბებული სიჩქარე და რისკი არის გზა, დაამტკიცო შენი “უშიშრობა” მაშინაც კი, როცა შიგნიდან იშლები.
ნინო ზედგინიძის ფოტო
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა