გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცივი სიმტკიცის ფასი: მატარებლიდან გამქრალი ბიჭების ქრონიკა

სტატისტიკა აჩვენებს, რომ კაცების “ცივი სიმტკიცე” და ამტანობა ხშირად მათსავე სასიკვდილო განაჩენად იქცევა: რიცხვები მოწმობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მამაკაცები 3.5-ჯერ უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე – ქალები. ეს არის იმ მდგომარეობის შედეგი, როცა დახმარების თხოვნა დამარცხებას ნიშნავს. 

ახალგაზრდა კაცებში თვითდაზიანება ხშირად ფარულ და აგრესიულ ფორმებს იღებს. როდესაც ბიჭს არ აქვს უფლება, თქვას, რომ სტკივა, ტკივილი ფიზიკურ ქმედებაში გადადის. კვლევები ადასტურებს, რომ იმ ბიჭების აკადემიური ჩამორჩენა და სოციალური გარიყვა, რომლებსაც “ვარსკვლავბიჭუნას” ტვირთი აწევთ, 60 პროცენტით უფრო მაღალია. ისინი სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან ირიყებიან არა იმიტომ, რომ უნიჭოები არიან, არამედ იმიტომ, რომ ვერ უძლებენ მოლოდინს – იყვნენ ყოველთვის “ერთი საფეხურით ზევით”.

ამ ტრაგიკული სურათის სათავე კი სწორედ იმ “გამოსაწვრთნელ ბანაკშია”, რომელსაც ოჯახებს ვუწოდებთ.

უფროსები ისე იქცევიან, თითქოს კაცობა ელიტური კლუბია, სადაც შენ მხოლოდ მარადიული “კანდიდატი” ხარ. არადა, ეს მათი “ცოდნა” დიდი ბლეფია – დიდმა კაცებმაც არაფერი იციან საკუთარი დაუცველობის დამალვის გარდა. 

შედეგად, მოზარდ ბიჭში შემოქმედი კვდება და იბადება მუდმივი მოლოდინის რეჟიმში მყოფი ჯარისკაცი. 

მონაცემები მოწმობს, რომ ბიჭები, რომლებიც ავტორიტარულ და ემოციურად ცივ გარემოში იზრდებიან, სადაც მამა შვილს თანასწორად არ აღიარებს, 3-ჯერ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი თვითდაზიანებისა და ძალადობისკენ.

ის, რაც ერთი შეხედვით ინდივიდუალური დრამა გვგონია, რეალურად, ”ბიჭების კრიზისის” (The Boy Crisis) სახელით ცნობილი სისტემური პრობლემაა. ეს კრიზისი რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მიმდინარეობს:

ბიჭები მასობრივად ტოვებენ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც ვერ პასუხობს მათ საჭიროებებს, რაც, საბოლოოდ, უმუშევრობისა და კრიმინალისკენ მიმავალი გზისკენ ამზადებს მათ. და ეს არის განათლების ნაპრალი, რომელშიც იკარგებიან ადამიანები. 

კაცებში ფსიქიკური პრობლემები ხშირად არა სევდით, არამედ გაღიზიანებით ვლინდება. საზოგადოება მათ დახმარების ნაცვლად “ხულიგნებად” ნათლავს, რაც ტკივილს კიდევ უფრო ღრმად მარხავს. და ასე ჩნდება უხილავი დეპრესია. 

სოციალური წნეხი – “ბიჭები არ ტირიან” – აყალიბებს ისეთ ზრდასრულ მამაკაცებს, რომელთა 15%-ს საერთოდ არ ჰყავს ახლო მეგობარი. ეს ემოციური ვაკუუმი კი აზარტული თამაშებით, თუ სხვა ადიქციებით ივსება. და ასე ვრცელდება მარტოობის ეპიდემია.  

საბოლოოდ, ის ბიჭები, რომლებიც „მატარებლებიდან”, თუ რეალობიდან ქრებიან, გამოდიან “კაცური კოდექსის” მსხვერპლნი. 

ხახვისფოჩას ვაგონიდან აორთქლება მეტაფორულად იმეორებს ასეთი ბიჭების რეალობიდან გასვლის გზებს – რეალობიდან ადიქციებში, აგრესიაში, ან, საბოლოოდ, გაჩუმებაში. ფიზიკურ გაქრობაში.

რეალობიდან არავინ უნდა გადიოდეს. გამოსავალი არც “ხუთოსნობაში” უნდა ეძებონ ბიჭებმა და არც “უხეში კაცის” როლის კარგად თამაშში. მათ, როგორმე, უნდა გაწყვიტონ ჯაჭვი, რომელიც თაობიდან თაობას გადასცემს ემოციურ სიცივეს, როგორც კაცის სიმტკიცეს. 

თუ ჩვენს შვილებს ვასწავლით, რომ უშიშარი არავინაა, ხოლო დახმარების თხოვნა სიმამაცეა, შესაძლოა, მომავალ სტატისტიკაში ნაკლები მარტოსული კაცი და მეტი გადარჩენილი “ხახვისფოჩა” ვიხილოთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა