
„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის” | მზია ამაღლობელის საქმე
2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, ბათუმში, პოლიციის შენობის წინ, აქციაზე, ლურჯქურთუკიანი ქალი დააკავეს.ვიდეოკადრი, რომელიც მის დაკავებას უძღოდა წინ, მთელმა ქვეყანამ ნახა - ქალი სილას აწნის სამართალდამცავებით გარშემორტყმულ ბათუმის პოლიციის უფროსს. ის მიჰყავთ და ისმის პოლიციის უფროსის უშვერი გინება და მუქარა: „სისხლით დავიჭერ, სისხლით!“
მერე პოლიციის ეზოს რკინის ჭიშკარი მძიმედ იხურება და ლურჯქურთუკიანი ქალი ეზოს სიღრმეში უჩინარდება. სამი საათის შემდეგ შევიტყობთ, რომ გაწნული სილის პასუხი სისხლის სამართლის მუხლია და ქალს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე ბათუმში დააკავეს მზია ამაღლობელი, ქალი, რომელმაც 24 წლის წინ ბათუმში დააარსა თავისუფალი გაზეთი „ბათუმელები“, იმ რწმენით, რომ მხოლოდ თავისუფალ მედიას შეუძლია იყოს ადამიანების ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.
მზია და „ბათუმელების“ დაბადება
ბათუმი, 2001 წლის 26 მაისი, ჟორდანიას ქუჩა. პატარა ოთახში დიდი ჩოჩქოლია. ხელიდან ხელში გადადის 8-გვერდიანი გაზეთი, რომელსაც აწერია „ბათუმელები“ და პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით წერია: „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. გილოცავთ!“ და იქვე სარედაქციო წერილი იწყება სიტყვებით – „გამარჯობა, მკითხველო!“
ასე დაიბადა „ბათუმელები“, გაზეთი, რომელიც მეგობრებმა, მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ დააარსეს მაშინ, როცა აჭარას ასლან აბაშიძე მართავდა და მთელ რეგიონს მისი კლანი აკონტროლებდა.
მზია მაშინ 26 წლის იყო. ძალიან გამხდარი, აჭარის მთებში გაზრდილი გოგო, გრძელი თმით, რომელსაც მუშაობის დროს უკან იკრავდა და გადამდები, ემოციური საუბრის მანერით. მზიას ჟურნალისტობა უნდოდა, ყველაფერი აინტერესებდა, ბევრს წერდა, არ ეშინოდა „რთული თემების“ და არასდროს იხევდა უკან.
„თავიდან ვერავინ ხვდებოდა, რას ვაკეთებდით, რა გვინდოდა. დაანებეთ ამ ამბავს თავი და რამე სერიოზულ საქმეს მოკიდეთ ხელიო, – გვეუბნებოდნენ. ორი ოთახის დაქირავება მოვახერხეთ რედაქციისთვის, ერთი ძველი კომპიუტერი გვქონდა და რიგ-რიგობით ვსხდებოდით სამუშაოდ.
გაზეთის აწყობის შემდეგ ვხსნიდით პროცესორს და ხელით მიგვქონდა სტამბაში, მაშინდელ გორკის ქუჩაზე“, – იხსენებს ახლა, 24 წლის შემდეგ ეთერ თურაძე, გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი.
იგი ამბობს, რომ 2001 წელს საქართველოში ბევრი ჟურნალ-გაზეთი იბეჭდებოდა და ამ ფონზე გამორჩევა ძნელი იყო, განსაკუთრებით რეგიონული მედიისთვის, მაგრამ „ბათუმელებს“ ჰქონდა „ხასიათი“, არ ერიდებოდა კრიტიკას, მწვავე თემებს, შეკითხვების დასმას და ავტორიტეტებს, ამიტომ „ბათუმელები“ მალე გახდა ცნობილი და მისი მკითხველების რაოდენობაც გაიზარდა.
2010 წელს მზია ამაღლობელმა თანადამფუძნებლებთან ერთად დააარსა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“ თბილისში – ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა რეგიონულმა გამოცემამ შეძლო, გავრცელებულიყო მთელს ქვეყანაში ისე, რომ არ შეეცვალა დამფუძნებელი, არ ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ და დარჩენილიყო კრიტიკულ მედიად.
11-12 იანვრის ღამე – ორი დაკავება პოლიციის შენობასთან
2025 წლის 11 იანვარს, შაბათს, მზია ამაღლობელი რედაქციაში იყო, როცა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ გაიგო. მზია იურისტებს გაჰყვა, რათა ადგილზე, საკუთარი თვალით ენახა, რა ხდებოდა.
ბათუმში იმ ღამეს პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს ერთი მეორეს მიყოლებით აკავებდნენ, ზოგს სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – ასფალტზე გაკვრისთვის, ზოგს – უბრალოდ შეკითხვისთვის – „რატომ დააკავეთ აქციის მონაწილე“.
პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელმა პოლიციის დამხმარე შენობის კედელზე სტიკერი გააკრა, რომელიც იმ წამსვე მოაძრო პოლიციელმა, მაგრამ მზია ამაღლობელი მაინც დააკავეს. მზიას დაკავება გადაიღო მისმა დაარსებულმა გამოცემამ, „ბათუმელებმა“, რომელიც აქციას აშუქებდა. „მზია ამაღლობელი დააკავეს, „ბათუმელების” მენეჯერი დააკავეს ამ წუთას“, – ისმის „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერში.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე მზია ამაღლობელი ჭყლეტაში წაიქცა, მას ფეხსაცმელი გასძვრა. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გრძელდებოდა – „რატომ დააკავეთ ეს ადამიანები? რატომ დააკავეთ? რას აშავებდნენ?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში სხვადასხვა ადამიანის ხმა.
აქედან რამდენიმე წუთში, უკვე 12 იანვრის 00:50 საათზე, მზია ამაღლობელი მეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე, სილის გაწვნისთვის. სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, მზია ამაღლობელს პატიმრობაში დატოვებდნენ, თუ გაათავისუფლებდნენ, 2025 წლის 14 იანვარს გაიმართა. დღის 11 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხალხით გადაჭედილ დარბაზში ბადრაგმა მზია ამაღლობელი შემოიყვანა. ორიოდე წამით მზიამ ხელი ასწია და დარბაზს ფილიპინელი ჟურნალისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას წიგნი აჩვენა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, წიგნი იმაზე, თუ რა ძლიერი ინსტრუმენტია თავისუფალი მედია დიქტატურის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ეს არის მზია ამაღლობელის ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელიც იმავე დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა და გააზიარა თავად წიგნის ავტორმა მარია რესამაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, 14 იანვარს გადაწყვიტა, რომ მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მარცხენა ხელით სილის გარტყმისთვის უნდა დაეტოვებინა წინასწარ პატიმრობაში. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით — „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წაყენებული „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება დაუსაბუთებელია, რადგან სილის გაწვნა, რომელსაც ფიზიკური და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია, არ შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად და უკანონოა მზია ამაღლობელის პირველი და მეორე დაკავებაც.
15 იანვარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მეორედ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ბათუმის პოლიციის უფროსი მზიას საცემად იწევდა და ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება. მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება დაგმო არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ.
შიმშილობა, როგორც პროტესტი
2025 წლის 17 იანვარს „ბათუმელების“ რედაქციას ადვოკატმა მზიას გამოგზავნილი წერილი გადასცა. ამ წერილით „ბათუმელებში“ გაიგეს, რომ მზია დაკავების დღიდან შიმშილობს პროტესტის ნიშნად და მხოლოდ წყალს იღებს.
„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი.
ვშიმშილობ.
სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა…”
წერილის ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ რედაქციაში რამდენიმე წუთის განმავლობაში დუმილი და ცივი შიში ჩამოწვა. „ბათუმელებმა“ წერილი რამდენიმე დღის შემდეგ, 20 იანვარს გაასაჯაროვა, მას შემდეგ, რაც რედაქცია დარწმუნდა, რომ მზია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა. 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, მზია ამაღლობელი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის შიმშილობას აგრძელებს.
ეთერი ამბობს, რომ თუ „მზია ამაღლობელის საქმე“ მარცხით დასრულდება, ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დიქტატურა დამყარდა: „ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მზია ჟურნალისტი ან ჩემი მეგობარია. ეს სულ სხვა, წყვდიადის მსგავს შიშს მოიტანს ამ ქვეყანაში. მაგრამ მე არ მჯერა, რომ წყვდიადი დადგება. ეს არ უნდა მოხდეს“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 4 მარტსაა ჩანიშნული.
მანამდე, თბილისში, კლინიკაში, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი თვეზე მეტი შიმშილობდა და 38-ე დღეს შეწყვიტა საპროტესტო შიმშილობა. მის მხარდასაჭერად საქართველოში თითქმის ყოველ დღე იმართება აქციები. ოთხ კედელში, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ხმა არ იმის, მაგრამ ციხის გარეთ, ქალაქების ქუჩებში ისმის მისი სახელი და ათასობით ადამიანის შეძახილი:
„თავისუფლება მზიას!”
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.
იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ,
ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ,
სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.
იყავით მამაცები,
გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.
არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება
ცივილიზებული სამყაროსგან.
- მზია ამაღლობელის წერილიდან
ავტორი: ნანა კვაჭაძე, "ბათუმელები"