მორგი. ბუნკერი. სკოლა. | ბექა შათირიშვილი
18.05.2026 | 8 წუთიანი საკითხავიდედაჩემმა სკოლაში ჩემი მარტო გაშვება რომ დაიწყო, ალბათ 11-12 წლის ვიქნებოდი. სანზონაში ვცხოვრობდით, სკოლიდან მოშორებით და ყოველდღიურად დაახლოებით 2 კილომეტრს ფეხით გავდიოდი.
სახლის ბიბლიოთეკაში, სათავგადასავლო ჟანრის ბევრ სხვა წიგნთან ერთად, ჟიულ ვერნის რვატომეული გვქონდა. ამ წიგნებს ყოველ დღე და ზოგჯერ ღამეც შეუჩერებლივ ვკითხულობდი. ვერნის პერსონაჟების მსგავსი მოგზაურობებისთვის ჯერ პატარა ვიყავი, მაგრამ ისტორიებით შთაგონებულმა სკოლის გზა ვაქციე თავგადასავლად.
მოგზაურობა სათავეს მოკრძალებულად – სანზონის უკიდურესი ჩრდილო წერტილიდან იღებდა, სადაც კერძო სახლები იყო განლაგებული. დილით, ნახევრად ჩაძინებული, მძიმე ჩანთით მივუყვებოდი წყნარ ქუჩებს, სანამ მივადგებოდი ერთგვარ გზაგასაყარს.
უშველებელი ჭადრების ქვეშ ყოფილი მერვე საავადმყოფოს ტერიტორია იწყებოდა. ფოთლების შრიალის ფონზე უნდა ამერჩია, გავყოლოდი პირველ გზას – მაშინდელი დროისთვის თანამედროვე და ნაკლებად სახიფათო ვარიანტს, თუ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, გზიდან გადამეხვია. დაახლოებით ის სიტუაცია მედგა – მარჯვნივ წახვალ გადარჩები (2000-იანი წლების დასაწყისის თბილისის გარეუბანში ესეც სათუო იყო), მარცხნივ წახვალ – მოკვდები და, მიუხედავად იმისა, რომ თამამი საერთოდ არ ვიყავი, ჟიულ ვერნის წიგნის პერსონაჟების შთაგონებით, ხშირად უფრო სახიფათო და, ამავდროულად, სათავგადასავლო ვარიანტს ვირჩევდი.
გზა #1 ნაკლებად სახიფათო მხოლოდ იმიტომ მეჩვენებოდა, რომ ფართო ქუჩა დაგებული და მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო, რომელიც მალევე უერთდებოდა საავადმყოფოს წინ გაწოლილ გრძელ დერეფანს.
გზა #2 კი არაფერს ჰგავდა. მერვე საავადმყოფოს ტერიტორიას დიდი კედელი ერტყა. კედელში, თვალისგან მოფარებულ ადგილას (ძველი ტრაქტორის გვერდზე), გაეჭრათ პატარა შესასვლელი, რომელიც ერთგვარი პორტალის ფუნქციას ასრულებდა. აქ შესვლისას მაშინვე წყდებოდი ქალაქის ურბანულ ცხოვრებასა და რუტინას. პატარა ხელოვნური ნაკადული, თავისუფლად გაშვებული შინაური ფრინველი, უშველებელი ბალახი და კიდევ უფრო დიდი ხეები – ეს და სხვა ყველაფერი, რაც წინ მელოდა, 90-იან წლებში დაბადებული მოზარდისთვის გართობისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.
მორგი
ამ გზაზე მალევე მხვდებოდა პირველი ღირსშესანიშნაობა – ძველი მორგი. შენობა გზიდან ოდნავ მოშორებით იდგა და მეც მაქსიმალურად ვიცავდი დისტანციას. შიშის მიზეზი გასაგებია – შენობაში ადრე მკვდრები ეწვინათ, მე კი ბავშვი ვიყავი.
არ ვიცი, რატომ გააუქმეს მორგი, თუმცა დარწმუნებული ვარ, მაშინდელ ნომერ მერვე საავადმყოფოს გარდაცვლილი ადამიანები არ აკლდა.
მეც ვიდექი, ვუყურებდი და წარმოვიდგენდი, ოდესღაც როგორი იყო ეს შენობა და რა ხდებოდა შიგნით. სხვადასხვა ფილმში ნანახ კადრებს ერთმანეთს ვუკავშირებდი და ვამატებდი ჩემს წარმოსახვას.
გაუქმებული და მიტოვებული მორგიდან მონგრეული კედლები და ჭერიღა იყო დარჩენილი. მთელი ეს სივრცე მთლიანად გამოეცარიელებინათ, ყველაფერი – ღირებულიცა და უსარგებლოც – გაეტანათ. ირგვლივ ნაგავი, დამსხვრეული შუშები და ათასი წვრილმანი ეყარა. ტელევიზორში ნანახი მძიმე კადრები მახსენდებოდა – უცხო, შორეულ ქვეყნებში დაბომბილი სახლები წარმომიდგებოდა თვალწინ უფუნქციოდ დატოვებული მორგის ყურებისას.
კარდიოლოგიურში
შენობას მალევე გამოუჩნდა პატრონი. მკვდრები არ დაბრუნებულან – იქ დევნილები დასახლდნენ. როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი ოჯახი იყო. თავიდან ვერ მივხვდი, რა მიზნით მოვიდნენ აქ და რას აპირებდნენ. ნელ-ნელა გავიაზრე ყველაფერი.
ამის გააზრება კი შოკი იყო – რაღა მორგი? კარგად მესმოდა, რომ დევნილებს საკუთარი სახლი არ ჰქონდათ და გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ იქ, სადაც ადრე მკვდრები ეწვინათ, წარმოუდგენლად მიმაჩნდა ცხოვრება.
თავიდან, ამ ადამიანების მიმართ გულწრფელი სინანული გამაჩნდა, თუმცა მალევე, მათი შორიდან დაკვირვება რაც დავიწყე, დამოკიდებულება სრულიად შემეცვალა.
სკოლისკენ მიმავალი, აქ უფრო დიდ ხანს ვჩერდებოდი ხოლმე და შემაღლებული ადგილიდან ვუყურებდი ძველ მორგში მოფუსფუსე ადამიანებს. პოსტ-აპოკალიფსური სცენარი, რომელიც მორგს, გვერდით ჩავლისას, პირველად მივაწებე, ნელ-ნელა გაქრა, რადგან ამ დანგრეულ შენობაში შესახლებულებმა ყველაფერი შეცვალეს – მიაშენეს, გაარემონტეს, გაალამაზეს.
რეალური გარდასახვა მაშინ დაიწყო და მეც აღფრთოვანება მას მერე დამეუფლა, რაც აწ უკვე სახლის ირგვლივ სიმინდი დათესეს და ხეხილის ბაღი გააშენეს. ბიბლიური ისტორიები მკვდრეთით აღდგომაზე ყოველთვის იმედგაცრუებულს მტოვებდა და ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდნენ ხოლმე ამ ბიბლიურ სასწაულებში, ახლა კი, ვუყურებდი ძველ მორგში შესახლებულ და იქაურობის გარდამქმნელ ადამიანებს და ყველაფერი ხდებოდა გასაგები.
სკოლაში გავლილმა ვერც ერთმა პოემამ და მოთხრობამ ვერ მასწავლა იმდენი, რამდენიც – ამ ისტორიამ. ყველა ტრაფარეტული ფრაზა და ბანალური მაგალითი “არ დანებდე” მოწოდების ირგვლივ, სრულიად გაუფასურდა და აზრი დაკარგა.
ბევრი წლის მერე, ოსკარ უაილდის ერთ-ერთი პიესა წავიკითხე და იმ ტექსტში რომელიღაც ლორდი ამბობს: “ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში”.
ხომ ადვილი მისახვედრია, მე მაშინვე რა გამახსენა ამ მახვილგონივრულმა ფრაზამ.
საავადმყოფოს ამ უბადრუკ ტერიტორიაზე დასახლებულები არიან ჩემთვის ვარსკვლავების დასანახად ცისკენ მომზირლები. მათი არც სახე მახსოვს, არც სახელი ვიცი და არც ის, როგორ წაუვიდათ ცხოვრება. თუმცა, ფენიქსის გაცოცხლების მაგვარი მათი ისტორია დღემდე მაშველ რგოლად მევლინება.
ბუნკერი
ძველი მორგი ერთ-ერთი საშუალება იყო, ზღაპრებისა და მოთხრობების სათავგადასავლო სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში გადმომეტანა. თან, ჩემი ბავშვური წარმოდგენით, ზღაპრის სცენარი მორგშიც გათამაშდა – ყველაფერი კეთილად დასრულდა, ადამიანებმა ეს საშიში ადგილი ხომ შეცვალეს.
თავგადასავალი კი უნდა გაგრძელებულიყო და მეც, სკოლისკენ მიმავალი, აქეთ-იქით ვიყურებოდი – მორიგ გაჩერებას ვეძებდი. ახლა შემაღლებული ადგილიდან ქვევით ვეშვებოდი. უშველებელი მერვე საავადმყოფოს გადმოღმა დაბალსართულიანი, გრძელი შენობა იდგა, რომელიც ოდესღაც ხსენებულ საავადმყოფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა აქაც დევნილები შესახლებულიყვნენ.
პირველი სართულის მაცხოვრებლებს პატარა ეზო ჰქონდათ და იქ მომცრო ბოსტანი მოეწყოთ. ზოგს სატელიტური თეფშები ედგა, ზოგს შინაური ფრინველები ჰყავდა. გზის გადმოღმა, უფრო დიდი ბოსტანი და ბაღები გაეშენებინათ. ეს ადგილი საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული. ირგვლივ სულ ხმაური და ჟრიამული ისმოდა. ერთგვარი “იტალიური ეზო” იყო, ალბათ უფრო დევნილების ეზო ეთქმის.
საცხოვრებელთანაც მიწევდა გავლა და ზუსტად ამ ტერიტორიაზე, შენობიდან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ღირსშესანიშნაობა #2 – ბუნკერი.
საბჭოთა კავშირის პერიოდის თავშესაფარს ვრცელი ტერიტორია ეკავა და დიდი გორაკის ქვეშ აეშენებინათ. ბუნკერს ორი შესასვლელი ჰქონდა, ერთი, დიდი ალბათობით, ტრანსპორტისთვის იყო განკუთვნილი. აქ უამრავი ნაგავი ეყარა და შიგნით გაგიჭირდებოდა შესვლა. არც ვაპირებდი, მხოლოდ შორიდან შემიხედავს – შიგნით ჩაგუბებული სიჩუმე, უკუნი სიბნელე და დამზაფვრელი აურა საკმარისი იყო, რომ ცნობისმოყვარეობა ამ მანძილიდანვე დამეკმაყოფილებინა. მეორე შესასვლელი კი დიდი რკინის კარით ჩაერაზათ.
ბუნკერთან გავლაც კი მაშინებდა. ცხადია, ვიცოდი, რა იყო ბუნკერის დანიშნულება და მისი აშენების საჭიროება როდის დგებოდა. მართალია, ბევრს არ ვფიქრობდი და არ წარმოვიდგენდი, ვის შეიძლებოდა დავებომბეთ (2008 წლამდე ჯერ შორი იყო), მაგრამ ამ ადგილთან გავლისას უსიამოვნო აღელვებას ვერ ვიცილებდი თავიდან.
აქ მცხოვრები ადამიანები უფრო მარტივად უყურებდნენ ყველაფერს. ბუნკერს ახალი დანიშნულება უპოვეს. უფრო სწორედ, გორას, რომელიც ბუნკერს თავზე ადგა და მას ბუნებრივად ფარავდა – ზედ სტადიონი მოაწყვეს და ფეხბურთის თამაშით ირთობდნენ თავს.
ამ შემთხვევაშიც, ცოტა არ მესმოდა, ბუნკერი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ყველაზე საშინელ ამბავთან – დაბომბვასთან, სახალხო გართობის საფუძვლად როგორ იქცა.
მერე გავიაზრე, რომ ეს ისტორიაც პატარა გაკვეთილი იყო ჩემთვის – კლასგარეშე საკითხავი. ამ დროს უკვე ბუნკერი აღარ მაშინებდა, სკოლიდან სახლში მომავალი ფეხბურთის მატჩს რამდენჯერაც გადავწყდომივარ, იმდენჯერ გავჩერებულვარ საყურებლად. რამდენი საფეხბურთო შეხვედრა არ მინახავს, ჩემპიონთა ლიგის, თუ ჩემი კორპუსის სიახლოვეს შეკრებილი სამეზობლოს ბიჭების, მაგრამ არაფერს დაუტოვებია ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ბუნკერის თავზე მოწყობილ სტადიონზე ჩემზე ოდნავ დიდი ასაკის ბიჭების და ხშირად ზრდასრულების ამხანაგურ მატჩებს.
ნელ-ნელა კიდევ უფრო გავთამამდი და ზოგჯერ, სკოლაში მიმავალი, საცხოვრებელ შენობასთან ჩავლის მაგივრად, ბუნკერის გორაზე გადავივლიდი ხოლმე.
რაღაც ეტაპზე თავშესაფრის ფუნქცია ამ ნაგებობამაც შეითავსა – აქაც დევნილები შესახლდნენ. ბუნკერის შესასვლელშივე მოიწყო ერთმა ოჯახმა საცხოვრებელი. ზოგჯერ, ჩავლისას, ბუნკერს უშველებელი რკინის კარი გაღებული მხვდებოდა და სკოლისკენ გზაზე რამდენიმე წამით თვალს შევავლებდი ხოლმე იქ შეფარებულებს. მათზე ბევრი არაფერი მახსოვს, რადგან მგონი, დიდ ხანს არ უცხოვრიათ – რაღაც პერიოდის მერე, ბუნკერის შესასვლელში პატარა მაღაზია გაიხსნა.
სკოლა
ასე, ყოველ დილას, ბუნკერსა და დევნილების დასახლებას ნელ-ნელა უკან მოვიტოვებდი, გავიდოდი ყოფილი მერვე საავადმყოფოს ნამდვილ და გრაციოზულ ჭიშკარში და ვუბრუნდებოდი რეალობას. მოგზაურობა მეთხუთმეტე საჯარო სკოლის ეზოში სრულდებოდა.
სწავლა როცა დავამთავრე, შემდეგ წელს – და, საბედნიეროდ, ზაფხულში – ჩვენი სკოლის ერთ-ერთ ოთახში იატაკი ჩავარდა. არავინ დაშავებულა, მაგრამ მეთხუთმეტე საჯაროს შენობის ისტორია ასე დასრულდა.
ახალი სასწავლო წლიდან სხვა სკოლას მიუერთეს, შენობა კი, დანგრევის მოლოდინში, დიდხანს ცარიელი იდგა. ამბობდნენ, წყალია შენობის ქვეშ და ამიტომ დასანგრევიაო. მიუხედავად დაპირებებისა, რომ მის ადგილზე ახალი სკოლა აშენდებოდა, არც ძველი სკოლა დანგრეულა და, ალბათ, თქვენითაც ხვდებით, ამის მერე რა მოხდა – 2012 წელს ჩემს სკოლაშიც დევნილები შესახლდნენ.
დღეს, ამ ისტორიებიდან ბევრი წლის შემდეგ, იქ, სადაც ოდესღაც მორგი და შემდეგ საცხოვრებელი სახლი იყო, ახლა სარეაბილიტაციო ცენტრია. ბუნკერის კარი კვლავ ჩაკეტილია, სკოლა კი – ისევ დევნილების კომპაქტური ჩასახლება.
ასე გამოვიდა – მოსწავლეები და მასწავლებლები წყალშემდგარი სკოლის შენობას გაარიდეს, ჩამონგრევის საფრთხეაო, მაგრამ დევნილების იქ შესახლების მერე, უსაფრთხოებაზე ზრუნვით აღარ შეწუხებულან.
დაახლოებით 20 წელია გასული სკოლის ინციდენტიდან. დღესაც გავუვლი ხოლმე შენობას და შორიდან ვხედავ ოთახებიდან გამოყოფილ საკვამურებს, დაჭვარტლულ ფანჯრებს, წყლისა და საკანალიზაციო ფასადზე ღიად ჩაყოლებულ მილებს. ბოლო-ბოლო, 11 წლის განმავლობაში იქ ვსწავლობდი და ხშირად, მის გვერდით ჩავლისას, ჩვენი კლასები მახსენდება. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ გამოიყურება ჩემი ბავშვობის დროინდელი სასწავლო კაბინეტები. დავფიქრდები ხოლმე, ნეტავ, შესახლებისას, ვინ რა პრინციპით აირჩია ოთახი თუ კლასი, რომელშიც ბინას მოიწყობდა.
ჩვენი მათემატიკის კლასში დაფის კედელზე, ახლა, ალბათ, ტელევიზორი კიდია, ფიზიკის კაბინეტი იქნებ ახლა დიდი სათავსოა? ხოლო ოთახში, სადაც საქართველოს ისტორიას ვისმენდით, ახლა, ნეტავ, რამდენსულიან ოჯახს სძინავს? ან ჩვენს უშველებელ სპორტულ დარბაზში რაღა ხდება?
ყველაზე ხშირად ერთი ოთახი მახსენდება. მეორე სართულზე, კიბეების მარცხნივ, გამორჩეული კაბინეტი გვქონდა, სადაც ინგლისურის გაკვეთილები ტარდებოდა. ამ კაბინეტს “შექსპირის ოთახს” ვეძახდით, რადგან შიდა ინტერიერი სრულიად განსხვავებული იყო სტანდარტული ოთახებისგან და ყველაფერი ბრიტანულ სასწავლო ოთახის ყაიდაზე მოეწყოთ. კედლებზე ინგლისური ლიტერატურიდან ფრაზები გამოეკრათ. ერთ-ერთი ანდაზა დღემდე მახსოვს, კედელზე ეწერა:
East or West, Home is Best [აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, სახლს არაფერი ჯობს]
შენიშვნა:
ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოქალაქე რაღაცას აპროტესტებს, ხშირ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმად შიმშილობას მიმართავს. ასე იყო 30 წლის წინათ და ახლაც ასეა. მაღალი რანგის პოლიტიკოსი იქნება თუ მარტოხელა დედა – უსამართლობასთან ბრძოლის დროს ყველა თანასწორი ხდება პროტესტის სწორედ ამ მეთოდის გამოყენებისას.
დევნილების შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. ისინი არ შიმშილობენ. მათ მიაჩვიეს, რომ შიმშილობა საკმარისი არაა ხმის მისაწვდენად.
2010 წელს, დევნილთა სამინისტროს წინ თავი დაიწვა და გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია;
2012 წელს თავის დაწვა სცადა ვახტანგ ჭანტურიამ, დევნილთა სამინისტროს შენობასთან;
2014 წელს ფოთში, დევნილმა ქალმა, დალი აბურჯანიამ, თავის დაწვა სცადა;
2022 წელს, დევნილი კაცი, ზურაბ ქირია, პროტესტის ნიშნად გადმოხტა იმ ავარიული შენობიდან, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა;
2025 წლის 27 იანვარს დევნილთა სააგენტოსთან ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, 51 845 დევნილი ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია. ხოლო მათგან 500 ოჯახი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ობიექტებში აგრძელებს ცხოვრებას.