კარდიოლოგიურში
04.02.2020ნატო გავაშელი
/გუდამაყრის ქ. (შეჭრილები) კარდ; #2 კორპუსი სამი. ბინა #102/
უცხოპლანეტელები ვართ, ზოგჯერ ასე მგონია. თითქოს, ამ ქვეყანას არ ვეკუთვნით. ხან შეჭრილებს გვეძახიან, ხან უსახლკაროებს, მაგრამ რატომ ვართ ასე? საერთოდ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ უსახლოდ დავრჩი, მე ვიცხოვრე დაუფიქრებლად?
24 წლის იყო ჩემი ძმა, როცა ავარიაში მოჰყვა, ხერხემლის მალები დაუზიანდა და ექიმმა გადაუდებელ ოპერაციაში 18 ათასი ლარი მომთხოვა. მითხრა, თუ მინდა, ჩემმა ძმამ კვლავ გაიაროს, ოპერაციის გარეშე ვერ გამოძვრება. ელდასავით იყო. ცოტა ხნით ადრე ფილტვის კიბოთი ქმარი მომიკვდა. მის მკურნალობას მისი სახლი შეეწირა - გავყიდეთ და ამით ვანაზღაურებდით ყველა ხარჯს. ამას ჩემი ძმის ამბავი მოჰყვა, თან მისახედი 10 წლის შვილი და ორ ინფარქტგადატანილი დედა მყავდა, მე კი სამსახურიც არ მქონდა - ვეღარ ვშოულობდი, რა უნდა მექნა, ჩემი პატარა ძმის გადასარჩენად არც დავფიქრებულვარ - დედის ფულით ნაყიდი სახლი იყო ერთადერთი, რაც გამაჩნდა და რამდენიმე დღეში გავყიდე. ეგ ხომ იცით, რასაც ნიშნავს - აგდებ ფაქტიურად, კაპიკებში იშორებ თავიდან. ნოტარიუსიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედი გახარებული, თანხა ბოლომდე არც მიგროვდებოდა, ცოტა მაკლდებოდა. ექიმმა ამბავი დამახვედრა, შენი ძმა მკურნალობას დაექვემდებარა, ოპერაცია აღარ სჭირდებაო. გამიხარდა. გავგიჟდი სიხარულისგან. შოკი იყო ამდენი ცუდი ამბის შემდეგ ამის გაგება. მხოლოდ ცოტა ხნის მერე, უცებ დამკრა, რომ სახლი აღარ მქონდა. ქუჩაში ვიყავით ყველანი - დედაც, ჩემი ძმაც და ჩემი შვილიც.
ვეღარ დავიბრუნე სახლი. ფულის ნაწილი ისევ მკურნალობას დასჭირდა. ექვსი თვე კორსეტით იწვა ჩემი ძმა. რაც დარჩა, მანქანები ვიყიდე და ვაქირავებდი - იმით ვიხდიდი ბინის ქირას. მერე ომი დაემთხვა, მაშინ ყველა გარბოდა და ამ მძღოლებმაც წაიყვანეს ჩემი მანქანები, რომ დავიბრუნე, აღარაფრად ვარგოდა, ნაწილ-ნაწილ გავყიდე, მეტი იქიდან აღარაფერი დამრჩა.
იცი, რა შემეშალა? ჩემი პროფესიით ვეძებდი სამსახურს, მერე კი ვმუშაობდი რესტორანში დილის 9-დან ბოლო სტუმრამდე, ჭურჭლის მრეცხვად, მაგრამ იმ პერიოდში ვერ ვიზამდი მაგას, ინვალიდი დედა, ხეიბარი, კორსეტში ჩასმული ძმა და შვილი - არ გამოდიოდა. დავრჩი ჩემი შვილის ობლობის დახმარების და დედის პენსიის იმედად. 130 ლარი გამოდიოდა ჯამში, ამით უნდა მეყიდა წამალიც, საჭმელიც, ქირა და გადასახადებიც ამით დამეფარა. მაშინ რთულად იძლეოდნენ სოციალურს და თავიდან არ მქონდა, თან ერთ-ერთი მანქანა, რომელიც დამტვრეული, ავტოსადგომზე იდგა, ქონებაში მეწერა, ვერაფრით ჩამოვაწერინე, მაგას კიდევ ცალკე ფული უნდოდა.
დადგა ის მომენტიც, როცა ვეღარ გადავიხადე ქირა. თვეში სამჯერ მომიხდა ბინის დაცლა. ვატყუებდი, ახლა შეგვიშვი და 1 კვირაში გადაგიხდით, მერე გვაგდებდნენ. სულ ბოლო ბინა აქვე ახლოს იყო, ამ კორპუსთან. დიასახლისს უკვე გარეთ ჰქონდა ჩვენი ნივთები გამოყრილი, როცა ახალი თავშესაფრის საძებნელად გამოვედი. ვიღაცამ მითხრა, აი, იმ საავადმყოფოს შენობაში ლტოლვილები არიან შესულები, იქნებ დროებით ნახო რამეო. მოვედი, შვიდი სართული ფეხით დავიარე, ყველა კარზე დავაკაკუნე, აღარ იყო ცარიელი ოთახები. თებერვალი იყო, სუბსარქისს რომ ეძახიან, ცივი ქარი იყო და წვრილად წვიმდა. სარდაფში ჩავედი და იქ ვნახე ცარიელი ოთახი. ჩემი ძმის მეგობარს მანქანით მოვატანინე ნივთები, ფანჯრიდან მიყრიდა ქვევით, მე სარდაფში ვიდექი და ლაფატკით ვგვიდი. მინები არ იყო ჩასმული, ლურჯი პარკი გავაკარი, სიცივისგან რომ დამეცვა. აღარც სიცივე შემოდიოდა, აღარც ჰაერი და შუქი. უკვე ბნელოდა, აღარსად წავსულვართ. ხუთი თვე გავატარეთ იქ. ნელ-ნელა შემაპარეს მეზობლებმა, ეგ მორგის ოთახები იყოო. ჩვენი ყოფა რითია მორგის სიტუაციაზე უკეთესი-მეთქი. რკინის მაგიდა იყო, ალბათ, ზედ გვამებს რეცხავდნენ, ჯართში ჩავაბარე და 15 ლარი მომცეს, ზეთი და მაკარონი ვიყიდე იმ ფულით. გამიხარდა. 14 წლის იყო ჩემი შვილი მაგ დროს, ამდენი სტრესისგან ჯირკვლები ჰქონდა, იქით ლოგინად ჩავარდნილი დედა. კოღოები, ვირთხები, ანტისანიტარია. რამე უკეთესი უნდა მეპოვნა. ამავე შენობაში, პირველ სართულზე, დაკეტილი ფლიგელი იყო, ყველა ერთმანეთთან მაგზავნიდა - არ ვიცით, ვისიაო. ბოლოს გავარკვიე, შენობის ყარაულს ჰქონია ჩაკეტილი თავისთვის, გავხსენი და შევედი. არ გეშინოდაო, რომ მეკითხებიან, რისი უნდა შემშინებოდა, ამაზე უარესი რაღა უნდა დამმართნოდა. არც კანალიზაცია, არც წყალი, არც შუქი, შეშით თბებოდა ხალხი, ზოგს სად მიჰქონდა კანალიზაცია, ზოგს, სად, ჭებს იღებდნენ.
ბევრჯერ სცადეს აქედან გავეყარეთ. ხან მგლები მოგვისიეს - დაცვის სამსახური. არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ შეშა შემოგვეტანა. ინვალიდი ბავშვები გვყავს კორპუსში, მაგრამ არა, უნდა გავყინულიყავით, ეტყობა. ყველა პირობას გვიქმნიდნენ, რომ გავსულიყავით. ამ დანგრეულ კორპუსს არ გვანებებდნენ.
წლები გავიდა და ამ ყოფას კიდევ დროებითი ჰქვია. ეს დროებითია? 47 წლის ვარ.
დედა ორი წლის წინ გარდამეცვალა. შვილთან ერთად, ამ ორ ოთახში ვცხოვრობ უკვე მერვე წელია.
სოციალური კალათა სულზე შეადგენს 180 ლარს. ანუ ასე დაიანგარიშეს, რომ 180 ლარი ერთ სულს უნდა ეყოს საჭმელ-სასმელზე, წამალზე, ტანსაცმელზე - ადამიანად რომ იგრძნო თავი.
შეჭრილს მეძახიან და მანამდე, რომ ჩემს სახლში შემოიჭრა ჯანდაცვის სამინისტრო?
რატომ თვლიან ნათესავს შემოსავლის წყაროდ?
რატომ არის ნათესავი ვალდებული დამეხმაროს და სახელმწიფო - არა?
გაუფრთხილებლობით არ დამმართნია. დაზღვეული რომ არ არის ჩვენ ქვეყანაში ადამიანი არაფრისგან, ამიტომ დამემართა.
აურაა ამ სავადმყოფოს კედლებში ისეთი, მკვდარივით ვარ. რომ მირეკავენ, ვამბობ, სახლში ვარ-მეთქი და ვარ კი სახლში? ეს სახლია?
_____________________________________
დღეს კარდიოლოგიური კლინიკის შენობა 130-ოჯახიანი, „შეჭრილების“ კორპუსია. თვითნებურად მოაწყვეს ისე, როგორც შეძლეს. გადაკეთებულია ფლიგელები, ნატოს სახლთან ისეა დავიწროებული, დედის გასასვენებლად კედლის დროებით მოხსნა დასჭირდა. დერეფნებს სულ სხვადასხვაგვარი სისქისა და ზომის კაბელები და მილები მიუყვება. ზოგან კარი მეტალოპლასტმასისაა, ზოგან ძველი მაგიდისგან შეკრულს ჰგავს. იბრძოლეს და ორი წელია, შუქი აქვთ. შეკრული სამეზობლოა, რომელიც ერთმანეთს და თავის ტერიტორიას ყოველთვის დაიცავს.
ნატო სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ შემწეობას, 360 ლარს იღებს. ადრე რესტორანში მუშაობდა, ჭურჭელს რეცხავდა. პერიოდულად სახლებსაც ალაგებდა. თვეებია, არსად უმუშავია.
სტატია მოამზადა "ინდიგომ" ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით და დაფინანსებით.