მეხსიერების ხიდები - ქართული და აფხაზური ნარატივები და პასუხისმგებლობიანი ისტორიის პრობლემა | ინტერვიუ მალხაზ თორიასთან
08.05.2026 | 15 წუთიანი საკითხავიმეხსიერების ხიდები - ქართული და აფხაზური ნარატივები და პასუხისმგებლობიანი ისტორიის პრობლემა: რას ნიშნავს „სარკისებური ნაციონალიზმი“ და რატომ კითხულობენ ქართველები და აფხაზები ერთსა და იმავე წყაროებს განსხვავებული ინტერპრეტაციით; სად ისმის დევნილთა ხმები და რატომაა მათი პერსპექტივა გადამწყვეტი კონფლიქტის გააზრებისთვის; როგორ მიიღწევა „პასუხისმგებლობიანი ისტორია“ და როგორ შეიძლება დაიძლიოს ეთნოცენტრული ნაციონალიზმი - ამ და კიდევ მრავალ თემაზე ვესაუბრებით ისტორიის დოქტორსა და ასოცირებულ პროფესორს, მალხაზ თორიას.
...
თამარ ბაბუაძე: რა ახასიათებს ისტორიის კოლექტიურ დამახსოვრებას? ეს პროცესი იწყება მაშინ, როცა აწმყოს კონკრეტულ მომენტში, ჩვენს შემთხვევაში 90-იანების დასაწყისში, ხალხში “სწორედ ასე” დამახსოვრების განსაკუთრებული მზაობა გაჩნდება, არა? როცა ხალხი მოინდომებს, გაიხსენოს მანამდე უარყოფილი წარსული და ამ გახსენებას იწყებს ისე, როგორც აწმყოს იმ მომენტში შეუძლია; ეს არც კარგია, არც ცუდი, არამედ, უბრალოდ, ასეა?
მალხაზ თორია: თითოეული ეპოქა თავისთვის, ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ახსოვდეს საზოგადოებას წარსული. არის ასეთი ცნება – “მეხსიერების რეჟიმი”. მას ვიყენებთ მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მეხსიერების კონკრეტული მიმართულებით მობილიზება გარკვეული პოლიტიკის ნაწილი ხდება. არის ასეთი ცნებაც: “წარსულის ნაციონალიზაცია”, ანუ წარსულს უყურებ არა კონკრეტული ისტორიული ეპოქის თვალთახედვიდან, არამედ – შენი აწმყოდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნული პერსპექტივიდან.
მაგალითად, საბჭოთა პერიოდში საქართველოს პირველი რესპუბლიკა ბევრმა არ იცოდა, რადგან საბჭოთა რეჟიმი იყო დაინტერესებული 1918-21 წლების კოლექტიური დავიწყებით. თუ კომუნისტურ რეალობაში ახსენებდნენ პირველ რესპუბლიკას, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ნეგატიურად წარმოეჩინათ. ვთქვათ, ასე: მენშევიკებმა გაყვლიფეს ხალხი და გაიქცნენ; სამ წელიწადში გააჩანაგეს ქვეყანა; საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით ამოვიდა ახალი მზე და ქვეყანა წინ, სოციალიზმისკენ ამოძრავდა…
ხოლო როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, პირიქით, დამოუკიდებლობის ამ სამ წელიწადზე კონცენტრირდა ჩვენი ყურადღება. თითქოს, ეს ქრონოლოგიური დრო მოკლეა, არა? სულ სამად-სამი წელია, მაგრამ ეს სამი წელი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენთვის სიმბოლურად მეტად დაიტვირთა.
“მნემონიკურ სისავსესაც” არქმევენ ამას – მნემონიკა ძველი ბერძნულიდან მოდის და დამახსოვრებას, გახსენებას უკავშირდება – როცა საზოგადოება უფრო დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს გარკვეულ ხანას თავისი წარსულიდან.
ასე იქცა პირველი რესპუბლიკა ფუძემდებლურ პერიოდად პოსტ-საბჭოთა საქართველოსთვის. 1990-იანი წლების საქართველომ 1918-21 წლების საქართველო გამოიყენა საკუთარი ლეგიტიმაციისთვის, ხოლო საბჭოთა 70 წელი შეირაცხა ტელეოლოგიური ისტორიული პროცესისგან გადახვევად, ერთგვარ “დე-ტურად” (de-tour), არასასურველი ოკუპაციის პერიოდად, რომელიც ქართველმა ერმა 90-იან წლებში დაამთავრა და პირველი რესპუბლიკის დროს დაწყებულ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ბუნებრივ და ლოგიკურ გზას დაუბრუნდა.
და, ისევ ცნებები რომ მოვიშველიოთ, ამით ე.წ. მნემონიკური ხიდი გაიდო 1990-იანი წლების ეროვნულ მოძრაობასა და პირველი რესპუბლიკის დროის საქართველოსთან. შეიკრა ე.წ. მნემონიკური ერთობა – ანუ ქართველების, როგორც ერთობის, დამახსოვრების საერთო ჩარჩო გაჩნდა – თავისი დამახსოვრების წესითა და ინტერესით.
ეს ყოველთვის ასე ხდება. კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად ხდება ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის ან მიჩქმალვა და წაშლა, ან, პირიქით, გააქტიურება და ხაზგასმა.
თ.ბ.: ჩემს თაობას, რომელმაც მოზარდობა სწორედ 1990-იან წლების დასაწყისში გაატარა, მოუხდა ცხოვრება ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს მდგომი მშობლების სიმართლეში; და შემდეგ წლებში, საკმაოდ დიდხანსაც, დაბნეულობას იწვევდა დაფიქრებაც კი პირველ ეროვნულ ხელისუფლებაზე, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაწყებულ ომებზე… მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ ეროვნული გრძნობების გამოღვიძება და დიდ ტალღად მოვარდნა, უბრალოდ, გარდაუვალი პროცესი იყო მაშინ, რაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუნდაც მხოლოდ ამ ჩვენს რეგიონში, ახასიათებდა ყველას, მეტად გაიოლდება რამდენიმე მაშინ დაწყებული პროცესის ახლა ახსნა. რას იტყვით?
მ.თ.: ეს ყველაფერი, რასაც აღწერთ, მთლიანად ეხება მოდერნულ დროს და ეხება ყველას, ქართველებთან ერთად. ასეთ ცნებამდეც მივედით ამ დროის აღსაწერად – “მეხსიერების ბუმი” და ეს ბუმი იწყება იმ დროიდან, როცა ჰოლოკოსტის გააზრების პირველი მცდელობები გაჩნდა. ამ პროცესმა მისცა ბიძგი, ასე ვთქვათ, მეხსიერების მემორიალურ კულტურას – როგორ უნდა გვახსოვდეს ასეთი კატასტროფები, ზოგადად? – ეთიკური იმპერატივი Never Again – აღარასდროს განმეორდეს – სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება. ისტორიისგან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, – დავასკვენით, მაგრამ 1990-იანებშივე აღმოჩნდა, რომ გაკვეთილი არ გამოგვაქვს.
მართალია, დამარცხდა ტოტალიტარიზმი და რკინის ფარდა გაიხსნა, მაგრამ თუ დაიწყო, მაშინ დაიწყო ყველაფერი – კონფლიქტები იუგოსლავიაში, მასობრივი მკვლელობები, ტერორიზმი, ერაყი, ეთნიკური კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში…
ამ ყველაფერში ჩანს, რომ ისტორია, როგორც ხშირად წარმოგვიდგენია, ყოველთვის წრფივი პროცესი არ არის, მას, სწორხაზოვნად, პროგრესისკენ არ მივყავართ. ხოლო მეხსიერების ძიება და ისტორიის დამახსოვრების საკუთარი ფორმების პოვნა ყველა ხალხის თანამედროვე მისწრაფებაა. ისინი განსხვავებულ შინაარსს დებენ ამ პროცესში, მაგრამ მექანიზმები ამ მეხსიერების ფორმების შესაქმნელად ერთი და იგივე გვაქვს.
წარსულის კვლევა თუ წარსულის შექმნა?
თ.ბ.: აქ დავაკონკრეტებ ჩემს პირველ კითხვას: მეხსიერების წარმოების ეს მექანიზმები მსგავსია ქართველებისა და აფხაზებისთვისაც?
მ.თ.: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე პარადიგმული მაგალითია “სარკისებური ნაციონალიზმის” ასახსნელად. დიახ, არის ასეთი ფორმა – სარკისებური მეხსიერების პოლიტიკა და ჩვენ, ჩვენი ქართულ-აფხაზური კონფლიქტით, სწორედ მისი მაგალითი ვართ. ორივეს – ქართველებსაც და აფხაზებსაც – აფხაზეთის ისტორიაზე ერთი და იგივე წყაროები მოგვეპოვება. ესაა ძველი ბერძნული წყაროები, არქეოლოგიური ნიმუშები, ტოპონიმები, ლინგვისტური მასალა; არის ქართული წყაროები, მათ შორის, “ქართლის ცხოვრების” ტექსტი და სხვა. მაგრამ ამ წყაროთა ინტერპრეტაცია განსხვავებულია ორივეგან – ისეთია, როგორიც აწყობს აქ და იქ კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას.
გამოდის, აქ ისტორია არაფერ შუაშია. აქ ვსაუბრობთ ისტორიის ინსტრუმენტალიზაციაზე; ისტორიაზე, როგორც იარაღზე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
თუმცა, ხაზგასასმელია ერთი რამ: მეხსიერების პოლიტიკა, როგორც უკვე ვთქვით, ყველგანაა, მაგრამ დემოკრატიულ სივრცეში მეხსიერების პოლიტიკაც უფრო დემოკრატიულია, უფრო ინკლუზიური და აგონისტურია, ანუ მრავალპერსპექტიულია; ის იქ დემოკრატიის ხელშემწყობი ფაქტორია.
ჩვენნაირ საზოგადოებაში კი – ახლა შესაბამისი ინდექსირებით, თუ არ ვცდები, ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა გვქვია – პირიქით, კონტროლის და მანიპულაციის იარაღია. მაგალითად, ჩვენს ნახევრად ღია საზოგადოებაში არქივები დახურულია, ეს რაზე მიუთითებს? იმაზე, რომ სისტემისთვის ისტორიული კვლევა საშიშია. ილიას უნივერსიტეტში ერთ საგანს ვასწავლი, რომელსაც ასე ჰქვია: ისტორიის შესავალი – რა არის ისტორიკოსის ხელობა, წარსულის კვლევა თუ შექმნა?
ისტორია, როგორც დარგი, მუდამ ამ ორ პოლუსს შორის მოძრაობს. ქვეყანაში, სადაც ნაკლებად არის დემოკრატია, იქ ისტორია უფრო შექმნაა; და სადაც უფრო დემოკრატიული გარემოა, იქ ისტორია ჯერ არის კვლევა და შემდეგ, რაღაცნაირად, შექმნაც, ოღონდ უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით, მაგალითად, იმ შეთანხმებით, რომ ისტორია უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიას.
ამიტომ აუცილებელია, რომ მეხსიერების პოლიტიკა ყოველთვის არ გავიგოთ ნეგატიურად. ხშირად გადავწყდომივარ ამ დამოკიდებულებას, რომ როცა პოლიტიკასთან ტანდემში დაფიქრდებიან ისტორიაზე, აპრიორი ასკვნიან, რომ ისტორია მანიპულაციის იარაღია.
ჩვენს ეპოქაში ადვილია, გეგონოს ასე – დეზინფორმაციის, ეგრეთ წოდებული პოსტსიმართლის ეპოქაში, როცა ყველა, ვისაც არ ეზარება ლაპარაკობს ისტორიაზე. პუტინის თაოსნობით ასეა. სანამ უკრაინას თავს დაესხმებოდა, რა გააკეთა მან? ერთსაათიანი ლექცია ჩაატარა ისტორიული დასაბუთებების მოხმობით იმის შესახებ, თუ რატომ არ არის უკრაინა სახელმწიფო და რატომ არის ის რუსეთი – თავისი სამხედრო აგრესიის დასასაბუთებლად ისტორიული ფაქტები გამოიყენა.
ასეთ დროს რა უნდა ქნას ისტორიკოსმა? არაფერი თქვას და გამოუთავისუფლოს სასაუბრო ველი იმ ხალხს, რომელიც ისტორიკოსი არ არის, მაგრამ იყენებს ისტორიას საკუთარი მიზნების მისაღწევად?
ამიტომ ჩნდება მომენტები, როდესაც ისტორიკოსს აქტივიზმი ევალება. მომენტი, როცა ის საჯარო მეცნიერად უნდა იქცეს (ინგლისურად კარგად ითქმება: public intellectual). რადგან მას სოლიდური ცოდნა აქვს, საჭიროა, დაეხმაროს საზოგადოებას, არ გაეხვეს დეზინფორმაციის ბადეში, თორემ მივიღებთ იმ მანიპულაციათა წყებას, რაც ისედაც გვაქვს: ვთქვათ, ერეკლე მეფის ქანდაკებიდან ხმლის გაქრობაზე, ილია ჭავჭავაძის პორტრეტის ჩამოხსნაზე…
რატომ იმუშავეს განზრახ იმაზე, რომ მომხდარიყო ერეკლე მეფის აქტუალიზება მაინცდამაინც ახლა? იმიტომ კი არა, რომ ერეკლე, როგორც ფიგურა აინტერესებს სისტემას, არამედ იმიტომ, რომ ერეკლეს, რაღაცნაირად, ებმის კონოტაცია რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ამ დროს, სიტუაციაში გასარკვევად, დაგვჭირდება ასეთი ტერმინის მოშველიება: “იმპლიციტური მეხსიერება”. ესაა, როცა, მაინცდამაინც, ღიად არ აცხადებ, თუ როგორ მეხსიერების პოლიტიკას ატარებ, მაგრამ გულისხმობ მას. ამ დროს ახდენ მთელი ლიტერატურული ტროპების, მეხსიერების სქემებისა და ნარატივების მიზანმიმართულ აქტუალიზებას – წერტილოვნად ურტყამ, რომ საზოგადოებას გაუღვივდეს ისეთი სენტიმენტები, რომლებიც რუსეთის მიმართ მაინცდამაინც ანტაგონისტური შინაარსით არ გამოირჩევა. ანუ იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ; როცა დიპლომატური ურთიერთობა არ გვაქვს, ქმნი ერთგვარ “ეპისტემოლოგიურ აღრევას” – ანუ ქმნი ისეთ ცოდნის გარემოს, რომელშიც მკაფიო განსხვავება თითქოს ცხად რამეებს შორის იშლება.
ჰანა არენდტი ამბობდა, რომ პირველი, რასაც ტოტალიტარული რეჟიმები აკეთებენ, უტევენ ფაქტოლოგიურ და ემპირიულ ისტორიას. ამის კიდევ ერთი მაგალითი: რუსეთი ხომ ამბობდა, რომ თვითონ არაფერ შუაშია; უკრაინაში რუსი ჯარისკაცები არ იბრძვიან, ყირიმი ვიღაც მწვანე კაცუნებმა დაიპყრეს.
აღრევის ეს მოდელი რადგან გამოიყენება ისტორიაში, ამიტომ ასეთი ცნება – “ისტორიული დეზინფორმაციაც” არსებობს. ამის მაგალითია მტკიცება, რომ უკრაინა არასოდეს ყოფილა სახელმწიფო. პუტინი საქართველოზეც ჰყვებოდა ასეთ ისტორიას 2019 წელს, როცა თქვა, რომ საქართველო რუსეთამდე ერთიანი არასოდეს ყოფილა.
რა გამოდის, პუტინი ისტორიკოსი არ არის და არც აინტერესებს ისტორიკოსობა, მთავარია, აღრევა შეიტანოს ცნობიერებაში, დაშალოს ერთიანი ეროვნული ნარატივი თუნდაც ქართველების, ანდა – უკრაინელებისა.
ასე რომ, დიახ, ისტორია პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკა საზოგადოებრივი შეკავშირებისთვის, დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის – ასეთს სხვაგვარად “პასუხისმგებლობიან ისტორიასაც” უწოდებენ, რაც დღეს არ გვაქვს.
თ.ბ.: და გვაქვს კი პასუხისმგებლობიანი ისტორიის მაგალითები? ალბათ, ამ კითხვაზე დაფიქრებისას ჯობს, წარსულის ვრცელ პერიოდს გადავხედოთ, არა?
მ.თ.: დიახ, ამ რთულ თემას თავიდან გადავხედოთ, ეს კი ნიშნავს საუბრის ივანე ჯავახიშვილით დაწყებას. ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი საქართველოში ამ ცნების თანამედროვე მეცნიერული გაგებით; დიდი ისტორიოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, გერმანული ისტორიოგრაფიული სკოლა გამოვლილი. სხვათა შორის, ევროპაშიც ისტორიის “პროფესიონალიზაციის” დასრულება დაახლოებით იმავე პერიოდში ხდება, როცა ივანე ჯავახიშვილი ეუფლება ამ დარგს. შეიძლება, ეს პროცესები ერთმანეთს ათწლეულებით სცდება, მაგრამ მაინც იგივე პერიოდია და თან – გერმანია.
იქ იყო ასეთი ისტორიკოსი, ლეოპოლდ ფონ რანკე, რომელსაც თანამედროვე ისტორიის მამასაც ეძახიან. მან თქვა: ფაქტები, ფაქტები და არაფერი ფაქტების გარდა. თქვა, რომ ისტორია ისე უნდა აღვადგინოთ, როგორც მოხდა. ამას მოჰყვა წყაროთმცოდნეობითი ანალიზის დახვეწა, არქივების ფეტიშიზმი, პირველად გაჩნდა საუნივერსიტეტო სემინარის მოდელი უნივერსიტეტში.
ამ დიდი სკოლის წარმომადგენელია ივანე ჯავახიშვილიც, ოღონდ ქართულ რეალობაში. მან თავის კოლეგებთან ერთად ცოდნის მთელი კორპუსები შექმნა: წყაროების დათარიღება, გამოცემა, კომენტირება, სქოლიოთა დართვა. ეს იყო სხვადასხვა სფეროებად დაყოფილი ფაქტოლოგიური ისტორია – ცალკე სამართლის ისტორია, პოლიტიკური, ლიტერატურა…
და მერე ხდება საბჭოთა ოკუპაცია. პასუხისმგებლობიანი ისტორიოგრაფიის განვითარების გზაც აქ წყდება.
საბჭოთა პარადიგმა
მ. თ.: რას წარმოადგენს საბჭოთა ისტორიოგრაფია? ამის გაანალიზება მნიშვნელოვანია, რადგან საბჭოთა ისტორიოგრაფიული აზროვნება ახლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და ეს გავლენა იმთავითვე აყალიბებს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც.
საბჭოთა კავშირი ეთნოფედერალური სტრუქტურაა – ნამდვილი იმპერია, ოღონდ არა დიდი ბრიტანეთის მსგავსი, რომლის შემთხვევაშიც მკაფიო იყო კოლონიზატორისა და კოლონიზირებულის დიქოტომია. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი, ტერი მარტინი, რომელმაც წიგნი დაწერა საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკაზე, საბჭოთა კავშირის იმპერიის პარადოქსულობას უსვამს ხაზს: ერთი შეხედვით, საბჭოეთს ჰქონდა თავისი ძალადობრივი ცენტრი, როგორც იმპერიას და მეორე მხრივ, რატომღაც, მაინც ხელს უწყობდა საბჭოთა ხალხებში ნაციონალური იდენტობის განვითარებას.
ეს მართლაც პარადოქსია. რატომ გადაწყვიტეს ბოლშევიკებმა, რომ “დაებუსტათ” კონკრეტული ეთნოლინგვისტური ჯგუფები ისე, რომ ისინი ჩამოყალიბებულიყვნენ ნაციად ან ეთნოსად? იმიტომ, რომ მისდევდნენ იდეოლოგიას – საბჭოთა მარქსიზმს. მარქსის და შემდეგ ლენინის მიხედვით კი, სოციალიზმის ეტაპზე გადასასვლელად, აუცილებელია კაპიტალიზმის ერთ-ერთი ფორმის, ნაციონალიზმის ეტაპის გავლა. ხალხს უნდა ჰქონდეს ეროვნული თვითშეგნება, რომ მზად იყოს სოციალიზმისთვისაც. და როცა ბოლშევიკებმა გადახედეს უზარმაზარ სივრცეს, საიდანაც თვითონაც ამოიზარდნენ და სადაც სახლობდა უამრავი ეთნიკური თუ ლინგვისტური ჯგუფი, მიხვდნენ, რომ მარქსისტული კიბისებური ხედვით ყველა მათ დაქვემდებარებაში შესული ხალხი ერთ საფეხურზე ვერ მოთავსდებოდა. ამიტომაც დაჰყვეს ხალხები განვითარებულ და განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფებად, რომელთაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა. აქედან მოდის საბჭოთა ეროვნული პოლიტიკა, ე.წ. კორენიზაცია (როგორც გაფესვიანება, მისი ინგლისური ექვივალენტია indigenisation).
ამ პოლიტიკის მიხედვით, თუ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციის ფარგლებში შემავალ გარკვეულ ჯგუფებს, მაგალითად, აფხაზებს, ანდა შუა აზიელებს, საბჭოთა იდეოლოგიების აზრით, არ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, არც დიდი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, ხვდებოდნენ ჩამორჩენილთა კატეგორიაში, ქართველები, სომხები, უკრაინელები, თვითონ რუსები და კიდევ რამდენიმე სხვა – ე.წ. “განვითარებულ” ხალხებში იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდამდეც ჰქონდათ დამწერლობაც, განვითარებული ენაც და ლიტერატურაც და სახელმწიფოებრიობის ტრადიციაც. სწორედ ესენი გახლდათ მარკერები ეროვნულობის წარმოსაჩენად ისევე, როგორც ეროვნული სამოსი, მშობლიურ ენაზე გამართული სკოლა, თავისი პედაგოგიური კადრებით, კულტურა…
ბოლშევიკებმა დაიწყეს თითოეული ამ მარკერის სტანდარტიზაცია.
და აი, ამ საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია ისტორიოგრაფიაც.
სწორედ 1920-იან წლებში ჩნდებიან პირველი აფხაზი, ასე ვთქვათ, ნაციონალური ისტორიკოსები, მაგალითად სიმონ აშხაცავა, სიმონ ბასარია. მათ პირველებმა გამოკვეთეს ანტიქართული ნარატივი, პირველად მათ ტექსტებში ჩნდება თეზისი, რომ აფხაზეთი საქართველო არაა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ აფხაზეთის იმდროინდელი მმართველი, ნესტორ ლაკობა, ლინგვისტური კორენიზაციის ფარგლებში ეწინააღმდეგებოდა აფხაზური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას, რადგან ლაკობამ იცოდა, რომ ქართულ ენას აფხაზური ვერ გაუწევდა კონკურენციას. ის ამიტომ ამტკიცებდა: რუსულია ჩვენი საერთო ენადა რად გვინდა ამ ჩვენი ლოკალური ენის მნიშვნელობის ხელოვნური ზრდა. ეს შექმნის ისეთ პრობლემას, როგორიცაა აფხაზური ენის პედაგოგების დეფიციტი. ლაკობას აზრით, სახელმწიფო ენად უნდა აერჩიათ მხოლოდ რუსული და არ უნდა აერჩიათ არც ქართული და არც აფხაზური… ეს დებატები შემდეგ გამწვავდა, გალის პედაგოგებიც ჩაერთვნენ დისკუსიაში, კომისია თბილისიდანაც ჩავიდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ისე მოხდა, რომ ოფიციალურ ენებად სამივე აღიარეს.
შემდეგ იწყება ლავრენტი ბერიას მმართველობის ხანა, რომელიც აფხაზების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ქართული მხარის წინააღმდეგ. აფხაზური ნარატივი ასეთია: ბერიამ დაიწყო აფხაზეთის გაქართველება, აკრძალა სკოლა აფხაზურად, აფხაზური დამწერლობა ქართულზე გადაიყვანა, აფხაზური გაზეთები დახურა. ბერიამ მართლაც ბოლო მოუღო ლაკობას მიერ შექმნილ “კლანურ” ქსელს და ქართული ენის აფხაზეთში გასაძლიერებლად ეფექტურს ღონისძიებებს მიმართავდა. აფხაზური ნარატივი, რომელზეც ვისაუბრე, უკანა პლანზე რჩებოდა. მერე კი, როცა სტალინი გარდაიცვალა და – მალევე ბერიაც, დაიწყო აფხაზური გამოღვიძება.
ამ თემაზე, ანდა 1960-70-იან წლებზე, როცა უკვე თითქმის ჩამოყალიბებული სახით წარმოგვიდგება აფხაზური ნარატივი. ზოგადად, ქართულ ისტორიოგრაფიაშიც განსხავებული დამოკიდებულებებია ასახული. აღსანიშნავია პავლე ინგოროყვას კვლევები, ჯერ “მნათობში” გამოქვეყნებული და შემდეგ 1954 წელს გამოცემული წიგნი – “გიორგი მერჩულე”. მისი პერსპექტივით, შუა საუკუნეების წყაროებში მოხსენიებული აფხაზები ქართველური ჯგუფები იყვნენ და არა ისინი, ვინც საკუთარ თავს ახლა აფსუებს უწოდებენ. რადგან სტალინიცა და ბერიაც უკვე გარდაცვლილია, აფხაზურ ნომენკლატურას აღარ ეშინია რეპრესიების, მით უმეტეს ხრუშჩოვის მიერ პიროვნების კულტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ფონზე და ინგოროყვას ამ ტექსტზე პირველი საჯარო წინააღმდეგობა აფხაზეთში ასე იწყება.
თანამედროვე ქართველ ისტორიკოსთაგან, ზოგი ემხრობა ინგოროყვას ხაზს, სხვები მის არგუმენტებს ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევენ. მეც, პირადად, არ ვიზიარებ პავლე ინგოროყვას თეორიას.
აფხაზ ისტორიკოსებს რომ მივუბრუნდეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი, ვინც აფხაზეთის ისტორია მკაფიოდ გამოაცალკავა საქართველოს ისტორიის კონტექსტისგან, იყო შალვა ინალ-იფა. მის ნაშრომში უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ქართველებისადმი ანტაგონისტური ხედვა.
ასეა თუ ისე, აქედან ჩამოყალიბდა აფხაზური ისტორიული ნარატივი, რომელიც უკვე აფხაზური მეხსიერების პოლიტიკის ფუნდამენტი გახდა.
ბანალური ნაციონალიზმი
მ. თ.: თუმცა, აქ უკვე ისტორიაზე, როგორც მეცნიერებაზე, საუბარი აღარ შეგვიძლია. ეს უკვე მეხსიერების პროექტია. ეს არის პოლიტიკური ელიტის მხრიდან დაგეგმილი და მხარდაჭერილი წარსულის კონსტრუირება, ზემოდან ქვემოთ მართული პოლიტიკა, რომელსაც აქვს მკაფიო და შეკრული ისტორიული ნარატივი და ის სკოლებშიც ისწავლება. მომავალი თაობების აღზრდა მას ეფუძნება.
მართლაც, 1980-იანი წლების აფხაზეთში ნებისმიერი პრობლემური საკითხი, მაგალითად, თანამდებობების არათანაბარი განაწილება ქართველებს და აფხაზებს შორის, ანდა სოციალური საკითხები, ისტორიულ არგუმენტებამდე დადიოდა. კამათი თუნდაც ყოფით, სოციალურ საკითხზე ისე შორს მიდიოდა, რომ იწყებოდა გარკვევა – ვინ არის პირველმოსახლე, ვინ არის ავტოქტონური ჯგუფი; ვინ ჩამოვიდა “გუშინ” და ვინ ცხოვრობდა აქ 4000 წლის წინ; ვისია კოლხური კულტურა – აფხაზურია თუ ქართველურია…
ნაციონალიზმის მკვლევარი, როჯერს ბრუბეიქერი ამბობს, რომ იდენტობის ცნება არის, ასე ვთქვათ, საშინელი ერთგვაროვნების გამოვლინება (terrible singularity – წერს ის). იდენტობა ისევე, როგორც ნაციონალიზმი ძალიან ფართო და მრავალი მნიშვნელობის მქონე ცნებებია. შეგიძლია, მათ მოუძებნო მრავალი დეფინიცია. ხშირად ეს კონცეპტები ცარიელ აღმნიშნველად, გვევლინება – ვისაც რა მოეპრიანება, იმ შინაარსს ჩადებს.
ყველა სოციალური გარემო, რომელთაც ადამიანთა ჯგუფები ქმნიან, ხომ სინამდვილეში კომპლექსური და მრავალშრიანია და თვითონ ეთნიკური ჯგუფის გაგებაც ხომ არაერთგვაროვანია, მაგრამ როცა ცდილობ ამ ჯგუფების ერთგვაროვნად აღქმას, გიწევს ამ ნიუანსების გაერთგვაროვნება, გამარტივება, გაბანალურება. არსებობს ასეთი კონცეპტი — “ბანალური ნაციონალიზმი”, რომელიც “ვულგარულ” ეთნო-ნაციონალურ სენტიმენტებს აღვივებს. მაგალითად, ეთნიკური ელიტები ხშირად გაბანალურებული და გამარტივებული ისტორიული ნარატივების ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ მასობრივი მობილიზაციის მიზნით.
ეს ჩანს თუნდაც აფხაზურ სახელმძღვანელოებში, რომელთა მიხედვითაც, მთელი ქართულ-აფხაზური ისტორია და მთელი ჩვენი ურთიერთობა, რეალურად, მხოლოდ კონფლიქტის ისტორიაა.
ერთ-ერთი ასეთი სახელმძღვანელოს თანაავტორია აფხაზი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი სტანისლავ ლაკობა. ის ახლახან გარდაიცვალა, მაგრამ ვერ დავმალავ მის შესახებ ჩემს აზრს. სტანისლავ ლაკობას მოღვაწეობა, სამწუხაროდ, იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ცეცხლზე ნავთი დაასხა, როგორ შეიძლება კარის ისტორიკოსად იქცე; აქ იგულისხმება არა მეცნიერი ისტორიკოსი, არამედ ლამის თოფ მომარჯვებული ჯარისკაცი, რომელიც შეიძლება, იარაღს არ ისვრის, მაგრამ თავისი “შემოქმედებით” და პოლიტიკური საქმიანობით ცდილობს, ისტორიული დისკურსიდან წაშალოს და გააქროს ქართულ იდენტობის კვალი აფხაზეთში.
სტანისლავ ლაკობა რამდენიმე წლის წინ გალში შეხვდა საზოგადოებას და ერთ-ერთ ადგილობრივს “პრეზიდიუმიდან” მიმართა – ჰკითხა: სად ცხოვრობთ თქვენ ახლა – აფხაზეთში თუ საქართველოში? კარგად იცოდა, რომ პასუხი ამ კითხვაზე იმ გალელისთვის შეიძლებოდა საფრთხის მომტანი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ჰკითხა – ძალაუფლების მპყრობელის პერსპექტივიდან დაელაპარაკა. ასეთი ისტორიკოსის ხელში კი ისტორია მეცნიერება ნაცვლად ზეწოლის მექანიზმია. ადგილობრივი დაიბნა და ძლივს მოუყარა პასუხს თავი, ქართული პირადობა მაქვსო, ეს იმიტომ ავიღეო, რომ აფხაზური პასპორტით რომ ვიარო, არავინ მიმიღებს უცხოეთშიო… ანუ ახსნა დაუწყო, რატომ აქვს ქართული პასპორტი და რატომ არ აქვს აფხაზური… ლაკობა უსმენდა მის ამ დაბნეულ პასუხს და უარესად აჭერდა მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლო და საამისო ძალა ჰქონდა. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ეს იყო სტრუქტურული და ეპისტემოლოგიური, ანუ პოლიტიკური და სიმბოლური — “ისტორიულ ცოდნის” ძალადობის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება. როდესაც ისედაც მოწყვლად ჯგუფს, რომელსაც,ხან “მეხუთე კოლონად” მიიჩნევენ დე ფაქტო სოხუმში, აქეთ კი, თბილისიც საჭირო ყურადღებას არ აქცევს და ორმაგი მარგინალობის მდგომარეობაშია, მიდიხარ და ახდენ შენი ძალის დემონსტრებას. ამას მეცნიერებასთან კავშირი აღარ აქვს. ამიტომაც არის, რომ სტანისლავ ლაკობას დაწერილ ისტორიის სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ უდიდეს სიამოვნებას შუა საუკუნეებში ოდიშის სამთავროზე აფხაზეთის სამთავროს თავდასხმისა და იქაურობის გაჩანაგების აღწერისას. თითქოს, ღია სიხარულით წერს იმაზე, თუ ანადგურებდნენ აფხაზები სამეგრელოს გვიან მე-17 და მე-18 საუკუნეში – მამლის ყივილიც აღარ ისმოდაო გავერანებულ ადგილებში, – აღნიშნავს (თითქოს, უყვარს ეს გამოთქმა ძალიან).
მე ვერ მივიღებ მოსაზრებას, რომ ისტორია არის უბრალოდ წარსულის ინტერპრეტაცია განსხვავებული სუბიექტური პერსპექტივების საფუძველზე. ისტორია მეცნიერებაა და მას თავისი მეთოდოლოგიური კრიტერიუმები და მეცნიერული საფუძველი აქვს. საჭიროა ამის ცოდნა და საჭიროა პატიოსნება. ედვარდ კარი ამბობდა, რომ ისტორია არის უწყვეტი დიალოგი წარსულსა და აწყმოს შორის, რაც მე ასეც მესმის: მუდმივად უნდა იყო მზად იმის მისაღებად, რომ თუნდაც შენს შეხედულებებს და მიდგომებს ხელახლა გადახედო. არაფერია ფიქსირებული და დოგმატური. აფხაზეთი, ისევე როგორც სხვა ისტორიული პრობლემები, ღია კითხვებია. გადასასინჯი გვაქვს, ეთნიკურობაზე, როგორც ფენომენზე დომინანტური შეხედულებები და აღქმები; რათა დავეხსნათ პრიმოდიალური და ეთნოცენტრული ნაციონალიზმის გაგებას.
თ.ბ.: რადგან თქვენც აფხაზეთიდან ხართ, ამიტომ გეკითხებით: თქვენ თავად როგორ უთავსებთ თქვენს პერსონალურ მეხსიერებას აკადემიურ საქმიანობას. ამ დროს პირადი მეხსიერებისგან დისტანცირება გაცნობიერებულად და ხშირად გიწევთ? წარსულის ცოცხლად ტარება მეცნიერულ საქმიანობაში ხელის შემშლელია?
მ.თ.: ჩემი აკადემიური საქმიანობა და ცხოვრებისეული გამოცდილება, ვფიქრობ, საინტერესოდ ებმის ერთმანეთს, რომლის გამოც მიმაჩნია, რომ “აფხაზეთელობა” ჩემი უპირატესობა შეიძლება იყოს სამეცნიერო თვალსაზრისით, და არა პირიქით.
თუმცა, ჩემი შეხედულებები და განცდები ასევე უკავშირდება ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად დევნილების მიმართ არსებულ განწყობებსაც. ასევე, ისეთ საკითხს, როგორიცაა, მაგალითად, სიმართლის რაობა; ანდა, კრიტიკა იმის შესახებ, რომ საჭიროა, გადავლახოთ ქართული ხედვა; არ ჩავიკეტოთ “საკუთარ სიმართლეში” და სხვა…
უმეტესწილად, ამ კრიტიკას მეც ვიზიარებ და გაგახსენებთ ისევ იმ სარკისებურ ნაციონალიზმს, რომელიც საუბრის დასაწყისში ქართველებსა და აფხაზებს მივუსადაგეთ. ზუსტად ამ სარკისებური ნაციონალიზმის გამო მგონია, რომ ქართველებიცა და აფხაზებიც ერთი იგივე იარაღით ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს, და არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსულ “კალაშნიკოვებს”, არამედ ვლაპარაკობ ისტორიასა და მეცნიერებაზე, როგორც ბრძოლის ხერხებზე.
ქართული აკადემიური სივრცე შედარებით კომპლექსურია. აფხაზური კი გაცილებით ჩაკეტილია ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ აფხაზეთი დიდწილად იზოლირებულია გარესამყაროსგან. იქ ჯერ კითხვა არც კი დასმულა, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი ახალი ისტორია, ახალში ვგულისხმობ მიდგომებს, პერსპექტივებს, მეთოდოლოგიას, საკუთარი სტერეოტიპების გადამუშავებას და სხვა.
მე ომის დროს გავიზარდე. გალში საომარი მოქმედებები მაინცდამაინც არ იყო, მაგრამ მახსოვს სკოლაში წასვლისას იარაღიანი ხალხი ნახვა გზაზე, ტყვარჩელის თუ ოჩამჩირის დაბომბვის ხმები, საღამოს ცის მოულოდნელი განათება და დანახვა, რომ სოხუმი იბომბება – იყო ყოველდღიურობის ნაწილი.. ბავშვებიც ხშირად ვთამაშობდით ომობანას.
სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა გალიდან გამოსვლაზე მიდგა საქმე, მატარებლის ლიანდაგს გამოვუყევით ფეხით. ენგურზე გადმოსვლა ძლივს მოვასწარით , ზურგს უკან უკვე გვესმოდა სროლის ხმა. მერე დავინახეთ აფხაზები ცაში ისროდნენ და ზეიმობდნენ. იმავე დღეებში მოკლეს ჩვენი 15 მეზობელი, ასე ხდებოდა გალის რაიონის სხვა უბნებშიც, ანუ მთელი სოციალური ქსოვილი მოიშალა და გაქრა, მთელი ის გარემო და სამყარო, რომელიც გვეგონა რომ სულ იქნებოდა. მერე იყო ეს დაუსრულებელი მოლოდინი, ფუჭი იმედები, რომ ორ დღეში, ხუთ დღეში, ერთ თვეში, ჟენევის ამა და ამ მოლაპარაკების დასრულების მერე დავბრუნდებით ჩვენს სახლებში… ასეთი გამოცდილებები ყველა მოზარდზე დატოვებს, მოდი, ვთქვათ, რომ დაღს. ამ კოლექტიურ ტრავმასთან გამკლავება ყველამ თავისებურად შეძლო (ან ვერ შეძლო). მე თითქოს ამ გამოცდილების გადამუშავების და რაციონალიზაციის გზა ავირჩიე. დევნილობა “მეთოდოლოგიურ უპირატესობად” ვაქციე.
ისე ვუყურებ საკუთარ გამოცდილებას, როგორც ანთროპოლოგი, რომელიც უცხო კულტურულ გარემოს “ჩართული დაკვირვების” მეთოდით იკვლევს. თითქოს, მესამე თვალი მაქვს ისედაც, ბუნებრივადაც; მაშინ, როცა ანთროპოლოგს ხშირად უწევს უცხო ენის შესწავლა, ანუ უცხო კულტურაში მეტი დროის დახარჯვა იმისთვის, რომ შეძლოს და ახსნას ის, რასაც ხედავს. ასე იქცევიან ის მკვლევრები, რომლებიც წლებია, ვთქვათ, აფხაზეთის თემაზე მუშაობენ. ზოგი მათგანი 30 წელია აქ დადის, მაგრამ ვერ შეძლო ქართული ენის დაუფლება, ზოგმა მეგრულიც კი ისწავლა და საველე კვლევებს უფრო თამამად ატარებს. კვლევის შესაბამისი ინსტრუმენტებით აღჭურვა და შესასწავლი კულტურის და საზოგადოების მიმართ მგრძნობელობის შეძენას – მისი ენის შესწავლას თუნდაც და, შესაბამისად, მისი სამყაროში შესვლას – დამატებითი ძალისხმევა სჭირდება. ჩემთვის კი, ეს სამყარო ბუნებრივად ხელმისაწვდომია. ამ გაგებით პრივილეგირებული ვარ, მაგრამ მხოლოდ ეს, ცხადია, არ არის საკმარისი. ახლა სოციოლოგიის მიმართულებით ჩემი მეორე სადისერტაციო კვლევა აფხაზეთს ეხება და, მინდა თუ არ მინდა, ხშირად ვუბრუნდები კითხვას: ჩემი ცოდნა როგორ და რა ფაქტორებზე დაფუძნებით ჩამოყალიბდა? რა არის ჩემი სამეცნიერო დაკვირვების წერტილი და ანალიტიკური პერსპექტივა? როგორ შეიძლება “ინსაიდერის” თვალთახედვიდან დისტანცირება და საკითხის ცივი და სკურპულოზური – თითქოს იუველირის თვალით დანახვა? როდის არის სუბიექტური სიღრმე და ემოციური განზომილება სასარგებლო ან, პირიქით, საზიანო კვლევის პროცესში?
ამგვარი “ჩამრთველის” და “გამომრთველის” ფლობა საჭირო და აუცილებელია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რადგან ყველა ჩვენი დროის და კონტექსტის შვილები ვართ. ზოგჯერ იშვიათია, მაგრამ აბსოლუტურად საჭირო რამ არის ის უნარი – როცა მკვლევარს შეუძლია საკუთარი მდგომარეობიდან გადართვა, რათა ერთი და იგივე მოვლენა, “ისტორიული ფაქტი”, სხვადასხვა პერსპექტივიდან, საბოლოო ჯამში, მრავალშრიან ფენომენად დაინახოს. ეს ეხება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც და მხოლოდ ამ მრავალშრიანი ფენომენის დანახვისას ხდება შესაძლებელი, არ დავრჩეთ თუნდაც ქართული ისტორიული ნარატივის ტყვეობაში.
თუმცა, ქართული ისტორიული ნარატივის გაკრიტიკება იმას არ ნიშნავს, რომ მექანიკურად გავიზიარო აფხაზური პოზიცია. მათი პერსპექტივა მართლაც რომ ქართულ პერსპექტივაზე უფრო დაბალანსებული და დემოკრატიული იყოს, უკან არ დავიხევდი, მაგრამ როცა თანამედროვე აპარტეიდიზმი გვაქვს გალის რაიონში; როცა ისტორიის მთავარი სახელმძღვანელოს ავტორია იმის ჩამდენი მეცნიერი, რაც გალში ლაკობას ვიზიტზე გიამბეთ, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ “ბოდიშის მოხდაზე” და ამასთან დაკავშირებულ კამპანიაზე? მაშინ მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ფილოსოფიური ქვა დევს სადღაც, სოხუმში, რომელიღაც აფხაზი ისტორიკოსის ან ისტორიის ინსტიტუტის შენობაში; უნდა ვიცოდე, რომ იქ არის ჭეშმარიტება; მაგრამ არ არის ასე. ჭეშმარიტება არ დევს არც იქ, არც აქ.
არც აქ, რადგან ქართული ისტორიული ნარატივის ე.წ. ინგოროყვას ხაზი აფხაზებს წარმოაჩენს მეჩვიდმეტე საუკუნეში “ჩამოსულ” და “ჩამოსახლებულ” აფსუებად. სხვათა შორის, ფართოდ გავრცელებულ წარმოდგენებში თუ ისტორიულ წარმოსახვებში სწორედ ეს ვერსია არის დმომინანტური (აქ შეიძლება ისევ აღნიშნული ცნება “ბანალური ნაციონალზმი გამოგვადგეს). ცხადია, ქართულ სამეცნიერო წრეებში ბევრი არ იზიარებს “ინგოროყვას თეორიას”, როგორც სუსტად არგუმენტირებულს. მეორე მხრივ, ქართულ ისტორიოგრაფიაში უფრო დაბალანსებული მიდგომის მიხედვით აფხაზი ეთნოსი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა და ქართველებიც და აფხაზებიც ორივე მკვიდრი ხალხია. საქმე-საქმეზე თუ მიდგა, მაინც ქართველური (მეგრულ-ჭანური და სვანური) ჯფუგები არის აღიარებული ავტოხტონ მოსახლეობად აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა ახ. წ. აღ. პირველ საუკუნეების წყაროებში დასახელებული “აფსილები” და “აბაზგები” აფხაზ “ტომებად” არის აღიარებული. შესაბამისად, მათი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობა გაცილებით ხანგრძლივ რეალობად არის დანახული.
ჰერმენტული იდენტობა
თ.ბ.: ამ პროცესში გადასასინჯია საზღვრების გაგებაც? მგრძნობიარე საკითხია და სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში სხვადასხვაგვარად წამოშლის შიშებს, საფრთხეებს, მტრების ხატებს.
მ.თ.: აფხაზურ ისტორიოგრაფიაში და მათ შორის გარკვეულ ქართულ საისტორიო წრეებშიც, აფხაზური თუ ქართული ეთნიკურობა ისეა წარმოჩენილი, თითქოს, ეს საზღვრები დაწესებული იყო ერთხელ და სამუდამოდ. აფხაზებისთვის, მაგალითად, ენგური არის ლამის ბუნებრივი და საკრალური კედელი ქართულ და აფხაზურ სამყაროებს შორის. თუ აფხაზურ თვალთახედვას გავაყოლებთ მზერას, მთელი დასავლეთ საქართველო აფხაზური სივრცეა, ენგური კი, გარკვეულწილად, ბოლო წერტილი, სადაც ქართულ სამყაროსთან საზღვრის გავლება შეიძლება. რიგითი აფხაზი ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ მიწებზე ოდითგანვე აფხაზი ცხოვრობდა, და შესაბამისად ენგურს გამოღმა ქართული მოსახლეობის გაჩენა კოლონიზაციად – აფხაზურ ტერიტორიაზე ქართველების ძალმომრეობითი ჩასახლების შედეგად ესახება. ჩემი თვალთახედვით კი, ეს მიდგომა არის აფხაზეთზე აპარტეიდიზმის მოდელის გადმოტანა, რომლის მიხედვითაც ქართველები მჩაგვრელ “თეთრებს” უტოლდებიან, აფხაზები – მათგან შევიწროებულებს, ჩაგრულებს.
მე სწორედ ამ მტკიცებაში ვხედავ საბჭოთა ისტორიოგრაფიის სქემატურობის, ექსკლუზიურობის გავლენას. ჩვენთან ისედაც ძალიან გამძაფრებულ საზღვრის განცდას ემატება საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც საზღვრის განცდას ამძაფრებდა ისტორიოგრაფიაშიც. საბჭოეთი აკანონებდა საზღვრებს, არა მარტო ადმინისტრაციულად, არამედ სიმბოლურადაც, და ეთნოგენეზის საკითხსაც განიხილავდა საზღვრებთან მიმართებაში – ადგენდა, რომელი ხალხი რომელ საზღვრებში განვითარდა. ამ აღქმას რომ გავყვეთ, ეთნიკური ჯგუფი დაემსგავსება ხეს – ღრმად ფესვებგადგმულს, ანუ ამ გაგებით ეთნიკურობა უმოძრაო და უცვლელი, ფიქსირებული ფენომენია. თუ ამ თვალთახედვას ვირწმუნებთ, იმასაც დავიჯერებთ, რომ 3 ათასი წელი შეიძლება ერთმა და იმავე ხალხმა იცხოვროს ერთსა და იმავე ადგილზე ისე, რომ არავინ შეეხოს, არავინ შეცვალოს.
კიდევ უფრო უხსოვარ წარსულში რომ წავიდეთ, ერთ-ერთი აფხაზი ისტორიკოსის მიხედვით, აფხაზური ნარატივი ასე აიგება: ისინი ხეთების ცივილიზაციასთან იყვნენ კავშირში და ბრინჯაოს ხანაში დაიძრნენ თავიანთი ძველი სამოსახლოებიდან და იქ დასახლდნენ, სადაც თანამედროვე დასავლეთ საქართველოა. შემდეგ ხეთების ცივილიზაციასთან კავშირის თეორია, მართალია, გადაისინჯა და სახე იცვალა, მაგრამ მთავარი კომპონენტი აფხაზურ ნარატივში უცვლელი დარჩა – ესაა ქართველთა დამპყრობლური როლი. ამ ხედვით, ისტორიის რაღაც ეტაპზე ამოძრავდნენ ქართველური ტომებიც და აფხაზური სივრცე ნელ-ნელა შეავიწროვეს, ამ საქმეში კი განსაკუთრებით იაქტიურეს მეგრელებმა…
ეს ხედვა განსაზღვრავს აფხაზური ნარატივის საფუძვლებს. და შემდეგ უკვე შუასაუკუნეებსაც წვდება, როცა აფხაზთა სამეფო არსებობდა და ის ქართული სახელმწიფო, ქართული პოლიტიკური წარმონაქმნი კი არ იყო ისევე, როგორც, ვთქვათ, “ქათველთა სამეფო” ტაო-კლარჯეთში (როგორც ქართული ნარატივი აღწერს მას), არამედ აფხაზური სახელმწიფო გახლდათ.
ქართული ნარატივის მიხედვით კი პირიქითაა – აფხაზური სამეფო ქართულია და ემპირიულადაც რომ დაუკვირდე, რატომღაც სწორედ აფხაზთა სამეფოში მკვიდრდება ქართული ენა, წირვა-ლოცვის ენად ქართული მკვიდრდება და მოსახლეობაც ქართველურია – იქ სახლობენ მეგრელები, სვანები და ა,შ,, რა თქმა უნდა, აფხაზურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა.
თ.ბ.: ქართული ენა, როგორც წირვა-ლოცვის ენა – ეს სიმბოლური საზღვრის დამდგენი ფაქტორია შუა საუკუნეებში?
მ.თ.: ჩვენ ვსაუბრობთ დროზე, როცა ერის გაგება არ არსებობდა, ამიტომ ყველას, ვინც ჩამოვთვალეთ, პირობითად შეიძლება ჯგუფები ვუწოდოთ, ლინგვისტურ ჯგუფები.
მაგრამ კარგი, მოდი, გამოვიყენოთ ნაციონალიზმის თეორიებში ეთნოსიმბოლიზმის ფუძემდებლის, ენტონი სმიტის ტერმინი და მივყვეთ მის ხედვას, რომლის მიხედვითაც პრემოდერნული ერებიც არსებობდნენ, ანუ არსებობდნენ ეთნიკური ჯგუფები, რომელთაც სმიტი ეთნიეს ეძახის. აი, ეს ეთნიეები ქართველურიც იყო და აფხაზურიც აფხაზთა სამეფოში, მაგრამ ყველა დროს უნდა შევხედოთ ცნებების იმ გაგებით, რა გაგებაც არსებობდა ისტორიის იმ პერიოდში.
შუასაუკუნეობრივი შინაარსით კი, აფხაზეთის სამეფო იყო ქართული სახელმწიფო წარმონაქმნი, რადგან დიახ, ყველა ამ ხალხისთვის წირვა-ლოცვის ენა იყო ქართული. რა ენაზეც ლოცულობდი, იდენტობის მარკერიც ის იყო. გიორგი მერჩულე გავიხსენოთ, “ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების”… აბა, რატომ ჩნდება მერვე-მეცხრე საუკუნეებიდან აფხაზეთში ქართული დამწერლობის კერები? რატომ აშენებდა აფხაზთა მეფე უბისას – ქართულ მონასტერს? ასეთი პროექტი ხომ თავისებური კულტურული პოზიციონირებაა, იდენტობის ნაწილია.
ესაა იმ დროის ხედვა და თან ეს ხედვაც კი არ გამორიცხავს ამ საზღვრებს შიგნით აფხაზების და არც არავის კონტრიბუციას. პირიქით, სინამდვილეში ეს ჯგუფები ერთი სამყაროს ნაწილი არიან და ამ სამყაროს შიგნით მუდმივად ურთიერთობენ ერთმანეთთან.
თვითონ აფხაზებიც ბოლომდე ვერ უარყოფენ ამას. აფხაზურ სახელმძღვანელოებში ამიტომ იცით, რას ეძახიან ამ ეპოქას? აფხაზეთის სამეფო მათთვის არის არა აფხაზურ-ქართული, თუნდაც, არამედ აფხაზურ-”ქართლური” სახელმწიფო. ასე წერია, მაგალითად, აფხაზურ ისტორიის სახელმძღვანელოში. ხოლო ჩვენ რასაც მივიჩნევთ ერთიანი საქართველოს ეპოქად, ის სულ რამდენიმე გვერდში, გაკვრით მოიხსენიება ამ სახელმძღვანელოში, არადა, ხომ ხვდებით, ეს რამდენად “ხმაურიანი” ფაქტია მეხსიერების მკვლევრისთვის. ის რაც გამოტოვებულია და რაზეც არ ლაპარაკობენ, სწორედ ის ყვირის და უფრო ბევრის მთქმელია . თვითონ ამ ისტორიის გაჩუმებაში ჩანს მიზანი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს აფხაზების ქართულ “სამყაროსთან” კავშირის ისტორიული დეტალები.
ცვლილებები იდენტობებში სულ ხდებოდა; ეთნიკური საზღვრებიც – ხან გადადიოდა, ხან გადმოდიოდა. ასეთია, ზოგადად, სხვადასხვა ჯგუფს შორის თანაარსებობის ლოგიკა; მით უმეტეს მაშინ, როცა აფხაზურ და ქართულ – ამ ორ ერთმანეთის გვერდიგვერდ განვითარებულ და ძალიან ახლოს მდგომ კულტურებზე ვლაპარაკობთ. ძალიან ჰგავს ერთმანეთს, განსაკუთრებით, მეგრელების და აფხაზების ტრადიციები, კულინარია, ეტიკეტი, სტუმარ-მასპინძლობა. ძალიან გამიჭირდება, ერთმანეთისგან განვასხვავო თუნდაც მათი გლოვის და დატირების, ან სხვა კულტურული პრაქტიკები. საიდან მოვიდა ეს მსგავსება, ჰაერიდან ხომ არა, არამედ – ურთიერთობიდან.
ასე რომ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უფრო ხანძლივი და მდიდარი ისტორიის გამოვლინებაა, ვიდრე ის, რაც აფხაზურ ნარატივში ჩანს, რომლის მიხედვითაც, მთელი ქართულ-აფხაზური ისტორია და მთელი ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ კონფლიქტის ისტორიაა ქართულ მხარესთან. ეთნიკურობა ყველაზე დინამიკური ფენომენია სინამდვილეში და როცა ამას ვერ ხედავენ ხალხები, როცა ქმნიან ზედმიწევნით რიგიდულ წარმოდგენას ეთნიკურობაზე, თითქოს, ის რაღაც ჰერმეტული ფენომენი იყოს, ეთნიკური კონფლიქტების საფუძვლადაც ამ დროს იქცევა.
რადგან გალის საკითხი რამდენიმეგვარი მიზეზის გამოა ჩემთვის მნიშვნელოვანი, გალის მაგალითით აგიხსნით. გალის მაცხოვრებლების რაღაც ნაწილი თავის დროზე შეიძლება წარმოშობით აფხაზი ყოფილიყო. მაგალითად, არის გვარების, რომლებზეც აკეთებენ აქცენტს აფხაზები – ქეცბაია, ზუხბაია, ქვაცაბია, ლაკირბაია და ასე შემდეგ. თუმცა, ამის მსგავსად, თანამედროვე აფხაზურ ეთნოსში ძალიან დიდ ნაწილს მეგრული გვარი აქვს. იმერული გვარებიც ძალიან ბევრია, ჭავჭავაძეც კი შეგხვდებათ ა აფხაზი.
ოღონდ პოლიტიკის იარაღად ქცეულ ისტორიულ ნარატივში ეს კომპლექსურობა არ მოჩანს. ნარატივში ენგური ცალსახა გამყოფია, იმის იქით აფხაზური სივრცეა.
მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ გალი მეგრელებითაა დასახლებული? ამაზე პასუხად გამოიყენება სწორედ ისეთი ეპისტემოლოგიური ძალადობა, სტანისლავ ლაკობას გალში ვიზიტის მაგალითით რომ ავხსენით. დე-ფაქტო აფხაზური ადმინისტრაციის მეხსიერების პოლიტიკის,ეყრდნობა მათთვის ეჭვშეუტანელ კონსტრუქტ: გალელები გამეგრელებული აფხაზები არიან. კარგი ბატონო, შესაძლოა, რაღაც გვარების შემთხვევაშიც მართლაც არის ასე, მაგრამ ამ კონსტრუქტს ახვევენ თავს გალის მთელ მოსახლეობას. ანუ: თუ მხოლოდ აფხაზად ჩაეწერები, მაშინ გაძლევენ მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს; თუ – ქართველად , მაშინ გაძლევენ მხოლოდ ე.წ. ვიდნაჟიტელსტვოს, ბინადრობის მოწმობას; ანუ ვინც მეგრელ/ქართველად ჩათვლის თავს, უნდა იცოდეს, რომ ის გალის მიწაზე არის სტუმარი და ისე უნდა მოიქცეს, როგორც სტუმარს შეეფერება.
გადაპარვა, მზის ჩასვლა
ხედავთ, როგორ არის ისტორია და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ერთმანეთთან გადაჯაჭული? პასპორტს იღებ, თუ თავს მიიჩნევ აფხაზად და მხოლოდ პასპორტის აღების მერე შეგიძლია არჩევნებში მონაწილეობა, ასევე, საკუთრების დაკანონება. ეს ყველაზე მტკივნეული პროცესია გალელი ქართველებისთვის – წარმოიდგინეთ, იქ გაიზარდე, ბაბუების დანატოვარი სახლი და მიწა გაქვს და შენი არაა.
თ.ბ.: როცა ხსნიდით აფხაზური ნარატივის მთავარ ხაზს – ქართველთა დამპყრობლებად წარმოჩენას, ვიფიქრე, რომ კარგი იქნება ასეთივე რადიკალური ხედვა ქართულ ნარატივშიც გამოვყოთ.
მ.თ.: ქართულ ნარატივში არსებული რადიკალური მიმართულების მიხედვით, კოლხეთის სამეფოდან მოყოლებული ქართველებს ამ მიწებიდან ფეხი არ მოგვიცვლია; თითქოს, არავინ შეგვრევია; თითქოს, ქართველური სივრცე არ დარღვეულა და მან ჩვენამდე შეურყვნელად მოაღწია. ეს ნარატივი შეიძლება გაიზიარო მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ეს მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მართლაც სტაბილურად სახლობდა, მაგრამ როგორი იყო ეს მოსახლეობა, ერთგვაროვანი? არავისთან უკონტაქტია? არც თვითონ გასულა და არც არავინ შემოსულა?
ამ კითხვებზე თუ ცალსახა პასუხის გაცემას მოვინდომებთ, პრობლემაც იქ გაჩნდება. ამ პრობლემის საფუძვლად, როგორც უკვე ვთქვით, ერთი მხრივ, საბჭოთა პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის შტამპები გვევლინება; და, მეორე მხრივ, მისი ჩამნაცვლებელი ახალი ისტორიის – ახალი მეთოდოლოგიის, პრობლემატიკის არარსებობა. მაშინ, როცა დასავლეთში სხვადასხვა ისტორიული სკოლის ტრადიცია ჩამოყალიბდა, ჩვენი ისტორიოგრაფია, თავისი ექსკლუზიურობით, დღესაც ზუსტად იმეორებს მარქსისტული იდეოლოგიური ისტორიის სქემატურ ლოგიკას. სხვა — “ახალი ისტორია” კი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცალკეული სასიკეთო ძვრები ხდება, უკვე წლებია, სხვადასხვა ახალი თაობის ისტორიკოსები ჩანან, მაგრამ ჯერ მათი ცოდნა და შემოქმედება მეინსტრიმის ნაწილი არ გამხდარა. ის, რაც შეიძლება საინტერესო გამოცოცხლებად გვეჩვენოს, სამწუხაროდ, ზოგად ისტორიოგრაფიულ ლანდშაფტს ჯერ არ ცვლის. ამ მხრივ გვაქვს დიდი პრობლემები და მთავარი პრობლემა არის ეთნოცენტრულობა.
თ.ბ.: თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ: თუნდაც ეს პრობლემა – ეთნოცენტრულობის ექსკლუზიურობა ისტორიულ ნარატივში – მუდამ ერთნაირია ბოლო 30 წლის განმავლობაში, თქვენი ხედვით?
მ.თ.: ცხადია, არა. 2004 წელს რომ დაიწყო განათლების რეფორმა, იყო მცდელობა, რომ უფრო ინკლუზიური გამხდარიყო სახელმძღვანელობი. მაშინდელი ცვლილებებიდან მახსენდება მაგალითად სახელმძღვანელოები წყაროების ალტერნატიული ანალიზით, ასევე, ეთნიკური ჯგუფების, მაგალითად, აზერბაიჯანელების როლის გამოყოფა და ხაზგასმა – ამ და სხვა მანამდე დახშულ ისტორიულ თემებზე დაიწყო დისკუსია, მაგრამ ახლა თვალს ვადევნებთ უკვე სხვა პროცესს, ისევ ვუტრიალდებით იმ ძველ რიგიდულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, პატრიოტული უნდა იყოს ისტორია.
კი ბატონო, სკოლა სტანდარტიზებულია, ფუნდამენტურ რაღაცებზე იქ შეთანხმებულები ვართ, მაგრამ იქვე, სასკოლო გარემოშივეა საჭირო კრიტიკული ანალიზისთვის სივრცის გაჩენა. ეროვნული სასწავლო გეგმით, პროფესორ-მასწავლებლებს გვევალება კიდეც, ხელი შევუწყოთ კრიტიკულ აზროვნებას – ანუ კითხვების დასმას. თუ სწავლის პროცესში არ აღმოვაჩინეთ თავსატეხები, როგორ ვასწავლოთ ამოცანების გადაჭრა – რაღაზე ვიმსჯელოთ, თუ ყველაფერი გარკვეულია. სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილი როცა მეცნიერებაზე და მამულიშვილობაზე წერს. მისი აზრით, საფუძველშივე მცდარია შეხედულება რომ ისტორია არის ერის “ადვოკატური გამოსარჩლება“, ან “ეროვნულ ღირსებათა გაზვიადება” და მისი ნაკლულევანებათა შემცირება”. როცა ყველაფერი ცხადი და გარკვეულია, მაშინ ჩნდება სწორედ პრობლემა. ისტორიაში, როგორც თანამედროვეობაში, არაფერია ცალსახა. რაღა წარსულში იქნებოდა მკაფიო ყველაფერი? ქართულ-აფხაზური დისკუსია კი არის ცალსახა და ჰომოგენური ისტორიული ნარატივების შეტაკება.
ბოლო დროს მიმდინარე ცვლილებები სწორედ ამ ცალსახა აზროვნებას აბრუნებს დღის წესრიგში, რადგან ხურავს და ავიწროებს საჯარო სივრცეებს ღია მსჯელობისთვის. ისტორიკოსს თუ უკარნახებს ინსტიტუტის დირექტორი რა და როგორ უნდა იკვლიოს, როგორც ეს სისტემას სურს, იქ ხომ მეცნიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. გამოდის, რომ ვასწავლი მხოლოდ დამკვიდრებულ ნარატივს და არა კითხვების დასმას და მიღებული მოსაზრებების გადასინჯვას. ისტორია, როგორც მეცნიერება თითქოს კარგად შესწავლილი საკითხების თავისებურ პრობლემატიზაციას, გადახალისებას და განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად. მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, რომ იყოს სივრცე, სადაც შესაძლებელი დისკუსიები და ისტორიული ცოდნის მუდმივი და უწყვეტი დახვეწა.მე ვამბობ, რომ ვერ ვასწავლი ისე, როგორც მიკარნახებენ, რადგან მე მსურს ვასწავლო, სწორედ დისკუსიის და და დიალოგის ფორმატში, თავისუფალი მსჯელობის პრინციპით.
ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურზე მაქვს კურსი, რომელსაც ჰქვია: აფხაზეთის ისტორია ქართული და აფხაზული პერსპექტივი. გაბმულ აფხაზეთის ისტორიას კი არ ვასწავლი ამ კურსის სტუდენტებს, ვასწავლი პრობლემურ ეპიზოდებს, სადაც ყველაზე მეტად ჩანს დაპირისპირება ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებს შორის. სტუდენტებს ვანაწილებ სადისკუსიო ჯგუფებად და ვაძლევ დავალებებს – თავი წარმოიდგინონ აფხაზ და ქართველ ისტორიკოსებად. ყველაზე მეტად ვისაც ვამჩნევ ურა-პატრიოტულ სულისკვეთებას, მას ვთხოვ რომ სასწავლო დისკუსიაში აფხაზური პერსპექტივა დაიცვას. თავი წარმოიდგინოს, ვთქვათ, სტანისლავ ლაკობად, და რას ეტყოდა ქართველ ისტორიკოსს, რომელიც პირისპირ უზის: ვისია აფხაზთა სამეფო? ვინ არიან აფხაზთა მეფეები? ქართულია ეს სახელმწიფო თუ აფხაზურია? და ის იძულებულია ამტკიცოს, რომ აფხაზურია… და ამ სავარჯიშოს ბოლო ეტაპია მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გადავამუშაოთ ეს ორი რადიკალური ხედვა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დაბალანსებული ისტორია, ამ განსხვავებების ფონზე.
დევნილები – ცხოვრების განულება
თ.ბ.: დაბალანსებული ისტორია – ამას იყენებთ მულტიპერსპექტიული ხედვის ცნების პარალელურად, არა? და როგორ გესახებათ მისი მიღწევა?
მ.თ.: ისტორიის ჰომოგენურ, ექსკლუზიურ ნარატივად წარმოჩენაა პრობლემა და შეცვლის პოტენციალიც აქვეა – ექსკლუზიური თხრობა უნდა შეცვალოს ინკლუზიურმა ნარატივმა; საზოგადოებებში იმის გაცნობიერებამ, რომ აფხაზეთის ისტორიის საკითხები უბრალოდ არ ექვემდებარება ცალსახა ინტერპრეტაციას; რომ ორივეს მოუწევს რაღაცებზე თვალის ახელა და დამოკიდებულებების გადასინჯვა.
ამ რთულ და მრავალკომპონენტიან თემაში ერთი რამ ვიცი ზუსტად – ის, რაც, ჩემი რწმენით, არაფრით უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვიდან. ესაა აფხაზეთიდან დევნილების სუბიექტური ხმის, მათი პერსპექტივის გათვალისწინება.
პოსტკოლონიურ კვლევებში არის ცნება agency – აგენტობა, რომელსაც მე სწორედ სუბიექტურობად ვთარგმნი და სწორედ დევნილთა ამ ხმის დახშობა არ უნდა ხდებოდეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე მსჯელობისას. არადა, ამ დისკურსში, ხშირად მსმენია ქართველთა კრიტიკა იმის გამო, რომ აფხაზების ხმა არ გვესმის – ამ ქართულ დისკურსში ზოგჯერ ძალიან პოპულარულია პოსტკონფლიქტური კვლევების და დისკურსისთვის დამახასიაეთებელი მიკერძოეუბულობა და ხანდახან კეკულცობა აფხაზების მიმართ; ასეთი პოზიცია – აფხაზებთან ჩვენ დავაშავეთ, ჩვენი ბრალია ეს ომი, ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე იმიტომ, რომ აფხაზები მართლები არიან და ბოდიში მოსახდელი ქართველებს გვაქვს.
მაგრამ მე რომ მკითხო, არ არის ეს კონფლიქტი ისე განსახილველი, როგორც განვიხილავდით მონობის ისტორიას ამერიკაში. როცა მკაფიოდ გამოიყოფა ორი ჯგუფი – თეთრკანიანი მონათმფლობელი და ჩაგრული ფერადკანიანი. ან აპრადეიტიზმი სამხრეთ აფრიკაში.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არის მოვლენა, რომელშიც ორივე მხარემ “იმუშავა” და დაუშვა შეცომები, რამაც აქამდე მოგივყვანა. სხვადასხვა დოზით ყველამ მიიღო ამაში მონაწილეობა. ცუდი როლი ორივე მხარემ შეასრულა.
მაგალითად, ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ არ უნდა შეგვეყვანა ჯარი აფხაზეთში, სხვები ფიქრობენ, რომ, თავის მხრივ, აფხაზებიც ხელს უწყობდნენ საომარი პროცესის დაწყებას. მე ხომ მახსოვს, გარდა იმისა, რომ ისტორიკოსი ვარ და წყაროებს ვკითხულობ, თვითონაც მახსოვს, რადგან ვუყურებდი უზენაეს საბჭოს სხდომებზე არძინბას, ლაკობას და სხვათა გამოსვლებს და, ასე ვთქვათ, სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას. სამხედრო დანაყოფებიც შექმნეს, მე გალის მთავარ ქუჩაზე ვცხოვრობდი და მახსოვს, როგორ ჩაიარეს ჩემს სახლთან, როგორ დადგნენ “ბეტეერებით” ენგურთან იმის ნიშნად, რომ იქ მათი სახელმწიფო საზღვარია. თვითონ სერგეი შამბა ამბობს: ჩვენ ვემზადებოდით ომისთვის. ხოდა, ეს ფაქტი მე, როგორც ისტორიკოსმა არ გავითვალისწინო იმიტომ, რომ ეს ვთქვათ გაანაწყენებს აფხაზებს? ძალიან ნაივური ხედვა ხომ არ არის, რომ არაფერ ვთქვა არამეცნიერულობაზე?
დანაშაულის აკიდების პროცესიდან უნდა გამოვიდეთ, სულ ესაა. იარლიყი კი არ უნდა მივაწებოთ, არამედ ავხსნათ. უნდა დავუშვათ, რომ აფხაზეთში დაწყებული ქმედებები ცენტრის, ანუ თბილისის რეაქციას გამოიწვევდა, მაგრამ რაც გამოიწვია, ასე უნდა გამოეწვია? აქ ვლაპარაკობ ქართული მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, უპასუხისმგებლო, ცხელთავიანი და ავანტურისტი პოლიტიკოსების ქმედებებზე, რომელთა შედეგებსაც დღემდე ვიმკით ყველა. მაგრამ მერე კვლავ ისმის კითხვა: ეთნიკური წმენდა ვის წინააღმდეგ მოხდა? ჯერ გაგრაში დაწყებული ხოცვლა-ჟლეტა, სოხუმში გაგრძელებული და მერე მოსახლეობის განდევნა?
ხომ ხედავთ, რამდენჯერ შეიცვალა პერსპექტივა ამ მოვლენების ჩამოთვლისას? არა მარტო პრობლემაა კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი, არამედ კვლევები მრავალშრიანი უნდა იყოს. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაში კი სურათი ასე კომპლექსურად არასდროს ჩანდა.
არც დევნილების პერსპექტივას ითვალისწინებდნენ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. მრავალი ათეული წლებია დევნილების ცხოვრება “ნულამდეა დაყვანილი”, როგორც ერთ მკვლევარი წერს. დევნილობამდე, , ეს ადამიანები იყვნენ აგრონომები, ექიმები, მასწავლებლები… – მათ ჰქონდათ პროფესია, მისწრაფებები და დევნილობაში კი დაკარგეს მათთვის ჩვეული სოციალური გარემო და ფუნქცია – სოციალური არსებები აღარ არიან, ყველანი იქცნენ ერთგვაროვან, მოწყვლად ჯგუფად, რომელსაც მხოლოდ საცხოვრებლის და შემწეობის საზრუნავი დარჩა თითქოს. არასოდეს მიუციათ დევნილებისთვის ტრიბუნა, არასოდეს ეკითხებოდნენ, შენ რა გინდა. დევნილები თითქოს მხოლოდ ტირან და კივიან, ითხოვენ სახლს და შემწეობას – მათი ეს აღქმა წლების განმავლობაში მეთოდურად მტკიცდებოდა. სასტუმო “ივერიაში” და სხვა დაწესებულებებში შესახლებული და კოლექტიურ დასახლებებში მცხოვრები დევნილები ზოგადად ლამის არაესთეტიურ და უცხო არსებებად იყო წარმოჩენილი. ხედავდა ვინმე მათში ექიმს, პედაგოგს, უბრალოდ ადამიანს, რომელიც თავის ფუძეში ოდესღაც ბედნიერი და სხვანაირი იყო, უხაროდა იქ ყოფნა და მერე უცბად დევნილობაში მისი ცხოვრება არაფრამდე, ნულამდე დავიდა?
ბევრია, ვინც დააღწია თავი ამ წრეს, მაგრამ სახელმწიფო ამაში არ დახმარებია. მეტიც, დევნილობის იარლიყიდან თავდაღწევაც მათზე ზევიდან ყურების მიზეზად იქცა. ასე აფასებენ, რომ დევნილებს ჩამოუყალიბდათ თვითგადარჩენის ინსტინქტი და გაცხარებულები ცდილობენ წარმატების მიღწევას. ეს დისკური კი ჩემთვის დევნილების მისამართით სიმბოლური ძალადობის გამოვლინებაა. როცა დევნილთა ჯგუფიდან გამოსული ადამიანი წარმატებას მიაღწევს და ამას აუცილებლად მიაწერ მისი გადარჩენისთვის გამხეცებულ ბრძოლას, დიდი შეურაცხოფა მგონია.
პარალელურად, საჭიროა ქართველი დევნილების, როგორც მსხვერპლის და არა როგორც მოძალადის წარმოჩენა. აფხაზებისათვის ბოდიშის მოხდის დისკურსში შემხვედრია ისეთი განზოგადებაც, რომელიც, თითქოს, გულისხმობს იმას, რომ ბოდიში მოსახდელი დევნილებსაც აქვთ. უნდა ვიყოთ ხოლმე სიტუაციის შესაბამისად პრინციპულები და განვასხვავოთ კონტექსტი. საომარ მოქმედებებში ჯარისკაცის დაღუპვა არის ძმათა მკვლელი ომის ტრაგედია. ამისგან განსხვავდება მშვიდობიანი მოსახლეებიის ეთნიკური ნიშნით ხოცვა, რაც აფხაზმა სამხედროებმა, ჩრდილო კაკასიელმა ბოევიკებმა მათმა მეთაურებმა გააკეთეს. ეს არის ემპირიული სიმართლე, ის არ უქმდება რაღაც კონიუნქტურის გამო
ცხადია, არ მსურს არავის მსხვერპლის გაუბრალოება. აფხაზების ტკივილი უნდა გვესმოდეს და არასოდეს მივემხრობი რომ მათი გამოცდილება უგულვებელვყოთ, მაგრამ ასევე ვერასოდეს მივემხრობი ქართველი დევნილების ხმის ჩახშობას. თუ რამის აქტივისტი ვიქნებოდი, სწორედ ამ საკითხის აქტივისტი ვიქნებოდი.
ყველაფერი გაზომვადია. ისტორიკოსი უნდა ისწრაფოდეს, პატიოსანი იყოს, პოლიტიკური მოტივაცია კი არ უნდა კარნახობდეს კვლევას, არამედ კვლევის პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს. მაქს ვებერი წერს, რომ შეიძლება საკვლევი თემა ავირჩიოთ იმიტომ, რომ აქტუალურია; რომ ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს თუნდაც თემის არჩევანს, მაგრამ თვითონ კვლევა უნდა იყოს ძალიან, კონკრეტული, მეთოდური და სკურპულოზური.
აგონისტური პრინციპი უნდა დამკვიდრდეს, როგორც მეცნიერებაში, ისე სამოქალაქო აქტივიზმშიც და პოლიტიკაშიც. აგონისტური პერსპექტივა კი ნიშნავს სამართლიანობის პრინციპის აღიარებასაც. საიდან მოდის ჰოლოკოსტის მერე გაჩენილი never again-ის პრინციპი – იქ კარგად გაირჩეოდა, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ მოძალადე. იმიტომ უსმენდნენ ჰოლოკოსტს გადარჩენილების ზეპირ ისტორიებს, რომ მტკიცებულებები სჭირდებოდათ. ამ საკითხს ჩვენც უნდა მივუდგეთ, როგორც იურისტები, ისტორიკოსი უნდა იყოს იურისტი, ისტორიული კვლევა გამოძიებაც არის, და არა უბრალოდ შეფასებითი დამოკიდებულება.
შერიგება იწყება სამართლიანობის აღდგენით და აქ უნდა ისმოდეს დევნილების ხმაც.
ჩემთვის ამ საკითხს ებმის მეორე სტერეოტიპიც, თითქოს, ქართული საზოგადოებისთვის აფხაზეთი პრიორიტეტული აღარაა. არასწორი მგონია. მეტიც, აფხაზეთის საკითხი ფუძემდებლურია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურობაში შეიძლება ეს არც ჩანდეს. როგორც მოქალაქეს ყოველდღიურად შეიძლება არც მახსენდებოდეს, მაგრამ როცა ამ საკითხს შეეხებიან, მიაჭერენ ღილაკივით, მერე უცბად გახდება პირველი სახის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არის საფუძველმდებარე საკითხი თითოეული ქართველისთვის, ასე ჩამოვყალიბდით, ასე ვართ. კითხვაც გქონდათ წარსულის აწმყოში შემოჭრაზე. ხანდახან წარსული მართლაც არ არის წარსული, ხანდახან ქრონოლოგიურად ვერ მივუდგებით პრობლემას. თუ პრობლემა გრძელდება, ის აწმყოს ნაწილია და აფხაზეთი, როგორც საკითხი, ნამდვილად გრძელდება – არ მოგვარებულა, არ გაგვიშვია წარსულში. ვერც გავუშვებთ იმიტომ, რომ როგორ უნდა გაუშვა დასავიწყებლად, როცა ის ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემაა?
თ.ბ.: მაგრამ (თითქმის რიტორიკულ ანდა კონცეპტუალურ კითხვას ვსვამ) საიდან შეიძლება დაახლოების დაწყება?
მ.თ.: მე აფხაზეთის ისტორიას ვხედავ, როგორც ქართული და აფხაზური ხალხების მუდმივი ურთიერთქმედების ისტორიას. ისტორიის არც ერთი ეტაპი არ მახსენდება, სადამდეც თვალი მიგვიწდება, სადამდეც წყარო არსებობს, რომ ამ ორ ხალხს შორის, არ ყოფილიყო კონტაქტი. ჩემი თვალთახედვით, გამოსავალი იწყება მხოლოდ კომპლექსური ანალიზით სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით. გამოსავალია ერთ მხარეს და მეორე მხარეს ძალიან მყარად ფესგადმული შეხედულებების დეკონსტრუქცია და მრავალპერსპექტიული კვლევა.
აფხაზეთის ბედი უნდა გადაწყდეს, რაც არ უნდა ძნელი იყოს, ქართველების და აფხაზების მონაწილეობით, იქ მოსახლე ქართველების და აფხაზების, ასევე დანარჩენი ქართული საზოგადოების, რადგან სახელმწიფო პრობლემაა. ესაა სწორედ აგონისტური მიდგომა. აქ კომპრომისები აუცილებელია. გვინდა თუ არ გვინდა, კონფლიქტური მხარეები ვართ და მოლაპარაკება ურთიერთდათმობებით თუ მოხდება. ერთი აფხაზი კოლეგა, რომელიც ლონდონში Chatham House-ში მუშაობს და ხანდახან საერთაშორისო კონფერენციებზე ვხვდები ხოლმე. იგი სულ გამოთქვამს უკმაყოფილებას აფხაზი ახალგაზრდების იზოლაციაზე. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ უნდა გვახსოვდეს და სულ ვახსენებ ხოლმე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გალელი ქართველების გამოკეტვას და მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას და ზოგადად პესპრექტივების დაბლოკვას. კარგი იქნება, დავფიქრდეთ ჩაკეტილობის მოხსნაზე, მაგრამ მათაც უნდა დათმონ თუნდაც ის, რომ გალელებს არ აუკრძალონ ზუგდიდში გადასვლა, აღარ ამოუქექონ ჩანთები, აღარ შეუწყონ ხელი მათ დახრჩობას ენგურის გადაცურვის დროს, რადგან ხშირად გადასავლელი გზები დაკეტილი აქვთ.
ამ თემაზე მე კი შეიძლება ინდივიდუალურად ვწერო, ჩვენ – ვისაუბროთ, მაგრამ ისტორია ასევე არის პროფესიონალური დარგი და აქვს თავისი ინფრასტრუქტურა. სად არიან ისტორიკოსები – არიან უნივერსიტეტებში, კვლევით დაწესებულებებში. ესენი კი სახელმწიფოს – ჩვენი სტრუქტურული რეალობის ნაწილია. ზოგან ისინი დემოკრატიულია, ზოგან – არა. რუსეთში და ბელორუსში, მაგალითად, ისტორიის ინსტიტუტი არ არის თავისუფალი, ჩვენთან ჯერჯერობით სულს ვღაფავთ, მაგრამ ხმა ისმის. აფხაზ ისტორიკოსს კი, მულტიპერსპექტიულ ხედვაზე რომც ეფიქრებოდეს, პირდაპირ ამოჰქოლავენ, არაფრით მისცემენ ამის ნებას. არადა, რადგან ორ მხარეზე ვლაპარაკობთ, იგივე უნდა მოხდეს აფხაზეთშიც, მაგრამ ვინ გააკეთებს ამას?
როცა ვთქვი, რომ სივრცე უნდა იყოს უზრუნელყოფილი ალტერნატიული მოსაზრების გასაჩენად, ეს სივრცე ან არ არსებობს, როგორც აფხაზეთში, ან საფრთხის წინაშეა, როგორც – ჩვენთან. როგორიც არის პოლიტიკური რეალობა, ისეთია “მეხსიერების რეჟიმი” და ისტორიოგაფიაც.
გირჩევთ
აფხაზეთის წითელი მარტი | ზურა წურწუმია
01.10.2025
მუჰაჯირობის პირველი ტალღა | ზურა წურწუმია
31.08.2025