გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გალი აფხაზეთი სოხუმი გადაპარვა დევნილები

გადაპარვა, მზის ჩასვლა

2021 წლის მაისია და ბათუმში ვარ, მეგობრებთან ერთად. იქიდან, სალაშქროდ, ზემო აჭარაში წავალთ რამდენიმე დღეში. ამ დროს გალიდან დამირეკა დედამ, შენი აფხაზეთის ბინადრობის მოწმობა მზად არისო. იმდენ ხანს ველოდი ამ საბუთს… 2017 წლიდან... გამოვუცხადე მეგობრებს, აღარ მოგვყვებით ლაშქრობაში-მეთქი. აფხაზეთში დაუყოვნებლივ წასვლა გადავწყვიტე – პირდაპირ ბათუმიდან, მეორე დღესვე.

იმ ღამით ბევრი დავლიეთ. ჩემმა მეგობრებმაც და მასპინძელი ოჯახის თითოეულმა წევრმაც  გზა დამილოცეს აფხაზეთისკენ. იცოდნენ, რომ უნდა გადავპარულიყავი. დილაადრიან ზღვაში ყველამ ერთად ვიცურეთ. წყალზე ვწვებოდი და წარმოვიდგენდი, რომ უკვე აფხაზეთში ვარ.

ნაჩქარევად გავიშრე თმა და ავტოსტოპით მანქანის გასაჩერებლად გზაზე გავედი. ჯერ ფოთამდე ჩავედი. ფოთში სხვა მანქანაში გადავჯექი. იქიდან უკვე სამეგრელოსკენ დავიძარით. შევამჩნიე, რომ საჭესთან მჯდომ მამაკაცს ცალი ფეხი არ ჰქონდა. გამეცნო.

- პოლკოვნიკი ირაკლი მ.
- სასიამოვნოა და მადლობა, რომ გამიჩერეთ.
- საით მიემგზავრები?
- აფხაზეთში.
- პაუზა.
- იქ დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ ჩავდივარ ხოლმე.
- დიდი პაუზა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვამბობ, რომ აფხაზეთიდან ვარ, გაოცებას და გაოგნებას ვერ მალავენ. ხანდახან ეს კომიკურად გამოიყურება. ფაქტის გააზრების შემდეგ, კითხვების კორიანტელი მოდის, შემდეგ – ისევ გაოცება და გაოგნება.

ჯერ ვერ გავბედე გამხელა, რომ გადაპარვას ვაპირებდი. ჩემი არაორდინალური თავგადასავლებისთვის სოფელ ხურჩამდე უნდა ჩავსულიყავი. ირაკლი კი, აღმოჩნდა, რომ პირველად მიდიოდა ხურჩის მეზობელ სოფელში. ჰოდა, ბოლომდე მიგიყვანო. გზად აფხაზეთის, ოსეთის და ერაყის ომებზე მიყვებოდა. მე კი ჩემს მეგობარს ვწერდი: „კარგი კაცია, მაგრამ სულ ომზე ლაპარაკობს. შენ უფრო გაგისწორდებოდა“.

ორი ჭიქა ყავის და ერთი შოთის პურის მერე ირაკლიმ მკითხა:

- და როგორ მიდიხარ გალში?
- უნდა გადავიპარო...

მკვეთრად დაამუხრუჭა. ლამის გადავვარდით.

- შენ იცი, რომ მე ფიცი მაქვს დადებული და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ვაღიარებ? რას ქვია, უნდა გადაიპარო?

ვერ იჯერებდა, რომ ასეთები ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან – ნუთუ ადამიანები მართლა იპარებიან საკუთარ სახლში მოსახვედრად? – გალის თანამედროვე ამბებიდან, მარტო ის იცოდა, რომ ქართულად არ გვასწავლიან სკოლაში. 

- ხო, აი ასე. უნდა გადავიპარო, სხვა გზა არ არის. მაშინ სახლში ვერ ჩავალ.
- არა, მე ამაში არ მივიღებ მონაწილეობას!

გავწითლდი. „გთხოვთ, გააჩერეთ მანქანა”, – ბოლოს ვუთხარი. ბოდიშიც მოვუხადე, მადლობაც გადავუხადე და დავემშვიდობე. მანქანა კი გააჩერა, მაგრამ არ გადამიშვა. ერთი წუთიო, მძიმედ სუნთქავდა. ბოდიში მომიხადა – მივხვდი, როგორც პატივშელახულმა სამხედრომ –ბოდიში, ამის გაკეთება რომ გიწევსო.

- კარგი. მიგიყვან საოკუპაციო ზოლამდე, მაგრამ დამპირდი, რომ არაფერი დაგემართება.
- რას ამბობთ, ბატონო ირაკლი! – გავხალისდი, – იცით, რამდენჯერ გადამიცურავს ენგური?! მაგრამ ახლა ცურვა არ მიწევს, მავთულხლართებზე უნდა გადავძვრე.

ვეცადე მეხუმრა,  მაგრამ არ გამოვიდა. ირაკლიმ მანქანა დაძრა. 

მერე გზად სულ მე ვლაპარაკობდი. ის კი ვერ მალავდა ბრაზს, რომ სახლში მისასვლელად გადაპარვა მიწევდა. შეიკურთხებდა, მერე მებოდიშებოდა, მე კი ვუხსნიდი, რომ არა უშავს; რომ სახლი მაინც მაქვს, ვიღაცებს სახლიც არ აქვთ. გამომხედავდა სიბრალულით და ამოიოხრავდა. სიტყვა „საზღვრის“ გამოყენება ამიკრძალა, დამარცვლით იმეორებდა – „სა ო კუ პა ცი ო ზო ლი!“ მე კი ჯიუტად ვეუბნებოდი: ბატონო ირაკლი, თქვენ რო მოგიწიოთ მავთულხლართებზე გადაძრომა ან მდინარის გადაცურვა სახლამდე მისასვლელად, საოკუპაციო ზოლს კი არა, დარწმუნებული ვარ, რკინის ფარდასაც შეარქმევდით-მეთქი. როგორც იქნა, გავაცინე.

მივედით ზედ ამ ზოლთან – სოფელ ხურჩის ხიდთან, სადაც ქართულმა სასაზღვრო პოლიციამ გაგვაჩერა.

პირველად ეს ხიდი ბავშვობაში ვნახე, ოღონდ, მაშინ გალიდან ზუგდიდში მივდიოდით მე, დედა, მამა და ბებია. მდინარიდან ზემოთ ავყურებდი ჟანგმოდებულ ხიდს. ჩვენი კრემისფერი ჟიგულით გადავკვეთეთ ენგური და გავეშურეთ ზუგდიდისკენ, დევნილთა ოცდაორლარიანი დახმარების ასაღებად. კარგად მახსოვს ის თავგადასავალი. მაშინ ბევრად უფრო სახალისო იყო, ვიდრე – ახლა.

- საით მიდიხართ? – მკითხა საგუშაგოზე პოლიციელმა.
- ხურჩაში (ვუღიმი).
- რა გინდათ ხურჩაში?
- ნათლიაჩემთან მივდივარ.
- რა ქვია ნათლიას?

“რა ქვია ნათლიას? რა ქვია ნათლიას? რა ქვია ნათლიას?”

რა შეიძლება, რომ ერქვას ნათლიას, რომელიც ხურჩაში ცხოვრობს?

წლების წინ, აი, იმ ერთ დღეს, როდესაც გალიდან ზუგდიდში კრემისფერი ჟიგულით გადავედით, უკანა გზაზე მე და ბებოს რატომღაც ლოდინი მოგვიხდა ხურჩაში და ზუსტად იგივე მონაკვეთი გავიარეთ, სადაც ახლა ვიდექით. სახლთან, რომლის წინაც მაშინ ჩამოვჯექით დასასვენებლად, ეხვაიების აღმოჩნდა. მერე შიგნითაც შეგვიპატიჟეს ყავაზე.

ჰოდა, ეხვაია შეიძლება იყოს ვითომ ხურჩაში მცხოვრები ნათლიაჩემი!

გაგვიშვეს. მე და ირაკლი ერთმანეთს ვუყურებდით, თმა ორივეს ყალყზე გვედგა. ირაკლის 1980-ანების შავი “გოლფი” ბღუილით დაიძრა ადგილიდან.

მანქანა სოფლის ცენტრში, ბირჟასთან გავაჩერეთ. ირაკლი ისევ ნერვიულობდა, მე ისევ ვაწყნარებდი.

სოფლის ცენტრში, პატარა, წითელ ჯიხურთან იდგა ნეკერჩხლის დიდი ხე, რომელსაც ორგანულად შეზრდოდა ხის ფიცარი – ჩამოსაჯდომად ზედგამოჭრილი. იქ ისხდნენ  შუა ხნის და მოხუცი კაცები და დომინოს თამაშობდნენ. ნაბაკევისკენ გზის ჩვენება ვთხოვე. ვიცოდი, რომ იქაურებმა ყველაფერი იციან: სად არის საუკეთესო “გადასაპარი” წერტილი; გადაპარვის ჯარიმას ნაღდი ანგარიშსწორებით იხდი ადგილზე, თუ სადმე სხვაგან; აკონტროლებენ თუ არა რუსები სასაზღვრო ზოლს იმ მომენტში; მაქვს თუ არა გაქცევის შანსი…

დომინოს მოთამაშე ბაბუებმა, ცალ ხელში სიგარეტით და ცალშიც დომინოს ქვით ერთდროულად მარცხნივ გაიშვირეს თითი და მავთულხლართებისკენ მიმანიშნეს. „მაგას რო გაივლი, ნაბაკევში ხარ“. ის რაღაც, რაც უნდა გამევლო, ინსტალაციას ჰგავდა: ბანანისა და პალმის ხეები, თითქოს, შინაურულ და კეთილ განწყობას მიქმნიდა, ხოლო მათ გარშემო შემოვლებული მავთულხლართები იწვევდა სრულ დისონანს. ეს ლამაზი ინსტალაცია იყო პორტალი აფხაზეთში.

- კარგით, რა, ბატონო ირაკლი. ნახეთ, რა მარტივია. პარკურით გადავალ მაგ მავთულხლართებზე.

ლამის ცრემლებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დიდხანს იდგა და მიყურებდა.

იცით, რა ლამაზი ამინდი იყო? სადღაც, შორს, ზღვისკენ წვიმდა. ცას, მუქ ნაცრისფერ ღრუბლებთან ერთად, ჩამავალი მზე ვარდის და ატმისფრად ანათებდა. ცისარტყელა კაშკაშებდა. თითქოს, რადიოაქტიური მწვანე ფერი დაჰკრავდა ყველაფერს. მე კი მავთულხლართებში მივძვრებოდი, ხანდახანაც ცას გავხედავდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: ილუზიაა, ნუ უყურებ, გააგრძელე. ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები ჭრილობით გამოვსულიყავი ინსტალაციიდან, თან ვფიქრობდი: ნუთუ, არ დაეზარათ ამდენი მავთულხლართის გაჭიმვა? ან რაზე ფიქრობდა ის ჯარისკაცი, როდესაც ვიღაცის დავალებას ისმენდა: “მიდი, ანდრეი, შენ ხურჩა და ნაბაკევის საზღვარზე ეკლიანი მავთულხლართი გაჭიმე!”

ნუთუ, გულში არ გჩხვლეტდა, როდესაც მიწაში ეკლიან რკინებს ასობდი?

ნეკერჩხლის ჩრდილში მოკალათებული  ბაბუები შორიდან მგულშემატკივრობდნენ. მკარნახობდნენ, საით გამეხვია და რას მოვრიდებოდი.

არაოკუპირებული ტერიტორიიდან ოკუპირებულამდე, ალბათ, 50-100 მეტრიღა მაშორებდა. ერთი-ორ უმნიშვნელო ნაკაწრსაც ავიკიდებდი და ჰოპ, გასული ვიყავი.

მაგრამ, ნაცვლად ამისა, ჰოპ და იმის წინ აღმოვჩნდი, ვისაც წლების განმავლობაში წარმატებით გავურბოდი. ისე გამოვიდა, ახლა ჩემი ნებით ჩავბარდი არც თუ ისე ნანატრ რუს ჯარისკაცს. გავხედე ირაკლის და ბაბუებს და ერთბაშად რამდენიმე მაღლა აწეული შუა თითი დავინახე, გინებაც ზედ მოაყოლეს. ეს დეტალები იმიტომაც მინდა იცოდეთ, რომ მიხვდეთ, რამდენად აბსურდულად პატარა მანძილი იყო ხურჩის ბირჟასა და ჩემი დაკავების ადგილს შორის.

„Ой, ой. Иди-ка сюда”, – მითხრა რუსმა ჯარისკაცმა და  გამოიშვირა ხელი.

ჩემით მოვდივარ, ხელი არ მომკიდოთ-მეთქი, ვუთხარი. მიმანიშნა, საით წავსულიყავი. პირადობის მოწმობა ჩამომართვა და მითხრა, რომ ჯარიმის გადახდის შემდეგ დამიბრუნებდნენ. წარბები შევკარი და დიდ ლოდზე ჩამოვჯექი შუა ხნის ქალებთან და კაცებთან ერთად, რომლებიც ჩემსავით გადმოიპარნენ, მაგრამ არა ზურგჩანთით, როგორც – მე, არამედ – გასაყიდი ლეიბებით, თეთრეულითა და დაბალწელიანი პარის ჰილტონის სტილში შეკერილი ჯინსის შარვლებით, რომლებსაც აუღელვებლად ათვალიერებდნენ. ალბათ, ლილოში ან თურქეთში შეიძინეს. ამხელა საქონელს ენგურის გამშვებ პუნქტზე ვერ გადმოიტანდნენ, ამიტომაც ხურჩით სცადეს ბედი.

საპირფარეშოში არავის გვიშვებდნენ. „А принять душ тоже хотите?” – გვეუბნებოდა ერთ-ერთი.

ნეტა ამათ ტვინში ჩამახედა-მეთქი, ვფიქრობდი, როდესაც ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი მომიახლოვდა, დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა. ფურცელს უნდა მოაწეროო ხელი, სადაც ვადასტურებ, რომ მე აფხაზეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ჩავედი.

ოპა! მომეცა საბაბი, რომ მთელს ხმაზე ვიყვირო და ასეც ვიქცევი. არც თვითონ დამაკლეს ყვირილი.

- А чё пересекаете-то нелегально? Оставайтесь у себя на родине.
- Эта и есть моя родина, но точно не твоя ! – ვუთხარი მე.

ქალები, მეგრული წყევლით რომ ამკობდნენ ჯარისკაცებს, გაოგნებას ვერ მალავდნენ.

ბოლოს ხაკისფერი “კამაზი” მოვიდა. ათამდე კაცი ერთად შეგვყარეს და გალისკენ გავეშურეთ. საშინლად წვიმდა. “კამაზს” ზემოდან ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული, მაგრამ მაინც გვასველებდა წვიმის შხეფები. მაისის ახლად შემოპარული სიმწვანისა და ამ წვიმის სუნი მსიამოვნებდა, მაგრამ თან ჩვენი დარაჯის ავტომატის ლულას ვაკვირდებოდი. ეს რუსი ჯარისკაცი, ზუსტად იქ იჯდა, სადაც ბრეზენტიდან მდინარესავით ჩამოდიოდა წვიმის წყალი. თავიდან ბოლომდე გაილუმპა, ავტომატზე ჩაბღაუჭებული, წელში გამართული, ერთ წერტილს მიშტერებოდა. დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა მისთვის, რომ თუ არ მოიწევა ჩვენკენ, გაცივდებოდა. ბოლოს გავბედე. „არ გაქვს ჩემთან ლაპარაკის უფლება”, – მიპასუხა. გავჩუმდი.

ამასობაში, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მე გალში ჩავედი. დედის და მამის შიში უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე იმის საფრთხე, რომ რუსი ჯარისკაცი დაგიჭერს!

მიმიყვანეს გალის ცენტრში, КПЗ-ში – წინასწარი დაკავების საკანი. რაც თავი მახსოვს, ამ ორსართულიან, შეთეთრებულ, ტიპურ საბჭოთა შენობაში არაფერი შეცვლილა. წლების წინ, როდესაც ბინადრობის მოწმობის ასაღებად ამავე შენობაში შევიტანე საბუთების დასტა, შენობის შესასვლელის კედელზე “Go Vegan” სტიკერი მივაკარი (არ ვარ  ვეგანი, უბრალოდ რაც ხელთ მქონდა, მივაკარი). ამ დასავლური პროპაგანდის ნაწილი ჩამოუხევიათ. Go არ დამხვდა, მაგრამ Vegan კი. გამეღიმა და გავეშურე მეორე სართულისკენ, სადაც „საზღვრის არალეგალურად კვეთისთვის” ჯარიმა უნდა გადამეხადა – 3000 რუბლი, რაც, დაახლოებით, 90 ლარია. „აქამდე უფასოდ მოვედი და ახლა გგონიათ, რომ მაგ ფულს მოგცემთ. ვერ მოგართვით!“ – ვფიქრობდი.

КПЗ-ში დამხვდა ცოტა ნასვამი მილიციონერი:

- Я на Донбассе воевал! – მეუბნება ცოტა ნიშნის მოგებით.
- Увы. Дайте мою пирадобу, – ვეუბნები მე.

სულ მთლად უფასოდ არა, მაგრამ 1000 რუბლი (30 ლარი) და ორი მსუყე ტყუილი დამიჯდა ჩემი პირადობის მოწმობა. ავიღე და გავეშურე სახლისკენ. ჯერ კიდევ დღის შუქზე ჩავედი გალში, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი ყველაფერს აჟამებდა.  ისევ წვიმდა. სულ მთლად გალუმპული ნელა მივდიოდი და ორი წლის უნახავ ჩემს ქალაქს ვაკვირდებოდი.

არაფერი შეცვლილა. აქ არასდროს არაფერი იცვლება. ევკალიპტის გრილი სუნი იდგა.

ამ ქალაქმა 30-წლიანი იზოლაციის მერე, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს, კიდევ უფრო შემბოჭავი იზოლაცია განიცადა როგორც აფხაზური, ასევე, ქართული მხრიდან. ქართველების მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გზად იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადარჩა პანდემიის დროს აქ ხალხი: გაუმართავი ჯანდაცვისა და მინიმალური ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე.

როგორ გადარჩა ხალხი?

КПЗ-დან სახლამდე 15-წუთიანი გზა ამ ფიქრებმა გაწელა. ქალაქის ადმინისტრაციის შენობას ჩავუარე, რომლის გვერდითაც შადრევანი დგას. არასდროს ჩამივლია ამ შადრევანთან ისე – ერთი ყლუპი წყალი ყოველ ჯერზე უნდა დამელია. ახლაც დავლიე. გალის ეს ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი, ცოცხალი, ტაქსების და მარშრუტკების გაჩერების ადგილი უკაცრიელი იყო. მხოლოდ ერთი ტაქსი, თეთრი ჟიგული იდგა.

ამინდის ბრალია ვითომ?

გზად გამვლელს ტელეფონი ვთხოვე და დედას დავურეკე. სიხარულისგან და შიშისგან გაგიჟდა. მამას არ უთხრა, რომ ჩამოვედი-მეთქი. მამა, თურმე, სუფრაზე იყო, როცა გაიგო, რომ გადმოვიპარე. ორივე ერთად გამოიქცნენ ჩემს დასახვედრად.

სახლთან უკნიდან ვიღაცამ “Russo turisto” მომაძახა. მამა იყო. დიდი ჩანთით თუ დაინახავდა ვინმეს, “Russo turisto”-ს ეძახდა – ერთხანს ძალიან პოპულარულ ფრაზას საბჭოთა რუსული ფილმიდან “ბრილიანტის ხელი”. დედა და მამა ძალიან შეშინებულები იყვნენ, მე ვაწყნარებდი, რომ ათთავიანი დევი დავამარცხე – რუს ჯარისკაცს “უსამართლო” ვუწოდე; გამოვუცხადე, რომ ეს ჩემი სამშობლოა და არა მისი. მამაჩემი ხუმრობდა, როგორ დაიძინებს ეგ რუსი ჯარისკაცი ამაღამ, ასე რომ ატკინე გულიო?!

მე და მამამ სახლში მერე კამათელიც გავაგორეთ.

მეორე, მზიან დილას, ჩემი საბუთის ასაღებად წავედით.

დავხედე და გამახსენდა, რომ ჩემი ბინადრობის მოწმობის ფოტოზე 12 კილოთი მეტი ვარ, მაგრამ თვალები მაქვს დღევანდელზე იმედიანი.

იმ დღეს ბევრი ვისეირნეთ მე და დედამ, მერე მარტომ ვიარე. ვერ ვიგებდი, სად ვარ, ან რატომაა ეს ადგილი ასეთი მოღუშული. პირველად ვიგრძენი გაუცხოვება სახლის მიმართ და ამის აღიარება მიჭირდა. ამიტომ ყველაზე საყვარელ ადგილებს მივაშურე – მუსიკალურ სკოლას, ჩემი მუსიკის მასწავლებლის და დედაჩემის ბავშვობის სახლს.

მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, როცა „კარგი“ დრო დადგება, რა მშვენიერი ქალაქი გახდება გალი. მწვანე, ბევრი პარკითა და ტყით, რომელიც ქალაქის შუაგულში ამაღლებულ ადგილასაა და იქ არავინ დადის. ომამდე ამ ტყე-პარკში გალის ერთადერთი სასტუმრო იდგა. ომის შემდეგ, ტყესაც და სასტუმროსაც მხოლოდ ძაღლები, ძროხები და ღორები სტუმრობენ, ან ვიღაც კაცები, უცნაური საქმეებისთვის. ამ ტყეში უზარმაზარი მარადმწვანე წიწვოვანი ხეები, მაგნოლია და ევკალიპტები იზრდება, ერთ-ერთ ფერდობზე სულ ციტრუსის ხეებია გაშენებული. ჩემს ბავშვობაში (ახლაც) ამ ტყეს იმდენად არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა, რომ კლასელებმა შატალოზე მხოლოდ ერთხელ გავბედეთ იქ წასვლა.

თუმცა, მომავლის გალში, ეს ტყე გახდება გალის ცენტრალური პარკი. იქ დაირგვება იშვიათი და არც თუ ისე იშვიათი ხის ჯიშები.  უზარმაზარ ხეებს, დღეს ასე ეულად რომ არიან წამოჭიმულნი, ყველა პირობას შევუქმნით, რომ უსაფრთხო და ბედნიერი სიბერე ჰქონდეთ. იმ კიბეებსაც, ამ ტყისკენ რომ მივყავართ, მოვაპირკეთებთ და ნატყვიარებს ლამაზი თვლებით ამოვავსებთ.

როცა „კარგი“ დრო დადგება, გალი გახდება აფხაზეთის კულტურის ცენტრი, სადაც ღია ცის ქვეშ სკეიტერების შეჯიბრებებს, ღვინის ფესტივალებს, კინოჩვენებებსა და მუსიკალურ ღონისძიებებს მოვაწყობთ, რომელთა ბილეთები ორი და სამი თვით ადრე გაიყიდება. ამ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოვლენ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ამერიკიდანაც კი მოგვწერენ წერილებს:

„მოგესალმებით. ჩვენი ქვეყნის კინოცენტრიდან მთელ კოლექტივს გვინდა დასწრება „გალის დოკუმენტური და მხატვრული ფილმების  ფესტივალზე“. შეგიძლიათ ამ ღონისძიების ბილეთებზე მცირე ფასდაკლება გაგვიკეთოთ? გმადლობთ“.

ჩვენ კი ვუპასუხებთ: „მოგესალმებით. რა თქმა უნდა. ფასდაკლება კი არა, აჰა, თქვენ უფასო ბილეთები! კინო ყველას!“

ერთ კვირაში წამოვედი თბილისში. ენგურის გამშვებ პუნქტზე, პასპორტის კონტროლის ჯიხურში ჩემი ახალთახალი ბინადრობის მოწმობა გავუწოდე, რომელიც  საშუალებას მაძლევს, რომ ეს საზღვარი თუ საოკუპაციო ზოლი გადავკვეთო. ჯიხურის ფანჯარაში სარკეა ჩასმული, ამიტომ გარედან მხოლოდ საკუთარი თავის ანარეკლს ხედავ, ვინც საბუთს ამოწმებს, მას – ვერა. ამიტომ, ვინც სახლში ვერ მოასწრო სარკეში ჩახედვა, გამშვებ პუნქტზე ლოდინისას ეძლევა 1-2 წუთი, საკუთარი სახე საფუძვლიანად დაითვალიეროს.

ნიტა გოგრიჭიანის ილუსტრაცია

საბუთის ინკოგნიტო შემმოწმებელთან ჩვეული დიალოგი შედგა:

- რა პროფესიის ბრძანდებით?
- მზარეული.
- აბა, ორი წლის წინ რეჟისორი არ იყავით?

მიცნო, ჯანდაბა. ორი წელი გავიდა და მაინც აქ მუშაობს?

- დიდი დროა ორი წელი. ორ წელში ბევრი რამ შეიცვალა.
- მეორე ჩამოსვლაზე რა პროფესიის იქნებით ნეტა?
- მოვიფიქრებ.

საბუთი გამომიწოდა. ვიცოდი, იმ მომენტიდან აღარ მომიწევდა პალმებიანი და მავთულხლართებიანი პორტალის გავლა ხურჩიდან ნაბაკევში ჩემს სახლში მოსახვედრად. ეს ჩემი ბოლო “გადაპარვა” იყო.

რა თქმა უნდა, მჯერა, რომ არც ერთ ნაკაწრად, აჩქარებულ გულად, შემოპარულ ჭაღარად არ უნდა გვიჯდებოდეს სახლში მოხვედრა. ვინც ეს მოიგონა, სამსახურიდანაა დასათხოვნი, არა?!

ჰოდა, ახლა, როცა აფხაზეთიდან მოვდივარ ხოლმე და ენგურის ხიდს დავადგები, გავიხედავ უკან, აფხაზეთის მხარეს და ვფიქრობ, რომ ერთ დღეს, აი, ის ყველაფერი, რასაც საზღვარი, დე-ფაქტო, ფაქტო, დე-იურე, დე დე დე ჰქვია, წარსულს ჩაჰბარდება. ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ყოველივე „ჩვენ“ და „ისინი“-ს საკუთარ თავებთან დაშორებას ჰგავს. ამას რომ გავიაზრებთ, ნელ-ნელა ჩვენს თავებს დავუბრუნდებით, რაც თავისუფლების დაბრუნებას ნიშნავს.

*

მანამ, სანამ აჭარიდან აფხაზეთში წავიდოდი სამოგზაუროდ, თვეებით ადრე, მე და ჩემი მეგობარი დოკუმენტური ფილმის კვლევაზე ვმუშაობდით. ჩვენი კვლევის ფოკუს ჯგუფი აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და კვლევის ობიექტი კი – მათი საცხოვრებელი ადგილი.

მე და ჩემი კოლეგა, გარდაბანთან ახლოს, ერთ-ერთ ასეთ დასახლებაში – “პობედაში” მოვხვდით. “პობედა” ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი იყო, სადაც საქართველოში ოდესმე ვყოფილვარ. დავიწყეთ აქეთ-იქით ხეტიალი, თან წყალი გამოგველია და ადგილობრივებისთვის თხოვნა გადავწყვიტეთ.

გაშლილ მდელოზე, ხის ჩრდილში ერთი კაცი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ერთს ჩაამთავრებდა, მეორეს უკიდებდა. მის გვერდით კი ძროხები გაშოტილიყვნენ, ზარმაცად იქნევდნენ კუდს ცხელ ჰაერში ბუზების მოსაგერიებლად. სწორედ ამ კაცმა თვითონ შემოგვთავაზა წყალი. პირველივე სიტყვებზე, მის ინტონაციაზევე, მივხვდი, რომ აფხაზეთიდან იყო.

საუბარი მეგრულად გავაგრძელეთ. ისე, თითქოს, დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ერთმანეთის დევნილობის გზაც კარგად გვესმოდა.

იმ დღიდან მოყოლებული, მე და ჩემმა მეგობარმა კიდევ სამი თვის განმავლობაში ვიარეთ “პობედაში” ჩვენი საყვარელი კალანდიების სამწევრიანი ოჯახის სანახავად. ჩვენ აფხაზეთმა დაგვაკავშირა. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას, მოხუცი მამა და 10 წლის შვილი ჩვენი მუდმივი თანამგზავრები გახდნენ. თამაზი ბევრს არ ლაპარაკობდა, ამითაც მიიზიდა ჩვენი ყურადღება. თუმცა გვარიანად ვილაპარაკეთ სახლზე და ხანდახან მეც მისვამდა კითხვებს.

- შენთვის რა არის სახლი?
- აი, ახლა ვიწყებ გარკვევას. თითქოს, დავკარგე ჩემს სახლთან კავშირი. ალბათ, ჯობია, არ გქონდეს არაფერთან კავშირი და თავისუფალი იყო, არა?

გულიანად გადაიხარხარა, ირგვლივ მიმოიხედა და მითხრა:

- შენი აზრით, ეს არის თავისუფლება?

მეც მიმოვიხედე და გავჩუმდი.

- არ ჯობია შენი, ახალი სახლი ააშენო და ასე იყო თავისუფალი?

______________________________

რამდენიმე განმარტება:

“პობედა” გარდაბნიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს. ამ დასახლების მიდამოებში ეთნიკურად აზერბაიჯანელები, აფხაზეთიდან დევნილები, სვანი ეკომიგრანტები და სამხრეთ აფრიკელი მიწათმოქმედი ბურებიც კი ცხოვრობენ. კონკრეტულად დევნილთა იმ დასახლებას, „პობედა“, რუსულად გამარჯვება, რატომ ჰქვია, არ ვიცით. ღია წყაროებში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც განმარტავდა: „ამ ბაზას “პობედა” ეწოდა „X“ მიზეზის გამო“. მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს რადიო-ქალაქი და მისი თანამშრომლებისთვის დასახლება 1943 წელს გაშენდა. სსრკ-ს დაშლის და აფხაზეთის ომის მერე კი იქაურობა აფხაზეთიდან დევნილებმა დაიკავეს.

“პობედაში” არ არის სასმელი წყალი და იქაურებს გარდაბნიდან უწევთ წყლის ზიდვა. ზოგან კარ-ფანჯარა და სახურავიც არ აქვთ, ზოგიერთ მოსახლეს არც შუქი აქვს და არც ონკანის წყალი – დევნილობიდან 30 წლის შემდეგ.

ამ ადგილს კვირაში მხოლოდ  ერთხელ მიეწოდებოდა ტექნიკური (დასალევად უვარგისი) წყალი. ადგილობრივები (დაახლოებით 10 ოჯახი) ამ წყალს იმარაგებდნენ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2017 წელს დაიწყო აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა, მას შემდეგ, რაც გალის რაიონის — ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებული ტერიტორიის — მოსახლეობა ოთხწლიანი სამართლებრივი გაურკვევლობის პირობებში იმყოფებოდა.

დღეს ნებართვები გაიცემა „უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე“, მოქმედებს ხუთი წლის ვადით და ექვემდებარება განახლებას. დოკუმენტი მის მფლობელებს აძლევს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, რეგიონში ცხოვრების და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის (ABL) გადაკვეთის უფლებას, თუმცა სრულ პოლიტიკურ უფლებებს არ ანიჭებს. სოხუმში გამომავალი გაზეთის, „ნუჟნაიას“ ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვა ასევე ანიჭებს ადამიანს აფხაზეთში ქონების გაყიდვისა და მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას, თუმცა მის მფლობელს არ ანიჭებს ქონების შეძენის უფლებას. დოკუმენტი მიზანმიმართულად განკუთვნილია გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის — აფხაზეთის ერთადერთი ნაწილისთვის, სადაც ქართველი მოსახლეობა კვლავ რჩება არაერთი ეთნიკური განდევნის ტალღის შემდეგ.

ბინადრობის ნებართვის გაცემაზე მოქმედებს ასეთი შეზღუდვა: რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ 1999 წლიდან აფხაზეთში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ცხოვრობენ.

ამდენწლიან ლოდინს რამდენიმე მიზეზი აქვს:

ინსტიტუტების არ არსებობა ან გაუმართაობა: მიუხედავად იმისა, რომ გალისა თუ გალის რაიონის მოსახლეებს შესაბამის უწყებაში შეაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი ბინადრობის მოწმობის ასაღებად, საბუთის გაცემის პროცესი დროში იწელება და 99 პროცენტის შემთხვევაში კორუფციისა და ნეპოტიზმის გავლით კეთდება. ეს პროცესი შეიძლება რამოდენიმე თვეს, ან რამდენიმე წელსაც გაიწელოს.

მეორე და ძირითადი მიზეზი ამ აბლაბუდისა ის არის რომ, ადგილობრივი მთავრობისა და რუსული პოლიტიკის საერთო ინტერესია, ეთნიკურ ქართველებს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ – იდენტობის დამადასტურებელი საბუთის არქონა, ამ პოლიტიკის ქვაკუთხედის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ხშირ შემთვევაში საბუთების არქონა ხალხს აიძულებს, რომ სახიფათო, არალეგალური გზებით გადაკვეთონ მდინარე ენგური, რათა სამეგრელოში მოხვდნენ, ან კიდევ მთებიდან ცდილობენ ზემო სამეგრელოში მოხვედრას.

მეც, 7 წლის განმავლობაში, ხან მდინარით, ხან სახმელეთო გზით, ხან მთიდან და ხან კიდევ საიდან აღარ მიწევდა სასაზღვრო ზოლის კვეთა. ამბავი, რომელიც გაგიზიარეთ, იმედია, მართლა დარჩება ჩემს ბოლო “გადაპარვის” ისტორიად.

წლების განმავლობაში, არაერთი სიცოცხლე შეეწირა ამ გზით გადასვლას.

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვები, თუ რატომ რჩებიან გალელები აქ, ან რატომ ვერ იღებენ დე ფაქტო აფხაზეთის პასპორტს.

პირველ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს წასვლის ალტერნატიული გზები არ აქვთ.

ხოლო პასუხი მეორე კითხვაზე ის არის, რომ აფხაზურ პასპორტს ქართველებზე ასე მარტივად არ გასცემენ, და რომც გასცენ, ამდენი ხნის განმავლობაში შეძლეს ქართველებმა, მრავალი სირთულის მიუხედავად შეენარჩუნებინათ ქართული იდენტობა. ალბათ, ამ იდენტობასთან მჭიდრო კავშირია ის, რის გამოც ამდენი ხანია, არ მოდიან აფხაზეთიდან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა