გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მდინარე ენგური

ენგურს აქეთ და იქით | მარიამი გალიდან

ენგურს აქეთ ორსანტიაა და ოტობაიაა იქით. 

შარშან პირველად გადავიპარე მდინარით, მარტო.

მდინარე მთლიანად მავთულხლართებშია. მთელი საზღვარი. ბაზებიც ჩადგეს. კამერებით. სულ აკვირდებიან. თუ ვინმე მდინარესთან ახლოს ჩაივლის, ესე იგი ათვალიერებს - ვიღაცის გადმოპარვას ელოდება. მაგათზე ფულია, დაიჭერენ და გადაახდევინებენ. 

შარშან უკვე დიდი ვიყავი და ვიაზრებდი, რაზეც მივდივარ. იქამდე ვერ ვხვდებოდი, რო რაღაც საგიჟეთში ვიყავი.

დედაჩემი საზღვრით გადავიდა, ჩემი სამი პატარა გადაჰყავდა და ასე ჯობდა. ფულს თუ მისცემ, გიშვებენ. თითქმის ყოველთვის.

მე კიდე, ორსანტიაში, მდინარის ნაპირთან მიმაცილეს და დამარიგეს: მარცხნივ არ წახვიდე, მარჯვნივ წადიო, თან თხილნარზე გეჭიროს თვალი, შესამოწმებლად არავინ მოდიოდესო.

ჩანს იქით ყველაფერი.

მდინარეშიც ცოტა საშიშია. ხან სად არის ღრმა და ხან სად. 

თითქოს, ისე ვიარე, როგორც მითხრეს, მაგრამ მაინც მორევში აღმოვჩნდი. 

სადაც მთავრდებოდა მიწა, წყალი იქ იყო დახვეული და კინაღამ ჩავყევი. ნაპირზე ავედი თუ არა, ჭინჭრებზე გადავიარე. მიწა სველი, ფეხსაცმელი ცურავდა. ჭინჭრის ტანს ვეჭიდებოდი და იმ სველ აღმართზე ისე მივღოღავდი. სულ დავსუსხულვარ, მერე ვიგრძენი. ყველაფერი დაწითლებული მქონდა – ბარძაყები, მუხლები. აღმართის მერე თხილნარია პატარა, გავირბინე თუ არა, იქვე დამხვდა დედაჩემის მამიდაშვილი. შემარბებინა პირველივე სახლში. შემიშვა და მომიხურა აბაზანის კარი. შედიო ეხლავე და გამოიცვალე. მარტო დავრჩი თუ არა, გარედან კამაზის ხმა მომესმა. ესე იგი, რუსებმა ჩაიარეს. ათი წამით ადრე რო ჩამოევლოთ, თავზე წამომადგებოდნენ და დამიჭერდნენ.

კორონას დროს, გადასვლა-გადმოსვლა აკრძალეს. საბუთებსაც არ ამზადებდნენ. ვისაც პასპორტი ჰქონდა, მათაც უჭირდათ სიარული. თან საბუთით მარტო ათი დღით გიშვებენ, ან ერთი თვით. მე კიდე მთელი ზაფხული მინდოდა დარჩენა. ამიტომ მიღირდა, გამერისკა. 

საერთოდ ეგრეა – ენგურს რო დავინახავ, ვიცი რო, მანდ კი არ იწყება თავგადასავალი, მანდ მთავრდება თითქოს საფრთხე. სულ რო დამიჭირონ, მაინც. თუ დაჭერაა, ერთი დღით დამიჭერდნენ. გადავიხდიდით და გამომიშვებდნენ. ამიტომ გვიღირს. 

მდინარე რომ გამოჩნდება, ვიცი, რო იქვე დგას სახლი. ჩვენი სახლიდან ჯერ თხილნარია და მერეა წყალი. ზუსტად ჩვენს უკან ჩამოდის. მაგიტო მესმის დედაჩემის – ვერ ჩერდებოდა აქეთ. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მესმის. 

ადრე აქეთ იდგნენ ქართველები, რომლებიც ძალიან ბევრს დაგვცინოდნენ რატომღაც. ცუდად მახსოვს მაგათი ბაზა. ცინიკურად გველაპარაკებოდნენ. იქით იყვნენ რუსები. რაღაც მწვანე კარავივით ჰქონდათ გაშლილი და სამი-ოთხი ბიჭი იდგა ხოლმე. თუ  აფხაზები იდგნენ, ვიცოდით, მაგათთან შანსი არ გვქონდა. როცა რუსები იყვნენ, ბიძაჩემი გვეტყოდა, წამოდითო. 

ადრე ხიდითაც ვიპარებოდით ხოლმე – ფოტოებიც მაქვს გადაღებული.

ეს ძველი ხიდი ჩატეხილი იყო და დაბლა გვიწევდა რკინის საფეხბურებით ჩაბობღება. განიერი და მდორეა მდინარე მანდ. ღრმაც არი. ძალიან მეშინოდა. გადავიდოდით და რუსებს ვთხოვდით, სახლში მივდივართ და გაგვიშვითო. მერე ისინი გვეტყოდნენ, მოდი, აბა, რამე ლექსი გვითხარიო. და მეც ვეტყოდი, იმათაც უხაროდათ, ცოტას იცინებდნენ და მერე გვიშვებდნენ. 

ბიძაჩემი შეიძლება მაშინაც აძლევდა ფულს, არ ვიცი. თვითონ იქით გველოდებოდა ხოლმე. მერე ნელ-ნელა გართულდა.

ეგ ყველამ იცის თავიდანვე – რო ბარდები საზღვარზე, უკანა გზაზე გადმოპარვა გიწევს. და გისაფრდებიან, რო ამ დროს დაგიჭირონ და კიდე ფული წაგართვან. ყველაფერში მოგებას ნახულობენ. 

ღრმა წყალში იყო ხოლმე მომსახურება ნავით. გასაბერი ნავები ჰქონდათ. ხალხი მაგითიც ფულს აკეთებდა, მოდით, მოდით, მალე ჩასხედით, არ ილაპარაკოთო და რა აზრი ჰქონდა. ნავით რო მიდიხარ მდინარეზე, გინდ ილაპარაკე, გინდ არა, თუ დაგინახეს, ვსო.

შარშან, უკანა გზაზე, დედაჩემთან და ჩემ დებთან ერთად მდინარით რომ მოვდიოდით, კიდევ ათი ადამიანი გამოგვაყოლეს – შენ გზა უკვე იცი და ესენიც გადაიყვანეო. ასე შემრჩა ხელში ცხოვრებაში რო არ მინახავს, ისეთი ხალხი. თან ლაპარაკობენ მეგრულად და სწრაფად. და ყველა ფორიაქობს, ეშინია და მე მკითხებიან, ახლა საით, ახლა საით. 

საერთოდ, მდინარით გადასვლისას, რაც უფრო ბევრი ხალხია, უფრო მეტია შარი. 

სამი ბავშვი მოგვყავს. და ვეუბნები, აქ არ ჩახვიდეთ, მორევია, აქეთ წამოდით და ვანიშნებ და ვუყურებ დედაჩემს, რო ფერი აღარ ადევს საერთოდ. 

მდინარე ალბათ მუხლამდე იყო მაშინ. ეგეთ ადგილებს ვარჩევთ, საშიშროება რომ არ იყოს, რო დაიხრჩო წყალში. ეს ბავშვები უფროსებს გადავუნაწილე, ვინც უკვე წყალში იყო და გადიოდნენ – იქ დამისვით, თუ შეიძლება და მერე მოვალ, სხვებიც უნდა გადმოვიყვანო. როგორც კი გადავიყვანე ნაპირზე და შევედით თხილნარში, მაგ დროს  დავკარგე ძალა – ფეხები მომეკვეთა თითქოს, მუხლებში მაკანკალებდა და ვეღარ ვხედავდი. მივედით დედაჩემის ბიცოლასთან და დავსხედით, სული მოვითქვით. ბავშვები დარბოდნენ და თამაშობდნენ. და რო გავიაზრეთ, რო აღარაფერი გვემუქრებოდა, უკეთ გავხდით. 

ორსანტიიდან – ზუგდიდამდე მანქანით. 

ეგ შოკი, რასაც მდინარეში გაივლი, მოგყვება თბილისამდე. ცოტახანს გაკანკალებს მთელ ტანში. 

წელს ვეღარ გავრისკე. მდინარით აღარ გადავედი. არც – მაშინ, ბაბუა რო გარდაიცვალა და დედაჩემის ექვსივე დედმამიშვილი ერთად რო შეიკრიბა. 

...

ცხრა-ათი წლის ვიყავი, მდინარის მთელ ნაპირზე ეკლიანი მავთულხლართების გაბმა როცა დაიწყეს. ჩვენც, სადაც თავისუფალი იყო, იქიდან ვიპარებოდით. ხან ზურგზე მომიკიდებდნენ, ხან კისერზე შემისვამდნენ, ბარგი – ხელში – ზემოთ აწეული. ან როცა პატარა ვიყავი, ბარგიც ხელით მიჰქონდათ და მეც კისერზე ვეჯექი. მეფერებოდნენ, მიმიხაროდა. ჩემს ბიძაშვილებთან მივდიოდი. ვიცოდი, ჩემი ყველაზე კარგი დღეები იქით იყო. 

მე და ჩემი ბიძაშვილები დავყავდით ბიძაჩემს მდინარეზე და ვჭყუმპალაობდით, ცურვას ვსწავლობდით, ვთევზაობდით. ყველაზე კარგი დღეები იყო მაშინ. 

ერთხელ, მდინარიდან ჩემხელა თევზი ამოიყვანა ბიძაჩემმა. ისე გვიხაროდა. სამმა  ბავშვმა ერთად ძლივს მოვათრიეთ სახლში. 

მე რო ჩავდიოდი, იყო თხილის სეზონი, ეგ ნიშნავს, რო მთელი ოჯახი შედიოდა თხილში. მაქსიმუმ, ცივი წყალი წაიღო თან – გაყინული. შევდიოდით ტომრებით და კალათებით, ბევრს რო ვაგროვებდით, ცხენით და ურმით გამოგვქონდა. 

მოსაღამოვებულზე ეზოში ვსხდებოდით და ვარჩევდით. 

დიდი რეზინის კომბინიზონივით ფეხსაცმელები აქვს ყველას ენგურის ნაპირზე, სოფლებში. 

ჯარისკაცის ფერებში კომბინიზონი. 

ენგური კარგი მდინარეა. თუ ზედმეტი არ გაუბედე, თვითონ არ შეგაშინებს. ჩვენთან, ოტობაიაში, ისეთი ადგილებია, კარგადაც გაცურავ, არც დინება აქვს და ნაპირიც აქვს ყველგან. ლამაზია. წყნარი. 

16-17 წლის ვიყავი, აქეთა შავი ზღვის ნაპირები როცა ვნახე და შოკი მქონდა – ამდენი ხალხი იყო ნაპირზეც და წყალშიც და არ ჰქონდათ თავისი სივრცე. მე კიდე, მდინარეზე როცა დავდიოდი, ვიყავით მარტო ჩვენ და ირგვლივ, მთელი გარემო, სულ თავისუფალი. ასე იყო ზღვაზეც. სოფლებია ჩვენთან, ფიჩორი და გაგიდა, სადაც ადგილობრივები გადიან ზღვაზე და არაფერია იქ, ხეებია მარტო და ნაპირზე სულ ნიჟარები, ნიჟარები. ჩემთვის ეგ არის ზღვა. სიჩუმე გესმის. შორს ნუ გადიხართ, დაგვიძახებდა ხოლმე მაინც ბიცოლაჩემი და რა აზრი ქონდა, აბა – თუ არ გავიდოდით, მუხლამდე გვქონდა წყალი. 

ტალღებიანი იყო ზღვა. და ლამის მზესთან უნდა მივსულიყავით, რომ ჩაღრმავებულიყო.

თოლიები დაფრინავდნენ. 

სულ დაფრინავდნენ თოლიები. 

ერთი ქალი ცხოვრობდა მდინარის პირას. შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. სოფელში ყველა დიდი მოწიწებით ეპყრობოდა. 

ენგურზე მარტო მოდიოდა ხოლმე, კოჭამდე, მაჯებამდე შავებში ჩაცმული და უხმოდ შევიდოდა მდინარეში.

დაწვებოდა წყალზე და ტივტივებდა. დაცურავდა მაგის შავი კაბაც. სანამ ჩვენ შევჭამდით, ჩავიდოდით და ამოვიდოდით, ვიჭყუმპალავებდით, იწვა ქალი ენგურზე და დაყვებოდა წყალს აქეთ-იქით. ხელს და ფეხს ერთხელაც არ აამოძრავებდა, მარტო ცაში იყურებოდა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა