გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

ჩაის ბუჩქები | ზურიკო კვარაცხელია, ოჩამჩირიდან

ზურიკო კვარაცხელია,64 წლის, ოჩამჩირიდან, ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში.

ზღვის პირას ორას მეტროში მქონდა ორსართულიანი ვებერთელა სახლი. ოჩამჩრედან ვარ.  იქ დავიბადე, გავიზარდე, მშობლებიც იქ ცხოვრობდნენ, ყველა იქ ვცხოვრობდით. მარშუტნი ტაქსი მყავდა. ოფიციალურად რეისი მქონდა ატეკაში: ოჩამჩირე-სოხუმი. 45 წუთიც არ მინდოდა გზაში. მივიდოდი სადგურში და რაას! სავსე იყო მანქანა. სტუდენტი გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები, გართობა უნდოდათ, მუსიკა და დამინახავდნენ თუ არა ახალი მანქანით, წამში ვივსებოდი. 

33 წლის ვიყავი, რო გადმოვედი იქიდან.

იქ გარჩევა არ იყო, ყველა ძმურად ვიყავით. ახალი წელი იყო თუ სხვა პრაზდნიკი, სუ ვქეიფობდით, ერთმანეთის სახლში დავდიოდით, იქით-აქით. თავიდან სამეზობლოში არაფერი იგრძნობოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის ამბავი რო დაიწყო, აი, მაშინ წამოვიდა რაღაც ხმები,  უნდოდათ უკვე მაგნებს რუსეთის მხარეზე ყოფნა. იფიქრეს, რუსები აგვაშენებენ და იქნება კაი ცხოვრებაო. მარა 30 წელიწადი დამთავრდა და სამინისტროს შენობას ტყვიები რო მოხვდა იქანა, ისევ ისეა. 

ძმები ვიყავით-ამას ვლაპარაკობდით ერთმანეთში, ვიცოდით, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მარა, როცა საქმე-საქმეზე მივიდა და სოფლებში ხიპიშები დაიწყო, გადავიდნენ მაგენი იქით მხარეზე და გარჩევა აღარ იყო ძმაკაცობის. ტყვარჩელი იყო, ჭოლოუ, გუფი, ბესალხუბა, ავკასკა  ძირითადად აფხაზები ცხოვრობდნენ. 1989 წლის შეტაკებაზე ღალიძგის აქეთ ნაპირზე ქართველები იდგნენ, იქით - აფხაზები, ზოგი თოფით, ბარები და თოხებიც ქონდათ, მარა აფხაზებს მოყვა რუსი.  მეც ვიდექი იქ. მერე იკაროსი ჩამოდგა. ცენტრში გააჩერეს, ცენტრიდან ღალიძგამდე დიდი მანძილი არაა, ორი კილომეტრიც არ იქნება. სამი გენერალი ჩამოვიდა, პალკოვნიკები, პადპალკოვინიკები, მაიორები, სავსე იყო ეს ავტობუსი. მე ვინ მეტყოდა, რა ხდებოდა იქანე. ჩაერივნენ რუსები და მიწყნარდა მერე. მსხვერპლიც იყო, ბენზავოზით დაიწვა ქართველიცა და აფხაზიც.  ამის მერე უკვე დაიწყეს მზადება აფხაზებმა.  მდინარის იქით სოფლებში რუსებმა პუშკებიც მიუტანეს და ყველაფერი. 

მერე რკინიგზის დასაცავად რო შემოვოდა ტანკები, ესენი უკვე შემზადებულები დახვდნენ. ძარცვაც წავიდა რკინიგზაზე იმიტო, რო, ვსო, პატრონი არა ყავდა ქვეყანას. უკვე ვგრძნობდით დაძაბულობას. მეუბნებოდნენ: ბიჭო, ზური უყურე, დაგვეცნენ თავს, მოდიანო. ზოგიც ტეხნიკურად, ვითომ ხუმრობით ამბობდა, რო მალე ნახავთ, რა იქნებაო. რუსების იმედი ჰქონდათ. არავინ არაფერს ელოდა, მაგრამ ლაპარაკი მიდოდა ისეთი, რო, ვითომ, აფხაზებს მთელი ღამე შუქი უნთიათო, ზნაკი იყო შუქი რო ენთოთ. 

არავის არ ჯეროდა ეს ამბავი. ჩემი სახლის იქით, ერთი კილომეტრიც არაა, ბიჭებს უთქვიათ მოდიო, სუფრა გავშალოთ, დავსხდეთ, გავაღოთ ფანჯრები, ძმები ვართ და ქეიფით დავხვდეთ აფხაზებსო. ათნი იყვნენ. სუ ყველა მიაბრიდეს იქანა.

ერთი ჩემი აფხაზი ძმაკაცი იყო, ერთად გავიზარდეთ, მეზობლები ვიყავით. სვერლოსკიდან ჩამოვიდა, მანქანა უყიდია. როგორც უნდა დაიწყოს ეს შეტაკება, მოვიდა მეორე აფხაზი და მანქანა ითხოვა, ტყვარჩელში წავალ და მოვალო. წავიდა და დაიწყო ისევ ომი. ამ ჩემ ძამაკაცს არ უნდოდა აქეთ გაჩერება და წავიდა ტყავრჩელში მანქანის ჩამოსაყვანად. იქ ერთი ქარხანაში პუშკასავით ტრუბა გაუკეთებიათ აფხაზებს, ჩვენკენ უნდა ესროლათ სნარიადი, უკვე შემოსულები იყვნენ ქართველები. მარა  უკან გამოუვარდათ და 15 კაცი დაიღუპა. გაგლიჯა სუ ყველა. ესეც იქ იყო. ტანზე ცარიელა ადგილზე ბალახი ჩავუდეთ, ისე გამოვასვენეთ კაჭკით.  

მერე შეიქმნა პოზიციები, აფხაზები გადავიდნენ იქითა სოფლებში, და დაიწყო შეტაკებები. ბატალიონები შეიქმნა. ბევრი ბატალიონი იყო ოჩამჩირეში. 

ომი რო დაიწყო, სახლში ვიყავი.  ჩემი ნათესავები ცხოვრობდნენ ქართველები კოჩარაში, ორივე მოკლეს. მე ვთქვი, ჩემი ბიძაშვილი მოკლა აფხაზმა და  მე რას ვუყურო აქანე. მივედი მეც ბატალიონში და წამოვიღე იარაღი. დაიწყო ბრძოლა. 91 წლის მაისში შეტაკება მოხდა. აქეთ ჩვენი პოციზია იყო და ერთ 500-600 მეტროში აფხაზების. ბინოკლით რო უყურებ, ჩანდა აკოპებს თხრიდნენ და იქ იყვნენ.  ჩვენც ეგრე ვიყავით. შიფერით გადავასწორებდით მიწას, სუ სწორე რო ყოფილიყო, ვითომ იმ ადგილზე არ იყო არაფერი. ვმორიგოობდით ბიჭები იქანა. პოზიციური ბრძოლები იყო და ბევრიც დაიღუპა.  

პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე ვიყავი შეტაკებაში.

კაზაკი სნაიპერები იყვნენ ბევრნი.  ჩაის კრეფის დროს იყო ქვეყანა ხალხი მკვდარი, დაცემული ზეიდან ჩაის ბუჩქებზე. ერთი ათი კაცი მე ვნახე ეგრე. ჩემი მეგობარი, მით უმეტეს,  რუსი იყო, ჩვენ მხარეზე იბრძოდა, სნაიპერმა მომიკლა. კლასელები ვიყავით. რაღაც შენობაში შევედით, არ გახვიდე, ბიჭო, იქით-მეთქი. მაინც გავიდა და პირდაპირ თავში მოარტყა სნაიპერმა. წავიყვანეთ უცებ მანქანით სავაადმყოფოში და ექიმმა ნახევარი თავი არ აქვს, მე რაღას ვუშველიო.  ბევრი მეგობარი დავკარგე ასე. 

სამჯერ იყო პერემირია. სამჯერვე მოგვატყუილეს. პრიკაზი მოვიდა ასეთი, ჩააბარეთ რუსულ სამხედროებში პუშკებიო. რო ჩავაბარეთ, მაშინ დაგვეცნენ თავზე. წავიდა ერთმანეთის შეტყობინება, მოდიან, მოდიანო და ხალხმა, ვისაც რა შეეძლო შეაგროვა რაღაცეები, ზოგმა სუნკით, კაჭკით, ვისაც მანქანა ჰყავდა, ბენზინი ჰქონდა სპეციალურად შენახული, დიზელი ან სალიარკა, მოდიოდა, ხალხი მოყავდა. ფეხითაც იყო ქვეყანა ხალხი. მე რო გამოვედი, გამოვიყვანე ჩემები ღალინძის აქეთ  მხარეზე და  დავინახე, ძაღლი დამრჩა. ზის კიბეზე და ტირის. რა მექნა, ავდექი და მივბრუნდი. სასწაული ამბავია ზღვის პირას უკვე მეცემა ბომბები და ღამეა, მოვედი სახლში ჩავსვი ეს ძაღლი მანქანაში და ვხედავ, სამი ქალია დარჩენილი, მევთქვი- რას აკეთებთ აქანე. ჩავაჯინე ესენიც და როგორც კი ღალინძას გადავედი, გლიჯა სნარიადი ზღვიდან, გემიდან, პირდაპირ ასფალტზე და ისეთი დარტყმა იყო  გაანათა, მეგონა, გათენდა. 

ასე იყო ეს ამბავი. დაერქვა ამას ქართულ-აფხაზური ომი, მარა ეს იყო რუსეთთან. აბა, აფხაზს არაფერი არ ჰქონდა, თოფის გარდა.  გაყიდული იყო ეს ომი. 

ხოდა რო წამოვედით, მე არავინ მყავდა აქანე და ჩემ ოჩამჩირელ ძმაკაცს ყავდა წყალტუბოში სიძე. წავედით პირდაპირ იქ. მერე სოჩაში გადავედით, იქ ორი წელი ვიყავით, მერე უკრაინაში წავედით და ახლა უკვე 25 წელია თბილისში ვართ. 

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა