მეგობრის წერილი აფხაზეთიდან
სალინა აბაზა, მხატვარი სირიიდან. აფხაზი მამის და ჩერქეზი დედის შვილი. იმ მუჰაჯირების შთამომავალი, რომლებიც გადაურჩნენ გენოციდს და სამხრეთ-დასავლეთ კავკასიიდან თურქეთში გადასახლეს. ბოლო ექვსი წელია, ცხოვრობს აფხაზეთში.
...
დეკემბერი, 2025
ძვირფასო ნინო,
დიდი ხანია არ გვილაპარაკია, თითქმის წელიწადი და მე კიდევ უფრო დიდი დრო მგონია, რომ გავიდა. რადგან მართალია, ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად ხდება, მაგრამ ეს წელი საშინლად გაიწელა.
შარშან, დეკემბერში ასადი გაიქცა სირიიდან. წარმოგიდგენია? მაგ კვირის სიმძაფარე ახლაც ისე ცხადად მახსოვს. შეპყრობილივით ვუსმენდი ახალ ამბებს, ვწერდი მეგობრებს, რომლებთანაც წლები აღარ მელაპარაკა, ვტიროდი იმ მეგობრების გამო, ვისი სიცოცხლეც გამოვიგლოვეთ და იმ მეგობრებისაც, ვისაც ვეღარ პოულობდნენ ათასობით ოფიციალურად აღრიცხული დაკარგული სირიელის მსგავსად.
უამრავი უცებ გააზრებული აღმოჩენა, საკუთარი თავის მიტევება, წამიერად მოვარდნილი რწმენა, რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნება; რომ კარგად ყოფნა, ზოგადად, შესაძლებელია; რომ კარგი დასასრულებიც შესაძლებელია; რომ 14 წლის წინანდელი საპროტესტო შეძახილები „ხალხს სურს რეჟიმის დამხობა” და ამ სურვილის ახლა ასრულებაც შესაძლებელი ყოფილა…
ერთი სიტყვით, ვერ ვიშორებდი თავს დამტყდარ და საშინლად მომქანცველ შფოთვას, რაც კიდევ უფრო მაშორებდა რეალობას – რა მოხდა საერთოდ? ვინ მიდის? ვინ იქნება?
სამი თვე დასჭირდა ყველაფრის უკუღმა დატრიალებას – ყველა ნათელი გრძნობის – გამარჯვების, იმედის და დემოკრატიულ ქვეყანაზე ოცნების. ასადი, მართალია, მთელი თავისი გარემოცვით და ქონებით წავიდა, მაგრამ წავიდა მხოლოდ მას შემდეეგ, რაც მემკვიდრეობად დატოვა ხოცვა, ნგრევა, შეჭრა და განადგურება – რაც, თან, არა მხოლოდ, ქვეყნის გეოგრაფიაზე აისახა, არამედ – საზოგადოების სულში დარჩა ჭრილობად. ასადი წავიდა, მაგრამ რეჟიმი არ შეცვლილა. იგივე უკანონობის, კორუფციის, სისასტიკის გამამრავლებელი რეჟიმი დღესაც ძალიან ცოცხალია – მხოლოდ საჰაერო რეიდების, ბომბების ცვენის და მასობრივი დაკავებების გამოკლებით. სამართალი კვლავ არ არსებობს მსხვერპლთათვის, ნაბიჯები კვლავ არ იდგმება დემოკრატიული ცვლილებისთვის, პასუხისმგებელი კვლავაც არავინაა.
და იქნებ რევოლუციას არც გაუმარჯვია? იქნებ ხელიდან გამოგვტაცეს რევოლუცია, გადაფუთეს და ამ ფორმით შემოგვასაღეს?
ბოლოს ხომ ისიც გამოჩნდა, რომ მხოლოდ ხალხის ნებას არ გაუმარჯვია. ხალხთან ერთად – გაცილებით დიდმა მოთამაშეებმაც გაიმარჯვეს. და ახლა ხოცვა-ჟლეტა, ქვეყნის ხლეჩა, სასტიკი ეთნიკური და რელიგიური შუღლია ყოველდღიურობა… ესაა ომი ერის წინააღმდეგ, რომელიც ახლა სისხლიანი ანგარიშსწორებით დახლეჩილ მცირე ერებად იშლება.
მოძრაობის უნარს მიკარგავს დღეს უკან გახედვა და იმის გახსენება, თუ როგორ დამარცხდა, გადატყდა და მნიშვნელობისგან გამოიშიგნა ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნდა – რევოლუცია. ასადის მოშორება დიახ, იყო სასწაული, რომელმაც თავისუფლება აგრძნობინა ისეთ ხალხს, რომელსაც მსგავსი რამ არასდროს გამოუცდია, მაგრამ ძალაუფლებრივი სიცარიელეც დატოვა, რომელსაც ახლა ძალადობრივი ქაოსი ავსებს.
მას მერე დგას გაწელილი იმედგაცრუების დრო ჩემთვის. ალბათ, იგივე გრძნობა დაგეუფლება, გატეხილ სარკეში რამის დანახვას ამაოდ რომ ცდილობდე.
რაღაც გაგებით, სირიაში მომხდარით მხოლოდ გაგრძელდა იმედგაცრუება ჩემთვის, რომელიც მანამდე რეალურ დროში გენოციდის ყურებამ დამიტოვა – ცივილური სამყაროს ნაწილი ან ვერაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად, ან ღიად აფინანსებდა მას. ამან კიდევ უფრო დამიკარგა რწმენა სამყაროსადმი, რომელიც ჩემს თვალწინ გამოიწვა, თითქოს, საკუთარ ნაღმზე აფეთქდა. შორიდან, მართლია, მქონდა ფრთხილი მოლოდინი, რომ ის შეძლებდა თავისი ახალი ვერსიის გამოგონებას, მაგრამ შინაგანად, ასევე, ღრმად ვიცნობ საშიშროებებს, რაც ასეთ ტრანსფორმაციებს ახლავს.
დილას ყავით და ახალი ამბებით ვიწყებ. მგონი, მარტო მე არა, მთელი მსოფლიო „ჰიპერნორმალიზაციის” მცდელობებშია. გეოპოლიტიკა, ეკონომიკები, კლიმატი, დემოკრატიები, ავტორიტარიზმი, კორპორაციები, ეი.აი… ყველა ხვდება, რამდენად სახიფათოა რეალობის შიშვლად მიღება – ისე საშიშად, როგორიც სინამდვილეშია, მაგრამ, როგორც ვხვდები, პოეტები და არტისტები სულ გვჭირდება ალტერანტიული სინამდვილეების წარმოსადგენად.
მეც, ვხვდები, რომ ფრაგმენტულად ვოცნებობ და ვისწრაფვი რაღაც მიზნებისკენ, იდეები იკუმშება და ჩიავდება – თითქოს, ერთადერთი რაც მინდა ისაა, რომ წლის ბოლომდე მივატანო, ამ თვეს გავუძლო, ეს დღე ჩავამთავრო და როგორმე შევიგრძნო ერთი სასიამოვნო მომენტი მაინც, რადგან მეორე მომენტამდე, არ ვიცი, მიმყვება თუ არა ძალა. სასოწარკვეთილებით მავსებს იმის გაცნობიერება, თუ როგორი უძალონი ვართ სინამდვილეში მაშინაც კი, როცა ნამდვილი ცვლილებების მიღწევა გვინდა. ეს იგივეა, აწყვეტილ მატარებელში იჯდე და იცოდე, რბოლა შემაძრწუნებელი კრახით დასრულდება, მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლიდე.
თუმცა, ეს პერსპექტივა, პესიმისტურის გარდა, ჩემთვის პოეტურიცაა. ახლა, როცა დროებით ვკარგავ იმედს რევოლუციური ცვლილების მიმართ, ტემპსაც ვანელებ და შიგნით, საკუთარ თავში მივაპყრობ მზერას – იქ ვტკბები ჩემი პატარა გამარჯვებებით, პატარა ეპიზოდებით, რომლებშიც ცხოვრება და მისი მშვენიერი მხარე აისახება. ეს ყოველივე ასაზრდოებს არტისტს ჩემში – ნელი ხრწნის ყურება, მაგრამ, იმავდროულად, იმის შემჩნევაც, თუ როგორ იკრებს მის ქვეშ ახალი სიცოცხლე ძალას.
ხოლო საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად, შესაჩერებლად და სულის მოსათქმელად აფხაზეთზე მეტად შესაფერისი ადგილი არც მეგულება.
ყოველდღიურობა, რომელსაც ფანჯრიდან გავცქერი სიცოცხლითაა სავსე, მაგრამ თან მშვიდია. ნელია, მაგრამ მკაფიოდ ვხედავ. ესაა ჩემი სიმწვანეში ჩაფლული ნაცრისფერი უბანი. ჩემი სახლის წინ სკოლა ჩანს, შორს, სივრცეში კი მთები და ზღვაა.
წლები გადის და ჩემი სახლის წინ სკოლა სულ უფრო სიცოცხლით და ჟრიამულით სავსე მეჩვენება. უკანა ეზოდან სპორტის გაკვეთილები ტარდება – მისი ხმაური და ბავშვების ჟივილ-ხივილი არ ჩერდება. ზოგჯერ მაწუხებს კიდეც, მაგრამ თან ისეთი მჩქეფარე და ხალისიანია. იმავე უკანა ეზოში ადრე ჟანგიანი მავთულები და რკინის რაღაც კონსტრუქცია ჩანდა, საბავშვო მოედნის რაღაც ნაწილი იქნებოდა, რაც მერე ბალახით, მიტოვებით და დროით სულ მთლად დაიფარა. დღეს ამ ჟანგიანი ადგილის გვერდით კალათბურთის ფართო მოედანია, კიდევ – ეზო, სადაც ახალთ-ახალი სავაჯიშოები დგას – ერთგვარი ღია ცის ქვეშ მოწყობილი სპორტული დარბაზია უბნისთვის. და, რაღა თქმა უნდა, დღის განმავლობაში იქაურობა სავსეა ბავშვებით, ზრდასრულები სავარჯიშოდ კი საღამოს მიდიან. ვხედავ ხოლმე, მოხუცებული წყვილები, ანდა დედები გამოელაპარაკებიან ხოლმე ერთმანეთს ამ სავარჯიშოებთან, ანდა ახალგაზრდები მოდიან და სინჯავენ, რა რისთვისაა. იქვე დამინახავს მორცხვი, ახალგაზრდა წყვილი, ანდა ბიჭი, რომელიც აფხაზურ ცეკვას იწყებს – მოძრაობებს აყოლებს მუსიკას, რომელიც მხოლოდ თვითონ ესმის და არავის სხვას. იმდენი ბავშვია… მართლა ყველა, უბნის ძაღლებსაც კი მოსწონთ ეს ახალი ადგილი, რადგან დაცულად გრძნობენ თავს, თან მორიგი ტერიტორიაა, რომელიც ასათვისებელი აქვთ და ამიტომ სპორტული ეზოს შესასვლელთან ჩამოდგებიან და იცდიან.
ეს სიახლე უბანში გზების მოასფალტებას მოჰყვა. როცა აქ გადმოვედი, ზოგიერთი ქუჩა ხელუხლებლად იყო დატოვებული – ორმოებით, ბალახამოზრდილი, ზამთრის ცივ დღეებში კიდევ უფრო დაზიანებული, წყლის გუბურებითა და ტალახით სავსე. ახლა, პირველად, ახალი ასფალტი დააგეს. როგორც კი მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასრულდა, გამვლელები მიაწყდნენ იქაურობას. ქალები ეტლებით, ბავშვები ველოსიპედებით და სკეიტებით, სრულიად გამოიცვალა იმ ერთი მეორეხარისხოვანი ქუჩის ატმოსფერო – ქუჩისა, სადაც გავლას სულ ცოტა ხნით ყველა ერიდებოდა.
წელსვე, ოღონდ, ოდნავ ადრე, ჩვენს უბანში ზოგიერთი შენობაც შეალამაზეს და გრაფიტით მოხატეს. ერთ-ერთი სკოლაა, სადაც, მანამდე, ბავშვებს კედლებზე ნატყვიარი ხვდებოდათ – სადაც განახლება ომის მერე არაფერს ეტყობოდა, ახლა კი ფასადს პოეტების პორტრეტები და ანბანის ჭრელი გამოსახულებები ამშვენებს. ეს ინიციატივები რუსეთთან დადებული განვითარებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მაგალითად, ასეთი იყო ორი ქალაქის სოხუმისა და ნიჟნი ნოვგოროდის დაძმობილება და ახალი პროგრამების დაწყება.
მეჩვენება, რომ ინვესტიციის შესახებ კანონის გამო ატეხილი უთანხმოების შემდეგ, რუსეთი ჩვენამდე მოსასვლელი ახალი გზების მოძებნას ცდილობს იმით, რომ რეალურადაც გვიგებს ასფალტს ნაცვლად იმისა, რომ ზემოდან ქვემოთ მოგვახიოს თავს საკამათო კანონმდებლობა.
ისიც მგონია, რომ შეიძლება ეს იყოს ცბიერებით სავსე გზა, მაგრამ მსოფლიომ იმით, რომ აფხაზეთი იზოლაციაში ასე მძლავრად მოაქცია, აფხაზეთს „რუსული სამყაროს” სიღრმეებისკენ თავადვე უბიძგა.
როგორც გინდა იყოს, მე მწამს, რომ ხალხი აცნობიერებს ამას და მჯერა მათი თავისუფლებისკენ სწრაფვის, მზაობის – დაიცვან თავიანთი თავისუფლება. აქ ხალხს რუსეთი არ სძულს, პატივს სცემენ მას, რადგან რუსეთი იყო ერთადერთი „სამყარო”, რომელმაც მიიღო ისინი, მაგრამ რასაც კიდევ უფრო მეტ პატივს სცემენ, უშუალოდ ეს თავისუფლებაა.
აფხაზეთში პირველად რომ ჩავედი, უკვე ზრდასრული ვიყავი – 2012 წელი იყო, სირიიდან წამოსულს, სანამ ემიგრაციის და ხეტიალის პერიოდში გადავეშვებოდი, ოჯახის მონახულება მინდოდა. საზღვარზე გადმოვედი თუ არა, გავშეშდი. აღმოვჩნდი დროის დახშულ კაფსულაში, რომლის შიგნითაც ყველაფერი იშლებოდა და იხრწნებოდა. ნესტიანი ჰაერის სიმძიმეში, ყოველი ჩასუნთქვისას, თითქოს ნესტოებსა და ყელში ვგრძნობდი ომს. ძაძებიც იმდენ ქალს ეცვა, ტყვიების ნახვრეტებიც ისე ყველგან იყო, მათ გვერდით კი მემორიალური დაფები აი, აქ, კიდევ აქ და აქ და იქაც. მიტოვებული ადგილებიც ყველგან, რაც მაშინვე მტკივნეულად მახსენებდა ჩემების მშობლიურ სახლს, რომელიც დამასკოში დავტოვეთ… მთელი ქვეყანა ჰგავდა დაბერებულ, დაქანცულ, დაბეჩავებულ, მიგდებულ არსებას. საშინელ დღეში იყო გზები, საავადმყოფოები და სკოლები. საითაც გაიხედავდი, ჟანგი და არქონა. დიდხანს არ დავრჩენილვარ, დუბაისკენ მეჭირა გეზი, მაგრამ გული მეწურებოდა ყოველ ჯერზე, როცა ჩემი ასაკში შესული მშობლები მახსენდებოდა. ვაითუ, სამედიცინო დახმარება დასჭირვებოდათ და ვერავინ დახმარებოდა. ჩემი შთაბეჭდილება აფხაზეთზე სწრაფი იყო, მართალია, მაგრამ თვალებიდან არ ამომდიოდა.
წლების შემდეგ დავბრუნდი ისე, რომ დაფუძნება გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ აი, ხუთი თუ ექვსი წელი გავიდა და ისევ აქ ვარ. ამჯერად დაკვირვებებისთვის მეტი დრო მქონდა. ქვეყანა კვლავაც მოჩვენებებით სავსე სახლს ჰგავდა. ყველა ცხოვრობდა მოგონებებით და დავიწყება არავის სურდა, ცხოვრობდა ვალით, რომელსაც ვერავინ გაისტუმრებდა, ცხოვრობდა იზოლაციაში, რომელსაც ვერავინ გაარღვევდა. უამრავი ადგილი კვლავაც უკაცრიელი იყო. ზოგს მთელ ფასადზე ასაფეთქებელი ნივთიერებების ანაბეჭდები ეტყობოდა. იქაურობა ისევ ღატაკი იყო და მიგდებული, თუმცა, განსხვავება ის იყო, რომ მეტი დრო მქონდა ამ ზედაპირული შთაბეჭდილებების მიღმა გავსულიყავი კონტაქტზე აფხაზეთთან. ვგავდი სტალკერს, რომელიც ცდილობს ახსნას და გაუგოს „ზონას“.
დრო აქ უფრო ნელა გადიოდა. იძულებული გავხდი, მეც შემესვენა, ტემპი შემენელებინა. გაშლილი ხელებით შემომეგებნენ დეტალები. მათთან საერთო მეც უმალ აღმომაჩნდა. და ახლა მე არა მხოლოდ ვხედავ განადგურებას და დაშლას, არამედ ვხედავ ჩემს დანაწევრებულ თავსაც, ყველაფერს, რის შესახებაც ბავშვობაში მიამბობდა მამა: აბრისკელის შესახებ ძილისპირული ზღაპრის ექო ახალ ათონში, ერთ რიგით კედელზე ნანახ მის და მისი ჯაჭვის გრავირებულ გამოსახულებაში აჟღერდა. ამბავი დედაზე, რომელიც გაუჩერებლად უმღეროდა იავნანას თავის მკვდარ შვილს, მეზღვაურებს ბავშვი შავი ზღვის ტალღებში რომ არ მოესროლათ, ექოდ დაირხა სოხუმის შუაგულში მდგარ მხედრის ქანდაკეებაში. მხედარი თავმოკვეთილი ცხენიდან ვარდება და ამ დაცემის მომენტში ერთი ხელი ცისკენ აღუპყრია, მეორე ხელი მიწაში აქვს და ამ ხელში დაფა უჭირავს.

მასზე წერია: „ეს ქანდაკება ეძღვნება აფხაზებსა და ჩერქეზებს, რომლებიც იძულებულნი გახადეს, გადახვეწილიყვნენ”. აი, ეს დაფა, თავისი წარწერით, ჩამყურებდა პირდაპირ სულში.
რაღა თქმა უნდა, სოფელი, საგვარეულო და ტრადიციები, რომლებზეც მიამბობდა მამა, მოდიოდა ცბალიდან. იქ შევხვდი ოჯახის წევრებს თურქეთიდან, სირიიდან და აფხაზეთიდან (მეუბნებიან, რომ ზოგიერთი საქართველოშია). ერთად აღვნიშნეთ დღესასწაული და ჩავატარეთ კეთილი საქმეებისა და კეთილდღეობის ცერემონია. ის ყველაფერი, რაზეც სირიაში ცხოვრებისას, ბავშვობის წლებში, მეგონა, რომ მამას წარმოსახვის ნაყოფია შორეული, დაკარგული სამშობლოს შესახებ, ნადვილი აღმოჩნდა.
იგივე გრძნობა დამეუფლა მაიკოპში, ადიღეს რესპუბლიკაშიც. ის საქორწინო სიმღერები, რომლებზეც ვცეკვავდით ხოლმე სირიაში, ამჯერად ექოდ დაირხა მაიკოპში ნანახ ქორწილებში, ყველგან მესმოდა დედაჩემის ენაც, რომელსაც მთელი გატაცებით მასწავლიდა ბავშვობაში, ეს სიტყვები ეწერა მაიკოპის ბანერებზე, საგზაო ნიშნებზე, იქვე, რესტორნებში შემეძლო მეჭამა შალამა და ჰალივა, რომელთაც სირიაში მიკეთებდა.
მთელი ის ცოდნა და კულტურა, რაც მშობლებმა გადმომაბარეს, უკან იმიგრირებულს, გამარჯვებად დამიბრუნდა. ეს იყო გამარჯვება ბედისწერაზე, გენოციდზე და 150-წლიან გადახვეწაზე.
მიუხედავად იმისა, რომ თვალს ვერ ვარიდებდი და ცხადად ვამჩნევდი ჩამორთმევას, ნგრევას აფხაზეთში, მქონდა იმის დროც, სხვა ყველაფერიც შემემჩნია. დამენახა მარტო ის კი არა, რომ ჩემი ადგილი აქაა, არამედ ისიც, თუ რამდენად ლამაზია ყველაფერი ნანგრევებს მიღმა.
პირველად შევნიშნე ბუნება წლების განმავლობაში ხმაურიან ქალაქებში ცხოვრების შემდეგ. ხეები აქ ჰგვანან ნაცნობ სახეებს, რომელთაც ხვდები ქალაქის გულში თუ შენს უბანში სეირნობისას. ჩემს უბანში ცხოველებსაც კი სცნობენ მეზობლები. ძაღლები და კატები თავისთავად გვყავს, მაგრამ ასევე გვყავს ცხენები, რომლებიც ზოგჯერ გარეუბნებიდან ბრუნდებიან, რამდენიმე ძროხაც ალაგ-ალაგ. გარკვეული ურთიერთგაგებაა ქალაქსა და ამ ცხოველებს შორის. „პორშე ქაიენის” მძღოლი ანელებს სვლას და ცხენების რემას უთმობს გზას. აგერ ქალი მოაბიჯებს ჩანთით, იქით კატა მირბის. ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება.
ამით არ გეუბნები, რომ ყველაფერი კარგადაა. აფხაზეთის თავსმოხვეულ პოლიტიკურ იზოლაციას თავისი დამანგრეველი შედეგები აქვს. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და სულ უფრო გაუარესებული ჯანდაცვის სექტორის გარდა (რომელიც, როგორღაც, კვლავაც ახერხებს, თითქმის აუნაზღაურებლად, თავდადებული ექიმებისა და ექთნების საოცარი ძალისხმევით, სიცოცხლეთა გადარჩენას), თავსმოხვეულია ჩვენი განცალკევებაც მჭიდროდ დაკავშირებული თანამედროვე სამყაროსგან; სამყაროსგან, რომელიც ონლაინ, პოლიტიკურ დისკუსიებში თუ საერთაშორისო პლატფორმებზე გამუდმებით გიმეორებს, რომ არ არსებობ. გინდა სადმე ბედი სცადო? მაშ, კარგი – ოღონდ ჯერ ნახე, თავს თუ იპოვი სააპლიკაციო ფორმაში. გინდა, რომ შესრულებული სამუშაოს გასამრჯელო მიიღო? ჯერ ნახე, რამდენი დაბრკოლება შეგხვდება. ონლაინ უკვეთავ რამეს? შენთვის ღია მხოლოდ რუსული ონლაინ ბაზარია და მერეც – ჯერ ნახე, რამდენი ხანი დასჭირდება შეკვეთის აფხაზეთამდე ჩამოღწევას.

ეს ყველაფერი მჭიდროდ თავდახურულ ბუშტში სტაგნაციას ამრავლებს, ცხოვრების სტანდარტს სავალალოდ სწევს დაბლა.
მეც ძალიან გამიჭირდა სამსახურის ან სხვა შესაძლებლობების პოვნა იმ თვალსაზრისით, რომ შტატგარეშედ ვმუშაობ საერთაშორისო კლიენტებთან. გეტყვი იმასაც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქმე ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდა. თანაც აქ ვერაფრით შევძელი აქტიური სოციალური ცხოვრების აწყობა – ისეთის, როგორც სხვა ქალაქებში ცხოვრებისას მქონდა, ძირითადად იმიტომ, რომ ვერ ვისწავლე ენა და, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სირიელი რეპატრიანტი, ძალიან თბილად მიმიღეს და მზარდი სახელოვნებო წრის ნაწილიც გავხდი, ბევრს ვერაფერს მიაღწევ იზოლაციის და აუღიარებლობის ამ სასტიკ სინამდვილეში. ვგულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ – შემოქმედებითად.
მაგრამ დამდგარ წყალშიც კი ნახავ ცოცხალ ეკოსისტემას, თავისთავად არსებულ სამყაროს. რთული და ნელი ზრდის პროცესის მიუხედვად, ის მაინც გრძელდებოდა, სულ მთლად არასდროს შეჩერებულა. ის მოზარდები და კიდევ უფრო პატარა ბავშვები, რომლებსაც 2012 წელს პირველად ჩამოსვლისას შევხვდი, ახლა ქვეყნის ახალგაზრდა ქალები და კაცები არიან. მათ ხმა აქვთ, მათი ესმით და ისინიც იმაღლებენ ხმას. ამ რთულ დროშიც კი შეძლეს მიწის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოზე პოლიტიკური დისკუსიების გამოწვევა. თანაც ისე, რომ ეს დისკუსიები გაცდენოდა საჯარო თუ დახურული მიმოწერების ონლაინ დისკურსს. მათ საკამათო საკითხები ქუჩაში გაიტანეს და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც მიემხრო მათ. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, როცა რამდენიმე მათგანი დააკავეს ქუჩაში აფხაზი ლიდერებისა და პოეტების სიტყვებიანი ტრანსპარანტის ტარების გამო, პოლიციის შენობასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა და გამაგრდა, სანამ ახალგაზრდებს გამოუშვებდნენ.
ისინი მაგრად დაუდგნენ ასევე ძალიან პრობლემურ ინვესტიციების შესახებ კანონს – ყველა ძალიან შფოთავდა ამ კანონთან დაკავშირებული სუვერენიტეტის და დემოგრაფიული რეალობის გამო. ვხედავდი, როგორ მოაწყვეს მარში პრეზიდენტის სასახლისკენ, სადაც ასევე ქუჩაში გასაპროტსტებლად გამოსულ თავიანთ ხალხს შეუერთდნენ – კაცებსა და ქალებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს – ყველა ერთად იყო.
ამას კორუფციის და საეჭვო კავშირების მიზეზით პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოჰყვა. ხალხმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. ყველაფერი მშვიდობიანად, დემოკრატიულობის ფარგლებში შეძლეს.
მაგრამ გადაიჭრება თუ არა ამით აფხაზეთის ყველა სხვა პრობლემაც? იზოლაცია, კორუფცია და დანგრეული ეკონომიკა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ყოველთვის კარგის ნიშანია ახალგაზრდა ქალებისა და კაცების ჩართულობით აქტიური დისკუსიები პოლიტიკაზე, კარგის ნიშანია დემოკრატიული პროცესების პატივისცემა.
ეს სიცოცხლის ნიშანია.
რაღაც გაგებით, ალბათ, რევოლუცია და სწრაფი ცვლილება საბოლოო მიზანი არც არასდროს ყოფილა. მნიშვნელოვანი ალბათ ყოველთვის არის უწყვეტ, აქტიურ პროცესში დარჩენა. ისევე, როგორც პარკის განახლება ანდა გზის მოასფალტება ასწევს ცხოვრების სტანდარტს სულ ოდნავ მაინც, მაგრამ ყველა პრობლემა ამით არ გადაიჭრება.
მთავარია, ეს პოლიტიკური დისკუსიები გაგრძელდეს და არ შეწყდეს რწმენა იმ თავისუფლებისადმი, რაც მსგავს დისკუსიებს სჭირდება. ეს თავისუფლება უპირობოდ განსხვავდება თავისუფლებისგან, რითაც დუბაიში თუ სტამბოლში ცხოვრებისას ვტკბებოდი, ანდა როცა ბერლინისა და პარიზის კლუბებში დავდიოდი მეგობრებთან ერთად. ეს სხვაგვარი თავისუფლებაა, მაგრამ იმსახურებს დაცვას და გამოკვებას.
შეინარჩუნებს თუ არა აფხაზეთი თავისუფლებას? იმედი მაქვს, ასე იქნება.
ვცხოვრობთ იმპერიებისა და თანამედროვე კოლონიზაციების სამყაროში. მსოფლიოში, სადაც სირიის თუ აფხაზეთის მსგავსი ადგილები დიდი ძალებისთვის სათამაშო მოედნებია.
მსოფლიოში, სადაც თუ სხვას არ იმორჩილებ, კოლონია თავად ხდები და ძალიან გაგიმართლებს, სისხლის ღვრის გარეშე თუ შეძელი მოლაპარაკება.
მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო მეტად უახლოვდება აპოკალიპტური დისკურსის კიდეს, რაც გადააწყობს საზღვრებს და იდენტობებს, სულ მთლად გამოცვლის მნიშვნელობებსაც.
ასეთ მსოფლიოში, ვამჯობინებ მცირედ დეტალებზე დაკვირვებას. იმ მოხუცი ქალის სიხარულის თანაგანცდას, თავის უბანში, მოძრავი საყრდენით, ბოლოს და ბოლოს, სასეირნოდ რომ გამოვიდა. იმ მოხუცი წყვილის ცქერას, სკვერში მოწყობილ ტრენაჟორზე რომ ვარჯიშობენ, ანდა აეროპორტისკენ მიმავალი თვითმფრინავის ცაზე გავლებული ბილიკის ყურებას.
როგორ გითხრა… ბოლოს და ბოლოს, ირკვევა, რომ აქაურობა მამაჩემისთვის წარმოსახული განზომილება, ფანტაზიის ნაყოფი არასდროს ყოფილა. ის მუდამ მასზე საუბრობდა. ის იყო მიზეზი, რომ მე ამ ომის შესახებ ვიცოდი მაშინ, როცა ომი მიმდინარეობდა და ვიცოდი ის საშინელი ბლოკადაც, რაც ბრძოლებს შედეგად მოჰყვა. მამა ოცნებობდა „უკან დაბრუნებაზე” და ეს ომამდეც სცადა. და აი, აგერ, აქ ზის ახლა. წყნარადაა და სასხვათაშორისოდ გაჰყურებს მთებს და შორს – ზღვას, სანამ წვერს ვუპარსავ. ახლა ვფიქრობ, მამაჩემია მიზეზი, რის გამოც აქ ვარ. მამაჩემი და ეს მიწა. ყველაზე შავ-ბნელ წუთებშიც კი, როცა გადაწყვეტილებაში თავით გადაშვების პირას ვიდექი – როცა კინაღამ ვითხოვე თავშესაფარი ჩემი სირიელი მეგობრების მსგავსად, საბოლოოდ, მაინც დავიხიე უკან, რადგან მისმა სახემ არ მომასვენა. ვერ ავირჩევდი მდგომარეობას, რომელიც ხელიდან გამომაცლიდა უმარტივეს უფლებას, მენახა ის და ჩემი ხანში შესული დედა. ვერ გავწირავდი თავს რეალობისთვის, რომელშიც „რეპატრიანტი” კი არ მქვია, არამედ ახალი ამბების მორევში ჩაკარგული მონელებული ეპიზოდი ვარ; ვარ „ტვირთი”, რომლის ბედსაც მთლიანად პოლიტიკური ლანდშაფტები განკარავს; რომელსაც იმის უფლებაც კი არ აქვს, ოჯახი მოინახულოს, ოჯახი იქვე, ყურის ძირში არ ჰყავს; რომელიც თავის ძმებთან ერთად ზღვის პირას ვერ გადის ცეცხლის დასანთებად; ვერ პოულობს დროს ცხოვრებაზე დასაკვირვებლად. ეს ძალიან ძვირი ფასია, რომლის გადახდაც, იმედი მაქვს, რომ არც მომავალში მომიწევს; რომ ვიყო იქ, სადაც ყოფნაზე ადრე ვოცნებობდი – ევროპაში, მაგრამ თან – დღითი დღე უფრო მეტი საფრთხით სავსე უდაბურ ტყეში; ანდა – დიდ ქალაქებში ჩავიკარგო მბრუნავ წრეში ციყვივით გაჭედილი. თუ ამას მაინც გადავწყვეტ, ძალიან ბევრი მექნება დასაკარგი.
რეალობას, ცხადია, დღემდე ვეჭიდავები – ვიბრძვი ჩემი კარიერის, სტაბილური შემოსავლის, მოგზაურობის თითქმის სრულად შეუძლებლობის გამო. მიჭირს აქტიური სოციალური და არტისტული საზოგადოების გარეშე, მაგრამ თან დღემდე ვცდილობ, იმგვარი რეალობა ავაშენო, სადაც აფხაზეთში ვრჩები ფესვგადგმული – ზუსტად იმ ქანდაკებასავით სანაპიროზე რომ დგას და კვლავაც შემიძლია გარეთ – აქაურობის მიღმა ურთიერთობა, მუშაობა.
თუმცა, ვიცი, სულ უფრო მეტი საზღვრით დანაწევრებულ მსოფლიოში, რაც დრო გავა, ეს მით უფრო რთული გახდება.
ბოლო დაკვირვება, რასაც გიზიარებ:
გარესამყაროსგან განცალკევება მარტოსულობას სულაც არ ნიშნავს. იზოლაციაში ადამიანმა შეიძლება ჰპოვოს განმარტოება – დრო და სივრცე დასაკვირვებლად. არენდტისეული პოზიციიდან, ეს ყოველივე მარტო ყოფნაა და არა – მარტოსულობა. მარტოსულობაში მნიშვნელობის კარგვა სჩანს, მარტოდ დარჩენაში – მნიშვნელობის ძებნა.
აქ ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე, რომ სიარულისას ღრმად ვიძირები გარემოში, რომელიც გარს მაკრავს. ბუნება აქ ძალიან გაველურებული და იმერსიულია სწორედ ამ გაგებით – ცხოვრების დაფასებას, ცხოვრებისადმი მადლიერების განცდა გიჩნდება – მადლობელი ხარ მზისთვის, ხეებისთვის, ცხოველებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ჩემს ფანჯარასთან ჟრიამულობენ. რაც აქ ჩამოვთვალე, მოიპოვება აბსოლუტურად ყველგან – ყველგან არის მზეც, ხეც, ცხოველიც, მაგრამ მხოლოდ აქ ვგრძნობ, რომ მაქვს დრო და სივრცე მათ შესამჩნევად და, როგორც უკვე გითხარი, მათ დასაფასებლად. ნელ ცხოვრებისეულ ტემპს, რომელიც იზოლაციის პირდაპირი შედეგია, ეს გვერდითი ეფექტი ახლავს.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ.
გირჩევთ