
აფხაზეთის გასაბჭოება | ზურა წურწუმია
17.09.2025 | 15 წუთიანი საკითხავიაფხაზეთი XIX-XX - ესაა XIX-XX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის თემაზე შექმნილი სტატიების სერია, რომლის მიზანია, ყურადღება გაამახვილოს და მკითხველს პოპულარულ ენაზე გააცნოს გასაბჭოებამდე პერიოდის რეგიონის ისტორიის საკვანძო ეტაპები.
ამ თემებზე მუშაობისას ორი ძირითადი მოტივი მამოძრავებდა: აღნიშნული პერიოდის საქართველოს ისტორია ყურადღებას ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს აქცევს მაშინ, როდესაც აფხაზეთის, ან თუნდაც სამეგრელოს ან გურიის სამთავროების წარსული მოკლებულია ყურადღებას და ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობ თავგადასავლად რჩება. მეორე მხრივ, მიმდინარე კონფლიქტისა და ოკუპაციის გამო, აფხაზეთის ისტორია, როგორც წესი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების პრიზმით აღიქმება. სერიის მიზანია, ამ თემებს მიღმა დავინახოთ რეგიონის წარსული.
ტექსტებზე მუშაობისას გამოყენებულია ისტორიული დოკუმენტები, პირველადი და მეორეული წყაროები, სხვადასხვა ავტორის სამეცნიერო ნაშრომები, თუმცა მკითხველისთვის მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ მოცემულ სერიაში შემავალი სტატიები აკადემიური ნაშრომი არაა. - ზურა წურწუმია, ისტორიის მაგისტრი.
წინათქმა
XIX საუკუნის ბოლოსკენ, იმპერიის წინააღმდეგ მიმართული აჯანყებების ჩახშობის, აჯანყებული ხალხების მასობრივი გასახლებისა და თავადაზნაურობისთვის გაცემული წყალობების გამოყენების შემდეგ, აფხაზეთში სიტუაცია დამშვიდდა. სამხედრო მოქმედებები და რეპრესიები წარსულს ჩაბარდა, ადმინისტრაციულმა რეფორმამაც შედეგი გამოიღო. თუმცა სოციალური ფონი უცვლელად მძიმედ რჩებოდა. ადგილობრივ გლეხობას, იმპერიის სხვა პროვინციების გლეხობის მსგავსად, სიღარიბე და საკუთრებაში არსებული მიწის სიმწირე, ასევე, გამოსასყიდ მიწებზე დაწესებული მაღალი გადასახადები აწუხებდა.
იწყებოდა მეოცე საუკუნე, რომლის პირველმა მეოთხედმა ისევ ომებში, მძიმე პოლიტიკურ კრიზისებსა და სოციალურ პრობლემებში გაიარა. ამ ყველაფრის მიზეზები კი სოხუმის ოლქიდან შორს – ევროპაში გაჩნდა.
ვგულისხმობთ მარქსიზმსა და პირველ მსოფლიო ომს, რომელმაც უდიდესი ცვლილებები მთელს მეოცე საუკუნეში მსოფლიოს მრავალ კუთხეში გამოიწვია.
მარქსიზმი და მისი გამოჩენა კავკასიაში
ბურჟუაზიული წრიდან გამოსული კარლ მარქსის თანამედროვეებმა – ანუ მათ, ვინც მარქსის წერილებსა და ნაშრომებს გაეცნო – სათავისო დასკვნები მალე გამოიტანეს: ბურჟუაზია და არისტოკრატია მიხვდა, რომ ამ იდეებისგან კარგი არაფერი ელოდათ, ამიტომ დაუპირისპირდნენ მას, ხოლო მუშებმა დაინახეს, რომ მარქსის იდეებში იყო უუფლებო ხალხთა უპერსპექტივო მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამართლიანი ცხოვრების შანსი.
სოხუმი - პალმები სანაპიროზე. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
რუსეთის განათლებულ წრეებში სოციალისტური იდეები არც მანამდე იყო უცხო[1], თუმცა მარქსიზმმა, როგორც კარგად გამოხატულმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ, ცარიზმისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ენერგიით დამუხტა. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში იმპერიის ცენტრში გაჩენილი განათლების კერებიდან მარქსიზმმა პროვინციებშიც შეაღწია – ანუ მოედო სამხრეთ კავკასიასაც. თავდაპირველად ბაქოში და შემდეგ თბილისში, ქუთაისსა თუ ბათუმში მარქსისტული წრეები ნელ-ნელა გაჩნდა და მოიკრიბა ძალა[2].
ახალი პოლიტიკური მოძღვრება, რასაკვირველია, ადგილობრივ რეალობებთან ადაპტაციითა და ლოკალური სახე-ცვლით ვრცელდებოდა. რუსეთი, ინდუსტრიული დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ღრმად აგრარული ქვეყანა იყო. ამიტომ იქ მოღვაწე მარქსისტები იძულებული გახდნენ, მცირერიცხოვანი მუშათა კლასის გვერდით, გლეხებიც დაეყენებინათ და ამ გზით ჩამოეყალიბებინათ „ფართო მასები”, რომლებშიც რევოლუციურ პროპაგანდას გაავრცელებდნენ.
სოხუმი. ზღვა ღელავს. ციბინის ფოტო. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
თუკი რუსეთში მძიმე ინდუსტრიის რამდენიმე ცენტრი ახლად ჩამოყალიბებული იყო, კავკასიაში XIX საუკუნის ბოლოსკენ მუშათა კლასის შემქმნელ ადგილებად, ძირითადად, რკინიგზა, პორტები და მაღაროები მოიაზრებოდა. იქ დასაქმებული მუშები კი კავკასიის მასშტაბით საშიშ ძალას ვერ ქმნიდნენ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა – მარქსისტული იდეები იმპერიის ყველა პროვინციაში აღწევდა, იმისგან დამოუკიდებლად, მუშათა კლასი საკმარისი ჰყავდა თუ არა.
ერთ-ერთი ასეთი პერიფერიული რეგიონი იყო ქუთაისის გუბერნია და მასში შემავალი სოხუმის ოლქი.
აფხაზეთი რევოლუციის წინა პერიოდში
სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, აფხაზეთი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი მხარე იყო პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდშიც კი. იქ მხოლოდ მცირე ზომის საწარმოები მოქმედებდა – ხის მჭრელი, მეღვინეობის, წვენების წარმოების, თამბაქოს დამამზადებელი. არაერთი კუსტარული საამქრო კი საშუალოდ 2-3 მუშას თუ ასაქმებდა. ეს ნახევრად-ინდუსტრიული სექტორი ტექნოლოგიურადაც ჩამორჩენილი იყო, რაც მუშაობის პირობებსაც ამძიმებდა.
შედარებით მსხვილ ორგანიზმს წარმოადგენდა სოხუმის პორტი და მშენებარე რკინიგზა[3]. სხვა მხრივ, რეგიონი, ძირითადად, სოფლის-მეურნეობაში იყო ჩაბმული. ამ სექტორში კი ინდუსტრიალიზაცია მომხდარი საერთოდ არ იყო, ხოლო მიწის საკუთრების საკითხი უმწვავესად იდგა. მიწის ძირითადი ფონდი ყოფილ ფეოდალებსა თუ მოხელეებს ეპყრათ. მცირემიწიან გლეხებს კი იჯარით უწევდათ ნაკვეთების აღება, არენდას ნატურით იხდიდნენ და ეს იყო მათი შემოსავლის ¼, ⅓ ან სულაც – ნახევარი.
სოხუმის ოლქში აშკარად იგრძნობოდა განათლების პრობლემაც – მხოლოდ სოხუმში და კიდევ რამდენიმე სოფელში ჰქონდათ სკოლა – ქალთა და ვაჟთა სასწავლებელი და უჭირდათ ჯანდაცვაშიც – ისევ და ისევ, მხოლოდ სოხუმს ჰქონდა სამედიცინო პუნქტი, შიდა რეგიონებში კი ეს სისტემა არ იყო აწყობილი. ამიტომ სხვადასხვა დაავადებას ხშირად ადამიანთა სიცოცხლე ეწირებოდა.
აუტანელი და დუხჭირი ყოფა რევოლუციისთვის, მით უფრო სოციალისტური რევოლუციისთვის, ნიადაგის გასაღვივებლად თითქმის იდეალური პირობაა, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობას აკლდა ერთი მნიშვნელოვანი რამ: იმდროინდელი ტერმინებით რომ ვთქვათ, პოლიტიკური გათვითცნობიერება და იდეოლოგიური მომზადება, ასევე, გამართული მუშათა კლასი.
1905-1907 წლების რუსეთის პირველი რევოლუციის დროს აქციები, გამოსვლები, დარბევები თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობები მთელს იმპერიაში ხდებოდა. გამონაკლისი არც კავკასია იყო და მით უფრო – აფხაზეთი. თუმცა აფხაზეთში რევოლუციის მხარეს პორტის თანამშრომლები და მცირე საწარმოების მუშები გამოდიოდნენ, ხოლო გლეხობა – რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – მთელ ამ ბობოქარ პროცესს გვერდიდან აკვირდებოდა.[4]
რუსეთის სოციალისტებმა[5] სათავისო დასკვნები გამოიტანეს 1905-07 წლების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ და მეტი ყურადღება დაუთმეს გლეხებში პოლიტიკურ აგიტაციასა და მათ მომზადებას. პარალელურად გრძელდებოდა მუშებთან თანამშრომლობა და სულ რამდენიმე წელიწადში კავკასიაშიც და აფხაზეთშიც მასების მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა. ეს სოციალური პროტესტების სიხშირეზეც აისახა.
იმ პერიოდის მარქსისტების ორგანიზაციულად ყველაზე გავლენიანი ჯგუფი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია იყო. პარტიის შიგნით 1903 წლიდან ორი ბანაკი ჩამოყალიბდა[6]. თუმცა სანამ იმპერია არსებობდა და სანამ მმართველი სისტემისთვის ყველა სოციალისტი ერთნაირ საფრთხეს ქმნიდა, მარქსისტებს შორის, ძირითადად, ინტელექტუალური კონფლიქტი მიმდინარეობდა.
1912-13 წლებში მარქსისტული ჯგუფები უკვე არსებობდა სოხუმში, გუდაუთაში, გულრიფშში. მათ შორის ყველაზე ძლიერი კი იყო სოხუმის ორგანიზაცია. სოხუმში ცენტრიდან ჩაჰქონდათ არალეგალური (ძირითადად, რუსულენოვანი) ლიტერატურა და საჭირო ნაწერებს ადგილზევე, თვითონაც ამრავლებდნენ. მაგალითად, პარტიული გაზეთის, „პრავდას” [Правда][7] ჩატანას კურირებდა ბოლშევიკი სევა კუხალეიშვილი. იმპერიის ადმინისტრაცია, ბუნებრივია, მარქსისტებში საფრთხეს ხედავდა და თვალყურს ადევნებდა მათ საქმიანობას, მაგრამ, ასევე, იცოდნენ, რომ ამ წრეებში ბოლშევიკი რადიკალები უფრო მეტ თავის ტკივილს ქმნიდნენ. ამიტომაც მეტად დევნიდნენ მათ.
1914 წლის მაისში სოხუმში ბოლშევიკური ორგანიზაციების არაერთი წევრი დაიჭირეს, თუმცა მალე დაიწყო ამბები, რომლებმაც დიდი ცვლილებები გამოიწვია და პოლიტიკური პროცესებიც ააჩქარა.
კავკასიის ფრონტი და სოხუმი
1914 წლის ზაფხულში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მალე ჩამოყალიბდა კავკასიის ფრონტიც[8]. აგვისტოდან ნოემბრამდე მიმდინარეობდა მხარის ადმინისტრაციისა და ქონების ევაკუაცია.[9] ფრონტთან სიახლოვემ სოხუმის ოლქის სოციალურ ფონზე უარყოფითად იმოქმედა. ომის პირველ თვეებში ყველა მაღაზია დაიკეტა, დაცარიელდა კურორტები, სასტუმროები. ზოგი სკოლაც გახიზნეს. მაგალითად, სოხუმის სამთო სკოლა და სოხუმის ქალთა გიმნაზია გეორგიევსკში გახიზნეს. 1914 წლის ბოლო ქალთა გიმნაზიაში 280 მოსწავლიდან 20-მდე შემცირდა. მოგვიანებით სოხუმი საევაკუაციო პუნქტად გამოცხადდა, გამართეს ლაზარეთი და აქ აგზავნიდნენ დაჭრილებს, გაზით მოწამლულებს. 1916 წლის აგვისტოში სოხუმში და მის გარშემო სანატორიუმში 500 ავადმყოფი ოფიცერი და ჯარისკაცი მკურნალობდა.
ომის დაწყების პირველ წელიწადს, 1914 წლის ოქტომბერში გერმანულ-ოსმალური ფლოტი გამოჩნდა აფხაზეთის ნაპირებზე. ამ რეიდების შემდეგ შავ ზღვაში გემების მოძრაობა შეჩერდა და სოხუმი, რომელსაც რკინიგზა არ ჰქონდა, მოწყდა შავი ზღვის სხვა პორტებს.
ამ პროცესების შედეგად რეგიონში გაუარესდა სოციალური მდგომარეობა. ომი იმპერიის პრიორიტეტი იყო და რეგიონიდან გამუდმებით გაჰყავდათ ცხენები და მუშა-ხელი, ხელოსნები. აქ თავმოყრილ სხვა რესურსებსაც – ტექნიკას, მასალას, უკვე არა მშენებლობებისთვის, ომისთვის იყენებდნენ. სოხუმის მთელ ოლქს რთულად მიეწოდებოდა ფქვილი, წამალი, შაქარი, მარილი და სხვა პროდუქტები. უკონტროლოდ გაიზარდა ფასები. ამას დაემატა სავალალო ფაქტი: 1914 წლის ზამთარში ავად გახდა სამუშაო და მეწველი შინაური ცხოველი. ნახირი კვდებოდა და იმ ზამთარს უმეტესობა გაწყდა. 1914 წლის ზაფხულში აფხაზეთის მოსახლეობა უხვწვიმიანობამ შეაწუხა, რასაც შედეგად მოჰყვა გაფუჭებული სიმინდის ყანები. განსაკუთრებით დაზარალდნენ სამურზაყანოს დაბალი ზონის სოფლები – გუდავა, რეფო-შეშელეთი, ნაბაკევი, საბერიო, რეჩხი. ოჩამჩირეში, კოდორის ზონაში კი, სტიქიამ დაარტყა სოფლებს – ტამიში, მოქვი, ილორი. ამის შემდეგ გუდაუთელები 1915 წლის ზაფხულის გვალვამაც დააზარალა.
სოხუმი. თამბაქოს გადაზიდვა საპალნეებით. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
საშინლად გართულებული პირობების გამო მღელვარებამაც არ დააყოვნა. 1915-1916 წლებში სოხუმის ოლქში არაერთი მიტინგი, პროტესტი და გამოსვლა გაიმართა. მუშები სოციალურ პირობებს უჩიოდნენ, ხოლო გლეხები – პროდუქტების დეფიციტსა და ფასების ზრდას.
იმ პერიოდიდან ცნობილია ე.წ. ქალთა ბუნტი სოხუმში. 1916 წლის 1 ივლისს რამდენიმე ათეული ქალი უმუშევრობისა და მაღალი ფასების გასაპროტესტებლად გამოვიდა. ქალაქის მთავრობამ პროტესტი ძალის გამოყენებით აღკვეთა და რამდენიმე ქალი დაიჭირა. მეორე დღეს ქალებთან ერთად უკვე მათი ქმრებიც გამოვიდნენ და მაღაზიების დარბევაც დაიწყეს. სამ ივლისს პროტესტს მუშები და გლეხებიც შეუერთდნენ. გამოსვლები იყო დრანდაში, გუდაუთაშიც.[10]
ეს დიდი მღელვარება რეგიონული გამონაკლისი არ იყო – ომმა, არა მხოლოდ კავკასიაში, მთელი იმპერიის მასშტაბით გააუარესა სოციალური მდგომარეობა.
1916 წლის ბოლოსკენ წარუმატებლობებმა ფრონტზე და სოციალურმა კრიზისმა თავი კიდევ უფრო უხეშად გამოავლინა. გაფიცვები და მანიფესტაციები გახშირდა, ხოლო იმპერიის მხრიდან საპოლიციო ძალების გამოყენებამ საპროტესტო განწყობები კიდევ უფრო გაამწვავა.
1917 წლის თებერვალში პეტროგრადში დაწყებულ გაფიცვებსა და პროტესტებს იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ტახტიდან გადადგომა და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება მოჰყვა. ბოლშევიკები ამ ახალი მთავრობის მიღმა დარჩნენ და რევოლუციისთვის ბრძოლა დამოუკიდებლად გააგრძელეს. ლენინი და მისი გუნდი რადიკალიზაციის გზას ირჩევდნენ. ოქტომბრის ბოლოს ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს – პეტერბურგში უმნიშვნელოვანესი ძვრა მოხდა – დროებითი მთავრობა დაიშალა და ძალაუფლება უკვე ბოლშევიკების კონტროლქვეშ გადავიდა. იმპერიის ცენტრში ამ მასშტაბის ცვლილებებს გამოხმაურებები პროვინციებშიც მოჰყვა. ცხადია, ეს ამბები თავისებურად მწვავედ იგრძნეს კავკასიაშიც.
კავკასიელო ხალხებო! - ბოლშევიკები მოუწოდებენ კავკასიელებს, იბრძოლონ მათ მხარეს. 1920 წ.
ამ რეგიონის სამართავად, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, დროებითი მთავრობის განკარგულებით, შეიქმნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, იგივე ოზაკომი. კონკრეტულად აფხაზეთის სამართავად კი შეიქმნა საზოგადოებრივი წესრიგის სამხარეო კომიტეტი. ის ყოფილი ადმინისტრაციისა და თავადაზნაურობის, ასევე მენშევიკებისგან შედგებოდა (აფხაზეთის სამართავად შექმნილ საზოგადოებრივი წესრიგის სამხარეო კომიტეტს, მაგალითად, მეთაურობდა ალექსანდრე შარვაშიძე, ხოლო რეგიონში მილიციის უფრო იყო ტატაშ მარშანია – ისიც თავადი). უშუალოდ სოხუმში შეიქმნა ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც გავლენა მენშევიკ სოციალისტებს ჰქონდათ (მოგვიანებით, 1917 წლის 2 ივლისს, სოხუმის ქალაქის საბჭოსარჩევნებში მენშევიკებმა უმრავლესობაც მოიპოვეს).
საგულისხმო გარემოებასაც სწორედ ეს მნიშვნელოვანი თავისებურება ქმნის. იმპერიის ცენტრშიც და პერიფერიებშიც ყველაფერი ისე იცვლებოდა, რომ ბოლშევიკები, პრაქტიკულად, პროცესს მიღმა რჩებოდნენ – ძალაუფლებას სხვა სოციალისტები ინაწილებდნენ.
მენშევიკი სოციალისტები ახალი წესრიგის დამყარებას უფრო თანამშრომლობისა და რეფორმების გზით გეგმავდნენ, ვიდრე – რევოლუციური ტერორითა და კლასობრივი გენოციდით, რაც მათ ბევრი ჯგუფისთვის მისაღებ პარტნიორად წარმოაჩენდა. ბოლშევიკები კი არანაირ კომპრომისს არ აპირებდნენ არისტოკრატიასთან, ბურჟუაზიასთან, სამღვდელოებასთან თუ სხვა წრეებთან.
ამიტომაც, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ლენინისა და მისი მებრძოლების მთავარი პოლიტიკური სამიზნე დროებითი მთავრობა და სხვა სოციალისტები გახდნენ. ამასვე იმეორებდნენ კავკასიაში მოქმედი ბოლშევიკებიც. მაგალითად, 1917 წლის 25-28 მარტს ლიხნში სოციალისტურმა ძალებმა მრავალრიცხოვანი შეკრება მოაწყვეს, სადაც ბოლშევიკებმა ხმამაღლა გააკრიტიკეს მენშევიკები და სხვა მიმდინარეობის მარქსისტები და მათ ბურჟუაზიასთან შეკრული და რევოლუციის მოღალატე ძალები კიდევ ერთხელ უწოდეს.
ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გამოდგა 1917 წლის 24-29 აპრილის რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკების) პარტიის VII კონფერენცია. აქ ლენინმა ე.წ. აპრილის თეზისები წარმოადგინა და ბოლშევიკების სამოქმედო გეგმა ასე გადმოსცა:
- პირველი მსოფლიო ომიდან დაუყოვნებლივ გასვლა;
- დროებითი მთავრობის არალეგიტიმურად გამოცხადება;
- ძალაუფლების გადაცემა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებისთვის, რომელთა შიგნითაც ბოლშევიკებს ჰქონდათ მეტი გავლენა.
ამ კონფერენციის გადაწყვეტილება ბოლშევიკური პარტიის მთელ სტრუქტურას ცენტრიდან ყველა დონემდე მიუვიდა. ბოლშევიკები მკაფიოდ და ღიად აცხადებდნენ, რომ პოლიტიკურ კონკურენციასა თუ თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ. მათ კავშირი გაწყვიტეს სხვა სოციალისტებთან.
რამდენიმე თვეში სოხუმში ეფრემ ეშბას, გიორგი ათარბეკოვის, სევერიან კუხალეიშვილისა და სხვა ბოლშევიკების თაოსნობით შეიქმნა ბოლშევიკების სამხარეო აფხაზეთის [სოხუმის] კომიტეტი, რომელსაც ეფრემ ეშბა ჩაუდგა სათავეში. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბოლშევიკური კომიტეტი მოქმედებდა გუდაუთაშიც, რომელსაც ნესტორ ლაკობა მეთაურობდა.
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ოზაკომი ამიერკავკასიის კომისარიატმა ჩაანაცვლა, სადაც ისევ მენშევიკები და სხვა სოციალისტები დომინირებდნენ. აფხაზეთში ოქტომბრის გადატრიალების გამო მიტინგები მართალია მოაწყვეს ბოლშევიკებმა, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგის კომიტეტი ორგანიზებულად დაუხვდა ამ ცვლილებას და ბოლშევიკებმა აფხაზეთში ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში ძალაუფლება ვერ მოიპოვეს.
1917 წლის ნოემბერში სოხუმში შეიქმნა აფხაზეთის სახალხო საბჭო, რომელშიც, ძირითადად, ადგილობრივი არისტოკრატია იყო წარმოდგენილი. ამ საბჭოში სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ჯგუფი ჩამოყალიბდა – აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეები, საქართველოსთან შეერთების მომხრეები, ოსმალური თუ რუსული ორიენტაციის ჯგუფებიც. თანდათან საბჭოში ძალები გაიმყარეს მენშევიკებმა და პრო-ქართული ორიენტაციის ჯგუფმა. ამის საფუძველზე აფხაზეთის სახალხო საბჭო მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან და 1918 წლის 9 თებერვალს მათ შორის დაიდო შეთანხმება – საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებასა და აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური წესრიგის ფორმების შესახებ. შესაბამისად, აფხაზეთი ავტონომიური უფლებებით საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში სწორედ ამ სახალხო საბჭოსთან შეთანხმებით შევიდა. მოგვიანებით, 1919 წლის თებერვალში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულმა საბჭომ [მას თავმჯდომარეობდა არზაყან ემხვარი] აფხაზეთის კონსტიტუციაზე დაიწყო მუშაობა საქართველოს ხელისუფლების პარალელურად [მეორე კომისია შეიქმნა თბილისში, საქართველოს მთავრობის მიერ. ისიც ამუშავებდა აფხაზეთის კონსტიტუციის თავის ვერსიას, რათა შემდეგ შეეჯერებინათ]. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ბოლშევიკებმა აფხაზეთის სახალხო საბჭო 1921 წლის მარტშივე გააუქმეს.
1918 წელი. ბოლშევიკების სამხედრო ამბოხება
აფხაზეთში, კავკასიასა თუ რუსეთის იმპერიის სხვა რეგიონში მყოფი ბოლშევიკების საქმიანობის გასაგებად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომ ადგილობრივი პარტიული ორგანოები ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმს წარმოადგენდნენ და იმართებოდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა [ბოლშევიკები] პარტიის მიერ. ადგილობრივი, ანუ სხვადასხვა რეგიონში შექმნილი ჯგუფების სტრატეგია და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებიც ცენტრის – მოსკოვის მიერ იყო შემუშავებული.
1918 წლის 10 თებერვალს თბილისში ბოლშევიკური გამოსვლის ძალით ჩახშობის შემდეგ საქართველოს ბოლშევიკები იატაკქვეშ გადავიდნენ და სამხედრო ამბოხებისთვის მზადებას შეუდგნენ.
ამ შეხვედრაზე აფხაზეთში მოქმედი ბოლშევიკებიც მონაწილეობდნენ. მომდევნო დღეს ბათუმშიც შედგა ბოლშევიკთა მორიგი შეხვედრა, სადაც ბათუმის, გურიისა და აფხაზეთის ბოლშევიკური ორგანიზაციების, ასევე, შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გადაწყვეტილება მიიღეს. გეგმის მიხედვით, ამბოხება ბათუმში უნდა დაწყებულიყო, თუმცა სოხუმის პორტში მომხდარმა ინციდენტმა მოვლენები დააჩქარა.
1918 წლის 15 თებერვალს სოხუმის პორტში გამოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დამხმარე კრეისერი „დაკია” [Дакия], რომელიც ტრაპიზონიდან სევასტოპოლში ბრუნდებოდა. ეკიპაჟი რევოლუციურად იყო განწყობილი[11] და ქალაქში გადასულებს აფხაზური ასეულის[12] ყოფილ პორუჩიკ, თავად ნიკოლოზ ემხვართან კონფლიქტი მოუვიდათ. ის ოფიცრის მუნდირით დადიოდა და არც სამხრეები ჰქონდა მოხსნილი. „დაკიას” მეზღვაურებმა მას სამხრეების მოხსნა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი ძალით ჩამოახიეს. საქმე იმაშია, რომ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა სამხედრო სამხრეების ტარება აკრძალეს და სამხედრო წოდებებიც გააუქმეს. სამხრეები ცარიზმის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნეოდა (ბოლშევიკების მიერ შექმნილ მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში სამხრეები და წოდებები მხოლოდ 1943 წელს აღადგინეს). ემხვარმა ერთი მეზღვაური მოკლა, მეორე დაჭრა და მიიმალა. ქალაქში ამ ამბავმა მღელვარება გამოიწია. ხომალდის კაპიტანმა სოხუმის მმართველებს ემხვარის გაცემა და 15 000 რუბლის კომპენსაცია მოსთხოვა. ხმელეთზე მყოფმა ბოლშევიკებმა სიტუაციის გამოყენება გადაწყვიტეს. 16 თებერვალს, 2 საათზე ეფრემ ეშბა, ნიკოლოზ სვანიძე და სხვა ბოლშევიკები სოხუმში სამხედრო დასახლებაში მივიდნენ და გარნიზონს მათ მხარეს გადასვლა მოსთხოვეს. გარნიზონის ნაწილი, რომელიც ფორმალურად ამიერკავკასიის კომისარიატის დაქვემდებარებაში იყო ისევე, როგორც რეგიონის ყველა სამხედრო დანაყოფი, მათ შეუერთდა და სოხუმის თეატრისკენ ერთად დაიძრნენ. ბოლშევიკები კონტაქტზე გავიდნენ „დაკიას” ეკიპაჟთან, მაგრამ ხომალდი ულტიმატუმის ვადის გასვლას არ დაელოდა და პორტი იმავე დღეს, საღამოს ათი საათისკენ დატოვა.
„დაკია“ [Дакия]
მაშინ ბოლშევიკები ბათუმში მდგარ ნაღმოსან „დერზკის” [Дерзкий] დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. „დერზსკი” იმხანად ტრაპიზონიდან რუსული ნაწილების ევაკუაციაში მონაწილეობდა და თებერვლის შუა რიცხვებში ბათუმში წყლისა და საწვავის მარაგის შესავსებად იყო შესული. მისი ეკიპაჟიც რევოლუციურად იყო განწყობილი და ბოლშევიკურ წრეებთან თანამშრომლობდა.
„დერზსკი“ [Дерзкий]
ნაღმოსანი სოხუმის პორტში 17 თებერვალს გამოჩნდა და ქალაქამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ხუთი-ექვსი გასროლაც განახორციელა. პორტში შესვლისთანავე ხმელეთზე 70-მდე შეიარაღებული მეზღვაური გადმოსხეს, დაუკავშირდნენ ეშბას ჯგუფს და ქალაქის ხელმძღვანელობას „დაკიას” ულტიმატუმი გაუმეორეს, ერთი პირობის დამატებით – ძალაუფლება რევოლუციური კომიტეტისთვის უნდა გადაებარებინათ. ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი[13] იძულებული გახდა ულტიმატუმი შეესრულებინა. რევკომმა ძალაუფლება ხელში აიღო: შეიქმნა წითელი გვარდიის სამხედრო შტაბი, ციხეებიდან პოლიტპატიმრები გამოუშვეს და შეაიარაღეს და ქალაქის ბურჟუაზიიდან[14] 15 000 რუბლი ამოიღეს [რევოლუციის დროს ამას ექსპროპრიაციას უწოდებდნენ]. მალევე მოძებნეს თავადი ემხვარი, რომელიც დააკავეს, დაკითხეს და ხომალდის ეკიპაჟს გადასცეს.ერთ-ერთი ვერსიით, ნაღმოსანზე გადასვლისას, ემხვარმა ერთი ბოლშევიკი ოფიცერი მოკლა, მაგრამ შემდეგ ტყვია გაეჭედა რევოლვერში – მას ფრონტზე მარცხენა ხელის კონტუზია ჰქონდა მიღებული და იარაღი სწრაფად ვერ გადატენა. ამით ისარგებლეს მეზღვაურებმა და თავადი იქვე მოკლეს, ხოლო ცხედარი ზღვაში გადააგდეს. ზოგი ვერსიით, ის ორთქლის ქვაბში დაახრჩვეს.
ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელთ აიღეს, რის გამოც მენშევიკების მომხრე სამხედრო ნაწილები და ბენია ჩხიკვიშვილი ქალაქიდან კოდორის მიმართულებით გავიდნენ. სოხუმი დატოვა აფხაზეთის სახალხო საბჭომ და აფხაზური ასეულმა. მათ მდინარე გუმისმთის მეორე მხარეს, სოხუმის დასავლეთით მდებარე სოფელ ეშერას შეაფარეს თავი.
მენშევიკების კონტრშეტევა და ბოლშევიკების მარცხი
19 თებერვალს აფხაზეთის სახალხო საბჭომ, რუსეთის მოხალისე არმიის ნაწილებთან და აფხაზურ ასეულთან ერთად, ბოლშევიკების მიერ დაკავებულ სოხუმზე შეტევა წამოიწყო[15].
ბოლშევიკებმა თავდაპირველი შეტევა მოიგერიეს. მათ ცეცხლით ეხმარებოდა კიდევ ერთი ამბოხებული და ბოლშევიკების მხარეს გადასული სამხედრო გემი – კრეისერი „კაროლ კარლი” [Король Карл], თუმცა კრეისერი მომდევნო დღეს, 20 თებერვალს, ბათუმისკენ წავიდა და შუადღეს მენშევიკებმა – ამიერკავკასიის კომისარიატის ძალებმა ქალაქი დაიკავეს.
15-18 თებერვლის წარუმატებლობის შემდეგ, იმავე თვის ბოლოს, ბათუმში ბოლშევიკები შეიკრიბნენ [მამია ორახელაშვილი, ეშბა, ლაკობა და სხვები] და მორიგი აჯანყების გეგმა შეიმუშავეს – აჯანყებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნდა დაწყებულიყო და ამბოხებულები ერთმანეთს დახმარებოდნენ. ნესტორ ლაკობამ გუდაუთაში შექმნა დაახლოებით ათასკაციანი გლეხთა შეიარაღებული რაზმი კიარაზი. შეიქმნა ასევე ლაზური პარტიზანული რაზმი[16]. სამურზაყანოში [დღევანდელი გალის რაიონი] ამბოხებას ამზადებდა და შემდგომ ადგილობრივ რევკომს სათავეში ჩაუდგა პავლე ძიგუა.
ამბოხება გაგრაში 1 მარტს დაიწყო. ბოლშევიკებმა შტურმით აიღეს პრინც ოლდენბურგის სასახლე და შემდეგ დაიკავეს გუდაუთა და ახალი ათონი. ბოლშევიკური ძალები ამბოხებულებს სოჭიდანაც ეხმარებოდნენ. 25-26 მარტს გულრიფშში, აგუძერაში დაიწყო ბოლშევიკთა შეიარაღებული გამოსვლები და სოხუმი ორივე მხრიდან ბლოკირებული აღმოჩნდა. 8 აპრილს, დილით, მენშევიკებმა ბრძოლების შემდეგ ქალაქის გადაცემაზე თანხმობა განაცხადეს და 11:00 საათზე ბოლშევიკური ნაწილები სოხუმში შევიდნენ. მაშინვე დაიკავეს ფოსტა, ტელეგრაფი, სამთავრობო შენობები, არსენალი. შეიქმნა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი. 11 აპრილს 300-მდე ბოლშევიკი შეიკრიბა სამურზაყანოშიც. საღამოს კრებამ გალში ბოლშევიკური საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა.
1880-1900 წწ. გაგრა. მოედანი სასტუმროს წინ. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
ამგვარად, 1918 წლის აპრილში მთელს აფხაზეთში, გარდა კოდორის მონაკვეთისა, ბოლშევიკების ძალაუფლება დამყარდა. ბოლშევიკური ამბოხება დაიწყო სამეგრელოშიც.
აფხაზეთში დროებითი ხელისუფლება შეიქმნა – საოლქო სამხედრო რევკომი, რომელსაც ეფრემ ეშბა ჩაუდგა სათავეში, მოადგილედ კი ნესტორ ლაკობა და გეორგ ათარბეგოვი[17] აირჩიეს. თავად რევკომის წევრები იყვნენ: სევერიან/სევა კუხალეიშვილი, ვასილ აგრბა, ერმილე დამენია, კარლ ინალ-იფა, კონსტანტინე მაკაროვი და სხვები. რევკომი რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების დირექტივების მიხედვით მოქმედებდა. გაუქმდა მენშევიკების მილიცია და ჩამოყალიბდა წითელი გვარდია. აქვე მოქმედებდა კიარაზი და რეგიონში თავი მოიყარეს არაადგილობრივმა ძალებმაც. მათ შორის იყო ყოფილი მეფის ჯარისკაცებისგან შემდგარი განსაკუთრებული რაზმი [140 კაცით] და სომხური წითელგვარდიული რაზმი.
მაისის დასაწყისში კავკასიაში მოქმედი ბოლშევიკური ორგანიზაციები და ლიდერები [აფხაზეთის რევკომი, სოჭისა და ტუაფსეს საბჭოები] ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა სოხუმს საფრთხე ელოდა. ბოლშევიკებმა მთელი ძალების მობილიზაცია გამოაცხადეს. მათთვის მთავარი დახმარება ყუბან-შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკას[18] უნდა გაეწია.
ბოლშევიკები ამ მხრივ არ ცდებოდნენ: საპასუხო შეტევის წამოსაწყებად მენშევიკები და აფხაზეთის საბჭო ძალებს იკრებდნენ. რევოლუციებისა და ომების ეპოქაში პოლიტიკური საკითხი ამჯერადაც იარაღს უნდა გადაეწყვიტა.
______________________________[1] სოციალისტური იდეები რუსეთის იმპერიაში 1840-იანი წლებიდან ჩნდება. მისი პირველი გამავრცელებლები [ალექსანდრ გერცენი, ნიკოლაი ჩერნიშევსკი და სხვები] სოციალური უტოპიზმის მოდელებს ქმნიდნენ – საუბრობდნენ სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. ამ პროცესში ცენტრალური ადგილი გლეხებს ეკავათ. გლეხების ყოფასა და მათ „გაკეთილშობილებაზე“ საუბრობდნენ ე.წ. ხალხოსნები 1860-70-იან წლებში. ეს იყო, ძირითადად, ინტელექტუალური წრიდან გამოსული ხალხი, რომელიც სოფლის თემებში ნებით სახლდებოდა და თანასწორობის იდეებს ავრცელებდა იმ იმედით, რომ ამ გზით გლეხების თვითშეგნება გაიზრდებოდა. ხალხოსნებში გაჩნდა რადიკალური ფრთაც, რომელიც უსამართლო სოციალური წყობილების შესაცვლელად ტერორიზმს იყენებდა. ყველაზე ცნობილი ტერაქტი 1881 წელს მოხდა, როდესაც იმპერატორი ალექსანდრე II მოკლეს.
[2] სოციალისტურ იდეებს საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგებენ, თუმცა პირველი მარქსისტული, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის [იგივე მესამე დასის] ჩამოყალიბების თარიღად მიჩნეულია 1892 წლის დეკემბრის ბოლო, როდესაც ზესტაფონში [მაშინდელ დაბა ყვირილაში] მათი არალეგალური კონფერენცია ჩატარდა. პირველი საჯარო განაცხადი ამ ჯგუფმა 1894 წლის მაისში, გურიის სოფელ ჩანჩეთში, ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვის დღეს გააკეთა. სილიბისტრო ჯიბლაძემ იმ დღეს ერთგვარი მანიფესტაცია მოაწყო და „მუქთახორა ბურჟუა-კაპიტალისტების“ მჩაგვრელობაზე ისაუბრა.
[3] აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა რუსეთის იმპერიის შავი ზღვის რკინიგზის პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა. პროექტის მიხედვით, რკინიგზის ხაზი ტუაფსედან ახალსენაკამდე [დღევანდელი სენაკი] და ფოთამდე უნდა აშენებულიყო. ასე უნდა შეერთებოდა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ქსელს. შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობა 1914 წლის ივნისში ტუაფსედან და ახალსენაკიდან პარალელურად დაიწყო. თუმცა პირველი მსოფლიო ომის გამო მალევე შეჩერდა. 1919 წელს ამოქმედდა ტუაფსე-სოჭის მონაკვეთი, ხოლო ტუაფსე-სენაკის ხაზის მშენებლობა, საბოლოოდ, 1943-44 წლებშიღა დასრულდა.
[4] ბუნებრივია, მარქსისტთა წინააღმდეგობებში აფხაზეთის გლეხობის ცალკეული ჯგუფებიც აქტიურობდნენ და, საერთოდ, რევოლუციურმა ტალღამ რეგიონს საკმაო არეულობაც მოუტანა, მაგრამ, მთლიანობაში, ადგილობრივი სოციალური ფენები დიდად არ ჩართულან ამ მოვლენებში. გლეხებს მიწის საკითხი ადარდებდათ, მაგრამ ადგილობრივი არისტოკრატიის გავლენამ და ძალაუფლებამ მათი პროტესტი გაანეიტრალა.
[5] რუსეთის იმპერიაში სოციალიზმის იდეების სხვადასხვა ჯგუფი და პარტია არსებობდა. მათგან გავლენების მხრივ გამოიკვეთებოდა ორი – რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია [რსდმპ, დაარსდა 1898 წელს] და სოციალისტ-რევოლუციონერების პარტია, იგივე ესერები [დაარსდა 1902 წელს]. მენშევიკებად და ბოლშევიკებად ცნობილი მარქსისტები კი რსდმპ-ს შიდა დაპირისპირებული ფრაქციები იყვნენ.
[6] რსდმპ-ი გაიყო 1903 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებულ პარტიის მეორე კონგრესზე. თვითონ ეს სახელები – ბოლშევიკი და მენშევიკი – მოდის კონგრესზე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრების არჩევის საკითხიდან. პარტიის წევრებმა ამ კონკრეტულ საკითხზე ლენინის კანდიდატებს მეტი ხმა მისცეს, რის გამო ლენინმა თავის მხარდამჭერებს ბოლშევიკები [Большевики, უმრავლესობა] უწოდა, ხოლო მარტოვმა თავის მხარდამჭერებს – მენშევიკი [Меньшевики, უმცირესობა]. თვითონ რსდმპ-ში ბოლშევიკები რადიკალური მიმართულების უმცირესობას წარმოადგენდნენ.
[7] „პრავდა” გახლდათ რსდმპ ბოლშევიკების პარტიული გაზეთი. დააარსა ლენინმა 1912 წელს.
[8] კავკასიის ფრონტი ოფიციალურად 1914 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. ფრონტს იცავდა კავკასიის არმია. 1914-1915 წლებში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა ბრძოლები, თუმცა 1916 წლის კამპანიის შედეგად რუსულმა არმიამ დაიკავა ტრაპიზონი, ერზრუმი და 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ზავამდე ინარჩუნებდა ამ უპირატესობას. ზავის შედეგად, რუსეთის ომიდან გამოთიშვის შემდეგ, ოსმალებმა 1877-78 წლების საზღვარი აღადგინეს და სამხრეთ კავკასიაში უფრო ღრმადაც შეიჭრნენ. მათი საბოლოო შეჩერება ჯერ გერმანიის, შემდეგ კი ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსებმა შეძლეს.
[9] 1914 წლის 24 აგვისტოს სოხუმიდან ბანკი და შემდეგ უკვე ოქტომბერში ხაზინაც გავიდა. 26 ოქტომბერს ადგილობრივი ადმინისტრაცია ტუაფსესა და ახალსენაკში გადაიყვანეს. სამთავრობო ქონების ევაკუაცია ნოემბრამდე გაგრძელდა.
[10] 1916 წლის ზაფხულში, არა მხოლოდ სოხუმის ოლქში, მთელს საქართველოში ათობით გაფიცვა მაინც იყო. 14-15 ივლისს გამოვიდნენ ხონში, სამტრედიაში. 28 ივლისს სოხუმის ელექტროსადგურის მუშები გაიფიცნენ. ქალაქში მღელვარება 31 ივლისამდე გაგრძელდა. 26 ოქტომბერს სოხუმისა და ფოთის პორტის მუშები გაიფიცნენ. ბოლშევიკებმა გამოიყვანეს სამურზაყანოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებიც. აპროტესტებდნენ გლეხებიც, რომელთაც მიწის საკითხი ადარდებდათ. საპროტესტო განწყობები იყო ჯარშიც, რომელიც ბუნტისა და მღელვარებების დროს სხვა დროს უფრო პასიურობდა. იმ წლებში კარგად გამოჩნდა, რომ სოციალისტურ და რევოლუციურ იდეებს სამხედრო დანაყოფებშიც კი ღრმად გაედგა ფესვები.
[11] ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსული ფლოტი და არმია უპატრონოდ იყო და მის ნაწილებს აკონტროლებდა ის, ვისაც იმ დროს, იმ რეგიონში ძალაუფლება ეპყრა ხელთ. ბოლშევიკებს ყირიმში, სადაც ფლოტის ბაზა იყო, ძალაუფლება არ ჰქონდათ, მაგრამ გემების ეკიპაჟებში რევოლუციური განწყობები აშკარა იყო და ბევრი გადადიოდა კიდეც მათ მხარეს – ეს იმიტომ, რომ იმ პერიოდის რუსულ არმიასა და ფლოტში რევოლუციური პროპაგანდა მძლავრად იყო შეღწეული. ჯარისკაცები თვითნებურად ქმნიდნენ საბჭოებს და ოფიცრებისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ. სოციალისტური პროპაგანდის გავლენა, როგორც წესი, რიგითებზე უფრო ვრცელდებოდა, თუმცა არც ოფიცერთა წრეებში იყვნენ რევოლუციისადმი გულგრილები. გარდა ამისა, შავ ზღვაში ბევრი ასეთი ხომალდი მეკობრეობდა კიდეც, ოღონდ ამასაც რევოლუციის მხარდაჭერით ამართლებდნენ. რაც სოხუმში მოხდა, ამის მაგალითია.
[12] აფხაზური ასეული წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის არმიის ჩერქეზული საკავალერიო პოლკის მეოთხე ასეულს, რომელიც დაკომპლექტებული იყო ძირითადად აფხაზი თავადაზნაურობისგან. პოლკი შედიოდა კავკასიის დივიზიაში, რომელსაც, ბრძოლაში გამოჩენილი თავზეხელაღებული სიმამაცის გამო, ხშირად „ველურ დივიზიასაც” უწოდებდნენ. დივიზია იბრძოდა ავსტრო-უნგრეთის ფრონტზე, მონაწილეობდა 1916 წლის ბრუსილოვის შეტევაშიც. 1918 წლის იანვარში დივიზია დაიშალა. პირადი შემადგენლობის ნაწილი მოხალისეთა არმიაში გაწევრიანდა, ნაწილი – მშობლიურ მხარეებში დაბრუნდა.
[13] ბენიამინ [ბენია] ჩხიკვიშვილი ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატი [მენშევიკი] იყო, რომელიც 1917 წლის ივლისში სოხუმის მერად აირჩიეს.
[14] ტექსტის იმ ნაწილში, რომელშიც რევოლუციური კომიტეტის მიერ სოხუმის აღებასა და ქალაქის ბურჟუაზიისგან ფულის ამოღებაზეა საუბარი, ეთნიკურად აფხაზი ბურჟუაზია ყველაზე ნაკლებად იგულისხმება. ეთნიკური ნიშნით თუ შევხედავთ იმდროინდელი სოხუმის ადგილობრივი ბურჟუაზია ან ქართველები იყვნენ, ან რუსები, ან სომხები ანდა ბერძნები. იმ პერიოდში აფხაზი მეწარმე ან ქარხნის, საწარმოს მფლობელი, თანამედროვე გაგებით ბიზნესმენი – პრაქტიკულად არ არსებობდა. შეძლებული აფხაზი მხოლოდ არისტოკრატია იყო და სხვები კი სოფლის მეურნეობაში იყვნენ ჩაბმულნი.
[15] 1918 წლის თებერვალში ბოლშევიკების სამხედრო ამბოხის წინააღმდეგ, გადაუჭარბებლად ყველა ერთად იბრძოდა – არისტოკრატია, ბურჟუაზია, მენშევიკებიცა და ყველა სხვა სოციალისტური პარტიაც. ამ დროს საქართველო, როგორც ცალკე სახელმწიფო, ჯერ არ არსებობდა. ბოლშევიკების წინააღმდეგ ოფიციალურად თბილისი გამოდიოდა, როგორც ამიერკავკასიის კომისარიატის დედაქალაქი (კავკასიური კოალიციური მთავრობის).
[16] ტექსტში აფხაზ გლეხთა ათასკაციანი შეიარაღებული რაზმის, კიარაზის შექმნის ეპიზოდში, ასევე, ნახსენებია ბოლშევიკთა სხვა – ლაზური პარტიზანული რაზმი. ამ ქაოსით სავსე მომენტში კავკასიაში ათასგვარი სამხედრო ძალა მოქმედებს პარალელურად. ზოგი რაზმი ოსმალებს უჭერს მხარს, ზოგი – ცარისტებს, ქართველ მენშევიკებს, სომეხ დაშნაკებს, ბოლშევიკებს. არიან აჯანყებული სამხედრო ნაწილებიც.
[17] გეორგ ათარბეგოვი ერევნის გუბერნიაში დაიბადა. ამ დროის აფხაზეთის ბოლშევიკურ ისტორიაში კარგად ჩანს, რომ მათ საქმიანობაში მხოლოდ ადგილობრივები არ არიან ჩაბმული. აფხაზეთში ბოლშევიკური მოძრაობა რუსეთის კომპარტიის ადგილობრივი ფრთაა და იქ „სამუშაოდ“ პარტიის მასშტაბით ჩადის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი.
[18] ყუბან-შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკა. 1918 წლის მაისში ყუბანისა და შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების შედეგად შექმნილი საბჭოთა პოლიტიკური ერთეული, რომელიც 1918 წლის ივნისიდან თერგისა და სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკებთან შეერთების შემდეგ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი გახდა.
გირჩევთ

მუჰაჯირობის პირველი ტალღა | ზურა წურწუმია
31.08.2025
გალილენდი | ბესო პაპასქუა
12.05.2025