რადიკალური მორჩილება და პროტესტი აფხაზეთში | ქეთი სართანია
20.11.2024 | 10 წუთიანი საკითხავიიმპერიებსა და ტოტალიტარულ სისტემათა ჭრელ გობელენში საზოგადოების უკმაყოფილება ხშირად ქარიშხალივით ჩნდება. ის თითქოს წალეკვას, განადგურებას უპირებს სამეფო ტახტსა და თვითმპყრობელ სისტემას. თუმცა, როცა ქარიშხალი წყნარდება და ქალაქის ხმაურიან მოედნებზე შეკრებილი ხალხების უკმაყოფილების ექოში სათქმელის გარჩევას ვახერხებთ, ასეთ პროტესტში, ტახტის დამხობის ნაცვლად, შეიძლება „სამართლიანი იმპერატორის“ მიმართ ჩუმი თხოვნაც ისმოდეს; თხოვნა - დაიბრუნოს თავისი ნამდვილი ფუნქცია და მართალი ხელით განკარგოს იმპერია.
პროტესტი აფხაზურად
11 ნოემბერს, აფხაზეთში, გუდაუთაში, რუსული ინვესტიციების შესახებ კანონის საჯარო განხილვას დაპირისპირება მოყვა. ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავა, რომლებიც აღნიშნულ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 30 ოქტომბერს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა საინვესტიციო შეთანხმებას, რომლის რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მომხდარიყო. კანონის გატანას დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 15 ნოემბრის ადგილობრივ საპარლამენტო სხდომაზე გეგმავდა, თუმცა აფხაზურმა საზოგადოებამ განხილვას ხელი ფიზიკურად შეუშალა. მათ ალყა შემოარტყეს სამთავრობო შენობას და ოპოზიციის ხელმძღვანელობით, არაპოპულარული შეთანხმებების ინიციირებით ცნობილ ბჟანიას მოუწოდეს გაეწვია კანონი, თავადაც დაეტოვებინა თანამდებობა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დათანხმებოდა. რამდენიმე დღეში ოპოზიციამ ამ მიზანს მიაღწია და მოლაპარაკებების შედეგად, 19 ნოემბერს ასლან ბჟანიამ ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან გადაყენებას ხელი მოაწერა. ეს არ არის პირველი გამარჯვება, რომელიც აფხაზურმა საზოგადოებამ ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ მოიპოვა.
აფხაზეთში ბოლო რამდენიმე წელია თამამ და გაბედულ წინააღმდეგობას უწევენ მოსკოვიდან ნაკარნახევ კანონთა წყებას. 2024 წლის გაზაფხულზე, ოკუპირებულ აფხაზეთში შეაჩერეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (ცნობილი, როგორც „რუსული კანონი“ ან „აგენტების კანონი“) კანონის ე.წ. საპარლამენტო განხილვა, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხანგრძლივი და ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს. აფხაზურ კანონპროექტს ერქვა „არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ“ და საზოგადოებას მიაჩნდა, რომ ის არღვევდა მათ ადგილობრივ კონსტიტუციას და შესაბამისად, „აფხაზთა ეროვნულ ინტერესებს“.
2024 წლის ივლისში კიდევ ერთხელ დაბრუნდა დე ფაქტო საპარლამენტო უწყებაში „აპარტამენტების შესახებ კანონი“, რომელსაც წინა წლებში ბჟანიას მთავრობა სხვა სახელით უპირებდა დასამტკიცებლად გატანას[1]. აფხაზურმა საზოგადოებამ ამ კანონსაც ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწია და მისი მიღება გაურკვეველი ვადით, თუმცა მაინც გადაიდო.
2023 წლის დეკემბერში, ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივმა პარლამენტმა გამთენიისას „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება დაასრულა და ამ ნაბიჯით ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს 49 წლით გადასცა. წინა წლებში, როცა ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდები, აქტიურად აპროტესტებდნენ შეთანხმების პირობებს. მათ შექმნეს მოძრაობა Hara H-Pitsunda (ბიჭვინთა ჩვენია), რომელსაც უმეტესად ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. აფხაზურმა საზოგადოებამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერ შეძლო ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გასხვისებისგან დაცვა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ აფხაზურ ახალგაზრდებში, შესაძლოა, მოსკოვის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაზარდა. Hara H-Pitsunda-ს ერთ-ერთ საპროტესტო დემონსტრაციაზე მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ „მეგობრობის ფასს მიწით არ იხდიან“ [За дружбу не платят землей].
აფხაზური საზოგადოებისთვის მიწა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მომტანი ან უბრალოდ რუკის შემადგენელი ტერიტორია.
აფხაზეთში მიწა ეთნოსახელწმიფოებრიობის სიმბოლოა, რომლისთვისაც მათ იომეს, სისხლის ფასი გადაიხადეს, „უცხოებიც“ გააძევეს ამ მიწიდან და მისი ფლობა ეროვნული მნიშვნელობის საკითხად, აფხაზური წარმომავლობისთვის პრივილეგიად აქციეს. მიწის ფიზიკური და კანონისმიერი დაცვით აფხაზებმა მისგან უსაფრთხოების გარანტი, ციხესიმაგრე შექმნეს, სადაც შეღწევა არააფხაზისთვის, თითქმის შეუძლებელია. ეს აფხაზებისთვის იზოლაციაში ცხოვრებასაც ნიშნავს და „ფორმალური დამოუკიდებლობის“ შენარჩუნების გზასაც. მწირ არჩევანში კი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იხრებიან. პატარა აფხაზეთის ფორმალური „დამოუკიდებლობის“ დაცვის გარანტად რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად 2008 წლიდან, მისი „სამართლებრივ სუბიექტად“ აღიარების შემდეგ იქცა. თუმცა, სწორედ მოსკოვიდან ჩამოდის ის კანონები, რომელიც აფხაზებში ღრმა შიშს აღძრავს, საფრთხეს უქმნის მათ ეთნიკურ იდენტობას და მასთან დაკავშირებულ პრივილეგიებს. აფხაზეთში იციან, რომ რეალური წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო საქმიანი მოლაპარაკება უნდა აწარმოონ მოსკოვთან. იდენტობისა და ავტონომიის შესანარჩუნებლად, ეს მათთვის დროში გამოცდილი სტრატეგიაა.
ვისთვისაც აფხაზური საზოგადოება უცხოა, მან შეიძლება არ იცოდეს, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული აფხაზებს პროტესტის უცვლელი სტრატეგია გააჩნიათ. საბჭოთა პერიოდში აფხაზური პროტესტის მამოძრავებელი მათ მიწაზე უცხოს დომინაციისგან თავის დაცვა იყო. ზოგჯერ ამას აფხაზური ენის სწავლების გავრცელებით ცდილობდნენ, ზოგჯერ კი აფხაზეთის ადგილობრივ მმართველობაში ეთნიკური კვოტების შემოღების მხარდაჭერით. სწორედ ამ საფრთხის განეიტრალებაზეა აგებული მათი მთავარი კანონიც - კონსტიტუცია, რომ მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხოზე[2], არამოქალაქეზე, ხოლო „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღება რთული პროცედურაა.
„მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ხალხის საკუთრებაა და გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი” - აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 5.
აფხაზური წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ 1977 წლის დეკემბერში, 130 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა საკავშირო ორგანოებსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის (1964-1982) სახელზე აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის შესახებ წერილი გაუგზავნა[3]. წერილი გავრცელდა ფართო საზოგადოებაშიც. წერილში საუბარი იყო ორ მთავარ უკმაყოფილებაზე, რომ ეკონომიკური განვითარების საფარქვეშ აფხაზეთში მოხდა არააფხაზური, ძირითადად, ქართული მოსახლეობის მიგრაცია და შემცირდა აფხაზეთის ეკონომიკური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაში, აფხაზების წუხილის მიზეზი საკუთარ ავტონომიურ ერთეულში რაოდენობრივი და ეკონომიკური დომინაციის დაკარგვას შეეხებოდა. ამ საფრთხეს მათ, აფხაზური ინტერპრეტაციით, ეთნიკური ქართველები უქმნიდნენ.
საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივში დაცული მასალების მიხედვით, 1978 წლის აპრილში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის (1972-1985) კომპარტიის მიმართ გაგზავნილ ათგვერდიან საიდუმლო მოხსენებაში გაანალიზებულია აფხაზეთში არსებული უკმაყოფილება და საკავშირო ორგანოებისადმი გაგზავნილი წერილი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ წერილის ავტორები “პოლიტიკურად საზიანო დასკვნებსა და განზოგადებებს” აკეთებენ. და რომ, “წერილში ნათქვამია, რომ ამჟამად აფხაზებთან მიმართებაში აქტიურად მიმდინარეობს „გაქართველების პოლიტიკა“, რომელიც დაიწყო „ბერიას პერიოდში”, რის გამოც სურდათ აფხაზებს საქართველოს შემადგენლობის დატოვება (სკპა, ფ.14, აღ.15, ს.304, გვ1.). შევარდნაძე ტექსტში ციტირებს სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება აფხაზეთის არ-ის პოლიტიკურ თუ სხვა პოზიციებზე ეთნიკურად აფხაზების რაოდენობა (სკპა, ფ.14, აღ.15, ს. 304, გვ2-4.). მოხსენების დასასრულს მსჯელობს აფხაზურ წერილში გამოთქმული საჭიროებების დაკმაყოფილების განხილვის შესახებ, კერძოდ, ჩამოთვლის: ადგილზე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტელესტუდიის ორგანიზებას, აფხაზური უნივერსიტეტის გახსნასა და სხვა საკითხებს (სკპა, ფ.14, აღ.15, ს. 304, გვ10.).
აფხაზურ წყაროში ნათქვამია, რომ საბოლოოდ, “აფხაზეთის სამხარეო კომიტეტის რეაქცია ცალსახა იყო: წერილის ავტორები უნდა დაისაჯონ, წერილის დამწერი კომუნისტები პარტიიდან გარიცხონ”, რადგან სამხარეო კომიტეტში მიიჩნიეს, რომ ასეთი წერილები იდეოლოგიური მუშაობის შესუსტებით იყო გამოწვეული და რომ ამგვარი განზოგადებები ხალხთა შორის სიძულვილს გააღვივებდა (მაშინ, როცა ფართოდ დეკლარირებული იყო სხვა იდეოლოგია - იდეოლოგია ხალხთა მეგობრობის შესახებ).
რადიკალური სამოქალაქო მორჩილება, როგორც პროტესტი
1965 წლის 5 დეკემბერს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე „გლასტნოსტის მიტინგი“ მოეწყო. შეკრებილებს ორი მოთხოვნა ჰქონდათ: საჯარო გამხდარიყო მწერლების ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის სასამართლო; და პატივი ეცათ 1936 წლის საბჭოთა (სტალინური) კონსტიტუციისთვის. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ ზოგადი ამნისტიის ფარგლებში, ციხიდან გამოსულ და გარეთ მყოფ დისიდენტებს შორის გაჩნდა წინააღმდეგობის ახალი ფორმა, უფრო სწორად - მორჩილების. მას სწორედ ასე ერქვა „რადიკალური სამოქალაქო მორჩილება“ (Radical civil obedience). პროტესტის ამ იდეას ალექსანდრე ვოლპინს, სერგეი ესენინის შვილის, ცნობილი მათემატიკოსისა და დისიდენტის სახელსაც უკავშირებენ.
რადიკალური სამოქალაქო მორჩილების იდეა მიზნის მიღწევის ლეგალისტური ფორმა იყო და არა - პოლიტიკური.
ბენჯამინ ნათანსი, რომელიც ორ ათეულ წელს მუშაობდა წიგნზე საბჭოთა დისიდენტების შესახებ, წერს, რომ ამ იდეის ფარგლებში საბჭოთა კონსტიტუცია და კანონები ინტერპრეტაციების გარეშე, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით უნდა წაკითხულიყო და აღსრულებულიყო, და არა ისე, როგორც ამას საბჭოთა ხელმძღვანელობა აკეთებდა[4]. რადიკალური სამოქალაქო მორჩილების იდეის მიზანი კანონისმიერი, კანონის დამცველი (Правозащитники) მთავრობისა და საზოგადოების ჩამოყალიბება იყო. იდეის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ საბჭოთა სისტემის პრობლემა თავისთავად მის არსებობაში კი არ იყო, არამედ პრობლემას საბჭოთა კონსტიტუციის ინტერპრეტაცია და აღსრულება წარმოადგენდა. პირველ რიგში კი, ეს პრობლემა იდგა პარტიის მხრიდან, და შემდეგ - დანარჩენი საზოგადოების.
რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა პროტესტის ტრადიციაში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ცნება რთული მოსახელთებელია. მწერლისა და კულტუროლოგის, სვეტლანა ბოიმის თანახმად, ასეთ პროტესტში „სამოქალაქო“ ყოველთვის თუ არა, ხშირად, ეროვნულ იდეას ეწირებოდა, ხოლო „დაუმორჩილებლობა“ ყოველდღიური გადარჩენის ნაწილი იყო[5] და არა სამოქალაქო წინააღმდეგობის ფორმა, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებას, იმპერიას ან პოლიტიკურ ძალას უფრო უნდა უპირისპირდებოდეს.
აფხაზეთის ბოლო პროტესტში, რომელსაც საინფორმაციო სივრცეში კრიზისს უწოდებენ, კლასობრივთან ერთად ეთნიკურმა მოტივებმა იმძლავრა, რადგან კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი საფრთხეს სწორედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების (რუსები და ქართველები) იდენტობაში ხედავენ და არა ცალკეულად -- მხოლოდ მიწის ან მხოლოდ ეკონომიკის.
აფხაზეთში ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები მხოლოდ უკმაყოფილების გამოხატვა არ არის. ეს კანონის დამცველთა აჯანყებას უფრო ჰგავს. აფხაზები ითხოვენ იმ კონსტიტუციის დაცვას, რომელიც მათ ეთნიკურ და ეკონომიკურ პრივილეგიებს უზრუნველყოფს და რომელიც რუსეთმაც აღიარა.
მათ სურთ ისეთი კანონისმიერი საზოგადოების შექმნა, რომლისთვისაც „აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია“ იქნება არა ფორმალური დოკუმენტი, არამედ რუსეთთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ამით გაგრძელდება ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, აფხაზური თვალთახედვით საფრთხეებად აღიარებული მოვლენებისგან თავდასაცავი სტრატეგია კვლავაც მოსკოვისათვის დახმარების თხოვნაა.
ასე რომ, რუსეთთან, როგორც კანონის დამცველთან, ურთიერთობა აფხაზებისთვის დღესაც პრაგმატული ნაბიჯია. ფიზიკური და პოლიტიკური იზოლაციის საპირწონედ კი მუდამ ეგულებათ კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, როცა ეთნიკური და ეკონომიკური პრივილეგიები აფხაზების სასარგებლოდაა.
_____________________________
[1] „აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“
[2] აფხაზეთის „კონსტიტუცია”, მუხლი 5, “მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ხალხის საკუთრებაა და გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი”. 1994.
[3] Константин Казенин, Грузино-абхазский конфликт: 1917-1992
[4] Nathens, B. (2024). To the success of our hopeless cause: The many lives of the Soviet dissident movement (p. 50).
[5] Boym, Another Freedom: The Alternative History of an Idea, 2028:237.