„ვსო, ომი უნდა შეწყდეს“ | ირაკლი, 55 წლის, მეომარი, აფხაზეთის ომზე
26.11.2023 | 12 წუთიანი საკითხავისაქართველოს ებრძოდა ექვსი ეროვნების ხალხი: სომხები, აფხაზები, რუსები, კაზაკები, ჩეჩნები და ყაბარდო-ბალყარები, მაშინვე, ოთხმოცდაათიან წლებში, როგორც კი დაიწყეს აფხაზებმა შემზადება. პირველი მასიური ომი იყო 1992-ში გაგრაში. მოხალისეები, 15-16 წლის ბიჭები, ვისაც პროსტა იარაღის ჭერა უნდოდა, ყველა საომრად წავიდა, საქართველოს დასაცავად. ეშინოდათ, მარა მაინც მიდიოდნენ. ყველაზე მეტი მანდ კვანტალიანის ხალხი ჩაიხოცა, კურსანტები, ბიჭები პოლიციიდან, რომელსაც იაღართან შეხება არ ჰქონიათ. გაგრაში პირველივე შეტაკებას ძაან ბევრი შეეწირა. მანდედან აგორდა და ჩამოყალიბდა დუშეთის ბატალიონი, გლდანის საძმო, მცხეთის საძმო, ავაზა, თეთრი არწივი, გია ყარყარაშვილის დანაყოფი, თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციისა და ჩვენი საიდუმლო დანაყოფი - შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი სპეცდანიშნულების ათასეული. ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით, სულ სხვადასხვა ადგილას ვიყავით. ორი კვირა ოჩამჩირეში, მერე გაგრაში, შრომაში, ცუგუროვკაზე, საცა გამწვავებული იყო სიტუაცია, იქ მივდიოდით.
მანამდეც იქ ვიყავი, მარა ომი 14 აგვისტოს დაიწყო. თავიდან ორმოცდაათკაციანი დაჯგუფებები წაეკიდნენ ერთმანეთს, იქ დაიხოცა რამდენიმე. ეგ ჩორტები სპეციალურად ჩააგდეს. მერე ეგ წაკიდებები გადაიზარდა შიდა კონფლიქტში და სამხედრო დაპირისპირებაში.
პირველი შესვლა იყო წალენჯიხაში. ჩვენი დაჭრილი ბიჭები ღორებს აჭამეს. მანდედან აგორდა. გაგრა უნდა აეღოთ აფხაზებს და კაზაკებს. ჩვენი ბიჭები დაწყდნენ, მარა ბოლომდე გავიდნენ. სამჯერ იყო გაგრაზე შეტევა სხვადახვა მხრიდან. ოჩამჩირე ძაან თავისუფალი იყო, მარტო გრანატებს გვესროდნენ, ჯერ არ ჰქონდათ შეიარაღება.
27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტაზე მოგვატყუეს ჩვეულებრივად. შევარდნაძემ ხელშეკრულება დადო, რო ვსო, ომი უნდა შეწყვეტილიყო. გამოგვიყვანეს ყველა, ნახევარზე მეტი ტექნიკა მატარებლით წამოვიდა. გზაში, ზურგიდან დაგვცხეს და დაიკავეს ტერიტორია. ეგ ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მთავრობამ მოგვატყუა. 17 სექტემბერს მივტრიალდით ისევ, რო პოზიციები დაგვეკავებინა თავიდან.
საბოლოოდ, 27 სექტემბერს გამოვედით მასიურად ჩერეზ სვანეთი. იქ კიდე 14 ოქტომბრამდე დარჩნენ ალყაში. ბევრი დაიხოცა უღელტეხილზე.
ყველაზე მეტი დუშეთის ბატალიონიდან დაიღუპა, 1993 წლის იანვარში, შრომაში. მაშინ ოჩამჩირეში ვიყავი. თითზე ჩამოსათვლელი ხალხიღა დარჩა დუშეთში. მერე იყვნენ ავაზელები. იქ მაცხოვრებლემბა თავი შეაცოდეს, ერთნი ვართო, ღვინოები მიუტანეს, დაათვრეს და ღამე კისრები დააჭრეს.
ერთადერთი საამაყო ჩემი დანაყოფიდან ისაა, რო საცა ვიყავით ასი კაცი, ცუგუროვკის ომში ორად ორი ვაჟკაცი მოგვიკლა სნაიპერმა. დანარჩენი ყველა გაგვანეიტრალეს, ზოგი კანტუზიით, სამოცდაორი დაჭრილი, მარა ბოლომდე ავიღეთ. იქიდან სამას ოთხმოცი კაცი ამოიჟლიტა, ვაიენნი ბილეთები წამოვიღეთ ყველასი. იყვნენ კაზაკები, ჩეჩნები, სომხები და მეტი წილი რუსები. იქ როგორაა, იცი? თუ ორი დღე აზრზე მოხვედი, შენთვის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. იცი იქ რაზეც მიდიხარ, ფრთხილიცა ხარ და მებრძოლიც.
იმ ტერიტორიაზე ლაბორატორიები და დღესაც ამოუცნობი საიდუმლო ობიექტებია. ნაღდი ვიცი, რომ რუსული კაგებე კომუნისტების დროს, სპეციალურად ამბობდა ცუდს, რო ერთმანეთს წაკიდებულიყვნენ ქართველები და აფხაზები.
ჩვენ ომის მერე ჩამოვედით და რა დაგვხდა? შავებში ჩაცმული დედები, ცოლები, მტირალი უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები. ჩემი დანაყოფი 1993 პარტიზნებში ვიყავით 1994 წლამდე. 1995-ში ეს ბავშვები შევკრიბე, წებოს სუნთქავდნენ. უშუქობაში, ჭუჭყიანები, ეგეთ დღეში. მე და ჩემმა ძმაკაცმა სულ წკეპლით ვცემეთ, სავარჯიშო დარბაზი გავუკეთეთ და იქ შევყარეთ.
ერთი პერიოდი მახსოვს, ვერტალიოტით მოგვიწია წამოსვლა, მოსახლეობაც უნდა წამოგვეყვანა, დაჭრილები და მიცვალებულებიც. ვერ აწია თავი, სავსე იყო. გამოვარდა ლიოჩიკი, გადადით უკან თქვენი დედა და რო გამოვედით უკან, აიწია. ოჩამჩირეში კრუგი როგორც კი დავარტყით, რო დაგვიშინეს იქიდან კაროჩე, ტყვია რო ვარდებოდა კრილოს, ფრთას, ტყლაშ, მიეწებება და ვარდება უკვე ძალა აღარ აქვს. პროსტო ერთი რო გრანატა არ გვესროლეს, არ გაგვიმეტეს, თორე ყველა დაბლა ვეყარეთ რა. შიში უკვე გადაგდებული გვქონდა მაგ დროს.
ერთხელ ჩვენ ბიჭებს გადავეყარეთ შემთხვევით, ექვსი კაცი ვიყავით გასული, ეს იყო გენო კვერნაძის ხალხი. ხუთი თვე იყვნენ ტყვეობაში, წვერები ჰქონდათ მიწამდე. ყოველდღე გაყავდათ, გადატენიდნენ, სიკვდილს გამოუცხადებნენ, ბახ - ცარიელაა. მერე ერთს ექვსი ტყვია ჰქონდა გარტყმული, რბილი საცაა. ხან ლიმონს იპარავდნენ ჩუმად, ხელს გაყოფდნენ, რო არ დაელიათ წყალი.
ომი ჩვენ არ დაგვიწყია არასდროს. ეს ყველაფერი არის რუსის ხელიდან, ქართველი იქ ვეღარ ჩავა. ეს ახლანდელი არ არი, ძველიდან მოდის. თაობას ზრდიდნენ, რო ეს დაენგრიათ, გააკეთეს კიდევაც.
მარტში, დესანტი რო გადმოვიდა, პროსტო, ზღვაზე გავცურეთ ბიჭებმა 500-600 მეტრი. ხელი მოვუსვი და რაღაცაზე მომიხვდა. კატარღაზე დახოცეს აფაზებმა ქალები, ბავშვები და ჩაყარეს ზღვაში. ამოვიტანეთ, ზოგი გაბერილი იყო. დავასაფლავეთ რა.
ყველაზე მაგრად ვერთობოდით ომში. ჩემი კლასელები სუ ერთად ვიყავით. გასართობი იმდენი გვქონდა, ოჯახზე არავინ არა ვფიქრობდით. არც დედა გვახსოვდა, არც მამა. ერთმანეთის სიყვარულში ვმაიმუნობდით რა. ერთმანეთს ვაწვალებდით, რო არ დაძინებოდა. საწყალ თემურას ფეხები დავუწვი, ერთი კვირა იწვა.
ნერვი მე არ გამტოკებია იქა. თან შევეჩვიე ამ ტრუპებს ისე, რო მერე დუშეთის ბატალიონი მინამ რო ააფეთქა, თავი და ფეხები რო გამომქონდა, მალიშა ცუდად გახდა. უკვე იმ დონეზე ვიყავი, რაკუშკებს ვიღებდით, ტაშტი ვიპოვეთ ერთი, რავი, ეტყობა ფეხებს იბანდნენ ხოლმე. გავხვრიტეთ, ვწვავდით რა, რაკუშკებს ვჭამდით, ვერთობოდით. ყველაზე მაგარი არის ერთობა. მაშინ რო ერთობა იყო, დღეს ეგეთი არ არი. ერთმანეთის ხათრით სახლში არ მოვდიოდით. თვენახევარი ვიყავი ერთხელ, არ წამოვედი, თემო არ წამოვიდა, მილეკა და დათო და არც მე წამოვედი. აი, ვფიქრობდი, მე რო წამოვიდე, ვაი და ამას რამე დაემართოს. რო ლიჟბი ერთმანეთს არაფერი არ მოსვლოდათ.
წელიწადი და რვა თვე ბრძოლა იყო, მუხლი არ ჩაუდრეკიათ ბიჭებს. ბევრი დაიხოცა, მარა უკან არავინ მოდიოდა. დაჟე შევარდნაძეს ეგონა, ჩავალო და გამოვიყვანო, მარა მარტოკა წამოვიდა, კაციშვილი უკან არ გამოსულა. ის კი არა, გოგოები იყვნენ ჩემზე მაგარი ვაჟკაცები. ბოლო ოქტომბერში ბიჭები არ გამოდიოდნენ, ალყაში იყვნენ იმენა, მარა მაინც იბრძოდნენ. შედარებას ვაკეთებ მე დღევანდელი და ოთხოცდაათიანი წლების. იმას კი არ ვიძახი, ეხლა გმირები არ იყვნენ, ამათ ენაცვალოთ ჩემი თავი, მარა მაშინ უფრო სხვანაირი ცხოვრება იყო, კიდევაც ვერთობოდით, კიდევაც ვბრძოლობდით და კიდევაც ერთმანეთის სიყვარულში ვიყავით. არცერთი ადამიანი არ იტყვის, რომ ქართველმა დაგვაყაჩაღა. ეს ყველაფერი არის მოგონილი. ეს იყო ძმისშვილი ან დიშვილისგან ნავოტკა. თორე რა ეცოდინებოდა, სიტყვაზე, მცხეთელ მხედრიონელს სოხუმში მცხოვრების ოქრო. სახლში წავიდა, მესამე ოთახის კუთხეში ბანკიდან ოქრო აიღო და წამოვიდა. მკითხავია?
ბევრიც იყო, სამარადიოროდ წასული, მარა მაგასაც ხო თავისებური ვაჟკაცობა უნდოდა, რო წასულიყავი იქ და შკაფი წამოგეღო.
მე არც ავღანელმა გამომიყვანა, არც თეთრი არწიველი იყო, ისევ მხედრიონელმა გამომიყვანა ზურგით, ოთხი კილომეტრი მათრია, ვეხვეწებოდი დამტოვე-მეთქი, ორი ცალი ლიმონკა მქონდა, წელსქვევით მოწყვეტილი ვიყავი. თორე გვერდზე გამიარეს ავლაბრელებმაც. ეგრეა, ერთობა იყო. ეხლა არ არი ერთობა.
ბაგრამიანის ჯიში ამოწყდა.
ეგენი იყვნენ ღამე თავს დაგესხმოდნენ, დილას იმალებოდნენ. პროსტო, ერთი ვიცი, სამი ბიჭი ვნახე ჩემ თვალწინ ყელგამოჭრილი, გალსტუკი ჰქონდა, ენა გადმოგდებული. არც ქართველმა დააკლო და ჩვენმა ვაჟკაცმა ბიჭებმაც მოიგონეს პაპლაოკი და იმის შემდეგ კაცი არ მინახია კისერგამოჭილი.
ბევრი გაჭირვებები გვქონდა, მარა ყველაზე მეტად დაგამახსოვრდება შენ გვერდზე რო კაცი აღარა გყავს. ორი მთასავით ვაჟკაცი ბიჭი მომიკლეს. რო ჩამოდიხარ, იმის მშობლების წინაშე უნდა დადგე და პასუხი აგო, რატო მოკლეს და როგორ. შენ რო ცოცხალი ხარ, ის როგორ მოკვდა. ამ ყველაფერს შენ ხო ფიქრობ, ის კი არ გეუბნება, მარა შენ ფიქრობ მაგას. გვერდი-გვერდ 24 საათი, ერთად ჭამთ, სვამთ, ერთად გძინავთ. მე აქეთ ვიდექი პოზიციაზე და ვხედავ, რო ესროლეს. სომეხი ბიჭი, მაგას ენაცვალოს ჩემი თავი.
ერთი გადახტა. ვისაც შუბლში გაარტყეს, თავს უხვევდა და ამასაც სნაიპერმა ესროლა. ეს გადარჩა, ცოცხალ-მკვდარი იყო, მუხამ გაუკეთა ოპერაცია, სკალა ახადეს. რო ჩამოვედით გაჭირვება იყო. გორგასლის მედალს ყიდდა რა, უნდა გავყიდოო. ჩვენი მეგობარი იყო ტყვეობაში. კლიჩკა ჰქონდა ჩეჩენი. არცერთი ფრჩხილი არა ჰქონდა, ისე იყო ნაწამები. პლასკაგუპცით აცლიდნენ. ისეთი იყო, ორმეშოკა ცემენტს რო აიკიდებდა, მეცხრეზე აირბენდა ხოლმე, მარა მოკვდა რა, ციხეში. ბევრი დაიჭირეს. უსამართლოდ, ტყვიის გულიზა და მთავრობამ არ გვაპატია. ომიდან ვინც ჩამოვედით, ნახევარზე მეტი გაგვალოთეს, გაგვაფუჭეს, ბევრი ჩაიხოცა სპირტით. ცოტას ცოლიც აღარ დახვდა სახლში. ჯერ ამხელა სტრესი, მერე ჩამოდიხარ და მთავრობა გვერდზე არ გიდგას. ბიჭებს პურის ფული არა ჰქონდათ, სამუშაოზე არავინ არ იღებდა. ბურჯანაძემ, ამ ლოთებს და ალკაშებს რა უნდა მივცეთო, რაცა გვქონდა, ისიც წაგვართვეს. შუქის ფული გვქონდა, რაღაცას გვიხდიდნენ, მაგაზეც ნოღაიდელი რო იყო, პრემიერმინისტრი, ხელი მოაწერა, რო ეგეც აღარ მიეცათ ბიჭებისთვის. არავის არ უნდოდა ვეტერანი.
დღესაც გარდაცვლილებში ვწერივარ. წიგნი დაბეჭდეს, 1993 წელს გარდაიცვალა ესა და ეს, ამის ძე. ჩემ ბიჭებში ვარ, ვინც გარდაცვლილები არიან. პირველივე, თან ისე კარგად, დედაჩემს ვუთხარი, სურათი აღარ გაადიდო, აგერ არის-მეთქი.
მარა გულსატკენია, პირველი მე ვარ მკვდრებში. ეს არი რო არ აინტერესებთ და ძველ ინფორმაციებს იღებენ, თორე 93-ში ტელევიზორში მართლა გამოაცხადეს ჩემზე. დაჟე მისამართიც კი თქვეს. ხოდა ერთ საათში შტაბიდან ვურეკავ მამაჩემს, მაშინ ბავშვი შემეძინა. მეთქი ბიჭია, გოგოა, ცოცხალი ხარო? ეხლა გამოაცხადეს, მოკვდაო, მეზობლებმა თქვესო.
ყველაზე მეტი ცხრა დღე ვიშიმშილე ტყვეობაში. ნაღდად ვამბობ, მადლობელი ვარ - დავიკელი. ტყემალი იყო ერთადერთი და ზღვაზე, წყალში რასაც ვიპოვიდით, ეგ. ბოლოს, დიზინტერია დაგვემართა, მთელი ორი თვე ცუდად ვიყავით. კბილები აღარა მაქ, ჭაობის წყალი ვსვი. ერთი გვყავდა, მალიშას ვეძახდით. შიმშილი რა ყოფილა, გაძვრა, ვიღაცის აფეთქებულ სახლში შევიდა და ბადრიჯანს რო ჩადებ ნიორში, აეგ ამოიტანა, ოთხი ცალიღა იყო, სუ, აესე იყარა პირში.
პური არა გვქონდა ხოლმე, თორე კარაქი ჩამოდიოდა. კარაქს ვინა ჭამდა, პოზიციებზე ვერ შეჭამ. მშივრები გავდიოდით, ხან ჭაობში გვიწევდა ჯდომა. მაგალითად, ცუგუროვკაზე, ორი საათი თავი ვერ ამოვყავით, წვიმა იყო. როგორც ფუნიკულიორიდან რო გესვრიან რა, ეგრე იყო. ეხლა იქ შენ კარაქი ჭამო და რაღაცა დაგემართოს, სად უნდა ირბინო. ხან ჭაობში ვიყავით, ხან ორმოში. ჩვენ რო ამოგვერჩია იქ მშრალია და გავალთ, ეგრე არ იყო. ან იქ კაი საწოლებია - არა. ერთი თხელი პლაშპალატკა გვქონდა, გავიფენდით და გვეძინა მიწაზე.
მოსახლეობას აქეთ ვეხმარებოდით. შვილს ვფიცავარ, ყუთებით ბრინჯი, კარაქი და ყველაფერს ვაძლევდით, იმიტო რო ბავშვები ყავდათ. მარა მაინც ორჯერ მიღალატეს. ადგილი არ ვიცოდი, ვითომ გამომყვნენ გამცილებლები და გზიდან დამეთესნენ.
ტყვეობაში რო ვიყავი, ბოთლი, თუ რამე იყო, სუ გამოვრეცხე, სანამ წყალს გადაგვიკეტავდნენ, ყველაფერი დავავსე. შიმშილს გაუძლებ, მარა წყურვულს - ვერა. დაჭრილი რომ გყავს, წყალი უნდა. ამათმა რო გადაგვიკეტეს, ეგონათ დავიხოცებოდით. დანგრეულ ლაბორატორიაში ვიყავით. ვანები სულ სავსე მქონდა. ოცდაათი კაცი რო ხართ, აღარა გშია, ლაპარაკობთ, სიგარეტი კიდე თავისას შვრება რა. მერე უკანა მხრიდან ერთმა კახელმა ბიჭმა აღმოაჩინა ტუნელი, პადვალი, ერთი ორას-სამას მეტრაში ზღვის იქით ნაპირზე გადიოდა, გავიპარეთ ნელა-ნელა. ცოტა მიწა იყო ჩამოყრილი, გამოთხარეს ჯანიანი ბიჭები ვინც იყვნენ და გავედით. კაზაკებმა რა იცოდნენ, კიდე ორი კვირა იდგნენ, ჩვენ გველოდებოდნენ, დავიხოცებოდით თუ არა.
მე ჩემი ჯარის აფხაზ ძმაკაცებს ჯუპუა და აშუბას ჩემ წინააღმდეგ შევხვდი. ხმაზე ვიცანი. აქედან ვუყვირივარ, ბიჭო, ესა ვარ. იქიდან მიყვირის, არ დაგითმობო. მე რას დამითმობ, ან რა უნდა დამითმო, ჩემ ხელში ხარ.
ჩემთვის ომის შემდეგ არაფერი იცვლება. ბოლოს, აფხაზი დედები მყავდა ჩამოყვანილი. 56 დედა. ჩვენებიც იყვნენ, ოსებიც და ერთმანეთს შეხვდნენ. ამათმა უნდა შეარიგონ საქართველო, აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა, ხო იმასაც შვილი მოუკვდა და ამასაც.
შენიშვნა: სახელები, რესპოდენტების თხოვნით შეცვლილია.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი