გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე სინდისის პატიმარი ბათუმი პოლიცია ქართული ოცნება

ბათუმის აქციების მედროშე | თემურ ქათამაძის პროტესტის ისტორია

„პირადი ბრძოლა საერთო ბრძოლას შევუერთე!”

ბათუმის აქციები ხელახალი არჩევნების მოთხოვნით დაიწყო იმავე საღამოს, როცა ხალხი თბილისში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. 28 ნოემბრის საღამოს წვიმდა. ხალხის ნაწილი ქოლგებით ხელში მთავრობის სახლთან იდგა. ნაწილი, ჯგუფად შეკრული, ქუჩებში დადიოდა.

მომდევნო დღეებში აჭარის ტელევიზიასთან გადაინაცვლეს და თავიდანვე გამოიკვეთა, რომ საერთო მოთხოვნები უცვლელი კი ჰქონდათ, მაგრამ თბილისისგან განსხვავებული საპროტესტო დინამიკა და საპროტესტო სათქმელი გაუჩნდათ. ბანერებზე პირველ დღეებში წერდნენ: „მონების ბოლო ზარი”, „ძალა ხალხშია”. არ უყურებდნენ, ცენტრალური ტელევიზიები რა სიხშირით აშუქებდა ბათუმის პროტესტის ამბავს.

სამაგიეროდ, თვითონ ტელევიზიებმა გამოარჩიეს თემურ ქათამაძე, რომელიც აქციების პირველივე დღეებიდანვე მიდიოდა ყველგან, სადაც იკრიბებოდა ხალხი და დიდხანს, დაუღალავად აფრიალებდა საქართველოს დროშას. ყურადღებას ამ საქციელის სიჯიუტითაც იპყრობდა და გარეგნობითაც. მას სულ თეთრი თმა და წვერი აქვს და სხვაში ადვილად ვერავის აერევა.

პირველად 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე დააკავეს, მიზეზი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა იყო. თუმცა, თვითონ ასე აღწერს:

„აქციის შუაგულში, წინა ხაზიდან 20 მეტრში, ხელში დროშით და სასტვენით ვიდექი. 10 პოლიციელი შემოვარდა ხალხში, ერთი დააკავეს და შემდეგ ჩემკენ წამოვიდნენ. ერთი პოლიციელი შემახტა და ჩემი ქართული დროშის ტარი შუაზე ჩამიტეხა. იმ წუთას მომესმა - მედროშე ბაბუც დააკავეთო“.

თემურ ქათამაძეს ბათუმის აქციებზე საქართველოს დროშის დაუღალავად ფრიალისთვის შეარქვეს მედროშე. ასე დაიმახსოვრა ხალხმა ის არა მარტო ნოემბრის ბოლოს უწყვეტად განახლებული აქციების, არამედ ყველა სხვა ბოლო წლების საპროტესტო გამოსვლიდან. 

* * *

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს. მაგრამ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან. ეს სამჯერ მოხდა – 2012, 2015 და 2019 წლებში, ამიტომ ბათუმში ცხოვრებას დროებითი ბინადრობის ნებართვით აგრძელებდა, თუმცა, 2020 წელს საბუთს მოქმედების ვადა აღარ გაუგრძელეს. დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. ამიტომ ხელისუფლების კრიტიკას ხმამაღლა მოჰყვა. 2019-დან მოყოლებული, ფაქტობრივად, სისტემასთან დაპირისპირებაშია, ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა.

„მე ჩემი პირადი ბრძოლა საერთო ბრძოლას შევუერთე და არჩევნების გაყალბების და ევროპის კურსიდან რუსეთისკენ საქართველოს წასვლის შემდეგ დაწყებულ მასიურ პროტესტებში ჩავერთე. ეს საქმიანობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – საქართველოს ევროპული მომავლისთვის სამშობლოს სადარაჯოზე განუწყვეტლივ გატარებული 45 დღე…”, – ასე უთხრა 2024 წლის დეკემბერში გაზეთ „ბათუმელებსაც”.

სწორედ ამ კანონდარღვევისთვის – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის დარღვევისთვის, დააკავეს ხელმეორედ მედროშე თემურ ქათამაძე 16 იანვრის ღამეს.

* * *

პოლიციელი თეთრთმიან, საშუალო ასაკის ადამიანს უხსნის რატომ აკავებს. თუმცა, სიტყვებს გაურკვევლად და სწრაფად წარმოთქვამს და მხოლოდ ნაწყვეტებად ისმის: „საქართველოს კანონმდებლობის… სამართალდარღვევა… განჩინება…”. თითქოს, თავისთვის ბუტბუტებს და სანამ ლაპარაკობს, თემურ ქათამაძეს არ აცილებს მზერას. წინადადება დასრულებული არ აქვს, ხელს მკლავში ჰკიდებს და ამ დროს უკვე გარკვევით ისმის:

- დაკავებული ბრძანდებით.
- რატო? – სვამს კითხვას ბათუმის საკრებულოს წევრი, აკაკი გვიანიძე, რომელიც ტელეფონით იღებს დაკავების ფაქტს.
- განვუმარტეთ უკვე მოქალაქეს.
- თავიდან განგვიმარტეთ.
- დანარჩენ დეტალებზე მიმართეთ პრესცენტრს.
- რაო, თემურ, რატომ დაგაკავეთო?
- ალბათ, აქ ყოფნის ვადის გასვლის გამო, არ ვიცი.
- რას ეტყვი ხალხს?

სამ პოლიციელს დაბნეული თეთრთმიანი კაცი უსიტყვოდ მიჰყვება. დაკავებულია! – ისმის ვიდეოში.

ახალი ამბავი სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიებში მომენტალურად ვრცელდება: „ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული [ხუთი დღით], 16 იანვარს გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს. მალევე ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება, რომ თემურ ქათამაძის დაკავების მიზეზი მისი საქართველოში არალეგალურად ყოფნაა.

პროტესტის და მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად თემურ ქათამაძემ 17 იანვრიდან შიმშილობა გამოაცხადა.

შსს სამინისტროს მოტივი, რითაც აქციების მედროშის მეორედ დაკავებისას იხელმძღვანელეს, სარწმუნოდ არც აქციებზე მდგომ ბათუმელებს მიაჩნიათ. უნდობლობასა და უსამართლობის შეგრძნებას ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთი სახლის კედელზე გაჩენილი წარწერა გამოხატავს:

„რუსებს – მოქალაქეობა, ლაზი მედროშე – ისტორიული სამშობლოს გარეშე. მო*ნთ სამართალი“.

„მე ვარ თემურ ქათამაძე, თურქეთის ეთნიკურ ქართველთა, ჩვენებურთა, ერთ-ერთი  მოქმედი ლიდერი, წარმომადგენელი და აქტივისტი, – მეორედ დაკავებიდან რამდენიმე დღეში თემურ ქათამაძის იზოლატორიდან გამოგზავნილი წერილი ვრცელდება, – ორმოცი წელია, ვემსახურები თურქეთში ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემის საქმეს”.

წერილიდან ვიგებთ, რომ თემურ ქათამაძის, იგივე გაფფარ ილმაზის წინაპრები ქობულეთის სოფელ ხინოდან არიან. 150 წლის წინ, მუჰაჯირობისას, თურქეთის ორდუს პროვინციაში, ფაცას რაიონში ჩასახლდნენ. თვითონ თემური სტამბულში დაიბადა, მაგრამ სკოლის ასაკამდე ბებია-ბაბუასთან ფაცაში იზრდებოდა. საქართველოზე მეხსიერებას ისინი ინახავდნენ და უყვებოდნენ თემურსაც. მაგალითად, ახსოვს, რომ ბაბუას ბოსტანში ხარობდა მსხლის ხე, რომლის ნერგიც აჭარიდან წაეღოთ.

მუჰაჯირების შთამომავალი სტამბოლის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. საქართველოში პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა. „ძველი იკარუსის ავტობუსში ავედი. 24 საათი ფეხზე მდგომმა ვიმგზავრე და ასე ჩამოვედი პირველად ბათუმში. შოკი მქონდა. ყველაფერი საბჭოური იყო. შენობები, მანქანები… სამი თვე დავრჩი”, – იხსენებს „ბათუმელებთან” ინტერვიუში თემურ ქათამაძე.

1990-იანი წლების შემდეგ კი საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა და აღარც წასულა. 2016 წელს ბათუმში დააფუძნა მსოფლიო ქართველთა კავშირი „ფენიქსი“ ირანისა და თურქეთის ეთნიკურ ქართველებთან ერთად. მიზანი იყო თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენისა და ქართული კულტურის შენარჩუნება.

თურქეთში თემურ ქათამაძეს შვილი, თამარი და ოჯახის სხვა წევრები ჰყავს. შვილს სახელი თამარ მეფის პატივსაცემად დავარქვიო, – ამბობს „ბათუმელთანს” ინტერვიუში.

* * *

შეუსაბამო მოქცევა თემურ ქათამაძის მიმართ მისი პირველი დაკავებისთანავე გამოვლინდა. როგორც თავად იხსენებს, სამმართველოს შენობაში შეყვანისას ძირს დააგდეს და ხელებითა და ფეხებით სახეში სცემეს.

„გაშლილი ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. მაგინებდნენ და ,,თურქს” მეძახდნენ. „შენ ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ პოლიციელებს ბრძანებას ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე აძლევდნენ.

თემურ ქათამაძის საქმეში კიდევ ერთი ყურადსაღები დეტალია. შს სამინისტრომ, მიმალვის საფრთხის მოტივით, იშუამდგომლა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და თემურ ქათამაძის დროებითი მოთავსების ცენტრში დატოვება საგანგებოდ მოითხოვა. ქათამაძის ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის თქმით კი, ქვეყნიდან გაძევების საჭიროებაც რომ დადგეს, არ არის სავალდებულო, ადამიანი საქმის დასრულებამდე იზოლატორში დატოვო. თანაც, მისთვის ძნელია ისეთი არგუმენტის პოვნა, რომელიც თემურ ქათამაძის მიმალვის საფრთხეს დაადასტურებდა: ადამიანს, რომელსაც მიმალვა უნდა, ნაკლებსავარაუდოა, საჯაროდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს და დემონსტაციულად დროშას აფრიალებდეს.

იზოლატორში მოთავსების შემდეგ, მუჰაჯირების შთამომავალმა ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსი მოითხოვა და მიმართა საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. 

„ეს განცხადება შეიტანა 20 იანვარს და 23-ში უკვე პასუხი მიიღო: განცხადება არ დაკმაყოფილდა. ანუ, სამინისტრომ 3 დღეში განიხილა განცხადება, რომლის განხილვისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა. დაჩქარებული წესით კი, ვადა ერთ თვემდეა. მათ კი, სამ დღეში შეძლეს გადაწყვეტილების მიღება. ვერაფრით შეისწავლიდნენ ასეთ მოკლე დროში. მით უმეტეს, თემურსაც არ ჰქონდა საკმარისი დრო, შესაბამისი მტკიცებულებები შეეგროვებინა. მოხდა კიდევ ერთი რამ: როცა თემურ ქათამაძემ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა სამინისტროს, შს სამინისტრომ კიდევ ერთხელ იშუამდგომლა სასამართლოში, რომ ის იზოლატორში დარჩენილიყო. მიიჩნიეს, რომ ეს სტატუსი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ქვეყნიდან გაძევების საქმე როგორმე გაეჭიანურებინა”, – ამბობს მარიამ გაბროშვილი და განმარტავს, რომ როცა პირი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელია, მას ქვეყნიდან ვერ აძევებ.

სასამართლომ ამჯერადაც გაიზიარა შუამდგომლობა და თემურ ქათამაძე იზოლატორში 3 თვით დატოვა. ის ახლა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრშია.

ადვოკატმა ბოლოს 7 თებერვალს ნახა, შიმშილობის 22-ე დღეს. უკვე ძალიან სუსტად იყო, გადაადგილება უჭირდა, 15 კილოგრამი დაიკლო. ამ მდგომარეობით სასამართლო სხდომას წესით ვერ უნდა დასწრებოდა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იზოლატორში თავად ჰქონდა, ამიტომ ზეპირ სხდომაზე მაინც გამოცხადდა. 3 მოწმე ახლდა და დამატებით 23 წერილობითი მტკიცებულებაც თან ჰქონდა. ადვოკატი გვეუბნება, რომ სასამართლომ არც ერთი მტკიცებულება არ მიიჩნია საქმესთან უშუალოდ კავშირში. არც მოწმეები დაუკითხავს. ამის შემდეგ, თემურ ქათამაძემ ადვოკატთან ერთად, პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო დარბაზი. საბოლოოდ, არ დააკმაყოფილეს თემურ ქათამაძის საჩივარი და მისი პატიმრობა ძალაში დატოვეს.

თემურ ქათამაძის იზოლატორიდან გამოგზავნილი ცხრაგვერდიანი წერილი ასე მთავრდება:

„მინდა მივმართო ქუჩაში მყოფ ადამიანებს! ყველანი მიყვარხართ! დღეს ჩემი ბრძოლა ქართველობისთვის და სამშობლოსთვის უკვე დაგვირგვინებულია. მე ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც აქამდე ვაკეთე. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი ყოფილა…”.

______________________________

ტექსტი დაიბეჭდა „ბათუმელებისა” და „ინდიგოს” სპეციალურ გამოცემაში - „სინდისის პატიმრები“, რომელზეც სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებმა იმუშავეს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა