გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რეზო კიკნაძე სინდისის პატიმრები პროტესტი აქცია აქტივიზმი მზია ამაღლობელი ბათუმელები ნეტგაზეთი ინდიგო გაზეთი

რას არ ერქმევა მშვიდობა არასდროს? | რეზო კიკნაძის საქმე

„ჩემი საყვარელი სერიალის საყვარელი პერსონაჟი თავის კორუმპირებულ სასამართლოზე ამბობს: „ნეტავ, მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ… აქ სამართალს ვერ ვიპოვი, ამიტომ …ორთაბრძოლით გასამართლებას მოვითხოვ“. რაღაცით ჰგავს ჩვენს დღევანდელ ყოფას, ხო? უდანაშაულო ტირიონი მხოლოდ იმის გამო ისჯებოდა, რომ ჯუჯა იყო, უდანაშაულო მეს კი სამშობლოს სიყვარული მედება ბრალად. ისე, როგორ ანომალიურ ქვეყნად ვიქეცით რუსული ხელისუფლების ხელში, დააკვირდით? – გვაქვს უსამართლო სასამართლო და კრიმინალი პოლიცია”.

27 წლის პატიმარს, რეზო კიკნაძეს, სიტყვის ბოლომდე წარმოთქმის საშუალება 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ მისცეს. შემინულ კაბინაში ბრალდებულის სკამიდან ცდილობდა დარბაზში მსხდომთათვის აეხსნა, თუ რატომ არ შეატანინეს პროცესზე მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი”:

„...„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად ასეა – ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს, თავისიანებიც კი ტოვებენ, რადგან შიში და ძალაუფლება…” – ამის შემდეგ მიმართვის გაგრძელება რეზომ ვეღარ შეძლო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიჩნია, რომ ამ ლიტერატურულ მიმოხილვას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და რეზოს დარბაზი დაატოვებინა.

როცა მიხვდა, რომ დარბაზიდან გაჰყავდათ, რეზომ სწრაფად და ხმამაღლა რამდენიმე ფრაზა შესძახა. მათ შორის იყო:

„მონობას არასოდეს ერქმევა მშვიდობა”.

„ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდა, ებრძვის და ასე იბრძოლებს”. 

ჯიბეში – ქვა

რეზო კიკნაძის წინააღმდეგ ორი საქმეა:

მას ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად ის წინასწარ პატიმრობაშია.

და, ასევე, ედავებიან 25 ნოემბრის საპროტესტო მანიფესტაციის დროს ქვის ტარებას. ადმინისტრაციული საქმე 174-ე პრიმა მუხლით არის აღძრული და ითვალისწინებს 5000 ლარამდე ფულად ჯარიმას.

რეზო კიკნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ციხე „პატრიოტობის გამო” მიუსაჯეს.

რეზო კიკნაძე 6 დეკემბერს, დილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი მიუთითებს მის საქმეში არსებულ არაერთ დარღვევაზე დაკავების დროსაც და შემდეგაც. ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ რეზოს და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არ უნახავთ და ყველამ ერთმანეთი სასამართლო პროცესზე გაიცნო.

საქმეში წერია, რომ რეზო კიკნაძე ლისის ტბაზე დააკავეს. თუმცა თავად რეზო ამბობს, რომ ის მეტრო „უნივერსიტეტთან” აიყვანეს და ლისის ტბისკენ მერე წაიყვანეს.

რეზოს დედა მაია ლეკიშვილი იხსენებს, რომ როგორც წინა დღეებში, 5 დეკემბერსაც, დილას რეზო აქციიდან სახლში, რუსთავში დაბრუნდა. დაისვენა და საღამოს ისევ უკან თბილისში წავიდა. დედამ იცოდა, რომ შვილი მთელი ღამით აპირებდა აქციაზე დარჩენას და შინ მეორე დილით დაბრუნდებოდა. დილის 10 საათისკენ დედას შეატყობინა კიდეც, რომ მეტრო „უნივერსიტეტთან” იყო – სახლისკენ გზაზე.

„11 დაიწყო, აღარ მწერდა და რომ აღარ შემეხმიანა, დავრეკე. ჩემი შვილი უხეშად არასდროს მპასუხობდა, არასდროს. ვუთხარი, „დედა, ვნერვიულობ-მეთქი, სადა ხარ, არ მოდიხარ”? „აქ აღარ დარეკოო”, – მითხრა ვიღაცამ და გამითიშა. რას წარმოვიდგენდი, სხვა რომ იქნებოდა…”, – მაია ლეკიშვილი იხსენებს, რომ რეზოს დაკავება პოლიციამ შეატყობინა საღამოს და სახლში დაბრუნებულს პოლიციის თანამშრომლებით სავსე დახვდა ეზო.

კიკნაძის საქმეში არის მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ რეზო მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ტვ პირველმა“ გაავრცელა, ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და იქვე, მეტროსადგურში მდებარე პოლიციის ოთახში შეიყვანა. ადვოკატი ამბობს, რომ არიან სხვა მოწმეებიც, რომლებიც რეზო კიკნაძის მეტრო „უნივერსიტეტში” დაკავებას ადასტურებენ.

თუმცა, ელგუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების გამო განადგურდა კამერების ჩანაწერები:

„კამერების ჩანაწერებზე რომ ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, როგორც მეტროს ჩანაწერებზე, ასევე 112-ის ჩანაწერებზე. არსებობს 112-ის კამერები, რომელიც 30 დღე ინახება, თუმცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ ამოიღო კადრები, ამის გამო 30-დღიანი ვადა გავიდა და ჩანაწერები განადგურდა. ამ კადრებით დასტურდებოდა, რომ ცკპდ-ს (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის) თანამშრომლებმა რეზო კიკნაძე წაიყვანეს ლისზე. …სისტემურად ხდება რევაზ კიკნაძის მიმართ საქმის გაყალბება და შეკერვა; სისტემურად, ყველა უწყების მხრიდან”, – განმარტავს ადვოკატი.

ე.წ. სამართალდამცავები, ვინც რეზო ლისზე წაიყვანა, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ აქციებზე პოლიტიკოსების ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მოქმედებდა, რის სანაცვლოდაც იღებდა თანხას. რეზო კიკნაძემ არ აღიარა.

„აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად“, – წერდა რევაზ კიკნაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.

„ჩემი შვილი არის ძალიან ურყევი და ტყუილს არ იტყოდა. არ თქვა ტყუილი, ვერ გატეხეს ჩემი შვილი. ისეთი ზეწოლის ქვეშ იყო იქ. ჯერ ხო 6 საათი შეკრული ჰქონია ხელები და საპირფარეშოშიც არ აძლევდნენ გასვლის უფლებას. ტყუილი რომ ვერ ათქმევინეს, უფრო გადაეკიდნენ”, – ამბობს რეზოს დედა მაია ლეკიშვილი.

ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ჰყვება, რომ რეზო კიკნაძეს ბრალი ისე წაუყენეს, ადვოკატს საქმის მასალები არ მიაწოდეს. მხოლოდ ბრალის წარდგენის შემდეგ გადასცეს დამტვრეულ დისკზე ჩაწერილი მასალები.

ვინ არის რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული დადიოდა აქციებზე. „ევროპულ ქვეყანაში უნდოდა ცხოვრება და არ უნდოდა რუსეთი. მას მხოლოდ სამშობლოზე შესტკიოდა გული”, – ამბობს რეზოს დედა.

2025 წლის 7 იანვარს რეზო ციხეში გახდა 27 წლის. დაკავებამდე ის კომპანია „ევოლუშენში” მუშაობდა და მშობლებთან, მაია ლეკიშვილთან და ილია კიკნაძესთან ერთად რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ რვასართულიან კორპუსში ცხოვრობდა.

სახლი მოკრძალებულია, ძველი შპალერით და ავეჯით. სასტუმრო ოთახში მაგიდაზე რეზოს კომპიუტერი დგას. მაია ლეკიშვილი გვიამბობს, რომ აქ უყურებდა რეზო ფილმებს, კითხულობდა წიგნებს და შემდეგ ამ წიგნებს მეგობრებთან ერთად განიხილავდა.

რეზოს ოთახში კედელზეა გაკრული საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი ფოტო. „რეზო რეალი” – ასე იცნობენ მას მეგობრები, რადგან ბავშვობიდან მადრიდის საფეხბურთო კლუბის, „რეალის” გულშემატკივარია.

რეზოს დედა შვილის სიგელებს გვათვალიერებინებს: პირველი ადგილი მათემატიკაში, ინგლისურში, კიკბოქსინგში. დედა ურჩევდა ხოლმე საზღვარგარეთ სწავლას, ცხოვრების იქ აწყობას, თუმცა რეზოს პასუხი არ იცვლებოდა:  „დედა, იქ რა მინდა. ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ, მე ჩემი საქართველოს გარეშე ყოფნა არ შემიძლიაო”.

სკოლის დამთავრების შემდეგ რეზო ჯერ ბიზნესს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 50-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით, თუმცა 2 წლის შემდეგ მიხვდა, რომ ბიზნესი მისი საქმე არ იყო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია. „8-9 წლის იქნებოდა, როდესაც სხვადასხვა ისტორიას იგონებდა, ბლოკნოტში იწერდა და თავად აფორმებდა. „რეზო კიკნაძე – გამოიცემა 2006-2007 წლიდან” – ასე აქვს გაფორმებული ერთ-ერთი ბლოკნოტი”, – ჰყვება რეზოს დედა.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 70-პროცენტიანი გრანტით კი ჩააბარა, მაგრამ რადგან მანამდე უკვე იღებდა დაფინანსებას, სწავლა მეორედ აღარ დაუფინანსეს. ამიტომ მეორე კურსზე, როდესაც პანდემია დაიწყო, იძულებული გახდა, ფინანსური პრობლემების გამო, სწავლა შეეწყვიტა.

„ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, ჩემი მშობლებია… შევხვდებით 4 წელში (ან უფრო ნაკლებში). იმედია, ოდესმე სამართალი იზეიმებს. და თუ არ იზეიმებს, არა უშავს, მაინც ბევრად უფრო კარგად გრძნობ თავს, როცა სიმართლის მხარეს დგახარ. გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ბრძოლა!

…პ.პ.ს. როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი და იქ დავდგები, სადაც ყოველთვის ვიდექი — ანუ ხალხის და ჭეშმარიტების მხარეს“, – წერს რეზო მეგობრებს.

ჯგუფური ძალადობის საქმეში რეზო კიკნაძესთან ერთად კიდევ ათი ადამიანია: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი  და ირაკლი ქერაშვილი. ამავე ნომერში ნახავთ სტატიებს ონისე ცხადაძესა და ლუკა ჯაბუას შესახებ.

როცა გამოვალ, ეგრევე, თქვენთან გამოვიქცევი და იქ დავდგები, სადაც ყოველთვის ვიდექი.

______________________________

ტექსტი დაიბეჭდა „ბათუმელებისა” და „ინდიგოს” სპეციალურ გამოცემაში - „სინდისის პატიმრები“, რომელზეც სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებმა იმუშავეს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა