
„აქციები კი არა, მალე ზამთარი გაილევა” | ონისე ცხადაძის საქმე
„ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი, რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით”.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთაგან, რომლებიც, სინამდვილეში ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, ერთ-ერთია 28 წლის იუმორისტი ონისე ცხადაძე. დანარჩენი 10 ბრალდებულის მსგავსად, ონისემაც სხვები სასამართლო დარბაზში ნახა პირველად.
„არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა, რომ ნაკლები გავაკეთო ვინმეზე”, – თქვა ონისე ცხადაძემ 2025 წლის 10 იანვარს გამართულ პროცესზე.
საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ერთ მხარეს სპეციალური დანიშნულების რაზმი დგას, მეორე მხარეს – აქციის მონაწილეები და, სავარაუდოდ, მათ შორისაა ონისეც. ერთ ვიდეოში პირბადით მყოფი ონისე ცხადაძე ორჯერ დაიხრება და გზაზე დაგდებულ პატარა საგანს აიღებს. ონისე ხსნის, რომ ეს იყო ე.წ. ფერადი კვამლის გასაშვები კაფსული, შემდეგ კი წყლის ბოთლს და ხის ფიცარს ისვრის სპეცრაზმელებისკენ. პარალელურად, ვიდეოებში განუწყვეტლივ ისმის სპეცრაზმელების მუქარა, გინება და სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეების მიმართ.
თუმცა არ ჩანს, სად ვარდება ონისეს ნასროლი საგნები, ან ხვდება თუ არა რომელიმე სპეცრაზმელს. საქმეში არც სხვა რაიმე მტკიცებულება მოიპოვება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ონისეს ქმედება სპეცრაზმელს აზარალებს.
ბრალდებულის ადვოკატები, ასევე, სხვა იურისტები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს არც საქმის ჯგუფურობას და არც მონაწილეობას რაიმე ტიპის ძალადობაში.
„არც ერთ მათგანს არა აქვს არავითარი კავშირი და არც ჰქონია არავითარი კომუნიკაცია არც ერთ სხვა ბრალდებულთან. მათ ერთმანეთი გაიცნეს სასამართლო დარბაზში, ამიტომ რაიმე ტიპის ჯგუფურობაზე აპელირება წმინდა წყლის სამართლებრივი აბსურდია, როგორც დოქტრინულად, ისე – ლოგიკურად”, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსით გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რაც იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, ონისე ცხადაძის ბრალდების საქმეში კი არათუ მტკიცებულება არამედ, საერთოდ არ არის დაზარალებული პირი”, – ვკითხულობთ ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა” (GDI)-ს დოკუმენტში, რომელიც ონისეს საქმის შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდა.
ონისე ცხადაძემ საქმის აბსურდულობაზე 10 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მან მოსამართლეს ასე მიმართა:
„...ჩანს ბოთლის სროლა, და ასევე … ე.წ. კვამლს რომ უშვებს – მხოლოდ ფერს, მაგ პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.
რაც შეეხება სასჯელს – 4-დან 6 წლამდე. ანუ, ამ ბრალდებაზე რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. ანუ, თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე…
თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის” კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”, – ამბობს ონისე და ასანთის კოლოფს ისვრის.
დაკავება
ონისე ცხადაძემ ბავშვობა ძმასთან სანდრო ცხადაძესთან ერთად თერჯოლაში გაატარა. თბილისში სტუდენტობის პერიოდში ჩავიდა, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის მიმართულებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს სფერო განსაკუთრებით არ აინტერესებდა.
ძმასთან ერთად 2017 წელს მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. შემდეგ ერთი წელი გერმანიაში გაატარა, მაგრამ უცხო ქვეყანაში ცხოვრება გაუჭირდა და დაბრუნდა. მალე „ახალი შაბათი შოუს” გუნდში მოხვდა იუმორისტად და დღემდე ამ სფეროშია. კითხულობს იუმორისტულ სთენდაფებს იუთუბგადაცემაშიც.
ონისე დაკავებამდე ძმასთან ერთად თბილისში, ერთ-ერთი ავტოფარეხის თავზე მოწყობილ ბინაში ცხოვრობდა. ძმასთან ერთად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებშიც.
30 ნოემბერს, აქციის დარბევისას, ონისე და სანდრო ერთად იყვნენ აქციაზე. ორივენი სცემეს. არეულობაში ერთმანეთი დაკარგეს. ონისეს ძმამ, სანდრომ ამიტომ მოგვიანებით გაიგო, რომ ონისე ცემისას ერთმა სპეცრაზმელმა იცნო და გამოუშვა: შენ ის არ ხარ, სკეტჩებს რომ აკეთებსო.
მეორე დღეს ონისე თერჯოლაში ძმის მანქანით წავიდა. „ნეკნი ჰქონდა დაზიანებული, თან ფიქრობდა, რომ ცოტათი იქაურობასაც გამოაცოცხლებდა”, – ამბობს სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში. და მართლაც, ონისე ცდილობდა საპროტესტო აქციების და მარშების ჩატარებას. 3 დეკემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ შედის ონისე რუპორით ჯვარის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს მიმართავს.
ვიდეოს, ძირითადად, ავრცელებდნენ პროსამთავრობო ტელეარხები ტექსტით: „რადიკალი აქტივისტი ონისე ცხადაძე სკოლაში შეიჭრა და ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს”.
4 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ონისემ დაწერა: „დაფინანსებულია „იმედის” მიერ მოჭრილი ჩემი ვიდეოები და სიმართლე არსად ჩანს. ძაან გთხოვთ, ჩამრთეთ ვინმემ, ხო შეიძლება”.
ონისე ცხადაძე მეორე დღეს თერჯოლაში, ოჯახის კუთვნილ სახლში დააკავეს. სანდრო იხსენებს, რომ ონისეს ორსართულიანი კერძო სახლის პირველ სართულზე ეძინა. იქვე იყო ბებია. მეორე სართულზე კი ონისეს მამა იმყოფებოდა. ოჯახის წევრების აღწერით, დიდი ოდენობით პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და „ყველა კარიდან შევიდნენ სახლში, თითქოს ტერორისტი აჰყავდათ”, – ამბობს სანდრო.
ონისესთან ოჯახი პირადი შეხვედრების შესაძლებლობას იყენებს, საუბრობენ ტელეფონით. თუმცა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება ონისესთვის წერილებია.
„სიცოცხლის ფასადაც კი მიღირს იმ რეალობასთან ბრძოლა, სადაც გოგა ხაინდრავა მოღალატეებს გვეძახის „იმედის” ეთერში და, მომდევნო დღეს, იგივე ეთერში, იმავეს იმეორებს ზვიად გამსახურდიას შვილი (ზვიადი, ალბათ, ამ დროში, საკუთარ შვილს დაუძახებდა KGB-ს აგენტს, ცოცხალი რომ იყოს).
საკანში ყოფნა მირჩევნია იმ რეალობასთან შეგუებას, სადაც შალვა რამიშვილი უზნეოებს გვეძახის, ამ დროს კი საკუთარ შვილსაც არ უყვარს. და განათლებას გვიწუნებს სოკრატე სულთანიშვილი და არისტოტელე ოდიშარია. ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით.
ავისრულებ ჩემს ოცნებას და მსოფლიო გამიცნობს.
ხო და, კიდევ, ყველაზე მთავარია მზია ამაღლობელი!” – 30 იანვარი, ონისე ცხადაძე.
ონისე ცხადაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემდეგი სასამართლო პროცესი 2025 წლის 5 მარტს არის დაგეგმილი.
„თუ ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის“ კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”
– ამბობს ონისე და ასანთის კოლოფს ისვრის.