გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე

თუ შეწყვეტთ ბრძოლას, დაგავიწყდებათ ჩვენი სახელები | ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. მათ პროკურატურა 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების, ალფა-პვპ-ს ფლობას ედავება, თუმცა, ისინი ბრალს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო. დაკავებას თბილისის საპროტესტო აქციებში აქტიურობას უკავშირებენ: ანასტასია და არტემი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ნოემბერ-დეკემბრის პირველ, ყველაზე დაძაბულ ღამეებში ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ. 

რა ვიცით ამ წყვილზე

ანასტასიას და არტემს საქართველოში ნათესავები არ ჰყავთ. მათ შესახებ ინფორმაციას აქ გაცნობილი მეგობრებისგან ვაგროვებთ.

31 წლის ანასტასია ზინოვკინა სამოქალაქო აქტივისტია. 2012 წლიდან პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე იყო რუსეთში. არაერთხელ დააკავეს ხან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის, ხან კი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. იყო ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი. ინტერნეტში მისი აქტიურობის და დაკავების ამსახველი რამდენიმე ვიდეო იძებნება. საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა, მაგრამ მალევე გადავიდა სომხეთში.

არტემ გრიბული 24 წლისაა. ის რუსეთიდან რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში დაწყებულ მობილიზაციას გამოექცა და თავდაპირველად სომხეთში ჩავიდა, სადაც თავისი სპეციალობით IT სფეროში დისტანციურად მუშაობდა.

არტემმა და ანასტასიამ ერთმანეთი სომხეთში გაიცნეს. საქართველოში კი უკვე ერთად ჩამოვიდნენ 2024 წლის მიწურულს, დაკავებამდე ორი თვით ადრე.

„თავისუფლად მოვიგებდით კონკურსს სისწრაფეში – ჩამოვედით ქვეყანაში, როგორც ტურისტები და ორ თვეში პოლიტიკურ კანონდამრღვევებად ვიქეცით“, – წერს ანასტასია წერილში, რომელიც გაზეთ „პოლიტპატიმრების წერილებში“ გამოქვეყნდა.

საქართველო წყვილისთვის დროებითი საცხოვრებელი იყო. ისინი სამხრეთ ამერიკაში გეგმავდნენ გამგზავრებას. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ 2025 წლის იანვარში წავიდოდნენ და ავიაბილეთებიც ნაყიდი ჰქონდათ.

სასამართლოს დარბაზი ახლა ერთადერთი ადგილია, სადაც ანასტასია და არტემი ერთმანეთთან შეხვედრას და გადალაპარაკებას ახერხებენ. ანასტასია რუსთავის ქალთა ციხეშია, არტემი – გლდანის ციხეში.

არტემისა და ანასტასიას ოჯახებმა მათი დაკავების შესახებ იციან, მაგრამ, საქართველოში ჩამოსვლას და მათ პროცესებზე დასწრებას ვერ ახერხებენ. წყვილის სასამართლო პროცესებზე საქართველოში მცხოვრები სხვა რუსი აქტივისტები და მათი ქართველი მეგობრები დადიან.

მათ შორის არის მარინა მესხი – თბილისში მცხოვრები აქტივისტი. მას შემდეგ რაც ანასტასია და არტემის დაკავება შეიტყო, მარინამ იფიქრა, რომ საქართველოში მათი მომკითხავი არავინ იქნებოდა და წყვილზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. მარინა გამუდმებით სწერს მათ წერილებს, დადის პროცესებზე, უგზავნის ტანსაცმელს, საჭმელსა და წიგნებს. ერთ-ერთ ბოლო პროცესზე ანასტასიას მისი ნაყიდი, მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა.

მარინა ამბობს, რომ არტემიც და ანასტასიაც მხნედ არიან. ანასტასია სულ ითხოვს სასამართლო პროცესებიდან საქმის მასალებს რუსულ ენაზე, ეცნობა და პროცესებზე მომზადებული მოდის, „აქტივისტია და ამას ციხიდანაც აგრძელებს“.

ანასტასია ხშირად წერს საჯარო წერილებსაც.

„ვთხოვ ყველას, ვინც ამ წერილს წაიკითხავს, არ შეგეშინდეთ, არამედ გაბრაზდით! დიახ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩემი და არტემის ცხოვრება, რადგან თუ შეწყვეტთ ბრძოლას, დაგავიწყდებათ ჩვენი სახელები“, – წერს იგი ერთ-ერთ წერილში.

დაკავება

ანასტასია და არტემი კრიმინალურმა პოლიციამ 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავა. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებიან, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ანასტასიას და არტემის საქმე ძალიან ჰგავს საპროტესტო აქციებზე ნარკოტიკების გამო დაკავებული სხვა პატიმრების ბრალს (ამ ბრალით სულ 6 ადამიანია დაკავებული. რუსი წყვილის გარდა იგივე ბრალი აქვთ: გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვს, ანტონ ჩეჩინს, ნიკა კაციას. მათი საქმეები ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში აღვწერეთ).

ამ წყვილის შემთხვევაშიც, საქმე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„2024 წლის 17 დეკემბერს, ჩემს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა წარმოადგენენ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ერთობლივად ეწევიან ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას, შენახვას და შემდგომ გასაღებას“, – წერს პატაკში კრიმინალური პოლიციის დეტექტივი ჯემალ მირაზანაშვილი. ამავე პატაკში ის მიუთითებს წყვილის იმჟამინდელ ადგილმდებარეობას და წერს, რომ მისი ინფორმაციით, მათ თან აქვთ სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი.

ამ პატაკის საფუძველზე, ზუსტად იმ ქუჩაზე, რომელიც პატაკშია მითითებული (ბუდაპეშტის ქ. #48-ის მიმდებარედ), იმავე დღეს ანასტასიას და არტემის დასაკავებლად მიდიან. წყვილი სუპერმარკეტიდან გამოსვლისას აჰყავთ.

დარღვევები ანასტასიასა და არტემის საქმეში

ანასტასიასა და არტემის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი შოთა თუთბერიძე იცავს. იგი არაერთ დარღვევაზე მიუთითებს. მისი თქმით, როდესაც არსებობს ოპერატიული ინფორმაცია სავარაუდო ნარკოტიკულ დანაშაულზე, იქ მთელი რიგი ოპერატიული ღონისძიება იგეგმება, მათ შორის, მაგალითად, სხვა რეალიზატორების გამოვლენის მიზნით. ანასტასიას და არტემის შემთხვევაში კი ეს ასე არ მოხდა. ისინი ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს და გაჩხრიკეს; თანაც დაკავებაც და ჩხრეკაც დარღვევებით წარიმართა.

შოთა აღწერს: „სუპერმარკეტიდან გამოსულ ანასტასიას და არტემს წაართვეს პირადი ნივთები, იქვე დაუწყეს ჩხრეკა, ძალით ჩასვეს ავტომობილებში. მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით 10-15 წუთში, მოვიდნენ თარჯიმნები და გამომძიებელი და, ვითომ, მათი მოსვლის შემდეგ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა. არადა, მანამდე ამოუბრუნეს ჩანთა და ქურთუკი და ამ პირად ნივთებში – ჩანთსა და ქურთუკში – მხოლოდ მერე აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება“.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაგეგმილ ჩხრეკას აუცილებლად უნდა ახლდეს ნეიტრალური მტკიცებულება. ეს შეიძლება იყოს ჩხრეკისას გადაღებული ვიდეო, ან უნდა არსებობდეს ნეიტრალური მოწმე (მაგალითად, უცნობი გამვლელი). ამ საქმეში (ისევე, როგორც ნარკოტიკების დანარჩენ 4 საქმეშიც) ასეთი მტკიცებულება და ასეთი მოწმე არ არსებობს.

ვიდეო გადაღებულია უკვე შემდეგ – ბინის ჩხრეკისას (წყვილი რომ დააკვა, პოლიციამ მერე მათი ბინაც გაჩხრიკა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო იქიდანაც). თუმცა, როგორც ადვოკატი გვიხსნის, არც ეს ვიდეო აღწერს სრულყოფილად ჩხრეკის პროცესს: „რადგან, კამერა სხვა პოლიციელებს დაჰყვება, ოთახებში კი სხვა პოლიციელებიც დადიან, რომელთა მოძრაობასაც კამერა არ აღწერას და ისინი რას აკეთებენ იქ, არ ვიცით“.

საქმეში არ დევს სუპერმარკეტის კადრები, სადაც წყვილი დააკავეს. პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ონლაინგამოცემა „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ ჩხრეკა ავტომობილში ჩატარდა, სუპერმარკეტის კამერა ამას ვერ გადაიღებდა და ამიტომ ჩანაწერის ამოღებას აზრი არ ჰქონდა. დაცვის მხარემ მოსამართლესთან იშუამდგომლა ამ კადრების ამოღებაზე, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შოთა თუთბერიძეს ეჭვი აქვს, რომ ჩანაწერი შეიძლება უკვე წაშლილიც იყოს, რადგან, მათი არსებობა პროკურატურას აწუხებდა – ეს კადრები კარგად აჩვენებდა, როდის და როგორ გაჩხრიკეს ანასტასია და არტემი.

მათ საქმეში არც რამე სხვა მტკიცებულებაა, მაგალითად, პირადი მიმოწერა, ან საეჭვო აპლიკაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ისინი ნამდვილად ყიდდნენ ნარკოტიკს.

ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ დაკავების მომენტშიც და შემდეგაც მას პოლიცია სექსუალურად ავიწროებდა. იგი აღწერს, რომ პირი, რომელმაც დააკავა, სასქესო ორგანოზე იდებდა ხელს და ანიშნებდა, რომ „ამით დასჯიდა“.

პრობლემაა ისიც, რომ, როგორც ადვოკატი ამბობს, ანასტასია თავდაპირველად კაცმა პოლიციელმა გაჩხრიკა.

ამ ძალადობის გამო ადვოკატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა. გამოძიება დაწყებულია. თუმცა, ადვოკატს არ აქვს იმედი, რომ საქმეს რეალური შედეგი მოჰყვება.

ანასტასიასა და არტემის საქმე ახლა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. სასამართლო სხდომებში ანასტასია აქტიურად ერთვება – ყურადღებით ისმენს ყველაფერს და ბევრ კითხვას სვამს.

6 მაისის პროცესზე, როცა მოწმე პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი უპასუხებდა კითხვებს, ანასტასიამ მას სექსუალურ შევიწროებაზეც ჰკითხა. ანასტასიას თქმით, პოლიციის შენობაში ყოფნისას სექსუალურად მას სწორედ ირაკლი მუხათგვერდელი ავიწროებდა. თუმცა, მოწმე პოლიციელს პასუხის გაცემა არ მოუხდა – მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანასტასიას სიტყვა გააწყვეტინა: ეს სხვა საქმეა და ამაზე საგამოძიებო სამსახურს ცალკე უნდა მიმართოთ, – თქვა მან.

ნინო გალუსტაშვილი ანასტასიას სხვა კითხვებსაც აწყვეტინებდა. დრო და დრო უმეორებდა: მხოლოდ ის კითხვა დასვით, რომელიც თქვენს ადვოკატებს არ უხსენებიათ.

პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი 6 მაისის სხდომაზე ურთიერთსაპირისპირო გარემოებებს აღწერდა. მაგალითად, ვერ აზუსტებდა, ჩხრეკა მანქანაში დაიწყო თუ დაკავებულების მანქანაში ჩასმამდე. ამბობდა, მანქანაში დაკავებულები იმიტომ ჩავსვით, რომ აგრესიულები იყვნენ და წინააღმდეგობას გვიწევდნენო, მაგრამ რაში გამოიხატებოდა ეს წინააღმდეგობა, ვერ აზუსტებდა. ამბობდა მხოლოდ ამას: ჰაერში უმისამართოდ იქნევდნენ ხელებს.

ირაკლი მუხათგვერდელი, ასევე, ირწმუნებოდა, რომ დაკავებულები პოლიციას უპატივცემულოდ ექცეოდნენ. კითხვას, თუ არ ყვიროდნენ და არ გაგინებდნენ, მაშინ უპატივცემულობა რაში გამოიხატებოდა, მოწმე პოლიციელმა მიუგო: კითხვებზე არ გვპასუხობდნენ და თან ზურგი შეგვაქციესო. ამ სიტყვებს დარბაზში რეპლიკები და სიცილი მოჰყვა, მოსამართლე დამსწრეებს გაძევებით დაემუქრა.

წყვილის პროცესები ჯერ ისევ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

ამონარიდი არტემ გრიბულის წერილიდან

გამარჯობა, ჩემი სახელია არტემი. ვარ 24 წლის და ამ წერილის წერის დროს ვზივარ ციხის კამერის მოუხერხებელ სკამზე. ჯანდაბა. ეს სევდას მგვრის! თუმცა, არის რაღაც, რაც უფრო მეტად მასევდიანებს – სადღაც, რუსთავში, ქალთა ციხეში ახლა ზუსტად ჩემსავით ზის ჩემი გოგო, ანასტასია ზინოვკინა.

თუ ვიმსჯელებთ, რა სისწრაფით ემსგავსება საქართველო პუტინის რუსეთს გირაოს გამოყენების კუთხით, ერთი-ორი წლის შემდეგ დაპყრობა არ იქნება საჭირო – უბრალოდ დროშას გაცვლით, ყველაფერი დანარჩენი იქნება ისე, როგორც რუსეთშია. ამას ვერც შეამჩნევს ვერავინ. 

“თუ ვიმსჯელებთ, რა სისწრაფით ემსგავსება საქართველო პუტინის რუსეთს... ერთი-ორი წლის შემდეგ დაპყრობა არ იქნება საჭირო - უბრალოდ დროშას გაცვლით, ყველაფერი სხვა იქნება ისე, როგორც რუსეთშია და ამას ვერც შეამჩნევთ“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა