
ციმბირს გამოვექეცი, მაგრამ ვერ ავცდი | ანტონ ჩეჩინის საქმე
“ჩემი აქტიურობა დაიწყო ციმბირში – მიტინგებში ვმონაწილეობდი პუტინის რეჟიმის, სისხლიანი ომისა და ციხეებში სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ. საქართველოში რეპრესიების გამო ჩამოვედი. დავიწყე უკრაინელების მხარდაჭერა, ვმონაწილეობდი „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში. ჯერ დამაჯარიმეს, მერე პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ჩამიდეს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც რუსეთში ხდება”, – წერს რუსეთის მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი საქართველოს ციხიდან.
ანტონი ერთ-ერთია პროევროპულ აქციებზე დაკავებულ იმ პატიმრებს შორის, რომლებსაც ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან.
მონეტები, ფოტოფირი
ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა ციმბირის ქალაქ ბარნაულიდან. საქართველოში 2022 წლის აპრილში ჩამოვიდა. მანანა სამხარაძე, ანტონის ქართველი ცოლი ჰყვება, რომ ანტონს, როგორც რუსეთში ანტიპუტინისტური აქციებში მონაწილეობის გამო ბევრჯერ დაჭერილს, საქმეც აქვს მოგებული რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მანანა ამბობს, ბოლოს ცუდ ხალხთან აღმოჩნდა, დაასმინეს და ამიტომ გამოიქცა.
ანტონი მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში ინტერნეტით გაიცნო: „პირველივე დანახვისას მომეწონა. ნოემბერში შევხვდით და 2023 წლის მარტში ხელი მოვაწერეთ”.
ანტონის გამოჩენის შემდეგ მანანას ოთახი ძველი მონეტებით გაივსო, რადგან ანტონი ნუმიზმატიკით არის გატაცებული:
„ყოველ შაბათ-კვირას „მშრალ ხიდზე” ატარებდა. ახლა ციხიდან მე მეუბნება, რაღაც მონეტა გამოსულა, იყიდეო. კაფეს და მაღაზიის გახსნა უნდოდა”.
ცოლთან ერთად, ავტოსტოპით მთელს საქართველოში მოგზაურობდა.
„მეშინოდა ავტოსტოპის, ვერც წარმომედგინა, რომ ასე შეიძლებოდა სადმე წასვლა. მერე ყველგან დავდიოდით. სად არ ჩავსულვართ შუაღამეს, უფულოდ. ამბობდა, საქართველო ძალიან უსაფრთხოაო”, – იხსენებს მანანა.
ანტონის კიდევ ერთი გატაცება ფირის ფოტოაპარატია. საქართველოს კუთხეებში მოგზაურობისას უამრავ ფოტოს იღებდა.
„ფიქრობდა, რომ ტურებზეც ემუშავა. ასეთია – ბევრი გეგმა ჰქონდა. ანტონს უბრალო ცხოვრება უნდოდა, წვრილმანებშიც პოულობდა ბედნიერებას”, – ამბობს მანანა.
სისხლის სამართლის საქმე
2024 წლის 3 დეკემბრის დილას ანტონი მძინარე ცოლს კოცნის და სახლიდან გადის. მისი სამსახური – კაფე, სადაც მიმტანად მუშაობს, 10 საათზე იღება. მანანა კი ქოლ-ცენტრის ოპერატორია, სამსახურს 12 საათზე იწყებს და მოგვიანებით გადის სახლიდან.
ანტონი და მანანა ისანში, მანანას დედასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობენ. სადარბაზოდან გასვლისთანავე ანტონს უცნობები ხვდებიან, მანქანაში სვამენ და ჩხრეკას იწყებენ. მანანა სამსახურში ისე მიდის, რომ ანტონის დაკავების შესახებ არაფერი იცის. უკვირს მისი მთელი დღით დაკარგვა, ვერც ურეკავს, ტელეფონი გამორთულია. გული ცუდს უგრძნობს, მაგრამ სამსახურის წესები მკაცრია – საღამომდე ვერ გავა ამბის გასარკვევად.
სახლში დაბრუნებულს დედა და ბებია ეუბნებიან, რომ ანტონი დააკავეს და სახლი გაჩხრიკეს.
26 წლის ანტონ ჩეჩინს დიდი ოდენობით (4 გრამი ალფა პვპ) ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დანაშაული 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ანტონის ადვოკატი გიორგი ჩხაიძე საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე საუბრობს. გვიხსნის, რომ ანტონს პოლიცია იდენტიფიცირების ნიშნების გარეშე დახვდა, მანქანაში ჩაისვა და სწორედ იქ ჩაუდო ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც შემდეგ მტკიცებულება შექმნა.
ანტონის საქმეში წერია, რომ ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ადვოკატის თქმით, როდესაც ადამიანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აკავებენ, უნდა არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულება. ვთქვათ, ვიდეომასალა და, თუ ვიდეო არ არსებობს, მაშინ – ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაესწრება დაკავებას. ანტონის საქმეში ვიდეომტკიცებულება არ დევს. ბრალდებაში წერია, რომ ანტონი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და გადაღება ვერ შეძლეს. ნეიტრალურ მოწმედ კი თარჯიმანია წარმოდგენილი.
„ამ ნაწილში ორი შეუსაბამობაა. ერთი, რომ ანტონი დაკავებისას წინააღმდეგობას არავის უწევდა და მეორე, თარჯიმანი მაშინ მივიდა, როდესაც ანტონი უკვე დაკავებული იყო და ჩხრეკაც დასრულებული ჰქონდათ”, – ამბობს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ნეიტრალური მოწმე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც საქმესთან შეხება საერთოდ არ აქვს. დაცვის მხარემ კი დაადგინა, რომ თარჯიმანი შორენა ტაბატაძე წლებია, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სათარჯიმნო კომპანია შპს „ინტელექტმარკეტი”, რომელშიც ის მუშაობს, 2017 წლიდან უწევს შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
ასევე: ანტონის საქმეში მტკიცებულებად ორი პირის გამოკითხვაა – გამომძიებლისა და თარჯიმნის და ორივე გამოკითხვა თითქმის იდენტურია.
„ტექნიკური შეცდომები, გრამატიკული შეცდომები, წერტილ-მძიმე – მეორდება”, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.
მისი თქმით, დაკავებისას ანტონს სახეში ორჯერ გაარტყეს მისივე სამგზავრო ბარათი და კეფაშიც ჩაარტყეს: „ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს – თავში კისტა. ამბობს, ვცდილობდი მეთქვა, თავში არ დაერტყათო”, – დასძენს ადვოკატი.
ანტონი, თბილისის აქციებზე სიარულისთვის 2024 წლის გაზაფხულზეც შენიშნეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. ჯარიმა, ფონდების დახმარებით, სექტემბერში გადაიხადა. შემდეგ პოლიციამ ის შემოდგომაზე, 18 ნოემბერს, თსუ-სთან გამართულ აქციაზე დააკავა.
„უბრალოდ, სამართლებრივად აღარ გაგრძელდა საქმე. მანქანაში ჩაისვეს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამმართველოში გადაიყვანეს, 30-40 წუთის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს და ირიბად ემუქრებოდნენ კიდეც, მერე გაუშვეს”, – ამბობს ადვოკატი.
მანანა კი ეჭვობს, რომ ჯერ რუსეთში აქტიურობის, მერე საქართველოში აქციებზე სიარულის და 18 ნოემბრის ინციდენტის გამო, ანტონი დიდი ხანია, სამიზნეა.
„ციმბირს” გამოვექეცი, მაგრამ, მაინც ვერ ავცდი”, – უთხრა პაემანზე შესულ ცოლს ანტონმა 20 თებერვალს. ამ დღეს თბილისში თოვდა და ციოდა. მანანა ამბობს, ალბათ ამან გაახსენა ციმბირიო.
„კარგ ხასიათზე მეჩვენა, მაგრამ როცა ვურეკავ, ძალიან სევდიანია. ეშინია. იცის, რომ პოლიტიკური საქმეა. ერთხელ, ალბათ არასწორად გაიგო, რომ რუსთაველის გამზირი აღარ გადაიკეტა და ძალიან შეშინებული იყო. როცა ხედავს, რომ ბევრი ხალხია, თვითონაც იმედიანად არის. იცის, რომ მისი თავისუფლება ამაზეა დამოკიდებული”, – ამბობს მანანა.
„ყოველდღე თვალს ვადევნებ თქვენს ბრძოლას ბოროტებასთან, არ გაჩერდეთ! გჯეროდეთ თქვენი გამარჯვების და იარეთ ამისთვის ბოლომდე”, – ესეც ანტონის წერილიდანაა.
ანტონ ჩეჩინის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. მომდევნო პროცესი 11 მარტს გაიმართება.
“სამსაათიანი გაფიცვა ყველაზე შედეგიანი და უსაფრთხო იყო თქვენთვის. იმავეს გამეორება მენდომებოდა „იმის” დაბადების დღეს”, – წერს ანტონ ჩეჩინი ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს.
“როდესაც პირველად ვნახე, შუშის მეორე მხარეს მჯდომს ვუთხარი, რომ ჩამტვრევა მინდოდა. ღიმილით მანიშნა, ჩაამტვრიეო. მერე ვფიქრობდით, სხვადასხვა ციხეებში თუ გამოგვამწყვდევდნენ, ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობას თუ მოგვცემდნენ და რომელს რომელთან მიგვიყვანდნენ სტუმრად”, – მანანა სამხარაძე.
გირჩევთ

„ჩემი გიტარა მენატრება” | მათე დევიძის საქმე
24.03.2025