
აირწინაღი და სათვალე - დამალული ნივთმტკიცება | თედო აბრამოვის საქმე
„თედოს დაჭერიდან ერთ კვირაში ბებიამისი ცუდად გახდა. საავადმყოფოში წევს. მე აქ დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. ამ ბავშვის გაუბედურებას მთელი ოჯახის განადგურება მოჰყვა”, – თედო აბრამოვის დედა, ლელა გორგიაშვილი საბერძნეთიდან გვიყვება შვილის დაკავების ამბავს, მაგრამ უჭირს – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობს, რომ ტირილი შეიკავოს, მაგრამ ვერ ახერხებს. შვილის დაკავება ტელეფონით შეატყობინა გამომძიებელმა: „თქვენი შვილი დაკავებულია, ქუჩაში ავიყვანეთ, ჯიბეში წამალი აღმოაჩნდაო”.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბრის საღამოს სახლიდან გამოსვლისას დააკავეს, როცა საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
ბრალდების მიხედვით, ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 4.4 გრამი კლუბური ნარკოტიკი (MDMA) ამოუღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თედოს 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
* * *
თედო აბრამოვი დიდ დიღომში, ახლობლებთან ერთად ცხოვრობდა. მისი მშობლები წლებია ემიგრაციაში არიან. დედა ამბობს, რომ ბოლო დროს კრივით დაინტერესდა, ვარჯიშობდა, ესპანეთში წასვლა და, მუშაობის პარალელურად, ვარჯიშის იქ გაგრძელება უნდოდა.
ლელა გორგიაშვილი საბერძნეთში ცხოვრობს. თითქმის 30 წელია, ემიგრანტია. ხანდახან დროებით ჩამოდის საქართველოში და ისევ უკან ბრუნდება: „ექთანი ვარ და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი. მაგრამ, ჩემი ორი დიპლომით ვერ ვნახე სამსახური საქართველოში, ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი. არ მინდოდა ემიგრანტობა, უბრალოდ, არჩევანი არ მქონდა”.
საქართველოში დაბრუნებას ახლაც ვერ ახერხებს:
„ოჯახს და პატიმარს შენახვა უნდა. არ მაქვს უფლება ჩამოვიდე, თორემ, ვაი, აქ ყოფნას. სასწრაფო სასწრაფოზე მომდის. შვილი – ციხეში, დედა – საავადმყოფოში და მე არაფრის უფლება არ მაქვს, აქ უნდა ვიყო და ვიმუშაო. აი, ეს არის ჩემი ცხოვრება”.
თედო ბებიამ, ლელას დედამ გაზარდა. შვილიშვილის დაპატიმრება ვერ გადაიტანა. თედოს დაჭერიდან ერთ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. თედოს არასწრულწლოვანი ძმა ჰყავს. დედა ამბობს, რომ ძმის დაპატიმრების მერე ისიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მეცადინეობა შეწყვიტა:
„ამ მდგომარეობამ ჩემი ოჯახი შეიწირა. ნეტა არ გასულიყო ჩემი შვილი აქციებზე, ამას ვფიქრობ. ვისაც უნდა, გამამტყუნოს”.
რამდენიმე თვის წინ თედო საბერძნეთში იყო სამუშაოდ. საქართველოში აგვისტოში დაბრუნდა, ჰქონდა უკან გასამგზავრებელი ბილეთიც, მაგრამ ბებიის და ძმის გამო მალევე ვეღარ წავიდა.
ერთნაირი ხელწერა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა საქმეებში
გაზაფხულიდან დღემდე, აქციებზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული – გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, ანტონ ჩეჩინი და თედო აბრამოვი. ოთხიდან სამი დაკავებულის საქმეს (კაციას, ჩეჩინის და აბრამოვის) ერთი და იგივე პროკურორი ჰყავს – ნუგზარ ჭიტაძე. ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს.
ოთხივეს საქმეში წერია, რომ დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ოთხიდან არცერთ საქმეში ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. დაკავების ოქმებში ყველგან წერია, რომ ბრალდებული პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, ამიტომ გადაღება ვერ მოხერხდა. წერია ისიც, რომ ბრალდებულების დაკავებისას ადგილზე 3 ან 4 პოლიციელი იყო და გადაღებას ტექნიკურადაც ვერ შეძლებდნენ მაშინ, როდესაც ამ ადამიანების დაკავებას ზოგ შემთხვევაში 10 და მეტი პოლიციელიც კი ესწრებოდა. თან წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ.
ოთხიდან სამ საქმეში არც ნეიტრალური მოწმე არსებობს. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ქუჩაში ვერ გააჩერეს ვინმე, ვინც ჩხრეკას დაესწრებოდა. „ასეთ დროს მოქალაქიდან უნდა ამოხვიდეთ, პოლიციამ რომ ვინმე გააჩეროს და [უთხრას], მოდი დაესწარითო [ჩხრეკას], მე მგონი, ბევრს არ გაუჩნდება ამის სურვილი”, – ასე პასუხობს პროკურორი რადიო თავისუფლების” შეკითხვას, ხომ შეიძლებოდა ნეიტრალური მოწმე ყოფილიყო გამვლელი ან ქუჩაში მყოფი მძღოლი.
თედო დიდ დიღომში, ძალიან ხალხმრავალ ადგილზე დააკავეს. მისი ადვოკატი ინგა ჯაბანაშვილი არც კი უშვებს, რომ ასეთი მოწმის პოვნა, სურვილის შემთხვევაში, გაუჭირდებოდათ. მისივე თქმით, არც ვიდეოგადაღება იქნებოდა პრობლემა. „ჯერ ერთი, თედოს 10-ზე მეტი პოლიციელი აკავებდა და მეორეც, იქვე ზოომაღაზიაა, რომელსაც ვიდეოკამერა აქვს. უბრალოდ, რაკურსი ისეა შერჩეული, რომ ამ კამერის კადრებში არაფერი ჩანს”.
ადვოკატი სხვა დარღვევებზეც მიუთითებს. ამბობს, რომ თედოს ტელეფონი მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აქტიური იყო მაშინ, როცა პოლიცია ირწმუნება, რომ ის დალუქა. საქმეში არ ჩანს ნივთები, რომელიც თედოს ჩამოართვეს დაკავებისას – სათვალე, აირწინაღი. „ყველანაირი მტკიცებულება გადამალული აქვთ, რაც თედოს აქციასთან აკავშირებს”.
ადვოკატი ამბობს, რომ ტყუილია პროკურატურის მტკიცება, რომ თედომ უარი თქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე: „ეს არის აბსურდი, თედოს არ აქვს ხელი მოწერილი ოქმზე, პირიქით, ითხოვდა და არ გადამიყვანესო, თქვა”.
გამოძიების პროცესში ნარკოლოგიური შემოწმება ადვოკატმა მოითხოვა. თედოს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.
* * *
თედო აბრამოვს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისმა ადვოკატებმა პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, მაგრამ, მოსამართლემ შუამდგლომობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ასაბუთებდა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას. სასამართლოზე ითქვა, რომ თედო აბრამოვი ცხოვრობდა საბერძნეთში, მისი მშობლები ემიგრაციაში არიან და ეს მიმალვის რისკს აჩენს.
სასამართლომ უკვე დაიწყო თედოს საქმის არსებითი განხილვა. მომდევნო პროცესი 18 მარტს არის ჩანიშნული.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებიდან ორის
– გიორგი ახობაძისა და ნიკა კაციას საქმეები აღწერილია „ბათუმელების” სპეციალური გამოცემის პირველ ნომერში.
ნარკოდანაშაულის საქმეებზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საგამოძიებო უწყებებს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება დაავალდებულა. სასამართლოს აზრით, როდესაც პოლიციელს შეუძლია მოიპოვოს ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და ის ამას არ აკეთებს, ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს. თუ პოლიციელი ნეიტრალურ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს, ის ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ „ამისთვის ყველაფერი გააკეთა“.
გირჩევთ
