გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სინდისის პატიმრები ჯანო არჩაია

„მამა არის ჩვენი მესაიდუმლე“ | ჯანო არჩაიას საქმე

49 წლის ჯანო არჩაიას 5 დეკემბერს სახლთან ახლოს აჩერებს პოლიცია. შუადღეა, შვილი მანქანით დიღომში საქმეზე მიჰყავს, ამ დროს გზად პოლიცია გადაუდგება. ორივე გადმოჰყავთ მანქანიდან, ჩხრეკენ, ბორკილებს ადებენ, სხვადასხვა ავტომობილში სვამენ და ავჭალის პოლიციის განყოფილების უკან, სადღაც, კორპუსებში მიჰყავთ. როგორც ჯანოს შვილი რეზი იხსენებს, იქ, დაახლოებით, საღამოს 8 საათამდე ტოვებენ. ზუსტად ამ დროს იღებს დაკავების შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ადვოკატი. ომარ ფურცელაძე ჯანო არჩაიას მონახულებას შუაღამეს ახერხებს.

თქვენი აზრით, რამდენი პატიმარია, რომელიც დაკავებისას ინარჩუნებს ზრდილობას, მით უმეტეს მაშინაც, თუ ფიქრობს, რომ ტყუილად დააკავეს და გამწარებულია? – მეკითხება ინტერვიუს დროს ომარ ფურცელაძე და იქვე მპასუხობს:

ძალიან ცოტა, ჩემი პრაქტიკიდან – არც ერთი. ზრდილობიანი იყო ჯანო არჩაია. ციხის შეხვედრების იმ საზიზღარ ოთახშიც კი ყოველთვის მშვიდად, მორიდებული სახით მხვდება.

ჯანოს მეუღლე, სამი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ცოლი და შვილები ჰყვებიან, როგორ ეამაყებათ მამა და ბაბუა, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან. ჯანო არჩაია, მამამისთან ერთად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მხარდამჭერი იყო. პოლიტიკურად აქტიურ ოჯახში გაზარდა შვილები თვითონაც. ჯანო რეზისთან და ნიასთან ერთად ჯერ ,,რუსული კანონის” მიღებას აპროტესტებდა, მოგვიანებით – ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას.

როგორც მისი შვილი ნია ამბობს, მამას რუსთაველზე დგომის გარეშე დღე არ გაუტარებია. დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებული გაზის და წიწაკის სპრეისგან ასთმური ხველა დაეწყო და ამ მიზეზით სახლში მხოლოდ რამდენიმე დღით დარჩა, მაგრამ მერე ისევ აქციაზე დაბრუნდა. ზუსტად იმ დღეს გადაღებული ვიდეომასალა დევს მისი დაკავების საქმეში მტკიცებულებად.

„იზოლატორიდან გვირეკავს ხოლმე და გვეუბნება, თქვენ მენატრებით, ისე კარგად და მხნედ ვარო. მე და რეზი ძალიან ვმეგობრობთ მამასთან, ჩვენი მესაიდუმლეა. ველოდები, რომ გაათავისუფლებენ”, – ეუბნება ნია ნანუკა ჟორჟოლიანს, გადაცემის წამყვანს.

რას ედავებიან ჯანო არჩაიას?

ჯანო არჩაიას საქმეში მტკიცებულებად ორი ვიდეოა. ერთი ვინაობის დასადასტურებლად – ჯანოს ნაკვთების ექსპერტიზაა და მეორე ქმედების აღწერა: კადრში ვხედავთ, როგორ იხრება ძირს ჯანო არჩაია, არ ჩანს, რამეს იღებს თუ არა; მერე სწორდება და ვხედავთ მისი ხელის მოძრაობას. ვიდეო ამით სრულდება.

როგორც ჯანო არჩაიას ადვოკატი გვიხსნის, ჯგუფური ძალადობის ჩადენა შეიძლება ორგვარად – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზით, ან იარაღის გამოყენებით. საუბარია ცეცლხსასროლ იარაღზე ან ცივ იარაღზე, დანაზე ან ნებისმიერ სხვა საგანზე, რომელმაც ობიექტურად შეიძლება დააზიანოს ადამიანი. მაგალითად, რკინის არმატურამ, ხელჯოხმა. თუ ვერ ამბობ, რა საგანი ისროლა ადამიანმა, ობიექტურად ვერც აფასებ, დააზიანებდა თუ არა ის პოლიციელს:

„ვიდეოში შეუძლებელია, ვიზუალურად გაარჩიო, რა უჭირავს ჯანოს, იმდენად პატარა საგანია. თან ფაქტია, რომ თვითონ არაფერი მიუტანია, არაფერს იღებს ჯიბიდან, ან მაისურის ქვეშიდან. მხოლოდ იხრება, დახრამდე კი ჯანოს ხელში არაფერი ჩანს და არც დახრის შემდეგ. ეს ძალიან მნშვნელოვანი ეპიზოდია. პროკურატურა ასე წერს: რაღაც საგანი, გაურკვეველი საგანი ისროლაო. ანუ ვერ არჩევს, რა ისროლა ჯანო არჩაიამ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ რაც უნდა ყოფილიყო ის, პოლიციელს უთუოდ ზიანს მიაყენებდა. სხვა მტკიცებულება, დღეის მდგომარეობით, საქმეში არაფერია”, – ამბობს ადვოკატი.

ომარ ფურცელაძე პროკურატურისგან წერილობით ითხოვს კითხვაზე პასუხს – ვისი გადაღებულია ვიდეო, რომელშიც უწყვეტად ისმის გინება, მუქარა; და რომ „სისხლით დაიჭერენ ბრალდებულებს”. საქმისთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი ვიდეოს ნახვა, ახლა პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ 13-წამიანი, დამონტაჟებული გამოსახულება.

პროკურატურას ნათქვამი აქვს, რომ ამ საქმეზე უნდა დაიკითხონ გდდ-ს (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის) თანამშრომლები. სულ 158 პირი. თუმცა მათი იდენტიფიცირებისთვის 2 თვე საკმარისი არ აღმოჩნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ახალი გარემოებები ფაქტობრივად არ გამოვლენილა, არ დაკითხულან მოწმეები, არ ჩატარებულა ექსპერტიზა, ადვოკატებს აინტერესებდათ:

რა მიზეზით დატოვეს ბრალდებულები პატიმრობაში ჯერ კიდევ წინა სხდომაზე.

რატომ გაატარეს ახალი წელი და შობა დაკავებულებმა ციხეში, თუ მათი დაკავებიდან დღემდე პროკურატურას არ ჩაუტარებია ხელშესახები საგამოძიებო მოქმედებები.

როგორ გაანადგურებდნენ ბრალდებულები მტკიცებულებად აღიარებულ ვიდეომასალებს, რომლებიც ციფრულ მატარებლებზე, საგამოძიებო ორგანოს კონტროლის ქვეშ მყოფ შენობაში ინახება;

როგორ მოახდენდნენ მოწმე პოლიციელებზე გავლენას, როცა თვითონ არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და სისტემაში ვერ შეაღწევენ, ხოლო პოლიციელები იდენტიფიცირებულები საერთოდ არ არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა განმეორებითი სხდომა 2025 წლის 11 იანვარს შედგა. ამ პროცესზე მხარეებს უნდა ემსჯელათ, გამოძიების დასრულებამდე, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულებს ციხეში დატოვებდნენ თუ არა. პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა თერთმეტივეს პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდნენ. ამ დღეს მათ მოკლედ გაიმეორეს წინა სხდომებზე დაფიქსირებული შაბლონური პოზიცია:

„ყველა ბრალდებულთან მიმართებაში არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, ან მოწმეებზე ზეგავლენის რისკები”.

თუმცა, არც ერთ კონკრეტულ ბრალდებულზე ინდივიდუალურად არ უმსჯელიათ. მეტიც, ბრალის დადგენილებაში სიტყვებიც კი არ იცვლება: „გურის და ჯანოსიც ერთი და იგივეა. მხოლოდ სახელი და გვარია სხვადასხვა”.

არადა, ადვოკატის თქმით, ინდივიდუალური მიდგომა საქმისთვისვეა მნიშვნელოვანი. საჭირო იყო მსჯელობა, რის საფუძველზე ამბობდნენ, რომ ჯანო არჩაიას შეეძლო, განმეორებითი დანაშაული ჩაედინა, ან როგორ გაანადგურებდა მტკიცებულებებს გურამ მირცხულავა. და ეს ეხება დანარჩენებსაც.

სხდომა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა. დილის 10:30-ზე ჩანიშნული, ისედაც ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და მერე კიდევ შეწყდა, რადგან ვიწრო დარბაზმა, სადაც მხოლოდ 30 დამსწრე ეტევა, დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ვერ დაიტია. გულშემატკივართა დიდი რაოდენობაც რომ არა, 11 დაკავებულს 15 ადვოკატი იცავს. ამიტომ ადვოკატებმა სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანა მოითხოვეს. შესვენების შემდეგ პროცესი დიდ დარბაზში კი განახლდა, მაგრამ ბრალდებულების გულშემატკივრები ვერც 150-ადგილიან დარბაზში მოთავსდნენ.

„გური მირცხულავას დედა შევიყვანე ჩემი პირადი პასუხისმგებლობით. ბადრაგს ვთხოვე და შიგნით – ერთ ადამიანს, რომ გარეთ გასულიყო და გურის დედა დამესვა”, – იხსენებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

11 დაკავებულის საქმეში ადვოკატი მათ კოლექტიურ დევნაზე მიანიშნებს. ეს კი საპროცესო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, ზოგადად, სამართლის იდეას და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგებაო, – გვიხსნის ომარ ფურცელაძე.

* * *

დღის ბოლოს, შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე სათათბიროდ გადის. დარბაზიდან გასვლამდე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს. თუმცა, საათსა და 20 წუთში აახლებს სხდომას:

„პატიმრობა დარჩეს უცვლელი, განჩინება გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს”, – ცდილობს, აზრი გარკვევით ჩამოაყალიბოს დარბაზში დაბრუნებულმა მოსამართლემ, მაგრამ ვერ ახერხებს, აღშფოთებული დამსწრეები ხმაურობენ, მის გადაწყვეტილებას უსამართლობის გამო აპროტესტებენ.

„განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, – წინადადების დასრულებას ხმის კანკალით, ძლივს ახერხებს მოსამართლე.

ამ დროს ემოციური ფონი დარბაზში პიკს აღწევს. ხმამაღლა ისმის შეძახილები:

მონებო, მონებო, მონებო!..

მოისმინეთ განმარტება… – განაგრძობს მოსამართლე და ბოლოს:

სხდომა დასრულებულია, კარგად ბრძანდებოდეთ.

“ეს ოჯახი ზაჰესში გამეცნო. მომიყვნენ, მამაჩვენი უხუცესია იმ დაჭერილებში, ჯგუფურ ძალადობას რომ აბრალებენო.

ნიამ დაბალი სკამი დამიტოვა. 8 დღე იმ სკამზე გავატარე. მერე მიყვებოდა, გლდანის ციხესთან რომ მივდივარ, ახლა მეც ამ სკამზე ვჯდები და მამა სარკმლიდან მიყურებსო.

რეზის თითქმის ყოველ დღე ვხედავ რუსთაველზე. კიბეებზე ზის ხოლმე და სევდიანად იღიმის. ამ პრობლემების მძიმე ხურჯინითაც კი წელგამართული დადის.

ნანა უსაყვარლესი ქალბატონია, შვილივით დამფოფინებდა თავზე. ზვიადის გამოსვლის საღამოსაც ჩვენთან იყო. ჩუმად ტიროდა. ისე ტიროდა, მისი ცრემლების გარდა ვეღარაფერს ვამჩნევდი. მხოლოდ იმის თქმა შევძელი, მალე ჯანოსაც ერთად დავხვდებით-მეთქი. ეგრეც იქნება”, – ასე აღწერს აქციების მონაწილე დათო სიმონია ბრალდებულ ჯანო არჩაიას ოჯახის გაცნობის მომენტს და წერს სკამზე, რომელიც მას ჯანოს შვილმა ნიამ დაუტოვა, როცა თვითონ დათო ღამეებს ზაჰესის იზოლატორთან უთევდა დაკავებულ მეგობარს – ზვიად რობაქიძეს. რობაქიძე რესტორან „ბაბილოსთან” მოსამართლეთა წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აიყვანეს და ზაჰესის იზოლატორში 10 დღით ჩასვეს. დათო სიმონიამ ეს ამბავი იზოლატორის შენობასთან, დღე და ღამ, ღია ცის ქვეშ ლოდინით გააპროტესტა.

„მეგობარი ციხეში, მე – ციხესთან”, – ასე დაარქვა ამ ერთკაციან აქციას.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა