
რკინის ჯებირის საქმე | საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი
23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. მათ ბრალი წაუყენეს 14 მაისს პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებისთვის. მაშინ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი, რომლითაც ომარს და საბას ბრალი წაუყენეს, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ისინი ერთმანეთს დაკავებამდე არ იცნობდნენ და ერთმანეთს პირველად სასამართლოში შეხვდნენ. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ომარისა და საბას საქმეში უამრავი შეუსაბამობაა და, სინამდვილეში, მათ სამაგალითოდ სჯიან.
საბა
საბა 2001 წლის 1 ივნისს, ვანის რაიონში, სოფელ დიხაშხოში დაიბადა და იქ დაამთავრა სკოლაც. მას მერე მუშაობს მშენებლობაზე, გზების დაგებაზე.
„საბა იტყოდა, ოღონდ თქვენ არ მოგშივდეთ, ყველაფერს გავაკეთებო, – ამბობს საბას დედა, შორენა როხვაძე, – ერთი შვილი გვყავს და მშობლებს არ გვტოვებდა”.
საბა თბილისში სამსახურის საშოვნელად ერთი წლის წინ წავიდა. დედის თქმით, ფულის მოგროვება მშობლიური სახლი გასაკეთებლად უნდოდა:
„იფიქრა, თბილისში მშენებლობაზე ვიმუშავებ და შემოგეშველებითო. მერე ეს რუსული კანონი შემოიღეს და რომ გაგიჟდა და გადაირია ყველა, ესეც წავიდა აქციებზე.
მეორე დღეს გავიგეთ, რომ დააკავეს. კინაღამ წავიქეცი, ტელეფონი დამივარდა, რა დაკავებული, რას ამბობთ, როდის უნდა გამოვიდეს-მეთქი? ხვალ გამოუშვებენო. რაის ხვალ. დღემდე სასამართლოდან სასამართლოზე დავდივარ.
კი ამბობს, მხნედ ვარო, მაგრამ, ვიცი მე, როგორც იქნება. აქეთ მამხნევებს ხოლმე, – რავა ხარ, ქალბატონო დედიკოო. ახლა ფეხი ტკიებია, მენისკი აქვს და ჯოხით დავდივარო.
მე რესტორანში ვმუშაობ. ჩემმა დამ 15 წლის წინ ინსულტი გადაიტანა, ვეღარ მუშაობს და მასაც მე ვუვლი. საბა იყო ჩვენი მარჩენალი [ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია].
ახლა რა არის ჩემი ცხოვრება, სულ ტირილი, დავწვები და მესიზმრება, ფეხზე ვარ და ცრემლებით მაქვს სავსე თვალები. ველოდები, როდის გავა ეს ათი თვე. რომ გინდა, მალე გავიდეს დრო, მაშინ არ გადის მაინცდამაინც.
მუშაობა უნდოდა საბას, სახლი მოეწყო, ცოლი ეთხოვა. ამბობს, რომ გამოვალ, ისევ მუშაობა უნდა დავიწყო სადმე, მშენებლობაზე, ეს სახლი უნდა დავამთავროო”.
უფლებადამცველების თქმით, ომარის და საბას საქმეზე სასამართლო პროცესები განგებ გააჭიანურეს – პროცესები რამდენჯერმე გადაიდო. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევრის შეფასებით, მიზანი ის იყო, რომ სხდომები ისე გადაედოთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მათი შეწყალების შესაძლებლობა აღარ ჰქონოდა (რადგან სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ახალგაზრდა გიორგი შანიძე შეიწყალა).
„… გამიჩნდა [ჯებირის] დაზიანების სურვილი იმიტომ, რომ ხელისუფლება არ აქცევს ხალხს ყურადღებას, მინდოდა რუსული კანონის უკან წაღება”.
ომარი
20 იანვარს ომარ ოკრიბელაშვილი 20 წლის გახდა. მამამისი სასამართლოს სხდომათა დარბაზის კარს სახით იყო მიბჯენილი, იცრემლებოდა და თავისთვის ლუღლუღებდა, როდესაც მოსამართლე მის შვილს სამწლიან პატიმრობას უსჯიდა. „ოღონდ ერთი ჩამახუტა შენთან“, – ისმის ვიდეოდან.
„გულანთებული ხალხი და ახალგაზრდობა რომ გამოიწვიეს და ისინი „რუსული კანონის” საპროტესტო აქციებზე რომ დადგნენ, მეც, მაშასადამე, გამოვედი. ფიცი მქონდა დადებული ჯარში, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე-მეთქი. არ შემეძლო ამ ფიცის გატეხა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი ნება, იქ რომ მივედი”, – ამბობს ომარი.
„დილის 6-ის ნახევარი იყო, რომ მოვიდნენ, – ჰყვება შორენა ხომერიკი, ომარ ოკრიბელაშვილის დედა, – გიორგი, გიორგიო, – ეძახდა ვიღაც შინაურულად ჩემს მეუღლეს. მუხიანში ვცხოვრობთ, ნაქირავებში, ძაღლი გვყავს და ვერ შემოვიდნენ ეზოში. ჩემმა მეუღლემ გაუღო კარი და არ შემოუშვა. მეც ავდექი, ჩავიცვი და ეგრევე შემოცვივდნენ. გვეგონა, რომ ომარის მამას მოაკითხეს, ისიც დადიოდა აქციებზე და ადმინისტრაციულით ჰქონდა საქმე აღძრული. მამა-შვილი ერთად დადიოდნენ, ომარზე არც მიფიქრია.
არავითარი საბუთი არ უჩვენებიათ, შემოვარდნენ და დაიწყეს ჩხრეკა. ეგონათ, წინააღმდეგობას გავუწევდით, მაგრამ ჩვენ ისეთი შოკი გვქონდა, ხმა ვერ ამოვიღეთ.
პატარა ბავშვებივით დაგვაჯინეს სკამზე, ტელეფონები დაგვალაგებინეს, გვითხრეს, ადვოკატი არ არის საჭიროო. გიორგიმ ჩხრეკის ორდერი მოითხოვა. ამ დროს ომარიკო მოიკითხეს და მივხვდით, რომ გიორგის გამო არ იყვნენ მოსულები.
წაიღეს საქართევლოსა და ევროკავშირის დროშები, საყვირი და აირწინაღი. ომარი ბორკილების დადებაში თვითონ მიეხმარა და ასე წაიყვანეს.
გაქვავებული ვიჯექი, ხმა ვერ ამოვიღე.
ძალიან მშრომელია ომარი. არაფერი ეთაკილებოდა, ყარაულადაც მუშაობდა, რემონტებზეც და მშენებლობებზეც. 15-16 წლისა თბილისის ზღვაზე შეზლონგებს აქირავებდა. ახლა ამბობს, რომ გამოვალ იურიდიულზე უნდა ვისწავლოო. რაღაც წიგნები მოითხოვა, სამართალზე. დაპატიმრებამდე ჯარში უნდოდა გაგრძელება. ახალი მოხდილი ჰქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
არცერთი სასამართლო პროცესი არ ჩამიგდია. მაგრამ ძალიან ნელა გადის დრო”.
2025 წლის 20 იანვარს ომარს და საბას საპროცესო გარიგება გაუფორმეს.
გარიგების მიხედვით, ომარიც და საბაც დამნაშავედ ცნეს. მათ სამწლიანი პატიმრობა მიესაჯათ, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიამ ორი წლითა და ექვსი თვით განსაზღვრა. აქედან წელიწად ნახევარს ორივე საპატიმროში გაატარებს, 14 თვე კი პირობითი მსჯავრი ექნებათ. რადგან ომარი და საბა უკვე 8 თვეა საპატიმროში არიან, ციხეს ათი თვის შემდეგ დატოვებენ.
ჯებირი, რომლის დაზიანების ბრალდებით ორი ახალგაზრდა იხდის სასჯელს, 250 ლარი ღირს, ხოლო მისი შეკეთება 150 ლარი დაჯდა.
ომარის და საბას ადვოკატი, დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ საპროცესო გარიგება ამ საქმიდან საუკეთესო გამოსავალი იყო. დავით გამყრელიძე ამ საქმეში უცნაურად ჩაერთო. მან ომარი ციხეში გაიცნო, როცა თვითონაც პატიმარი იყო. ციხიდან გამოსულმა კი თქვა, რომ მისი ადვოკატი ხდებოდა და საქმეს ჩამოაშორა ბიჭების იმდროინდელი ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
გამყრელიძის მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვაა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის სხვა სინდისის პატიმრებთან შესვლას და მათ საპროცესო გარიგებაზე დათანხმებასაც ცდილობს.
კითხვები გააჩინა იმანაც, რომ მან 12 თებერვალს, ომარისა და საბას შეწყალების თხოვნით „ქართული ოცნების” პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მიმართა.
„…აქციაზე დავინახე როგორ გაიტაცეს ახალგაზრდა ბიჭი და ემოციები ვეღარ მოვთოკე. უბრალოდ მივედი ჯებირთან და ხელების რტყმა დავიწყე, ის ბიჭი რომ გადამერჩინა”.