ეროვნულ ვნებებს და გეოპოლიტიკურ საჭიროებებს მიღმა | საუბარი ტიმოთი ბლაუველტთან
17.07.2026 | 15 წუთიანი საკითხავიგვითხრა, რომ საქართველოს ოდნავ “შემოვლითი გზით” დაუკავშირდა. 1990-იანი წლების შუა პერიოდში, ჩეჩნეთის პირველი ომის მიმდინარეობისას, საერთაშორისო სასწავლო გაცვლითი პროგრამით რუსეთში სწავლობდა. სწორედ იმ დროს დაინტერესდა საბჭოთა კავშირის ყოფილი “პერიფერიებით”. სურდა, ჩრდილოეთ კავკასიაში ჩაეტარებინა კვლევა სადისერტაციო პროექტისთვის, მაგრამ ხელი ჩეჩნეთის მეორე ომმა შეუშალა.
საქართველოში პირველად ჩამოსვლამდე უკვე სწავლობდა ქართულ ენას ინდიანას უნივერსიტეტში, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული ენებისა და კულტურის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ემერიტუსთან, დოდონა კიზირიასთან.
ამ გაკვეთილებისა და კიზირიას ღრმა პოლიტიკური წიაღსვლების დამსახურებით, რეგიონის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მალე ფოკუსიც შეცვალა და, როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტმა, თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის შესწავლა გადაწყვიტა.
ტიმოთი ბლაუველტმა აფხაზეთის საარქივო კვლევა ადრეულ ეტაპზევე დაიწყო საქართველოში. არქივებში ის ჯერ კიდევ იქამდე მუშაობდა, სანამ სპეციალური საპრეზიდენტო დეკრეტი კომუნისტური პარტიის დოკუმენტებსაც გახსნიდა. სწორედ ამ პარტიულ დოკუმენტაციაში მიაგნო ბლაუველტმა მდიდარ მასალას აფხაზეთისა და ნესტორ ლაკობას შესახებ.
ნესტორ ლაკობას ბლაუველტი ასე ახასიათებს – “საბჭოთა კავშირის შავი ზღვისპირეთის ამ პატარა რესპუბლიკის უკონკურენტო ბოსი”, აფხაზეთს კი ასე – “დასასვენებელი კურორტი კომუნისტური პარტიის ლიდერებისთვის და თამბაქოს მსხვილი მწარმოებელი”.
ბლაუველტი სიღრმისეულად იკვლევდა სწორედ საბჭოთა კავშირის პირველ პერიოდს, როცა საბჭოთა აფხაზეთი, განვითარების ადრე პერიოდში, “მძლავრ ადგილობრივ და ეთნიკურ მანქანას” აშენებდა. ამ პროცესის აღდგენა მნიშვნელოვანი იყო, რადგან აფხაზეთი შემდეგ უკვე გავლენიან როლს ასრულებდა საბჭოთა პატრონაჟული პოლიტიკის წარმოებაში; ხოლო პერიოდულად ყურადღებას იქცევდა ნეპოტიზმით, კორუფციით, სისხლის აღებით, რეკეტიორობით, ფლანგვით და სასამართლოს გარეშე ჩადენილი ისეთი მასშტაბის მკვლელობითაც კი, ყველაფრის მნახველი კომუნისტური პარტიის გამომძიებლებიც რომ სახტად დატოვა.
ლაკობას და მის გუნდს მოუხდათ სასამართლო განხილვებზე სიარული, საგამოძიებო კომისიებისა და ტრიბუნალების გამოვლა. მათ ედავებოდნენ თანამდებობრივ დანაშაულებს, მაგრამ, ყოველ ჯერზე, ლაკობა და მისი ხალხი ახერხებდნენ, თავიანთ უდანაშაულობაში გავლენიანი პატრონების დარწმუნებას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საბოლოოდ განადგურდებოდნენ საჯარო სანახაობად ქცეულ სასამართლო განხილვაზე – ეს იყო სტალინისტური ტერორის კულმინაციის ჟამს (წიგნის თემის ეს აღწერა აღებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ვებსაიტიდან).
ეს საკითხებია გადმოცემული ტიმოთი ბლაუველტის წიგნში “კლიენტილიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში” (Routledge, 2021).
წიგნის ქართული თარგმანი “ზიარი პრესმა” 2023 წელს გამოსცა.
...
თამარ ბაბუაძე: რეგიონის მრავალფეროვანი ისტორიის კვლევის შემდეგ, წიგნისთვის ნესტორ ლაკობა აარჩიეთ მთავარ გმირად. ლაკობას შეაქმნევინეთ ლინზა, რომელშიც აფხაზეთი უნდა აღმოვაჩინოთ. შეიძლება ზოგმა მართლაც ამტკიცოს, რომ ლაკობა აფხაზური იდენტობის “ლოგიკის” და მისი ისტორიული გამოწვევების გასაგებად ცენტრალური ფიგურაა. და თქვენ სწორედ ამ დაკვირვებამ გიბიძგათ ლაკობა წინა პლანზე გამოგეყვანათ მკითხველთა წინაშე? აქვე, მკითხველზე – ღრმა ისტორიული კვლევისა და დეტალიზებული აღწერების მიუხედავად, თქვენი წიგნი დააინტერესებს ყველას, ვისაც “აფხაზური საკითხი” აინტერესებს.
ტიმოთი ბლაუველტი: ჩვენი საუბრის გარკვეულ ეტაპზე ისედაც მივადგებოდით სტანისლავ ლაკობას – აფხაზ ისტორიკოსს, რომელიც 2025 წლის სექტემბერში, ავტოავარიაში დაიღუპა. მაგრამ მოდი, საუბარი პირდაპირ დავიწყოთ მისი სტატიის ხსენებით. სტანისლავ ლაკობა არის ავტორი ნამუშევრისა “მე ვარ კობა, შენ კი – ლაკობა” (Я – КОБА, А ТЫ – ЛАКОБА). ესაა ნაშრომი სტალინისა და ლაკობას ურთიერთობის შესახებ, რომელიც ისტორიკოსმა შემდეგ ბევრი სხვადასხვა ფორმითა და რედაქციით გამოსცა. როცა ის წავიკითხე, მომინდა, დამეწერა იმ მოვლენებზე, რაც დაგვაბრუნებდა სტანისლავ ლაკობას მიერ მისსავე კვლევაში გამოყენებულ პირველწყაროებთან.
მაგალითად, პირველწყაროებთან იმის შესახებ, თუ რით იქცა აფხაზეთი უნიკალურ მხარედ საბჭოეთში.
პირველ რიგში, ის გამოირჩეოდა თავისი სუბტროპიკული ბუნებით. აქედან მოდიოდა მისი მეტსახელებიც – “საბჭოთა ფლორიდა” და “საბჭოთა რივიერა”. ადრეულ 1920-იან წლებში, ჭაობების ამოშრობის შემდეგ, მალარიის გამო წინათ დაუსახლებელი მიწები მაღალი მოთხოვნით გამორჩეული ციტრუსის და თამბაქოს პლანტაციებად იქცა – და ორივე, თამბაქოცა და ციტრუსიც, უნიკალური, ანდა თითქმის უნიკალური პროდუქტი იყო საბჭოეთში.
აფხაზეთი იქცა სანატორიუმების მხარედაც. ეს სისტემა თავიდან ცარისტულ პერიოდში განვითარდა, როგორც რუსი დიდგვაროვნებისთვის თბილი და მზიანი სამხრეთ საფრანგეთის ალტერნატივა. მერე კი, თამბაქოს პლანტაციებში საინვესტიციო ცენტრის გარდა, აფხაზეთი ჩამოყალიბდა ეგზოტიკურ მხარედაც, სადაც შეგეძლო გქონოდა კურორტი, “დაჩა”.
მერე და მერე აფხაზეთი საბჭოთა ელიტის მთავარ დასასვენებელ ადგილად იქცა. საარქივო დოკუმენტებში ჩანს მუდმივი გაწამაწია, დავალებების გაცემა, მიწერ-მოწერა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აფხაზეთში ხშირად გზავნიდნენ პოლიტბიუროს წევრებს. ასეთია ლეონ ტროცკი, რომელსაც აფხაზეთში ავადმყოფობის გამო უშვებენ გამოსაკეთებლად.
საარქივო ჩანაწერებში – სერგო ორჯონიკიძისა და ფელიქს ძერჟინსკისგან გაგზავნილ დეპეშებში, მაგალითად, მოცემულია დეტალური ინსტრუქციები, “როგორ გაართონ” აფხაზეთში სტუმრად ჩასული ტროცკი.
ტროცკის აფხაზეთში შეყოლიების ამბავი კი გადაჯაჭვულია საბჭოთა ისტორიის ერთ გარდამტეხ მომენტთან – ულიდერობის ხანაში, როცა ლენინის ჯანმრთელობა საგრძნობლად იყო გაუარესებული და როცა მემკვიდრის პოზიციისთვის დაიწყო ბრძოლა, ტროცკი იმყოფებოდა სოხუმში.
ცნობილია ასეთი ფაქტიც – როცა ლენინი გარდაიცვალა, სტალინმა ტროცკის ბელადის დაკრძალვის არასწორი თარიღი შეატყობინა, თან ამტკიცებდა, მაშინვე რომც გამგზავრებულიყო ტროცკი აფხაზეთიდან, მაინც ვერ მიუსწრებდა დაკრძალვას.
სტალინის ამ ფანდის გამო იყო, რომ ტროცკი მართლაც გამოაკლდა ლენინის დაკრძალვას (ფანდისა, რადგან, სინამდვილეში, ტროცკი ასწრებდა – ცერემონია კვირას გაიმართა), რის გამოც მისი პრესტიჟი და ავტორიტეტი სტალინთან დაპირისპირებაში შესუსტდა.
ისტორიკოსი, ედვარდ ჰალეტ კარი სწორედ ამ ინციდენტს იყენებს თავის წიგნში “სად არის ისტორია”, რომ აღწეროს ისტორიული შემთხვევითობის კონცეპტი. ქვეთავში “კლეოპატრას ცხვირი” – რაც მიემართება იმ აზრს, რომ კლეოპატრას სხვაგვარი ცხვირი რომ ჰქონოდა, მარკუს ანტონიუსი ასე არ დაკარგავდა გონს მის გამო და ისტორიის კურსიც შეიცვლებოდა – კარი აღნიშნავს, რომ ტროცკის გაციებამ აფხაზეთში, იხვებზე ნადირობის დროს, საბჭოთა კავშირის კურსი შეცვალა.
და ამას მივყავართ თქვენს თავდაპირველ კითხვამდე: რატომ ავირჩიე ლაკობა?
კომუნისტური პარტიის ოფიციალური არქივის გარდა, არსებობს ნესტორ ლაკობას პერსონალური საქაღალდეებიც. მართალია, დიდი კოლექცია არ არის – უხეშად რომ ვთქვა, ალბათ, ათასი გვერდი – მაგრამ სწორედ ეს ნაწერებია უმნიშვნელოვანესი 1920 და 30-იანი წლების საბჭოთა ისტორიის გასაგებად. საბოლოოდ, ეს საქაღალდეები სტენფორდის უნივერსიტეტში, ჰუვერის ინსტიტუტში აღმოჩნდა, მაგრამ ჰუვერამდე მათი გზა ცალკე ისტორიაა:
ნესტორ ლაკობა 1936 წელს ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ის თბილისში ლავრენტი ბერიამ გამოიძახა. ბერიასთან სახლში მიირთვეს თევზი, მერე კი ოპერაში წავიდნენ. სწორედ ოპერაში ყოფნისას უღონოდ დაეცა ლაკობა და იმავე ღამეს, მოგვიანებით, გარდაიცვალა. მერე რაც მოხდა, უფრო ლეგენდის ნაწილია: ნესტორის მეუღლემ, სარიამ, მეზობლების დასანახად ეზოში დაწვა ქმრის არქივი – ასე სურდა ხელისუფლებისთვის თვალის ახვევა, მაგრამ არქივის ნაწილი რკინის ყუთში მოათავსა და იატაკის ძელებს შორის ჩადო. 1950-იან წლებში სარიას გულაგიდან დაბრუნებულმა ძმამ შემთხვევით მოჰკრა თვალი ქაღალდებს, რომლებსაც ხელოსნებმა მიაგნეს სახლის რემონტისას. როგორც ჩანს, სტანისლავ ლაკობამ ეს ქაღალდები 1990 წელს ნახა, სანამ გაყიდდნენ და სტენფორდში მიუჩენდნენ ბინას – იქ, სადაც უკვე მე შევისწავლე.
აფხაზეთის წითელი მარტი | ზურა წურწუმია
ამ კოლექციაში შედის წერილების უამრავი ვერსია, რომელთაც ლაკობა აკეთებდა გაგზავნამდე, ასევე, ბერიასგან მიღებული წერილები, რომლებიც 1920-იანი წლებით თარიღდება. არსებითია ამ ნაწერების შესწავლა ბერიასა და ლაკობას შორის მზარდი ურთიერთობის გასაანალიზებლად, რაც სტანისლავის კვლევის ცენტრალური ნაწილი გახლავთ. მის კვლევას ჰქონდა მიზანი – ეჩვენებინა ნესტორ ლაკობას და აფხაზეთის მნიშვნელობა და წარმოეჩინა, თუ რამდენად შეუცვლელი იყო ეს ორი – ლაკობა და აფხაზეთი – სტალინსა და ბერიას შორის ურთიერთობის დამყარებისთვის. მართლაც, ამ კავშირის გარეშე, ისტორიულ მისტიციზმად დარჩებოდა კითხვაზე პასუხი: თუ როგორ შეაღწია ბერიამ თავდაპირველად სტალინის ახლო გარემოცვაში.
თამარ ბაბუაძე: ასე რომ, სტანისლავ ლაკობა ამტკიცებს, რომ ნესტორ ლაკობა იყო ის, ვინც სტალინისთვის ბერიას წარდგენა უზრუნველყო?
ტიმოთი ბლაუველტი: ზუსტად ამის ჩვენებაა მისი სტატიის მიზანი. ამ ისტორიკოსისთვის გადამწყვეტია, აჩვენოს, რომ სტალინი და ბერია, ვერასდროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ლაკობას რომ არ ეშუამდგომლა. შესაძლოა, დამაჯერებლად არ ჟღერდეს, მაგრამ აშკარაა, რომ სტალინ-ბერიას შეხვედრაში ლაკობას მართლა დიდი როლი მიუძღვის, რადგან ლაკობა აკონტროლებდა აფხაზეთს – იმ სუბტროპიკულ ჰაბს, სადაც საბჭოთა ელიტა იყრიდა ხოლმე თავს; და სადაც მისი პოლიტიკური კაპიტალი ცას სწვდებოდა. 1920-იანების შუა ხანიდან 30-იანების შუა დრომდე, სტალინი ზოგჯერ მთელ ზაფხულებს ატარებდა თავის აფხაზურ “დაჩებზე” ანდა უფრო ზემოთ, ჩრდილოეთით, ადლერსა და სოჭში. იმ დროს კი სიახლოვე ნიშნავდა გავლენას; სტალინის აფხაზეთში ხანგრძლივად ყოფნა ლაკობას აძლევდა მასთან პირისპირ შეხვედრის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ამ სიახლოვით შეძლო ლაკობამ თავისი ქსელის გაძლიერებაც. მის პირად საარქივო დოკუმენტებში კი ჩანს, რომ ბერიასაც და ლაკობასაც, საწყის ეტაპზე მაინც, ორივეს აწყობდა ერთმანეთთან კავშირი.
ლაკობას გავლით, ანდა ლაკობას მიღმაც დავინტერესდი პატრონაჟისა და კლიენტილიზმის ფართო გაგებით. და ლაკობა ამ უფრო ფართო გაგების ნაწილიც გახდა.
თუმცა, არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი წყაროც. ესაა საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ძველი ლიდერის, აკაკი მგელაძის მემუარი, რომელიც თბილისში, მგელაძისვე ოჯახის ფინანსური ხელშეწყობით, 2001 წელს გამოიცა. მგელაძე მოგონებებს უკვე შეუძლოდ მყოფი წერდა, უფრო სწორად, მეუღლეს კარნახობდა რუსულად. ტექსტი ამავე ენაზეა დაბეჭდილი და ნათელს ჰფენს იმასაც, თუ როგორ დანიშნა სტალინმა მგელაძე აფხაზეთის პირველ პარტიულ მდივნად პირადი გადაწყვეტილებით, 1943 წელს. იმ დროს წითელი არმია, ლამის, სულდგმულობდა თამბაქოთი, აფხაზეთი კი თამბაქოს მთავარი მწარმოებელი გახლდათ. სტალინს ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც ასე კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსს ფლობდა, ძალიან სანდო კადრი სჭირდებოდა. ამ დანიშვნით, მგელაძე სტალინის პირდაპირი “კლიენტი” გახდა.
ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან პასუხობს დიდი ხნის წინ დაწყებულ დებატებსაც “კრემლინოლოგიურ” ლიტერატურაში იმის შესახებ, ინარჩუნებდა თუ არა სტალინი პირად კლიენტებს (კრემლინოლოგია – ტერმინი, რომელიც, სალექსიკონო განმარტებით, ყოფილი საბჭოთა მთავრობების პრაქტიკებსა და პოლიტიკებს სწავლობს).
ჩემი ხედვით, დიახ, ინარჩუნებდა. მგელაძე მიეკუთვნება “სტალინის ამალის” ამ ძალიან სპეციფიკურ გუნდს, რომლის წევრიც ასევე იყო ლეონიდ მელნიკოვი უკრაინაში.
ეს ხალხი სტალინმა განზრახ დააწინაურა საბჭოეთის პერიფერიებზე, რომ იმ შერჩეულ ადგილებში მათგან აბსოლუტური ერთგულება მიეღო. მგელაძის მემუარები სრულად ჰფენს ნათელს, თუ როგორ ფუნქციონირებდა ეს პატრონაჟული ქსელები. მგელაძე, მაგალითად, აღწერს, თუ როგორ მისეირნობდა სანაპიროზე სტალინთან ერთად, როგორ გაუზიარა ამ დროს იდეა და როგორ მიიღო სტალინისგან მყისიერი თანხმობა. ეს არაფორმალური ურთიერთობები გვაჩვენებს, რომ რეგიონის მნიშვნელობა ხშირად გადაჯაჭვული იყო ლიდერთან ახლო გარემოცვაში ყოფნაზე და ამ რეგიონთა მმართველების ერთგულებაზე.
თამარ ბაბუაძე: ასე რომ, როცა აფხაზეთის უნიკალურ როლზე დავფიქრდებით, რაც ამ რეგიონს საბჭოთა სისტემაში ჰქონდა, უნდა განვიხილოთ თუ არა ის ამ ურთიერთშეკავშირებული ფაქტორების ერთობად – აქ ამინდს ერთად ქმნიდა ეკონომიკური რესურსები, ელიტური კურორტი და არაფორმალური პატრონაჟული ქსელი?
ტიმოთი ბლაუველტი: ამაზე მარტივად თუ შევხედავთ საკითხს, აფხაზეთის სრულ სურათს ვერ დავხატავთ.
მისი უნიკალური ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა უზრუნველყოფდა უზარმაზარ პოლიტიკურ კაპიტალს, აფხაზეთს აქცევდა სანიმუშოდ მნიშვნელოვან მხარედ მისი მცირე ფართობის მიუხედავად.
ამით იხსნება ქიშპობაც – რატომ ცდილობდნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები ასე ძალიან ამ მხარეში პირველობის მოპოვებას.
2007 წელს ჟურნალში Nationalities Papers გამოვაქვეყნე სტატია სათაურით: “აფხაზეთი: პატრონაჟი და ძალაუფლება სტალინურ პერიოდში”. იმ სტატიაში ვიკვლევდი, თუ როგორ თავსდებოდა და როგორ ფუნქციონირებდა რეგიონული პატრონაჟული სარგებელი საბჭოთა ისტორიის უფრო ფართო სტრუქტურებში. შემდეგ უკვე 1920-30-იანი წლების ეროვნების პოლიტიკას და ლინგვისტურ კორენიზაციას ვსწავლობდი.
როგორც კლერ კაიზერი ამტკიცებს თავის ნაშრომში, ადრე საბჭოთა რეჟიმმა ეროვნების “დეპოლიტიზება” (პოლიტიკური მნიშვნელისგან განძარცვა) სცადა იმით, რომ ეთნიკურ ჯგუფებს ეროვნულობის გარეგნული ფორმები დაუტოვა და მიანიჭა, მაგალითად, ასეთად მიიჩნევა მშობლიურ ენაზე განათლება და ანბანის შექმნა (მათთვის, ვისაც საკუთარი ანბანი არ ჰქონდა). კაიზერისვე მტკიცებით, ეროვნულობის “დეპოლიტიზება” საბჭოეთმა სცადა “ტიტულარული” ერების პოზიტიური დისკრიმინაციითაც. კლერ კაიზერის კვლევის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა კონცეპტის “entitled nation” ჩამოყალიბება. იმის ნაცვლად, რომ დავრჩეთ “ტიტულოვანისა” და “არატიტულოვანის” ბინარულ დაპირისპირებაში, რომელიც ვერ გადმოსცემს ნიუანსებს – მაგალითად, ამ პრივილეგიათა ხარისხს, კაიზერმა მიაგნო ტერმინს “'entitlement” (რისამე უფლების ქონა). ახლა ჩემი წიგნის რუსული გამოცემა მზადდება და რუსულად თარგმანისთვის ავარჩიეთ tituliarnaia natsia და არა titulnaia – უფრო მეტად რომ მოგვეხელთებინა შემდეგი ნიუანსი – ამ ერებს სახელმწიფო ანიჭებდა პრივილეგიებს.
თამარ ბაბუაძე: მოდი, ოდნავ უფრო გავავრცოთ ამ ცნების არსი.
ტიმოთი ბლაუველტი: ტერმინი “უფლებამინიჭებული” მოიცავს ამგვარ აზრობრივ ნიუანსს: ამ უფლებას ერს სახელმწიფო ანიჭებს. უფლებამინიჭებული ნიშნავს, ფლობდე გარკვეულ პრივილეგიებს – უფლებას ტერიტორიაზე, საკუთარ ენაზე, ადმინისტრაციულ პრეფერენციაზე – ამ პრივილეგიებს პოზიტიური დისკრიმინაციის პოლიტიკა გიკანონებს. აფხაზეთი კარგი მაგალითია იმის ასახსნელად, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ცალკეულ ერთა ეს იერარქია.
“სტალინიზმის პიკში” (და ესაა გვიანი 30-იანებიდან 50-იანების დასაწყისამდე ხანა) ორივენი – აფხაზებიცა და ქართველებიც – უფლებამინიჭებულნი იყვნენ თავიანთ სფეროებში: აფხაზები თავიანთი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, ქართველები კი უფრო ფართო სივრცეში – საქართველოს მთელს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.
ამ სტრუქტურაში, ცხადი იყო, რომ ქართველები უფრო მეტად დაწინაურებული ჯგუფი გახლდათ, ვიდრე სხვა ხალხები. ამ პოლიტიკას საფუძვლად პრაგმატული გათვლა ედო: რადგანაც ეროვნების გაგება ისე ვერ გაქრებოდა, როგორც კეთილსინდისიერი მარქსისტი იმედოვნებდა, სახელმწიფოს სჭირდებოდა გარდამავალი სტრატეგიის გატარება. ამ კონცესიებისა და პრივილეგიების ჩამორიგებით, რეჟიმი ფიქრობდა, რომ როგორმე მართავდა ეროვნულ იდენტობას იქამდე მაინც, სანამ ის დროთა განმავლობაში დაჭკნებოდა და აზრს დაკარგავდა.
თუმცა, ერთი რამ არის გასაოცარი. თუ როგორ დაემთხვა და გადაფარა ეს ფორმალური მიდგომა არაფორმალურმა კლიენტილიზმმა.
როგორც მგელაძის დანიშვნიდან ჩანს, სტალინი ამ პირად პატრონაჟულ ქსელებზე ბოლომდე დამოკიდებული დარჩა. არადა, ეროვნულობის პოლიტიკა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა: 1920-იანი წლების “ეთნოფილიის” ეტაპის მერე – როცა სულ პატარა ეთნიკურ ჯგუფსაც კი სტატუსი და პრივილეგია ჰქონდა – 1930-იანებში “დიდი შემობრუნება” დაიწყო – პრიორიტეტი ახლა უფრო მსხვილ ეროვნულ ჯგუფებს მიენიჭათ. ამ ცვლილებას მოჰყვა მტრისა და საფრთხის გაგების ცვლილებაც. 1920-იან წლებში “დიდ საფრთხეს” უწოდებდნენ “დიდ რუსულ შოვინიზმს”, ხოლო პატარა ერების ლოკალური ნაციონალიზმი, მასთან შედარებით, სათვალავში დიდად ჩასაგდები არ ეგონათ. მერე კი, 1930-იან წლებში, მიზანი უკვე ამ ლოკალური ეროვნულობის ფორმების შევიწროება და დაწნეხა გახდა.
თამარ ბაბუაძე: არქივებშიც, შესაბამისად, მოიძებნება მასალები ამ “დიდი რუსი შოვინიზმის” განხილვისა და რუსეთის დიდ საფრთხედ დანახვის დასტურად?
ტიმოთი ბლაუველტი: ეს მკაფიოდ ჩანს პარტიის ყრილობების სტენოგრაფიულ ჩანაწერებში. განსაკუთრებით, 1923 წლის მე-12 ყრილობის მასალაში. იმ ღონისძიებაზე, ომახიანად ისაუბრეს ლენინის ნააზრევზე და გამოჰყვეს, ისევ ლენინის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, Velikorusskiy shovinizm-ი, როგორც საბჭოთა პროექტის მთავარი საფრთხე.
სწორედ “რუსული შოვინიზმი” იყო საფრთხე, რადგან რუსეთის ყოფილ იმპერიაში ძალმომრეობით გაერთიანებული ხალხები ხანგრძლივად განიცდიდნენ ჩაგვრას რუსული ცარიზმისგან. ამიტომ, ამავე ხალხების საბჭოთა პროექტში გაერთიანებისას, დესტაბილიზაციის წყაროს კვლავაც მჩაგვრელთა ნაციონალობა – მათი რუსობა ქმნიდა. ამის გასანეიტრალებლად, საბჭოთა სისტემა ადგილობრივ ეროვნებებს, როგორც “ნაკლებ საფრთხეს”, სხვადასხვაგვარ კონცესიებს სთავაზობდა. ბოლშევიკებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ დათმობებითა და წახალისებებით, საბჭოეთის პერიფერიებზე მცხოვრები ხალხების ერთგულებას მოიპოვებდნენ, რადგან “რუსული შოვინიზმი” აღარ მოეჩვენებოდათ ცარიზმის მსგავს საფრთხედ.
თუმცა, ამ პარტიულ ხაზს მოწინააღმდეგენიც ჰყავდა. ზოგიერთი კომუნისტი, ნიკოლაი ბუხარინის მსგავსად, წუხდა, რომ პოზიტიური დისკრიმინაციით ხალხებისთვის ტერიტორიის გადაცემა და კულტურის ინსტიტუციონალიზაცია უნებურად გამოიწვევდა ისეთივე ნაციონალიზმის წახალისებას, როგორის დაშლაც კომუნისტურ პარტიას ეტაპობრივად თვითონვე სურდა.
თამარ ბაბუაძე: ამ ლოგიკას მიჰყვებით და თქვენს წიგნში ხაზს უსვამთ იმ მასალასაც, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ განიხილავდნენ პარტიის ლიდერები საფრთხედ “ქართულ შოვინიზმსაც”. რას ნიშნავდა ეს?
ტიმოთი ბლაუველტი: 1920-იანი წლების ამ პოლიტიკის მთავარი შეთანხმება ის იყო, რომ მცირე ერებისთვის გადაცემული კონცესიები მხოლოდ გარდამავალი ფაზა უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეროვნულობის კონტურების შესაბამისად ტერიტორიების შემოსაზღვრითა და რესურსების ეთნიკური კატეგორიების მიხედვით მინიჭება-გადანაწილებით, სისტემა ძალაუნებურად მართლაც იწვევდა ამ ახალი საბჭოური იდენტობების სიცოცხლისუნარიანობას. პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტები ხშირად მიუთითებენ ერთ რამეს:
პოლიტიკის ფუნდამენტური აზრია, გაანაწილოს, ვინ რას იღებს და რატომ. როცა “რას მიიღებ” დამოკიდებულია შენს კატეგორიაზე, ეგ კატეგორია ხდება ცხოვრების ცენტრი. ეს არის საბჭოთა კავშირის ეროვნულობის პოლიტიკის გრძელვადიანი პარადოქსი: იმის ნაცვლად, რომ შეეწყო ხელი ეროვნული იდენტობის დაჭკნობა-დაჩიავებისთვის, სისტემამ ინსტიტუციონალიზება გაუწია მას, გააძლიერა. ამ გაგებით, ბუხარინის წუხილი და გაფრთხილებები ნამდვილად იყო მართალი.
თამარ ბაბუაძე: იმის მიხედვით, რაც გამოგიკვლევიათ, ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ კომუნისტურ პარტიას სწამდა ეროვნული იდენტობის იდეის დაჭკნობის? მისი რელევანტურობის დაკარგვის?
ტიმოთი ბლაუველტი: დიახ, ნამდვილად სჯეროდათ ამის და დოკუმენტებში ეს ხშირად აისახება. ისინი ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებულ შუღლს უყურებდნენ, როგორც “წარსულის გადმონაშთს” (perezhitki proshlogo), რომლებსაც, როგორც ანაქრონიზმს, გადაშენება ეწერა.
წიგნის ეპილოგში ვწერ კიდეც, რომ რაოდენობისა და ხარისხის დადგენა რთულია, თუმცა, ქართული კომპარტიისგან ყოველთვის ხელშესახებად იგრძნობოდა ლაკობასა და აფხაზეთისთვის გადაცემული სპეციფიკური პრივილეგიების გამო გულის წყრომა. მათი სხდომების სტენოგრაფიულ ჩანაწერებში, საგაზეთო ანგარიშებში ანდა სხვა ნებისმიერ საარქივო დოკუმენტში ღიად შოვინისტური პასაჟები ცხადია ამოღებულია, მაგრამ ცხადია, რომ ზოგადად ქართული კომპარტიის და ცენტრალური კომიტეტის კადრებს აფხაზების დაწინაურება არ სიამოვნებთ. ცხადია, ეს გადმოცემულია მინიშნებებით. მაგალითად, წერია, რომ ლაკობას გაკრიტიკებას დარბაზში აღტაცებული შეძახილები მოჰყვა, ანდა მქუხარე ტაში გამოიწვია.
ასე რომ, ოფიციალური საბჭოთა ნარატივის ზედაპირქვეშ, აშკარა იყო, რომ ქიშპობა მწიფდებოდა.
თამარ ბაბუაძე: როცა ასე განზრახ “გაწმენდილ” ანდა არასრულ ჩანაწერებზე მუშაობს ისტორიკოსი, რა დოზით ეყრდნობა ის “ისტორიული გამოგონების, წარმოსახვის” უნარს იმ წარსული მოვლენების აღსადგენად, რომლებიც მკაფიოდ არაა დოკუმენტირებული?
ტიმოთი ბლაუველტი: ეს საქმე სტრიქონებს შუა კითხვის დაუფლებას და ისტორიული ინტუიციის განვითარებას მოითხოვს. 1930-იანი წლების შუა პერიოდისთვის უკვე დადგა დიდი ცვლილება, როცა პარტია თავისივე დანერგილ “დიდი საფრთხის” პრინციპს განუდგა.
როცა ერთხელაც ჰკითხეს საფრთხის შესახებ, სტალინმა უპასუხა, რომ “დიდი საფრთხე” იყო ის, რის წინაშეც ნებისმიერ მოცემულ მომენტში იდგა ქვეყანა. აქედან იწყება აშკარა შემობრუნება რუსიფიკაციისკენაც. როგორც კი შეწყვეტ დიდი ძალისგან წამოსული ნაციონალიზმის მთავარ საფრთხედ აღქმას, ბუნებრივად ამბობ უარს პატარა ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერაზე და იწყებ დიდი ტიტულოვანი ერების გაძლიერებას, რაც, საბოლოო ჯამში, რუსიფიკაციას ნიშნავს.
რატომ დავივიწყოთ წარსული | ნინო ლომაძე
1938 წლისთვის, ამ ცვლილების შედეგი დადგა: რუსული ენა საბჭოთა კავშირის სკოლებში სავალდებულო საგნად დანერგეს, ბევრი ეთნიკური ჯგუფის ანბანი კი ლათინურიდან კირილიცაზე გადაიყვანეს.
თუმცა, კორენიზაციაზე ბოლომდე უარის თქმად ეს არ უნდა აღვიქვათ. პარტიის ლიდერები კორენიზაციის სისტემის სულ მთლად დაშლას არ უჭერდნენ მხარს, რადგან შიშობდნენ, ეს სრული უარყოფა აშკარა რუსიფიკაციად აღიქმებოდა – ეს იყო შფოთი და დისკომფორტი, რომელიც უსაფუძვლო სულაც არ გამოდგა, როცა ბევრი წლის შემდეგ, 1970-იან წლებში, სამოქალაქო და არა ეთნიკურობით ნიშანდებული “საბჭოთა ხალხის” იდეა კავშირის ზოგიერთ წერტილში პირწავარდნილ რუსიფიკაციად მიიღეს.
1930-იან წლებში კი, კომუნისტები მიხვდნენ: თუ ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპ-ი) დროებითი დათმობა იყო გლეხობის მიმართ, რომელსაც თავიდან ადვილად მოიშორებდნენ, ეროვნულობის პოლიტიკა უნდა გარდაექმნათ, ვერ გააუქმებდნენ. გაუქმების ნაცვლად, მეტი ყურადღება გაამახვილეს მცირე ეთნიკური ჯგუფების ნაცვლად დიდ, კავშირის დონის რესპუბლიკებზე. რა თქმა უნდა, ამ საბჭოთა ტრენდს ერთადერთი გამონაკლისი ჰყავდა და ეს იყო უკრაინა. საბჭოთა ისტორიაში უკრაინა ყოველთვის გამონაკლისია – მასზე პოზიტიური ცვლილება არ გავრცელებულა.
თამარ ბაბუაძე: რაც როგორ გამოიხატა მაშინ?
ტიმოთი ბლაუველტი: მაშინვე ცხადად გამოჩნდა, რომ კომპარტიის ხელმძღვანელობას უკრაინული ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის ძალიან ეშინოდა. ამას კომუნისტები ზედმიწევნით უკავშირებდნენ კოლექტივიზაციის პრობლემებს და შიშობდნენ, რომ უკრაინულ ნაციონალიზმს დასავლური ძალები გამოიყენებდნენ ინსტრუმენტად – ეს იყო შიში, რომელსაც ფესვები მე-19 საუკუნის დროინდელ გეოპოლიტიკურ პრეცედენტში ჰქონდა.
ამიტომაც, გვიან 20-იან და ადრე 30-იან წლებში უკრაინულ ინტელექტუალურ წრეზე ღია თავდასხმა წამოიწყეს კომუნისტებმა. ვგულისხმობ უკრაინელთა საკმაოდ ფართო წრეს, რომელიც “უკრაინიზაციის” მანამდელი პოლიტიკის დროს განვითარდა და გაძლიერდა. მერე კი, მოძლიერებული ინტელექტუალური კლასის ხილვისას, კომუნისტები შეშინდნენ და მასობრივად დაიწყეს უკრაინელი მწერლებისა და პედაგოგების დაპატიმრება, ფართომასშტაბიანი სანახაობრივი სასამართლო პროცესების გამართვა ისეთი არარსებული ერთეულების წინააღმდეგ, როგორიც იყო “უკრაინის გამათავისუფლებელი კავშირი” (SVU), რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. სინამდვილეში თავდასხმა ეხებოდა ყველა, ვინც უკრაინის პატრიოტობას იჩემებდა. ამ განადგურებას “რენესანსის დასჯას” (Rozstriliane vidrodzhennia) უწოდებენ – მართლაც, ეს იყო 1920-იან წლებში აღორძინებული უკრაინული კულტურის სისტემატური განადგურება, რასაც საბჭოთა სახელმწიფო უძღვებოდა.
თამარ ბაბუაძე: ეს იყო მსგავსი “ხალხის მტრების” მოსპობის კამპანიისა, რაც ჩვენ, ქართველებს, 1937-ის სახელით დაგვამახსოვრდა, არა?
ტიმოთი ბლაუველტი: შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ “1937” – პოლიტიკური რეპრესიების სიმძაფრის გაგებით – უკრაინაში ადრე დადგა. მიუხედავად ამისა, უკრაინიზაციის პროცესი კი შეასუსტეს სპეციალური დეკრეტების გამოცემით, მაგრამ სრულად არ გაუუქმებიათ. მაგალითად, კვლავაც ფუნქციონირებდა უკრაინულენოვანი სკოლები და გაზეთები.
თამარ ბაბუაძე: ახლა ჩვენ ქართულ-აფხაზურ რეალობას დავუბრუნდეთ. ამ ახალი პოლიტიკის შედეგად დაიწყო ქართული რესპუბლიკის გაძლიერება?
ტიმოთი ბლაუველტი: 1930-იანების შუა ხანებში, საკავშირო მასშტაბის ცვლილება დაიწყეს, დიახ, და, გაირკვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ის რესპუბლიკა იყო, რომელმაც ამ ცვლილებით ისარგებლა. საქართველომ გაიმყარა ურთიერთობა თავის შიდა ავტონომიურ რეგიონებთან, ოსეთთან და აფხაზეთთან.
ამ პერიოდს ლავრენტი ბერიას კარიერული აღმასვლაც ახასიათებს. საქართველოს პოზიციის ცვლილების ნაწილად უნდა აღვიქვათ ბერიას და ლაკობას ურთიერთობის განვითარებაც.
ამ დროს ლაკობა უკვე ვეღარ სარგებლობდა ისეთივე როლით, როგორითაც – მანამდე. სტალინის ძალაუფლების ცენტრალიზაციამ და კოლექტივიზაციამ ნეპ-ის ეპოქის ყველანაირი ნაპრალი ამოავსო. უკვე შეუძლებელი იყო თამბაქოს ვაჭრობით მანიპულაცია, ანდა საბჭოთა სავაჭრო სისტემის სხვადასხვა სექტორის ერთმანეთთან დაპირისპირება. ხოლო ბერიას თავისი გავლენების ზრდის შესანიშნავი შანსი მიეცა.
შესაბამისად, თუ შუა 30-იანებმა რუსიფიკაცია და კირილიცას ანბანი მოუტანა სხვა ხალხებს, საქართველოში “ქართული პოლიტიკის” გატარების პროცესი დაიწყო.
ამისი გასაოცარი მაგალითია ცვლილება ლინგვისტურ პოლიტიკაში: ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში (რომელიც რუსეთის საზღვრებში შედიოდა), ოსური ენა კირილიცაზე გადაიყვანეს. სამხრეთ ოსეთის აო-ში კი (ავტონომიური ოლქი საქართველოს შიგნით) – ქართულ ანბანზე. მსგავსად ამისა, ქართულ ანბანზე გადაიყვანეს აფხაზური ენაც – რაც ლინგვისტური გაგებით, რომ ვთქვათ, შთამბეჭდავად კარგი ცვლილება იყო – ქართული ენა შესანიშნავად გადმოსცემდა აფხაზური ბგერების ჟღერადობას, მაგრამ ეს ცვლილება, ამავდროულად, აფხაზთა ინტეგრაციისთვის საჭირო აშკარა პოლიტიკური ინსტრუმენტიც გახლდათ.
შესაბამისად, სტალინისა და ბერიას გარდაცვალების შემდეგ, აფხაზურმა და ოსურმა მთავრობებმა არ დაახანეს და ძალიან მალევე, 1954 წელსვე, ორივე ენა კირილიცაზე გადაიყვანეს – ანბანზე, რომელსაც აფხაზები და ოსები დღემდე იყენებენ.
თამარ ბაბუაძე: და ბერიას შემდეგ მსგავს გადაწყვეტილებებს უკვე ვინ იღებდა აფხაზეთში?
ტიმოთი ბლაუველტი: ასე ცალსახად ვერავისზე ვიტყვით, მაგრამ ეს ცვლილება აშკარად არის აფხაზეთის გადარჩენილი პარტიული ელიტისა და ახალი საბჭოთა ხელმძღვანელების თანამშრომლობის შედეგი – მას შემდეგ, რაც 1954-შივე ბერიას ერთგული ხალხის განადგურება დაიწყეს, სწორედ ასეთი დრო დადგა. მაშინ უკვე ხრუშჩოვის ადმინისტრაცია იმყარებდა პოზიციებს და ძალისხმევას არ ზოგავდა, წინა ეპოქის გადაცდომებისგან დისტანცირებულიყო. ამის ნაწილი გახდა “გაქართველების პოლიტიკის” შესუსტებაც აფხაზეთის რეგიონში მდგომარეობის დასაბალანსებლად – აფხაზურ პარტიულ ელიტაში მოსკოვისადმი ერთგულების გასამყარებლად.
ბუნებრივია, ქართული ინტელიგენცია ამ ძვრებით დაინტერესდა. ამის ანგარიშგასაწევი მაგალითია პავლე ინგოროყვას საკამათო თეორიებით გაჯერებული 1948 წელს გამოქვეყნებული წერილის 1954 წელს წიგნის ფორმით დაბეჭდვა. ინგოროყვა ამტკიცებდა, რომ “ნამდვილი”, ისტორიული აფხაზები სინამდვილეში ქართველები არიან, ხოლო თანამედროვე აფხაზი ხალხი რეგიონში შედარებით ახალი მოსულია.
ასეთი მტკიცებებით სავსე ნაშრომის ხელახალი გამოცემით 1954 წელს, თანაც – წიგნად გამოცემით, ქართული აკადემიური წრე და პოლიტიკური ისტებლიშმენტი აშკარად ერთ მკაფიო რამეს ცდილობდა – აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ინტერესი დაეცვა, ისტორიოგრაფიულად ეპასუხა აფხაზეთში მიმდინარე ადმინისტრაციული ძვრებისთვის, რომელთა შედეგადაც ქართული გავლენები იქ სუსტდებოდა.
თამარ ბაბუაძე: პინგ-პონგივით სიტუაციაა, თითქოს, რეაქციის გამოხატვა რეაქციაზე, მერე – ამ რეაქციაზე. ერთი გამოხატავს, მეორე პასუხობს.
ტიმოთი ბლაუველტი: ზუსტად ამ გაგებით არის საინტერესო აფხაზური ისტორიოგრაფია, რომელიც საპროტესტო წერილებით და კგბ-ს დაზვერვითი ანგარიშებით (svodki) გადმოიცემა. ცნობებით გვამარაგებს ლაკობას ზემოთ ხსენებული არქივიც, მაგალითად, იქაა მისი ხელნაწერი წერილი, რომელსაც კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს უგზავნის კოლექტივიზაციასთან დაპირისპირებული გლეხების აჯანყების გამო.
ლაკობას მტკიცებით, მთავარ უთანხმოებას იწვევს 1931 წელს აფხაზეთის სტატუსის ჩამოქვეითება “ხელშეკრულებითი რესპუბლიკიდან” (Dogovornaya Respublika) ავტონომიურ რესპუბლიკამდე საქართველოს სსრ-ს მკაცრად დადგენილ საზღვრებში.
ნესტორ ლაკობა ამ წერილში ცენტრალურ კომიტეტს უმტკიცებს, რომ კოლექტივიზაციის წინააღმდეგ გამოსვლები 1931 წელს სინამდვილეში შეფარული პროტესტი იყო სტატუსის დაკარგვის პასუხად (უნდა ითქვას, რომ სტატუსი აფხაზეთს, მართლაც, 1931 წელსვე შეეცვალა).
როცა ამ საკითხს თავიდან ვიკვლევდი, ეს გარემოება – სტატუსის გამო ამბოხი – ძალიან მომხიბვლელად მეჩვენებოდა, რადგან მაფიქრებდა ერთ მნიშვნელოვან ჰიპოთეზაზე. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ადგილობრივ ეროვნულ ელიტებს იმდენი სუბიექტური ხმა ჰქონდათ, რომ შეეძლოთ, ადგილობრივ დონეზე მძლავრად გაეღვივებინათ ნაციონალური სენტიმენტი და ეროვნულობის ასე მობილიზებით, შემდეგ სასურველი პოლიტიკური შედეგი დაეტყუათ ცენტრისთვის (მოსკოვისთვის).
გვიან საბჭოთა პერიოდში ამის მაგალითები გვაქვს, თუმცა 1931 წლის აფხაზური შემთხვევა – აჯანყება პოლიტიკური სტატუსის დაკარგვის გამო – მსგავსი პოლიტიკური მანიპულაციის ძალიან ადრეული მაგალითი გამოვიდოდა, თუკი, დამტკიცდებოდა.
როცა 2006 წელს სტანისლავ ლაკობას შევხვდი, სწორედ ამაზე მინდოდა მასთან მესაუბრა, რადგან ვფიქრობდი: კარგი ბატონო, ეს ყოველივე კარგია, მაგრამ რომ არ არსებობს არანაირი ნამდვილი მტკიცება იმისა, რომ 1931 წლის გლეხთა ამბოხი რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას ეხებოდა და არა მათი მყისიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას? საჭიროებებისა, რაც კოლექტივიზაციას და გლეხთა მოსავლისა და შინაური საქონლის კონფისკაციას მოჰყვა? ვკითხე კიდეც, შეგიძლიათ შესაბამისი საარქივო დოკუმენტი მაჩვენოთ, რომელშიც სტატუსის გამო აფხაზი გლეხის წუხილი ჩანს? მაგრამ – არა, მსგავსი არაფერი იყო და ეს, გარკვეულწილად, პრობლემაა, რომელიც უფრო დიდ პრობლემაზეც მიგვანიშნებს – თუ როგორ აღიქვამდა სტანისლავ ლაკობა, ზოგადად, ისტორიას.
თუმცა, დამამტკიცებელი დოკუმენტი რომ არ არსებობს, ბოლომდე მისი ბრალიც არ არის – არქივები დაიწვა. და, ვინ იცის, იქნებ, აფხაზ გლეხებს მართლა აღელვებდათ პოლიტიკური სტატუსის შეცვლა. იქნებ… მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით. ერთადერთი, რაც საიდუმლო პოლიციის ანგარიშებში მოიძებნება იმის შესახებ, თუ რას ამბობს აჯანყებული აფხაზი გლეხი, კოლექტივიზაციას და კოლექტივიზაციის გაპროტესტებას ეხება.
უკმაყოფილების წერილობით გამოთქმის ეს ტრადიცია, რომელიც “აფხაზურ წერილებად” (Abkhazskie Pisma) ყალიბდება, მოსკოვში გაგზავნილი საპროტესტო მიმართვების მთელი სერიაა. პირველი ასეთი წერილი – 1947-ში გაგზავნილი – საშიშად გაბედული დოკუმენტი იყო, რომელსაც ხელს სამი ცნობილი აფხაზი ინტელექტუალი აწერდა. ისინი “გაქართველების კამპანიას” აპროტესტებდნენ მოსკოვში გაგზავნილი ამ წერილით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისინი უპირისპირდებოდნენ ქართული ანბანის დამკვიდრებას და 1945-46 წლების განათლების რეფორმას, რომელმაც დაწყებით კლასებში აფხაზურენოვანი სწავლება ქართულენოვანით ჩაანაცვლა. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მოსკოვში გაგზავნილი საჩივრის ავტორები აღნიშნავდნენ:
თუ ჩვენს ენას გვერდზე გასწევენ, მაშინ გვირჩევნია რუსული სკოლების შემოღება, ვიდრე ქართული სკოლების ძალადობრივად თავს მოხვევაო.
სხვა ბევრი გასაჭირი – ლაკობას მოკვლით დაწყებული და აფხაზეთში ქართველების მასობრივი დაბრუნებითა და ჩასახლებით გაგრძელებული – გახდა აფხაზთა წერილობითი საჩივრების თემა 1957, 67, 77-78 წელს და ამ წერილებს აგვირგვინებს ყველაზე ცნობილი, 1988-ის დოკუმენტი.
ეს “პოლემიკური ომები” განსაზღვრავს მთელ გვიანდელ საბჭოთა პერიოდს და სტალინის სიკვდილის შემდეგ შექმნილ დინამიკას. ამ დროიდან, ეს ყველაფერი დაემსგავსა, როგორც ვეძახი, “სამკაციან თამაშს”: მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს სს რესპუბლიკაში შედიოდა, აფხაზური ელიტა პარტიის ადგილობრივ აპარატს (ობკომს) სრულად აკონტროლებდა. ისინი მოსკოვს “გამშვები კლაპანივით” იყენებდნენ – როცა კი თბილისიდან წამოსული წნეხი გაიზრდებოდა, აფხაზები პირდაპირ მოსკოვთან დაჩივლების ბერკეტს იყენებდნენ. მოსკოვიც, თითქმის ჩვეულებისამებრ, შუამდგომლად ჩაერეოდა პროცესში, ორივე მხარეს “დამშვიდებისკენ” მოუწოდებდა “ხალხთა მეგობრობა მნიშვნელოვანია” – ამ პათოსში.
პარადოქსულია, რომ ეს სამკუთხოვანი ურთიერთობა აფხაზეთს საშუალებას აძლევდა, მეტი პრივილეგია და კულტურული ავტონომია დაეცდინა ცენტრისთვის, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები სხვა ეთნიკური რესპუბლიკები ახერხებდნენ, მაგალითად, ჩეჩნეთი ან ყაბარდო-ბალყარეთი…
ხოლო ყარაბაღი (და, იქნებ, ტრანსნისტრიაც) – თითქოს, ახერხებდა ამ “სამკაციან თამაშში” ჩაბმას. ეს საბჭოური სისტემის საგულისხმო წახნაგია – როცა ავტონომიური რეგიონი ცენტრს რესპუბლიკის დედაქალაქის წინააღმდეგ განაწყობს და შედეგად თავის ადგილობრივ ძალაუფლებას ზრდის.
თამარ ბაბუაძე: დღევანდელი ქართველი დევნილები, რომლებიც 1970-80-იანი წლების აფხაზეთში სხვადასხვა უწყებაში მუშაობდნენ, ინტერვიუებში მიუთითებენ ხოლმე, თუ როგორ არსებობდა მტკიცე იერარქია აფხაზეთში პროფესიული განვითარებისთვის; იერარქია, რომელიც მთლიანად ეთნიკურობას ეფუძნებოდა. ზედა ეშელონებში ადგილები მაგალითად, ძირითადად, აფხაზებისთვის მოიძებნებოდა, – ამბობენ ისინი. სხვები კი, თითქოს, ნაგულისხმევ “შუშის ჭერს” ეტაკებოდნენ თავით და კარგად ესმოდათ, ვის ჰქონდა მათ მხარეში ძალაუფლება.
ინდივიდუალურ ზეპირ ისტორიებში გამოვლენილი ეს დინამიკა იმეორებს და მიჰყვება თუ არა ოფიციალურ პატრონაჟულ დინამიკას, რაც თქვენთვის არქივებში ჩანს?
ტიმოთი ბლაუველტი: დიახ, ასეთი ფაქტორები – ვინ ვის პატრონობს – განხეთქილების და შუღლის, გაჯიბრების მთავარი მიზეზები ხდება აფხაზეთში. ეს გვაბრუნებს საბჭოთა ეროვნულობის პოლიტიკის მთავარ ღერძთან:
რადგან იდენტობა ფორმალიზებულია ოფიციალური დოკუმენტებით (პასპორტით, მოწმობით), ეთნიკურობა რესურსების განაწილების მთავარი საფუძველი ხდება.
ზედაპირს ქვეშ ორი ბრძოლა ერთმანეთის პარალელურად მწიფდებოდა. ერთი მხრივ, აკადემიურ ნარატივებს ხვეწდნენ, რომ გაემართლებინათ, აფხაზეთის ტერიტორიებზე ისტორიული “პატრონობა” ხელთ ვის ეპყრა. მეორე მხრივ, მიდიოდა გაცილებით უფრო პრაგმატული შეჯიბრება პოსტებზე, თანამდებობებზე, რეგალიებზე კომუნისტური პარტიის შიგნით და სახელმწიფო აპარატის სხვადასხვა დონეზე. ამ ბრძოლებში გამარჯვებული აკონტროლებდა შემდეგ აფხაზური ეკონომიკის სარფიან სექტორებს – პრესტიჟული სანატორიუმების მართვა იქნებოდა თუ ადგილობრივ ბაზრებზე ამინდის შექმნა.
თამარ ბაბუაძე: სანატორიუმების ხსენებაზე ისევ ერთ ქართველ დევნილ მამაკაცთან საუბარი მახსენდება. მისი მამა აფხაზეთის სანატორიუმების სისტემაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. უკვე 1980-იანების ბოლოს მამამ შესთავაზა, თბილისში ბინის ყიდვა (“რა იცი, რა ხდება”). მან კი იუარა, ეგონა, რომ არასდროს დასჭირდებოდა, თან, შესაძლებლობების ჰორიზონტზე მოსკოვი უფრო ჩანდა, ვიდრე – თბილისი. საგულისხმოა, რომ ის თავს ქართველ პატრიოტად მიიჩნევდა მაშინაც, მაგრამ მისი მზერა, პრაქტიკული მიზნებით, მაინც იმპერიულ ცენტრს მიემართებოდა. როგორ ისტორიას ისწავლიდა ეს ადამიანი? გარემოში, სადაც ლინგვისტურადაც და პრაქტიკულადაც ადამიანები მეტად უახლოვდებოდნენ ერთ ცენტრს – მოსკოვს, ემოციურად კი – მეორეს (თბილისს ან სამეგრელოს). სასკოლო კურიკულუმი როგორ იგებოდა მაშინ, როცა “მიკუთვნებულობის” და “შანსის” აღქმები მუდამ ერთმანეთში გადადიოდა?
ტიმოთი ბლაუველტი: ისტორიის სწავლება ნარატივის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება განსაკუთრებით პოსტ-სტალინისტურ ხანაში. კიდევ ერთხელ მოგვიწევს გამეორება – საბჭოეთის ნაციონალობის პოლიტიკის მთავარი შედეგი ის იყო, რომ ეროვნულობა დგინდებოდა და იმართებოდა იმ ოფიციალურ ინსტიტუციებში, რომელთაც ისევ სახელმწიფო, ისევ კომუნისტური პარტია ქმნიდა. აი, იქ, მათ მიერ შექმნილ და მათ მიერ მართულ ინსტიტუციებში აწარმოებდნენ ეროვნულობის რიტორიკას. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ამ ინსტიტუციების ეფექტური კონტროლი.
რაც უფრო მეტად უფლებამინიჭებული იყო ნაცია, მით მეტი ასეთი ინსტიტუცია ჰქონდა. ეს ქმნიდა სწორედ პრივილეგიათა იერარქიას: შენი ტერიტორიის “სტატუსი” – საკავშირო რესპუბლიკა იყავი, ავტონომიური რესპუბლიკა თუ ავტონომიური მხარე (Oblast) – ადგენდა შენს ხელთ არსებული კულტურული ინსტიტუციების რაოდენობას და გავლენას.
ასეთი პოლიტიკის ერთ-ერთ პარადოქსი ის იყო, რომ ტიტულოვანი ტერიტორიები ამ ოფიციალურ ინსტიტუციებს – განსაკუთრებით 1950-იანებში, სტალინის სიკვდილის შემდეგ და 1980-იანებამდეც კი – რთავდნენ ნაციონალური იდენტობის განსაზღვრის პროცესში და ნაციონალისტური ნარატივების ისე გავრცელებაში, თითქოს, ეს მისია პირდაპირ მეცხრამეტე საუკუნის “თერგდალეულებისგან” და ადრე მეოცე საუკუნის მოაზროვნეებისგან ერგოთ ანდერძად (ოღონდ, მათი ჩარჩო, ცხადია, სოციალისტური იყო). რადგანაც ეს მეცნიერები მოღვაწეობდნენ სისტემაში, რომელშიც საბჭოთა ცენტრის ღია კრიტიკა იკრძალებოდა, მათი ენაცა და განსახილველი თემებიც მწირი იყო. ამიტომ იქცნენ ისინი მეტაფორების ნიჭიერ გამომგონებლებად. მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი ვერ შეძლებდა რუსეთის ღია კრიტიკას, მაგრამ გააკრიტიკებდა “ცარიზმს” და “ცარიზმის” გავლით ისაუბრებდა რუსული იმპერიული დომინაციაზე.
ისეთ ადგილებში კი, სადაც ადამიანები ტერიტორიების და ამ ტერიტორიების ფლობის გამო ექიშპებოდნენ ერთმანეთს (როგორი შემთხვევაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტია), “წინ და უკან” ნარატივების სროლა იქცა წესად.
როცა პავლე ინგოროყვას ნარატივი გავრცელდა აფხაზი ხალხის ეთნოგენეზის შესახებ, ძალიან ტრენდული იყო ცნება “ავტოქტონურობა” – საკითხი იმის შესახებ, თუ “ვინ მოვიდა პირველი” და მიწაზე პრეტენზიას რომელი ხალხი უფრო ხანგრძლივად აცხადებდა.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი აბსტრაქტული აკადემიური დებატები კი არ იყო, რაც ინსტიტუციების კედლებს არ სცდებოდა. პირიქით, საზოგადოებაში ძალიან ღრმა ინტერესს და გამოხმაურებას იწვევდა. საქართველოშიც და აფხაზეთშიც (ასევე, შეგვიძლია ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამედროვე დინამიკაც გავიხსენოთ) – ხალხი ხარბად მოიხმარდა ინსტიტუციებში შექმნილ ისტორიულ პოლემიკას.
ინტელექტუალურ შრომასა და საზოგადოების სენტიმენტს შორის ეს საოცარი სინერგია ჩანს სწორედ კარგად “აფხაზური წერილების” ციკლში. რეგიონში მასობრივი პოლიტიკური მობილიზაციის თითქმის ყველა შემთხვევას წინ უძღოდა საჩივრის წერილის გაგზავნა მოსკოვში და ქართველების დაბეზღება. ეს წერილი ან კატალიზატორი იყო პროტესტისა, ანდა დემონსტრაციის პირდაპირი შედეგი.
ამ წერილებით ისტორიულად და ლეგალურადაც მართლდებოდა მომხდარი და ადგილობრივთა უკმაყოფილებას ეროვნულ მოძრაობამდე ამაღლებდა.
თამარ ბაბუაძე: იყო თუ არა გვიანი 1980-იანები ის დრო, როცა ნესტორ ლაკობა ოფიციალურად იქცა აფხაზების მთავარ ეროვნულ გმირად?
ტიმოთი ბლაუველტი: ნესტორ ლაკობას ეროვნულ გმირობად ქცევის გზა გორბაჩოვის ხანას წინ უსწრებს და მისი საწყისები ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაშია. ის გამორჩეულ ფიგურად წარმოჩინდება, მაგალითად, ფაზილ ისკანდერის შემოქმედებაში; უფრო კონკრეტულად თხზულებაში “სანდრო ჩეგემიდან”, რომელშიც ლაკობა “ხალხის ხმად” არის გამოყვანილი – ისაა ღრმად პატივსაცემი ლიდერი, რომელსაც უმუხთლებს სტალინი – შეეწირება სტალინის სისასტიკეებით სავსე აღმასვლას ძალაუფლების ვერტიკალზე. ისკანდერის ნარატივში, ლაკობა მასებთან დამაკავშირებელი ხიდია; სანდროს პერსონაჟი მაცნედ გვევლინება – აცხადებს, სად არის ხოლმე ლაკობა და მასთან ხალხის მოთხოვნები მიაქვს.
ამ ლიტერატურული იმიჯის პარალელურად, გვაქვს ლაკობას რევოლუციური ლეგიტიმაციაც, რაც უკვე კიარაზის ისტორიაში იძებნება. კიარაზი აფხაზი გლეხების რევოლუციური გაერთიანებაა (კიარაზი ურთიერთდაცვას ნიშნავს) და მასთან ლაკობა ძალიან მჭიდროდ ურთიერთობდა. 1920-იან წლებში კიარაზის ისტორიაზე ნაშრომიც გამოაქვეყნა. 1960-იანი წლებისთვის კი ისეთმა ისტორიკოსებმა, როგორიც გიორგი ძიძარიაა, ლაკობას რევოლუციური პერიოდის მემკვიდრეობა მჭიდროდ დაუკავშირა კიარაზს. ეს ხაზი გააგრძელა მოგვიანებით სტანისლავ ლაკობამ, რომელიც თან ისტორიკოსიც იყო და თან წამყვანი პოლიტიკოსიც გვიან საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა წლებში. მან გამოსცა აფხაზური ისტორიის შესახებ კრებული, რომელშიც შევიდა მისი ცნობილი ტექსტი, უკვე ნახსენები, “მე ვარ კობა, შენ – ლაკობა”.
არიან სხვა ისტორიკოსებიც, რომლებიც ლაკობას პერიოდს აღწერენ, როგორც “ედემის ბაღს” ან “არკადიას” – ყველაზე იდილიურ პერიოდს აფხაზეთის ავტონომიურობისა და აღორძინებისთვის. ამ ნარატივის ნაწილია მკვეთრი კონტრასტის შექმნა “ბერიავშჩინასთან” – ლავრენტი ბერიას დროსთან, რომელსაც აფხაზები წარმოაჩენენ, როგორც ეშმაკის მსგავს ფიგურას, რომელმაც ეს ხალხი თავიანთი ედემის ბაღიდან გამოაძევა.
თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ამ ისტორიის შეთხზვით აფხაზები რამე განსაკუთრებულს სჩადიან. გმირის შექმნის პროცესი ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების გზაზე ერთ-ერთი მძლავრი კომპონენტია. ჩემს წიგნში ამას ვადარებ ჯორჯ ვაშინგტონის როლს ამერიკელებისთვის. სკოლაში მეც მასწავლიდნენ ვაშინგტონისა და ალუბლის ხის ამბავს, რომელშიც პრეზიდენტის აბსოლუტური პატიოსნება წარმოჩინდებოდა. საბჭოთა კავშირში ლენინზე იქმნებოდა ჰაგიოგრაფიული კომპონენტებით სავსე ისტორია, რომელშიც ხაზგასმული იყო ლენინის სიკეთე და სიყვარული ბავშვებისადმი, ლენინის ცხოველებზე ზრუნვა.
იგივე როლი უჭირავს დღეს ლაკობას აფხაზებისთვის. მათი ისტორიული ნარატივის უდიდესი ნაწილია. სოხუმის ყველაზე პრესტიჟული სკოლა (#10) ლაკობას სახელობისაა და ქალაქის მთავარი გამზირსაც ლაკობას სახელი ჰქვია.
თუმცა, რასაკვირველია, ისტორიული დოკუმენტაციის კრიტიკული წაკითხვის მერე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალობა გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე მითებში ჩანს. და ისტორიკოსის მისიადაც ეს მიმაჩნია – კრიტიკულად გადაიაზროს დამკვიდრებული სოციალური ლეგენდები ისევე, როგორც ამერიკელები გამუდმებით აფასებენ და ხელახლა იაზრებენ ვაშინგტონის, ჰამილტონის ან ჯეფერსონის ბიოგრაფიათა რეალობებს.
აფხაზეთის კონფლიქტის კონტექსტში კი, ეს სამეცნიერო პროცესი, რომელიც კრიტიკულ გადააზრებას ისახავს მიზნად, ხშირად პოლიტიკურ აქტად აღიქმება. მაგალითად, რადგანაც მე თბილისში ვშრომობ, ჩემი კვლევები აფხაზეთში, რბილად რომ ვთქვა, არაობიექტურია – ჩემს კვლევებს იქ უყურებენ, უფრო როგორც აფხაზურ სუვერენიტეტზე ორკესტრირებულ შეტევას. მათთვის ნესტორ ლაკობას მითის დეკონსტრუქცია უდრის მათი დამოუკიდებლობის საფუძვლებზე თავდასხმას.
თამარ ბაბუაძე: ვიდრე ნესტორ ლაკობაა მთავარი გმირი აფხაზეთში, გამიჭირდება მის შესატყვის გმირად, აფხაზურის საპირისპიროდ შექმნილ ქართულ ნარატივში, ბერია დავინახო. ქართველებს – დიდ ეროვნულ ნარატივში, თუ არ ვცდები, არ ჰყავთ ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული გმირი, რომელიც ლაკობას უპირისპირდება. მეტიც, ბერია ქართველთა უმრავლესობისთვის წმინდა წყლის ნეგატიური გმირია. ეს მიანიშნებს ასიმეტრიულობაზე ერთმანეთს დაპირისპირებულ ქართულ და აფხაზურ პოზიციებს შორის, არა? თუმცა, ზეპირ ისტორიებზე მუშაობისას, აქა-იქ აფხაზეთიდან დევნილ ქართველობაში (განსაკუთრებით, მაშინდელ მებრძოლებში, ახლა ხანდაზმულობაში გადასულ მამაკაცებში) მსმენია ნიშნის მოგებით ნათქვამი, რომ დიახ, ბერია აფხაზეთში სწორად იქცეოდა. როგორ უყურებთ ამ ამბავს – ბერიას მემკვიდრეობის აღქმას არა საბჭოთა ტერორის ლინზით, არამედ უფრო ქართული დემოგრაფიისა და პოლიტიკური ინტერესების დაცვის ლინზით? კიდევ როგორი იყო ნაციონალური მითოლოგიები ქართველების მხარეს?
ტიმოთი ბლაუველტი: არსებობს დამკვიდრებული ქართული ნაციონალური ნარატივები, რომელთა უმეტესობა მოდის 1940-იან წლებში ისტორიის სახელმძღვანელოების სისტემატური გადაწერიდან; ასევე, ინგოროყვას იდეებიდან აფხაზეთში ისტორიული დემოგრაფიის შესახებ. როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე და სხვები აღნიშნავენ, ეს ინტერპრეტაციები ღრმადაა ფესვგადგმული ქართულ “ფოლკლორულ ისტორიაში” – ვგულისხმობ ისტორიას, რომელსაც სუფრაზე მოუხმობენ, სადღეგრძელოებში ატევენ, რომელსაც მამაკაცურ ღირსებებზე და ძალიან სპეციფიკურ ეროვნული სიამაყის გამოვლინებაზე აფუძნებენ.
მაშინ, როცა თანამედროვე ქართული იდენტობის შექმნისას დიდ როლს თამაშობს პირველი რესპუბლიკის ხანა (1918-21 წლები), ანდა შუა საუკუნეების გმირები თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის სახით, აფხაზებისთვის ეროვნულობის გაგება უცნაურად ეფუძნება პირდაპირ საბჭოთა პერიოდს. პოსტ-საბჭოთა ერების უმრავლესობისგან განსხვავებით – რომლებიც თავიანთ იდენტობას საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაზე აგებენ – აფხაზური ნარატივი პირდაპირ ემყარება საბჭოთა 20-30-იან წლებს.
რაც ეხება ლავრენტი ბერიას, სიტუაცია აქაც კომპლექსურია. მაშინ, როცა პავლე ინგოროყვა რჩება სოციალურ ტრუიზმად საქართველოში, ბერიას გამოკვეთილი ქება იშვიათია. თუმცა, 1956 წლის მარტის პროტესტების დროს მისი სახელი სულ ცოტა ხნით მაინც ამოტივტივდა – ზოგმა მისი და მისი ხალხის (მაგალითად, აზერბაიჯანში მირ ჯაფარ ბაგიროვის) რეაბილიტაციის საკითხი დააყენა. ფაქტი იყო – ბერიას პირდაპირ “კლიენტებს” შორის – ანუ იმ ხალხში, ვინც მისი პირადი პატრონაჟის ქსელში შედიოდა – ერთგულების განცდა ბერიას კულტის დამხობის მერეც გრძელდებოდა. ერთხელ, გიორგი კლდიაშვილთან ერთად, ჩავწერე ინტერვიუ ალექსანდრე მირცხულავასთან (რომელიც მგელაძის შემდეგ პირველ მდივნად დაინიშნა და რომელიც ე.წ. “მეგრელების საქმეზე” დაკავებული ერთ-ერთი ფიგურა იყო). ამ ინტერვიუს დროს გვითხრა: “გულით გვიყვარდა სტალინი, მაგრამ უფრო მეტად გვიყვარდა ბერია”. ასეთი ადამიანებისთვის ბერია დამცველი იყო.
აფხაზეთის გასაბჭოება | ზურა წურწუმია
თუმცა, აფხაზური ნარატივი ბერიას შესახებ – რომ ის აფხაზების ყველა უბედურების ერთპიროვნული შემქმნელია – საკითხის გამარტივებაა. მთავარი ჩემს აფხაზურ კვლევებში იმის დანახვა მგონია, თუ როგორ იქცა აფხაზეთი გამბიტად მაღალი დონის საბჭოურ პოლიტიკაში. 1943 წელს სტალინმა აფხაზეთის მთავარ კაცად აკაკი მგელაძე დანიშნა და ის სწორედ იმ ნიშნით აარჩია, რომ მგელაძე ბერიას ხალხში არ ირიცხებოდა. ამით ცხადი გახდა – სტალინი რეგიონში აწესებდა საკუთარ კლიენტს, რათა ბერიას ადგილობრივი გავლენა მოერღვია.
ამის კულმინაციაა შემდეგ “მეგრელთა საქმე”, რომლითაც სტალინმა ბერიას ირიბად დაარტყა. შედეგად, 1943 წლიდან მოყოლებული, აფხაზეთი ბერიას კონტროლს მიღმა აღმოჩნდა. ხოლო “გაქართველების” ყველაზე აღმაშფოთებელი ინიციატივები (განსაკუთრებით 1945-46 წლების განათლების რეფორმა და აფხაზური ენის შევიწროება) მგელაძის ხელით დაწესდა. მგელაძემ დაწერა ის უცნობილესი წერილი, რომლითაც აფხაზი ხალხის დელეგიმიტირება სცადა იმის აღნიშვნით, რომ მათი ენა ქართული ენიდან აღმოცენდა.
ამიტომ უნდა დავინახოთ ეს სურათი: ყველაზე აგრესიული პოლიტიკა ბერიას არ შეუქმნია, აგრესიული პოლიტიკის დაწესება, ზოგადად, ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი გახლდათ.
თამარ ბაბუაძე: ამ მაღალი დონის ძალაუფლებრივ თამაშებს და პატრონაჟულ ქსელებს შორის ქიშპობას პირველ რიგში უკავშირებთ 1980-იანი წლების ბოლოს კონფლიქტის აფეთქებას?
ტიმოთი ბლაუველტი: ეს, ცხადია, უმთავრესი ფაქტორებია, მაგრამ კონფლიქტი მანამდე, ეტაპობრივად ღვივდებოდა, როგორც საბჭოთა ეროვნულობის პოლიტიკის გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი შედეგი. სისტემა, რომელიც კომუნისტებმა მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ მას, დროთა განმავლობაში, ნაციონალური განსხვავებები ამოეძირკვა, საპირისპირო შედეგით დასრულდა: მან მატერიალურად გაამყარა იდენტობა და ახალი ძალა შესძინა იდეას, რომ ეთნიკურობა იყო დასაბამიერი მოვლენა და რომ ის არ იცვლებოდა. მარტივად, რომ ვთქვათ, ეროვნულობის საბჭოთა პოლიტიკამ ჩამოაყალიბა ის, თუ როგორ ესმოდათ ეთნო-ნაციონალიზმი სხვადასხვა საბჭოთა ხალხს.
ამავე პოლიტიკის შედეგია წაგება-მოგებაზე ურთიერთობის აწყობა – დაიშვებოდა მხოლოდ ერთი ტიტულოვანი ერის არსებობა (ეს იყო გამარჯვება), რაც ნებისმიერ უფლებას იმავე მიწაზე მცხოვრებ მეორე ხალხს ავტომატურად აკარგვინებდა (აფხაზეთი ან შენია, ან ჩემი – ყალიბდებოდა ეს მიდგომა).
ეს მიდგომა სცდებოდა ტერიტორიების დანაწილებას და ადამიანებზეც ვრცელდებოდა. ერთი კერძო ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი რამ: პასპორტში ერთი ხაზია მხოლოდ, არა? ადამიანებიც ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ სივრცეში ერთადერთი “ტიტულოვანი” ჯგუფი დაიშვება.
საბჭოეთის ეროვნულობის პოლიტიკამ ყველაფრის პოლიტიზება სცადა – სამუშაო ადგილების, ადმინისტრაციული თანამდებობების და თუნდაც ისეთი კულტურული სიმბოლოების, როგორიც ცეკვაა. ეს ყოველივე სტატუსს აღემატებოდა. ამ ყველაფრით იგებოდა იერარქია, რომელიც ოჯახებს და მომავალ თაობებს ნამდვილ, რეალისტურ შესაძლებლობებს სთავაზობდა.
სამმხრივი ურთიერთობის – სოხუმი-თბილისი-მოსკოვის – მორღვევა, საბოლოოდ, ტრიგერად იქცა. წლების განმავლობაში ასრულებდა მოსკოვი “დამცავი კლაპანის” როლს ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებებში: მოსკოვი რჩებოდა ცენტრად, სადაც აფხაზურ ელიტას ყოველთვის შეეძლო დაეჩივლა თბილისის გვერდის ავლით. როცა ცხადი გახდა, რომ ეს იმპერიული ცენტრი ირღვეოდა და რომ ისინი რუსეთის გარეშე რჩებოდნენ ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს იურისდიქციაში, უნდობლობა მყისიერად გადაიზარდა უსაფრთხოების დილემად.
თუმცა, აქვე, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს “ქვემოდან ზემოთ” გაჩენილი ისტორია: ბევრი არადოკუმენტირებული შემთხვევა, როცა ადამიანები ეთნიკურ საზღვრებს მიღმა იცავდნენ ერთმანეთს, ზრუნავდნენ ერთმანეთზე და ამით აჩვენებდნენ, რომ უშუალოდ აფხაზეთის მიწებზე, უშუალოდ ველზე, სიტუაცია ისე წმინდად მონოეთნიკურად მტრული არ ყოფილა, როგორც პოლიტიკური ნარატივები გვეუბნება.
თამარ ბაბუაძე: ამის დამახსოვრება მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ჯერ კიდევ იმ ცნობების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომელთა შეჯერებითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად ინსტიტუციონალიზებული გახდა დაყოფა აფხაზებსა და ქართველებს შორის 1980-იანების ბოლოს. განათლების თუ საპოლიციო სექტორებში მაშინ უკვე ფუნქციონირებდა ქართული და აფხაზური ნაწილები, ხომ ასეა?
ტიმოთი ბლაუველტი: დიახ, კონფლიქტის აფეთქებამდე, ისინი სტრუქტურულად უკვე დაყოფილნი იყვნენ. მეტიც, საბჭოთა სისტემის მიერ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება ნიშნავდა იმასაც, რომ ბუნებრივი პლატფორმები კონფლიქტის მოსაგვარებლად ვერ გაჩნდებოდა.
მართალია, ზეპირი ისტორია რთული მოვლენაა – რადგან ხშირად ის არის “აწმყოს ისტორია”, რომელიც შეფერადებულია 30 წლის ტრავმით – მაგრამ სწორედ ზეპირი ისტორია გვრჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, იმ იშვიათი შემთხვევების აღსანუსხად, როცა ადგილობრივთა ურთიერთობები მტრობამ ვერ მოარღვია; როცა კონფლიქტი ვერ შეეხო ამ კავშირებს.
ასევე, ეს ისტორიები მნიშვნელოვანია იმ ქალაქებისა და სოფლების დასამახსოვრებლად, სადაც ადამიანებმა თავდასხმის ნაცვლად, ერთმანეთი დაიცვეს და გაიტანეს.
ამ პოზიტიური ხედვის გაგრძელება გამომივა, მაგრამ აშკარაა მცდელობები “საარქივო დიპლომატიის” მიმართულებითაც. ევროპის საბჭოს მიერ კურირებული და ქართველი მეარქივეების მიერ მხარდაჭერილი პროექტების დროს მუშაობდნენ, მაგალითად, აფხაზური მხარისთვის იმ დოკუმენტების ციფრულად აღდგენაზე, რომლებიც 1992 წლის არქივის დაწვის დროს განადგურდა.
ისტორიას ვერ აღადგენ, მაგრამ ეს სამი ტომი, რომელიც 2017 წელს ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების ერთობლივი შრომით გამოიცა, გვიმტკიცებს, რომ პროფესიული თანამშრომლობა შესაძლებელია.
საბოლოოდ, ასეთი კონფლიქტები მხოლოდ მაშინ გვარდება, როცა თავისთავად გასდის ყავლი იმ ვნებებსა და გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, რომელთა ერთობლიობამაც შუღლი წარმოშვა.
ერის ცხოვრებაში 30 წელი მოკლე დროა; რაღაც დროს კონფლიქტის არსმა შეიძლება თავად ამოწუროს თავი, რაც ახალი რეალობის ნელ-ნელა ამოზრდის დასაბამი გახდება.
გირჩევთ
მეგობრის წერილი აფხაზეთიდან
03.02.2026
საზღვარი ჯიბეში | საუბარი გაელ ლე პავიჩთან
21.11.2024
დიანა სარკეში | თამარ ბაბუაძე
02.10.2024