ქართული ენის გაქრობა გალის ქუჩებში: ბგერა და ანბანი, როგორც წინააღმდეგობა
09.07.2026 | 10 წუთიანი საკითხავიენის ვიზუალური ეროზია
ჩემი ბავშვობის გზა გალიდან ენგურის ხიდამდე, ყოველთვის ერთ წერტილზე გადიოდა. ამ გზაზე, სოფელ ჭუბურხინჯში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან ასიოდე მეტრში, ერთი შენობა დგას, რომლის ფასადიც, ჩემი ბავშვური გემოვნებისთვის, არქიტექტურული შედევრი იყო, მის სახურავზე დატოვებული წარწერა კი – ტიპოგრაფიული. ამ პატარა შენობის წინ პალმის ხეები დგას, სახურავს კი გასდევს რკინის ტალღები, იალქნიანი ნავი და წარწერა „ფაზისი“. საკმაოდ “კოლხური” ხასიათის ლამაზი შენობაა. დასავლეთში გვიყვარს კოლხეთის, არგონავტების, მედეასა და ოქროს საწმისის თემის გარშემო ტრიალი.
როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ომამდე ამ შენობაში ტექნიკის მაღაზია ყოფილა. მერე დაიხურა და შენობასაც და წარწერასაც ჟანგი მოედო, მაგრამ მე მაინც მხიბლავდა. მეგონა, რომ ჟანგი, პირიქით, იცავდა – დაზიანებული და მიტოვებული ნაკლებ ყურადღებას მიიქცევდა, შესაბამისად – გადარჩებოდა. მაგრამ, აფსუს!
ერთი თვის წინ წარწერა “ფაზისი” აღარ დამხვდა. ამდენი ხნის განმავლობაში ჟანგის საფარქვეშ შენიღბული სიტყვა მოეშალათ და, მის ნაცვლად, თეთრ ბრეზენტზე წითელი ასოებით დაეწერათ – „Пекарня Чубурхинджи, Ача Хлеб“ – “აჩა” აფხაზურად პურს ნიშნავს.
„ან აქამდე როგორ შერჩათ ეს ქართული წარწერა. ქალაქის ცენტრში არაა და, ალბათ, ამიტომ გაეპარათ – თვალში არ მოხვდათ“, – მითხრა 58 წლის ქალმა, რომელიც იქ პურს ყიდულობდა. მეც ასე მგონია.

მოკლედ, ასე, „ფაზისის“ დროც დადგა. გული მეტკინა. არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, რადგან სილამაზის მიტაცება ერთ-ერთი ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია. პალმებს შორის მოქცეული ეს ქართული ასოები კი, ამ ცის ფონზე, სილამაზეა, აბა, რა არის?!.
აფხაზეთში ყოფნისას ჩემს ძირითად საქმიანობად ქართული წარწერების ანდა ქართველი არქიტექტორების ნამუშევრების პოვნა იქცა. ასე, ზედმიწევნით, ვაკვირდებოდი ხოლმე ზურაბ წერეთლის ქანდაკებებს ოჩამჩირეში, სოხუმში, ბიჭვინთაში გასაოცარ ავტობუსის გაჩერებებს, რომლებიც ზღვის ცხოველების ფორმებს იმეორებს. ასევე, ვცადე სოხუმში და ბიჭვინთაში ლადო ალექსი-მესხიშვილის შენობებიც მენახა, მაგრამ ამაოდ. ეს შენობები, რომლებიც ოდესღაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საკურორტო კომპლექსის ნაწილი იყო ბიჭვინთაში და სოხუმში, ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია და ტერიტორიაზე უცხო პირებს არ უშვებენ. შესაბამისად, დავუბრუნდი უფრო წვრილ “საკენკს” – ქართული წარწერების ძებნა-მიგნებას, მათი სილამაზით გაოცებას, მერე გულდაწყვეტას და, საბოლოოდ, მაინც, ჩემი ჭიის გახარებას.

ბუდიზმი გვპირდება, რომ თუ რამე მთელი გულით გინდა და ყურადღებას მთელი ძალით ამ სურვილისკენ მიმართავ, აუცილებლად “ჰპოვებ”, რასაც “ეძიებ”. ეს აფირმაცია გალში არ გამომადგა. ათი თითი ზედმეტი აღმოჩნდა ქალაქში დარჩენილი ქართული წარწერების ჩამოსათვლელად. რასაც მივაგენი, ძირითადად, 70-80-იანი წლების ნაშთებია. უფროსი თაობის გალელები მათში გასაოცარს ვერაფერს ხედავენ, რადგან ისინი ძველ, ნორმალურ პირობებშიც ახსოვთ. ჩემისთანებისთვის კი ეს წარწერები – ზოგი სუროს საფარქვეშ, ზოგი – ქალაქის ცენტრში, ზოგიც – მიტოვებული შენობის ჭერზე – ტიპოგრაფიული ძაფია, რომელიც წარსულ ისტორიასთან გვაკავშირებს – იმ ისტორიასთან, რომლის წაშლასაც ასე ბეჯითად ცდილობს საერთო რუსულ-აფხაზური პოლიტიკა და რასაც ტორტზე მარწყვივით ემატება ქართული მხარის დუმილი.
მწვანე უდაბნოში ბოდიალი
შარშან ზაფხულს, დილის ექვს საათზე, მეგობართან ერთად დაცარიელებულ ქალაქს ვათვალიერებდი, რათა მშვიდად და აუღელვებლად აღმოგვეჩინა აქა-იქ შემორჩენილი ქართული წარწერები. ცენტრში დანგრეული კინოთეატრის შენობა დგას. აქ, ძირითადად, ძაღლები, ძროხები და ღორები შეივლიან ხოლმე მოსასვენებლად. მეგობარმა შესასვლელთან მიმიყვანა და მითხრა: „ზემოთ აიხედე“. ავიხედე და ჭერზე, ლამაზ ფილებზე დატანილ ქართულ ასოებს შევეფეთე: „კინოთეატრი“. ეს წარწერა ქართველებსაც გამოეპარათ, აფხაზებსაც და რუსებსაც. ამიტომ ხშირად აიხედეთ ცაში – არასდროს იცი, რა დაგყურებს ზემოდან.
იყო კიდევ ერთი დანგრეული შუშის ნაგებობა – ისიც ქალაქის ცენტრთან ახლოს. ეს იყო ავეჯის მაღაზია, რომლის ბოლომდე შემინულ ფასადზე ლამაზი, ყვითელი ასოებით ეწერა „ავეჯი“ და იქვე – „мебель“.
„ფაზისის“ და „ავეჯის“ გაქრობა თითქმის ერთდროულად შევნიშნე და მეც ორმაგად განვიცადე ის ფაქტი, რომ ეს ორი ლამაზი ტიპოგრაფია და თვითონ შენობებიც, მახინჯი და უგემოვნო რაღაცით ჩაანაცვლეს. შენობასაც ვერ დავუძახებ. ეს არის მახინჯი “რაღაცა” და მორჩა!
არადა, შარშან ამ დროს, ჩემი მეგობრების ჯგუფის, „კოლექტივის“ სტიკერი მივაკარი შუშაზე და ყოველ ჩასვლაზე ვამოწმებდი, იყო თუ არა. ერთი წლის განმავლობაში პატარა, ლავანდისფერი სტიკერი ხელუხლებლად მხვდებოდა. მერე კი, აღარც ის შენობა, აღარც ის ლამაზი, ყვითელი “ავეჯი” და აღარც პატარა, ლავანდისფერი „კოლექტივი“ დამხვდა. ამაზე ძალიან გრძელი „ეჰჰჰ“ აღმომხდა. ერთით ნაკლები ქართული წარწერა.
ეროზია არ ჩერდება.
დასამშვიდებლად ისევ ბუდიზმს მოვუხმე – არაფერი ქრება. ენერგია ტრანსფორმირდება.
ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რას მივტირი ასე? მე კი კითხვას კითხვითვე შემოგიბრუნებთ. და ეს ხომ ნაძალადევი პროცესია? ეს წარწერები ბუნებრივ კატასტროფას, ან უცხოპლანეტელების შემოსევას ხომ არ ემსხვერპლა? ან ეს წარწერები, ან საერთოდ, ქართული დამწერლობა აფხაზეთში?
მეშვიდე გაკვეთილის წინააღმდეგობა
მე გავიზარდე გარემოში, სადაც ქართული დამწერლობა ფრაგმენტულად კი არა, საერთოდ არ არსებობდა. სკოლის პირველი წლებიც მეტ-ნაკლებად გარკვევით მახსოვს და ამიტომ მახსოვს უფროსკლასელების პირველი სექტემბერიცა და ბოლო ზარიც და ქართულ ენაზე მისალმება-დამშვიდობებაც. იმ დროს სკოლის სააქტო დარბაზში, მთავარ დერეფანში და კლასებშიც შეხვდებოდით ქართულ წარწერებს. ეს ყველაფერი, თითქმის სრულიად, 2008 წლის ომის შემდეგ გაქრა.
გალის მეორე საშუალო სკოლას, სადაც ვსწავლობდი, ფორმალურად „ქართული სკოლა“ კი ერქვა, მაგრამ იქ ქართულად მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლებოდა. დანარჩენი საგნები – რუსულად. ქართული ენის გაქრობის პროცესი უფრო გალიდან, ანუ რაიონის ცენტრიდან, ბაღიდან და სკოლიდან დაიწყო. თუ გინდა, რომ ხალხის იდენტობა ჩამოშალო, მათი იდენტობის მთავარი საყრდენი – ენა და დამწერლობა უნდა ჩამოშალო. სწორედ ამას ვაკვირდებოდი ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში – 2004-2015 წლებში.

დრო გადიოდა და ნელ-ნელა ამცირებდნენ ქართული ენის გაკვეთილებისთვის გამოყოფილ საათებს. ბოლოს, კვირაში ხუთი გაკვეთილიდან ერთამდე დაიყვანეს, თან ბოლო, მეექვსე ან მეშვიდე გაკვეთილად ჩაგვისვეს. სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, ძირითადად, აფხაზებისგან და აფხაზებთან დაახლოებული გალელებისგან შედგებოდა, იმედი ჰქონდა, რომ დაღლილები სახლში გავიქცეოდით. ჭორაობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ არც ბუფეტი იმუშავებს მაგ დროს, თქვენც დაღლილები იქნებით, ამიტომ არავინ დარჩება მეშვიდე გაკვეთილამდეო. შენმა მზემ! მათ ვერ გათვალეს, რომ ჩვენ მზად ვიყავით, იქ საღამომდე დავრჩენილიყავით. მათი აზრით, ამ 45 წუთში უნდა გაგვევლო რუსთაველი, ვაჟა, ყაზბეგი თუ ცისფერყანწელები ისე, რომ მერე მთელი კვირა აღარ გვქონოდა ქართულის გაკვეთილი.
მახსოვს, ერთ საღამოს 6 საათამდე დავრჩით ქართულის გაკვეთილზე, და სკოლის დაცვამ ღიმილით გამოგვიყვანა ოთახიდან. კლასში ცამეტნი ვიყავით. ყოველთვის არ იყო ყველა ბრძოლის ხასიათზე, თუმცა ფუნდამენტურ საკითხებში ვემთხვეოდით. ქართულის გაკვეთილს, რომელიც 15:30 იწყებოდა, ძალიან დაღლილები, მაგრამ აღტყინებულები ველოდებოდით.
ეს არ ყოფილა ხმამაღალი პატრიოტიზმი. ეს იყო ნაივური მცდელობა, დაგვეცვა ის, რაც ჩვენია. „სახლში ქართულად ვლაპარაკობ, რატომაა ჩემი მშობლიური ენა რუსული?“ – ეს კითხვა სულ ჰაერში ეკიდა. და რომ არ ვცხრებოდით და სულ ეს გვაინტერესებდა, ჩვენი მთელი კლასი სამჯერ ამიტომაც გაგვრიცხეს სკოლიდან, როგორც „რთულად მოსათვინიერებლები“.
თვითქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ კლასში გოგოები ვიყავით ის, რასაც მეგრულად “დაჩხირგენიას” ეძახიან, ანუ “ცეცხლოვანი რაღაცა”, რაც ძლიერს, შეუდრეკელს ნიშნავს. მაგრამ მასწავლებლები უფრო “Бандиты в платьях” (კაბიან ყაჩაღებს) გვეძახდნენ. არასდროს არაფრის გვეშინოდა, სულ ვიცავდით ჩვენს უფლებებს, ენას, იდენტობას და ყველას, ვისაც ჩაგრავდნენ. მშობლებს კი უკვე ყელში ჰქონდათ ამოსული ეს ჩვენი აჯანყებები, მაგრამ ვიცი, რომ გულის სიღრმეში უხაროდათ.

გალის რაიონის სოფლებში კი სხვანაირი სურათი გვქონდა: 2015 წლამდე, ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდა. ამას მასწავლებლები თავიანთი სამსახურის დაკარგვის რისკის ფასად ახერხებდნენ.
“როცა გალიდან ან სოხუმიდან, განათლების სამინისტროს კომისია მოდიოდა, მასწავლებლებიც და ბავშვებიც ვმალავდით ქართულ წიგნებს. მე ვიზეპირებდი რუსულად რაღაცებს. ხანდახან არც კი ვიცოდი, რას ვამბობდი რუსულად. რუსული ენა ჩემთვის რაღაც შორეული და აბსტრაქტული იყო. მხოლოდ მაშინ არსებობდა, როდესაც ეს კომისია მოდიოდა სკოლის სასწავლო პროგრამის შესამოწმებლად”, - მიყვება ჩემი თანატოლი ახლობელი სოფელ ოტობაიადან.
მე-9-მე-10 კლასი მახსენდება როგორც დრო, როდესაც პირველად მივხვდი, რომ ქართულ ენაზე აღარ ვფიქრობდი. სახლში ქართულად ვსაუბრობდით, მაგრამ მარტოდარჩენილს ფიქრები რუსულ ენაზე მომდიოდა. მეტიც, რიცხვებს გულში დღემდე ჯერ რუსულად ვამბობ და მერე ვთარგმნი ქართულად. მაშინ ამას ვერ ვაანალიზებდი. ახლა, როცა უკან ვიყურები, ვხვდები, რომ ეს იყო იმ გარემოს შედეგი, სადაც ქართული ენა მხოლოდ სახლში არსებობდა, ხოლო სკოლა, ადმინისტრაცია, ქუჩის აბრები და ოფიციალური კომუნიკაცია თითქმის მთლიანად რუსულად მიდიოდა. ამიტომ, პარადოქსულად, ისე მოხდა, რომ რუსულს მშობლიურის დონეზე ვფლობ – ანუ იმ ქვეყნის ენას, სადაც არასდროს მიცხოვრია.
რუსული ენა ჩემთვის დღემდე ორმაგ მნიშვნელობას ატარებს. ერთი მხრივ, ის იმ სისტემის ნაწილია, რომელმაც ქართული ენა საჯარო სივრციდან თანდათან განდევნა. მეორე მხრივ, სწორედ რუსული იყო ჩემი სასკოლო განათლების, ინფორმაციის მიღებისა და აფხაზეთში ადამიანებთან ურთიერთობის მთავარი საშუალება. ამიტომ ის ერთდროულად არის როგორც სისტემური ჩაგვრის კვალი, ისე რესურსი, რომელმაც იმ შეზღუდულ გარემოში გარკვეული შესაძლებლობები გამიხსნა.

სკოლიდან მახსოვს ჩვენი აფხაზურის მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ მერხზე ნაპოვნი ქართული ენის წიგნები აიღო და მეოთხე სართულიდან გადაყარა სიტყვებით: „Чтоб я больше не видела эту дрянь на своём уроке”. წიგნები არტისტული, მომრგვალებული მოძრაობით მიფრინავდნენ მიწისკენ, ფურცლები ჰაერში იფანტებოდა. „ეს წიგნები არ ღირდა იაფი“, – ვუთხარი მშვიდად და ჩემს მეგობართან ერთად ჩავედი ამოსატანად. წიგნების ამოტანა, კლასში შესვლა და მეორედ გადაყრა ერთი იყო.
“იაფი არ ღირდა”-ში ამ წიგნების მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევა უფრო ვიგულისხმე – ჩემმა მშობლებმა, მე და ჩემს დას, აბიტურიენტობის დროს ჩამოგვიტანეს ზუგდიდიდან, რადგან, ცხადია, გალში ქართული წიგნები არ იშოვებოდა. ანუ მშობლებმა გადაცურეს და გადმოცურეს ენგური, რომ ეს წიგნები ჩვენთვის ჩამოეტანათ, ამ ქალბატონმა კი მეოთხე სართულიდან გადამიყარა. მეტი რა მინდოდა, დრო თავზესაყრელი გვქონდა, რომ შურისძიების გეგმა შეგვემუშავებინა. რა იცოდა, რომ ეს ჩემი მეგობარი იპოქონდრიკი იყო და ჩანთით სულ წამლებს დაატარებდა. ავდექით და მასწავლებლის წყლის ჭიქაში „სენადეს“ (კუჭის მოქმედების გასააქტიურებელი) ტაბლეტები ჩავყარეთ. წამალმა მალევე იმოქმედა. ჩვენი გეგმა ხუთიანზე შესრულდა ისე, რომ, სინდისის ქენჯნა არ გვიგრძნია, თუმცა, ეს მხოლოდ იმ დღეს. ოდნავ მერე ამ მასწავლებელს სხვა თვალით შევხედეთ – როგორც ქალს, რომელიც დედაა, ომი აქვს გამოვლილი, მანქანა არ ჰყავს და სკოლამდე სულ „პაპუტკას“ დაჰყვება. მოკლედ, წამლით ეშმაკობები მალევე მორჩა. ჩვენი ნერვული სისტემის დაზიანება საკუთარი კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანებად კი დაუჯდა. მართლა ვწუხვარ.
ერთხელაც, ქართული ენის მასწავლებელმა აფხაზი პოეტის, დირმიტ გულიას იუბილეზე, მისივე ლექსის, „ირმის“ წაკითხვა დამავალა. ლექსი ქართულად იყო დაწერილი. ამ ლექსს კვირაზე მეტ ხანს ვიზეპირებდი. ღონისძიებას სოხუმიდან ჩამოსული დელეგაცია და სკოლის მთელი დირექცია ესწრებოდა. სცენაზე გასულს, პირველი სტროფის შემდეგ პირი გამიშრა – ლექსი გონებიდან სრულად ამოიშალა და ისევ პირველი სტროფი წავიკითხე.
ყველას გაეცინა. გზაში მწარედ ატირებულს მამა მამშვიდებდა: „არ იქნებოდა ეგ ლექსი გულიას დაწერილი, სად იცოდა ქართულიო“. ახლაც არ ვიცი, ვისი დაწერილი იყო, მაგრამ ნერვიულობისგან მაღალი სიცხე მქონდა.
სკოლის ბოლო სამი წელი სწავლას თითქმის მთლიანად შევეშვი და მხოლოდ ქართულ და რუსულ ლიტერატურაზე გადავერთე. ორივე საგანს ქართველი მასწავლებლები გვასწავლიდნენ და მათთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი – არა იმიტომ, რომ სხვებთან რამეს ვმალავდი, არამედ იმიტომ, რომ მათ გაკვეთილებზე კითხვას, კამათს და აზრის გამოთქმას დაცინვა ან საყვედური არ მოჰყვებოდა.
რუსულის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იმ დროს გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ახლაა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მქონდა გააზრებული ის, რომ რუსული არ იყო ჩემი მშობლიური ენა. რუსული ჩემთვის არც „კარგი“ იყო და არც „ცუდი“ – ის იყო ყოველდღიური რეალობა, რომელშიც ვსწავლობდი, ვკითხულობდი და ვურთიერთობდი. სწორედ ამიტომ რუსული ლიტერატურის გაკვეთილზე თავს თავისუფლად ვგრძნობდი.
აფხაზურის წიგნებს სკოლაში გვირიგებდნენ. მართალია, წიგნი მქონდა, მაგრამ მისი ყდის ფერიც კი ბუნდოვნად მახსოვს. ყველაზე მკაფიოდ მხოლოდ წარწერა დამამახსოვრდა: „11 класс. Учебник Абхазского языка для неабхазских школ“.
ბოლო სამი წელი, ყოველ გაკვეთილზე, პირჯვარს ვიწერდით მე და ჩემი უსაყვარლესი „პაძელნიკი“ კლასელი და მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდმა იმუშავა – სამი წლის განმავლობაში წარმატებით გადავურჩით ჟურნალში “ორიანს”.
ბოლო, მე-11 კლასში ჩვენი ბრძოლის იარაღი ამ მასწავლებელთან დიალოგი გახდა, ხანდახან კი პატარა მანიპულაციებს გავურევდით: დაფაზე აფხაზურ საზეპიროებს ქართული ასოებით ვწერდით. ვუყვებოდით გამოგონილ ამბებს თბილისსა და ბათუმზე, თითქოს, ამით ვცდილობდით, რომ საქართველო სხვა თვალით დაენახა? რა ვიცი. თითქოს, ვინმემ დაგვავალა.
გაზრდასთან ერთად მოვიდა დაღლა. მუდმივად რაღაცასთან ბრძოლა, თავდაცვა, ანდა მტკიცება ენერგიას გაცლის. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ ქართული იდენტობის გამო რომ გჭირდება, ორმაგად დამღლელია, უსამართლობის გრძნობა – უბრალოდ გამომფიტავი.
იდენტობის ეროზია
წლების შემდეგ, როცა საკუთარი სკოლის გამოცდილების გააზრება დავიწყე, ლინგვისტ დიანა კაკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუში ვიპოვე ის ფორმულირება, რომელსაც ბავშვობაში ვერ ვარქმევდი სახელს. მისი თქმით, გალში საქმე გვაქვს არა უბრალოდ სწავლების ენის შეცვლასთან, არამედ „კოგნიტიურ დისონანსთან“ – მდგომარეობასთან, როდესაც ბავშვი სახლში ქართულად საუბრობს, მაგრამ სკოლა, ქუჩა, ოფიციალური წარწერები და ინსტიტუციური გარემო რუსულ ან აფხაზურენოვან იდენტობას სთხოვს.
კაკაშვილი ამბობს, რომ ასეთ გარემოში ჩნდება „ნახევარენოვნების“ საფრთხე: ადამიანს მშობლიური ენა აღარ ესმის აკადემიურად, ხოლო თავსმოხვეული ენა ბოლომდე მისი აზროვნების ენად ვერ იქცევა. როდესაც ქართული ენის ვიზუალური კვალი ქრება ქუჩებიდან, აბრებიდან და სახელმძღვანელოებიდან, ენა ნელ-ნელა მხოლოდ სახლის კედლებში იკეტება.
კაკაშვილი ამ პროცესს კიდევ უფრო მძიმედ, „ლინგვისტურ მკვლელობად“ (Linguicide) აღწერს. ეს ტერმინი გულისხმობს არა ენის ბუნებრივ დავიწყებას, არამედ მის მიზანმიმართულ განდევნას საზოგადოებრივი სივრციდან, რათა გაწყდეს კავშირი ადამიანს და მის კულტურულ ფესვებს შორის.
განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ გალში ქართული ენის მდგომარეობა ერთჯერადი გადაწყვეტილების შედეგი არ არის. მისი თქმით, აფხაზური მხარე წლების განმავლობაში ერთსა და იმავე არგუმენტს იმეორებს – რომ 1945-1953 წლებში აფხაზური სკოლების გაუქმება ისტორიული უსამართლობა იყო და დღევანდელი ენობრივი პოლიტიკის გასამართლებლად სწორედ ამ პერიოდს იშველიებს.
„თუ აფხაზური სკოლების გაუქმებას პრობლემად მიიჩნევთ, მაშინ როგორ ამართლებთ იმას, რაც დღეს გალში ხდება? როგორ შეიძლება სხვისი მშობლიური ენის შეზღუდვა სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილად იქცეს?“ – ამბობს ტაბატაძე.
მისი შეფასებით, პრობლემა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკა არ არის. ქართული მხარის მთავარი სისუსტე ისიც იყო, რომ გალის მოსახლეობისთვის მშობლიური ენის შენარჩუნების გრძელვადიანი სტრატეგია არასდროს შემუშავებულა.
ტაბატაძე მაგალითად იხსენებს ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც 2010-იან წლებში სამეგრელოში მოქმედებდა. მისი თქმით, ერთ პერიოდში გალიდან ყოველდღიურად დაახლოებით 120 მოსწავლე გადადიოდა ქართულ ენის კურსებზე დასასწრებად. თუმცა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამკაცრებამ და, მოგვიანებით, პანდემიამ ეს შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად შეზღუდა.
მისი აზრით, 2015 წლის შემდეგ, როდესაც გალის სკოლებში ქართულენოვანი განათლების ბოლო ეტაპიც დასრულდა, სახელმწიფოს ალტერნატიული გზები უნდა შეეთავაზებინა – მათ შორის, ონლაინ და დისტანციური სწავლების ფორმატები.
„ჩვენ ძირითადად ვრეაგირებთ იმაზე, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი აკეთებენ. მაგრამ რეაგირება პოლიტიკა არ არის,“ – ამბობს ტაბატაძე.
ამ ნააზრევს სხვაგანაც წავაწყდი, როცა წავიკითხე ჩეხი დიზაინერისა და მკვლევრის, მარეკ ნედელკას, ანთოლოგია სახელწოდებით: „National Letters: Languages and Scripts as Nation-building Tools“. ავტორი საქართველოს, თურქეთის, ისრაელისა და ეთიოპიის მაგალითზე იკვლევს, როგორ იქცევა ენა და დამწერლობა ეროვნული იდენტობის „ხილულ ჩარჩოდ“.
რა ხდება, როდესაც ენა და დამწერლობა ცნობიერებიდან ქრება?
როდესაც ბავშვის თვალთახედვიდან ქრება მშობლიური ენის ვიზუალური კვალი, მისი გარემო თანდათან უცხო სივრცედ იქცევა. ენა მხოლოდ სიტყვების მარაგი აღარ არის – ის სამყაროს აღქმის კოდია. ამიტომ, როცა ქართული დამწერლობა ქრება გალელი ბავშვის ყოველდღიური ხედვიდან, მასთან ერთად ქრება ისტორიული მეხსიერების ხილული ნიშნებიც. თუ ანბანი აღარ ხვდება ქუჩაში, შენობაში, აბრებზე, მისი ტვინი ნელ-ნელა ამ სივრცეს „უცხოდ“ აღიქვამს. ბავშვი ხდება სტუმარი საკუთარ ქალაქში.
დღეს გალის ხმოვანი გარემო რუსულ-მეგრულია და ძალიან, ძალიან იშვიათად თუ ქართულს გაიგებ. როგორი ეგზოტიკური კომბინაციაა, არა?
ქუჩაში, მაღაზიებში, ბაზარში, სკოლაში – ყველგან რუსული ან მეგრული ისმის. ეს იმდენად ჩვეულებრივ ფონად იქცა, რომ ხშირად ვეღარც კი ვამჩნევ. თითქოს, ქალაქს ერთი, მონოტონური ენა აქვს, რომელიც ყველაფერს ფარავს და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცეულა.
ქართული წარწერები და ნებისმიერი ქართული გადალაპარაკება გალში, აღიქმება, როგორც რაღაც ძალიან ძველთან, თითქმის არარსებულთან ურთიერთობა. ამ ერთგვაროვნებაში ქართული სიტყვა ან გადაძახილი იჭრება, როგორც ბზარი რეალობაში. ზოგჯერ ქუჩაში ვიღაცის ქართულ საუბარს თუ მოვკრავ ყურს, წამიერად გამიხარდება ხოლმე, ცნობისმოყვარეობა მიპყრობს, ვინ არის ეს ქართულად მოლაპარაკე ადამიანი, ვიბნევი კიდეც, თითქოს რაღაც გამქრალი დრო შემოიჭრა აწმყოში. თითქოს ენა, რომელიც აქ ოდესღაც იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ვერც კი ვამჩნევდით, ახლა მჭახე და შემთხვევით ფრაგმენტებად გვიბრუნდება.
ამ დროს გარემოც წამით იცვლება. რუსული წარწერები, რუსული საუბრები და ეს ყოველდღიური რუსული ფონური ხმაური უკან იხევს. ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წამით. შემდეგ ის ხმაც ქრება და ქალაქი ისევ იმ ერთ დომინანტურ ენაზე ლაპარაკს უბრუნდება.
ერთხელ, სოხუმში, ალბათ 2018 წელს, მე და ჩემი კლასელი, რომელიც ასევე თბილისში სწავლობდა, აფხაზური დროშის დღეს აღმოვჩნდით დიდ ღონისძიებაზე. შორიდან ვაკვირდებოდით ღონისძიებას და არ ვერეოდით არც აფხაზი და არც რუსი დამსვენებლების წრეებში. ციდან ჩამოსული დამკვირვებლებივით ვსწავლობდით არე-მარეს. ამ ალიაქოთში, ჩვენს უკან გაისმა ხმა: “ტაქსი გამოიძახე?”
არც მე და არც ლიკას რეაქცია არ გვქონია. ისევ გაისმა: “არ ვიცი, აქ უნდა გამოიძახო ტაქსი?”
გარუჯულ სახეებზე ისედაც მკვეთრად განათებული თვალები კიდევ უფრო გადაგვინათდა მე და ჩემს კლასელს გაოცებისგან. და ასე, ფართოდ გახელილი თვალებით, მოურიდებლად მივაშტერდით ამ უცნობ ხალხს. ისინიც ჩვენ გვიყურებდნენ. ეს ის მოკლე წამი იყო, როცა მივხვდით, იმდენ ხალხში მხოლოდ ჩვენ ვიცოდით ის “ავად-სახსენებელი ენა”, ქართული რომ ჰქვია. გაღიმებულები მივესალმეთ ერთმანეთს.
- არ არის პრობლემა. საიდან ხართ?
- გალიდან. თქვენ?
- სოხუმიდან, მაგრამ ახლა თბილისიდან ჩამოვედით.
- რა სიგიჟეა.
- კი.
ამაზე სურეალისტური რამე ბევრი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ქართული გასაუბრება იმ დღეს, იმდენ ხალხში, მართლა ჰგავდა glitch in matrix-ს – წამიერ სისტემურ ხარვეზს თუ შეცდომას.
თუმცა, ის წამი გავიდა და “ხარვეზი” გასწორდა – რეალობა ისევ იმ ერთმა ენამ ამოავსო.
ვიცი, რომ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კინოთეატრის ქვეშ ისევ დავდგები – მაღლა ავიხედავ და ჩამომხედავს ციდან ქართული წარწერა.
გირჩევთ
გადაპარვა, მზის ჩასვლა
06.05.2026
გალილენდი | ბესო პაპასქუა
12.05.2025
ყაჩაღობა გალში | ბესო პაპასქუა
14.06.2021
ორი დღე სოხუმში | წერილები აფხაზეთიდან
26.06.2026
მეგობრის წერილი აფხაზეთიდან
03.02.2026