ყავა სოხუმურად და სხვა მშვიდობები
13.07.2026 | 8 წუთიანი საკითხავიტექსტის ავტორი: ნანა
არსებული აბსურდული გეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი და ჩემი აფხაზი მეგობრის სახელები უნდა შევცვალო, რომ ჩვენ ერთმანეთის ნახვა თავისუფლად შევძლოთ და არცერთს დაგვბრალდეს სამშობლოს ღალატი. მე ნანა ვიქნები, ის კი – ლანა.
ჩვენი მეგობრობა შუშხუნებით და ყვავილებით არ დაწყებულა. ერთ ოთახში ცხოვრებით და კომუნიკაციის გარეშე დაიწყო.
ძალიან ცხელოდა ივლისის ერევანში. მე ფანჯრის გამოღება მინდოდა, მას – კონდიციონერის ჩართვა. მე ვუთხარი, რომ კონდიციონერის გამომშრალი ჰაერი არ მომწონს, მან მიპასუხა, რომ ასეთი მშრალი სიცხე მისთვის აუტანელია (ბოლოს და ბოლოს, ის ხომ სოხუმელია, მისთვის ნოტიო მარილიანი ჰავაა ნორმალური). რაზე შევჯერდით, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის, რომ ასე, თავისით, დამყარდა ჩვენს შორის უბრად ყოფნის პოლიტიკა.
ოთახის გაზიარებიდან მესამე დღეს ორივეს დაგვეტყო, რომ დუმილი და ერთმანეთის არშემჩნევა გვღლიდა. ყინული ნელ-ნელა ლღვებოდა – ხან ერთმანეთისთვის კომპლიმენტის თქმით, ხან რჩევის თხოვნით, ან უბრალოდ ამბის გაზიარებით. წინა ღამეს წლების უნახავ მეგობარს შევხვდი და სომხურ კონიაკს გავუთამამდით. მეორე დღეს, თვალი რომ გავახილე, მინერალური წყალი „ჯერმუკი“ მედგა სასთუმალთან. დღის 12-ზეც ღრმად რომ მეძინა, მიმხვდარიყო ლანა, რომ “რთული” ღამის მერე, დამჭირდებოდა.
ჩემი ნაბახუსევის საღამო იქცა ჩვენი დამეგობრების ნიშნულად. ერევნის ერთ კოლორიტულ ბარში, სადაც ადგილობრივებიც და ტურისტებიც მრავლად იკრიბებიან, შევიყარეთ ჩვენ – გოგოები აფხაზეთიდან. ისინი სოხუმიდან და ბიჭვინთიდან, მე კი – გალიდან. სომხური კონიაკი და კარაოკე იყო ჩვენი ამაღლებული განწყობის სპონსორი. არ დაიზაროთ და სწორად შეაფასეთ კარგი სასმელი და სიმღერა კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში!
მომწონს ის, თუ როგორ გახდა ერევანი ქართველებისა და აფხაზების შეხვედრისა და ხანდახანაც შერიგების ადგილიც. სანამ მოვხვდებოდი მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის სასწავლო კურსზე, წყალი არ გაუვიდოდა ჩემი, როგორც გალელის და როგორც პოსტ-საომარ პირობებში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანის, შეხედულებების სიმტკიცეს. ჩვენ და ისინი. მსხვერპლი და მოძალადე. შავი და თეთრი – ასე ვუყურებდი სამყაროს, რომელიც აფხაზეთის კონტურებს არ სცდებოდა. ამ შეხვედრების მერე მივხვდი, რამხელა გზა მქონდა გასავლელი, რამდენი ისტორია მოსასმენი, რამდენი ამბავი – დასაჯერებელი.
*
ჩემი ყოველი ჩასვლა აფხაზეთში გამოიყურება ასე: სახლი, მშობლებთან ურთიერთობა, ნარდის თამაში, საჭმლის მზადება (მე უფრო ცხობა), ჩაის სმა (ბევრი ჩაის სმა), ძაღლებთან თამაში და სოხუმში ლანასთან, ჩემს აფხაზ მეგობართან აუცილებელი შეხვედრა. ჩვენი ერთად ყოფნა კი ასეთია: გასეირნება სოხუმში, ყავის სმა “პინგვინში” (ეს იმპულსური ნოსტალგიური მოქმედება ჩვენი მშობლებისგან მივიღეთ მემკვიდრეობად), რამდენიმე კოქტეილი “რუინ ბარში”, რომელიც ძველი სასტუმრო “Абхазия”-ს ნახევრად დანგრეული და სრულიად დაცლილი შენობის ერთ-ერთ ნაწილში რაღაც ხნის წინ ერთმა სამეგობრომ გახსნა. და, რა თქმა უნდა, გაუჩერებელი ქაქანი.
სომხეთში გაცნობილ ლანასთან ერთად, მერე აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ვიყავით ერთ ფაკულტეტზე, ვცხოვრობდით ერთ სახლში. ჩვენს ფაკულტეტს ერქვა Conflict Resolution and Mediation. ჩვენი სემესტრი ახალი დაწყებული იყო, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს, და მალევე ისრაელსა და პალესტინას შორის, 2023 წლის ომები დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში გაგვიჩერეს ლექციები. ჩვენი კურსელები: სომეხი, აზერბაიჯანელი, ყარაბაღელი, არაბი და ებრაელი, პალესტინელი და ისრაელელი სტუდენტები ერთმანეთს ამხნევებდნენ. მე კი არ ვიცოდი, როგორ გამომეთქვა მწუხარება ან აღშფოთება და, საერთოდ, რამის თქმას ჰქონდა აზრი? ზოგჯერ საწოლიდან ადგომაც არ შემეძლო. ეს ყველაფერი აბსურდს ჰგავდა და ახლაც ჰგავს.
ლანა: როდემდე შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს?
ნანა: არ ვიცი. ალბათ, მანამ, სანამ თეთრკანიანი, მოხუცი, მეგალომანი კაცები არ გადაშენდებიან?
ლანა: ხო, თითქოს, თვითონვე არღვევენ კანონებს, რომლებსაც წერენ. მაგრამ როდის მოხდა ამხელა ჩავარდნა ჩვენ შორის?
ნანა: ვის შორის?
ლანა: ჩვენსა და ჩვენს ხელისუფლებებს.
ნანა: იცი, ლან, მე ანარქისტი ვარ. არ მჯერა კაცებისა თუ ქალების მიერ მართული სახელმწიფოების (თუმცა, ქალების მართვა ხშირად არც გვინახავს). რაც გინდა, ის თქვი, ყველას გვაქვს ეგო: ვიღაცას – დიდი, ვიღაცას – პატარა. დედამიწაზე ყოფნიდან 27 წელიწადში ერთ რამეს მივხვდი (ორივეს გვეცინება): რაც უფრო დიდი ეგო გაქვს, მით უფრო ბანძი იუმორის გრძნობა გაქვს და ამაში ვერავინ შემედავება!
ლანა ჩუმდება, ფიქრებში მიდის.
ბოლოს სოხუმში ამ გაზაფხულზე ვისეირნეთ ერთად. დიდი ხნის უნახავები, არაამქვეყნიურად დიდი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდით და ლაპარაკს არ ვაცლიდით ერთმანეთს. ზამთრის სუსხი წასულიყო და ჰაერში რბილი, ნელ-თბილი ზღვის და ევკალიპტის (რა თქმა უნდა) სუნი იდგა. უკვე საკმაოდ მწველი მზის და შორს, მთებისკენ, ჩამომდგარი ღრუბლების კოშკების ფონზე, გადავყვიტეთ ჩვენი საყვარელი რიტუალი – “Кофе по-Cухумски” ჩაგვეტარებინა კაფე “პინგვინში”, რომელიც ყავის დასალევად, სოხუმის სანაპიროზე საუკეთესო ადგილია. ყველა აქ მოდის, ვისაც ქვიშაზე მომზადებული ყავა და ყავის ნალექით მკითხაობა უყვარს. აქ ყველა ნელა დადის, არავის არასდროს არსად ეჩქარება. ამ ნელ სიარულში ვამჩნევ ხოლმე, რამდენად უყვართ სოხუმელებს კარგი ჩაცმა-დახურვა. იჯექი და უყურე, რამდენიც გინდა, შენელებული კადრივით სცენას – კლასიკურად ჩაცმულ ხალხს ამ ნელი სიარულის ტემპით ქალაქის სანაპიროზე.
ნანა: აბა დაფიქრდი, მე უკეთესი იუმორის გრძნობა მაქვს, თუ ამ ქალს, ჩვენს წინ რო ზის და ფლეტ უაითს სვამს? სოხუმში ფლეტ უათი? ზამთრის მერე ძლივს დამდგარი გაზაფხულის მზიან დღეს, ქოლგის ქვეშ რომ შეყუჟულხარ და სითბოს ერიდები, კარგია? მაგრამ ბოდიში, რას ვერჩი ამ ქალს...
ლანა: ეს რა ფლეტ უაითიზმია! შენ რა, რასისტი ხარ?
ორივეს გვეცინება. ის ქალი გაოგნებული გვიყურებს, რადგან მე და ლანა რუსულ-ინგლისურად ვსაუბრობთ. ლანამ მეგრული და ქართული არ იცის, მე კი აფხაზურს მხოლოდ გავიგებ. ხოლო რუსულად საუბარს ისე გადავეჩვიე, ჩვენი საუბარი დაახლოებით ასე ჟღერს: А ты можешь написать description этого фильма, because мне надо на letterboxd uppload. მე რომ არჩევანის წინაშე დამაყენო, ალბათ, მეგრულს ავირჩევდი ჩვენს საერთო სასაუბრო ენად.
ისევ ვუბრუნდებით პოლიტიკას და კაცების საკითხს.
ლანა: და რა შეიძლება, ამ კაცუნებს აწყობდეთ? მარტო ის, რომ ამდენი ფული ჰქონდეთ?
ნანა: ლანა! მე ამაზე დღე და ღამ ვფიქრობდი და ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები, რაში შეიძლება გჭირდებოდეს ამდენი ფული. ის კაცი ხო იცი, პარტია რო დაარსა. აი, მაგ ტიპმა თქვა, რომ ადამიანს კარგი ცხოვრებისთვის 200 მილიონი სჭირდება, დანარჩენი კი მხოლოდ სპორტია. ჰოდა, გამარჯობა – ეგეც პასუხი! იცი, მასზე ამბობენ, რომ ოკულტიზმით არის შეპყრობილი და კენიიდან ბაობაბები ჩამოიტანა და შეკვეთილში დარგო. შეკვეთილი არ გეცოდინება, მაგრამ უფრო რომ მიგახვედრო, შემიძლია სოფელ კინდღს შევადარო. შეკვეთილშიც, როგორც კინდღში, ქვიშაა, აქა-იქ პატარა კენჭები, და უზარმაზარი ევკალიპტისა და კედრის ხეები იზრდება. თურმე ბაობაბის ხე ცნობილია, როგორც აფრიკის „სიცოცხლის ხე“. და ეს კაციც ადგა და გადმოაზიდინა მის მიერ გაშენებულ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. მერე ერთი ხე გახმა. თურმე, ხეს, თვითონ თუ არ უნდა, ბევრი ფულიც ვერ გაახარებს.
მე და ლანას სან დიეგოში, რომელსაც ძალიან ვამსგავსებდით აფხაზეთს, ალბათ, ჩვენი 20-იანი წლების საუკეთესო დღეები გვაქვს გატარებული. სწორედ მანდ დავახლოვდით და ერთად აღმოვაჩინეთ კალიფორნიის შტატის თავისებურებები. მაგალითად ის, რომ უმძღოლო ტაქსი შეიძლება მოვიდეს და შენც, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ნდობის გამოცხადების გარდა, სხვა გზა არ დაგრჩენია.
ნანა: გახსოვს, ერთხელ სან დიეგოში, ბილიარდის სათამაშოდ რო წავედით და მე, 12-ჯერ ჩავაგდე ბადეში თეთრი ბურთი?
ლანა: აუ, ხო და რა დაგემართა მაშინ?
ნანა: და სხვა დროს კარგად გამომდის თუ რა. თამაშები არ არის ჩემი ძლიერი მხარე – მე უფრო ცეკვა-ხტუნვა. მაგრამ ხო ძალიან გავერთეთ. მაშინ პირველად მოვისმინეთ შაგი ოუთისის “Strawberry letter 23”. გახსოვს? და რა კარგად ვიცეკვეთ.
ლანა: არ ვიგონებ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტები შენთან ერთად მაქვს გატარებული. შენთან ერთად ახლა აქ, სოხუმში ყოფნაც სხვანაირია. თითქოს, არ ვარ ჩემს ქალაქში, არამედ სადღაც სხვაგან, ხანდახან კი – სან დიეგოში.
ნანა: გახსოვს, ზუსტად მაგას რომ ვამბობდით, როგორ ჰგავს კალიფორნია აფხაზეთს? და პირიქით? ოღონდ იქ როზმარინიც იზრდება ყველგან, ჩვენთან უფრო სხვანაირი ბალახია.
ლანა: გახსოვს ტელეფონი რომ დაკარგე და მერე, უტელეფონოდ, გზაშიც დაიკარგე?
ვიცინით. მართალი იყო ლანა. თავიდან, როცა სან დიეგოში ჩასვლიდან მეორე დღესვე ტელეფონი ტაქსის უკანა სავარძელს ვაჩუქე, ძირითადად, ჯგუფელებთან ერთად გავდიოდი სასიერნოდ. ერთ დღეს კი გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად უნდა მენახა ძველი ქალაქი და შემდეგ – “ფერმერების ბაზრობა”. გავყევი ავტობუსს, რომლის მძღოლსაც ვკითხე, აქ ფერმერების ბაზარი სადაა-მეთქი. იმან არ იცოდა. უმალვე ჩამოვხტი ავტობუსიდან, მაგრამ უკვე ძალიან შორს ვიყავი ჩემი კამპუსიდან და მერე რაც მოხდა, ყოველთვის გამახსენდება, როგორც გრძელი და ძალიან სასაცილო დაკარგვის ისტორია.
კამპუსში დაბრუნებულს, გაბრაზებულ-შეშინებულ-აღშფოთებული ხალხი დამხვდა. ჩემი მეგობრები თან მიხუტებდნენ, თან მეჩხუბებოდნენ.
ნანა: რა მაგარი დღეები გავიარეთ!
ლანა: ხო, ყოველ დღეს რაღაც ახალი და წინაზე უფრო მღელვარე ხდებოდა. რამდენნაირი ადამიანი ვნახეთ. როგორ მომადუნა და ფეხქვეშ სიმყარე მაგრძნობინა სან დიეგომ. რომ ვიხსენებ, ზუსტად იმაზე მწყდება გული, რომ ამ იზოლაციის და ყველაფრისგან შორს ყოფნის პირობებში, ეგეთი მომენტებიც გამოზომილად მაქვს.
ნანა: არ ვიცი, რა გითხრა ხოლმე, ამას რო მეუბნები.
ლანა: ხო, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ამ “ას კვადრატულში” (ამბობს და ვიცინით), ის სინათლე დავინახო, რაც ამ მოგზაურობებიდან და ადამიანებიდან გამომყვა.
ნანა: მეც მესმის ეს მდგომრეობა, რადგან გალში იგივე ხდება. მოწყვეტილები ვართ ორივე მხრიდან. თითქოს, ქართველებიც და აფხაზებიც შეთანხმდნენ, რომ მოდით, დავივიწყოთ გალელების არსებობა და გავიყოთ გალი: გალი ჩემია! არა ჩემია! ძალიან დამღლელია, ხო ხვდები, არა?
ლანა: კი, ვხვდები, მაგრამ შენსავით მაინც ვერ განვიცდი, რადგან ჩემი რეალობაც სხვანაირია, ხო ხვდები? შენ სხვანაირი იზოლაციის მსხვერპლი ხარ, მე სხვანაირი.
ნანა: один чёрт.
ლანა: ხო, თან ერთნაირია ეს იზოლაცია, თან არა. მაგრამ ნახე? ამ ქაოსში ჩვენ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ.
არსებობს ლანასა და ჩემს შორის რაღაც უხილავი კედელი, რომელიც ძალიან თხელი და მსხვრევადია. ამ კედელს, არ ვეყრდნობით ხოლმე, როგორც მეტროს ვაგონში წარწერაზეა: “ზურგით ნუ მიეყრდნობით”. ამ კედელს ომი ჰქვია და, მიუხედავად იმისა, რომ გადაღეჭილი გვაქვს ომის, დევნილობის, იზოლაციის და მომავლის თემები, მაინც ამ თემებზე საუბარს ორივე ჩიხამდე მივყავართ. ხანდახან სულ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ომის თემაზე – მანდ ვჩუმდებით, რადგან არ გვინდა ჩხუბზე გადასვლა. ჩვენი პირადი გამოცდილებები, ჯერჯერობით, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს წინ აღმართულ კედელს მივეყრდნოთ, გადავახტეთ. და, მართალი გითხრათ, არც ვჩაქარობთ. მშვიდად და დაკვირვებით შევისწავლით ამ ჩიხს. იქნებ, ის ჩიხი სულაც არ არის.
ლანა: ეს ტელეფონი მინდა ხოლმე რო გადავაგდო, მაგრამ მერე კომუნიკაცია ვერ მექნება ძალიან ბევრ ადამიანთან და ისედაც იზოლირებული კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში აღმოვჩნდები, ამიტომ ჩემს თავს ტელეფონის გადაგდების ფუფუნებას ვერ მივცემ! (ორივე ვიცინით)
ნანა: ხო, მაგრამ ჩვენ რა, ვიცოდით, რომ კომპიუტერები, ინტერნეტი და საერთოდ ხელოვნური ინტელექტი ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა? თან, რა დროს ხელოვნური ინტელექტია, როდესაც არსებობს სიყვარული.
ლანა: ხო, აი, სიყვარულს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი? ნეტა მალე შეგვიყავრდეს. ამ ზაფხულს თუ ვინმე არ შემიყვარდა, გავგიჟდები.
ნანა: მე უფრო მიჭირს ამის ხმამაღლა თქმა. მაგრამ მეც მინდა!
ლანა: აი, ასე! როდის გახდა სიყვარულის აღიარება ქრინჯობა?
ნანა: ბოდიში, მისს პირდაპირობა. როდის გახდი ასეთი მოურიდებელი?!
ლანა: მივხვდი, რომ ასეა საჭირო და შენც არ დამალო შენი სათქმელი, ჩემო ძვირფასო!
ნანა: არა, მაგრამ დასამალიც არაფერი მაქვს. მაგაშია საქმე.
ლანა: არც მე და იზოლაციის ბრალია ყველაფერი. აქ ყველა ყველას ნათესავი ან და და ძმაა.
ნანა: წამო მერე თბილისში, გეუბნები. მარა თბილისიც ძალიან პატარაა.
ლანა: სოხუმზე დიდი ხომ არის?
ნანა: ბევრად.
ლანა: ჰოდა, შეირგე!
ორივეს გვეცინება იმიტომ, რომ ვხვდებით, ეს თითქმის შეუძლებელია.
ლანა: იცი, კიდევ რაზე ვფიქრობ ხოლმე?
ნანა: აბა?
ლანა: მგონია, რომ კაცებსაც თავიანთი ტრაგედია აქვთ. უბრალოდ, საერთოდ არ არიან მიჩვეულები ამაზე ლაპარაკს.
ნანა: ის ხო გითხარი, ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა ბიჭმა რაც დასკვნა.
ლანა: რაო.
ნანა: “Loneliness of uselessness — this is how men feel”.
ლანა: მაგარია.
ნანა: ძალიან. მერე მელაპარაკებოდა, რომ ბევრ კაცს მართლა აქვს შინაგანი კომპლექსი იმის გამო, რომ თვითონ ვერ აჩენენ შვილს და რომ ვერ ქმნიან სიცოცხლეს პირდაპირი მნიშვნელობით.
ლანა: და მერე არსებობის დასამტკიცებლად სხვა გზებს ეძებენ? თუ ეგრეა, მაშინ, ალბათ, ამიტომ ჭედავენ მემკვიდრეობაზე, ტერიტორიებზე, სახელებზე, ძეგლებზე.
ნანა: და ომებზე.
ვჩუმდებით.
იქვე, სანაპიროზე, ვიღაც პატარა ბიჭი მამას ბურთს ესროდა, მამა კი ტელეფონში იყურებოდა და ძლივს უბრუნებდა.
ნანა: ერთხელ ამ თემაზე სამ კაცს ვეკამათე. ერთი იყო ჩილელ-ფრანგ-ესპანელი, ერთი ესპანელი და ერთიც – ამერიკელი. მანამდე ვლაპარაკობდით მუსიკაზე, მერე ქალებზე და კაცებზე, ძალაუფლებაზე, ომებზე, იმაზე, თუ რატომ არის ისტორია სავსე კაცების მიერ მოწყობილი კატასტროფებით. და მერე მივხვდი, რომ დრო დადგა, ჩემი თეორია გამეჟღერებინა.
ლანა: აჰა, დაიწყო.
ნანა: დიახ! და ვუთხარი: „მე მგონია, კაცებს მენსტრუაცია რომ ჰქონდეთ, ყველაფერი შეიცვლებოდა – სისხლს მენსტრუაციის დროს დაღვრიდნენ და ომებს აღარ მოაწყობდნენ.
ლანა: აუ, რა საშინელებაა. და?
და მერე ერთად ვიცინით.
ნანა: სამივემ თავი დამიქნია.
ლანა: ხო. პატრიარქატი კაცებსაც აზიანებს. უბრალოდ, სხვანაირად.
ნანა: წარმოიდგინე გაეროს სხდომა, სადაც ყველა ჯერ თერაპიაზე გაუშვეს.
ვიცინით.
მერე ისევ ვჩუმდებით.
სოხუმში საღამო ყოველთვის უცნაურ ფიქრებს აჩენს. განსაკუთრებით, ზღვის პირას. თითქოს, ჰაერში მუდმივად ტრიალებს შეგრძნება რაღაც დაუმთავრებლის – ომის, სიყვარულის, დაკარგული დროის, გაუგზავნელი წერილების და მათი მოჩვენებების.
ლანა: იცი, რა არის ყველაზე რთული?
ნანა: რა?
ლანა: რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გინდა ჩვეულებრივი რაღაცები. დილით ყავის დალევა, შეყვარება, მოგზაურობა, მეგობრებთან სიცილი, და არა ეს იზოლაცია.
ნანა: ალბათ, ეგაა ყველაზე პოლიტიკური რამ – სურვილი ნორმალურად ცხოვრობდე.
ლანა: და ერთმანეთს ხედავდე არა დროშად, ან იდეოლოგიად...
ნანა: ხო რა.
ვუყურებთ მზეს, რომელიც მალე ჰორიზონტს მიუახლოვდება, ყავის ბოლო ყლუპებიღა გვაქვს დარჩენილი და ვითომ ალკოჰოლს ვსვამთ, ვუჭახუნებთ. მერე შევანჯღრევთ და ცარიელ ფინჯნებს ლამბაქებზე გადმოვაბრუნებთ. ყავის ნალექს საჩვენებელი თითით ვჭამთ. ახლა კბილები ყავის ხეშხეშა მარცვლებით გვაქვს გამოლესილი. როგორი არაქალბატონური საქციელია.
მკითხაობას ვიწყებთ.
ლანა: მიდი, პირველმა შენ თქვი, რას ხედავ.
ნანა: ჰმმ… აქ აშკარად ჩანს, რომ ძალიან მდიდარი გახდები.
ლანა: სად? ეგ ლაქაა, უბრალოდ.
ნანა: ვაიმე, დამაცადე. ხომ გინდა გაბრწყინებულ აფხაზეთში ცხოვრება?!
ვიცინით.
ლანა თავის ფინჯანს აკვირდება ისეთი სერიოზული სახით, თითქოს, მართლა რაღაც საიდუმლო შეტყობინებაა მოსული.
ლანა: აქ გზა ჩანს.
ნანა: მგზავრობა?
ლანა: არა. უფრო მოძრაობა. თითქოს, გაჩერება არ გამოგვივა.
ნანა: ეგ ისედაც ვიცით.
ლანა: და აი აქ, შეხედე – ორი ფიგურაა.
ნანა: ჩვენ ვართ?
ლანა: ალბათ. ან ორი ადამიანი, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთი არ დაკარგონ.
ნანა: რა აფერისტები ვართ!! (არც ერთმა ვიცით მკითხაობა და არც მეორემ, უბრალოდ, ძალიან გვინდა, რომ ეს უნარი გვქონდეს).
ცოტა ხნით ჩუმად ვუყურებთ ყავის ნალექს. ათასობით წელია, ასე იქცევა ადამიანი – შეშინდება თუ არა, დაფრთხება თუ არა, შემთხვევით ფორმებში ცდილობს, დაინახოს მომავალი – ვარსკვლავებში, ხელის გულზე, ყავის ჭიქაში. განსაკუთრებით აქ, ამ ჩვენს რეგიონში.
ნანა: იცი, რა მგონია?
ლანა: აბა?
ნანა: ჩვენ, ქართველები და აფხაზები, ზედმეტად მიჩვეულები ვართ კატასტროფის მოლოდინს.
ლანა: კი… სიმშვიდე საეჭვო მდგომარეობაა.
ნანა: თუ რაღაც კარგად მიდის, ჩვენ ეჭვი და ფორიაქი გვღრღნის, რომ მალე რაღაც გაფუჭდება.
ლანა: და გაფუჭებულა კიდეც.
ქარი ისევ ზღვიდან უბერავს. უკვე ბნელა. სანაპიროზე ყვითელი განათებები ინთება, მოსეირნე ხალხი ტემპს კიდევ უფრო ანელებს.
ნანა: და მაინც, მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ადამიანს ცინიზმმა ბოლომდე არ სძლიოს.
ლანა: ეგ ყველაზე დიდი მარცხია?
ნანა: ჩემთვის კი. თუ აღარაფერი გაკვირვებს და თუ აღარავის ენდობი, მაშინ მართლა დამთავრებულა ყველაფერი.
ლანა: ჰოდა, მოდი, ჩვენ ბოლომდე არ გავცინიკოსდეთ.
ყავის ნალექიანი კბილებით ისევ ვიცინით.
და ამ მომენტში ვფიქრობ, რომ შეიძლება სწორედ ეს იყოს თავისუფლება, იმეგობრო მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური რეალობა გეუბნება, რომ ეს მეგობრობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
…მოკლედ, ჩემზე და ჩემს ძვირფას აფხაზ მეგობარზე მინდა მოგიყვეთ და იმაზე, რომ მან ჩემში მეტი ემპათია გააღვიძა, მე კი მის ცხოვრებაში “საზღვრები გავაფართოვე” (ლანა დაახლოებით ასე ამბობს ხოლმე).
გირჩევთ
ორი დღე სოხუმში | წერილები აფხაზეთიდან
26.06.2026
გადაპარვა, მზის ჩასვლა
06.05.2026
მეგობრის წერილი აფხაზეთიდან
03.02.2026
ენგურს აქეთ და იქით | მარიამი გალიდან
26.09.2025