ყაჩაღობა გალში | ბესო პაპასქუა
2005 წლის 13 სექტემბერს გალში ვისვენებდი და დაგვაყაჩაღეს. მაშინ რამდენის ვიქნებოდი, 15-ის? 16-ის? ეგრე ალბათ. ეს ცამეტი მას მერე ამეკვიატა. მაგრამ ეს ამბავი თარსებზე არ არის. არც ვაჟკაცობაზე. ის ერთ კაცზეა, რომელმაც მეორე დილით მთხოვა ლოგინიდან წამოდგომაში და ეზომდე მისვლაში მივხმარებოდი, იქ, სადაც მეზობელი კაცები იდგნენ.
თხილის გახურებული სეზონია და გასაგებია, რომ ხალხი ერთმანეთს ძარცვავსო - ასე, მძიმედ და უცნაურად დაიწყო ლაპარაკი ბაბუაჩემმა. მაგრამ აინტერესებდა - დანარჩენ ხარა-ხურას რომ მისი სახლიდან წინა ღამით 60 ლიტრი არაყიც თან გააყოლეს, თავად, როგორც მის დამყენებელს, ერთი ჭიქით დღეგრძელობა თუ ერგებოდა. ალბათ ისეთივე უცნაური გაგრძელება იყო სათქმელის, როგორიც შესავალი, მაგრამ იმ კაცებმა, მახსოვს, რომ მაშინ ერთმანეთს გადახედეს და კიო - თქვეს. ჰოდა იმ კაცის დედა მოვტყან, ვინც იმ ერთი ჭიქით ჩემ დღეგრძელობას ამის მერე იკადრებსო - დაამატა და თავისი ცემისგან დალურჯებული სახე კარგად დაანახვა, მერე მთხოვა იმ ოთახისკენ შემებრუნებინა, საიდანაც გამოვიყვანე.
იმ ღამით ყველაფერი იყო: ცემა, სისხლი, კივილი, ტყვიების წვიმა, მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რასაც ჩემი გონება ვერა და ვერ მოერია; კუთხეში მიგდებული, სახეშეშუპებული ბაბუაჩემი, რომლის დაბერებული სხეულიც იტანდა ერთი ათეული კონდახით მიყენებულ დარტყმებს და მაინც არ ჩერდებოდა, გაუთავებლად აგინებდა პირში. რამდენჯერაც სახეში ხვდებოდა ტალახიანი ჩექმა, იმდენჯერ უტრიალებდა გამჩენს. იმ ღამით ვერც ისინი მოერივნენ. არა მარტო მე და ჩემი გონება. დანარჩენებმაც - ფეხები ვერ მოჭამეს.
აქ აწი აღარ დაგინახო ჩამოსულიო, გამაფრთხილა და არც მე მქონია დიდი სურვილი იქ დაბრუნების.
ერთი წელი, თუ ცოტა მეტი იყო გასული ზუგდიდში რომ ვნახე ბოლოჯერ. წინასაახალწლო პერიოდი იდგა, რაღაც სუფრასთან მოვხვდით, ბავშვები ჩინური ასაფეთქებლებით ხელში დარბოდნენ და ერთი იქვე, იმ ადგილთან ახლოს შემოგვიგდეს, სადაც დანარჩენებთან ერთად ბაბუაჩემიც იჯდა. არავინ დაძრულა ადგილიდან. ოდნავადაც არ გატოკებულა, მაგრამ მერე, შემთხვევით გვერდზე მივიხედე და საზარელი, შიშით გადაფითრებული სახე დავინახე. პირველად ვხედავდი ასეთს და ხელი გადავხვიე, რომ დამემშვიდებინა, მაგრამ მერე მეც გადმომედო ეგ შიში. ასეთი შიში ბუნებაში არ არსებობს. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ეს შიში შეგიძლია შექმნა და კაცი, რომელიც ორ ომს გაუძლებს, ძარცვებს, სახლის გადაწვებს, ეფადინებს, გრანატამიოტებს - ბოლოს ერთი საბავშვო ხლაპუშკით მოკლა სუფრასთან, ზუგდიდის, გურჯაანის თუ გელენჯიკის მიდამოებში.
მას მერე არ მინახავს.
ინსულტით გარდაიცვალა. მეუბნებიან, რომ იქამდე რამდენიმე ხნით ადრე გაგიჟდა, სანადირო ორლულიანი თოფი ჟაკანის ორი ვაზნით დატენა და საკუთარ ტყავზე ამოჭმული სიის მიხედვით, წარმოსახვითი დამნაშავეების დევნა დაიწყო. მანამ, სანამ ვინმეს მოკლავდა, ჩემებმა მოასწრეს და ფოთში გადმოიყვანეს. მალე ლოგინად ჩავარდა და ავადმყოფობამ მეტყველების უნარი წაართვა. ვიდრე დავასაფლავებდით, ჩაფიქრებულ მამაჩემს ჩემთან ლაპარაკში წამოსცდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ჟესტით ცდილობდა მისთვის რაღაცის თქმას, სამი თითის კომბინაციით - შუასა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეული ცერა თითით. ოღონდ ვერაფრით ამოხსნა, რისი თქმა უნდოდა მამამისს: რომ ცხოვრება არაფერია, თუ პირიქით, ცხოვრების იქითაა არაფერი.
ხშირად მესიზმრება. ამ დილითაც, მაგან მაიძულა გამღვიძებოდა. ყოველთვის ზუსტად ისეთს ვხედავ, როგორიც ბოლოს იყო და როგორსაც მე არ ვიცნობდი: გაგიჟებულს. აფორიაქებულს. ვერ ისვენებს. თოფით ხელში დარბის და მახსენებს, რომ უკვე დროა ვიღაცებს საფლავები გავუთხაროთ…