
გამზირი ზეპირად | ქეთი უკლება
ისევ რუსთაველზე ვდგავართ.
ხანდახან რამდენიმე წამით საკუთარ ფიქრებთან მარტო ვრჩებით და გონებაში უამრავი მოგონება გვიცოცხლდება.
ამ ისტორიებში ადამიანები გამზრზე გადამხდარ ამბებს იხსნებენ და კითხვას - რატომ ვარ აქ? - პასუხს სცემენ.
***
მანქანას იუსტიციის პარკინგზე ვტოვებ და ჩემი ადგილისკენ მივდივარ. რამდენი წელია, იქ ვდგავარ. ადრე მუზეუმის წინ ერქვა, ახლა - არწივის ქვეშ.
წყლის ჭავლის მანქანიდან ქალის ხმას გავიგებ თუ არა, მუხლები მიკანკალებს.
20 ივნისს დედას დაბადების დღეა. იმ წელს პირველად იხდიდა მგონი. სტუმრები გვყავდა. ჩემს დას ვწერდი, არ ინერვიულო, ბარში ვარ და ვსვამ-მეთქი. ამ დროს ჩემი მეგობარი გაზისგან აცრემლიანებულს სურათს მიღებდა - ტირილი მაგრა გიხდებაო.
მაშინ არწივის ქვეშ დგომა უსაფრთხო იყო, ზუსტად ვიცოდი, სად გავიქცეოდი. ახლა ცოტა შორს ვდგები. ჩასახვევების მეშინია.
მეც ვაგროვებდი ატირებული მეგობრების სურათებს. ვთხოვდი გაეღიმათ და მერე ვუღებდი, მელამაზებდა.
მეც ვიღიმი იმ ფოტოში.
***
ყოველთვის სადღაც ახლოს ვდგავარ, წინ, მაგრამ ოდნავ გვერდზე. ჯებირზე ბრახუნის ყურება მომწონს. ადამიანების სახეებს ვერ ვხედავ, მაგრამ დარტყმის სიძლიერეში ვგრძნობ ემოციას.
თავსხმაა. ჩემ წინ ყველას სცემენ. მეც თითქოს ჩემ რიგს ველოდები. იმ საღამოს გადავრჩი. სახლში ნათესავის გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დამხვდა - წვიმს და სად ხარ? წვიმს. მეტი არაფერი. გავბრაზდი და მერე ბევრი ვიტირე.
ჯებირი შეცვალეს. ახლა არაფერი აწერია. შემთხვევით აღმოვაჩინე. სიჩუმეა. იქ ახლოს არავინ დგას. ჩვენ მივედით, ჩემმა მეგობარმა ხელი მიარტყა და დავიშალეთ.
მეორე დღეს ბრახუნი დაბრუნდა. მომწერა - ახალი ჯებირი პირველად ჩვენ ავახმაურეთო.
***
ბოლო სამი თვე, რუსთაველზე დგომის გარდა ცხოვრება აღარ მაქვს. ვინმეს რამე თუ სჭირდება აქ მეძებს. თუ რუსთაველზე არ ვარ სახლში ვარ, ვიძინებ და მერე ისევ აქ.
თორმეტ წლის ვიყავი პირველად აქციაზე რომ ვიდექი. აქ რომ მოვდივარ, სულ მაგ დრეზე ვფიქრობ. გავიხედავ და ის მიდგება თვალწინ, რაც იმ დღეს ვნახე - ბევრი ადამიანი.
მაშინ ჭყლეტვის მეშინოდა. დედაჩემს ფეხი გადაუტრიალდა და მეგონა გადაუვლიდნენ.
ძილის წინ სულ ამას ვფიქრობ - ბებიაჩემისხელა რომ ვიქნები, ამ დღეებს როგორ გავიხსენებ.
რომ მკითხონ, რა დროში იცხოვრებდიო, მაინც ამ დროს ავირჩევდი. ჩემი თვალით რომ არ მენახა, მეწყინებოდა.
***
ვიწრო ქუჩები მომწონს. ახლაც იქ მინდა დგომა, თავს დაცულად ვგრძნობ. შეიძლება ქვეცნობიერად, რადგან პატარა ქალაქიდან ვარ.
მეგონა გაზის კაფსულებს წყლის ჭავლიდან უშვებდნენ. პირველად ჩემ წინ რომ ჩამოვარდა, მოკლემკლავიანი მაისური მეცვა, მზად არ ვიყავი. ზემოთ ვიყურებოდი და ვიღაცას ვუყვიროდი, მაქედან რას ისვრი-მეთქი. ფილტვებში ნემსები მერჭობოდა.
ბავშვობაში ვიდეოთამაშებს ვთამაშობდი. სამეგობრო ვიკრიბებოდით და ინტერნეტკაფეში მივდიოდით. ჩვენთვის ერთი დიდი საერთო მოვლენა იყო.
ახლა, ცხოვრებაში გადმოვიდა ეგ მომენტი. თბილისში ჩემ სახლში ყოფნა არ მიყვარს და რუსთაველზე ბავშვური ნაპერწკალი მიბრუნება. თითქოს სხვა სამყარო შემოვიდა ჩემში და სცენარის ერთ-ერთი პერსონაჟი ვარ.
***
არ ვიცი სად უნდა დავდგე. თითქოს სიცარიელეში დავდივარ. ხალხს ვათვალიერებ და დიალოგებს ვუსმენ. მგონი, მთელი ეს პროტესტი ერთმანეთთან საუბარია.
ჩამოსაჯდომ ადგილს ვეძებ. ზოგი მარტო დგას, ან შეიძლება ეძებს ვინმეს. ყველას ჩემ თავს ვადარებ.
ძილი აღარ მყოფნის. ვეღარ ვისვენებ. იქ ჩემ დას ვეძებ ხოლმე, ვიპოვი, მერე მოვდივარ. პარლამენტზე მინათებულ სიტყვებს ვკითხულობ.
ჩემი ძალიან ახლო ნათესავი, წინა ხელისუფლების დროს, პოლიციელმა მოკლა. მაგაზე იყო აქციები. გამომსვლელების გვერდზე ვიდექი მიკროფონთან. მეორე დღეს ტელევიზორში გამოვჩნდი კადრებში. მაშინაც ეგ შეგრძნება იყო, რომ აქ დგომა სწორია.
ახლაც.
***
პარლამენტის წინ სკამები თავისუფალია.
შორიდან სასტვენის ხმა ისმის.
გვერდზე კაცმა გაიარა.
***
დოლზე უკრავენ და მღერიან.
აღარ მინდა აქ დგომა.
გირჩევთ

რუსთაველის 8 ნომერი | ქეთი სართანია
31.10.2023
მიტინგები | გიორგი ღვინჯილია
04.04.2024