გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბრაზი და წინააღმდეგობა | გიორგი ყოლბაიას ფოტოამბავი

დღეს აქციაზე მდგომთა რიგებში არაერთი ადამიანი მეგულება, რომელსაც საკმარისი ცოდნა და თანამემამულეების სიყვარული უდევს გულში, რომ შესაძლებლობის გაჩენისთანავე შეძლოს ეროვნული ინტერესებით ნასაზრდოები პოლიტიკის წარმოება.

თავისუფლების, ურთიერთპატივისცემის და ჩვენი ბუნებრივი გარემოს გადარჩენის საჭიროება, რამაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასიათასობით ადამიანი გამოგვიყვანა გარეთ, ერთადერთი ანტიდოტია უიმედობისა და პესიმიზმის, რასაც ხელისუფლება წლებია, თესავს.

სწორედ ამ ერთობის წიაღშია შესაძლებელი ისეთი პოლიტიკური კლასის ფორმირება, რომელიც ფაშისტურ დღის წესრიგს თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად დაუპირისპირდება.

არსაიდან არაფერი არ ჩნდება, ყველა დიად მოძრაობას და პოლიტიკურ ლიდერს ისტორიული კონტექსტი წარმოშობს. ჩვენ გამოღვიძების ეს პროცესი ერთად დგომით, საუბრით და ერთმანეთის მოსმენით უნდა ვასაზრდოოთ.

...

ამონარიდი გაბორ მატეს[1], იანის ვარუფაკისის[2] და რაულ მარტინესის[3] ერთი კვირის წინანდელი ვიდეო ინტერვიუს ტრანსკრიპტიდან:


რაულ მარტინესი: გაბორ, მახსოვს, რომ თქვენს წიგნში, თქვენს ამ ძალიან ძლიერი მუხტის მქონე ნაშრომში, რომელიც ბევრ რამეს სრულიად ახლებურად გვანახებს, სიღრმისეულად საუბრობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისზე და ამ კრიზისის ყოვლისმომცველობას ცხადად გვანახებთ. წიგნის ბოლო ნაწილში ამბობთ, რომ განკურნების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს სოციალური ჩართულობა, პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი… ამასთან მიმართებაში რაღაც კონკრეტულიც მინდა გკითხოთ. თუ შეგიძლიათ ავთენტურობის, გულახდილობის მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი მომვლელთან მიჯაჭვულობის შესანარჩუნებლად ჩვილობის ასაკშივე კარგავს და როგორ შეიძლება ამ ავთენტურობის კარგვამ ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეუქმნას პრობლემები (რადგან მსჯელობა რეზისტანსსა და პოლიტიკურ განზომილებას შეეხება აქ მომვლელის ნაცვლად, რომელსაც ჩვილი მიეჯაჭვება, შესაძლოა, ვიგულისხმოთ მთავრობა ან იმპერია, - ავტ.). ავთენტურობის საკითხთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ბრაზს წინააღმდეგობაში? Thích Nhất Hạnh, ზენ ბუდისტი ბერი, ადამიანი, რომელიც ძალიან აღმაფრთოვანებს და რომელსაც თქვენს წიგნშიც ახსენებთ, ძალიან ბევრს საუბრობს ბრაზის თანაგრძნობად გადაქცევის როლზე და იმაზე, რომ ეს ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური საწვავია სოციალური ცვლილებების დასაწყებად.

გაბორ მატე: ტვინის ემოციურ წრედს თუ დავაკვირდებით, ბრაზი ჩვენი გონების განუყოფელი ნაწილია. არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ძუძუმწოვარი ასეა მოწყობილი. ბრაზი სასაზღვრო ბარიერია. მოგეხსენებათ, როდესაც ორი ცხოველი ერთმანეთის პირისპირ დგას და ერთმანეთს უღრენს, მათ ბრძოლა აღარ უწევთ, რადგან სიბრაზის გამოვლინება ხშირად ჩხუბის ასარიდებლად საკმარისი ხდება. ასე რომ, ბრაზი საზღვრის დამცავ როლს ასრულებს. შესაბამისად ჯანსაღი ბრაზი არსებობს და ის დათრგუნვას არ საჭიროებს. ჯანსაღი ბრაზის დათრგუნვა, რაც აღმზრდელობითი პროცესის დროს უამრავ ადამიანს უწევს, ხშირად ფსიქიკური, ფიზიკური და ავტოიმუნური დაავადებების მიზეზი ხდება. როგორც გონება და სხეულია განუყოფელი, ბრაზს შეუძლია გონებისთვის იყოს ის, რასაც იმუნური სისტემა წარმოადგენს ჩვენი სხეულებისთვის. ელემენტარულია…

ჯანსაღი ბრაზი მნიშვნელოვანია. ჯანსაღი ბრაზი უბრალოდ კავშირის შენარჩუნებაში გვეხმარება. ის გამოხატულებაა განცდის: შენ მე ამას ვეღარ გამიკეთებ!

ეს პოლიტიკურ დონეზეც არსებითია, რადგან სწორედ პოლიტიკურ დონეზე წყდება ადამიანების ბედი…. თუმცა, არაჯანსაღი ბრაზიც არსებობს, რისხვა, აღვირახსნილი ბრაზი, რომელიც გონებას და კონტროლს გაკარგვინებს. ესეც განმიცდია და ვიცი, რომ რისხვა არც ჩემთვის არის სიკეთის მომტანი და არც ჩემი გარშემომყოფთათვის.

ასე რომ, ბრაზის სამი გამოვლინება უნდა განვასხვაოთ:

  1. ჯანსაღი ბრაზი, ანუ: “მეტს აღარ ავიტან”, “No Passaran”, “ასე ვეღარ მომექცევი” – მკაფიოდ გამოხატული და ვერბალიზებული ბრაზი ინდივიდუალურ და პოლიტიკურ დონეზე.
  2. ბრაზის რეპრესია, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს  და პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად იქცევა.
  3. რისხვა, როდესაც რეპრესირებული ბრაზი ამოხეთქავს და ეს დესტრუქციული ძალა ყველაფერს აზიანებს, შენც და შენს ირგვლივ მყოფებსაც.

წინააღმდეგობა, რეალურად, ბრაზის გამოვლინების პირველ კატეგორიას განეკუთვნება. ის ნიშნავს,  რომ არა, ამას მე ვეღარ გამიკეთებ. უფრო მეტიც, პოლიტიკურ დონეზე წინააღმდეგობის წარმოება იმ ინდივიდუალისტური, იზოლაციონისტური ცნობიერებიდან თავის დაღწევის გზაა, რასაც კაპიტალიზმი ადამიანებს, წინააღმდეგობასა და აქტივიზმს ახვევს თავს. ჯანსაღი ბრაზით ნასაზრდოები წინააღმდეგობა განაცხადებს, რომ არა, მე მარტო აღარ დავიტანჯები, ჩემი ტანჯვა უფრო დიდი ტანჯვის ნაწილია და ამ ტანჯვისთვის თავის დასაღწევად სხვა ადამიანებთან უნდა გავერთიანდე.

რეალურად, კაცობრიობის ევოლუციას თუ დავაკვირდებით, ეს არ იყო ინდივიდუალური, იზოლირებული და ერთმანეთთან დაუსრულებელ კონკურენციაში მყოფი არსებების დაპირისპირება. კაცობრიობის ისტორია სათემო წესებით მცხოვრები არსებების ისტორიაა. ჩვენ მილიონობით წლის განმავლობაში ვიზრდებოდით, როგორც  სოციალური არსებები და პოლიტიკური აქტივიზმი, პოლიტიკურ დონეზე წინააღმდეგობა ამ სოციალურობას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. გააღვიძებს შეგრძნებას, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ვართ და რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.

...

კაცობრიობის განვლილი ისტორია, რომელიც იმდენად ვრცელი და კომპლექსურია, რომ რომელიმე ერთი თეორიული ჩარჩო მას ვერანაირად დაიტევს, ძალაუფლების ძველი სტრუქტურების კოლაფსის და ძველი რეჟიმის ტერორს გადარჩენილი ადამიანების რევანშისტული დაბრუნებების ისტორიადაც შეგვიძლია წავიკითხოთ.

ალტერნატივა, რომელიც დღეს ასე გვწყურია, არსებობს და ის მხოლოდ საყოველთაო სოლიდარობის შედეგად შეიძლება გაჩნდეს. ძალა არა ასწლეულების მანძილზე ნაგროვები შურისძიების დაუცხრომელ სურვილში, არამედ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობის აქტებში უნდა ვეძებოთ.

„ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე სისტემა ჩვენი უახლესი ავტორიტარული ისტორიის შედეგი იყო, „ქართული ოცნების” რეპრესიული ხელისუფლება კი მისი ლოგიკური რევანშისტული გაგრძელებაა. ვუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას” არა იმიტომ, რომ „ნაცების” ტერორი დაგვავიწყდა, არამედ, პირიქით, იმისათვის, რომ ამ ბოროტების, ძალმომრეობის ჯაჭვს ერთხელ და სამუდამოდ ჩავეხსნათ და ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით გამსჭვალული საზოგადოების შექმნისთვის ნიადაგი გავანოყიეროთ. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულითა და ერთმანეთზე ზრუნვით, ჩაგვრისა და ტერორისთვის ნებისმიერი რიგითი თანამოქალაქის არგაწირვით, მათ წინ ფარად დადგომით და დარტყმების საკუთარ თავზე მიღებით შეგვიძლია უკეთესი მომავლის პერსპექტივა გავაღვივოთ. დღეს ეს ჩვენს თვალწინ ხდება და ვალდებულები ვართ, ჩვენი წილი საქმე გავაკეთოთ, ვიდგეთ აქციაზე, ვთქვათ და დავწეროთ სიტყვა, გადავიღოთ კინო თუ ფოტო, ვეძებოთ თანადგომის და მონაწილეობის სრულიად ახალი ფორმა. 

თუ ასე მოვიქცევით, ბრაზი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულს ალად ედება, გამოგვაწრთობს და ერთმანეთთან სამუდამოდ დაგვაკავშირებს.

______________________________

[1] გაბორ მატე კანადელი ფიზიოლოგი და ავტორია, რომელსაც არაერთი სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი აქვს დაწერილი ტრავმების, ადიქციის, სტრესისა და ბავშვთა განვითარების თემებზე. 

[2] იანის ვარუფაკისი ბერძენი ეკონომისტი და პოლიტიკოსია. 

[3] რაულ მარტინესი ბრიტანეთში მოღვაწე ხელოვანია, მხატვარი, რეჟისორი. 2024 წელს გამოსული დოკუმენტური სერიალის "In the Eye of the Storm"-ის ავტორი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა