სამშობლო, ჩემი ტოქსიკური შეყვარებული | ცისი მოისწრაფეშვილი
ტექსტი დაიწერა უწყვეტ პროევროპულ პროტესტში მონაწილე
ახალგაზრდებთან და ცოტა საკუთარ თავთან ლაპარაკების მიხედვით.
ბევრი ვიტირე, დაჩეხილი, უდანაშაულო ადამიანები რომ ვნახე ტელევიზორში, 9 აპრილი, 2006. - ვკითხულობ ჩემს ვარდისფერ დღიურში, თან მეღიმება. ყდა სავსეა დისნეის პერსონაჟებით. იმავე დღიურში ვწერ და განვიცდი, ერთ დღესაც როგორ შემოცვივდნენ სახლში ყაჩაღები და დედას და ბაბუას სცემეს. ბევრი წელი მჯეროდა, რომ ეს ნამდვილი ამბავი საკუთარი თვალებით ვნახე. მერე კი აღმოჩნდა, რომ ოჯახში უამრავჯერ გახსენებული და მოყოლილი ამ დღიდან ორ თვეში დავიბადე.
ამ მოვლენას პოსტმეხსიერება ჰქვია - აგროვებ მოსმენილ სიტყვებს, სურათებსა თუ ტელევიზორში ნანახ კადრებს, სიჩუმეს, ტირილს, და მოზაიკასავით აწყობ მოგონებას, რომელიც იმდენად მძაფრია, შენია, შენ გეკუთვნის და აღარც აქვს მნიშვნელობა, რეალურია თუ არა.
ვარდების რევოლუცია იყო ჩემი პირველი ქუჩის აქცია. დედამ წამიყვანა, სხვაგან ვერსად დამტოვებდა. უთვალავ ხალხში სულ პატარა ძლივს ვხედავდი წითელჯვრებიან დროშას, არც ვიცი ზუსტად, შეიძლება ტელევიზორში ნანახი დავიმახსოვრე, - ანა, 27 წლის.
მეც ასე დანაწევრებულად მახსოვს ვარდების რევოლუცია. ხუთის ვიყავი, პარლამენტში შეჭრის კადრებს ვუყურებდით მთელი ოჯახი. ბებია მიშას უყვიროდა, გიჟი ხარო, მიშა სკამში იჯდა და ჩაის სვამდა. მეც ეგეთი ჭიქა მქონდა სახლში, ჩაის ჩავისხამდი ხოლმე, დავრბოდი და ბებიას ვაბრაზებდი, მიშა ვარ-მეთქი.
თითქოს ამ მოზაიკური მოგონებების გროვა ის უხილავი ჯაჭვია, ერთნაირ დროსა და ერთნაირ სივრცეში დაბადებულ ადამიანებს რომ გვაერთიანებს, როგორც თაობას.
საპროტესტო აქციებზე უცხო ადამიანებთან ვიგრძენი ისეთი კავშირი, რომელიც შეიძლება მეგობრობაზე ძვირფასიც კია, საერთო წუხილი და ღირებულებები იმხელა ენერგია და ძალაა, შანსი არაა, ბოროტებამ აჯობოს, - მეუბნება მარიამი, 26 წლის.
სხვანაირია ჩვენი პროტესტი, ხმაური, დამარცხებაც და არდანებებაც, იმედიც და უიმედობაც. მომავლის შეცვლის სურვილთან ერთად, ალბათ, ქუჩაში იმ წარსულის შიშითაც გავდივართ, უნახავად რომ განვიცადეთ.
მარტის აქციებზე პირველად ვნახე ამდენი ხალხი ერთი მიზნისთვის გაერთიანებული, ორივე მხრიდან გადაკეტილი სანაპირო, უცებ ისე მიყვარდა ყველა და ყველაფერი, იქნებ ამ ხალხის მდინარეს ყველა ჩაგრულისთვის გზები რომ გადაეკეტა, აღარ დაგვჭირვებოდა არსებობისთვის ბრძოლა, - ნინი, 22 წლის.
ეგრე გამოვიდა, რომ ჩვენ გავიზარდეთ სამართლიანი სამყაროს რწმენით, რომ მართალი და გულწრფელი ადამიანი არ მარცხდება, მერე ერთბაშად აღმოვჩნდით პროტესტის ღია ზღვაში, ვერ ვუშველეთ ციხეში გამოკეტილ ჩვენიანებს, ვერ დავსაჯეთ დამნაშავეები; დაგვერღვა დასწავლილი წესრიგი და დაიწყო ნელი, ხანგრძლივი უიმედობა, გამოფიტვა, უძრაობა. გამკლავება კი რთული გამოდგა, იმაზე რთული, ვიდრე გაყინულ რუსთაველზე ცივი წყლის ჭავლი, მხუთავი აირისგან გართულებული სუნთქვა და მეორე დღეს უკან, გამზირზე დაბრუნება.
თავიდან ხალხის შეცოტავება ზამთარს დავაბრალე, პლაკატებზეც ხომ გვეწერა, დგება ხალხის გაზაფხულიო. არაფრით აღარ დადგა. თბილმა ამინდებმა მუხტის მაგივრად, უიმედობა მოიტანა, - ლიზი, 18 წლის.
ემოცია უფრო მძაფრია, როცა გგონია, რომ სხვისას არ ჰგავს, განსაკუთრებულია.
ფსიქოთერაპიაში ამ მოვლენას „უნიკალური დეფექტის“ მცდარი რწმენა ჰქვია. სიმძიმეს კი შენი მსგავსი ადამიანების პოვნა ამსუბუქებს. ამ ლაპარაკების მიზანიც არა კონკრეტული პასუხების ძებნა, არამედ ნუგეშის პოვნის მცდელობაა - ხმამაღლა ვთქვათ ის, რისი აღიარებაც გვიჭირს, და თუ ამ აღიარებით მარტოობისგან თავს ვერ დავიხსნით, ერთად მაინც ვიქნებით მარტო.
აღარ მაქვს იმედი, რომ აქციაზე გასვლით რამეს შევცვლი, მაგრამ მაინც მაწუხებს, რომ არ მივდივარ, ვალდებულებისა და დანაშაულის გრძნობა მიჩნდება. ბრაზს ვაგროვებ და ვერ გამოვთქვამ, - დავითი, 25 წლის.
როცა უმოქმედობა გტანჯავს, მოქმედების რესურსიც ამოწურე, ნებისმიერი გადაწყვეტილება წაგებულია. აღარსად ხარ მშვიდად, არ გაქვს სივრცე და ადგილი, რომელიც დაგავიწყებს პატიმრებს, ციხეს, სიცრუეს, ფარისევლობას, ჩაგვრას. უსამართლობის დამანგრეველი განცდა არსად მიდის, უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ფიზიკურად პროტესტის ნაწილი. პროტესტი არ გტოვებს.
ყოველდღე ცუდად ვარ. ვსწავლობ, თან ვმუშაობ, ვერაფერს ვერ ვუდებ გულს, სულ ცუდ ამბავს ველოდები, კარგს აღარაფერს, - ნინი, 21 წლის.
სხეულმა თავისთავად იცის, სად უნდა მივიდეს, როცა ბრაზს ვეღარ იტევს.
ერთხელ მახსოვს, მეგობარს ველოდებოდი და ზურგით ვიდექი პარლამენტთან, რომ არ მეყურებინა. დღისით სრულიად უცხო გარემო და ადგილია, როგორც კი ბნელდება, რუსთაველზე მისვლა სახლში მისვლას ჰგავს, - მარიამი, 26 წლის.
პარლამენტის შენობა მაკეტია და შიგნით არაფერი არაა, ყოველთვის გარედან ვუყურებ, გაზის კვამლში, ფეიერვერკებში გახვეულს, საკრალური სიმბოლოებით მორთულს, რკინის ჯვრით, ნაძვის ხით, რომელზეც ნაცემი ადამიანების სურათები კიდია სათამაშოებად. რამდენჯერ გაყინული სახით ამიხედავს მაღლა, სვეტების ბოლოს, სადაც დროშა ფრიალებს. ტყვესავით დგას, ლაპარაკი რომ დაიწყოს, ალბათ თვითონვე გვთხოვდა, დამანგრიეთ, აღარ შემიძლიაო.
რუსთაველზე დგომა ქვეყნისა და ადამიანების წინაშე ვალის მოხდის მონოტონურ განცდად და ყოველი გამოტოვებული დღე - სინდისის ქენჯნად გადაიქცა. მარშები სხვანაირია, დოლის რიტმით, შეძახილებით ახმაურებული თბილისის ვიწრო ქუჩები, აცრემლებული ხალხი აივნებიდან, სიარული - ცოტა ხნით ისევ ვგრძნობ ერთიანობას, ვიღლები და მსიამოვნებს, რომ ამ დღეს არ ვიყავი უძრავი, რაღაც მაინც გავეცი, პროტესტი პარლამენტის ცარიელი მაკეტიდან სხვების ფანჯრებამდე მივიტანე.
ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ მინდა არსად წასვლა, თუ აქ ასე ცუდად ვარ. რატომ მეძვირფასება ვარდისფერი დღიური, რომლის ფურცლებმაც ისეთი ჩვეულებრივი დღეები დაიმახსოვრა, გონებამ რომ ვერ უპოვა ადგილი.
სამშობლო არის ჩემი ტოქსიკური შეყვარებული, - ამბობს გვანცა, 27 წლის, - ან უნდა დაასრულო ეგ ურთიერთობა, ამოიძირკვო გულიდან ეგ სიყვარული და წახვიდე, ან ვერსადაც ვერ მიდიხარ.
ტოქსიკურია ურთიერთობა, რომელიც გწამლავს, განადგურებს, მაგრამ თავს ვერ აღწევ, ვერ გარბიხარ. მახსოვს, როგორ შეუმჩნევლად გადაიქცა ჩემი სახლი უცხო სხეულად, დამთრგუნველად, ამიტომ ვმეცადინეობდი ბევრს, თბილისში სასწავლებლად წასვლა სახლიდან გაქცევის ერთადერთი გზა იყო. ქალაქის შეცვლამ ამ გაუცხოებას ვერ უშველა, მთელი ქვეყანა სულისშემხუთველი, მომწამვლელი სახლი გახდა. შენობებით, საცობში გაჭედილი სავსე ავტობუსებით, ბაზარში მწვანილების დახლთან ჩაძინებული ქალებით, სიგარეტის ნამწვავებით სავსე ტროტუარებით, აქედან სწავლაზე ფიქრი დავიწყე.
საპროტესტო აქციებზე, ბევრ ხალხში, გავიაზრე, რომ მაინც არის აქ რაღაც, რაც ირაციონალურად მიყვარს, და ამ სიყვარულს, ვერ ვშველი გაქცევით.
ბევრჯერ გვიხუმრია, რო ბოლოს და ბოლოს ავდგეთ, კუნძული ვიყიდოთ და გადავსახლდეთ ერთადო, მაგაზე რო დავფიქრებულვარ, ვხვდები, მირჩევნია, საქართველოში დავრჩე და ყველა წავიდეს, ვიდრე სხვა ქვეყანაში ვიყო და ყველასთან ერთად, - მარიამი.
2025 წლის დამდეგს, როცა პარლამენტის წინ დიდი, გრძელი საპროტესტო სუფრა გაიშალა, საფრანგეთის ყველაზე ჯადოსნურ და ლამაზ ქალაქში ვიყავი, მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც მთელი გულით მინდოდა, რუსთაველის გამზირი იყო.
დედამ მითხრა ერთხელ და დამამახსოვრდა, გველი ხო არ ხარ, ტყავი რო გამოიცვალოო, თუ შეძლებ რო მახსოვრობა დატოვო, წახვალ, მარა თუ წუხილს თან გაიყოლებ, რა აზრი აქვს? - ანა, 27 წლის.
ხალხის მდინარე აღარ არის ისეთი ხმაურიანი, სტიქიური, ძლიერი, მაგრამ მაინც ცოცხლობს რუსთაველის პროტესტი.
სად წავიდე სხვაგან? სად წავიღო ამხელა უსამართლობის განცდა? ვერც ვერაფერს დავწვავ, ვერც ვერავის ვცემ, რუსთაველის გამზირზე მისვლა არის ჩემი თვითგამოხატვის ერთადერთი გზა და უკეთესი ჯერ არ მომიფიქრებია, - მარიამი.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები საკუთარ ფუნქციასა და როლს აღარ ეძებენ. კონკრეტული ფუნქციები, ალბათ, მაშინ გაქრა, როცა პროტესტს დრამატურგია გამოეცალა, შავნიღბიანმა ანტაგონისტებმა სცენა დატოვეს, ბოროტებამ ბრუტალური ძალადობის დამანგრეველი უკურეაქცია დაინახა და დაიმალა, ფურცლებს ამოეფარა . თანმიმდევრული სიჯიუტე და გამძლეობა გახდა საჭირო.
რუსთაველზე დღემდე ყოველდღე ერთადერთი მიზეზით დავდივარ, რომ ჩემს თავთან ვიყო მართალი. თუ მაინცდამაინც ფუნქცია უნდა ვეძებო, ჩემი ფუნქცია არის, რომ სხვები არ დავტოვო მარტო, - ანა.
ზოგჯერ ვფიქრობ, რო რისთვის ვარ ახლა აქ, რას ვაკეთებ, მაგრამ სანამ ციხეში ერთ ადამიანს მაინც აქვს ჩემი იმედი, ტელევიზორიდან მიყურებს, არ შეიძლება, რომ ვიყო არაფრის მომცემი, - გვანცა.
პირველ რიგში, მაქვს არსიარულის შეუძლებლობა, სულ რომ მარტო დავრჩე, მაინც მივალ, ბანერს დავიჭერ ან უბრალოდ ვიდგები, - გიორგი, 24 წლის.
მგონია, რომ მე და სამშობლომ როლები გავცვალეთ, საქართველო ჩემი შვილია, ავადაა და შველა სჭირდება. რომელი დედა დაელოდება და უყურებს, როდის დაუსრულდება და მოუკვდება შვილი? ქარის წისქვილებთან ბრძოლა იქნება თუ შამანებთან სიარული, რაღაცას ხომ გააკეთებს, რომ საკუთარი ქმედება დაინახოს? - მარიამი.
იქნება თუ არა რუსთაველზე პროტესტი ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ის მაინც იცოცხლებს. პროტესტი ყველგანაა, შენობების კედლებზე, აივნებზე, ავტობუსებში; ერთმანეთის თვალებში ვხედავთ, რომ ისევ აქ ვართ, ისევ გაბრაზებულები და ველოდებით, როდის მოგვბეზრდება სამყაროს ბუნებრივი კანონზომიერებით აღდგენილი სამართლიანობის, ღმერთის, ციხის შიგნიდან ნგრევის მოლოდინი, როდის ამოხეთქავს ბრაზი და გაგვიყვანს ქუჩებში ერთმანეთის სხეულების დასაცავად; მოიშორებს სამშობლო ტოქსიკური შეყვარებულის თუ მომაკვდავი შვილის სიმბოლოებს და გახდება ისევ ის მშობელი, რომელიც ასე გვჭირდება მოზაიკური მოგონებებით გაზრდილ თაობას.
ფოტო: გიორგი ყოლბაიას ფოტოამბიდან „ბრაზი და წინააღმდეგობა“
გირჩევთ