GEOPROTESTS.ORG | პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში
ინდიგოს ახალი პროექტი - „პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში” აერთიანებს 1991 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებს.
დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგობის გამოცდილება ქვეყნის 30-წლიან ამბავს სრულიად განსხვავებული რაკურსებითა და ხმებით ჰყვება, და ამ ამბების გაცნობის პროცესი საქართველოს უახლესი ისტორიის ალტერნატიულ წაკითხვას ემსგავსება.
GEOPROTESTS.ORG კოლექტიური ცნობიერებისა თუ მეხსიერების ციფრული ბაზაა - პროტესტების ცხელ გულზე დაგროვილი და გაფანტული უამრავი ფორმისა თუ შინაარსის ცივი გონებაა. და ეს შინაარსები ეყრდნობა ქართულ მედიასივრცეში (პრესა, ონლაინ გამოცემები, სატელევიზიო გადაცემები, სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ ატვირთული ფოტო-ვიდეო მასალები) გამოქვეყნებულ ცნობებს.
პროცესებზე დაკვირვება - როდის, რატომ და რა მიზნით უჩქარდება გული დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრებ ხალხს, თითქოს ქვეყნის კარდიოგრამას ხატავს, წინააღმდეგობების არითმია კი უნიკალურ, თვალსაჩინო სურათს იძლევა.
პროექტი ქართული პროტესტის ანატომიას მნიშვნელოვან სტატისტიკურ ცვლადებად შლის: პროტესტის თემა, დრო, ადგილი თუ ფორმა ერთი მხრივ, ამომწურავ ისტორიულ კონტექსტს იძლევა და, მეორე მხრივ, ტოვებს ღია სივრცეს ინდივიდუალური მიგნებებისთვის, კვლევებისთვის, აღმოჩენებისთვის.
ცალკე ცვლადია შედეგი - პროტესტის მოთხოვნა/მოთხოვნები დასრულდა წარმატებულად, წარუმატებლად თუ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; და ამ პროექტის თავისთავადი მიგნება აღმოჩნდა პროტესტის შედეგებში მეოთხე ცვლადის - დაპირების გაჩენა, როცა სიტყვებმა და არა ქმედებებმა გააჩერა პროტესტი.
გთავაზობთ GEOPROTESTS.ORG-ის ძირითად მიგნებებს:
▪︎ სულ აღრიცხულია 382 პროტესტი. პროტესტების რაოდენობის ზრდას ხელისუფლების ცვლილება მოჰყვებოდა ხოლმე. ასე მოხდა 2003 და 2012 წელსაც;
▪︎ გამონაკლისი მხოლოდ 2019 წელია, ამ წელს რეკორდული რაოდენობის (37) საპროტესტო გამოსვლა იყო, მათ შორის „გავრილოვის ღამის” შემდეგ რამდენიმე-თვიანი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, თუმცა 2020 წელს ხელისუფლება მაინც არ შეიცვალა. ამისი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს კოვიდ პანდემია, რომლის გამოც ხალხს სახლიდან გამოსვლა აეკრძალა და სრულიად ახალი საზრუნავი გაუჩნდა, რაც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას პირდაპირ უკავშირდებოდა;

▪︎ 2003 წლის ჩათვლით პროტესტების უდიდესი ნაწილი (48%) სოციალური პრობლემების გამო იმართებოდა. ხალხი ითხოვდა ხელფასებისა და პენსიის დავალიანების გადახდას, საკვებს, ელექტროენერგიას და სხვა საბაზისო პრობლემების მოგვარებას;
▪︎ 2004-2012 წლებში უმეტესად პოლიტიკურ (27%) და სამართალთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს (24%) აპროტესტებდნენ. სოციალური პრობლემები (21%) მესამე ადგილზე იყო. ამ პერიოდში იზრდება (11%) მედიის დამოუკიდებლობასთან, ჟურნალისტების უფლებებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების რაოდენობა, მათ შორისაა მაგალითად, „ფოტოგრაფების საქმე”, “მაესტროს სატელიტური ანტენები” და ა.შ.;
▪︎ 2013 წლიდან პროტესტების თემა მრავალფეროვანი ხდება, თუმცა კვლავ მთავარი თემა ხდება სოციალური პრობლემები (28%) რასაც მოსდევს პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემები (25%). მესამე ადგილზეა სამართალი და ადამიანის უფლებები (16%). წინ იწევს გარემოსთან დაკავშირებული საკითხები (11%);

▪︎ 1991 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, პროტესტების მხოლოდ 52% იყო წარუმატებელი, როდესაც არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ შემთხვევაში მოთხოვნები ან სრულად დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ, ანდა პროტესტი მაშინ შეწყდა, როცა მოთხოვნების დაკმაყოფილების დაპირება მიიღეს;
▪︎ 2003 წლამდე პროტესტების დიდი ნაწილი ან უშედეგოდ (52%) სრულდებოდა ან შეკრებილები მოთხოვნების შესრულების დაპირების მიღების შემდეგ (24%) იშლებოდნენ;
▪︎ 2004-2012 წლებში პროტესტის უმრავლესობა (71%) ისე სრულდებოდა, რომ მონაწილეთა არც ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იყო;
▪︎ 2013 წლიდან იზრდება წარმატებული პროტესტების რიცხვი და 41%-მდე ჩამოდის იმ გამოსვლების რაოდენობა, რომლის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. 44%-ის შემთხვევაში კი პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ შესრულდა. 11.5%-ის შემთხვევაში კი პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც მოთხოვნების დაკმაყოფილების დაპირება მიიღეს;

▪︎ პროტესტების უმრავლესობა თბილისში იმართებოდა 56.6%. 23 პროტესტი (5%) გასცდა მხოლოდ ერთ ქალაქს, რამდენიმე ადგილას გავრცელდა. ამასთან მონაცემები აჩვენებს, რომ თუკი პროტესტი ეროვნული ხდება, 60%-ს შემთხვევაში მოთხოვნები ან სრულად ან ნაწილობრივ სრულდებოდა ან დაპირებას იღებდნენ მოთხოვნების შესრულებაზე.
