
საკუთარი ფილარმონია, ეროვნული გალერეა და მწერალთა კავშირი
19.08.201780-იანების შუა წლები იყო, ირაკლი ფარჯიანმა, პირველად, ჯარჯი ბალანჩივაძესთან რომ ამიყვანა სახლში. ჯარჯი კომპოზიტორი იყო, რაღაც უცნაური აურის და ენერგიის ადამიანი. მგონი, ვისაც კი რამის კეთება უნდოდა ცხოვრებაში, ყველა მის ირგვლივ ტრიალებდა. რაღაც, არასტანდარტულ სპექტაკლებს დგამდნენ, სახლებში, აბა, სხვაგან სად დადგამდი, თეატრს ვინ დაგითმობდა. არა იმიტომ, რომ არავინ იყავი, იმიტომ, რომ ასეთ, არაფორმალურ რამეს აკეთებდი.
ერთი სპექტაკლი მახსოვს, ნუცუბიძეზე, ერთი მხატვარი გოგონას სახლში დაიდგა, მგონი ნიღბების მხატვარი იყო ირაკლი ფარჯიანი, სცენის მხატვარი გია ბუღაძე. ბევრი ხალხი იყო ჩართული, ისეთი, არავითარი კავშირი რომ არ ჰქონდათ თეატრთან. ეს იყო პირველი, რაც მახსოვს, სახლში. მოკლედ, შენ თუ არ ქმნიდი ოფიციალურ ხელოვნებას, იყავი არავინ და თუ გჭირდებოდა სივრცე – მიდიოდი სახლში. გამოფენა შედარებით მარტივი გასაკეთებელია სახლში, მაგრამ სპექტაკლი? წარმოიდგინეთ, 1983, 1984 წლებია.

აი, ეს ირაკლის სახლია, სახელოსნო და სახლი ერთად – ძალიან საინტერესო შეხვედრების ადგილი. ეს სახლები უცნაურ ფუნქციას ასრულებდნენ, ენერგიას ინახავდნენ, თუ გარდაქმნიდნენ. ყოველ შემთხვევაში, იქ ხდებოდა ის, რაც გარეთ არ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ირაკლიც, გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი მხატვარია, იყო ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა არა მარტო ჩემთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდის ახერხებდა ხატვას, წარმოდგენა არ მაქვს, არ მახსოვს ავსულიყავი და იქ ვინმე არ დამხვედროდა. სულ ვიღაცას ესაუბრებოდა. უცნაური ქვეყანა იყო ეს დედაბნელი საბჭოთა კავშირი, რაღაცებზე ლაპარაკიც კი აკრძალული გვქონდა.
ჰოდა, ირაკლისთან, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობდით განსაკუთრებით იმაზე, რაც აკრძალული იყო. ახლა ვეღარ ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ მაშინ შეიძლებოდა ამის გამო ციხეშიც ჩავესვით. ამიტომ, ეს საუბრები იყო ცოტა შიშნარევი, ეჭვიანი. გაიცნობდი ადამიანს და რაღაც დრო გჭირდებოდა, რომ გაგერკვია, მარტო ის კი არა, გაძლევს თუ არა რამეს მასთან ურთიერთობა, არამედ, ჯერ უნდა გაგეგო – ვინ არის სინამდვილეში. არადა, რეალურად ეს ურთიერთობები გვზრდიდა. გვიან გავაცნობიერე, რომ სწავლა რეალურად ესაა – ურთიერთობა ადამიანებთან. აი, ერთ-ერთი ასეთი იყო ირაკლი ფარჯიანის სახლი, სადაც გამუდმებით ვსაუბრობდით.
>>>
ეს კოკასთან ვართ რამიშვილთან. თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები ოფიციალურად მაშინ არ იფინებოდა. სად უნდა გენახა? მიდიოდი სახლში, ათვალიერებდი და ეს ყველაფერი იქცეოდა ისევ შეხვედრად, დისკუსიად. აი, კოკასთან არიან მამუკა ჯაფარიძე და კარლო კაჭარავა. კარლო ცალკე ამბავია, სადაც კარლო იყო, ის ადგილი გადაიქცეოდა ხოლმე ტრიბუნად. ჰო, იმიტომ, რომ მასთან, ასე უსაქმოდ ჯდომა არ შეიძლებოდა, მასთან იყო დისკუსია, კამათი, მოჰყვებოდა რატომაა ეს ნამუშევარი კარგი და ის ცუდი და ასე.


>>>

ასეთი იყო გუგა კოტეტიშვილის სახლიც. აქ კი კინოს იღებს ტატო, მაგრამ საერთოდ, რა ხდებოდა იქ, კაცი ვერ გაიგებდა, კარი სულ ღია იყო. ცხოვრობდნენ ვახუშტი, ტატო, გუგა, მანანა და ტატოს ცოლი. რამდენჯერ მივსულვარ და კარი ღიაა, შევდივარ – კაციშვილი არაა. ამ დროს შეგიძლია გამოაღო კარადა, ყველი-პური ჭამო. სულ ვიღაცები იკრიბებოდნენ შემთხვევით, აი, შეხვიდოდი, სხედან, ლაპარაკობენ, შენც იტყოდი რამეს და ასე.

>>>

ეს გია რიგვავასთანაა. გია ჩვენი თაობის მხატვარია, მოსკოვში სურიკოვი ჰქონდა დამთავრებული. მასთან ვართ აგარაკზე, წყნეთში. როგორ იყო, იცით? ვიღაცა რამე ახალს რომ წაიკითხავდა, გვიყვებოდა ხოლმე, ნახევარს – სიმართლეს, ნახევარს – შეცდომით, და იმის გამო, რომ ინფორმაცია არ გვქონდა, ჩვენთვის ეს სუბიექტური ინფორმაცია იქცეოდა რეალობად, ჭეშმარიტებად. აი, კარლო კაჭარავა რომ რაღაცას წაიკითხავდა, გადახარშავდა და თავისებურად მოგიყვებოდა, შენთვის ის იყო მთავარი წყარო. მერე შენ ამას იყენებდი, როგორც წყაროს და შეიძლება ისეთ დასკვნამდე მისულიყავი, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდა. ახლა დაგაინტერესებს, აკრეფ გვარს და სახელს და ყველაფერი წინ გაქვს. მაშინ, იმის მიხედვით, რა ჩაგივარდებოდა ხელში, იმ ჭეშმარიტებით იცხოვრებდი, სხვა სიმართლეები არ არსებობდა. გარშემო მარტო ვაკუუმი იყო.
ჟურნალი „არტ ინ ამერიკა“ მაქვს გადაღებული. ერთი ნომერი ჩამივარდა ხელში, მივხვდი, რომ შემიძლია გავიგო რა ხდება „იქით“. რა უნდა გააკეთო ამ დროს? გადაიღო, მთელი ჟურნალი, რომ მერე დაბეჭდო და ყველაფერი ყურადღებით დაათვალიერო, წაიკითხო. გვჭირდებოდა ეს ინფორმაცია. 10 მანეთს ვაძლევდი ერთ ნომერში.

>>>
ეს მამუკა ცეცხლაძის სახლია, მამუკა და კარლო. აი, ლიას აცვია სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თვითონ გააკეთეს, მერე ეს ტანსაცმელი პერფორმანსში გამოიყენეს. ასეთი რამეები ხდებოდა.

>>>

ეს ლიკა ნადარაიას სახლია. ისიც მარტო ცხოვრობდა. კედლებზე ჩვენი თაობის მხატვრების ძალიან საინტერესო ნამუშევრები ეკიდა. მაშინ მათი ნახატები იშვიათად იყიდებოდა, ამიტომ ესეც მოსული იყო, ჩუქნიდნენ მეგობრებს.
ეს შობაა ლიკასთან. შობას მაშინ არავინ აღნიშნავდა (1988-89წწ.). ეს კოსტიუმები კეთდებოდა ნამუშევრებად, მერე კარნავალებზე ეცვათ.


>>>

ეს არის მამუკა ჯაფარიძის სახლი-სახელოსნო, სადაც ზუსტად ასევე, იმართებოდა გამოფენები. ვიღაცა უცხოელი კურატორი იყო და ფაქტობრივად არის გამოფენაზე, მამუკასთან სახლში.
ისე, პირველი სახლის გამოფენა გია ლორიასთან გააკეთეს, მეათე სართულის არტისტებმა, არქივარიუსების გამოფენა. ფოტო არ მაქვს, იმიტომ, რომ ჯერ მათ არ ვიცნობდი.

>>>

ეს დათო ჩიხლაძეა შალვა ფანცულაიასთან სახლში. შალვა მარტო ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, იქ ადიოდნენ დასალევად, გასართობად, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს იქცეოდა საუბრებად პოეზიაზე. პრინციპში, გააჩნია, ფული რამდენი იქნებოდა.

>>>

რეალურად ფარაჯანოვის სახლიც ასეთი ადგილი იყო. ერთხელ იურამ (იური მეჩითოვი) ამიყვანა. იქაც სულ ვიღაცები გხვდებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ სისტემისთვის მიუღებელი ტიპი იყო, თავისი სახლი აქცია სამუშაო ადგილად, ამას ვერავინ დაუშლიდა.

>>>

ესაა გია ეძგვერაძის სახლი. გია უკვე გერმანიაში ცხოვრობდა, მაგრამ ჩამოსული იყო. დაგვირეკა და გვითხრა – არ გინდათ, თავისუფალი აკადემია გავაკეთოთო? რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, ვლაპარაკობდით აკადემიაზე, რომელიც ამ მოძველებული ინსტიტუტის ალტერნატივა იქნებოდა. რასაკვირველია, არაფერი გამოვიდა.

>>>

ეს ოლეგ ტიმჩენკოს სახლია. იქაც ანალოგიური ხდებოდა ხოლმე.

>>>
ეს ჩუბიკას (ნინო ჩუბინიშვილი) სახლია. რაღაც ფართია.

>>>
აქ დათო ჩიხლაძესთან ვართ. თავის ახალ ნამუშევარს გვაჩვენებს.

>>>
ფული არ იყო. არავინ მოგცემდა დარბაზს, ამიტომ ლადო ბურდულმა მოიფიქრა და სახლში აწყობდა მოდის ჩვენებებს, კონცერტებს, შეხვედრებს და რაღაცებს. რაღაც კონცერტები ლადომ ცოტა გვიან, 90-იანების მეორე ნახევარში, სტადიონზე და რუსთაველის თეატრშიც გააკეთა. მაგრამ მანამდე, სახლში დავდიოდით. მაგის სახლში გაიზარდა ძალიან ბევრი მუსიკოსი, სხვათა შორის, იმიტომ რომ იქ მარტო თავისას კი არ აწყობდა, სხვებსაც უწყობდა კონცერტებს, იყო რაღაც ფართი და მივდიოდით.
არც სკამი იყო და არაფერი, იჯექი იატაკზე და ერთობოდი.

ეს სანთლები დეკორაცია ხომ არ გგონიათ? სანთლის შუქზე ხდებოდა ყველაფერი, ეს ჩემი აპარატის განათებაა, თორემ დენი არ არის.

აი, დაახლოებით 95 წლიდან გავიდა ეს ყველაფერი გარეთ.
ერთადერთი „პატრონიანი“ სივრცე, რომელიც დაგვითმეს გამოფენისთვის, იყო ქარვასლის ქვედა სართული, სადაც ლიკა მამაცაშვილი მუშაობდა. ეს იყო 1988 წელს. ლიკამ თქვა, ქვემოთ ისედაც ნესტიანია, ხელს არავინ გვიშლის და რაც გინდათ, ის გააკეთეთო. რამდენიმე გამოფენა გაიმართა, მაგრამ ამას „ოფიციალურს“ მაინც ვერ დაარქმევ. საჯარო სივრცეში კი მოხდა, მაგრამ მაინც ერთი ადამიანის კეთილი ნებით.
მერე ნელ-ნელა გამოვიდა, იყო როკკონცერტი სტადიონზე, ისიც ლადომ გააკეთა და ყველას დაუძახა. მერე ძველი სამეფო უბნის თეატრის შენობაში მოაწყვეს ისევ კონცერტი. მაშინ იქ ნანგრევები იყო. უთხრეს, ჯანდაბას, რაც გინდათ, ის გააკეთეთო და კონცერტს „დე მუსიკა“ დაარქვეს, მხატვრებიც კი მონაწილეობდნენ. ასეთი კონცერტები ნახევრად ლეგალურ სივრცეში იმართებოდა, სადღაც 1995 წლიდან.
მანამდე კი, იყო სახლები. გართობით ახლაც ერთობიან ერთმანეთთან, მაგრამ იმ სახლებს სხვა ფუნქცია ჰქონდა. როცა მოდა არ არსებობს და მარტო ლადოს სახლშია ჩვენება, ამას რა ჰქვია? როცა სხვაგან პოეზიას არ კითხულობენ და ვიღაცის სახლშია პოეზიის საღამო, ამას რა ჰქვია? ეს არის ნამდვილი „მწერალთა სახლი“. როცა სხვა თანამედროვე ხელოვნების გამოფენა არ არსებობს და გია ლორიასთან აწყობენ გამოფენას, რა ჰქვია ამას? ეს არის ეროვნული გალერეა. აი, ეს იყო. საჯარო სივრცე სახლებში იყო ჩაკეტილი.



ამ დროს დაახლოებით იგივე ხდებოდა მოსკოვის ანდეგრაუნდში. და ეს არის მოსკოვში, ფურმანოვკაზე გადაღებული ფოტო, სადაც ქართველი მხატვრებიც ცხოვრობდნენ, მაგალითად, გელა პატიაშვილი.
