ფიქრები ომზე | გიო ჭკადუა
***
ღამით მესიზმრა,
კბილებს შორის ვიტნევდი თითებს,
ძალას ვატანდი, რომ გამეხსნა შეკრული კრიჭა…
დილით ვფიქრობდი…
რომ კიდევ კარგი, ყველა ბრეკეტი ჩამომცვივდა წინა სიზმარში.
მოგონება 2008 წლის აგვისტოს ომზე
დაწყობილ რიგში ვაზის ტოტები
კანდაბერილი ყურძნის მტევნებით
დგანან და სიკვდილს ელოდებიან.
***
უკვე იმღერეს… ხუთი თუ ათი
თოთხმეტი თუ თექვსმეტი მარცვლით,
ან ჰექსამეტრით - სარკისებურ ამბავთა თხრობით
და ვიმეორებ ამ სიმღერებს, უხმოდ და გულში,
ჯარისკაცები ჩემს ეკრანთან ფიცს როცა დებენ.
***
ნეტავ თუ ოდესმე შეიყვარებენ
იქ ქალები,
ის ქალები,
თან რომ გადარჩნენ,
თან ყოველ წუთში ახლიდან რომ იღუპებიან.
ექვსი წლის ბავშვი მარიუპოლში
გამიგონია, როცა კი გტკივა,
რომ არ გაგიჟდე,
გონებას უნდა ჩამოფხიკო ყოველი განცდა…
ნეტავ, წინმსწრებად ესწავლებინათ მათემატიკა,
გადამრავლება, გამოკლება, რიცხვების დათვლა.
ექვსი წლის ბავშვი მარიუპოლში
ცარცისფერია მისი თმები
ახლა და მარად,
დედამიწისთვის , სატურნივით - წრე თანამგზავრთა,
ყველაზე დიდი - თეთრ რკალთა შორის,
დანაშაულის ადგილებს რომ ასფალტზე აკრავს.
***
წყალი მოვიდა
ჯერ მილების ტალახი მოაქვს.
დაიწმინდება…
სულ ასეაო
მასწავლა დედამ.
ნეგატივი ასი წლის შემდეგ
აქ გაზაფხულდა…
წყალს შევაპკურებ თაროზე ყვავილს… ეგონოს წვიმა.
ასე ვიქცევი რამდენიმე წელიწადია…
და არ იზრდება, არც ულბება, არ უამდება...
შემომხმარი მოშავო ფუფხი გატეხილ ფოთლებს.
***
დაღუღუნებენ ფანჯარასთან ლურჯი მტრედები,
ვუყურებ... ვხედავ… ღრმად გამოზნექილ მათ გულ-მკერდებში
როგორ ირევა მხოლოდ თანხმოვნები.
ზურგს უკან პურის გამომხმარი ნაჭერი მიდევს,
დაველოდები.