ბრაზილიური კინოს დროა | სალომე კიკალეიშვილი
ბრაზილიელები არ არიან პრაგმატულები. ადამიანი, რომელიმე სხვა საზოგადოებიდან, გეტყოდა: „ეს საქმე გასაკეთებელია, უნდა მივხედოთ და გავაკეთებთ კიდეც“. ბრაზილიელი კი, იცი, უფრო როგორია? გეტყვის: „აუ, არ ვიცი, მოდი, უბრალოდ, დავივიწყოთ რა ეს უსიამოვნო რამეები და გავაგრძელოთ ცხოვრება“. ბევრჯერ გამიგია მსგავსი ფრაზები ბავშვობაში, სხვადასხვა ოჯახში. პოლიტიკოსებისგანაც გამიგია, ბოლსონარუსგანაც კი. თუმცა, ბოლსონარუს ასე ლამაზად არ უთქვამს. მან თქვა: „მხოლოდ ძაღლები ეძებენ ძვლებს“.
- რეჟისორი კლებერ მენდოსა ფილიუ
როდესაც „ნიუ იორკერის“ ჟურნალისტი დაუსვამს კითხვას, თუ საიდან იღებს სათავეს მისი ბოლო ფილმი, „საიდუმლო აგენტი“, კლებერ მენდოსა ფილიუ გაიხსენებს ქალაქ რესიფის მთავარ არქივს, სადაც თვეებს ატარებდა ფილმზე „მოჩვენებების პორტრეტები“ (2023) მუშაობის დროს. იქ ეჯდა ციფრულ მასალად ქცეულ ქალაქის წარსულს და დროში გაყინულ ისტორიებში ხელჩასაჭიდს ეძებდა. ამ არქივმა „საიდუმლო აგენტის“ გზაზე დამაყენაო.
ისტორიას და ქალაქ რესიფის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მენდოსას ფილმებში. ისტორია, რომელიც პროფესიით ისტორიკოსი დედისგან გამუდმებით ესმოდა, ყველა მის ფილმში მთავარ შინაარსს ქმნის; ხოლო რესიფი, ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი, სადაც გაიზარდა, თავისი ურბანული წყობითა და სოციო-პოლიტიკური ფონით, მენდოსას ფილმებს ხასიათს აძლევს.
„ახლა ბრაზილიური კინოს დროა“, – თქვა მენდოსამ და იქნებ, მართალიცაა. შარშან, ასევე ბრაზილიელი ვალტერ სალესის შესანიშნავმა ფილმმა „მე ისევ აქ ვარ“ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ბოლოს – ოსკარიც როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა.
„მე ისევ აქ ვარ” | მარიამ თვალავაძე
წელს, მენდოსას „საიდუმლო აგენტმა“ აიღო კანში ოთხი პრიზი: საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის როლის შესრულება, FIPRESCI (კინოკრიტიკოსთა პრიზი) და AFCAE (საფრანგეთის არტჰაუს კინოთეატრების ასოციაციის პრიზი), შემდეგ კი ოქროს გლობუსის ორი ჯილდო დაიმსახურა – საუკეთესო ფილმისათვის და მამაკაცის როლის შესრულებისთვის. ახლა კი მთელი ბრაზილია მორიგი ოსკარის მოლოდინშია. „საიდუმლო აგენტი“ ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი.
კინო = მეხსიერებას.კინო მენდოსასთვის მეხსიერების ნაწილია. რესიფის არქივში ნაპოვნ ისტორიებს მან ბავშვობის დროინდელი, საკუთარი მეხსიერებიდან ამოკრეფილი ელემენტები დაუმატა და კოლექტიურ-ინდივიდუალური მეხსიერების ნაკადიდან დეტექტივის, დრამის, საშინელებათა ფილმის, კომედიის ნაზავი შექმნა.
ამ ფანტასმაგორიულ, პოლიტიკურ ტრილერში ყველაფერი „მოსულა“: ნამდვილ ამბებთან და ადამიანურ ტრაგედიებთან ერთად ორთავიანი კატის არსებობაც და ზვიგენის მუცლიდან ამოღებული ადამიანის თმიანი ცალი ფეხიც, რომელსაც მთელი ფილმი ვერ იშორებენ.
როდესაც ფილმის სცენარი დაწერა და მეგობრებს წააკითხა, ყველა დარწმუნებული იყო, ის თანამედროვე ბრაზილიას აღწერდა, არადა ფილმში მოქმედება 1977 წელს ხდება. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ბოლსონარუს პრეზიდენტობის დროს (2019-2023) ქვეყანა თითქოს ნელ-ნელა უკან წავიდა და 1964-1985 წლების ბრაზილიას დაემსგავსა, როდესაც ის დიქტატურის ქვეშ მძიმედ სუნთქავდა. თითქოს, ავტორიტარიზმის საცეცები ჯერ კიდევ ეპოტინებოდა ტერიტორიას. მთავრობა ებრძოდა ყველას და ყველაფერს, ვინც ულტრა მემარჯვენეთა იდეოლოგიას არ იზიარებდა. კულტურითა და ხელოვნებით დაიწყეს და ყველა მტრად გამოაცხადეს, ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობდა. მათ შორის ფილმის რეჟისორი კლებერ მენდოსა ფილიუ და ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, „საიდუმლო აგენტის“ მთავარი როლის შემსრულებელი, ვაგნერ მოურა. ერთ-ერთ ინტერვიუში მოურა ამბობს: „ავტორიტარები, პირველ რიგში, უნივერსიტეტებს და ხელოვანებს ესხმიან თავს, რათა აუკრძალონ ისტორიის მოყოლა ისე, რაც მთავრობას დააზიანებს“. მენდოსა კი მისი ფილმის „მერწყულის“ (2016) კანში ჩვენებას იხსენებს, როცა წითელ ხალიჩაზე გამოთქმულ ბრაზილიის მთავრობის მიმართ პროტესტს, ბრაზილიაში კულტურის სამინისტროს გაუქმება მოჰყვა, მის ფილმს კი – დიდი ბოიკოტი მთავრობისგან.
რა არის ასეთი ამ „საიდუმლო აგენტში“?
„საიდუმლო აგენტი“ ბრაზილიის 40-წლიანი დიქტატურისგან თავის დაღწევის ბოლო პერიოდს აღწერს. ეს დრო ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი იყო: განუკითხაობა და კრიმინალი ყვაოდა, ადამიანების გაუფასურებულ სიცოცხლეს დაქირავებული ქილერები კაპიკებში ცვლიდნენ და თავისუფალ დროს შაქრის ტომრების გადაზიდვით აკეთებდნენ ფულს; მთავრობასა და კრიმინალს ერთი გასივებული სახე ჰქონდა და „სიმართლის სადარაჯოზე“ მყოფი პოლიციელის დანახვა, სერიოზული პრობლემების დაწყებას ნიშნავდა. აი, ამ ყველაფერზე გიყვება მენდოსა და თან ყვითელ ვოლცვაგენ „ბითლით“, რესიფიში დაბრუნებულ პროფესორ, მკვლევარ არმანდუ სალიმოეშს (მსახიობი ვაგნერ მოურა) გაცნობს. ახალგაზრდა კაცმა, ცოლის გარდაცვალების შემდეგ ბებია-ბაბუასთან დარჩენილი პატარა შვილი უნდა აიყვანოს, საიდუმლოდ დამზადებულ პასპორტებს დაელოდოს და ქვეყნიდან უკან მოუხედავად გაიქცეს; მას შემდეგ, რაც მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენი გადაიკიდა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მანამდე კი, სანამ ეს ყველაფერი მოგვარდება, ყველას მარსელო ალვეშად ეცნობა და დონა სებასტიანას სახლში ერთ ოთახს ქირაობს. ოთახს, სადაც ორთავიანი კატა ცხოვრობს.
„საიდუმლო აგენტში“ ყველაფერი გელაპარაკება: ხმა, ვიზუალი, ფერები, ტექსტურა, ისტორია, მუსიკა, ამინდი. თავებად დაყოფილი ისტორიები, ყოველ დეტალზე დაკვირვების საშუალებას გაძლევს და ხარბად გათვალიერებინებს საოცრად მიმზიდველ და ამავე დროს უკიდეგანოდ საშიშ სამყაროს.
მისი კოლორიტული გმირები წვრილები და სქელები, მაღლები და დაბლები, კეთილები (იღიმიან) და ბოროტები (იჯღანებიან) არიან. მსუყედ დატვირთული მრავალფეროვანი მუსიკალური ხაზი კი, კიდევ უფრო მძაფრად გაგრძნობინებს 70-იანი წლების ბრაზილიურ რიტმებს.
ვაგნერ მოურა ნამდვილად იმსახურებდა ამ როლში “ოქროს გლობუსს”. მისი შესრულება ძალიან ზუსტად გადმოსცემს არმანდუ სალიმოეშის ისტორიას; კაცისას, რომელსაც ოდესღაც ცხოვრება გააჩნდა – ცოლი, შვილი, საყვარელი საქმე კვლევით ინსტიტუტში. არმანდო არც ყოვლისშემძლეა და არც უშიშარი, არც არანაირი აგენტი არაა. ის ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის მორიგი მსხვერპლია, რომელიც თივის ზვინში ნემსს დაეძებს – სამართალს უსამართლო სამყაროში და გადარჩენას ცდილობს. დონა სებასტიანას დახმარებით არქივში იწყებს მუშაობას, რომელიც პირადობის დოკუმენტებსა და დაბადების მოწმობებს გასცემს. ლამის 3-საათიანი ფილმის განმავლობაში, რამდენჯერაც ეკრანზე არქივის შენობა ჩნდება, ყოველ ჯერზე ხედავ არმანდუს, რომელიც დაარქივებულ საბუთებში დედამისის დაბადების მოწმობას ეძებს.
მაშინაც კი, როცა ფლოსტებიანი დაქირავებული მკვლელი დახლს უკან ელოდება, ეს უკანასკნელი ისევ დაბადების მოწმობას ეძებს.
ზემოთ ორთავიანი კატა და თმიანი ფეხი ვახსენე.
„თმიანი ფეხის ისტორია ბავშვობაში ხშირად მესმოდა და სულ მინდოდა ფილმში მისი გამოყენება“, – ამბობს მენდოსა. ის ცენზურას უკავშირდება, დიქტატურის დროს რამდენიმე ჟურნალისტმა ეს ფანტასტიკური მეტაფორა მოიგონა, რათა დამნაშავე პოლიციის ქმედებები აღეწერათ. თმიანი ფეხის კარიკატურა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხმა მისი არსებობა დაიჯერა და ზოგი ამტკიცებდა კიდეც, თმიანი ფეხი ქუჩაში დავინახეო. „ეს ერთდროულად არაჩვეულებრივი და თან ძალიან პრობლემატურიცაა“, – ამატებს რეჟისორი. 80-იან წლებში, რესიფიში ზოგი საღამოს 6-ის მერე კარებს გასაღებით კეტავდა, ეშინოდა, თმიანი ფეხი თავს არ დაგვესხასო. ეს ფოლკლორული მეტაფორა „საიდუმლო აგენტში“ წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცევა. იმ წინააღმდეგობის, რომელსაც რაც უნდა ებრძოლოს სისტემა, მაინც ვერაფერს დააკლებს - ის ბუმერანგივით, უკან ბრუნდება.
დეკემბერში მენდოსასთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ უცნაურ მეტაფორაზე და თავისი ბავშვობის ბრაზილიაზე ვკითხე.
„ბრაზილიაში ახლა ბევრად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ ზოგადად ეს ტენდენცია, დიქტატურის, ავტოკრატიისა ყველგან ჩნდება, – მეუბნება მენდოსა, – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და, აი, საქართველოშიც, როგორც თქვენ ამბობთ.
ავტოკრატიაში ცხოვრებამ დამანახა ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალობას არ ეგუებიან და ებრძვიან მას. ეს ბრძოლა, ერთდროულად ტრაგიკულიცაა და კომიკურიც. თუმცა, უფრო ხშირად, ალბათ, მაინც ტრაგიკულია.
აი, მაგალითად, ორი დღის წინ ბრაზილიაში დააკავეს ერთი ტიპი, სრული იდიოტი. ადრე, ბოლსონარუს წლებში, ეროვნული საგზაო პოლიციის უფროსი იყო. არჩევნების დღეს თავის ხალხს დაავალა, გაეჩერებინათ ყველა, ვისაც კი წითელი მაისური ეცვა, რაც ლულასთვის (ბოლსონარუს კონკურენტი და დღეს ბრაზილიის პრეზიდენტი) ხმის მიცემას ნიშნავდა და მოეთხოვათ დოკუმენტები, ჩამოერთმიათ მანქანები, მოკლედ, ყველაფერი ექნათ, რომ ამ ადამიანებს არჩევნებზე მისვლა არ შესძლებოდათ.
როცა „საიდუმლო აგენტის“ სცენარს ვწერდი, სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როგორ ცდილობენ ხოლმე ადამიანები ებრძოლონ რეალობას და ამისათვის, როგორ იყენებენ ძალაუფლებას. სამწუხაროდ, ეს რაღაც მოდიდან ჯერ კიდევ არ გადასულა“.
მეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფილმი სასაცილო არ არის, იუმორი ამ განტოლებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ბევრი ასეთი ადამიანი რეალობას ძალადობით, ქედმაღლობით და სისულელით ებრძვისო.
ბოლოს კი, როცა კინოს მნიშვნელობაზე ვკითხე, დაუფიქრებლად მიპასუხა: „სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ფილმებს რაიმე გზავნილი აქვთ. მაგრამ ერთი ვიცი, წიგნებთან ერთად ფილმებს ცხოვრების აბსურდულობის ჩვენება შეუძლიათ“.
აბსურდულობას რაც შეეხება:
ტანია მარია 78 წლის ქალია, პატარა, ზურგში მოკეცილი, მოკაუჭებული ცხვირით, წვრილი ტუჩებითა და დიდჩარჩოიანი სათვალით. მთელი ცხოვრება ბრაზილიის ჩრდილოეთით, თითქმის უკაცრიელ სოფელში გაატარა. მენდოსას კასტინგის რეჟისორმა სრულიად შემთხვევით, ჯერ კიდევ 2019 წელს, „ბაკურაუს“ გადაღებების დროს აღმოაჩინა და ფილმში ათამაშა. ტანია მარია ამ ფილმშიც მიიწვიეს, უბრალოდ, ახლა შედარებით მსუყე როლი მოირგო – ორთავიანი კატის პატრონის, დონა სებასტიანასი: ჩითის ჭრელ კაბაში გამოწყობილს, მზის დიდი სათვალეები უფარავს სახეს, ფეხზე ზაფხულის უბრალო ფლოსტები ჩაუცვამს და ცალ ხელში, მუდამ ანთებული სიგარეტი უჭირავს. „საიდუმლო აგენტის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ პოპულარული გახდა, მისი ისტორიით ბევრი დაინტერესდა. ჰყვება, რომ მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად ფერმაში ცხოვრობდა და მთელ დროს კერვაში ატარებდა; რომ პირველად ფილმი კინოში 72 წლის ასაკში ნახა; რომ 60 წელზე მეტ ხანს ეწეოდა, თანაც, დღეში 3 კოლოფს და ამის გამო, „საიდუმლო აგენტის“ კანის პრემიერაზე ვერ წავიდა, თვითმფრინავში ამდენ ხანს რა გამაძლებინებდაო; მაგრამ, თან ამატებს, ახლა მაინც დავანებე მოწევას თავი, ოსკარის დაჯილდოებას არ გამოვტოვებო. ხოლო როდესაც ჟურნალისტი „საიდუმლო აგენტის“ სიუჟეტსა და დიქტატურაზე ეკითხება, 78 წლის ტანია მარია პასუხობს: რა გითხრათ, აბა, ფერმაში სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, ერთი რადიო გვქონდა და იქ, დიქტატურაზე არავინ არაფერს ამბობდა. წარმოდგენა არ მქონდა, ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამეები თუ ხდებოდაო.
დაბადების მოწმობაზე უნდა მეთქვა.
რატომ ეძებს არმანდუ გამწარებული დედის დაბადების მოწმობას? ამაზე პასუხი ფილმის ბოლოშია. სისტემის მსხვერპლი არმანდუ ერთ დღესაც ზუსტად ისევე შეიძლება გაქრეს, როგორც დედამისი. ვითომდა, არც არასდროს ყოფილა. ჰოდა ამიტომ, ისიც გაცხარებული ეძებს დედის დაბადების მოწმობას როგორც ფაქტს, დასტურს, რომ დიახ, ის ნამდვილად არსებობდა, ისევე როგორც ყველა ის მსხვერპლი ჩაგვრის, უსამართლობის, ბოროტების თუ დიქტატურის, რომლებიც ისტორიამ უკან მოუხედავად გააქრო.
ფილმი თანამედროვე ბრაზილიაში სრულდება. ორ სტუდენტს ვხედავთ, რომლებიც დიქტატურის დროს გაკეთებულ მსხვერპლთა აუდიოჩანაწერებს უსმენენ. არმანდუსგან მხოლოდ ხმაა დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანი, ფლავია, გადაწყვეტს, არმანდუს ახლა უკვე ზრდასრულ შვილთან რესიფიში წავიდეს და მამის აუდიოჩანაწერი წაუღოს. „მე მამაჩემი არ მახსოვს“, – უპასუხებს ექიმი ფერნანდუ. ფლავია მაგიდაზე ციცქნა ზომის მეხსიერების ბარათს დებს. არმანდუ, ხმა წარსულიდან, რომელსაც მომავალში ისმენენ.
მეხსიერებასთან ერთად ეს ფილმი ყველა იმ დაკარგულ თაობაზეა, რომლებმაც მშობლებთან ერთად, საკუთარი იდენტობის დიდი ნაწილი დაკარგეს და მთელი ცხოვრება ამ ორმოს ამოვსებაში გაატარეს.
P.S. მე კიდევ ისევ ლუპზე ვუსმენ „საიდუმლო აგენტის“ ალბომს საუნდქლაუდზე. სამხრეთული მუსიკა თუ თქვენს ყურსაც სიამოვნებს, გირჩევთ.
გირჩევთ