„არ დანებდეთ, სანამ გვიან არ არის“ | ინტერვიუ მარა ტამკოვიჩთან
როდესაც ამ თემაზე დავიწყე მუშაობა, ლიფტი გამახსენდა. რომ შევსულვარ და - ახლა რომ ჩაწყდეს. მერე როგორც ცუდ ფილმებშია, რომ გაჩერდება, აჰა, გადავრჩიო, გაიფიქრებ და, ისევ, ბრახ, მოწყდება ხმაურით.
ქრომში ახალ ფანჯარას ვხსნი და საძიებო სისტემაში მისამართი შემყავს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საინფორმაციო საიტს ჰგავს: სიახლეებით, გამოტანილი მთავარი თემებით, ფერადი ჩანართებით. გვერდის ბოლოში ინტერაქციული რუკაა წითლად მონიშნული ადგილებით. ერთ-ერთს ვაჭერ - სასჯელაღსრულების კოლონია #7. ზუმით უკან გამოვდივარ და ეს წითელი წერტილები თვალსა და ხელს შუა ბევრდება. მე-4 კოლონიას ვეძებ. კატერინა ანდრეევა (ბახვალავა) ჟურნალისტი, მისჯილი აქვს 8 წელი და 3 თვე – ვიპოვე. დაბადების თარიღს დაპატიმრების თარიღი, წარდგენილი მუხლები (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სახელმწიფო ღალატი) მოჰყვება, აქვეა განაჩენის გამოტანის დღეც. ყველაფერი დეტალურადაა ჩამოწერილი, ვინ იყო მოსამართლე, პროკურორი. სულ ბოლოს წითელი ღილაკია „გაუგზავნე ბარათი“. შემიძლია რამე მივწერო. გვერდის მარჯვენა მხარეს, ტექსტების გასწვრივ დიდი ფოტოა – წითელ მაისურში ახალგაზრდა ქალი მიღიმის, გაშლილი, წაბლისფერი თმით.
კატერინა ანდრეევაზე ბელარუსი რეჟისორის მარა ტამკოვიჩის ფილმით გავიგე, რომელიც ევროპული კინოაკადემიის შესარჩევ კონკურსში ვნახე. „ნაცრისფერი ცის ქვეშ“ EFA-ს 2026 წლის საუკეთესო დებიუტების კატეგორიაში ნომინანტად დასახელდა.
ფილმი ბელარუსში, 2020 წლის 15 ნოემბრის მიტინგის დარბევის დოკუმენტური კადრებით იწყება, რომელსაც Belsat TV-ის ჟურნალისტები კატერინა ანდრეევა და დარია ჩულტსოვა პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. იმ დღეს, მინსკის „ცვლილებების მოედანზე“ და ბელარუსის კიდევ რამდენიმე ქალაქში მასობრივი პროტესტი სლოგანით „მე გარეთ გავდივარ“ იმართებოდა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილ 31 წლის რომან ბანდარენკას ეძღვნებოდა. ბანდარენკა, „ცვლილებების მოედანზე“ ცხოვრობდა. 11 ნოემბრის საღამოს კორპუსის ფანჯრიდან დაინახა, თუ როგორ მოადგა ტერიტორიას სპეც-მანქანები და ნიღბიანმა ადამიანებმა ბოლორუსის დროშის ფერებში მორთულ „ცვლილებების მოედანზე“ თავისუფლების მოძრაობის სიმბოლოდ ქცეული ბაფთების ჩამოსხნა დაიწყეს. უკვე გვიანი ღამე იყო, როცა ბანდარენკამ ტელეგრამის ჯგუფში დაწერა „მე გარეთ გავდივარ“. ის საკუთარ უბანში ცემით მოკლეს.
ტამკოვიჩის ფილმს ორი გმირი ჰყავს. ჟურნალისტი ლენა (კატერინა ანდრეევას პროტოტიპი) და მისი მეუღლე ილია (ანდრეევას მეუღლე, ასევე ჟურნალისტი იგორ ილიაში). მას შემდეგ რაც ლენას პირდაპირი ეთერის გამო იჭერენ, ილია არჩევანის წინაშე დგება, შეუძლია ქვეყნიდან გაიქცეს და თავი დააღწიოს მოსალოდნელ დაპატიმრებას. არჩევანის წინაშეა ლენაც, რომელსაც უმძიმებენ სასჯელს და თავისუფლების სანაცვლოდ, ბრალის აღიარებას სთავაზობენ. მთელი თხრობა წყვილის გარშემო ვითარდება, როგორ და რით უპირისპირდებიან ადამიანები იმ გამოწვევებს, რომლებიც სისტემასთან ბრძოლას ახლავს თან, ან სად პოულობენ ამ გადაწყვეტილების მიღების ძალას. რა ხდება მერე, როცა კამერები ითიშება და დარბაზში სიბნელეა.
...
სალომე კიკალეიშვილი: მარა, ინტერნეტში ბელარუს-პოლონელად ხარ მოხსენიებული, ვიცი, რომ ჟურნალისტიკასა და კინორეჟისურას სწავლობდი ვარშავაში და რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელ მედიაში , პოლონეთის „Belsat TV“ და „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობდი. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდი პოლონეთში?
მარა ტამკოვიჩი: შორიდან დავიწყებ. დამოუკიდებელი ჟურნალისტის ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი 1990-იანი წლებიდან ჟურნალისტი იყო და, შესაბამისად, ბელარუსში ცხოვრებასაც ზუსტად ამ ჭრილიდან ვხედავდი. ლუკაშენკო 30 წელზე მეტია ხელისუფლებაშია და გამოდის, რომ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ავტორიტარულ რეჟიმში გავატარე: ჯერ როგორც ბავშვმა, რომლის მამასაც დევნიდნენ, შემდეგ უკვე როგორც თავად ჟურნალისტმა, რომელიც ცდილობდა ამავე სისტემაში ემუშავა და ახლა უკვე როგორც კინემატოგრაფისტი, ისევ აქ ვარ.
ქვეყანა 2006 წელს, საპროტესტო აქციების შემდეგ დავტოვე. 2010 წლის პროტესტების დროს უკვე ჟურნალისტად ვმუშაობდი. 2020 წელს კი როგორც კინემატოგრაფისტი, პოლონეთიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს.
კადრი ფილმიდან „ნაცრისფერი ცის ქვეშ“
2006 წლის მარტის პროტესტების შემდეგ, პოლონეთმა სპეციალური სასწავლო პროგრამა შექმნა იმ ბელარუსი სტუდენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დევნას განიცდიდნენ. მაშინ, პროტესტში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და რეჟიმიც ყველანაირად ცდილობდა მათზე გავლენის მოხდენას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების გაძნელება, ეს მაშინ, როცა თითქმის მთლიანი საგანმანათლებლო სისტემა სახელმწიფოს ხელში იყო. მეორე მხრივ, თუ სტუდენტი იყავი, მაშინ უნივერსიტეტიდან გამოგდებდნენ; თუ მიტინგზე დაგიჭერდნენ, გაცდენების მიზეზით გაგრიცხავდნენ ან გამოცდებამდე მიგიშვებდნენ და მერე გამოძებნიდნენ საბაბს. მე ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მქონდა საგანმანათლებლო სისტემასთან პრობლემები და, შესაბამისად, კარგად ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა იქ უმაღლესი განათლების მიღება. როგორც კი ეს პროგრამა გაჩნდა, დამოუკიდებელი ჟურნალისტის შვილმა მაშინვე შევიტანე საბუთები, თან სკოლაში მომხდარი ინციდენტების ამსახველი მასალაც წარვადგინეთ. გასაუბრებაზე დამიბარეს და უცებ მითხრეს, ჩაალაგე, ერთ კვირაში მიდიხარო. „ასე როგორ შეიძლება?- ვფიქრობდი ჩემთვის, დავიბენი, - ასე სწრაფად?“. ის დღე არასდროს დამავიწყდება. მატარებელს 200 ბელარუსი სტუდენტი გადაჰყავდა. სრული გაურკვევლობის განცდა იყო, გვეშინოდა, არ ვიცოდით, როდის და როგორ შევძლებდით უკან დაბრუნებას. 1 ივლისი იყო. მაგ დღის ყველა დეტალი მახსოვს.
ასე რომ, ქვეყნის არჩევანი არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. რისი შესაძლებლობაც იყო, ის გამოვიყენეთ. ჩემს შემთხვევაში ეს პოლონეთი აღმოჩნდა.
სალომე: კატერინა ანდრეევაზე არაფერი ვიცოდი. ინტერნეტში ინფორმაციის ძიებისას „ვიასნა 96“-ის გვერდზე აღმოვჩნდი. პარალელური სამყაროა, უამრავი ინფორმაციით და მასალით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ თემაზეა – პოლიტპატიმრები, დაუმორჩილებლობა, უსაფრთხოების წესები. უამრავი ადამიანის შავ-თეთრი ფოტოა, ზოგი სანაპიროზე დგას და ბედნიერი თვალებით გიღიმის, ზოგს თავისი ჩიხუახუა შემოუსკუპებია კისერზე, ვიღაც ოფისის მაგიდასთან ზის ატრიალებული თვალებით – დავიღალეო. დღეს ყველა ეს ადამიანი პოლიტპატიმარია, ყველას გვერდზე შესულს გხვდება დეტალური ინფორმაცია, როდის, რისთვის, რა მუხლით და როდემდე იქნებიან ციხეში. ამ ხალხის თვალიერებისას აუშვიცში ნანახი ფოტოებით გადავსებული ერთი კედელი გამახსენდა, შიშისა და უსუსურობის საშინელი განცდა რომ მოჰქონდა. ამდენ ამბავს შორის, კატერინას ამბავი როგორ ამოირჩიე?
მარა: ამ თემაზე მუშაობა მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრით დავიწყე „ცხოვრება“, 2021 წელს გავაკეთე. სცენარი მას შემდეგ დავწერე, რაც ჩემი პარტნიორის სატელეფონო საუბარი მოვისმინე (მისი ხმა შემდეგ ფილმში „ნაცრისფერი ცის ქვეშ“ გამოვიყენე), როცა ის კატერინა ანდრეევას და დარია ჩულტსოვას პირდაპირი ეთერის ლოჯისტიკაზე ესაუბრებოდა, მანდ მიდიოდნენ, 15 ნოემბრის აქციის გადასაღებად. მერე მახსოვს, როგორ მიყვებოდა, რომ აი, ახლა ბინაში არიან ჩაკეტილები, ვერ გამოდიან, იმალებიან, რადგან დრონმა მიაგნო, გამოიჭირეს, რომ იღებდნენ. შემდეგ, როგორ კარდაკარ ეძებდნენ მათ სპეცრაზმელები და რა აუტანელი ხმა ჰქონდა სადარბაზოში, მეზობლების კარების შენგრევას. ვუსმენდი ამ ყველაფერს და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან ცუდ ამერიკულ ექშენ-ფილმში ვიყავი.
კატერინას ისტორია იმის სიმბოლოა, რაც ბელარუსში ხდებოდა. როდესაც პირველად დააკავეს, შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ საქმე კრიმინალურ ბრალდებად გადააკეთეს. მართალი გითხრათ, ეს დღეს აღარავის გვიკვირს, მაგრამ მაშინ ის პირველი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ეს გზა გაიარა. არ გვჯეროდა: „კარგი, დააკავეს, მაგრამ კრიმინალური ბრალდებები? არა, შეუძლებელია ორ წელი მიუსაჯონ“. როდესაც ეს ორი წელი მიუსაჯეს, მერე ვამბობდით, „ჰო, კარგი, მაგრამ სრულ ორ წელს ხომ არ მოიხდის, რა სისულელეა?!“, – მაინც გვქონდა რაღაცის იმედი.
როდესაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგა, უკვე ვიცოდით, კატერინა სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ და სასჯელი 8 წლითა და 3 თვით განუსაზღვრეს.
მას არასდროს შევხვედრივარ. როდესაც ფილმზე დავიწყე მუშაობა, უკვე ციხეში იყო. მხოლოდ კოლეგებისა და ახლობელთა მონაყოლით ვიცნობ, კიდევ იმ წერილებით, მის მეუღლეს იგორს რომ მოჰქონდა ჩემთან. რა თქმა უნდა ფილმი არ უნახავს. ევროპული კინოაკადემიის საუკეთესო სადებიუტო ფილმის ნომინანტობის ამბავი ოჯახის საშუალებით გავაგებინეთ, რამდენიმე დღის წინ იყვნენ მასთან შესულები. ვერ იჯერებდა, – „როგორ, ნამდვილად უყურებენ ამ ფილმს, რა, აინტერესებთო?“ – უკითხავს. იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ყოველგვარ ინფორმაციას მოწყვეტილია, ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება წერილებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, ცენზურას გადის და კიდევ შეხვედრები, ისიც მხოლოდ ოჯახის წევრებთან.
კადრი ფილმიდან „ნაცრისფერი ცის ქვეშ“
სალომე: იგორი ახსენე, მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი. როგორც ვიცი, ფილმის კონსულტანტი იყო. ერთ ინტერვიუში მის „შინაგან დისციპლინას“ ახსენებდი, რომ არასდროს ჩარეულა ფილმის შემოქმედებით ნაწილში, კარგად გრძნობდა – ერთ მხარეს ის და კატია არიან, მეორე მხარეს კი – ფილმის გმირები, ხაზს უსვამდი ამას.
მარა: კი, ეგრე იყო. მასთან ინტერვიუებზე დაყრდნობით ვწერდი სცენარს. ეს ერთი მხრივ, მეხმარებოდა, ჩამომეყალიბებინა ქრონოლოგია, დამეზუსტებინა დეტალები, მაგრამ რაც მთავარია, ამ საუბრებით ვცდილობდი, გამეგო და ამეხსნა მათი არჩევანი, მათი გადაწყვეტილებები. ფილმში სპეციალურად შევუცვალე გმირებს სახელები, ეს არ არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტის ისტორია, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც მთელმა ერმა გაიზიარა.
ერთი საუბარი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ვკითხე, რატომ არ დატოვა ქვეყანა მაშინ, როდესაც კატერინა დაიჭირეს და ისიც საფრთხის ქვეშ იყო. რატომ მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან უაზროდ, საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება იყო. ერთ მომენტში, როცა ამის დასასაბუთებლად ყველა არგუმენტი ამოვწურე, მიპასუხა: „შენ ყველაფერს არასწორად უყურებ. ფიქრობ, რომ ეს გმირობისთვის ან ბრძოლისათვის გავაკეთე. არა, საერთოდ არ იყო ეგრე. ეს ჩემი ქორწინების გადასარჩენად გავაკეთე“. ორი სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნებოდათ და რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც კატია გარეთ გამოვიდოდა, რა იქნებოდა მათი საერთო სივრცე? ასე მითხრა - „მინდოდა, მასთან ერთად ერთ პლანეტაზე დავრჩენილიყავი“. არადა, რა უცნაურია არა, რამდენ რამეზე ვიფიქრე და ეს მიზეზი, აზრადაც არ მომსვლია. ასე რომ, ამ საუბრების დროს მეც უამრავი რამ ვისწავლე.
ჩვენ ვერ გადავუსვამთ ხაზს ჩვენი ცხოვრების ნახევარს, ვერ ამოვძირკვავთ პირად ურთიერთობებს და ვერ ვიტყვით, რომ პროფესიული ან აქტივისტური გადაწყვეტილებები მეორე ნახევარზე გავლენას არ ახდენს. ტყუილია, ეს ასე არ არის და ზუსტად ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. ვხედავდი მამაჩემის გადაწყვეტილებები როგორ ახდენდა გავლენას ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე და როგორ იცვლებოდა მის გარშემო მყოფი ადამიანების ყოველდღიურობა.
სალომე: როგორია კატერინას ისტორია ახლა, ამ პერსპექტივიდან. რა არის ის, რაც ამ მანძილიდან ყველაზე მეტად გაშინებს ამ ისტორიაში?
მარა: როცა კატერინას ორი წელი მიუსაჯეს, აღვშფოთდით. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი წელი გამართლება იყო და სწორედ ეგ მაშინებს, როგორ იცვლება ნორმის საზღვრები ისე, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. მერე კი, ვეჩვევით ახალ რეალობას და ადაპტირებას ვცდილობთ.
კიდევ იცი რა მაშინებს, ორ წლიან სასჯელს მაშინ ძალიან ძლიერი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, ეს ამბავი საერთაშორისო მედიაშიც ფართოდ გაშუქდა. 2025-ის სექტემბერში კი, როცა ახლა კატერინას მეუღლეს იგორს მიუსაჯეს ოთხი წელი, ამ ამბით უკვე აღარავინ დაინტერესებულა, თითქმის არავინ.
მე კიდევ დღეს ზუსტად ეგ მაინტერესებს, რა ხდება ამ ადამიანების ცხოვრებაში. ახლა აქ ვართ, ამ ინტენსიურ, ადრენალინით გაჟღენთილ პროტესტში, სადაც უკიდურესი სიმამაცე და ტკივილი გვერდიგვერდ დაგყვებიან. მაგრამ მერე, ეს ყველაფერი მთავრდება, განათება ქრება და ხალხი თავის ცხოვრებას უბრუნდება. შენ კი იქ რჩები. ჩემი ფილმი იმ არჩევანზეა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები, შენნაირები და ჩემნაირები ვაწყდებით. ხალხი რომელიც აპროტესტებს, არ არის განსხვავებული ან რაიმე სხვა მასალისგან ჩამოსხმული. ეს არის ხალხი, რომელიც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც არჩევანის გაკეთება აუცილებელია, რადგან ვერ დარჩები ნეიტრალური, რეალობა ამის საშუალებას არ გაძლევს. მგონია, რომ დასავლეთ ევროპის ხალხი კომფორტში ცხოვრობდა, უფრო – ვცხოვრობდით, სადაც ამგვარი არჩევანის გაკეთება არ გვიწევდა – ღირსება თუ უსაფრთხოება? თავისუფლება თუ მორალი? მაგრამ ეს ფუფუნება ნელ-ნელა ილევა.
სალომე: ავტოკრატიული ქვეყნიდან მოდიხარ. ჩვენ კი ამ გზაზე ახლა ვდგებით. რა ძალა აქვს კინემატოგრაფს ასეთ დროს, რა გამოცდილება გაქვს, შეიძლება თვითგამოხატვის ინსტრუმენტად იქცეს ან იქნებ აქვს ძალა რეალურად რამე შეცვალოს? რისი გაკეთება შეიძლება მაშინ, როდესაც ყველაფერი კალეიდოსკოპური ტემპით იცვლება.
მარა: არ ვფიქრობ, რომ დღეს ფილმს ან საერთოდ რაიმე ვიდეომასალას შეუძლია მყისიერი ცვლილების გამოწვევა. არ მგონია, რომ ის ინსტრუმენტია. ისე მოხდა, რომ დავკარგეთ გამოსახულების ნდობა, ზოგჯერ ვცდილობთ, არ დავიჯეროთ ეკრანზე ნანახი საკუთარი კომფორტის გამო. მაგრამ, მეორე მხრივ, ნამდვილად მჯერა, რომ ისტორიების მოყოლას და გამოცდილებების გაზიარებას მაინც შეუძლია გარკვეული ცვლილებების გამოწვევა.

მარა ტამკოვიჩი მშობლებთან ერთად სადგურში, პოლონეთში გამგზავრების წინ. 1-ელი ივლისი, 2006.
მახსოვს, პოლონეთში ერთ-ერთ ჩვენების შემდეგ შეხვედრა გაიმართა მაყურებელთან. დარბაზში ბელარუსი ქალი წამოდგა და მითხრა, რომ ამ ფილმში მისთვის ახალი არაფერი იყო, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა ამას პოლონელ მაყურებელთან ერთად დარბაზში უყურებდა, აძლევდა განცდას, რომ მის ისტორიას ხმა აქვს, მისი ტკივილი მოჩანს და როცა ვიღაც ჰკითხავს, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი, ახლა უკვე ასე უპასუხებს:
„ჩართე და უყურე. აი, ასე ვგრძნობდი თავს. აი, ეს გადავიტანე.“ კინო ჩვენს ძალზედ ანტაგონისტურ და აგრესიულ სამყაროში თანაგრძნობის გაჩენის საშუალებას იძლევა.
სალომე: ერთგან ახსენე რომ შენი საოცნებო პროექტია, გადაიღო სერიები ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მოსვლაზე. რატომ მაინც და მაინც ეგ დრო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი?
მარა: ჩვენი ისტორიები და მათი განვითარების გზები შეგვიძლია ძლიერ ნაკადს შევადაროთ. როცა დინებაში ხარ, რთულია მიმართულების შეცვლა და თუ ცდილობ, უზარმაზარ წინააღმდეგობას აწყდები. თუმცა, დგება მომენტი, რომელიც გადამწყვეტია და სწორად უნდა გამოიყენო. მგონია, რომ სწორედ ეგ ვერ შევძელით 1994 წელს, როდესაც ლუკაშენკო ავირჩიეთ, არადა ყველაფერი სულ სხვანაირად შეიძლება დამთავრებულიყო.
ის, რაც მივიღეთ, სინამდვილეში ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, ის საკუთარმა გუნდმა სათანადოდ ვერ შეაფასა. მას აღიქვამდნენ ადამიანად, რომელიც ადვილი სამართავი იქნებოდა – ქარიზმატულ ტიპად, რომელიც იოლად ამყარებდა ხალხთან კომუნიკაციას და გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა;
ლუკაშენკო 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ფიგურა იყო. ამ მომენტში ჩვენ რაღაც გამოგვრჩა, რაღაც ვერ დავინახეთ.
როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ყველა შემდეგი ნაბიჯი კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა: ძალაუფლების გაზრდას, საკუთარი პოზიციების გამყარებას, საფრთხეების მოშორება, 90-იანი წლების ბოლოს მისი პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია ხდებოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანი, რომელიც ბელარუსის რომელიღაც მიყრუებულ სოფელში კოლმეურნეობის დირექტორი უნდა ყოფილიყო, ევროპაში ბოლო დიქტატორი და დაუნდობელი ლიდერი გახდებოდა, ათწლეულებით დარჩებოდა ხელისუფლებაში და მთელ ქვეყანას ტერორში ჩაძირავდა.
ერთი პატარა ამბავი გამახსენდა. 1994 წლის არჩევნების მეორე ტური იყო. ექვსი წლის ვიყავი ბებიასთან, ლიეტუვას საზღვართან ახლოს. გაგანია ზაფხულია, მაგრამ ვიცოდით, რომ იმ დღეს საშინელი ქარიშხალი გვიახლოვდებოდა. ხმის მისაცემად რომ წავედით, ისტერიკაში ჩავვარდი: ვტიროდი, ხმამაღლა ვყვიროდი, ვემუდარებოდი ბებიას, რომ არავითარ შემთხვევაში ხმა ლუკაშენკოსთვის არ მიეცა. არ ვიცი, ალბათ რაღაც მქონდა გაგებული და ამიტომ მოვიქეცი ასე, არ მახსოვს. მარტო ის ვიცი, ბებია ვაიძულე სხვისთვის მიეცა ხმა. ამის შემდეგ მამაჩემი ხუმრობდა ხოლმე: „ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო“.
მგონია, რომ ეს სურათი – დიდი ქაოსის და ამ დროს გადაწყვეტილებების წინაშე ყოფნის – კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, როცა გლობალური ქაოსის მორევში ვიმყოფებით და ისეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ, მომავალ ათწლეულებს რომ გადაგვიწყვეტს.
სალომე: მარა, სად არიან ახლა შენი ოჯახის წევრები და ბოლოს როდის იყავი ბელარუსში?
მარა: დედაჩემი მინსკშია, ბებია და ოჯახის დანარჩენი წევრებიც. ბოლოს 2021 წლის ბოლოს ჩავედი. მამაჩემი უკვე მძიმედ ავად იყო და ვიცოდი, ეს მისი ნახვის ბოლო შანსი იქნებოდა. მაშინ, მოკლემეტრაჟიანი ჯერ არსად მქონდა ნაჩვენები და შემეძლო გამერისკა. ახლა ბელარუსში დაბრუნება აღარ შემიძლია. ეს, ერთმხრივი ბილეთი იქნება.
სალომე: საქართველოში ადამიანები წელიწადზე მეტია, ყოველ საღამოს იკრიბებიან მთავარ გამზირზე და აპროტესტებენ სიტყვის, გამოხატვის არჩევანის თავისუფლებას, სამართლის აღიარებას ითხოვენ. დღეებს ზუსტად ისე ვითვლით, როგორც შენ ფილმში. 388, 389 და ა.შ. შენ, როგორც ადამიანმა, რომელმაც ათწლეულები გაატარა ამ ბრძოლაში, რა შეგიძლია გაგვიზიარო, რაც გამოგვადგება... ემოციური გადარჩენის ინსტრუმენტები, რომელიც ახლა ძალიან გჭირდება.
მარა: არ დანებდეთ, სანამ გვიანი არ არის - პირველ რიგში ამას ვეტყოდი ქართველ ხალხს. ბევრი პროტესტი გამომივლია, პირველი, ჯერ კიდევ 90-ში მამაჩემთან ერთად, მერე უკვე აქციები, რომლებსაც მე ვესწრებოდი: 2004, 2006, 2010, შემდეგ 2020. ამ პროცესებს ზოგჯერ საშინელი დაღლილობა და უიმედობა ახლავს, როცა ვერ ხედავ შედეგს და კითხულობ – რა აზრი აქვს? ბუნებრივია, მუდმივად ერთ ემოციურ ტალღაზე ვერ იქნები. და ზუსტად აქ, ყველაზე მნიშვნელოვანია წინააღდეგობის გზის პოვნა. იმიტომ, რომ სულ უნდა გახსოვდეს ერთი – მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც არ იღლებიან და თუ ისინი თავისუფლებას ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ წაგართმევენ, ერთ დღეს, ქუჩაში გასული, ჩიხში აღმოჩნდები და წინ წასასვლელი გზა აღარ გექნება. მერე უკვე აღარც აქამდე არსებული ინსტრუმენტები იმუშავებს.
2003 წლის ვარდების რევოლუცია მახსოვს, ეს ჩვენთვის, ბელარუსებისთვის, იცი რამდენს ნიშნავდა?! ვუყურებდით თქვენს ამ ბედნიერ წუთებს და ვფიქრობდით: „აი, ქართველებმა თუ შეძლეს, ჩვენც უნდა შევძლოთ!“
მერე უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას ვადევნებდით თვალს, იმხელა იმედი იყო. და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღესაც ვერ მივედით იქ, საითკენაც ამდენი წელია მივდივართ, არ ნიშნავს, რომ მიზანი ამათ არ ღირდა. უბრალოდ ეს გზა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.
პირველ რიგში, ეს არის ბრძოლის გზების ნორმალიზება, მის ყოვედღიურ რუტინად ქცევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი ბნელი მხარეც აქვს, როცა ხედავ ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა, როგორ ნელ-ნელა ეცლება ძალა და უძლურდება. ამაზე ბევრი მიფიქრია, განსაკუთრებით მათზე, ვინც უკვე 20 წელია, იბრძვის. იგივე მამაჩემი, მთელი ცხოვრება ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო და მაინც ვერ მოესწრო ცვლილებებს.
კიდევ იცი, რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ამ ბრძოლაში შედეგის მოლოდინით კი არ შევდივართ, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. ქუჩაში იმიტომ კი არ გადიხარ, რომ ფიქრობ:
„აი, დღეს დავამხობ ხელისუფლებას“, არამედ იმიტომ, რომ სინდისი სახლში დარჩენის საშუალებას არ გაძლევს და ეს პირადი არჩევანია. ქცევა, რომელიც შედეგზე ორიენტირებული კი არ არის, არამედ შენი იდენტობის ნაწილია.
თუ პროტესტის თითოეულ დღეს აღვიქვავთ არა როგორც წაგებას, რადგან არ დადგა შედეგი, არამედ როგორც პატარა გამარჯვებას, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიპოვეთ ჩვენს თავში ძალა, დავრჩენილიყავით საკუთარი თავისა და, პირველ რიგში, იმ იდეის ერთგული რისიც გვჯერა, მაშინ ეს ბრძოლა უკვე სხვა მნიშვნელობას იძენს. როცა მარტო რჩები, სარკეში იყურები და შეგიძლია საკუთარ თავს უთხრა: „რაც შემეძლო, ის გავაკეთე“.
როდესაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას უპირისპირდები, რომელსაც იარაღიც აქვს, შენზე ძალადობაც შეუძლია, ასეთ დროს ეს შინაგანი არჩევანი, ეს პატარა ყოველდღიური გამარჯვებები დიდ ძალად იქცევა.
...
მერე, ლენას როლის შემსრულებელზე, ალექსანდრა ვაიტსეხოვიჩზე მიყვებოდა. ბელარუსია, 2020 წელს დატოვა ქვეყანა და პროტესტი და ვროცლავში გადავიდა საცხოვრებლად; თან მაგ დროს მეორე ბავშვი ახალი გაჩენილი ჰყავდა, რა ექნა, ოჯახი აირჩიაო. მგონია, ლენას როლის შესრულებით, იმ გადაწყვეტილების კომპენსირება სცადაო.
ამ ფილმის გაკეთება მარა ტამკოვიჩისთვისაც მნიშვნელოვანი იყო – ამ ფილმით, საკუთარი უსუსურობის დაძლევა ვცადე. მაინტერესებდა, რა შემიძლია გავაკეთო მაშინ, როცა სხვაგან ვცხოვრობ და ყველაფერს, დისტანციიდან ვაკვირდებიო.

იგოლ ილიაშისა და კატერინა ანდრეევას პირადი ფოტოარქივი. Nanna Heitmann (The New York Times)
და მართლაც რა შემიძლია გავაკეთო მე? – მარასავით მეც ბევრჯერ მიფიქრია. ზოგჯერ, მეღიმება იმ მიამიტ პროტესტზე ლისაბონში, კომერსიუს მოედანზე რომ გვაერთიანებს თითზე ჩამოსათვლელ ქართველებს. ხელში პლაკატებითა და ფერად განათებიანი ვეებერთელა დინამიკის გვერდზე ვდგებით და ერთი საათის განმავლობაში ლისაბონის ყველაზე ტურისტულ ადგილას ფოტოების გადაღებით გათანგული ტურისტების ყურადღებას ვითხოვთ.
P.S. სტატიის ფინალზე ვფიქრობდი, როდესაც „პრეს კლუბ ბელარუსში“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ამ წერილს გადავაწყდი. იგორ ილიაში თავის ცოლზე ჰყვება. კატერინას დაპატიმრებიდან ჯერ მხოლოდ ერთი წელია გასული.
ეს ამონარიდებია:
კატია მაშინვე შემიყვარდა, როგორც კი ვიგრძენი, რომ ერთ ტალღაზე ვიყავით, ერთსა და იმავე რიტმით ვცხოვრობდით. შინაგანი თავისუფლების უსაზღვრო შეგრძნება აქვს. ჩვენი პირველი შეხვედრა თითქმის დაკავებით დასრულდა: კაფედან გამოსვლის შემდეგ კატიამ შემომთავაზა, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე წავსულიყავით (2015 წლის არჩევნები იყო). იქ კი ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. როცა პოლიციის განყოფილებიდან გამოვედით, ხმამაღლა ვიცინოდით.
კატია არც ჯანმრთელობაზე ჩივის და არც ემოციურ ზეწოლაზე. მგონია, რომ ახლა მშვიდ მდგომარეობაშია; მამშვიდებს იმის ცოდნა, რომ გაუძლებს და ამ გზას ღირსეულად გაივლის.
ის საერთოდ არ შეცვლილა. ეს ჩემი ხანგრძლივი ვიზიტის დროს დავინახე. შეიძლება თავიდან ცოტა თავშეკავებული მეჩვენებოდა, მაგრამ ეს ალბათ ციხეში აუცილებელიცაა. ახლა კი მისი ყველა ემოცია, მიმიკა და ჟესტი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ციხის გარეთ.
ყველა ციხეში აკრძალულია ყოველდღიურ განრიგზე საუბარი. ვიცი მხოლოდ ის, რომ კატია ქარხანაში მუშაობს ცვლებში, ხოლო დანარჩენ დროს აგზავნიან შენობების ან ციხის ტერიტორიის დასასუფთავებლად, ან სამზარეულოში კარტოფილის გასარჩევად.
1-ელი სექტემბრიდან დაიწყო თმის სტილისტის კურსებზე სიარული. ამბობს, რომ წინასწარი დაპატიმრობის იზოლატორში ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა წერილების დასაწერად, ახლა კი – აღარ. უხარია, როცა კვირაში ორ წერილის დაწერას მაინც ახერხებს.
ჩვენ სამი გზით ვურთიერთობთ: ადვოკატი, წერილები და Viber-ის ზარები. დიახ, ბელარუსის ციხეებში ახლა ასეთი შესაძლებლობაც არსებობს. ეს ზარები საშუალებას გვაძლევს, კვირაში მინიმუმ ხუთი წუთით მაინც დავინახოთ და თან მოვუსმინოთ ერთმანეთს, ეს იმისათვის, რომ გავიგო ხოლმე, როგორ არის. წერილები კი ჩვენი ფიქრებისთვის, განხილვებისთვის და გრძნობებისთვის გვაქვს შემონახული.
რას ვიზამთ, როცა კატია გათავისუფლდება? მგონია, პირველ რიგში, ერთმანეთს შევხედავთ და ბევრს ვისაუბრებთ. უბრალოდ, ერთად ვიქნებით, არც კი გავალთ გარეთ. და მერე სამოგზაუროდ წავალთ სადმე, ევროპაში.
...
იგორ ილიაში 2024 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს. ბრალი წაუყენეს ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან საქმიანობაში, რაც უცხოურ მედიასთან თანამშრომლობას და შესაბამისად, ქვეყნის დისკრედიტაციას გულისხმობს. სასამართლო პროცების დროს, თვეების მანძილზე მის სტატიებს ფსიქოლონგვისტური ექსპერტიზა უტარდებოდა. 2025 წლის 5 სექტემბერს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 5 დეკემბერს კი, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა.
14 დეკემბერს ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. გვიან ღამით მარას მივწერე.
კატერინა ანდრეევა და იგორ ილიაში სიაში არ იყვნენ.
სალომე: დამამახსოვრდა ფილმში სიმღერის სცენა, როცა კატერინას შვიდდღიანი პატიმრობა იცვლება ორწლიანით და ილიას გარშემომყოფები, მათ შორის ცოლიც, ქვეყნიდან წასვლას ურჩევენ. ამ არჩევანის წინაშე დგას და უცებ ისმის ეს სიმღერა, რომლის მისამღერიც „მე აქ დავრჩები, მე არსად წავალ“ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. თითქოს, რასაც ეკრანზე ვუყურებდი, კინო კი არ იყო, არამედ – რეალობა, რომელშიც ჩემი ქვეყანაც შედის და რისიც, კიდევ უფრო შემეშინდა: ვიგრძენი, რომ სიმღერის ტექსტი ახლა უკვე მეც მეხებოდა.
მარა: ეს ფილმის ერთადერთი მუსიკალური ნაწყვეტია. „მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც ცა მუდამ ნაცრისფერია“ – ეს სიმღერა 2000-იანი წლებიდან მოდის. კარგად მახსოვს, როგორ ვმღეროდით თინეიჯერობაში, რადგან მას წინააღმდეგობის, რწმენის, იმედის ძლიერი განცდა მოჰქონდა. თითქოს, იმ უხილავ ენერგიას გაძლევდა, რომელიც მთებს გადაგადგმევინებდა და სამყაროს შეგაცვლევინებდა. დარწმუნებული ვარ, ფილმის პერსონაჟებსაც არაერთხელ უმღერიათ ის ახალგაზრდობაში.
ახლა კი, როცა ჩემი გმირი უკვე ოცდაათს გადაცილებულია და ძალზედ რთული არჩევანის წინაშე დგას, ეს სიმღერა ახსენებს იმ იდეალისტური სურათის თუ ახალი სამყაროს შექმნის ნაივურ რწმენას, რომელიც ოდესღაც ჰქონდა და თან, ამ ყველაფრის ფასს აცნობიერებინებს.
მაგრამ რა უნდა ქნა, როცა სხვანაირად მოქცევა არ იცი, რადგან ეს ყველაფერი შენ ხარ.
გირჩევთ
გასეირნება აუშვიცში | სალომე კიკალეიშვილი
01.07.2025