ამბავი გადარჩენილებზე | „ქართლის ცხოვრება“
ამბავი გადარჩენილებზე
„ქართლის ცხოვრება“, თამარ კალანდაძე; ჟულიენ პებრელი, 2025.
ქართული დოკუმენტური კინო დიდი ხანია, დაინტერესდა საბჭოთა სანატორიუმებისა თუ სასტუმროების ისტორიით. ახლა უკვე პოსტ-საბჭოთა კურორტების ნანგრევები, მათი ავარიული ნაგებობებით და ჩამოშლილი ინფრასტრუქტურით, 30 წელზე მეტია, რაც აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი ოჯახების ერთადერთ თავშესაფრად იქცა. ასეა სანატორიუმ „ქართლის“ შემთხვევაშიც, სადაც თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის დოკუმენტური ფილმის „ქართლის ცხოვრების“გადაღებებისას 140-მდე ოჯახი ცხოვრობს.
ეს სპეციფიკური ადგილები დოკუმენტური კინოსთვის ხელსაყრელი და საინტერესოა მრავალი მიზეზით - მათი გამორჩეული სივრცული და არქიტექტურული იერსახის გამო. ყოფილი საბჭოთა სასტუმროების თუ სანატორიუმების შემთხვევაში, მეტად შემჭიდროებული სივრცული მოცემულობის ფონზე, შესაძლებელია ამბის ფოკუსირებული თხრობა. მეორე მიზეზი პროტაგონისტების მრავალფეროვანი ბიოგრაფიების, სწორედაც რომ, ამ შემჭიდროებულ სივრცეში წარმოდგენის შანსია. აქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი გარემო-პირობების ღირსებასთან შეუსაბამობა მკვეთრად გამოკვეთს სოციალური პრიზმით უახლესი ისტორიის წაკითხვის შესაძლებლობას. ამასთან, ფილმებში წარმოდგენილ სივრცეებზე მჭიდროდ არის მიბმული ცენტრალური ტრავმული გამოცდილებები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას ქმნის და ომების, დევნილობის და სიღარიბის ამბავს ჰყვება.
„ქართლის ცხოვრება“ ცხადია, აღმოსავლეთ ევროპული დოკუმენტური კინოს ამ ტრადიციის ნაწილია, მაგრამ ის მისი ექსპერიმენტული ფორმითა თუ ფრაგმენტული თხრობის სხვადასხვა ტექნიკით ამ ტრადიციის გამორჩეული გაგრძელებაა.
ფილმი თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში ქართული დოკუმენტური ფილმების სექციაში აჩვენეს. მისი ევროპული პრემიერა კი ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე (IDFA) შედგა, სადაც ფილმი საერთაშორისო კონკურსის სექციაში საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
„ქართლის ცხოვრება“ ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგიკული ამბით იწყება. ის 2022 წლის იანვარში, პროტესტის ნიშნად, სანატორიუმ „ქართლის“ მაღალი სართულიდან გადმოხტა. ზურაბის მეზობლებისთვის ეს ფაქტი უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისია. ზურაბის ბედი იმ სასტიკი ისტორიების ნაწილია, რომელშიც 2025 წლის იანვარში, დევნილთა სააგენტოსთან, ზამირ კვეკვესკირის თავის დაწვის ამბავიც თავსდება.
„იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ“, ზურაბი მეზობლებს ამ სიტყვებით იმედისა და უიმედობის წვრილ ხიდზე ტოვებს.
სანატორიუმი „ქართლი“ მისი გამორჩეული არქიტექტურის გამო ციხე-სიმაგრესავით იჭრება თბილისის ზღვის მთაგორიან სივრცეში. მისი ზღვასთან სიახლოვე, თუნდაც ხელოვნურთან, კიდევ უფრო ამძაფრებს ასოციაციას აფხაზეთთან და მის ბუნებასთან. ზღვის არსებობა ერთდროულად სასტიკი და ცინიკურია. ძნელია იმის განსაზღვრა, ფილმის გმირების ყოველდღიურობაში ის მადლია თუ უფრო წყევლა. კამერა დერეფნებიდან ფანჯრების გავლით, სტატიკური ფორმით, მიბჯენილად აკვირდება ზღვას და სოხუმს, გაგრასა თუ თბილისის სივრცულ განმასხვავებელს და გეოგრაფიულ დისტანციას მთლიანად არღვევს.
ფილმი გაჯერებულია მინიშნებებით და ასოციაციური თხრობის სხვადასხვა მეთოდით. მისი ერთგვარი ფრაგმენტულობა ხასიათდება კადრების მოულოდნელი და სწრაფი ჭრით, სხვადასხვა ფორმატისა და ესთეტიკის მასალების თავმოყრითა და მათი მიყოლებითი მონტაჟით. ფილმი ფორმისა და წარმოდგენილი ამბ(ებ)ის თხრობის ტექნიკების დაუსრულებელია ძიებაა.
აქ საოჯახო არქივებში ნაპოვნი პირადი ფოტო და კინო მასალები ისტორიულ დოკუმენტურ მასალებს ებმის. ასეა იმ ცნობილი კადრების შემთხვევაშიც, რომლებიც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის აფხაზეთიდან გამოდევნის - როგორც ხშირად თავად ამბობენ, „გამოყრის“ - მძიმე გზას ასახავს და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, საკენი-ჭუბერის უღელტეხილზეა გადაღებული. ეს გზა უამრავი დევნილისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა დიდთოვლობისა და ყინვის გამო.
„ქართლის ცხოვრება“ მხატვრული კინოს ელემენტებსაც ატარებს და ამ ჰიბრიდულ მესამე სივრცეში მაგიური და მომაჯადოვებელი მცირე გაელვებებით ჰყვება მოცეკვავე გოგოს ამბავს. მოცეკვავეს, რომელიც მესამე თაობის დევნილია, მძინარე მზეთუნახავივით, მშვიდი ძილით სძინავს ქართლის ციხე-სიმაგრეში, ავარიული შენობის ბზარები კი დღითიდღე იზრდება და შენობის ერთი ნაწილი ზღვისკენ მიიწევს.
შთამბეჭდავი ცენტრალური ფიგურების მიღმა, ციცინათელებივით ინთებიან და ქრებიან ფილმის ცალკეული გმირები, მაგრამ ამ მოკლე ნათებაშიც მთელი სიცხადით და კომპლექსურობით ჰყვებიან ომამდელი ცხოვრების, ომის და დევნილობის ისტორიას. ასეა რუსულად მოსაუბრე ხანში შესული ქალის შემთხვევაშიც, რომელიც თითქოს სანატორიუმის სივრცულ და დროით საზღვრებს ანგრევს და სოხუმის მრავალეთნიკურ და მულტილინგუალურ წარსულს აცოცხლებს. ასეთი მომენტები ფილმში ბევრია. რეალური თუ საარქივო დოკუმენტების სამყაროს აჩრდილებს მათი სიცოცხლის სიხარულით თუ სევდით სავსე მომენტები აწმყოში გადმოაქვთ.
„ქართლის ცხოვრება“ გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ როგორ იხელთებს დოკუმენტური კინო მისი მრავალშრიანი ტექნიკური თუ ესთეტიკური შესაძლებლობებით ამბებს წარსულ და აწმყო ომებსა, ტრავმულ გამოცდილებებსა და წინააღმდეგობებზე.
თანაც ომგამოვლილების ამბები ხომ „გადარჩენილების“ ამბებია, რომელთაც ისტორია ომის მსხვერპლთა იერარქიაში ხშირად ყველაზე დაბალ საფეხურზე ათავსებს. „ქართლის ცხოვრება“ სწორედ გადარჩენილების უხილავი ამბების გაცოცხლებაა.
დეკემბერი, თბილისი