პირველი პრომეთე | მოკლე ინტერვიუ ალექსანდრე კობერიძესთან
ქართველმა რეჟისორმა, ალექსანდრე კობერიძემ და მისმა ახალმა ნამუშევარმა „ხმელი ფოთოლი“ თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს პრომეთე“ მოიპოვა.
ბრიტანულმა კინოინსტიტუტმა (BFI) კი „ხმელი ფოთოლი“ წლის საუკეთესო ფილმების ათეულში შეიყვანა: „ძველი ტელეფონით გადაღებული, პიქსელებად დაშლილი 186-წუთიანი ფილმი დამაფრთხობელ წინადადებად ჟღერდეს, თუმცა ფილმის 'რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?' გენიალური ქართველი რეჟისორის უახლესი ნამუშევარი მომნუსხველი საოცრებაა“, - დაწერა BFI-მ.
...
პირველი „პრომეთე“ - კინოს მთავარი პრიზი საკუთარ ქვეყანაში
სულ სხვანაირი სიხარულია, როცა საკუთარი კინო სახლში შეგიძლია მიიტანო შენიანებთან. მით უფრო მაშინ, როცა განსაკუთრებით რთული დრო და წელი იყო - ჯერ კინოს გაკეთება რა არის და ასეთ დროში, ვითარებებსა და გარემოებებში.
„ხმელი ფოთოლი“ - კინოენა, ტემპი, ქრონომეტრაჟი
გადაღების დაწყებამდე არასდროს ვფიქრობ წინასწარ, რა უნდა იყოს ჩემი ფილმის ქრონომეტრაჟი. როცა ჯერ კიდევ სულ პირველი ფილმი გავაკეთე, სამუშაო ვერსია იყო 3 საათი და 22 წუთი; მორჩა მონტაჟი და მერე ვნახე, რომ კიდევ უფრო დიდი გამოვიდა. და მერე იწყება ფიქრი, დავტოვო თუ ვეჭიდავო. მნიშვნელოვანია, რისთვის აკეთებ ფილმს, ჩემთვის რთულია, 2 ან 3-საათიან ფილმს შესაბამისი დისტრიბუცია ჰქონდეს.
ალბათ, ეგ არის ხოლმე მიზეზი, მერე რატომაც მიდის ჭიდაობა - ხმელი ფოთოლიც 80-წუთიანი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ მერე როგორც წავიდა, ისე მოხდა. ძალიან დიდი ფუფუნებაა.
აი, მაგალითად, შემდეგ ფილმზე ვმუშაობ და წინასწარ ვცდილობ, ვიცოდე, რა იქნება მისი ქრონომეტრაჟი, იმიტომ, რომ უფრო დიდი პროექტია, უფრო ბევრი ადამიანია ჩართული და პასუხისმგებლობაც მეტია. მართალია, ჯერ ძალიან შორსაა ეს პროექტი, თუმცა ფიქრებით ახლოს ვარ.
პიქსელები - მობილური ტელეფონით მუშაობის პრაქტიკა
ტელეფონი ბევრ დროს გაძლევს. როცა იცი, რომ გადაღებაზე ჯგუფი იქნება, დაახლოებით, 30 ადამიანი და ყოველი დღის გადაღება ფული ღირს, რას იღებ, რომელზე იღებ...
ამ ფილმს ვიღებდით სულ სამნი - მე, ჩემი ძმა, მამაჩემი, რომელიც ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია. ერთი მანქანით დავდიოდით. უამრავჯერ მივბრუნდით ერთსა და იმავე ადგილას, მოკლედ, მეტი დრო და მეტი თავისუფლებაა მობილური ტელეფონი.
თბილისის კინოფესტივალი - თანამედროვე ქართული კინო
სამწუხაროდ, გვიან დავბრუნდი ქვეყანაში და ბევრი ფილმის ნახვა ვერ შევძელი, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყნის და ამ ქალაქის ყოველდღიურობაში ეს ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასეთი რამე არსად მინახავს, კიბეებიც კი დაკავებული იყო დარბაზებში. დიდი წყურვილი და სიყვარულია აქ ფილმების ნახვის. შეუძლებლის შეძლება გამოვიდა წელს ამ ფესტივალის მაინც ჩატარება.
ქართული კინოს სათქმელი
ბევრი დავა შეიძლება ამ თემაზე, და ბევრის საფიქრალიც ეგაა სწორედ - რა შეუძლია კინოს და შეუძლია თუ არა რამე საერთოდ. და თუ არა, მაშინ რატომ ვაკეთებთ ფილმებს.
მთავარ საქმეს აკეთებს ის ერთობა, რაც დღეს ქართულ კინოში ჩამოყალიბდა, კინოში მომუშავე ხალხმა ერთმანეთი კარგად გავიცანით, დავინახეთ ერთმანეთი, შემოისაზღვრა რაღაც წრე, ძალიან ჭრელი და ერთიანი: რეჟისორები, ოპერატორები, კინოკრიტიკოსები - ყველა, ვისაც კინო აინტერესებს.
მართალია, გასაჭირით მივედით აქამდე, მაგრამ მაინც მშვენიერია. კინომ გაგვაერთიანა. და ეს გაერთიანება მომავალი ქართული კინოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამე რომ დამჭირდეს, ვიცი, ჩემ გვერდით უამრავი ადამიანია სულ.
თბილისი. 7 დეკემბერი, 2025.