გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სენტიმენტალური ღირებულება იოაჰიმ ტრიერი

იოაკიმ ტრიერის კინო, როგორც დიალოგი ენა | ნინო ჩიმაკაძე

როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას, როცა ოჯახური ტრავმები გადაუჭრელი რჩება? როგორ ვუმკლავდებით შინაგან კონფლიქტებს და ვპოულობთ სივრცეს, სადაც მათზე საუბარი შეგვეძლება? ნორვეგიელი რეჟისორი, იოაკიმ ტრიერი ახალ ნამუშევარში - „სენტიმენტალური ღირებულება“ (Sentimental Value) ამ თემებს ეხმიანება და ოჯახური ურთიერთობების სიღრმისეულ, დელიკატურ ანალიზს გვთავაზობს.

ფილმის პრემიერა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე გაიმართა და ერთ-ერთი მთავარი ჯილდოთი - გრან-პრით აღინიშნა კიდეც. იოაკიმ ტრიერმა საერთაშორისო აღიარება ოთხი წლის წინ, ამავე ფესტივალზე ნაჩვენები ფილმით - The Worst Person in the World მოიპოვა. ახალგაზრდა ქალის იდენტობის ძიების პროცესზე და ცხოვრებისეულ დილემებზე შექმნილი ნამუშევარი 2021 წელს მაყურებლისა და კრიტიკოსების ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. რეჟისორს მანამდეც ჰქონდა მნიშვნელოვანი ნამუშევარები, მათ შორის ძალიან კარგი ფილმი „ოსლო, 31 აგვისტო“, თუმცა საერთაშორისო აუდიტორიის დიდმა ნაწილმა მისი სხვა ნამუშევრები სწორედ Worst Person-ის შემდეგ აღმოაჩინა და დააფასა.

2022 წელს იოაკიმ ტრიერი კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის წევრი იყო, წელს კი კვლავ ავტორის სტატუსით დაბრუნდა - ამჯერად მელანქოლიითა და იუმორით გაჯერებული ოჯახური დრამით.

წინა ფილმებისგან განსხვავებით, რეჟისორი აქ პირად დილემებსა და რომანტიკულ კავშირებზე მეტად, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებზე კონცენტრირდება და სინანულისა და პატიების მტკივნეულ პროცესზე გვიყვება. ტრიერი მაყურებელს იმ ემოციურ ლაბირინთში ამოგზაურებს, რომელსაც ოჯახში წლობით დაგროვილი გამოცდილებები ქმნის: სიხარული, ტკივილი, წარსული წყენებისა და ტრავმების გადააზრება თუ სხვა მორალური სირთულეები. რეჟისორი აქაც აგრძელებს ჩვეულ თხრობის სტილს და სიუჟეტის განვითარების ნაცად ხერხს მიყვება: ჯერ პერსონაჟის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნის, მერე კი მის კვლევას იწყებს, სულ ბოლოს გმირის დეკონსტრუქციას ახდენს. მელანქოლიური და სენტიმენტალური ტონის მიუხედავად, ტრიერი არც იუმორს ივიწყებს და რამდენიმე ეპიზოდში საფუძვლიანადაც გააცინებს მაყურებელს.

„სენტიმენტალურ ღირებულებაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ტრიერის საყვარელი მსახიობი, რენატე რეინსვე ასრულებს და თითქოს რაღაცით აგრძელებს კიდეც Worst Person-ში შესრულებული ჯულის პერსონაჟის ხაზს. ამჯერად მას ნორა ჰქვია, 37 წლისაა და თეატრის წარმატებული მსახიობია. თუმცა შინაგანად მაინც მუდმივად გაურკვევლობისა და ეჭვების ტყვეობაშია. სცენაზე გასვლის წინ მას პანიკური შეტევები ემართება და ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა. პროფესიული თავდაჯერებულობის დეფიციტისა და შფოთვების გამო აქ ბევრს გაახსენდება ჯული. მსგავსება შეიძლება დავინახოთ პერსონაჟების არასტაბილურ პირად ცხოვრებაშიც: ნორას რთული და გაურკვეველი ურთიერთობა აქვს კოლეგასთან - დაქორწინებულ მამაკაცთან, რომელსაც ტრიერის მეორე ფავორიტი მსახიობი, ანდერს დანიელსენ ლი თამაშობს (Worst person, Oslo, August 31, Reprise). ჯულისგან განსხვავებით, ნორა თითქოს უფრო მოწიფულია - მაშინ იწყებს სტაბილური ურთიერთობებისა და ოჯახის მნიშვნელობის გააზრებას, როცა ჯული ჯერ კიდევ საკუთარ იდენტობას ეძებდა. ამ კომპლექსური როლით რენატე რეინსვე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თანამედროვე კინოს გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობია.

ფილმის მოქმედება ოსლოში, ძველ, მოგონებებით სავსე სახლში ვითარდება. ტრიერი სახასიათო, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც თან ძალიან რეალური და ხელშესახებია და თან - ზღაპრული. რეჟისორი მრავალფეროვან ტონებში ხატავს როგორც პერსონაჟებს, ისე სახლის დეტალებს.

ნორა და მისი უმცროსი და, აგნესი (ინგა იბსდოტერ ლილეასი) დედის გარდაცვალების შემდეგ ცდილობენ, მწუხარებასა და წარსულ წყენებს გაუმკლავდნენ. წლების წინ სახლიდან წასული მამა, რომელსაც შვილებთან ნორმალური ურთიერთობა პრაქტიკულად არ ჰქონია, მათ ცხოვრებაში ბრუნდება და შემორიგებას ცდილობს. გუსტავი, რომელსაც შვედური კინოს ვარსკვლავი, სტელან სკარსგარდი თამაშობს, ერთ დროს ცნობილი და წარმატებული კინორეჟისორია. დღეს კი წარსული დიდების ნოსტალგიით ცხოვრობს და ახალი, ნახევრად ავტობიოგრაფიული სცენარით ფილმისთვის დაფინანსების მოპოვებას ცდილობს - საკუთარი თავის რეაბილიტაცია სურს, როგორც შემოქმედის, ისე მამის ამპლუაში. ამიტომ, გუსტავი მთავარ როლს ნორას სთავაზობს, თუმცა ქალიშვილი უარს ეუბნება, რის შემდეგაც როლზე ჰოლივუდის მსახიობს, რეიჩელ კემპს (ელ ფენინგი) იწვევს. ეს შვილთან ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს, თანაც იმ ფონზე, როცა ის ფილმის გადაღებას საგვარეულო სახლში აპირებს. სახლი სავსეა ამბებით, საარქივო მასალებითა და არტეფაქტებით. ნორამ და აგნესმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქ გაატარეს და მართალია, ახლა სახლის გაყიდვაზე ფიქრობენ, თუმცა გულის სიღრმეში არცერთს ემეტება ის ამისთვის.

ფილმის სცენარი გუსტავის დედის ისტორიითაა შთაგონებული, რომელიც ნაცისტების წამების მსხვერპლი იყო, ბოლოს კი სიცოცხლე ამავე სახლში თვითმკვლელობით დაასრულა. ესაა კინო კინოში, რომელიც თავისებური გზამკვლევიც ხდება შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, ოჯახური ურთიერთობების დალაგებისა და თაობებს შორის გადაცემული ტრავმის გააზრებისთვის.

იოაკიმ ტრიერი გვიწვევს სივრცეში, სადაც წაშლილია ზღვარი რეალურ ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის: სახლი გადასაღებ მოედნად იქცევა, სახლის მობინადრეები კი პერსონაჟებად, რომლებიც ხელახლა გადაიაზრებენ ძველ ტრავმებს და მათი კორექტირებით ცდილობენ ჭრილობების მოშუშებას.

როცა ერთმანეთთან საუბარს ვერ ვახერხებთ, იქნებ შესაძლებელია ხელოვნების ენით ამბის მოყოლამ მოახდინოს კათარსისი? შეიძლება თუ არა წარსულის გადათამაშება დაეხმაროს გახლეჩილ ოჯახს გაერთიანებაში? ტრიერი ამ იდეებს უტრიალებს და ოჯახის ისტორიის რეკონსტრუქციას გვთავაზობს: კინო ჯერ სარკეში გვახედებს, მერე კი თერაპიულ საშუალებად გვევლინება. ძველი სახლი არა მარტო სიმბოლური მეხსიერების ადგილად, არამედ მოქმედების ცოცხალ არენად იქცევა, სადაც თაობათა ტკივილი ერთმანეთს ეჯახება და რაღაც ახალს წარმოშობს.

დღევანდელ მსოფლიო კონტექსტში, სადაც ომები, ძალადობა თუ სოციო-პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს, „სენტიმენტალური ღირებულება“ შესაძლოა ბევრს კონტექსტიდან ამოვარდნილად მოეჩვენოს. ეს უფრო მშვიდი, პირად ისტორიაზე კონცენტრირებული ნამუშევარია და აკლია ის სიმწვავე, რაც არაერთ ფილმში ვნახეთ წელს კანის კინოფესტივალზე.

როგორც ჩანს, საერთო ნაკადიდან ამოვარდნის თემაზე თავად იოაკიმ ტრიერიც ფიქრობდა, რადგან მან კანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სპეციალური კომენტარი გააკეთა ფილმის თემატიკაზე:

 „სიტუაცია ახლა ძალიან პოლარიზებული და დაძაბულია და მე დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ხელოვნებას, როგორც გზას, გამოხატონ თავიანთი აღშფოთება და შეხედულებები მიმდინარე მოვლენებზე.

კარგად მესმის ეს, მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, შეიძლება შიგნიდანაც შევხედოთ იმ ყველაფერს - რის დაცვასაც ვცდილობთ ამ სამყაროში, რომელიც სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდება.

არის ამაში რაღაც ძალიან ჰუმანური, რაც აუცილებელია, რომ გამოვხატოთ.“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა