გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ჯაფარ ფანაჰი უბრალო შემთხვევა

12 წუთით ჯაფარ ფანაჰისთან | სალომე კიკალეიშვილი

ქართველ რეჟისორებს მინდა ვუთხრა: დიქტატორები
ყოველთვის უფრო ადრე იღლებიან, ვიდრე არტისტები.

- ჯაფარ ფანაჰი

ორ კვირაზე მეტია, ირანი პროტესტის დიდმა ტალღამ მოიცვა. „რევოლუცია ირანში“, „სიკვდილი დიქტატორს“ - ვხვდები წარწერებს სოციალურ ქსელში. ვიდეოებში მამაცი ირანელი ქალები, აიათოლა ალი ხამენეის ცეცხლმოკიდებული პორტრეტით უკიდებენ სიგარეტს და თან თავს გვერდულად ლამაზად ხრიან, გაშლილი თმები მხრებს კიდევ უფრო ვნებიანად რომ დაეფინოს. 

ინტერნეტში ირანელი რეჟისორების მუჰამად რასულოფის და ჯაფარ ფანაჰის ერთობლივი განცხადება მხვდება. ადამიანთა უფლებების დამცველებსა და მედიის წარმომადგენლებს ირანში მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეჟიმმა მოსახლეობას ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი შეუწყვიტა და მომიტინგეებს ტყვიები დაუშინა. 14 იანვარს კი ირანის სახელმწიფომ დარბევის დროს დაპატიმრებული 26 წლის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა დააანონსა. „ისტორია გვაჩვენებს, რომ დღევანდელი დუმილი, ხვალ ძალიან ძვირი დაგვიჯდება“, - წერენ რეჟისორები. 

2010 წელს კანის კინოფესტივალზე ვიყავი. მახსოვს, გახსნაზე პროტესტის ნიშნად სცენაზე ცარიელი სკამი გამოიტანეს და ჟიურის წევრების გვერდზე დადგეს. თეთრ სკამს ზედ სახელი და გვარი ეწერა - ჯაფარ ფანაჰი.

ფესტივალის გახსნამდე ორი თვით ადრე ირანის მთავრობამ მას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 20 წლით ფილმების გადაღება, ქვეყნის გარეთ გასვლა და ინტერვიუების მიცემა აუკრძალა. ეს მისთვის უკვე მეორე დაპატიმრება იყო.

ამ ამბით გამოწვეული საერთაშორისო ხმაურისა და ირანის მთავრობისადმი მიწერილი აურაცხელი რაოდენობის წერილების შედეგად, რამდენიმე თვეში ციხე შიდა პატიმრობით შეუცვალეს. სახლიდან ვერ გადიოდა, მაგრამ ოპერატორისთვის გადასაღები კადრების ტელეფონში კარნახით, სათადარიგოდ გამზადებული ცარიელი მეხსიერების ბარათებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა ოფიციალური პირების წინ ისინი განადგურებულიყო, ლეპტოპში საიდუმლოდ შენახული ფაილებითა და კოდური სიტყვებით, ფანაჰი ფილმების გადაღებას მაინც ახერხებდა. ამბობდა, ფორმა მოვძებნეო. 

მესამედ, 2022 წლის ივლისში დაიჭირეს, როდესაც დაპატიმრებული მუჰამედ რასულოფის („წმინდა ლეღვის თესლი“ რეჟისორი) ამბის გასაგებად თეირანის ევინის ციხეში მივიდა. უთხრეს, 2010 წლის სასჯელი ჯერ კიდევ მოსახდელი გაქვსო და 7 თვით ჩასვეს.  

დაწვრილებით

„რომ არა ციხე, ვერ შევქმნიდი ამ პერსონაჟებს და, ალბათ, ამ ფილმსაც ვერასდროს გადავიღებდი. ასე რომ, ამ ფილმის გაკეთება მარტო ჩემი კი არა, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ციხეში ჩამსვა”, - ჯაფარ ფანაჰი.

ფილმს „უბრალო შემთხვევა“ ჰქვია. კანში მას მაყურებელი 10-წუთიანი ოვაციით შეხვდა. ფილმმა მთავარი პრიზი, „ოქროს პალმა” აიღო. ფანაჰი, რომელიც 22 წლის შემდეგ ისევ იდგა კანის კინოფესტივალის დარბაზში, თავს დამნაშავედ გრძნობდა. ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, ის „გარეთ“ იყო.  

„უბრალო შემთხვევა” მალულად გადაიღო. ფილმის დასამონტაჟებლად ამირ ეტმინანის სტამბულიდან ირანში გადმოფრენა გახდა საჭირო, რადგან მასალას ციფრულად ვერ ატვირთავდნენ – ირანში, ინტერნეტსივრცე მკაცრად კონტროლდება. ეტმინანი ქვეყანაში აპარატურას ვერ შეიტანდა, მხოლოდ საკუთარი ლეპტოპის და რამდენიმე მეხსიერების ბარათის წაღება შეეძლო. ლეპტოპში ვიდეოსამონტაჟო პროგრამა Adobe’s Premiere Pro ჰქონდა ჩაწერილი, რომელიც ირანში აკრძალულია - ადგილობრივი წარმოების არ არის და ამიტომ. „რომ აღმოეჩინათ, ვიცოდი, არ მომკლავდნენ, მაქსიმუმ, დამიჭერდნენ”, - უთხრა მოგვიანებით ეტმინანმა „ფორბსის” ჟურნალისტს. ყოველდღე გადაღებული მასალა მეხსიერების მყარ დისკებზე გადაჰქონდა და მოცულობაში აპატარავებდა, რომ ლეპტოპში დამონტაჟება შესძლებოდა. სრული მასალა ფანაჰისთან მიჰქონდა, რომელიც ჩანაწერებს სადღაც მალავდა. ამ დროს კი ამირ ეტმინანი, როგორც თავად ამბობს, „უსაფრთხო სახლში” ღამ-ღამობით ამონტაჟებდა.

გარდა იმისა, რომ „უბრალო შემთხვევა“ ყველა სხვა პრიზთან ერთად კანის მთავარი გამარჯვებული, ოქროს გლობუსის ნომინანტი სამ კატეგორიაში და ასევე ევროპული კინოაკადემიის ნომინანტიცაა, ის 2025 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ფილმი მექანიკოსი ვაჰიდის ისტორიას გვიყვება, რომელიც თავის მწვალებელს (გამომძიებელი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს ჰკითხავდა) წლების შემდეგ ხვდება და იტაცებს. სამაგიეროს გადახდა უნდა იმ ტკივილისთვის, წამებისთვის, სისასტიკისთვის, რაც დაკითხვების დროს გაიარა. უნდა, ცოცხლად დამარხოს. მაგრამ, ჯერ ხომ უნდა დარწმუნდეს, რომ ისაა. ამიტომ გადაწყვეტს, გატაცებული კაცი მანქანის საბარგულში გაკოჭილი ჩააგდოს და იმათ დაუაროს, ვინც მის დღეში იყო. თან ჰკითხოს -აბა, კარგად შეხედე და მოუსმინე, ისაა, ხომ?! 

ვინ არის მოძალადე და ვინ მსხვერპლი? შეუძლია კი ფიზიკურ ტკივილს, დამცირებასა და დანგრეულ ცხოვრებას, ამ ორ როლს შორის უსასრულო თამაში გაიძულოს, თუ ამ დაწყევლილი წრიდან თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია? - კითხვას სვამს ირანის პოლიციის მიერ თავადაც არაერთხელ დაკითხული ფანაჰი და თან საკუთარ პროცესს იხსენებს - თვალებახვეული, ცარიელ ოთახში, ზურგს უკან მდგომი გამომძიებლის კითხვებს რომ ისმენდა. 2 საათი, 3 საათი. ზოგჯერ, 8 საათიც.

ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებლის რეაქციას აკვირდება. ამბობს, ზოგადად, რეაქცია ყველგან სხვადასხვანაირი აქვთ ადამიანებს, თუმცა, ამ ფილმზე მაყურებლის შთაბეჭდილებებმა კითხვები დამიტოვაო. რა მოსწონთ ამ ფილმში ასე ძალიან? რატომ იღებენ მას ასეთი სითბოთი? სიუჟეტის ბრალია? არა! -

„უბრალოდ დღევანდელ მსოფლიოს ომის სუნი ასდის. ეს ფილმი, ზოგისთვის წარსული გამოცდილებაა, ზოგისთვის - აწმყო, რეალობა; აი, ზოგიერთისთვის კი, მომავლის შიში, რომ ასეთი რამ, მათ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს”.

ამბობს, რომ ამის შემდეგ ფილმს ომზე გადაიღებს. ოღონდ ამის გაკეთება ირანის გარეთ მოუწევს, თორემ ასე, „იატაკქვეშა” ფარული მოქმედებებით და ტელეფონში კარნახით, არაფერი გამოვა, ამ ფილმს მეტი რესურსი სჭირდებაო. შესაბამისად, როცა ირანს გარეთ გადაღებაზე ეკითხებიან, ამ ფილმზე იწყებს საუბარს. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგი ფილმი გამომივა და რომ აუცილებელიცაა ახლა მისი გადაღება,  ეს იქნება ყველაზე ჰუმანური ფილმი ომზეო, - ამატებს ბოლოს.

2012 წელს ევროპული პარლამენტის დაწესებული სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ გადაეცა. ფანაჰი ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ რეჟისორებს შორის, რომელთაც ერთდროულად ბერლინალეს, ვენეციის და კანის მთავარი პრიზები აქვთ. ევროპაში მის ფილმებს კარგად იცნობენ და კრიტიკოსები მისი სახელის გაგონებაზე ვფხიზლდებით. 

2025 წლის დეკემბრის დასაწყისში ირანის მთავრობამ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ფანაჰის ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდის გაჩაღების გამო და დაუსწრებლად ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ახლა ბერლინშია, მეგობარს ფილმის მონტაჟში ეხმარება, მერე საფრანგეთში მიდის ვიზის გასაგრძელებლად და ბოლოს ამერიკაში გაჩერდება. ევროპაში ის უყვართ, ახალი სახლის პოვნა არ გაუჭირდება, მაგრამ სამშობლოს გარეთ ფილმების გადაღების იდეა არც ისე ძალიან მოსწონს, თუმცა შეუძლებელი არაფერიაო, ამატებს. სხვა ქვეყანაში ფილმის გადასაღებად საჭიროა იმ გარემოს გრძნობდე, იცნობდე, მე კიდევ, თუ სადმე მივდივარ, ან ფესტივალზე ვარ, დარბაზში, ან რომელიმე სასტუმროს ოთახში და ინტერვიუებს ვიძლევიო. მე თუ ირანს გარეთ გადავიღებ ფილმს, კი, შეიძლება არ იყოს ცუდი, მაგრამ, არც ისეთი იქნება, მე რომ მომეწონოსო.

ფანაჰის „ოქროს გლობუსზე” მუშაობის ფარგლებში ახალ წლამდე შევხვდი. ვიცოდი, რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა მასთან სასაუბროდ. ირანში გამოსვლები ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ მუშაობის ფანაჰისეული გამოცდილების გამო, თემის არჩევანი დღის წესრიგში არც დამდგარა.

...

სალომე კიკალეიშვილი: არ ვიცი, იცით თუ არა, რა ხდება საქართველოში. ხალხი წელიწადზე მეტია, ქუჩაში დგას, ითხოვს სამართალს, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას. ხალხს იჭერენ ქუჩის გადაკეტვისთვის, აზრის ხმამაღლა გამოთქმისთვის. თქვენ იყავით დაპატიმრებული, თქვენი ფილმები დღესაც აკრძალულია ირანში, ერთი კვირის წინ კი, ირანის სასამართლომ დაუსწრებლად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოგისაჯათ. სად პოულობთ ძალას, აკეთოთ ფილმები?

ჯაფარ ფანაჰი: სიმართლე გითხრათ, არ არსებობს ერთი უნივერსალური რეცეპტი, რომელიც ყველას მოერგება. ის ქვეყნის შიგნით უნდა გაჩნდეს იმ არტისტების აქტიურობით, რომლებიც იქ ცხოვრობენ, კარგად იცნობენ გარემოს და ზუსტად იციან, რა კითხვებზე უნდა ეძებონ პასუხები. ერთი ქვეყნის ხალხს არ შეუძლია, სხვას უკარნახოს, სწორად როგორ მოიქცეს. ასეთ შემთხვევაში, ეს მცდარი რეტეპტი იქნება. მაგრამ პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, გულწრფელად ჰკითხოს საკუთარ თავს: ვინ ვარ მე, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ?

მაგალითს ისევ კინოდან მოვიყვან. ორი ტიპის კინორეჟისორი არსებობს. ერთი, რომელიც აკვირდება, რას ითხოვს მაყურებელი, რა მოსწონს და რა სურს, იქნება ეს „ექშენი“, დრამა თუ სხვა ჟანრი,  და ფილმებს სწორედ მის გემოვნებას არგებს.

და მეორე, რომელიც ამბობს, მე ვიღებ იმ ფილმს, რომლის გადაღებაც მსურს, მაყურებელმა თავად მომძებნოს და მოერგოს ჩემს გემოვნებას.

პირველ ტიპს მსოფლიოში კინორეჟისორების დაახლოებით 95% ეკუთვნის. ხოლო მეორე ტიპს, რომელიც ამბობს: „აი, ასე ვაპირებ ფილმების გადაღებას და ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ“, მხოლოდ - 5%. როცა ის გადაწყვეტს, რომელ მხარესაა, მაშინ იპოვის გზას, როგორ გააკეთოს თავისი საქმე მაქსიმალურად კარგად მაშინაც კი, როდესაც მძიმე პირობებშია.

სალომე: თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით და ასევე, კარგად იცით ამის ფასიც. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ: „დღეებს ვითვლი ხოლმე, სანამ ირანში ჩავალ. მე მარტო ირანში შემიძლია ცხოვრება“. ახლა კი დიდი ხნით ისევ ირანის გარეშე მოგიწევთ ცხოვრება.

ჯაფარი: რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ეს არის ის, რასაც ხელოვანი ხალხი ხელს ვაწერთ. შეიძლება მთავრობამ აღარ მოგცეს მუშაობის საშუალება, შეიძლება პირობები უკიდურესად გაგირთულოს. მაგრამ როგორც კი ამ ყველაფერს შეეგუები და მას უპირობოდ მიიღებ, გამოსავალი თავისით ჩნდება, გზები და ახალი მიმართულებები იხსნება. შემდეგ უბრალოდ ირჩევ, რომელი გზით გსურს წასვლა.

სალომე: ჩვენთან პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტალღა ხელოვანებით დაიწყო. კინოს ხალხი დღესაც აქტიურ პროტესტშია და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია. როგორ უნდა გაუწიო ამ მანქანას წინააღმდეგობა? იმუშაო? შექმნა? თუ ქუჩაში იდგე? ზოგჯერ ამ გზების ძიება შიგნიდან გჭამს და გაბნევს.

დაწვრილებით

ჯაფარი: ერთი მინდა ვუთხრა ქართველ კინორეჟისორებს – არ დანებდნენ! დიქტატორები ყოველთვის უფრო ადრე იღლებიან, ვიდრე არტისტები. იმიტომ, რომ არტისტები შემოქმედი ხალხია და ისინი გზას ყოველთვის იპოვიან.

ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ქმნის მოძრაობას, ეს მოძრაობა კი საბოლოო ჯამში, საზოგადოების ძალად იქცევა ხოლმე.

განსაკუთრებით ასეა დღეს, როცა ამის გაკეთების უამრავი რესურსია, ტექნიკა. სწორი მიდგომითა და სწორი განწყობით, ძალიან შორს შეიძლება წასვლა.

სალომე: იმდენად შორს, რომ შეიძლება ბოროტმოქმედები ერთ დღეს სულაც გადაშენდნენ?

ჯაფარი: სამწუხაროდ, რაც არ უნდა ვაკეთოთ, ავტოკრატები არ გადაშენდებიან. ამ სამყაროში ისინი ყოველთვის იარსებებენ. მაგრამ ასევე ყოველთვის იარსებებენ არტისტები. არტისტები კი დიქტატორებს თავს არ უხრიან.

...

ერთგან ამოვიკითხე, არსებობს ორი ტიპის კინო - გასართობი და ინტელექტუალური. და რომ ამას გარდა, არსებობს კიდევ მესამე - ირანული კინო, როგორც ინსტრუმენტი ტოტალიტარიზმთან საბრძოლველად.

კინო, როგორც ვალდებულება, იბრძოლოს თავისუფლებისთვის.

P.S. 9 იანვარს „ვარიეტესთვის” მიცემულ ინტერვიუში ფანაჰი ამბობს: „ირანში უნდა დავბრუნდე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჭირდება, იყოს ირანში. იქ უნდა ვისუნთქო ჰაერი, იქ უნდა ვიმუშაო”.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა