გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სოკრატესი რიკარდო კაკა ბრაზილია ფეხბურთი

ფეხბურთი, რელიგია და სახელმწიფო გადატრიალება ბრაზილიაში | გიორგი ღვინჯილია

2025 წლის 11 სექტემბერს ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება ედება, რომლის დროსაც ბრაზილიელი სოციალისტების ლიდერი, ლულა და სილვას ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო. „ბოლსონარისტებმა“ 2022 წლის არჩევნებში მარცხი არ აღიარეს, კონგრესში შეიჭრნენ და სამხედროებს ძალაუფლების აღებისკენ მოუწოდეს. არჩევნებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ახლდა - ბოლსონაროს ბრაზილიის ნაკრების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი. 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ხალხის დიდი ნაწილის „სელესაოსგან“ (ბრაზილიის ნაკრების ზედმეტსახელი) გაუცხოება მოჰყვა.

რთულია, დაასახელო ქვეყანა, სადაც ფეხბურთს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უფრო დიდი გავლენა ექნებოდა. ნაკრების თამაშების დროს ბრაზილიაში არაოფიციალური უქმეები ცხადდება. საბედისწერო არჩევნები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე გაიმართა, რომელსაც „სელესაო“ ფიფას რეიტინგის ლიდერის რანგში შეხვდა. ბრაზილიას ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული. ქვეყანაში განსაკუთრებით განიცდიან, რომ „სელესაოს“ მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წლის შემდეგ არ მოუგია.

ბევრს მიაჩნია, რომ 2022 წლის ჩემპიონატზე და მას შემდეგ ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი „ბოლსონარიზმია“ - უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ბრაზილიური ფეხბურთი მემარცხენეობიდან მემარჯვენეობაში გადაეშვა.

ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად ბრაზილიურ კონსერვატიზმს მხარს ვაშინგტონიც უჭერს. ბოლსონარო დონალდ ტრამპის საკვანძო მოკავშირეა კონტინენტზე. 2018 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ოვალურ ოფისს ეწვია და ტრამპს „სელესაოს“ მაისური გადასცა. 2022 წლის არჩევნების წინ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბრაზილიას ორი არჩევანი აქვს: „თავისუფლება ან სოციალიზმი“. ბოლსონაროს პატიმრობა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საქმე სიტყვიერ შეფასებებს გასცდა - ტრამპმა ბრაზილიურ საქონელზე 40%-იანი ტარიფები დააწესა და რამდენიმე მაღალჩინოსანი მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. ტრამპთან, მასკთან და ნეთანიაჰუსთან მეგობრობის გარდა, ბოლსონაროს პუტინთანაც თბილი ურთიერთობა აქვს - 2022 წელს მან რუსეთისადმი სოლიდარობა გამოხატა და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის დაგმობაზე უარი თქვა.

უკანასკნელ დეკადებში იდეოლოგიური ექსპორტის მთავარი პროდუქტი დასავლური ლიბერალიზმი იყო, რომელსაც ადგილობრივ ტრადიციებსა და კონსერვატიზმს უპირისპირებდნენ. ბრაზილია კი პირიქით - კონსერვატიული იდეოლოგიის ექსპორტის მაგალითია. ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარი ქვეყნის პოლიტიკური ფლანგების განლაგება ჩვენი რეალობის ამობრუნებულ ვერსიას მოგვაგონებს - სუვერენიტეტის სახელით მემარცხენეებისა და ლიბერალების ალიანსი იბრძვის, ხოლო კონსერვატორები მიტინგებზე ამერიკის გიგანტურ დროშებს შლიან და ტრამპისგან სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.

„ბოლსონარისტების“ კამპანიის გამწევი ძალა ნეიმარი იყო. მის საარჩევნო მიმართვას მხოლოდ ბოლსონაროს ინსტაგრამზე სამოცი მილიონი ნახვა ჰქონდა. ნეიმართან ერთად მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერა ალისონ ბეკერმა, დანი ალვეშმა, ფერნანდინიომ, გაბრიელ ჟეზუსმა, ლუკას მოურამ, ტიაგო სილვამ და სხვებმა გამოუცხადეს.

მოქმედ ვარსკვლავებს არც ვეტერანები ჩამორჩნენ - რონალდინიო, ჟულიო სეზარი, ფელიპე მელო, კაკა, კაფუ, ტაფარელი, რობინიო და რივალდო კონსერვატიული ღირებულებების დასაცავად დაირაზმნენ. პოლარიზდა „ეშმაკის დუოს“ სახელით ცნობილი რომარიოს და ბებეტოს წყვილი - რომარიო ბოლსონაროს საარჩევნო სიაში აღმოჩნდა, ხოლო ბებეტო სოციალისტებს შეუერთდა - რომარიო ბებეტოს „ერის მოღალატეს“ უწოდებდა, ხოლო ბებეტო რომარიოს „ბებერ ეგოისტს“. მემარცხენე პოზიციებით ცნობილმა ჟუნინიო პერნამბუკანომ ფეხბურთელებს შორის შექმნილი დაპირისპირება გააღრმავა, როდესაც თქვა, რომ გულის სიღრმეში ბოლსონაროს მადლიერია, რადგან შესაძლებლობა მიეცა დაენახა, რომ ადამიანები, რომლებთანაც საერთო სივრცეს და საკვებს იზიარებდა, ფარული ფაშისტები აღმოჩნდნენ.

ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ნაკრების საკულტო მაისური, „კანარინიო“ ბოლსონაროს მხარდაჭერასთან ყოფილიყო გაიგივებული. 2019 წელს ბრაზილიამ კოპა ამერიკას ფინალში პერუ დაამარცხა. დაჯიდლოების ცერემონია, რომელსაც ქვეყანა უნდა გაეერთიანებინა, მემარცხენეების მეხსიერებაში მწარე მოგონებად დარჩა - სავსე მარაკანას სტვენის მიუხედავად, დანი ალვეშმა მინდორზე პრეზიდენტი მიიწვია, რომელმაც თასი ნაკრებთან ერთად აღმართა.

არჩევნების წინ ბოლსონარომ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე ეროვნული ნაკრების მაისურით გამოცხადებისკენ მოუწოდა. მემარჯვენეთა მიტინგები ყვითლად შეიღება. ბოლსონაროს მოწინააღმდეგეებმა პეტიციების შედგენა დაიწყეს, რომელშიც ჩემპიონატზე ლურჯ-თეთრი ფერის მაისურით გამოსვლას მოითხოვდნენ. ლულა სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა, ოპოზიციის ლიდერმა საარჩევნო კამპანიის მიზნად ბოლსონაროსათვის ქვეყნისა და ნაკრების მაისურის გამოგლეჯა გამოაცხადა: „ჩვენ არ შეგვრცხვება ჩვენი მწვანე და ყვითელი მაისურის, ის რომელიმე კანდიდატს არ ეკუთვნის და არც რომელიმე პარტიის საკუთრებაა. მწვანე და ყვითელი 213 მილიონი მოქალაქის ფერია, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ“.

ბრაზილიური ფეხბურთის სოციალური ისტორია

1520-დან 1860 წლამდე პერიოდში პორტუგალიელებმა ბრაზილიაში 5.5 მილიონი აფრიკელი მონა ჩაიყვანეს, ქვეყნის სიმდიდრე მონების შრომით არის შექმნილი. 1888 წელს ბრაზილია დასავლეთ ნახევარსფეროს უკანასკნელი ქვეყანა გახდა, სადაც მონობა გაუქმდა. მონობა ახალი გაუქმებული იყო, როდესაც ქვეყანაში ფეხბურთი გამოჩნდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში რასიზმი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრაზილიის ნაკრების პირველი ფერადკანიანი ფეხბურთელი არტურ ფრიდენრაიხი, რომელიც გერმანელი ბიზნესმენის და ბრაზილელი მონას შვილი იყო, თამაშების წინ თმას ისწორებდა და კანის გათეთრებას პუდრით ცდილობდა.   

ბრაზილიური ფეხბურთის სოციალური ისტორიის დამფუძნებელ ტექსტად მარიო ფილიოს 1947 წელს გამოცემული ნაშრომი შავკანიანი კაცები ფეხბურთში მიიჩნევა. ფილიო ბრაზილიური ფეხბურთის განვითარების სამ ფაზას გამოყოფს: პირველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისს მოიცავს. ამ დროს ფეხბურთი ელიტური მოხმარებისათვის იმპორტირებული პროდუქტი იყო, რომლითაც ევროპელები და ევროპეიზებული თეთრი ბრაზილიელები ერთობოდნენ; მეორე ეტაპი 1910-იან წლებში ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად იწყება. იქმნება საფეხბურთო კლუბები, რაც სამოყვარულოსთან ერთად, პროფესიონალური სისტემის გაჩენას იწვევს. სისტემა რასისტული იყო - ელიტები ფეხბურთში აფრო-ბრაზილიელების დაშვების წინააღმდეგ იბრძოდნენ. 1923 წელს „ვასკო და გამა“ პირველი რასობრივად შერეული გუნდი გახდა, რომელმაც რიოს ჩემპიონატი მოიგო. გამარჯვებას რეჟიმის რეაქცია მოჰყვა - 1924 წელს შერეულ გუნდებს თამაში აეკრძალათ, თუმცა აკრძალვამ მხოლოდ ერთი წელი გასტანა.

ფეხბურთი ბრაზილიელების მთავარი გასართობი გახდა, გულშემატკივრები აფრო-ბრაზილიელების თამაშის ნახვას ითხოვდნენ; მესამე ეტაპზე მოყვარულთა ლიგის ადგილს პროფესიონალური სპორტი იკავებს, ფეხბურთში ფერადკანიანების მასობრივი შემოდინება იწყება.

ფილიოს მიხედვით, ბრაზილიური ფეხბურთის კლასიკური სტილი, „ჟოგა ბონიტოს“ (ლამაზი თამაში) დაბადება, კლუბების მიერ რასობრივად და კლასობრივად დაქვემდებარებული მოთამაშეების მიღებას უკავშირდება. ევროპული სტილი დისციპლინას, ათლეტიზმსა და სისტემურობას ეფუძნებოდა. საპასუხოდ, ბრაზილიურ წარმოსახვაში სიღარიბეში გაზრდილი მოთამაშის ხატის რომანტიზება დაიწყო, რომელიც სისტემასა და ათლეტიზმს ქუჩაში ნასწავლი ილეთებით უპირისპირდებოდა. პორტუგალიურ ენაში თამაშს რამდენიმე შესატყვისი აქვს - სცენაზე თამაში (tocar) და ბავშვის სათამაშოთი თამაში (brincar) განსხვავებული სიტყვებით აღინიშნება. Jogo-ს ორი მნიშვნელობა აქვს, ეს ერთი მხრივ, მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებაა, მეორე მხრივ, მისი მნიშვნელობა ინგლისურ gamble-ს შეესაბამება - jogo აზარტული თამაშებით, ლატარიით და სარისკო აქტივობებით დაკავებას გულისხმობს. ქართულში ასეთ თამაშს არაბულიდან შემოსული სიტყვა ყომარით აღვნიშნავთ. Jogo-თი დაკავებული ადამიანი არა მხოლოდ მოწინააღმდეგეს, არამედ ბედისწერასაც უპირისპირდება - საუკეთესო მოთამაშეს მარცხი ელის, თუ იღბალმა მიატოვა.

კოლონიური ელიტისთვის „ჟოგა ბონიტო“ განუვითარებლობასთან იყო ასოცირებული. სოციოლოგი ჟილბერტო ფრეირი ამტკიცებს, რომ „ჟოგა ბონიტო“ ეროვნული იდენტობის ნაწილად მაშინ გადაიქცა, როდესაც ბრაზილიური სტილის ევროპეიზაციის ნაცვლად, ევროპული სტილის „ბრაზილიზაცია“ მოხდა.

ევროპელებმა ფაველებში შექმნილი ილეთების დაფასება და კოპირება დაიწყეს. ფეხბურთის „ბრაზილიზაციის“ მარადიული მონუმენტი ქუჩის „ველური“ სტილით მოთამაშე, 17 წლის პელე გახდა. 1958 წელს ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, პელემ ფინალში ორი გოლი გაიტანა და მსოფლიო სპორტის პირველი ფერადკანიანი სუპერვარსკვლავი გახდა.

ბრაზილიური ფეხბურთის ისტორია სოციალური ბრძოლით დაიწყო, თუმცა 70-იანი წლების ბოლოს ამ ბრძოლამ სოციალისტური ხასიათი შეიძინა. 1964 წელს ქვეყანაში აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი დიქტატურა დაფუძნდა, რომელმაც 1985 წლამდე გასტანა. ბოლო მონაცემებით, რეჟიმს 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ხოლო წამების მსხვერპლთა რაოდენობა 20 000-ს აღემატება. 1984 წელს სან-პაულოში ისტორიული მნიშვნელობის მიტინგი გაიმართა, პროფკავშირები ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. სხვებთან ერთად სცენაზე მანქანათმშენებელი ქარხნის მუშა და ბრაზილიის მომავალი პრეზიდენტი, ლულა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სოკრატესი იდგნენ. მემარცხენე შეხედულებებთან ერთად, სოკრატესი „ჟოგა ბონიტოს“ განსახიერება იყო, ნაკრების ათიანი საკუთარ თავს ანტი-ათლეტს უწოდებდა - „მე ვსვამ, მე ვეწევი და მე ვფიქრობ“. სოკრატესს ბრაზილიური სტილის კლასიკად ქცეული განმარტება ეკუთვნის:

„მთავარი გამარჯვება არ არის, ფეხბურთი ხელოვნებაა, რომელშიც კრეატიულობა უნდა აჩვენო“.

სოკრატესი პირველი მემარცხენე ფეხბურთელი არ ყოფილა. 1960-იანების ბოლოს ბრაზილიის ნაკრებში „შავი პანტერების“ იდეებმა დაიწყო შეღწევა. ფეხბურთელების უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა ბრაზილიის მიღმა. 1974 წელს „სელესაოს“ წევრებმა პირველად ნახეს კრუიფისა და ნესკენსის ჰოლანდია და გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან არაფერი იცოდნენ ჰოლანდიის შესახებ. 1968 წელს „ბოტაფოგო“ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ნაკრების ფორვარდი, კაჟუ „შავ პანტერებს“ შეხვდა, შეიარაღებული წინააღმდეგობის იდეებს გაეცნო და მალკოლმ იქსის ნაშრომები წაიკითხა. „პანტერებისადმი“ პატივისცემის ნიშნად, კაჟუმ თმა წითლად შეიღება, ხოლო ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ რასიზმს ღიად დაუპირისპირდა და ქვეყანაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა

70-იანების „სელესაოში“ ბრაზილიური ფოლკლორის კიდევ ერთი გმირი, რეინალდო გამოჩნდა, რომელსაც პელე უნდა ჩაენაცვლებინა. 1977 წელს პელემ კარიერა დაასრულა. იმავე წელს, 20 წლის რეინალდომ პელეს რეკორდი მოხსნა და ჩემპიონატის 18 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ეს შედეგი დღემდე ბრაზილიის რეკორდად რჩება. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ რეინალდო ძირითად ფორვარდად მოიაზრებოდა, მის გამოძახებას ერთი პრობლემა ახლდა - ბელუ-ორიზონტის მეფე გატანილ გოლებს „შავი პანტერების“ მისალმებით აღნიშნავდა. ჩემპიონატის წინ „სელესაოს“ გაცილების ცერემონია გაიმართა, პრეზიდენტმა ერნესტუ გეიზელმა რეინალდოს გაფრთხილება მისცა: „წადი და ფეხბურთი ითამაშე, პოლიტიკას ჩვენ მივხედავთ“. ჯგუფის პირველ მატჩში ბრაზილია შვედეთს დაუპირისპირდა, რეინალდომ ბოლო წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და გოლი „პანტერების“ მისალმებით აღნიშნა. ნაკრების ფორვარდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. „სელესაოს“ მწვრთნელმა, ტელე სანტანამ რეინალდო 1982 წლის ჩემპიონატზე არ გამოიძახა და საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა:

„რეინალდომ მხოლოდ ფეხბურთის თამაში იცის, თუმცა ვიღაც-ვიღაცები აჯერებენ, რომ ინტელექტუალია, რომელიც ინდიელებს, ლულას და ფრეი ბეტოს უნდა დაეხმაროს“.

1980-იანების დასაწყისში დიქტატურას მუშათა კლასის მზარდი მოძრაობა დაუპირისპირდა, რომელშიც ფეხბურთელებიც ჩაერთნენ. სტადიონები აკრძალული მოთხოვნების გაჯღერების ადგილად გადაიქცა. სოკრატესი თავზე ლენტას იკეთებდა, რომელზეც სოციალური სლოგანები ეწერა. საფეხბურთო კლუბი „კორინთიანსი“ დემოკრატიულ მართვაში გადავიდა. კლუბთან დაკავშირებული საკითხები ხმათა უმრავლესობით წყდებოდა - ფეხბურთელს, მენეჯერსa და დამლაგებელს თითო ხმა ჰქონდათ. კლუბის დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში გაბატონებული სამხედრო რეჟიმის ანტითეზას წარმოადგენდა. სოკრატესთან ერთად, ბრაზილიური მემარცხენეობის ისტორიას ნაკრების და „კორინთიანსის“ ფორვარდი, ვალტერ კასაგრანდე დარჩა, რომელიც სოკრატესს მასწავლებლად მიიჩნევდა.

სოკრატესი 2011 წელს ალკოჰოლიზმით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით გარდაიცვალა. კასაგრანდე საჯარო ცხოვრებას წამალდამოკიდებულებასთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ დაუბრუნდა და 2022 წლის არჩევნების წინ ლულას დაუჭირა მხარი. ვეტერანმა ნაკრების ფეხბურთელები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა: „მათ ხალხი არ ადარდებთ. ბრაზილიის მოსახლეობასთან არანაირი იდენტიფიკაცია არ აქვთ. ეს ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე გაუცხოებული თაობაა, ისინი საზღვარგარეთ თამაშობენ, ხოლო როდესაც ჩამოდიან საკუთარ ხალხს აიგნორებენ, ყურსასმენებით დადიან, რომ არაფერი გაიგონ. შეხედეთ როგორ ვცხოვრობთ ბრაზილიაში! როგორ შეგიძლიათ ჩუმად ყოფნა?“ „ბოლსონარისტებმა“ კასაგრანდეს მასობრივი თავდასხმით უპასუხეს, ის მემარცხენე გარყვნილების და დეგრადანტული ცხოვრების წესის განსხეულებად გამოცხადდა.

ფერადკანიან ფეხბურთელებს თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდათ საერთო პარაშუტისტების პოლკის ყოფილ სერჟანტ ბოლსონაროსთან, რომელსაც სხვა არაეთიკურ გამონათქვამებთან ერთად ასეთი ციტატაც ეკუთვნის: „აფრო-ბრაზილიელები არაფერს აკეთებენ, ისინი არც გამრავლებისთვის ვარგიან“. 2018 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბოლსონარო აფრიკის კოლონიზაციას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ პორტუგალიელებს კონტინენტზე ფეხი არასოდეს დაუდგამთ, ხოლო აფრიკელი მონები ამერიკის კონტინენტზე სხვა აფრიკელებმა ჩამოიყვანეს. ფეხბურთის იდეოლოგიურ გადატრიალებასთან ერთად, ბოლსონარომ ისტორიის რევიზიაც განიზრახა - მისი შეფასებით, სამხედრო დიქტატურა „ძალიან კარგი“ პერიოდი იყო, რომელმაც ბრაზილია საბჭოთა კავშირის გავლენისგან გადაარჩინა, ხოლო წამების მსხვერპლები დახოცვას იმსახურებდნენ.

რელიგია ბრაზილიურ ფეხბურთში

ფეხბურთელების გაკონსერვატორებას ევანგელური ქრისტიანობის ორმოცდაათიანელურ მიმდინარეობაზე მოქცევა უძღოდა წინ. 2018 წლის არჩევნებში ბოლსონაროს ევანგელური ქრისტიანების 70%-მა დაუჭირა მხარი. არსებობენ მემარცხენე ევანგელური ჯგუფებიც, თუმცა მათი გავლენა ბევრად სუსტია. 2022 არჩევნების წინ, წამყვანმა ორმოცდაათიანელებმა ლულა ოჯახური ღირებულებების მტრად მონათლეს, პასტორებმა მემარცხენეობას „სულიერი ომი“ გამოუცხადეს, ვრცელდებოდა ხმები, რომ ქვეყანაში ეკლესიების დახურვა იგეგმებოდა.

ევანგელური ქრისტიანების ყველაზე დიდი რაოდენობა - 93 მილიონი - აშშ-ში ცხოვრობს, საზოგადოების ეს ნაწილი კონსერვატორების მხარდაჭერით გამოირჩევა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული თეთრი ევანგელიკალები რესპუბლიკელ კანდიდატებს აძლევენ ხმას. 2016 წელს მათმა 72%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, 2024 წელს მხარდაჭერა 80%-მდე გაიზარდა. ორმოცდაათიანელობა ლათინურ ამერიკაში აშშ-დან მოხვდა და იდეოლოგიური ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად გადაიქცა.

ბრაზილიაში 100 მილიონზე მეტი კათოლიკეა, ეს პლანეტის ყველაზე მსხვილი კათოლიკური ერია, თუმცა რელიგიური სურათი იცვლება. 1980 წელს მოსახლეობის 88.9% კათოლიკე იყო, ხოლო ევანგელიკალების წილი 6.6%-ს შეადგენდა. 2021 წლის მონაცემებით კათოლიკეების რაოდენობა 56%-მდე შემცირდა, ხოლო ევანგელური ქრისტიანების 31%-მდე გაიზარდა. დღეს ბრაზილიაში 50 მილიონამდე ევანგელიკალია, მათი 80% ევანგელური განშტოებების - ორმოცდაათიანელების, ან ნეოორმოცდაათიანელების წევრია. ვარაუდობენ, რომ 2032 წლისათვის კათოლიკეები უმცირესობაში აღმოჩდნებიან.

ბრაზილიაში განსაკუთრებული პოპულარობა კეთილდღეობის თეოლოგიამ მოიპოვა. სწავლების მიხედვით, მორწმუნეები ღმერთისგან მატერიალური სიმდიდრით, ჯანმრთელობითა და წარმატებით ჯილდოვდებიან. სიღარიბე დემონია, რომელიც პიროვნების სულიერ დაცემას იწვევს, მისგან თავის დაღწევა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ბრაზილიელებთან ერთად თეოლოგიის ამ მიმართულებით დონალდ ტრამპიც არის გატაცებული. ტრამპის სპირიტუალური მრჩეველი ცნობილი ამერიკელი ტელეევანგელისტი პაულა უაითია, რომელიც თეთრ სახლში თანამდებობას ტრამპის ორივე პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. 2025 წელს ტრამპმა თეთრი სახლის რწმენის ოფისი შექმნა, ხოლო უაითი მის ხელმძღვანელად დანიშნა.

1980-იან წლებში ბრაზილიაში მოძრაობა „ათლეტები იესოსთვის“ დაფუძნდა, რომელსაც დღეისათვის 7 000 წევრი ჰყავს. მოძრაობა ნაკრების მეკარემ, ჟოაო ლეიტემ და თავდამსხმელმა, ბალთაზარმა წამოიწყეს, რომლებსაც „ღმერთის მეკარე“ და „ღმერთის ფორვარდი“ შეარქვეს.

ლეიტე თამაშის წინ მოწინააღმდეგეებთან მიდიოდა და ბიბლიას ჩუქნიდა სიტყვებით: „იესოს უყვარხარ, მე შენთვის საჩუქარი მაქვს“. მის მაგალითს სხვა ფეხბურთელებიც მიჰყვნენ, მათ შორის ყველაზე ცნობილი “მიუნხენის ბაიერნის” მარჯვენა მცველი, ჟორჟინიო იყო. მოძრაობის წევრები მარადონას გადმობირებასაც შეეცადნენ, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში უკვე ექვსი ევანგელური ქრისტიანი თამაშობდა. მათგან გამორჩეული მეკარე ტაფარელი იყო, რომელმაც რობერტო ბაჯოს მიერ ფინალში გაფუჭებული პენალტის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „როდესაც ბაჯო დარტყმისთვის მოემზადა, ეჭვი არ მქონდა, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით, რადგან ვისაც ღმერთის სჯერა, არასოდეს დამარცხდება ბუდისტთან“.

მომდევნო წლებში ევანგელიკალი ფეხბურთელები უფრო შესამჩნევები გახდნენ. ყველა გულშემატკივარს დაამახსოვრდა წარწერა კაკას მაისურზე: „I belong to Jesus“. მოგვიანებით მსგავსი წარწერებით სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ. ორმოცდაათიანელია ნეიმარი, რომელიც ყველა დიდ გამარჯვებას თავზე წაკრული ლენტით აღნიშნავს, რომელსაც „100% Jesus“ აწერია.

ESPN წერდა, რომ „სელესაოში“ მოსახვედრად კარგად თამაში აღარ კმარა, ფეხბურთელი „igrejinha“-ს (პატარა ეკლესიის) წევრიც უნდა იყოს.

2015 წელს ნაკრების უსაფრთხოების ხელმძღვანელი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დუნგამ (მთავარი მწვრთნელი) შეიტყო, რომ ფეხბურთელებმა სასტუმროში ორმოცდაათიანელი პასტორი შეიყვანეს და მსახურება ჩაატარეს. მოგვიანებით პასტორმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ  ნაკრების სამმა წევრმა იესო მიიღო.

ორმოცდაათიანელებისათვის ნათლობა მეორედ დაბადებას ნიშნავს. ღვთისმსახურება ხშირად კოლექტიურ ექსტაზამდე მიდის, რომლის დროსაც სულიწმინდასთან კავშირი მყარდება. 2020 წელს ალისონ ბეკერმა ფირმინო მონათლა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, ნათლობის შემდეგ ალისონმა ემოციები ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. 2024 წელს ლივერპულის ყოფილი ფორვარდი ორმოცდაათიანელთა პასტორი გახდა, მოგვიანებით პასტორი გახდა დანი ალვეშიც. 2016 წელს კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი ბოლსონარო ისრაელს ეწვია და სადაც მდინარე იორდანეში მოინათლა. ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიის ამოცანად ბრაზილიის „იუდეო-ქრისტიანულ“ საფუძვლებზე დაბრუნება გამოაცხადა. კეთილდღეობის თეოლოგიასთან ერთად, ევანგელურ ქრისტიანებს ისრაელის მხარდაჭერაც გამოარჩევთ - 2013 წლის კვლევის მიხედვით ამერიკელი ევანგელიკალების 81%-ს სჯერა, რომ ისრაელი ებრაელ ხალხს ღმერთმა უბოძა.

ფეხბურთელების გაკონსერვატორებას მათი სოციალური მდგომარეობით ხსნიან. წარმატებული ფეხბურთელები ახალგაზრდა კაცები არიან, რომლებმაც საოცნებო სიმდიდრეს და პოპულარობას მიაღწიეს. ისინი საზოგადოების იმ ფენაში ხვდებიან, სადაც განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგია დემაგოგიისათვის ღარიბების სიზარმაცისა და უნიათობის შესახებ. კეთილდღეობის თეოლოგია სიღარიბეს რწმენის ნაკლებობით ხსნის და მორწმუნეებს მატერიალურ სიმდიდრეს ჰპირდება. თავის მხრივ, ბოლსონაროს მთავარი დაპირებები პოლიციის გაძლიერება და მდიდრებისათვის გადასახადების შემცირება იყო.  

განიხილებოდა პირადი სარგებლის ვერსიებიც - ლულა ამბობდა, რომ ბოლსონარო ნაკრების ლიდერებს გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებული საქმეების დაფარვაში ეხმარებოდა.

„ბოლსონარიზმისათვის“ თავგამოდებული ფეხბურთელების ნაწილს კანონთან პრობლემები ჰქონდა - ნეიმარს გადასახადების დამალვას ედავებოდნენ, ამასთანავე მისი, დანი ალვეშისა და რობინიოს სახელები გაუპატიურების საქმეებში ფიგურირებდა. რონალდინიო ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის პარაგვაიში იხდიდა სასჯელს.

გადატრიალების მცდელობა

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის 79.4% გამოცხადდა. მთავრობისა და ფეხბურთელების გაერთიანების მიუხედავად, ლულამ მცირე სხვაობით გაიმარჯვა. ბრაზილიაში ამ გამარჯვებას „დაუმარცხებლების დამარცხება“ უწოდეს. ბოლსონარომ მარცხის აღიარებას სიჩუმე არჩია და აშშ-ში გაემგზავრა. ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება არ დამალა. ნეიმარმა პირობა დადო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილ პირველ გოლს ბოლსონაროს მიუძღვნიდა. სან პაულოს ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ შეკრებილი მემარცხენეები მთელი ღამე სკანდირებდნენ, რომ ნეიმარს გადასახადების დეკლარირება მოუწევდა.

24 ნოემბერს ბრაზილიის ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა, ორივე გოლი რიშარლისონმა გაიტანა, რომელიც „სელესაოში“ ლულას ერთადერთი მომხრე იყო. მისი მაკრატელა ტურნირის საუკეთესო გოლად აღიარეს, მემარცხენეებმა გოლი ლულას და „ჟოგა ბონიტოს“ დაბრუნების სიმბოლოდ გადააქციეს. ინტერნეტში ტრიალებდა სურათი, სადაც ჰაერში დაკიდებული რიჩარლისონი ლულას სახელის პირველ ასოს განასახიერებდა.

გამარჯვებას დაპირისპირების გაღრმავება მოჰყვა. მატჩის მე-80 წუთზე ნეიმარმა ტრავმა მიიღო. ბოლსონაროს მოწინააღმდეგეებმა ნაკრების ლიდერის ტრავმა იზეიმეს, მომდევნო დღეებში სათაური “fuck Neymar” ბრაზილიური ტვიტერის ყველაზე განხილვად თემად გაადაიქცა. დაპირისპირება რაფინიას ციტატამ გააღრმავა, რომელმაც მსოფლიოს მედია მოიარა: „ნეიმარის ყველაზე დიდი შეცდომა ბრაზილელად დაბადება იყო, ეს ქვეყანა არ იმსახურებს მის ტალანტსა და ფეხბურთს“. ბრაზილია მერვედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა, ნეიმარმა პირობა დაარღვია და გატანილი გოლი ბოლსონაროს არ მიუძღვნა.

2023 წლის 8 იანვარს ნაკრების ფორმებში გამოწყობილმა და ტრამპისტული აჯანყებით შთაგონებულმა ბრაზილიელმა მემარჯვენეებმა, სამთავრობო შენობების შტურმი დაიწყეს. მათი ლიდერები ჯარს ხალხის მხარეზე გადმოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

მათთან ერთად UFC-ის ბრაზილიელი მებრძოლებიც იყვნენ. დეივერსონ ფიგერედო მომიტინგეებს კონგრესში გამაგრებისკენ მოუწოდებდა. ბოლსონაროს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ ანდერსონ სილვა, ფაბრიციო ვერდუმი, რაფაელ დოს ანიოსი, მაურუსიო რუა და სხვები. არეულობის დროს ბოლსონარო ფლორიდაში, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ჟოზე ალდოს სახლში იმყოფებოდა. მოგვიანებით ალდომ სახლში ფირფიტა გამოაკრა წარწერით: „აქ რჩებოდა ბრაზილიის პრეზიდენტი“. მცდელობა გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ნეიმარმა და სხვა ფეხბურთელებმა მოვლენების კომენტირებას თავი აარიდეს და სპორტული აპოლიტიკურობის სივრცეში დაბრუნდნენ.

შემდეგი არჩევნები 2026 წელს გაიმართება. ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ლულას რეიტინგი სწრაფად გაიზარდა, რაც მოქმედ პრეზიდენტს არჩევნების ფავორიტად აქცევს. ბრაზილიის ნაკრებში ღრმა საფეხბურთო და პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რომლის გადაჭრასაც მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნით ეცდებიან. პრობლემა კი პრობლემად რჩება - ბევრი ბრაზილიელისთვის „სელესაო“ ისევ ბოლსონაროსთან და მის მიერ მოწყობილ წარუმატებელ სახელმწიფო გადატრიალებასთან ასოცირდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა