გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აკი კაურისმიაკი ჩამოცვენილი ფოთლები

თანაგანცდის ოდა | მარიამ თვალავაძე


მართალი ხარ, სიუზენ ზონტაგ! – ფილმმა ბოლომდე რომ გაგიტაცოს და მოგაჯადოოს, კინოდარბაზში უნდა იჯდე. საქმე ეკრანის ზომასა და გამართული ხმის სისტემაში არაა. კინოთეატრის მთავარი მაგია კოლექტიურ ბუნებაშია. სიბნელით გარშემორტყმულ უცნობ ადამიანებს შორის დამყარებული უხილავი კავშირი ქმნის უნიკალურ ემოციურ გამოცდილებას.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღე გაიხსნა და დაიხურა აკი კაურისმიაკის ახალი ფილმით - „ჩამოცვენილი ფოთლები“.

დილის სეანსზე, მცირე დარბაზში, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ვიყავით. მეგონა, პირველი ნახვით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვეღარ გავიმეორებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, იმ დღესვე მენახა მეორედ. საღამოს ჩვენებას, 450-ადგილიან დარბაზში, დაახლოებით, 600 ადამიანთან ერთად ვესწრებოდი.

ასეულობით ადამიანს ხან ერთხმად გვეცინებოდა, ხანაც გული გვეკუმშებოდა და სუნთქვაშეკრული ველოდებოდით რაღაცას. დარბაზის ატმოსფერომ და „ჩამოცვენილი ფოთლების“ მშვენიერებამ ბედნიერების ცრემლებად დამღვარა. 81 წუთით მთელი გულით მიყვარდა ყველა, ვისაც ამირანის 1-ელი დარბაზის უჰაერობაში თავისი წვლილი შეჰქონდა.

აკი კაურისმიაკი ბედნიერების ინდექსის მიღმა ფინეთს გვანახებს.

მუშათა კლასის პრობლემები, უმუშევრობა, უსახლკარობა, იმიგრაცია - კაურისმიაკის გმირები მარგინალი, აუტსაიდერი ფინელები არიან, რომლებიც მუშაობენ ქარხნებში, დასუფთავების სამსახურში, შახტაში, ჭურჭლის მრეცხავებად, ტრამვაის მძღოლებად, მიმტანებად და, როგორც წესი, ამ სამსახურსაც კარგავენ. ბევრს სვამენ, სულ ეწევიან, ძალიან ცოტას ლაპარაკობენ და არ გამოხატავენ ემოციებს.  

ერთმანეთს შერწყმული სამუშაო გარემოს ხმაური და ძველი მელანქოლიური სიმღერები, უმზეო ჰელსინკის პეიზაჟები და კაფე-ბარები მზიანი ქალაქების სახელებით, ე.წ. „მკვდარი იუმორი“ [deadpan humor] და მსახიობების „მინიმალისტური თამაში“ ქმნის კაურისმიაკის კინოს უნიკალურ ატმოსფეროს. სამყაროს, სადაც სახლში ერთადერთი თეფშის ქონა უფრო ბუნებრივია, ვიდრე ქუჩაში ღიმილი.

„ჩამოცვენილი ფოთლების“ მთავარი გმირები ანსა (ალმა პეისტი) და ჰოლაპა (იუსი ვატანენი) მუშათა კლასის წარმომადგენელი მარტოსული ადამიანები არიან, რომლებიც კარგავენ სამსახურს, სვამენ ბევრს, დადიან ბარებში და ბევრი ხალხისა და მელანქოლიური მუსიკის ფონზე კიდევ უფრო მარტოსულები ჩანან.

„ჩამოცვენილი ფოთლები“, როგორც ამბავი, ყველაზე ბანალური სასიყვარულო ისტორიაა:

ქალსა და კაცს შუბერტის სერენადის ფონზე, ერთი ნახვით, უსიტყვოდ უყვარდებათ ერთმანეთი. მერე იქნება შემთხვევითი შეხვედრა ქუჩაში, პირველი პაემანი ბარში და წასვლა კინოში. ყველაფერი კარგად მიდის, სანამ კაცი ქალის ნომერს დაკარგავს. ბევრი წვალების მერე მაინც იპოვიან ერთმანეთს. ახალი პრობლემა ჩნდება – კაცი ალკოჰოლიკია. რა თქმა უნდა, სიყვარული გაიმარჯვებს ალკოჰოლზე და ყველა დანარჩენ დაბრკოლებაზე. ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს.

თანამედროვე კინოში არ მეგულება სხვა რეჟისორი, რომელსაც ამ უკიდურეს სიმარტივემდე დაყვანილი სიუჟეტით, პათეტიკისგან დაცლილი შედევრის შექმნა შეუძლია.

როცა ჰოლაპას ჯიბიდან ამოუვარდა ანსას ნომერი, მთელი დარბაზი ნერვიულად შევიშმუშნეთ. ჩემ უკან მჯდომმა ბიჭმა ვერ მოითმინა და წამოიძახა – „მიაწოდეთ, რა!“

მართალი ხარ, სიუზან ზონტაგ. კინოთეატრის მაგია კოლექტიურ ბუნებაშია.

„ჩამოცვენილი ფოთლებით“ კაურისმიაკი სიყვარულს უხსნის კინოს და სიყვარულს უხსნის ადამიანს.

ბევრგანაა ფილმების პოსტერები და „გადაძახილები“ სხვა რეჟისორებთან: ანსასა და ჰოლაპას  მთავარი „სიყვარულის ადგილი“ ჰელსინკში მდებარე ძველი კინოთეატრი Ritz-ია-ია. პირველ პაემანზე შეყვარებულები კინოში მიდიან ჯიმ ჯარმუშის ფილმზე „მკვდრები არ კვდებიან“ (ჯარმუში და კაურისმიაკი კარგი მეგობრები არიან; ჯარმუშს არაერთხელ აღუნიშნავს თავის შემოქმედებაზე ფინელი რეჟისორის გავლენა). კინოდან გამოსული ანსა ამბობს, ამდენი არასდროს მიცინიაო. მანამდე კი ორი ასაკოვანი კაცის საუბარი გვესმის – ერთმა, ბრესონის „სოფლის მღვდლის დღიური“ მომაგონაო, მეორემ – გოდარის „აუტსაიდერების ბანდაო“.

რობერ ბრესონი და ჟან-ლუკ გოდარი და მაწანწალა ცუგა სახელად ჩაპლინი. ფინელი სინეფილი თვალს გვიკრავს კინომოყვარულებს.

კაურისმიაკის არც სოციალური და პოლიტიკური კომენტარები ავიწყდება: ანსას სუპერმარკეტიდან იმის გამო ათავისუფლებენ, რომ  უსახლკარო, მშიერ ადამიანს ვადაგასული საკვები მისცა და თავისთვისაც აიღო ერთი სენდვიჩი. დაცვის ზორბა თანამშრომელი, რომელმაც ანსა დაასმინა, სუპერმარკეტში მომუშავე ქალების სოლიდარობის ფონზე ისე პატარავდება, კარიკატურული და სასაცილო ხდება. ასე ორგანულად და უსიტყვოდ, აკრიტიკებს კაურისმიაკი სუპერმარკეტების პროტოკოლს, რომლის თანახმადაც, ყველა ვადაგასული პროდუქტი ნაგავში უნდა გადაიყაროს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ორი წელი გავიდა. კაურისმიაკის გარდა არ გამოჩენილა რეჟისორი, რომელიც მკაფიო და გულწრფელ კომენტარს გააკეთებდა ომზე.

„ომის დროს არ შემეძლო ფილმის გადაღება რაიმე კომენტარის გარეშე, კომენტარი რადიოთი გავაკეთე.“

მთელი ფილმის განმავლობაში რადიოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეებს გადმოსცემენ. ერთ-ერთ პაემანზე, ვახშმის შემდეგ ანსა მუსიკის ჩართვას დააპირებს, მაგრამ რადიოდან სიმღერის ნაცვლად ომის სიახლეები ისმის.

„ოჰ, ეს ოხერი ომი!“ – ამბობს ქალი და გაბრაზებული გამორთავს რადიოს.  ერთადერთი მომენტია, როცა ანსა ექსპრესიულად გამოხატავს ემოციებს. ომი იჭრება რომანტიკულ გარემოში და სიყვარულისა და მუსიკის სივრცეს იკავებს.

მაგრამ მაინც – ამ გაყინულ, მელანქოლიურ, მარტოსულ, იმედისგან დაცლილ, ომით გაჟღენთილ სამყაროში აკი კაურისმიაკი პოულობს ადგილს ადამიანური სინაზისთვის. „ჩამოცვენილი ფოთლები“ სავსეა პატარ-პატარა, რაღაცნაირად მოუხელთებელი სიკეთეებით; და თუ მაყურებელს ისინი ხელიდან არ გაუსხლტება, კაურისმიაკის კინო ადამიანური თანაგანცდის ოდად იქცევა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა