შავი ჩექმები და ვარდისფერი რომანები | მარიამ თვალავაძე
„რეალობის ასახვა საერთოდ უნდა აიკრძალოს“ – ეუბნება რედაქტორი ლეოს, როცა პირველად წარუდგენს რომანს ნამდვილ გრძნობებზე.
„ჩემი საიდუმლოს ყვავილის“ (1995) მთავარი პერსონაჟი, ლეო მაკიასი (მარისა პარედესი) წარმატებული მწერალია, 20 წელია, სასიყვარულო რომანებს წერს ამანდა გრისის ფსევდონიმით. ლეო წერს სერიისთვის „ნამდვილი სიყვარული“. ერთხელაც ის აღმოაჩენს, რომ ამანდა გრისის შემოქმედებაში არაფერია ნამდვილი, „მასში არც ტკივილია, არც ტანჯვა. მხოლოდ შაბლონია, მომაყირჭებელი სიტკბოება და სენტიმენტალურობა“. როცა ლეოს პირადი ცხოვრება შავი ფერითაა მოცული, მას აღარ შეუძლია „ვარდისფრად წერა“. გამომცემელი სასამართლოში ჩივილით ემუქრება და კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეახსენებს:
„კონტრაქტის მიხედვით, ვალდებული ხარ ხუთი სასიყვარულო რომანი დაგვიწერო წელიწადში, სამი წლის განმავლობაში. შეგახსენებ, რომანები სიყვარულზე; ფუფუნებაში ცხოვრებაზე, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში; მინიშნება და მხოლოდ მინიშნება სექსზე; ზამთრის სპორტის სახეობები; ჩახჩახა მზე; ცათამბჯენები; მინისტრები, მაგრამ არავითარი პოლიტიკა, არავითარი სოციალური ცნობიერება, არაკანონიერი შვილები რამდენიც გენებოს, მაგრამ აუცილებლად ბედნიერი დასასრული“.
ამანდა გრისის ფერიცვალებაში გარდამტეხ როლს თამაშობს ლეოს წარუმატებელი ქორწინება. ლეოს ქმარი, პაკო, ბრიუსელში მუშაობს, ბოსნიის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობაზე მეტად, პაკოს წასვლა ოჯახური პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს. მადრიდში მცხოვრები ლეო სასოწარკვეთილად ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას; ყოველდღე მოუთმენლად ელოდება ქმრის ზარს. ლეოს ისე უჭირს პაკოსგან გათავისუფლება, როგორც მისი ნაჩუქარი შავი ჩექმების გახდა. ჩექმებთან ჭიდილში გამოიხატება ქალის მარტოობა და „უმწეობა მოახლოებული სიგიჟის წინ“.
ქორწინება მაინც ინგრევა. ქალი განადგურებულია. და რადგან ლეო მაკიასის ცხოვრებას აღარაფერი აქვს საერთო ამანდა გრისის რომანებთან, საძილე აბებით თავის მოკვლას ცდილობს. სიკვდილის პირას მყოფ ლეოს სიცოცხლისკენ ტელეფონის ზარი მოაბრუნებს. ზარი პაკოს არ ეკუთვნის.
„ლეო, ლეო, შვილო, აქ ხარ? დაგელოდები, იქნებ მიპასუხო... როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება...“
– ავტომოპასუხეზე დედის ხმა ისმის. ლეო აბებს აღებინებს. პედრო ალმოდოვარი არაერთ ფილმში იკვლევს დედაშვილურ ურთიერთბებს. მის შემოქმედებაში ბევრნაირი, ერთმანეთისგან განსხვავებული დედების პორტრეტებია. დედების, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ამბის განვითარებაზე. „ჩემი საიდუმლოს ყვავილში“ ბუზღუნა, ეგოისტი, მხედველობადაქვეითებული მოხუცი დედა ერთადერთია, ვისაც ფილმის მთავარი პერსონაჟის გადარჩენა შეუძლია.
ტელეფონის ზარის მოლოდინზე მიჯაჭვულობა და ჟან კოქტოს „ადამიანის ხმის“ ახლებური გადათამაშება აქამდეც გვინახავს ალმოდოვართან - ქალები რაღაც ძალებით ყოველთვის ახერხებენ ამ მიჯაჭვულობისგან თავის დაღწევას, მანამდე კი რთული გზის გავლა უწევთ.
თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ლეო დასალევად კაფეში შედის. ტელევიზორში ჩაველა ვარგასი „El Último Trago-ს“ მღერის:
„მოდი, თან წავიღოთ ეს ბოთლი და ბოლო ყლუპით დავიწყებას მივეცეთ. მინდა, მარტოობის გემო ვიგრძნო, როცა შენი ხელი ჩემს თვალებს აღარ შეეხება. ამაღამ აღარ შეგეხვეწები, ამაღამ სამუდამოდ წახვალ. როგორ მიჭრს შენთან განშორება...“
– მღერის ჩაველა და ტირის ლეო. ეს არაა მუსიკა მუსიკისთვის, „El Último Trago“ ლეოს შინაგანი მონოლოგია.
ალკოჰოლისა და მწუხარებისგან გაბრუებული ლეო ქუჩაში გონებას კარგავს და შემთხვევით ცოტახნის წინ გაცნობილ ანხელს, გაზეთ El País-ის რედაქტორს, ეჯახება. მომდევნო სცენაში კამერის მოძრაობა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზეციდან გაისმის Bola de Nieve-ს კუბური ბოლერო „Ay Amor” და მერე ანხელის სახლში, მძინარე ლეოს საწოლთან ეშვება. Ángel ესპანეთში გავრცელებული გენდერულად ნეიტრალური სახელია და ანგელოზს ნიშნავს. გაზეთის რედაქტორი მართლა ჰგავს ფრენკ კაპრას ანგელოზს ფილმიდან „ეს მშვენიერი ცხოვრება“ (1946). კონტრაქტის დარღვევის გამო სასამართლოში ჩივილისგანაც ის გადაარჩენს ლეოს. ანხელი ორ ნოველას დაწერს და ამანდა გრისის სახელით გამომცემლობაში გააგზავნის. „საუკეთესოა, რაც ბოლო წლებში დაგიწერია, ნამდვილი ამანდა გრისია“ – ეუბნება ლეოს რედაქტორი. არადა, სანამ ვინაობას გაიგებდა, ანხელი ლეოს უმტკიცებდა, ამანდა გრისი ქალური სტილით წერს და შეუძლებელია, ამ ფსევდონიმის უკან კაცი იმალებოდესო.
ეს ტიპური ალმოდოვარია – სქესისა თუ გენდერული როლების ბინალურობა ხომ მისი შემოქმედების განუყოფელია. 1980-იანი წლების დასაწყისში თავადაც წერდა პატი დიფუზას ფსევდონიმით ესპანურ ჟურნალში „La Luna”. საერთაშორისო სექსსიმბოლო, პატი დიფუზა პედროს მიერ გამოგონილი პერსონაჟი იყო, რომელიც თავის სკანდალურ ტექსტებში მარგინალი ქალების ხმას აჟღერებდა.
„ყველა ვარდისფერი რომანი მელოდრამატულია, მაგრამ ყველა მელოდრამა არ არის ვარდისფერი“.
ამბობს პედრო ალმოდოვარი.
იყო დრო, როცა მელოდრამას მხოლოდ ამანდა გრისის რომანებივით ვარდისფერი დასასრული ჰქონდა და ზედმიწევნით იცავდა ლეოს კონტრაქტში ჩადებულ პირობებს. ასეთ (ხშირად „დიასახლისების კინოდ“ წოდებულ) მელოდრამებს ქალები უყურებენ იმიტომ, რატომაც ამანდა გრისის რომანებს კითხულობენ – „რომ დაივიწყონ ის ტალახი, რომელშიც ცხოვრობენ და უფრო ლამაზ სამყაროში ჩაიკეტონ. ვის უნდა ღატაკებისა და მათხოვრების უბნის ცხოვრებაში ჩაძირვა?“
1950-იან წლებში ალმოდოვარის საყვარელმა რეჟისორმა, დუგლას სირკმა, გაარღვია ჟანრის ჩარჩოები, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა მელოდრამის სქემა. ყველაზე აშკარად ეს დასასრულში გამოიხატება – დუგლას სირკის ფილმები, ერთი შეხედვით, მიჰყვება ჟანრის კანონებს და ბედნიერად მთავრდება, მაგრამ როგორ „ვარდისფრადაც“ უნდა დამთავრდეს კინო, მაყურებელს სირკის „ჰეფი-ენდის“ არ სჯერა.
„ჩემი საიდუმლოს ყვავილის“ ფინალი, ფაქტობრივად, იმეორებს ბილი უაილდერის „ბინის“ (1960) ბედნიერ დასასრულს. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში შობა არაა, ლეო და ანხელი ერთმანეთს ნამდვილ შობას მოუწყობენ. სირკის მსგავსად, ბოლომდე აქაც არ გვჯერა ბედნიერი საშობაო ზღაპრის და ფილმის ყურებას მაინც სევდანარევ ნოტზე ვასრულებთ.
განწყობას ამძაფრებს ტიტრებზე კაეტანო ველოსოს „Tonada de Luna llena” - სიმღერა, რომლითაც პედრო თან რიტმს ცვლის და თან სიყვარულს უხსნის კინოს, ანუ „მაყურებელო, გაიძულებ, უყურო ტიტრებს.“
„ჩემი საიდუმლოს ყვავილი“ ესპანელი რეჟისორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი სურათია. აქ ყველაფერია თავმოყრილი, რის გამოც ალმოდოვარის ფილმების ყურება უნიკალურ გამოცდილებად იქცევა:
გამოძახილები მისი ადრეული სურათებიდან და პასაჟები, რომლებსაც მომავალ ფილმებში გამოიყენებს; ციტატები საყვარელი რეჟისორების ფილმებიდან თუ ლიტერატურული ტექსტებიდან; ავტობიოგრაფიული ჩანართები; ფერისა და რიტმის ყველასგან გამორჩეული მგრძნობელობა; ჩაველა ვარგასისა და კაეტანო ველოსოს მუსიკა; ტიტრები, როგორც ფილმზე მომუშავე ადამიანების მიმართ გამოხატული პატივისცემა; ჟანრთან თამაში; დედა-ქალიშვილის ურთიერთობა; იუმორთან შეზავებული მელანქოლია, ან პირიქით, მელანქოლიასთან შეზავებული იუმორი და რაც მთავარია – სასწაული.
სასწაული, რომელიც პატარ-პატარა ადამიანური სინაზეებისგან იქმნება.