უკეთესი სამყარო შესაძლებელია | კენ ლოუჩის „ძველი მუხა“
კანის კინოფესტივალზე კენ ლოუჩის ბოლო ნამუშევარს - „ძველი მუხა“/ The Old Oak - აჩვენეს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი უკანასკნელი ფილმი იქნება. 87 წლის ვეტერანი რეჟისორი ამბობს, რომ კინოზე მუშაობის პროცესი მისგან დიდ ძალისხმევას, ენერგიას და, რაც მთავარია, ემოციურ ჩართულობას მოითხოვს, რაც ამ ასაკში უკვე ჭირს. მის ფილმებსა და პერსონაჟებს თუ გავიხსენებთ, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ რატომ შეიძლება რეჟისორისთვის გადაღებები ასეთი ემოციური და სენსიტიური იყოს. ამას მისი ბოლო ნამუშევარიც მოწმობს.
„ძველი მუხის“ პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. მართალია იქ ფილმი პრიზის გარეშე დარჩა, მაგრამ გამოხმაურებით და მაყურებელთა რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, კენ ლოუჩმა კიდევ ერთხელ მოახერხა ადამიანებში ემპათიის გამოღვიძება და მათზე ძლიერი ემოციური ზემოქმედება. ჩვენების დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსულ ბევრ მაყურებელზე შეამჩნევდით ცრემლიან თვალებს.
ფილმზე ვერ ვიტყვით, რომ სტილისტურად და შინაარსობრივად რამე ახალს და განსაკუთრებულს გვთავაზობს. ის შესაძლოა ბევრს ზედმეტად სენტიმენტალურადაც მოეჩვენოს. თუმცა, რეჟისორის მოყვარულებს მაინც აუცილებლად ვურჩევდი მისი ნახვას.
„ძველი მუხა“ შეიძლება ტრილოგიის მესამე ნაწილადაც აღვიქვათ კონსერვატორების მმართველობის დეკადაში გადაღებული ორი ფილმის - I Daniel Blake/ „მე, დანიელ ბლეიკი“ (2016) და Sorry We Missed You/ „უკაცრავად, გამოგვრჩით“ (2019) - შემდეგ. ფილმი მანისფესტი, სოციალური დრამა „მე, დენიელ ბლეიკი“ ხანში შესული მამაკაცის ადაპტაციის სირთულეებს აღწერს სოციალური დაცვის მოუხერხებელ სისტემასთან და ადამიანის პირადი ტრაგედიით სისტემის მანკიერებაზე საუბრობს; მომდევნო ფილმი გიგ-ეკონომიკის და ნეოლიბერალური დღის წესრიგის მძიმე ზეგავლენაზე გვიყვება მშრომელთა კლასის ოჯახებზე.
რეჟისორი აგრძელებს მშრომელების თემას და ამჯერად ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქის, დარჰემის მაცხოვრებლების ყოფას გვაცნობს. აქაურობა ერთ დროს მაღაროებით იყო ცნობილი, ახლა ისინი აღარ ფუნქციონირებს და მოსახლეობას სხვადასხვა გზებით უწევს თავის გატანა. ბრექსიტი ახალი მომხდარია, დასახლებაში ბინები სულ უფრო იაფდება, ეკონომიკური ფონი მძიმეა და სწორედ ამ დროს აქ სირიიდან გამოქცეულ ლტოლვილებს ჩაასახლებენ, რაც ადგილობრივ თემში დაპირისპირებისა და ვნებათაღელვის საგანი ხდება.
ფილმის მთავარი გმირი შუახნის ყოფილი მაღაროელი თიჯეია, რომელიც წლებია, ქალაქში პაბს ამუშავებს, სახელად „ძველი მუხა“. ეს ადგილობრივების საყვარელი და პრაქტიკულად ერთადერთი თავშეყრის ადგილია. თიჯეი განქორწინებულია, შვილი არ ელაპარაკება. მისი მელანქოლიური ყოველდღიურობის გამახალისებლები პატარა ძაღლი სახელად მარა და პაბში მოსიარულე ადგილობრივები არიან.
როცა დასახლებაში სირიელები ჩამოდიან და თიჯეიც მათ დასახმარებელ კამპანიაში ერთვება, პაბის სტუმრების ნაწილი მასთან კონფლიქტში შედის. მათ სირიელების თანადგომა და გაგება უჭირთ, რადგან ფიქრობენ, რომ ისედაც დაზარალებულ და სოციალური კოლაფსის პირას მყოფ დასახლებას ისინი კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიან. განწყობებს ხელს ინტერნეტში გავრცელებული რეაქციული ვიდეოები და სიძულვილის კამპანიებიც უწყობს, რომლითაც გარკვეული ჯგუფები მოსახლეობის რადიკალიზაციას ცდილობენ. შედეგად, ადგილობრივები სულ უფრო აგრესიულად და არაკორექტულად გამოხატავენ ლტოლვილებისადმი დამოკიდებულებას.
მიუხედავად ამისა, კენ ლოუჩის მიზანი ამ ადამიანების დემონიზაცია არ არის. პირიქით, ის ცდილობს, მათი შიშებისა და აგრესიის მოტივებიც დაგვანახოს და გვაჩვენოს, რატომ შეიძლება ხედავდნენ საფრთხეს არსებული რესუსრების მათთვის განაწილებაში. ფილმში ვხედავთ ბრიტანელ მოზარდს, რომელსაც საკვების დეფიციტის გამო სკოლაში გული მისდის; ბავშვს, რომელიც ცრემლიანი თვალებით შეჰყურებს სირიელი თანატოლისთვის ნაჩუქარ ველოსიპედს და რთული სოციალური ფონით დაზარალებულ არაერთ ადგილობრივს. სინამდვილეში, ისინიც ისეთივე მსხვერპლები არიან არსებული სისტემის, გეოპოლიტიკური გარიგებებისა და ნეოლიბერალური ბაზრის პრინციპების, როგორც სირიელები.
მათ გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ერთი შეხედვით ჰგონიათ და მტერიც საერთო ჰყავთ: ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლლების მქონე ადამიანები.
კენ ლოუჩი აქტიურად იყენებს თავის ფილმებში არაპროფესიონალ მსახიობებს და მათ ხშირად იმ სოციუმიდან არჩევს, რომლის ისტორიასაც ჰყვება. ასე მოხდა ამ ფილმის შემთხვევაშიც: მთავარი როლის შემსრულებელი, დეივ ტერნერი, რეალურ ცხოვრებაშიც დარჰემში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში მეხანძრე იყო, მოგვიანებით კი ადგილობრივ პაბში დაიწყო მუშაობა. ტერნერი ლოუჩის აღმოჩენაა, მან ის წინა ორ ფილმშიც ათამაშა მეორეხარისხოვან როლებში. არაპროფესიონალი მსახიობები არიან სირიელი გოგონა და პაბის სტუმარი არაერთი პერსონაჟიც, რაც დამატებით ხიბლს და ავთენტურობას სძენს ფილმს.
სტაჟიანი სოციალისტი და მშრომელთა კლასის აქტიური მხარდამჭერი, კენ ლოუჩი არც „ ძველ მუხაში“ ღალატობს თავის იდეალებს. თიჯეის პაბის უკანა ოთახში მთელი კედელი გაფიცვების და დემონსტრაციების ამსახველი ფოტოებით აქვს მოფენილი. ეს საკრალური ადგილია მისთვის, რომელიც წლებია, საჯაროდ არ გახსნილა. ერთგან თიჯეი აქ ახალგაზრდა სირიელ გოგონას, იარას შეიყვანს, რომელსაც თავიდანვე დაუმეგობრდება და ფოტოების დათვალიერებისას მამამისის სიტყვებს იხსენებს:
„თუ მშრომელები იგრძნობენ ძალას, რომელიც მათ აქვთ და ექნებათ მისი გამოყენების გამბედაობა, ისინი შეცვლიან სამყაროს“.
თიჯეი გულდაწყვეტილი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ფილმის ერთ-ერთ გარდამტეხი ეპიზოდიც ამ ოთახს უკავშირდება, რომელსაც პაბის მფლობელი საერთო, საზიარო საკვების მისაღებად გახსნის, რადგან მიიჩნევს, რომ სოლიდარობა მაღაროელების ტრადიციაა და ისინი აუცილებლად უნდა დაუდგნენ მხარში მათ, ვისაც უჭირს, განურჩევლად წარმომავლობისა. ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ეტაპამდე კიდევ უფრო დაძაბავს ადგილობრივებს შორის დაპირისპირებას. თუმცა, პოზიტიური ცვლილებების მაპროვოცირებელიც ხდება.
კენ ლოუჩი სოლიდარობის გაკვეთილს გვიტარებს და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება განსხვავებული კულტურის, ისტორიის, რელიგიისა თუ ცხოვრების სტილის ადამიანებმა ერთმანეთის გაგება, თანადგომა და დახმარება ისწავლონ.
ლოუჩს სჯერა განსხვავებულის, უცხოს გაგებისა და თანადგომის და არა განსხვავებულის ატანის, რაც ასე პოპულარული იყო ლიბერალურ წრეებში გასულ ათწლეულებში, მათ შორის საქართველოშიც. განსხვავებულის, მაგრამ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანის შენიანად მიღება და თანადგომა, გამოცდილებებისა და კულტურების გაზიარება და სოლიდარული ბრძოლა საერთო მიზნისთვის - ესაა იმ იდეოლოგიის პრინციპი, რასაც კენ ლოუჩი მთელი ცხოვრება უჭერს მხარს. სოლიდარობა და არა ქველმოქმედება, რადგან ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ, როცა კოლექტიურად ვიბრძვით, და არა - ინდივიდუალურად. გამარჯვება და კეთილდღეობაც მაშინაა ყველაზე ნამდვილი და ხელშესახები, როცა ის საყოველთაოა. ეს ერთიანობის განცდა და მნიშვნელობა ფილმის ერთ-ერთი მთავარი ხაზია, რომელსაც მივყავართ კიდეც ლოგიკურ დასასრულამდე.
„ძველი მუხა“ ლოუჩის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური ფილმია და მისი ასაკიდან გამომდინარე, გამორჩეულად სენტიმენტალურიც. ემოციური და დასამახსოვრებელი იყო რეჟისორის სიტყვა პრემიერის შემდეგ. კანის ფესტივალის ლუმიერების დარბაზში, სადაც ფეხზე მდგომი პუბლიკა დიდხანს უკრავდა რეჟისორს ტაშს, მან იმედისა და ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ჩვენ გვინდოდა, გადაგვეღო ფილმი იმედზე, იმიტომ, რომ ვიცით ლტოლვილების ისტორია და ის ტკივილი, რომელიც მათ გადაიტანეს, რომ აქ ჩამოსულიყვნენ. როცა იმედი გვაქვს, რწმენაც გვაქვს. გვჯერა ჩვენი სიძლიერის და შეგვიძლია რაღაცების შეცვლა დავიწყოთ. შეგვიძლია აქაურობა უკეთეს ადგილად ვაქციოთ.
სხვანაირი სამყარო შესაძლებელია.
ასე რომ, გააგრძელეთ ბრძოლა. თუ თავდადებით ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ.“