გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გერმანული კინო ფილმი იდეალური დღეები ვიმ ვენდერსი

გერმანული კინო თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თავისი დაარსების დღიდან ქვეყნის კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აღიქმება და მას კინოს პროფესიონალები და მოყვარულები ყოველწლიურად დიდი ინტერესით ელოდებიან.

ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად წლის ბოლოს იმართება, კინოს მოყვარულებს წლის განმავლობაში გადაღებული საუკეთესო ფილმების ნახვის საშუალებას აძლევს  ფესტივალის სხვადასხვა სექციაში. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კულტურის ინსტიტუტებთან, ასევე თბილისის გოეთეს ინსტიტუტთანაც წლობით  ჩამოყალიბებული ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს. კინოფესტივალის სექციაში Made In Germany, გერმანული კინოთი და კულტურით დაინტერესებულ მაყურებელს ყოველწლიურად ეძლევა თანამედროვე გერმანული ფილმების ნახვის შესაძლებლობა.

წელსაც, კინოფესტივალის 24-ე გამოშვებაში, ქართველ მაყურებელს შეეძლება სხვადასხვა თაობის 6 გერმანელი რეჟისორის თემატიკითა და ვიზუალური სტილით ერთმანეთისაგან განსხვავებული ფილმების ნახვა.   


„იდეალური დღეები“ – ვიმ ვენდერსი

ქართველი კინოს მოყვარულები ალბათ ყველაზე დიდი ინტერესით თანამედროვე გერმანული და ევროპული კინოს ცნობილი რეჟისორის ვიმ ვენდერსის ფილმს, Perfect Days/იდეალური დღეები, ელოდებიან. ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის წლევანდელ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სხვათა შორის ფესტივალზე ვიმ ვენდერსის ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმიც, Anselm/ანსელმი, იყო წარმოდგენილი.

იდეალური დღეები იაპონიაშია გადაღებული და ერთგვარ რემინენსაციებს აღძრავს ვენდერის საყვარელი იაპონელი რეჟისორის იასუძირო ოძუს შემოქმედებასთან. ფილმი ტოკიოში მცხოვრები მამაკაცის, ჰირაიამას (მსახიობი კოჯი იაკუშო, 2023 წლის კანის კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის), ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მარტოხელა ინტროვერტის, ჰირაიამას ერთი შეხედვით ერთფეროვანი, რუტინული ცხოვრების წესი ადამიანური არსებობის სიხარულით, სიცოცხლით ტკბობით, გარემომცველ სამყაროსთან ჰარმონიით, საყვარელი ავტორების წიგნებით, ფოტოგრაფიითა და მუსიკითაა გაჯერებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იდეალური დღეები, ვენდერსის მიერ უკანასკნელ წლებში გადაღებულ მხატვრულ ფილმებს შორის საუკეთესოა. სხვათა შორის, ფილმი იაპონელთა მიერ 2024 წლის ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი.  


„ალმოდებული ცა“ – ქრისტიან პეტცოლდი

ვენდერსის მსგავსად, ქრისტიან პეტცოლდის შემოქმედებაც კარგადაა ცნობილი ქართველი მაყურებლისათვის. პეტცოლდი 1990იან წლებში გერმანიაში ჩამოყალიბებული კინო მიმდინარეობის, „ბერლინური სკოლა,“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და თანამედროვე ევროპული კინოს პოპულარული რეჟისორია, რომლის ყოველ ახალ ფილმს სინეასტები დიდი ინტერესით ელოდებიან. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება მისი ბოლო ფილმი, Roter Himmel/ Afire/ ალმოდებული ცა (2023 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზი, ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისათვის). ალმოდებული ცა, ისეთ თემებზე არის აქცენტირებული, როგორებიცაა სიცოცხლის საზრისისა და ღირებულების გაცნობიერება, სიყვარული და მისი გამოხატვის ფორმები,  გლობალური დათბობით გამოწვეული საფრთხეები. პოეტურობით, სილაღით, იუმორითა და ამავე დროს მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნებით დამუხტული პეტცოლდის დრამა შემოქმედებით კრიზისში მყოფი ახალგაზრდა მწერლის ლეონის, მისი მეგობრის ფოტოგრაფ ფელიქსის, მომხიბვლელი და ეროტიკული ნადიასა და ზღვის მაშველი დავითის, ერთად გატარებული ზაფხულის დღეების შესახებ მოგვითხრობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ტყეში მდებარე სააგარაკო სახლში.  


„მუსიკა“
– ანგელა შანელეკი

„ბერლინური სკოლის“ კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენლის, კინორეჟისორ ანგელა შანელეკის ოიდიპოსის ტრაგედიის მითზე დაფუძნებული  ფილმი Musik/ Music/ მუსიკა (2023 წლის ბერლინალეს ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისათვის), პოსტმოდერნული თხრობის სტილითა და ბაროკოს მუსიკის გამოყენებით ჰყვება საბერძნეთის მთებში ქარიშხლიან ღამეს დაბადებული და მიტოვებული იონის შესახებ, რომელსაც სანიტარი აიყვანს შვილად. ზრდასრულობაში იონს ინციდენტი შეემთხვევა, რის გამოც იგი უნებურ მკვლელად იქცევა.  ციხეში იონი ხვდება ზედამხედველ იროს, რომელსაც იონთან  მუსიკა დააკავშირებს, იროსა და იონს ერთმანეთი უყვარდებათ, ქორწინდებიან და ბავშვიც უჩნდებათ, იონი თანდათან მხედველობას კარგავს და ბრმავდება.


„სამასწავლებლო“
ილკერ ცატაკი

თურქული წარმოშობის გერმანელი რეჟისორის ილკერ ცატაკის ტრაგიკომედია Das Lehrerzimmer/ The Teachers`Lounge/სამასწავლებლო, (ფილმს მიღებული აქვს 2023 წლის გერმანული კინოაკადემიის პრიზები: წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი ქალი. ფილმი და მთავარი როლის შემსრულებელი ლეონი ბენეში ასევე წარდგენილი არიან 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის პრიზზე და 2024 წლის ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში).  სამასწავლებლო, გიმნაზიის მათემატიკისა და სპორტის ახალგაზრდა, ენთუზიასტი მასწავლებლის კარლა ნოვაკის მცდელობაზე მოგვითხრობს კორექტულად, მოსწავლეების ღირსების დაცვით და საკუთარი მეთოდის გამოყენებით გამოიკვლიოს სკოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი. გამოძიების შედეგად გიმნაზიაში  განვითარებული მოვლენები კარლას  მორალური და ფსიქოლოგიური დილემის წინაშე აყენებს.


„როდის იქნება ისევ ისე, როგორც არასოდეს ყოფილა“ – სონია ჰაისი

სონია ჰაისის ფილმი Wann wird es endlich wieder so, wie es nie war/ When will it be Again Like it Never was Before/ როდის იქნება ისევ ისე, როგორც არასოდეს ყოფილა, იოახიმ მაიერჰოფის წარმატებული ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს. უზომოდ სევდიანი, მელანქოლიური და ამავდროულად უაღრესად  სასაცილო და თვითირონიული Coming of Age ფილმი, იოახიმის, იგივე აკა იოსეს, ოჯახის უმცროსი შვილის პერსპექტივიდან ჰყვება ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის არაორდინალური ოჯახის ისტორიას. აკა იოსეს ბავშვობის, მოზარდობისა და ზრდასრული წლების არაჩვეულებრივი, სევდიანი და საოცარი იუმორით მოყოლილი ისტორია ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ძალიან ახალგაზრდა, ასევე ზრდასრული მაყურებელისთვის.


„პილპილის მარცვლების ბანდა და განძი ზღვის ფსკერზე“ – ქრისტიან ტეედი

ქრისტიან ტეედეს Die Pfefferkörner und der Schatz der Tiefsee/ The Peppercorns and the Secret of the Deep Sea/ პილპილის მარცვლების ბანდა და განძი ზღვის ფსკერზე, საბავშვო კრიმინალური ფილმების სერიის, პილპილის მარცვლების ბანდა, მეორე ფილმს  წარმოადგენს. კრიმინალური და სათავგადასავლო ჟანრის ხერხების გამოყენებით ფილმი გვიყვება 12 წლის ჰამბურგელი ალისეს, მისი მეგობრის ტარუნის, მათი საერთო მეგობრების  ჯონისა და კლარისას და მეთევზის ქალიშვილის ჰანას მამაცური ბრძოლის შესახებ  კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ, რომლებიც ტარუნის დედას, ჰამბურგელ მეცნიერსა და ოკეანის  მკვლევარ  ჯასვინდერს ემუქრებიან. ფილმი კრიმინალური და სათავგადასავლო ჟანრის კლასიკური თხრობის მანერითაა გადაღებული და ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მაყურებელს საინტერესო და სახიფათო თავგადასავალში მონაწილეობის სიამოვნებას მიანიჭებს.

ავტორი: დინარა მაღლაკელიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა