გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლისაბონი დოკუმენტური კინოს ფესტივალი

Doclisboa და ემპათიის სავარჯიშო | სალომე კიკალეიშვილი

ორი ფილმი, ერთი უკრაინელი ქალი მეტროს ჩასასვლელთან და კითხვა, რას ვაჩვენებთ ბავშვებს

ოქტომბრის შუა რიცხვებში ლისაბონში ჯერ ისევ თბილა. სწორედ ამ დროს ქალაქში დოკუმენტური კინოს ფესტივალი Doclisboa იმართება. სეანსებს შორის დარჩენილ უაზრო დროს კინოთეატრის კიბეებზე ჩამომსხდარები ვატარებთ. როგორც წესი, კიბეებზე ყავისფერ ქაღალდში გახვეული თუთუნის ბურუსი დგას ხოლმე. ყოფილი მწეველი ვარ. ამ ბურუსში ძველი გემო მიბრუნდება, ცოტა მწარე.

საფესტივალო ჩანთაში ჩაწყობილ საჩუქრებს ვათვალიერებ. ისევ იგივეა: ფანქარი, გაზეთი პროგრამით, საპრემიერო ფილმების ბარათები და პორტუგალიის სიამაყე, ლამაზად შეფუთული სკუმბრიის კონსერვი.

შარშან ამ ჭრელაჭრულა ბარათებთან ერთად Amnesty International-ის ფლაერიც დაგვხვდა, „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს“. ისეთი მოულოდნელი იყო, თავის შეკავება ძლივს შევძელი.

„რა, ესე იგი, ამათაც იციან?“ წამით მომეჩვენა, რომ მარტო აღარ ვიყავი. თითქოს ჩემს დარდს ხმა ამოეღო და პორტუგალიამდე ჩამოსულიყო. ჩანთას კიდევ ერთხელ ვჩხრეკ. წელს ფლაერი არ არის.

დარბაზში ხმაურით შევდივართ. ქართული და უკრაინული დოკუმენტური ფილმები უნდა ვნახოთ: ანასტასია ბონადიჰას მოკლემეტრაჟიანი „აპოკალიფსი გუშინ, დღეს, ხვალ და ზეგ“ და რატი წითელაძის სრულმეტრაჟიანი „სიმღერა სახლის გარეშე“. ახლა ვხვდები, რას ნიშნავდა პროგრამაში სეანსის გვერდით მიხატული ზურგჩანთიანი ფიგურა: რიგით მაყურებლებთან ერთად დარბაზში სკოლის მოსწავლეები სხედან. ერთ-ერთს ვარჩევ, ყველაზე ჩუმს, და სკოლაზე ვეკითხები.

კადრი ანასტასია ბონადიჰას ფილმიდან „აპოკალიფსი გუშინ, დღეს, ხვალ და ზეგ“

მე-12 კლასელი ჟოაო ლისაბონის ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში სწავლობს. ბოლო სამ კლასს მოსწავლეები აქ გადიან და პროფესიას ეუფლებიან: ზოგი კომუნიკაციას, ზოგი აუდიოვიზუალურ ხელოვნებას, ზოგი სპორტს. დამთავრების შემდეგ ზოგი პირდაპირ სამუშაოდ წავა, ზოგი უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. უცებ ამატებს: „მაგრამ იცით, ჩემს მშობლებს ეს ცოტა ფული უჯდებათ. დიდ ნაწილს სახელმწიფო ფარავს“. შუქი ქრება. ჟოაოს კლასელებს ეს ნაკლებად ადარდებთ. კინოთეატრის წარმომადგენლებს რამდენჯერმე უწევთ დარბაზში შემოსვლა და ხმადაბლა, თუმცა დაჟინებით შიშინი: შ... შ... შ…

ანასტასია ბონადიჰას ფილმი უკრაინის პატარა ქალაქ ნიკოპოლშია გადაღებული. მისი გმირი ახალგაზრდა კაცი, ბოგდანია. ნიკოპოლი რუსული ძალების მთავარი სამიზნე იყო ატომური სადგურისა და კახოვკის კაშხლის გამო. ონკანში დასალევი წყალი დიდი ხანია აღარ მოდის. ხალხი მას პლასტმასის ბოცებით, სპეციალურ პუნქტებში აგროვებს.

ამ ოცი წუთის განმავლობაში თითქოს ბევრს ვერაფერს იგებ. ბოგდანის საკუთარ თავზე მოყოლილ ფრაგმენტებს ქალაქის ყოველდღიური კადრები ცვლის: ქუჩა, გამვლელები, ბალახის მკრეჭავები, გულდასმით რომ მიჰყვებიან უშნოდ გადაბრეცილ სიმწვანეს, ძირში მოჭრილ ხეებზე მოკალათებული აფუშფუშებული კატები. გამოსახულება მარცვლოვანია, თითქოს შორიდანაა გადაღებული და სპეციალურად შენთვის „მიაზუმეს“, რომ იქნებ დაინახო. კადრს მოყვითალო-მომწვანო ფერი გადაჰკრავს, რაც ფილმს სიზმრისეულ ელფერს სძენს, ცოტა ზღაპრულს. 

დროდადრო განგაშის გრძელი სიგნალი ისმის. ქალაქს თავდასხმა ემუქრება და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ დაძაბულობა, რომელიც სიგნალს შემოაქვს, არც თხრობის ტემპზე მოქმედებს და არც გმირების გადაწყვეტილებებზე. მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ბალახი იკრიჭება. გაჩერებაზე ხალხი ისევ ისე დგას. მიუსაფარი ძაღლი დიდი ლუკმით პირში გარბის ქუჩაზე.

რა აჩერებს ამ ხალხს ქალაქში, სადაც ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდე? ზოგს არსად აქვს წასასვლელი. ზოგი ვიღაცას ვერ ტოვებს. ზოგი კი მარტოა. „იცი, როდის მიდიან? თუ მათ სახლს ჭურვი მოხვდა და დაინგრა, მარტო მაშინ ტოვებენ აქაურობას“, ისმის ბოგდანის ხმა. ეკრანზე დახლზე ვარსკვლავებად დაწყობილი გასაყიდი თევზები ჩანს.

რეჟისორისთვის მთავარი გამოსახულებაა. სიტყვა აქ მეორეხარისხოვანია. ამბავს კი არა, შეგრძნებებს მიჰყვები. კალეიდოსკოპში ჩაყრილ სურათებს ათვალიერებ, ფრაგმენტებს. გაელვებაა. უფრო ზუსტად კი, ლექსი ქალაქზე.

„ეს განგაშის სიგნალი მუსიკალური ნოტი რომ იყოს, რომელი იქნებოდა?“ ისმის ხმა კადრს მიღმა. „როგორც ჩემი და ამბობს, ის ვიოლინოზე უკრავს, ეგ E ნოტაა“.

ოცწუთიანი უკრაინული ფუგა სრულდება. 

მახსოვს, მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“ რომ ვნახე, ალყაშემორტყმული ქალაქის პირველი კვირების ქრონიკა: შიში, შოკი და სასოწარკვეთა ერთმანეთს ენაცვლებოდა. მას შემდეგ ფესტივალებზე უამრავ უკრაინულ ფილმს ვნახულობ. პროგრამაში სიტყვა „უკრაინა“-ს დანახვისას უკვე ვიცი, რაზე იქნება ფილმი: ომზე და ომში მცხოვრებ ადამიანებზე. თითქოს, რამე ახალი ჟანრი იყოს. ახლაც, ახალი ფილმის მოლოდინში, ჩაბნელებულ ეკრანს ვუყურებ და ვგრძნობ, რომ შევეჩვიეთ. ნიკოპოლივით: სიგნალი ისმის, ბალახი კი მაინც იკრიჭება.

ეკრანზე რატი წითელაძის „სიმღერა სახლის გარეშე“ იწყება. ადელინა ტრანსგენდერი ქალია. თერთმეტი წელი საქართველოს ერთ-ერთ სოფელში, მშობლების სახლში გამოკეტილი ცხოვრობდა. მერე ვენაში გადავიდა. წითელაძის კამერა მას იქ მიჰყვება. ემოციურია დედისა და შვილის სატელეფონო საუბრების მოსმენა, გამოგზავნილი ქართული ყავის სურნელით გამოწვეული აღფრთოვანება, პარკში სათუთად გახვეული ღუნღულა სახლის ჩუსტების მორგება.

მძიმე ისტორიაა და მაყურებელი მის მიმართ გულგრილი ვერ რჩება. თუმცა ერთია ამბავი, რომელიც თავისთავად ძლიერია, და მეორეა მისი ფილმად ქცევა. მხატვრულ ჩარჩოში ოდნავი ხელოვნურობაც კი სპილოს ნაბიჯივით მოჩანს. 

უკრაინული ფილმისგან განსხვავებით, სადაც სიტყვას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და მხოლოდ ემოციას მიჰყვებოდი, „სიმღერა სახლის გარეშე“ მიწაზე დგას. ყოფით დეტალებს ეყრდნობა. კამერა არ დისტანცირდება. მსხვილ ხედებში იჭრება, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, მაგალითად, დედის სცენებში (სოფლად დარჩენილი ქალი “ასეთი შვილის გაზრდისთვის” მეზობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება). მაგრამ, თუ ფილმი დეტალებით გესაუბრება, მაყურებელიც დეტალებს ითხოვს. 

კადრი რატი წითელაძის ფილმიდან „სიმღერა სახლის გარეშე“

ადელინა ვენაში ოთხი წელია. „ამდენი მშიერი დილა აღარ მინდოდა“, ისმის მისი ხმა კადრს მიღმა. ამ ოთხი წლიდან ვხედავთ ბინაში მიღებულ კლიენტებს (თავს მეძავობით ირჩენს), დედასთან სატელეფონო საუბრებს, გერმანულის ონლაინ გაკვეთილებს და ღამის ქუჩებში მარტოდ მოხეტიალე ქალს. სხვას არაფერს. მაყურებელი ხვდება, რომ ოთხი წლის ადაპტაცია მხოლოდ ამისგან არ შედგება. დანარჩენს კი, რატომღაც მას არ აჩვენებენ. ვფიქრობ, ეს განზრახ ხდება, მთავარი გმირის მარტოობის ხაზგასასმელად. მაგრამ ასეთი სწორხაზოვნება ფილმს მხოლოდ ასუსტებს. ერთი სცენაა:

კლიენტის წასვლის შემდეგ ადელინა აბაზანაში სველ თმას იშრობს და საქართველოს ჰიმნს ღიღინებს. პირველი უხერხულობა აქ ვიგრძენი. ფილმი ისედაც სავსეა მონატრებით, სევდით, ტკივილით. ყველაფერი უკვე ნათქვამია. ამ ფონზე აბაზანაში ნამღერი ჰიმნი აღარაფერს მატებს, მხოლოდ მძიმედ ეფინება ზედ. თითქოს, გეუბნებიან: აი, ახლა ეს უნდა იგრძნო.

მისი ერთადერთი მეგობარიც ქართველი ქალია, ისიც ტრანსი. ერთ ღამეს გარეთ გადიან. ცარიელ ქუჩებში ქართულს ცეკვავენ, ცელქობენ. ამდენი „სიბნელის“ შემდეგ ფილმი პირველად გვაჩვენებს „სინათლეს“. ოღონდ ისევ ღამით. თავისთავად არც ჰიმნია ხელოვნური და არც ღამის ცეკვა. თუმცა ფილმმა დამიტოვა ნალექი, რომ რეჟისორმა ადელინას ცხოვრებიდან მხოლოდ ის ამოკრიფა, რაც მას დრამისთვის სჭირდებოდა. არადა, დღევანდელ საქართველოში დაბადებული ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება თავისთავად ტრაგედიაა. გაძლიერება არ სჭირდება. სულ რომ არაფერი გააკეთო, უკვე დრამაა.

პირველ ფილმზე ჩემს გვერდით ჩამწკრივებული მე-12 კლასელები სკამებზე უხერხულად იშმუშნებოდნენ და გაუთავებლად ჩურჩულებდნენ. აქ სულ გაჩუმდნენ. მთელი ფილმის განმავლობაში ხმა აღარავის ამოუღია. ტიტრების დროს ჩემს უკან მჯდომმა ჟოაომ მეგობარს გადაუჩურჩულა: „This is crazy, bro“. ბევრი მათგანისთვის ეს, ალბათ, პირველი შეხვედრა იყო ასეთ ცხოვრებასთან. თან, ასე ახლოს.

კითხვების დასმის დრო დადგა. რიგის ბოლოში მჯდომმა ქალმა ხელი აწია. მიკროფონში მისი აკანკალებული ხმა გაისმა. პორტუგალიურად აქცენტით ლაპარაკობდა. ეტყობოდა, რომ ეს ენა მისი მშობლიური არ იყო, და ალბათ ამიტომაც მესმოდა ყველა სიტყვა. „იცით, რა მემართება, როცა განგაშის ხმა მესმის? როცა ბავშვი შუაღამით უნდა ააყენო და უსაფრთხო ადგილას გაიქცე? იმ ბავშვს ამ სამყაროს ნდობა ხომ აღარასდროს ექნება... რას გრძნობს სხვა ადამიანი, ამის გაგება ხომ ყველამ უნდა შევძლოთ? ემპათია ხომ მნიშვნელოვანია?!“ პაუზებით ლაპარაკობდა. მივხვდი, მოსწავლეებს მიმართავდა. ბოლოს, სანამ დარბაზიდან გავიდოდა დაამატა: „ეს სერიოზული საფრთხეა. არ გეგონოთ, რომ აქ დაცულები ხართ“. უკან გავყევი. მეტროს ჩასასვლელთან იყო, როცა ჩემი დაძახილი გაიგო და გაჩერდა.

ლუდმილა 56 წლისაა. ფსიქოლოგია. ოცი წელია პორტუგალიაში ცხოვრობს. კიევში ხშირად ჩადის ხოლმე. მეუბნება, რომ ბავშვები იქ ძირითადად ომობანას თამაშობენ, რუსულ დრონებს ანადგურებენ. „ერთხელ ბაღში ვიყავით. განგაშის ის საშინელი ხმა გაისმა. ბავშვი თამაშობდა. ავიხედე ზემოთ და ხმამაღლა დავიყვირე: „Fuck Russia“ და ადგილზე დავრჩით. მე და ლუდმილა ცოტა ხნით ვსაუბრობთ, გაფანტულად. ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცდით. ბონადიჰას ფილმის გმირებივით ფრაგმენტულები ვხდებით. 

ჩემს კითხვაზე, რას გულისხმობდა, როცა თქვა „არ გეგონოთ, აქ დაცულები ხართ“, მპასუხობს - „რუსკი მირი“ გაგიგია?“. ორგანიზაციაა, რომელსაც დიდი ფული აქვს და ამ ფულს ყველაფერში დებს, განსაკუთრებით განათლებაში.

მიყვება, რომ კოიმბრაში, პორტუგალიის საუნივერსიტეტო ქალაქში, იმ ფაკულტეტის დერეფანში, სადაც რუსულს ასწავლიან, დუგინის პორტრეტი ეკიდა. ალექსანდრ დუგინი რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც წლების განმავლობაში ღიად მოითხოვდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. მთელი უკრაინული თემი იბრძოდაო, რომ ის პორტრეტი ჩამოეხსნათ. რუსული თემები ახლა სკოლის სახელმძღვანელოებშიც ჩნდება და ისინი, სულ სხვანაირადაა წარმოდგენილი, „შეპარულია“ - ამატებს ლუდმილა. 

მერე უცებ პავლო სადოხას იხსენებს, პორტუგალიის უკრაინელთა ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სექტემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯანმრთელობას არ უჩიოდა, გამოძიება ახლაც მიმდინარეობსო. „ეგენი აქამდეც ჩამოვლენ“, მეუბნება ბოლოს. სანამ დავემშვიდობებით, კიდევ ერთხელ მეკითხება: „შაბათს ხომ მოხვალ?“

ყოველ შაბათს როსიოს მოედანზე უკრაინელები იკრიბებიან. ყოველ შაბათს, 2022 წლიდან. დროშებით, ხმის გამაძლიერებლებით, ბავშვებით. მე მხოლოდ ორჯერ ვიყავი. 

* * *

სახლში დაბრუნებული ინტერნეტში კოიმბრას და დუგინის ამბავს ვეძებ. მერე „რუსკი მირს“ ვკრეფ. ერთ-ერთ პორტუგალიურ გამოცემაში ვკითხულობ, რომ 2023 წელს კოიმბრას უნივერსიტეტმა რუსული კვლევების ცენტრის დირექტორი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც ორმა უკრაინელმა აქტივისტმა ის რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა. აი, „რუსკი მირ“-ის ფონდის მიზნების სია კი მართლაც გრძელია: რუსული ენისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით საზღვარგარეთ; იმ უცხოური ორგანიზაციებისა და ადამიანების დახმარება, ვინც რუსული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად; საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერა და სხვა. მინდა გავიგო, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. სამეთვალყურეო ორგანოს წევრების სახელებს ვერ ვპოულობ. მხოლოდ ასე წერია: ფონდის სამეთვალყურეო ორგანო რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა. მის შემადგენლობაშია: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (თავმჯდომარე), რუსეთის განათლების მინისტრი (თავმჯდომარის მოადგილე), რუსეთის კულტურის მინისტრი და რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი.

სახელები, ალბათ, არც არის საჭირო.

„რუსკი მირმა“ და, ასე ვთქვათ, „განათლებაზე“ ზრუნვამ ფილმი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ (2025) გამახსენა. პაველ ტალანკინი ურალის პატარა ქალაქ ყარაბაშის სკოლაში ღონისძიებების ორგანიზატორი და ვიდეოგრაფი იყო. ომის დაწყების შემდეგ სამინისტროდან მითითებები მოდიოდა: რა გადაეღოთ, რა გამოექვეყნებინათ, რომელი ლექსები და სიმღერები გამოეყენებინათ. ბავშვები ომის მხარდამჭერ სიტყვებს წარმოთქვამდნენ. ტალანკინი ამას იღებდა და ანგარიშად აგზავნიდა. მერე კადრები ფარულად შეინახა და ამერიკელ რეჟისორ დევიდ ბორენშტეინთან ერთად გასული წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აქცია; საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო. 

პროპაგანდა გეუბნება, რა თქვა. ცენზურა წყვეტს, რა ნახო.

წელს პირველ კვლევაზე დავიწყე მუშაობა. თემა, მოკლედ რომ ვთქვა, საბჭოთა ცენზურაა კინოში. მუშაობისას გოგი გვახარიას ვიდეოინტერვიუს წავაწყდი, რომელიც მან „რადიო თავისუფლებისთვის“ გადაცემა „ილუზიონის“ ხელმძღვანელ ოთარ სეფიაშვილთან ჩაწერა. ეს ფრაზა დამამახსოვრდა „შოკში ვიყავით. თურმე არსებობს სხვა სამყარო, სადაც ადამიანები ასე ცხოვრობენ (...)“, – იხსენებდა სეფიაშვილი 50-იან წლებში ნანახ იტალიურ ფილმებს და იმ ემოციებს. – „იდიოტები კი არ ვიყავით, ვხედავდით, რომ დიდი განსხვავებაა ცხოვრების დონეში და, რაც მთავარია, ადამიანის ადამიანთან დამოკიდებულებაში! ეს აღმოჩენა იყო ჩვენთვის“.

ჟოაო და მისი კლასელები ამ აღმოჩენებს ფესტივალზე ნანახი დოკუმენტური ფილმებით დაიწყებენ, რომელიც ხან იმას დაანახებს, თუ რას გრძნობს განდეგილი ტრანსი ქალი და ხან იმ ქალაქზე მოუყვება, სადაც განგაშის სიგნალი ბალახის კრეჭას ვერ აჩერებს. 

სხვა თუ ვერაფერი, ასე ემპათიაში მაინც ვივარჯიშებთ. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა