გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ოდისეა ოდისევსი ქრისტოფერ ნოლანი

სხვა ოდისევსი ნოლანისგან | ნიკა ხოფერია

როგორ დავივიწყებდი მე ოდისევსს, მოკვდავთა შორის უჭკვიანესს

ჰომეროსი, „ოდისეა“

ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, არქაულ ხანაში შექმნილი ძველბერძნული ეპოსი, რომელიც დასავლური ლიტერატურის ფუნდამენტსა და კლასიკური საბერძნეთისთვის ისტორიული მეხსიერების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა. სიმონ ვეილის აქვს ერთი კარგი გამოთქმა: „ილიადა“ პოემაა ძალაზე, ხოლო „ოდისეა“ გონებაზე.

მართლაც, ოდისევსის გამჭრიახობა, სიბრძნე, მოხერხებულობა და სიმამაცე განსაკუთრებულ ადგილზე აყენებს მას ბერძნული მითოლოგიის გმირებს შორის. „ილიადაში“ ოდისევსი შედარებით დაჩრდილულია აქილევსის, აიაქსის, ჰექტორის, აგამემნონისა და აქაველთა სხვა გმირებთან შედარებით, თუმცა დასკვნითი აკორდი სწორედ მას ეკუთვნის. „გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროას წმინდა ციხესიმაგრე დააქცია“, - ასე იწყებს ჰომეროსი „ოდისეას“, იხსენებს რა ოდისევსის ხრიკს, ტროას ცხენისა, რომლითაც ბერძნებმა ათწლიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს და გადაწვეს, მშვენიერი ელენე კი მეუღლეს, სპარტის მეფე მენელაოსს დაუბრუნეს.

„ოდისეა“ ეს არის ამბავი ერთგულებაზე, გონიერებაზე, ცდუნებებსა და ვნებებზე და რაც მთავარია, ეს არის ამბავი შინ დაბრუნებისა.

ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით, ლიტერატურაში ოთხი ძირითადი ფაბულა არსებობს: ქალაქის ალყა, რომლის მაგალითია „ილიადა“, ძიება, რომელსაც შეესაბამება „არგონავტიკა“, ღმერთის თავგანწირვა (ქრისტე, ოდინი) და დაბრუნება, რომელშიც, პირველ რიგში „ოდისეა“ იგულისხმება. ბერძნები ანტიკურობის უდიდესი ზღვაოსნები იყვნენ, რომელთაც განავითარეს გემთმშენებლობა, შეისწავლეს ხმელთაშუაზღვისპირეთი, მოიარეს შავი ზღვა, დააარსეს კოლონიები. ამ პროცესში მათ უამრავი თავგადასავალი გადახდათ. თუ უამინდობასა და შტორმს გადაურჩებოდნენ, უცხო მიწებზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ. ახალი ცხოვრების ძიება საბერძნეთის ღარიბი მიწებიდან, რომელიც ბერძნულ პოლისთა გაზრდილ მოსახლეობას ვეღარ აკმაყოფილებდა, აუცილებლობას წარმოადგენდა. ზღვაოსნობაში უპირატესობამ იხსნა ისინი სპარსელთა ბატონობისგან, როცა სალამინის ყურეში ძვ.წ. 480 წელს ჩაძირეს ქსერქსეს ფლოტი.

ბერძნებისთვის „ოდისეა“ - ითაკის მეფე ოდისევსის შინ დაბრუნება მრავალწლიანი ტანჯვისა და ხიფათის შემდეგ, თითქოს ნაცნობი, ახლობელი და კარგად გასაგები იყო. „ილიადასთან“ ერთად, ის ელინთა ისტორიულ მეხსიერებას წარმოადგენდა შორეულ წარსულზე, კრეტა-მიკენურ ეპოქაზე, ბრინჯაოს ხანაზე, გამდიდრებულს ლეგენდებითა და მრავალფეროვანი ამბებით.

ჰომეროსის უკვდავი ნაწარმოებები სიცოცხლეს აგრძელებდა ძველ რომშიც, სადაც დიდმა პოეტმა ვერგილიუსმა „ენეიდაში“ სხვა პერსპექტივით სცადა ეჩვენებინა ტროას ციკლი. ამ დროიდან დღემდე, ჰომეროსს არ დაუკარგავს აქტუალობა.

„ოდისეა“ და მისი დიდებული პერსონაჟები, ოდისევსი, პენელოპე, ტელემაქე, კალიფსო, კირკე, თუნდაც მეღორე ევმენე და ერთგული ძაღლი არგოსი, ბევრჯერ გამხდარა რეჟისორთა შთაგონების წყარო. ოდისეაზე გადაღებული ფილმების სია ძალზე გრძელია და მხოლოდ რამდენიმეს - 1954 წლის „ულისეს”, 1997 წლის მინი-სერიალ „ოდისეასა” და 2024 წლის „დაბრუნებას” დავასახელებ. ამ ფილმებში ოდისევსის როლი კირკ დუგლასმა, არმან ასანტემ და რეიფ ფაინსმა მოირგეს. გარდა იმისა, რომ „ოდისეას“ ყველა რეჟისორი თავისებურად ხედავს და გარდაქმნის, სხვადასხვა წლებში გადაღებული „ოდისეები“ ანტიკურობაზე მეტად ზოგჯერ თანადროული ეპოქის გემოვნებას, სტილს, მოტივაციასაც ასახავს. იგივე მოლოდინი არსებობდა კრისტოფერ ნოლანისგანაც, რომელმაც სხვა დიდებულ ფილმებთან ერთად, სახელი გაითქვა DC-ს ბეტმენის კომიქსებისგან ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ტრილოგიის შექმნით.

ნოლანმა ფერადი კომიქსიდან გამოძერწა მძიმე, ატმოსფერული, ბნელი, რეალისტური ტრილერი, ღრმა და დასამახსოვრებელი პერსონაჟებით.

დიდ ინტერესს იწვევდა, რას შექმნიდა ის ანტიკურობის უდიდესი ნაწარმოებისგან. „ოდისეას“ კი წინ მისი „ოპენჰაიმერი“ უსწრებდა - ასევე ძალზე წარმატებული პროექტი.

ფილმის გადაღების თავისებურებებზე ვრცლად არ შევჩერდები, მაგრამ აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მაინც აღვნიშნავ: როცა რეჟისორი ამ მასშტაბისა და უზარმაზარი ბიუჯეტის ფილმს იღებს, აუცილებლად უწევს, გაითვალისწინოს კინოკომპანიის მოთხოვნილებები, დაიქირაოს პოპულარული მსახიობები და ჰქონდეს შესაბამისი „პიარი“, რათა ფილმით დიდი თანხის გამომუშავება შეიძლებოდეს.

„ოდისეას“ სამსახიობო შემადგენლობაში აღმოჩნდნენ ის მსახიობები, რომელთა გარეშე თანამედროვე კინო თითქმის ვეღარ წარმოგვიდგენია: ზენდაია (ათენა) და ტომ ჰოლანდი (ტელემაქე). გამოცდილმა მეტ დეიმონმა და ენ ჰეთვეიმ ოდისევსისა და პენელოპეს როლები მოირგეს, შარლიზ ტერონმა კალიფსოსი, რობერტ პატისონმა ანტინოესი, ჯონ ბერნტალმა მენელაოსის, ელიოტ პეიჯმა სინონის, ბენი საფდიმ აგამემნონის, სამანტა მორტონმა კირკეს, ტრევის სკოტმა ფემიოსის. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი მშვენიერი ელენესა და კლიტემენსტრას როლში შავკანიანი ლუპიტა ნიონგოს შერჩევას მოყვა (თუმცა, ჩემი აზრით, მია გოთი მელანთოს როლში არანაკლებ შეუსაბამოდ გამოიყურებოდა).

მულტიკულტურულმა სამსახიობო შემადგენლობას უდიდესი უკმაყოფილება მოყვა საზოგადოებისგან და თან შექმნა დიდი მოლოდინი - როგორ შეძლებდა დიდი რეჟისორი „ოდისეას“ ატმოსფეროს, უძველესი კრეტა-მიკენური ცივილიზაციის ავთენტურობის გადმოტანას ფილმში, თუ აქცევდა მას რიგით ფენტეზი სამყაროდ.

და რა სხვაობაა „ოდისეასა“ და თუნდაც „ნარნიას“ ან რამე თანამედროვე ფენტეზს შორის, ქვემოთ ავხსნი, რადგან, ხშირად ვხვდები მოსაზრებებს, თითქოს ეს ორი ერთი და იგივეა და ორივე გამოგონილი ამბავია. ეს აზრი, ისტორიისა და ლიტერატურის ძალზე ზედაპირული ცოდნიდან მომდინარეობს.

ნოლანმა გამოიყენა IMAX კამერები და თავი აარიდა CGI-ს. მსახიობების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი იყო და უდიდესი სამუშაო შეასრულა გადამღებ ჯგუფთან ერთად.

კრისტოფერ ნოლანი „ოდისეას“ გადაღების პროცესში

ფილმი 2026 წლის ივლისში გამოვიდა და დიდმა მოლოდინმა მას დიდი ფინანსური წარმატებაც მოუტანა. ბევრ ადამიანს, რომელიც ტრეილერის ნახვის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებდა რეჟისორს, მოუხდა აღიარება, რომ ფილმი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წარმოიდგენდნენ. კინოკრიტიკოსების დიდმა ნაწილმა, დადებითი შეფასებები დაუწერა „ოდისეას“. თუმცა იყო ცალკეული კრიტიკული მიმოხილვებიც. მათ შორის, კლასიკური ფილოლოგის, ემილი ვილსონისგან, რომლის ნათარგმნი „ოდისეაც“ გამოიყენა რეჟისორმა ფილმის სცენარის დასაწერად. ყველა პერსონაჟსა და ეპიზოდს დეტალურად ვერ შევეხები, მაგრამ რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფ:

რასაკვირველია, ჩემეული შეფასება კინომცოდნეების შეფასებებისგან განსხვავებული შეიძლება იყოს, ვინაიდან, როგორც ისტორიკოსი, სხვა დეტალებს ვაქცევ ყურადღებას.

ზოგადად, დარწმუნებული ვარ, ბევრი მაყურებლისთვის „ოდისეა“ დიდი მასშტაბის, ეფექტიანი, დინამიკური და საინტერესო ფილმი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ქრონომეტრაჟი თითქმის 3 საათს აღწევს, არაა დამღლელი და გიზიდავს, რათა ბოლომდე ნახო, რა ბედი გადაუწყვიტა ოდისევსს კრისტოფერ ნოლანმა, ვინაიდან, მისი ადაპტაციები ხშირად გამოირჩევა ორიგინალურობით და ამ შემთხვევაშიც, გარკვეული ცვლილება შეიტანა: არის ეპიზოდები, რომელიც ოდისეას კლასიკურ ვერსიას გვახსენებს - ძაღლი არგოსი, მეღორე ევმენე, ტელემაქესგან მამის ძიება, ოდისევსის მშვილდის ამბავი და პენელოპეს დავალება.

ფილმში დაჭერილია რეალურსა და მითოლოგიურს შორის ზღვარი: ტელემაქესა და პენელოპეს ეპიზოდები, ხელის მთხოვნელებთან ერთად, ისტორიულთან უფრო ახლოა, ხოლო ოდისევსის თავგადასავალი - მითოლოგიურია.

ამან გააჩინა საფუძვლიანი თეორია, რომ მითოლოგიური თავგადასავლები სიზმარი, მოლანდება, წარმოდგენაა ოდისევსისა და არა ის, რაც რეალურად მოხდა მას შემდეგ, რაც ბერძნებმა ტროა გადაწვეს და უკან ბრუნდებოდნენ. საინტერესო იყო ვერგილიუსის „ენეიდას“ პერსონაჟ სინონის ეპიზოდიც, რომელიც ორიგინალ ნაწარმოებში არ გვხვდება, მაგრამ კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზი გააჩინა, რომელიც ანტინოესაც უკავშირდებოდა. მოწონებას იმსახურებს ჯონ ლეგვიზამოს შესრულებული მეღორე ევმენე და ძაღლი არგოსის ამბავი, რომელიც პატრონისადმი ერთგულების სიმბოლოა. რეჟისორმა კი წინარე ისტორიაც დაურთო და კიდევ უფრო დრამატული და შინაარსიანი გახადა არგოსისა და ოდისევსის უკანასკნელი სცენა.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ ფილმს აქვს, არის ის, თუ როგორაა წარმოჩენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟი და რამდენადაა აცდენილი ორიგინალ ნაწარმოებს. პირველ რიგში, ოდისევსი, რომელიც განთქმული იყო ცბიერებით, მოხერხებულობითა და ჭკუით, მთელ რიგ ეპიზოდებში მოუმწიფებელ, სულელურ გადაწყვეტილებებს იღებს და იქამდეც კი მიდის საქმე, რომ საკუთარი ეკიპაჟი უბედურების მომტანად თვლის და სურსათ-სანოვაგისთვის მეომრები მის გარეშე წავლენ. ის, რომ ჩვენ არ ვუყურებდით ოდისეასებურ ოდისევსს, განსაკუთრებით იგრძნობოდა ციკლოპ პოლიფემესა და ლესტრიგონელების ეპიზოდებში. ოდისევსი ცნობილი იყო ქალების სიყვარულითაც - მისმა ეკიპაჟმა ძლივს მოსწყვიტა ის კირკეს; შემდეგ კი კალიფსოსთან (გვიანდელ ტექსტებში) იცხოვრა ხანგრძლივად. ორივესგან ოდისევსს შვილები ჰყავდა, ისევე, როგორც სხვა ქალებისგანაც. ითაკის მეფე გამორჩეული მშვილდოსანი და მეომარიც იყო და ეს თვისებები ფილმშიც შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი გონებამახვილობისა და ამპარტავნების გარეშე, რით განსხვავდება ის ტროას ომის მონაწილე სხვა მეომართაგან? ეს ეჭვები ცოტათი გააქარწყლა ოდისევსის ქმედებებმა კირკესთან, სირინოზებსა და სცილა-ქარიბდას ეპიზოდებში, მაგრამ ვერც ეს გამოდგა დამაჯერებელი. 

ნოლანის ოდისევსი ომიდან მომავალი, ტრავმირებული, ფსიქიკურად გატეხილი, სინანულის გრძნობით შეპყრობილი ჯარისკაცია და ეს განცდა მთელი ფილმის მანძილზე მიყვება ტროას ომის გახსენებით.

ამას ზურგს უმაგრებს ის თუ როგორაა წარმოჩენილი ბერძნულ პანთეონის ღმერთები. ისინი ორიგინალ „ოდისეაში“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ითაკის მეფის თავგადასავლებში, მაგრამ ფილმში ისინი მინიმალურად არიან წარმოჩენილები. ერთადერთი ღმერთი, რომელიც ნოლანმა წარმოგვიდგინა, იყო ათენა, რომლის როლს ზენდაია ასრულებდა და ცალკეულ ეპიზოდებში ეცხადება ოდისევსს. ათენას ჰქონდა ერთ-ერთი ქურუმი ქალის სახე, რომელიც ბერძნებმა მოკლეს ტროაში ათენას ტაძრის დარბევისას. ის არის ოდისევსის სინანული ომში ჩადენილი დანაშაულობებისთვის და, სავარაუდოდ, მისსავე გონებაში ხდება. 

კადრი ფილმიდან „ოდისეა“. ოდისევსი (მეტ დეიმონი) და ათენა (ზენდაია).

სხვა ღმერთები ნოლანმა სტიქიების, სასჯელის სახით გააცოცხლა. მაგალითად, ზევსი ჭექა-ქუხილის სახით, პოსეიდონისა და ჰელიოსის შურისძიება იმ უბედურებების თავს დატყდომით, რომელიც ოდისევსის ეკიპაჟს შეიწირავს. ზევსისადმი მოწიწება და შიში იგრძნობა ბერძნულ სტუმარმასპინძლობის წესშიც „ზევსის კანონში“, რომლის მიხედვითაც „სტუმარი ღვთისაა“ და შეიძლება მისი სახით, თვით ღვთაებას უწევდე მასპინძლობას.

დიდი ცვლილებები შეეხო კირკეს პერსონაჟსაც. მიუხედავად იმისა, რომ მისგან ოდისევსის ეკიპაჟის ღორებად გადაქცევა ეფექტიანი სცენა იყო, კირკეს მოტივაცია, გარეგნობა, დამოკიდებულება, ძალიან განსხვავდება ოდისეას ორიგინალი პერსონაჟისგან. ვფიქრობ, აქ რეჟისორმა, ისევე როგორც მშვენიერი ელენეს შემთხვევაში, სცადა „ოდისეას” მთარგმნელი ემილი ვილსონის მსგავსად, დაეძლია „ოდისეას” პატრიარქალურობა და უფრო რეალისტური მოტივაცია და ხასიათი მიეცა ქალი პერსონაჟებისთვის. როგორც ერთ, ისე, მეორე შემთხვევაში, ეს საკმაოდ გაუგებარია - „ოდისეაში” უმნიშვნელოვანესი ქალი პერსონაჟები და ქალღმერთები არიან და „ოდისევსის” ბედიც, ფაქტობრივად, მათზეა დამოკიდებული.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფილმის გადაღებებიდან პირველი სურათები და ვიდეოები გამოჩნდა, ბევრმა გააკრიტიკა ნოლანის შერჩეული დიზაინი, სტილი. მართალია, რეჟისორს არ მოეთხოვებოდა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეების აღჭურვილობის ზუსტად გადმოტანა, მაგრამ რაც მან ფილმში შემოგვთავაზა, იმაზე გაცილებით უარესი იყო.

განსაკუთრებით, ტროელების აბჯარ-იარაღი, რომელიც იაფფასიან, კოსპლეის რეკვიზიტებს უფრო ჰგავდა, ვიდრე მაღალბიუჯეტიანი ფილმისას. კრეტა-მიკენური იარაღ-საჭურველი, კარგად ჩანდა ითაკის სასახლის კედლებზე და უკანასკნელი ბრძოლისას, ზოგიერთი გამოიყენეს კიდეც, მაგრამ, მანამდე, არც ტროას აღების სცენებში, არც ტროადან უკან დაბრუნებისას, ოდისევსის ხალხს მსგავსი არაფერი ჰქონდა. ბრინჯაოს ხანის ატმოსფეროს შესაქმნელად, ითაკაში, ოდისევსის სახლში, თითო-ოროლა არტეფაქტი მოათავსეს - მათ შორის, კნოსოსის სასახლის ცნობილი სამეფო ტახტი. ზოგადად, ითაკის სცენები გაცილებით უკეთესი და უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე ოდისევსის მოგზაურობისა.

აქა-იქ ტრევის სკოტის შესრულებული მგოსან ფომიოსის ფრაზებიც გაისმოდა. ნოლანმა ჩათვალა, რომ მაშინდელი სახალხო მთქმელები თანამედროვეობაში ჰიპ ჰოპ არტისტებს შეესაბამებოდა და როლსაც პოპულარული რეპერი მოარგო.

რამდენად გაამართლა, სხვა საქმეა, მაგრამ ეს შედარებით წვრილმანი პრობლემაა. უცნაური გადაწყვეტილება იყო ლესტრიგონელების სრულად ლითონის აბჯარში გამოწყობაც, რომელიც, შუა საუკუნეების რაინდების აღჭურვილობას უფრო მოგვაგონებს; ლესტრიგონელი ბავშვის სამოსიც შუა საუკუნეებიდანაა გადმოტანილი; ისევე როგორც მენელაოსისა და ტელემაქეს სანადირო ტანსაცმელი. ყველაფერს აჭარბებს, აგამემნონის აღჭურვილობა, რომელიც მაშინვე გვახსენებს ნოლანს რომ „ბნელი რაინდის” ტრილოგია აქვს გადაღებული. ისევ და ისევ, ამ, ფუტურისტული და დროებში აზელილი დიზაინებით,  იკარგება ანტიკურობის ხიბლი და ფილმი ატმოსფერული აღარ არის. არც იორანსონის კინო-მუსიკა ეყო ნოლანს ანტიკური, არქაული გარემოს შექმნისთვის. ძველი ინსტრუმენტების გამოყენებამ, ცალკეულ ეპიზოდებში იმუშავა, მაგრამ, მთლიანობაში ფილმს დააკლდა ეპიკური კომპოზიციები. სამწუხაროა, ცოცხალი რომ აღარ არის დიდი ბერძენი კინო კომპოზიტორი ვანგელისი, რომელიც, ჩემი აზრით, ბრწყინვალე არჩევანი იქნებოდა „ოდისეასთვის“.

ხმელთაშუაზღვისპირეთი, ერთ-ერთი ულამაზესი, ნაირფერი სივრცეა, მაგრამ ნახეთ „ოდისეა” და სცადეთ მიამსგავსოთ ეგეოსის კუნძულებს, აფრიკის სანაპიროს, სამხრეთ ბალკანეთს. ფილმში შექმნილ უფერულ, ცივ და ბნელ გარემოს და ოდისევსის ხომალდს თუ ავიღებთ, რომელიც, ფაქტობრივად, სკანდინავიური დრაკარია, ისეთი შთაბეჭედილება ჩნდება, თითქოს ვარანგების ვოლგაზე მოგზაურობას ვადევნებდეთ თვალს და არა ბერძნებისა ეგეოსის ზღვაში.

ძალზე კომიკური ჩანდა ეპიზოდი, რომელშიც ოდისევსის ეკიპაჟი, ერთ-ერთ კუნძულზე შეპყრობილ მოხუცს კითხავდა. ეს მოხუცი ერთადერთი ბერძენი მსახიობი იყო ფილმში და საინტერესოა, რომ რეჟისორი მას ბერძნულად ალაპარაკებს. და მისი ბერძნული ეკიპაჟიდან ერთს, ევრილოქეს ესმის და ინგლისურად უთარგმნის სხვებს. არ ვიცი, რისი გამოხატვა მოინდომა რეჟისორმა ამით - ოდისევსის ეკიპაჟი იმდენად გაუცხოვდა ტროას ომში, რომ საკუთარი ენა აღარ ესმოდათ?

ყველაზე უარესი და ანაქრონისტული კი იყო სცენა, რომელშიც საუბრობენ ბრინჯაოს ხანის კოლაფსსა და ზღვის ხალხებზე, თანამედროვე ისტორიკოსების ჩამოყალიბებული ქრონოლოგიური ჩარჩოებითა და ტერმინებით. ფილმში ისე ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანაში მცხოვრებმა იცის, რომ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობს და იცის ისიც, რომ ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციების „კოლაფსი” უნდა მოხდეს.

ბრინჯაოს ხანის კოლაფსი თანამედროვე ტერმინია და უკავშირდება ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში ცივილიზაციების დაცემას სხვადასხვა მიზეზებით, რომელთა შორის ერთ-ერთია „ზღვის ხალხები“. დღემდე ზუსტად არაა დადგენილი, ვინ იყვნენ ზღვის ხალხები, რამდენად დიდი არეალიდან მოვიდნენ და რამდენად მასშტაბური იყო მათი შემოტევები; „ოდისეაში“ კი დაადგინეს რომ თვითონ ტროას ომის მონაწილე აქაველები ყოფილან და გამოუწვევიათ „ბრინჯაოს ხანის კოლაფსი“. ეს დაახლოებით იგივეა, 235 წელს რომელიმე რომაელს აღენიშნა, მესამე საუკუნის კრიზისიაო ან 1918 წელს, მსოფლიო ომის დასასრულს ჯარისკაცს ეთქვა, როგორც იქნა მორჩა I მსოფლიო ომიო. ამიტომ ეს დეტალი, ძალზე არასერიოზულად გამოიყურებოდა და არ ვიცი, რამდენად საჭირო იყო საერთოდ ფილმისთვის. „ბრინჯაოს ხანის კოლაფსის“ გასამართლებლად არც ანტიკური ბერძენი ავტორის, ჰესიოდეს ჩამოყალიბებული ქრონოლოგია - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და გმირების ეპოქები გამოგვადგება, ვინაიდან ის ტროას მთელ ციკლს ათავსებს „გმირთა ეპოქაში“, რომელიც ბრინჯაოს ეპოქას მოსდევს და არც ჰესიოდე გულისხმობს ამ ბრინჯაოში უშუალოდ იარაღის დასამზადებელ შენადნობს, რომლის გამოყენების სიხშირითაც ისტორიკოსები გამოყოფენ ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანებს.

კადრი ფილმიდან „ოდისეა“. პენელოპე (ენ ჰეთვეი)

„ოდისეას“ მიწურულს, ბევრი ნოსტალგიური სცენა იყო ორიგინალი ნაწარმოებიდან - ოდისევსის შეხვედრა ევმენესთან, საყვარელ ძაღლ არგოსთან, ტელემაქეს გადარჩენა პილოსში. კულმინაცია, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ოდისევსისგან თავისი ძველი მშვილდის ლარის გაბმა და ისრის მიზანში ტყორცნა, შემდეგ კი პენელოპეს ხელის მთხოვნელთა ამოწყვეტა, ნოლანს საკმაოდ ჰომერული გამოუვიდა. თუმცა მან ამ სცენასაც დამატებითი დეტალები შესძინა. რობერტ პატისონი ცოტა ამოვარდნილი ჩანდა ანტიკურობის ესთეტიკიდან, მაგრამ ანტინოეს სახით კარგი ბოროტმოქმედი შემოგვთავაზა და მისმა სიკვდილმაც მაყურებლის ოვაცია გამოიწვია.

ნოლანმა, სამწუხაროდ, არ განავითარა ტელემაქეს პერსონაჟი, რომელიც ოდისეას დაწყებიდან ამ მომენტამდე თითქმის არ იზრდება, ხოლო ორიგინალ თხზულებაში გაცილებით ანგარიშიანი, სასტიკი ხდება და მამას აქტიურად ეხმარება.

ნოლანი არ დასჯერდა „ოდისეას“ ტრადიციულ ფინალს და ოდისევსი ითაკიდან დასავლეთით გაგზავნა იმ გარდაცვლილთა სულებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც გზად დაიხოცნენ და როვორც წესი და რიგია, მათი ისე დაკრძალვა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ნაჩვენები იყო, ხელის მთხოვნელებთან და მათ მსახურებთან ბრძოლაში დაჭრილი ოდისევსი, პენელოპეს ხელში ისე გამოიყურებოდა, შეგვიძლია ისიც ვიგულისხმოთ, რომ ის დაიღუპა და რაც შემდეგ აჩვენეს, მის წარმოდგენაში ხდებოდა.

ფილმის ბოლოსკენ, უკვე საბოლოოდ გიყალიბდება აზრი, რომ „ოდისეა“ არის ტიპური, ანტისაომარი ფილმი, რომელიც, შეიძლება ჩვენს დროში მართლაც საჭიროა და მნიშვნელოვან შეტყობინებას ატარებს, მაგრამ ამავე დროს, ამან, გარკვეულწილად, ხელი შეუშალა ანტიკური ეპიკური პოემის გაცოცხლებას.

გმირების ეპოქა, ღმერთები, ნახევარღმერთები, ნიმფები, ტიტანები, ნახევარტიტანები, მითოლოგიური ურჩხულები, დიდი ბერძენი მეომრების ჰეროიკული თავგადასავლები - რეჟისორი ბევრს შეელია იმისთვის, რათა „ოდისეა” ომის ვეტერანის ფსიქოლოგიური ტრავმის, წუხილის, სინანულისა და ფერისცვალების არც ისე ორიგინალურ ამბად გადაექცია.

თუ ავიღებთ პირობით 10-ქულიან შეფასებით სისტემას, ჩემთვის ფილმი 6.5 შეფასებას იმსახურებს, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ,  ცალკეული კრიტიკული შეხედულებების მიუხედავად, რომ ის უდავოდ გახდება ამ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი და ოსკარებზეც გამოიჩენს თავს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ნოლანმა ამ ფილმით კინოეკრანებს დაუბრუნა მაყურებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და გაზარდა ანტიკური ლიტერატურის ისეთი დიდებული ნაწარმოებების პოპულარობა, როგორიცაა „ილიადა“ და „ოდისეა“. იმედი მაქვს, მომავალში ეს უკვდავი კლასიკა კვლავ მოექცევა რეჟისორთა ობიექტივში, რათა შეგვახსენოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი თავგადასავალი ითაკის მამაცი და გამჭრიახი ხელმწიფისა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა