გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დიუნი ტიმოთი შალამე დენი ვილნევი

როგორ გადაიღო დენი ვილნევმა კოსმოსური ოპერა | ნიკა ხოფერია

ფრენკ ჰერბერტის „დიუნი“ სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა და ერთ-ერთი საკვანძო ნაწარმოებია, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა, შთაგონებად იქცა მრავალი ავტორისთვის და ჟანრის განვითარებაში ლომის წვლილი შეიტანა. ესაა ნამდვილი კოსმოსური ოპერა, შეზავებული ფენტეზის ელემენტებით. ამ მხრივ, ის ჟანრის განმსაზღვრელ ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელსაც“ კი ედრება.

სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკაზე, ფრენკ ჰერბერტის „დიუნზე“ კანადელი რეჟისორის, დენი ვილნევის პირველი ფილმი 2021 წელს გამოვიდა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აქამდე ამ საკულტო ნაწარმოების ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ეკრანიზაციად დევიდ ლინჩის 1984 წლის „დიუნი“ მიიჩნეოდა. ბევრი ობიექტური მიზეზის გამო, ფილმი „ჩავარდა“ და ლინჩმაც კი აღნიშნა, რომ ეს ნამუშევარი „გიგანტურ მწუხარებად“ დარჩა მის ცხოვრებაში. მას მერე „დიუნის“ გულშემატკივრები მუდამ ელოდნენ ახალ ადაპტაციას.

გარკვეული პერიოდი იმასაც ამბობდნენ, რომ „დიუნის“ გადაღება რთული ან თითქმის შეუძლებელი იყო. უდიდესი ტექნოლოგიური პროგრესისა და შესაძლებლობების ფონზე, ეს წარმოდგენა ნელ-ნელა შეიცვალა.

2017 წლიდან, პროექტს, დღეისთვის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთმა საუკეთესო რეჟისორმა, „სამართებელზე მორბენალი 2049-ის“ (Blade Runner 2049) შემოქმედმა, დენი ვილნევმა მოკიდა ხელი და 2021 წელს „დიუნის“ სამყაროს ახალი სული შთაბერა. მართალია, ფრენკ ჰერბერტის ნოველები ისედაც ნაცნობი იყო მკითხველისთვის, თუმცა ახალი ფილმის გამოსვლამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესა, წაეკითხა წიგნებიც. თავის დროზე არც ჯონ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ იყო უცნობი, მაგრამ პიტერ ჯექსონის ფილმებმა ანალოგიური ეფექტი და ინერცია გააჩინა წიგნების მიმართ.

„დიუნის“ პირველი ფილმი ცხადად სკრუპულოზურად და დეტალებზე დაკვირვებით მიღებული ნამუშევარია. დენი ვილნევმა თავისი კარიერის ალბათ საუკეთესო და ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი შემოგვთავაზა. კარგი მსახიობები, წიგნს მაქსიმალურად ნაკლებად აცდენილი ძირითადი სიუჟეტი, ბრწყინვალე სპეცეფექტები, სამოსი, ფუტურისტული არქიტექტურა, პატრის ვერმეს შექმნილი გამორჩეული დიზაინი - ყველაფერი შესანიშნავია. პლანეტა არაკისი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება თავისი ეკოლოგიური თავისებურებებით - მუდამ მოძრავი ქვიშის დიუნებით, უზარმაზარი ჭიებით; ჰარკონენების აშენებული ბრუტალისტური ნაგებობებით, ადგილობრივი ფრემენების „სიჩებით“ - საბინადროებით, რომელიც ნაბატეის ძველ დედაქალაქ პეტრას მოგვაგონებს.

შესანიშნავია ჰარკონენების პლანეტა გიედი პრაიმიც - სახასიათოდ ინდუსტრიული და დეპრესიული გარემოთი; ფილმის პირველ ნაწილში გამოსარჩევია საიმპერიო არმიის - სარდაუკარების პლანეტა სალუსა სეკუნდუსი - მოქუშული, შემზარავი და ბნელი ადგილი, რომელზეც სულ ერთი სცენაა გადაღებული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელიც, სარდაუკარების რიტუალური კურთხევით. ორივე ფილმში, დიდებულია კოსმიური მოგზაურობის ის მცირე კადრებიც კი.

„დიუნის“ მეორე ნაწილი გრძელდება ზუსტად იქ, სადაც პირველი მთავრდება და სწრაფი ტემპითვე მიჰყვება სიუჟეტს. შორეულ მომავალში, გალაქტიკურ იმპერიაში, ორი ფეოდალური სახლის - ატრეიდისებისა და ჰარკონენების დაპირისპირება, ცბიერი იმპერატორის დახმარებით, ჰარკონენების გამარჯვებით დასრულდა უდაბურ პლანეტა არაკისზე, დიუნზე, რომელზეც ბინადრობენ უზარმაზარი ჭიები და მოიპოვება ამ ჭიების მეშვეობით წარმოქმნილი, სამყაროს უმთავრესი მამოძრავებელი რესურსი - მელანჟი. დაღუპული ჰერცოგის საყვარელი ქალი, ბენე გეზერიტების იდუმალი ორდენის წევრი ჯესიკა და ვაჟი პოლი გადარჩებიან და პლანეტა დიუნის უცხოელთა მიმართ მტრულად განწყობილ მოსახლეობას შეერევიან.

„გადარჩენა უცნობ წყლებში ცურვის უნარია.“

- და მთავარ გმირსაც სწორედ უცნობ წყლებში ცურვით მოუწევს გამოწრთობა და გამარჯვებისკენ სვლა. ბენე გეზერიტების გამიზნული პროპაგანდა ფრემენებს აღმოსავლური რელიგიების, მესიის მოლოდინში მყოფ მიმდევართ ამსგავსებს. მესიობისთვის კი ატრეიდისების გვარის გადარჩენილ მემკვიდრეს თითქმის ყველაფერი აქვს. უშუალოდ ამბავს ჩვენ აქ ვწყვეტთ, თავად რომ წაიკითხოთ, იხილოთ და ისიამოვნოთ.

ტიმოთი შალამე, ხავიერ ბარდემი, რებეკა ფერგიუსონი, კრისტოფერ ვოლკენი, ფლორენს პიუ - ფილმის ასეთი ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობა, თავისთავად, მეტ ინტერესს იწვევდა ფილმისადმი, თუმცა, შეიძლება, გადაჭარბებულიც კი იყო და ზოგიერთ როლზე, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ, უფრო შესაბამისი მსახიობის მოწვევა შეიძლებოდა; სულ პატარა, ეპიზოდურ როლებსაც კი ვარსკვლავები ასრულებენ. ეს შეიძლება სწორი მარკეტინგული სვლა იყოს, მაგრამ ნამუშევარი დააზარალოს. ვარსკვლავებით ბევრად ნაკლებ დატვირთული, თუმცა იდეალურად შერჩეული სამსახიობო ჯგუფით უზარმაზარი წარმატების მიღწევის შესანიშნავი მაგალითია ისევ და ისევ „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელშიც ბევრი თითქმის ახალბედა ან ნაკლებად ცნობილი მსახიობია - მოტივაციით სავსე და როლისთვის ზედგამოჭრილი.

მასშტაბური ფილმების გადაღების დროს რეჟისორზე სტუდიის მხრიდან ხშირია ზეწოლა და ე.წ. ჰოლივუდური მომენტები: ფილმი მასებისთვის სანახაობრივი უნდა იყოს, გაიყიდოს; ეს კი შემოქმედებით დამოუკიდებლობას ართმევს რეჟისორს. მსგავსი რამ მოხდა რობერტ ეგერსის „ჩრდილოელის“ (the Northman, 2022) გადაღების დროსაც. ეგერსი უფრო დაბალბიუჯეტიან, მაგრამ ორიგინალურ ფილმებს იღებდა და ეს მისი პირველი მაღალბიუჯეტიანი პროექტი იყო, რის გამოც მოუხდა გარკვეულ დათმობებზე წასვლა სტუდიასთან. კომერციულმა ინტერესმა დააზარალა პიტერ ჯეკსონის „ჰობიტიც“. „დიუნის“ შემთხვევაში, ეს ნაკლებად საგრძნობია, თუმცა არც მთლად ისეთი მცირე, რომ ვერ შევამჩნიოთ. მიუხედავად ამისა, ვილნევის დადანაშაულება არ მინდა. როცა ასეთი დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება და ძალიან გჭირდება დიდი სტუდიების მხარდაჭერა, რათა გადაიღო შენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სამეცნიერო ფანტასტიკის უდიდესი კლასიკა, შეიძლება მოგიხდეს დათმობებზე წასვლაც. ყოველი მცირე ჰოლივუდური მომენტი, რომელიც ფილმში გვხვდება და ზოგჯერ ცოტა ოხუნჯურ, არასერიოზულ დამოკიდებულებას აჩენს, პირადად ჩემთვის, არ იყო დიდად სასიამოვნო, მაგრამ არ იყო ძალიან უხეშად გაკეთებული და, რაც მთავარია, არ აფერხებდა დიუნის ატმოსფეროსა და რიტმს.

ტიმოთი შალამე, როგორც პოლ ატრეიდისის პერსონაჟი, ძალიან გაიზარდა ფილმის პირველი სცენებიდან ბოლომდე. პოლი, ბენე გეზერიტების გენეტიკური ექსპერიმენტის ერთ-ერთი ნაყოფი, განსაკუთრებული უნარებითაა დაჯილდოებული და ის შესანიშნავად უღებს ალღოს პლანეტა არაკისს, რომელთანაც გადაჯაჭვულია მისი და სამყაროს მომავალი. რთულია ფილმში გადმოცემა იმ შინაგანი ბრძოლისა, რომელიც პოლმა გადაიტანა, თითოეული ნაბიჯის გადადგმის წინ, როცა განჭვრიტა მომავალი და ნახა, რა საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.

პერსონაჟის განვითარების, მისი შინაგანი ბრძოლებისა და დროთა განმავლობაში - რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების ნახვისას, მაყურებელი, ალბათ დაფიქრდება და გაუჩნდება კითხვა - ვინ არის „დიუნის“ მთავარი უარყოფითი პერსონაჟი?

რეჟისორმა პოლის გრძნობებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაწილობრივ გადმოცემა მოახერხა მისი ჩანისთან (ზენდაია) ურთიერთობის მეშვეობით. ამავე დროს, ჩანი წარმოჩენილია, როგორც მესიის კულტისადმი სკეპტიკურად განწყობილი ფრემენების სახე. ფრენკ ჰერბერტის რომანში ჩანი მართალია, პოლის მთავარი სიყვარულია, მაგრამ, ის უფრო მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, ვილნევმა კი მაქსიმალურად გამოიყენა და ფრემენი ქალის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა - ძლიერი, თავისუფალი, მეამბოხე, რომელიც ცდილობს, სხვებსაც აუხილოს თვალი. ვფიქრობ, ჩანის ფილმში საჭიროზე მეტი დრო დაეთმო. ეს გასაკვირი არაა და გარკვეულწილად თანამედროვე დროის მოთხოვნაც ასეთია.

თანამედროვე კინოში ძლიერი, ჭკვიანი ქალი პერსონაჟების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა და ხშირად კაცი პერსონაჟების ჩანაცვლებაც ხდება ქალებით.

მაგალითად, დიუნის პირველ ნაწილშიც, წიგნში ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი და ჩანის მამა, პლანეტა არაკისის ეკოლოგი დოქტორი ლიეტ კაინსი ქალად წარმოაჩინეს. ჩანის პერსონაჟი ნამდვილად საჭიროებდა შედარებით უკეთეს განვითარებას, თუმცა ეს დრო ზოგიერთ სხვა პერსონაჟს და სცენას დააკლდა. 

რეჟისორს არ გამორჩენია ბენე გეზერიტების ორდენის მისტიკური ელემენტები, ფსიქოლოგია და მენტალური ძლიერება - ეს ყველაფერი კარგად გადმოსცა ჯერ შარლოტა რემპლინგის (ღირსი დედა გაიუს ჰელენ მოჰიამი), შემდეგ კი რებეკა ფერგიუსონის (ლედი ჯესიკა) წყალობით. ლედი ჯესიკა მეორე ფილმში გამორჩეული იყო და გარკვეულწილად უარყოფით პერსონაჟადაც კი მოგვევლინა, რომელმაც ბენე გეზერიტებისგან დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. მათთვის, ვისაც  „დიუნი“ წაკითხული აქვს, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ყველაფერი ძირითად სიუჟეტს აცდენილი და ზედმეტი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, რეჟისორს ჰქონდა ამის სრული უფლება, უფრო კომპლექსურად მოეწოდებინა ლისან ალ გაიბის მითის რეალობად გადაქცევა. საინტერესო მომენტია ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფი ალია ატრეიდისის განსაკუთრებული თვისებებიც, რომელსაც დაბადებამდე ავლენს.

ფრენკ ჰერბერტის „დიუნს“ ახასიათებს მძიმე, პესიმისტური, დეპრესიული ატმოსფერო, რომელშიც თითქოს ესქატოლოგიური მოლოდინი არსებობს; ზოგჯერ ყრუ შიშის მომგვრელი სიცარიელე, ისეთი მასშტაბურობა, რომ აგაღელვებს. არანაირად არ ვარ კომედიის მოწინააღმდეგე, მაგრამ დიუნის სამყაროს არ უხდება. დენი ვილნევმა, საკუთარი ინიციატივით თუ სტუდიური დაკვეთით, ასეთი ელემენტები დაამატა ფილმს და მასებისთვის უფრო მიმზიდველად და სახალისოდ აქცია. ფრემენების ერთ-ერთი მეთაური, ნაიბი, სტილგარი, ცოტა კომიკურ პერსონაჟს წარმოადგენს.

კვლავ ბრწყინვალე იყო სტელან სკარსგარდი ბარონ ვლადიმირ ჰარკონენის როლში, რომელმაც ჯერ კიდევ პირველ ფილმში დაიმსახურა ოვაცია სასწაულებრივი გარდასახვისთვის. ცბიერი, სასტიკი და ანგარიშიანი ბარონის სცენები გამორჩეულად კარგი იყო. გამოსარჩევია ჰარკონენების საგვარეულოს გარეგნული იერსახე და სამოსის ორიგინალური დიზაინი - თითოეული ქაჩალი და ფერმკრთალია; პლანეტა გიედი პრაიმისთვის შესაფერისი ავადმყოფური იერი დაკრავს. ამით ვილნევმა კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი შექმნა ატრეიდისებსა და ჰარკონენებს შორის.

ფილმის ერთ-ერთ ნათელ წერტილს, ფეიდ-რაუთა ჰარკონენს (ოსტინ ბატლერი), ძალიან ცოტა დრო მისცეს იმისთვის, რომ განვითარებულიყო, როგორც პერსონაჟი. არ ახსნეს მისი განსაკუთრებულობა და ზედაპირულად ფსიქოპატად წარმოაჩინეს. სასურველი იქნებოდა ამ პერსონაჟის უკეთ წარმოჩენა და ჰარკონენების პლანეტა გიედი პრაიმზე თუ არაკისზე მისი ეპიზოდების ჩასმა, პოლისა და ფრემენების უდაბნოში ხეტიალის ხანგრძლივი და ზოგჯერ არაფრისმომცემი სცენების ნაცვლად. ცალკეულ მომენტებში იყო მცდელობა, ფსიქოპატი ფეიდ რაუთას ცოტაოდენი ღირსება წარმოეჩინათ. წიგნში ის კიდევ უფრო საშინელი, ცივსისხლიანი მკვლელია, რომელიც ორთაბრძოლაშიც კი ბინძურად მოქმედებს და ცდილობს მოწინააღმდეგის მოწამვლას. 

„დიუნის“ მეორე ფილმში ვიხილეთ იმპერიის მმართველი იმპერატორი შადამ IV კორინო (კრისტოფერ უოლკენი) და მისი ქალიშვილი ირულანიც (ფლორენს პიუ). სამწუხაროდ, კრისტოფერ უოლკენმა ვერ შეძლო იმპერატორის პერსონაჟის სათანადოდ წარმოჩენა. ის ზედმეტად მოხუცი იყო ამ როლისთვის და არადამაჯერებელი, ბუტაფორიას უფრო წარმოადგენდა, რაც, რა თქმა უნდა, რეჟისორის და სცენარის ბრალიც იყო. არადა წიგნის მიხედვით, იმპერატორი ასაკოვანი, მაგრამ, ახალგაზრდული ენერგიით სავსე, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფია. ფლორენს პიუს პრინცესა ირულანი, მართალია ეპიზოდური იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ნიჭიერმა მსახიობმა, კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა - არისტოკრატიული მიმოხვრა და ყინულივით ცივი მზერა, როდესაც დამცირებულ ბარონ ჰარკონენს დაჰყურებდა.

მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიდან ფილმს ძალიან აკლდა გრაფი ფენრინგი - წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული, იდუმალი და შიშის მომგვრელი ფიგურა, იმპერატორის მრჩეველი და საჭიროების დროს - ცივსისხლიანი ასასინიც. ფენრინგი, რომელიც თითქმის „კვიზაც ჰადერაქად“ მოევლინა სამყაროს და ბენე გეზერიტების გენეტიკური სრულყოფის პროგრამის ნაწილი იყო. ასეთი პერსონაჟები ფილმში არც ისე ბევრია და სასურველი იქნებოდა, ფენრინგის თუნდაც ეპიზოდურად ჩვენება. ფილმში იყო მხოლოდ მისი მეუღლე, ბენე გეზერიტი მარგო ფენრინგი, რომლის ეპიზოდური როლი ლეა სედუმ სათანადოდ შეასრულა.

როგორც პირველ ფილმში, მეორე ნაწილშიც დიდებული იყო ჯოშ ბროლინი გურნი ჰალეკის როლში. გურნი წიგნის გამორჩეული პერსონაჟი და კოლორიტული ფიგურაა. დენი ვილნევმა არც მისი განუყრელი საკრავი - ბალისეტი დაივიწყა და „დიუნის“ მკითხველები კიდევ ერთი ასეთი მცირე, მაგრამ სახასიათო დეტალით გაახარა.

ფილმს ბევრი გამორჩეული სცენა ჰქონდა. თქვენ იხილავთ დიუნის გიგანტურ ჭიაზე - შაი-ჰულუდზე ამხედრებულ გმირს, გლადიატორების არენას, „სიცოცხლის წყლის“ შესმასა და და წარსულისა და მომავლის განჭვრეტას, დიდებულ ორთაბრძოლებს, ქვიშის ქარიშხლების დაძლევას, თითქმის რელიგიურ - ამაღელვებელ ეპიზოდებს.

ცოტა გაურკვეველი და დაჩქარებულია ფინალური სცენები. უამრავი დროა გამოყოფილი დიუნის პლანეტის უდაბური ადგილების საჩვენებლად, ფრემენების დიალოგებისთვის, ჰარკონენების ჯარისკაცებთან მცირე შეტაკებებისთვის, ბოლოს კი ყველაფერი ძალიან სწრაფად, ერთბაშად ხდება. ამავე დროს, ვფიქრობ, დიუნის სამყაროში საბრძოლო სცენები და, ზოგადად, სამხედრო ხელოვნება, უკეთ შეიძლებოდა წარმოეჩინათ. ყველაფერი ქაოსური იყო, არეული ერთმანეთში და აკლდა წესრიგი. იმპერატორის რჩეული მეომრები - სარდაუკარებიც უფერულად იყვნენ წარმოჩენილები. ჰარკონენებიც, ძირითადად, უტვინო ბოროტმოქმედების სახეს წარმოადგენდნენ, რომლებიც ერთი ხელის მოსმით ეცემიან, როცა სიუჟეტისთვის საჭირო ხდება. კი, წიგნი არ გვაძლევს ამ ბრძოლის ბევრად დეტალურ აღწერას, მაგრამ, თუ სხვა ადგილებში რეჟისორმა ცარიელი ადგილების შესავსებად გამოიყენა ფანტაზია, რატომ არა აქ?  

„დიუნის“ მეორე ფილმს, მიუხედავად ჰანს ციმერისგან შესანიშნავი მუსიკალური აკომპანემენტისა, რომელიც ძალიან უხდებოდა სამყაროს ატმოსფეროს, მაინც აკლდა მისტიკურობა და რაღაც დიადისა და შეუცნობლის შიში, რაც, პირველ ნაწილში უფრო მეტად იგრძნობოდა.

დენი ვილნევს ჰქონდა მცდელობა, „დიუნისეული“ მისტერია გადმოეცა, თუმცა უფრო მეტი იყო საჭირო. სასურველი იქნებოდა იმის ახსნა და ჩვენებაც, როგორ ფუნქციონირებდა გალაქტიკური იმპერია, ალბათ, ეს რეჟისორმა მესამე ფილმისთვის მოიტოვა. პირველ ფილმში გაკვრით იყო ნაჩვენები გილდია, რომლის ნავიგატორებიც, სუნელ მელანჟზე იყვნენ დამოკიდებულები და საჭიროებდნენ ამ ნივთიერებას კოსმოსში, გალაქტიკებს შორის, ხომალდებით ადამიანების სწრაფად გადაადგილებისთვის. გილდია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ორგანიზაციაა „დიუნში“ და ვისურვებდი, რეჟისორს მაქსიმალურად ჩაერთო ფანტაზია მის წარმოსაჩენად. ეს თავის დროზე, დევიდ ლინჩმა გააკეთა „დიუნის“ თავის ვერსიაში და გილდიის ინჟინერის მისტიკური და უცნაური პერსონაჟიც კი წარმოგვიდგინა, რომელიც იმპერატორ შადამ IV-ს ესაუბრება.

ასეთი კომპლექსური ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმზე, უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ, შევადაროთ და ბევრი რამ მოვისაკლისოთ ან დავიწუნოთ.

მიუხედავად ხარვეზებისა, რაც მასშტაბურობიდან და სირთულიდან გამომდინარე თითქმის გარდაუვალი იყო, დენი ვილნევის „დიუნი“ ნამდვილად შედგა.

ის დიდებული, გრანდიოზული და ძალიან ატმოსფერულია. „დიუნი“ კლასიკად იქცევა და მრავალი წლის განმავლობაში იქნება შთაგონების წყარო, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ჟანრის განვითარებასა და სამეცნიერო ფანტასტიკის სხვა საკულტო ნაწარმოებებისადმი მეტ ინტერესს.


ილუსტრაცია: ანა ნუცუბიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა