როგორ დაამარცხა ნაპოლეონმა რიდლი სკოტი | ნიკა ხოფერია
ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, სერ რიდლი სკოტი, ცნობილია თავისი მსხვილბიუჯეტიანი, მასშტაბური ისტორიული ფილმებით. „გლადიატორი“ (2000), „ზეციური სამეფო“ (2005), „რობინ ჰუდი“ (2010), „გამოსვლა“ (2014), „უკანასკნელი დუელი“ (2021). ზოგიერთი შედგა და დადებითად მიიღო როგორც კინოკრიტიკოსებმა, ისე, მაყურებელმა., ზოგიც, საერთოდ ჩავარდა და ყველამ მიივიწყა. სკოტი არასდროს გამოირჩეოდა ისტორიული სიზუსტით, მაგრამ ამას საინტერესო სიუჟეტით, პერსონაჟებით, ატმოსფეროთი ნიღბავდა. როცა მან 2022 წლის თებერვალში „ნაპოლეონის“ გადაღება დაიწყო და ფილმის სამსახიობო შემადგენლობა გაასაჯაროვა - ხოაკინ ფენიქსი ნაპოლეონის, ხოლო, ვანესა კირბი ჟოზეფინა დე ბოჰარნეს როლში -
მაყურებელს გაუჩნდა იმედი, რომ ცნობილი რეჟისორი, შეიძლება წინააღმდეგობრივ, ისტორიულად ნაკლებად ზუსტ, მაგრამ დიდებულ დრამას შემოგვთავაზებდა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადამიანზე.
ამ მოლოდინს, აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ რიდლი სკოტის პირველი ფილმი „დუელანტები“, რომელიც მან 1977 წელს გადაიღო, სწორედ ნაპოლეონის ეპოქას ეძღვნებოდა.
როცა „ნაპოლეონიდან“ პირველი ვიდეოები გასაჯაროვდა, მაშინვე თვალში საცემი გახდა უამრავი ისტორიული უზუსტობა, მსახიობების შეუსაბამობა როლებთან.. რთული წარმოსადგენი გახდა, როგორ ჩაატევდა გადამღები ჯგუფი ნაპოლეონის ბობოქარ და ისტორიული მოვლენებით დატვირთულ ცხოვრებას ერთ ფილმში. ინტერვიუებში რეჟისორი, რომელმაც თავის დროზე აღნიშნა, ფილმის კრიტიკას არასდროს ვკითხულობო, პროფესიონალ ისტორიკოსებს თუ უბრალოდ მოყვარულებს მიმართავდა:
- „წადით, საქმე ნახეთ!“ - „თქვენ რა იცით, იქ ხომ არ ყოფილხართ“.
ბევრი აყვა კიდეც სკოტის ამ გამონათქვამებს - თუ საინტერესო სიუჟეტი იქნება, დიდი ამბავი, ცოტა თუ შეცვლიან ისტორიას, დოკუმენტური ხომ არ არისო.. ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარმა, გამოჩენილმა ფრანგმა ისტორიკოსმა, ტიერი ლენცმა დიდი ფრანგი დიპლომატის, შარლ მორის დე ტალეირან პერიგორის სიტყვები მოიშველია; „უფრთხილდით პირველ შთაბეჭდილებას, ის შეიძლება ყველაზე სწორი იყოს“.
კინომიმომხილველთა ნაადრევი, მკაცრი შეფასებები, ზოგჯერ, მაყურებელს უბიძგებს, თავიდანვე უარყოფითად განეწყონ ფილმისადმი და ყველაფერს კრიტიკული თვალით შეხედონ. ხშირად კი მაყურებლისა და პროფესიონალი კინოკრიტიკოსების შეხედულებები განსხვავდება ერთმანეთისგან. საკუთარი თვალით უნდა ნახო, აღიქვა და შეაფასო.
რიდლი სკოტი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სხვადასხვაგვარი შეხედულებები არსებობს, ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. შთამბეჭდავი გადაღება, შესანიშნავი კადრები, ეფექტები, მსახიობების კოსტიუმები - სკოტს იშვიათად ეშლება ხოლმე. ასე იყო „ნაპოლეონის“ შემთხვევაშიც. რეჟისორმა მაყურებლის თვალწინ გააცოცხლა ჟაკ ლუი დავიდის, ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის, ჟან ლეონ ჟერომის, ჟან-ბაპტისტ იზაბეს, ელიზაბეტ ლედი ბატლერისა და სხვა ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრები - ცალკეულ სცენებში მსახიობები ამ დიდებულ მხატვართა ტილოებიდან გადმოსულებს ჰგავდნენ.
იყო სხვა, ეფექტური სცენებიც - საფრანგეთის რევოლუციური წლებისთვის დამახასიათებელი თეატრალური წარმოდგენა, ინგლისური ფლოტის დაბომბვა ტულონში, ავსტრიელი მედროშის სცენა აუსტერლიცის ბრძოლის დასასრულს, მეტ-ნაკლებად - ნაპოლეონის კორონაციის ცერემონიაც. საინტერესო იყო კორსიკული „კირიე ელეისონის“ მოსმენაც გარკვეული სცენების დროს. ეს მცირე დადებითი მომენტები ვერ გადაწონის იმ იმედგაცრუებას, რომელიც მთლიანობაში ფილმმა გამოიწვია. ეს გარდა სუსტი სცენარისა, ისტორიის უაღრესად არაზუსტი გადმოცემის, განზრახ დაშვებული, მაგრამ სიუჟეტის გასამდიდრებლად აბსოლუტურად არაფრისმომცემი შეცდომების ბრალია.
ისტორიული პერსონაჟის გასაცოცხლებლად მსახიობს სჭირდება მის შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგება, მის „კანქვეშ შესვლა“, წერილების და არსებული მემუარული ლიტერატურის წყალობით აღდგენილი ფსიქოლოგიური პორტრეტის შესწავლა. ხოაკინ ფენიქსმა, თავისი დიდი ნიჭის მიუხედავად, ეს ვერ შეძლო. თავი რომ დავანებოთ მის ასაკობრივ შეუსაბამობას ნაპოლეონთან (განსაკუთრებით, მისი ადრეული კარიერის წლებში), მან სათანადოდ ვერ შეძლო ნაპოლეონის ხასიათის თავისებურებების, ბუნებრივი ნიჭიერების და ენერგიულობის წარმოჩენა. ამაში მას არც სცენარმაც არ შეუწყო ხელი - სცენარისტის დევიდ სკარპას მიერ დაწერილი დიალოგი ხშირ შემთხვევაში კომიკურ დონემდე იყო დაყვანილი.
ჟოზეფინას როლში ხოაკინ ფენიქსზე გაცილებით ახალგაზრდა ვანესა კირბის ვხედავთ. რეალურად, ნაპოლეონისა და ჟოზეფინას ურთიერთობის ერთ-ერთი საინტერესო მომენტი ისიცაა, რომ ეს უკანასკნელი, ბონაპარტზე 6 წლით უფროსი იყო და ამ სხვაობის შესამცირებლად, მომავალ იმპერატორს, ქორწინებისას 1 წლით „თავის დაბერება“ მოუხდა. შეიძლება ეს გადამწყვეტი არ არის მხატვრული ფილმისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლებოდა ნაპოლეონისა და ჟოზეფინას როლებისთვის, უფრო შესაბამისი წყვილის პოვნა.
ფილმის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მის სიცარიელეში მდგომარეობს. საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა დახუნძლული იყო უამრავი საინტერესო ადამიანით. სად იყვნენ ნაპოლეონის ოჯახის წევრები; „იმპერიის ლომები“ - მარშლები, თუნდაც, მხოლოდ იოახიმ მიურატი, ჟან ლანი, ჟან დე დიუ სულტი; გაკვრით, უმნიშვნელოდ შევავლეთ თვალი „რკინის მარშალ“ ლუი-ნიკოლა დავუს და „მამაცთა შორის უმამაცესს“, მიშელ ნეის, რომელიც რატომღაც შავგვრემანია და გრძელ წვერ-ულვაშს ატარებს.
სამაგიეროდ, ფილმში ჩნდება ნაპოლეონის ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელო პერსონაჟი, გენერალი ალექსანდრე დიუმა. არაა ნაპოლეონის მსახური, კოლორიტული ფიგურა მამლუქი რუსტამ რაზა; არასწორად იყო წარმოჩენილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიპლომატის, შარლ მორის დე ტალეირანის მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა; ეპიზოდურად გვაჩვენეს პოლიციის მინისტრი, ჟოზეფ ფუშე; ჟოზეფინას შვილები - ჰორტენზია და ეჟენი, რომელთაც ნაპოლეონი მამობას უწევდა და ბოლომდე უერთგულეს კიდეც; არც ავსტრიელი მხედართმთავარი, ერცჰერცოგი კარლი გვინახავს და არც კლემენს მეტერნიხი - ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი დიპლომატი და ვენის კონგრესის თავმჯდომარე; არ არიან რუსეთის არმიის მეთაურები, მათ შორის, არც მიხაილ კუტუზოვი; ნაპოლეონის ცნობილ საყვარელზე, „ნაპოლეონის პოლონელ ცოლზე“ - მარია ვალევსკაზე სიტყვაც არაა თქმულა - ქალზე, რომელმაც ნაპოლეონს ბოლომდე უერთგულა და მისგან ვაჟიც კი შეეძინა - საფრანგეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ვალევსკი.
შეიძლება ფილმი ნაპოლეონსა და ჟოზეფინაზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ზემოჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფიგურები შეავსებდნენ იმ სიცარიელეს, რომელიც ამ ორი პერსონაჟის გარშემოა და უსიამოვნო ვაკუუმს ქმნის.
ფილმის ძალიან დიდი ნაკლი მისი ფრაგმენტულობა და ფრაგმენტებს შორის მყიფე და ლოგიკას მოკლებული კავშირია. ეს, ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ სრული, სარეჟისორო ვერსია ჯერაც არ გამოსულა და სხვადასხვა პლატფორმაზე რიდლი სკოტი მას მოგვიანებით შემოგვთავაზებს.
რატომ გახდა საჭირო 4-საათიანი ფილმის გადაღება და მისი დაჩეხილი ვერსიის გაკეთება კინოთეატრებში წარმოსადგენად? ეს რეჟისორის და სცენარისტის შეცდომაა; მათ ვერ გათვალეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ისტორიული პერსონაჟის მთელ მოღვაწეობას ერთ ფილმში უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის გამოკლების გარეშე ვერ ჩაატევდნენ.
ფილმში არაა ნაპოლეონის იტალიური, პრუსიული, ავსტრიული, პოლონური კამპანიები; უცნაურია, რომ ბრიტანელმა რეჟისორმა არ გვიჩვენა და არც კი ახსენა 1805 წელს მომხდარი ტრაფალგარის ბრძოლა, რომელშიც ბრიტანეთის ფლოტმა, ადმირალ ჰორაციო ნელსონის სარდლობით, გაანადგურა ფრანგულ-ესპანური ესკადრა და ამით, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა ნაპოლეონის საზღვაო ამბიციებს.
დიდი ბიუჯეტისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ამგვარი უშინაარსო ხარვეზების თავიდან არიდება კომფორტულად შეიძლებოდა, რაც ფილმს მეტ ავთენტურობასაც მისცემდა.
ნაპოლეონი არ დასწრებია მარია ანტუანეტას სიკვდილით დასჯას და არ მონაწილეობდა რევოლუციურ მოვლენებში; მას არასდროს უსვრია ზარბაზნებით პირამიდებისთვის და ვერც ესროდა, რადგან ბრძოლა პირამიდებიდან შორს მოხდა; აუსტერლიცის ბრძოლაში გაყინულ ტბაში სულ სამი ჯარისკაცი დაიხრჩო და ამ ფაქტს არანაირი აზრი არ ჰქონდა ფრანგთა გამარჯვებისთვის; იმპერიის პერიოდში, ნაპოლეონი არასდროს გაძღოლია ჯარს ბრძოლის წინა ხაზზე; არც უელინგტონის ჰერცოგს, სერ ართურ უელსლის შეხვედრია პირისპირ ოდესმე, როგორც ეს ფილმშია..
რიდლი სკოტისეული ჟოზეფინასა და ნაპოლეონის ურთიერთობაში არანაირი ქიმია არაა. მან სცადა, ნაპოლეონის მიერ ეგვიპტეში არმიის დატოვება და საფრანგეთში დაბრუნება და ელბიდან გაქცევაც ჟოზეფინას სიყვარულისთვის დაებრალებინა და ამით გამოეხატა, როგორ იყო ბონაპარტი შეყვარებული ამ ქალზე. ნაპოლეონის ამგვარი ქცევა არ შეესაბამებოდა იმ ხელოვნურ, ბანალურ სასიყვარულო კავშირს, რომელსაც ფილმის ყველა დანარჩენ ეპიზოდში ვხედავთ. ნაპოლეონისა და ჟოზეფინას სიყვარული, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მათი მიწერ-მოწერა ძალიან საინტერესოა და გაცილებით უკეთ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩვენება. სრული ბიოგრაფიული პორტრეტის გადაღების მცდელობისას, ნაპოლეონის პირად ცხოვრებასაც დააკლდა უამრავი რამ და საბოლოო ჯამში, ვერც განსხვავებული, ემოციური, ამაღელვებელი სასიყვარულო ფილმი მივიღეთ, ვერც ეპიკური ისტორიული დრამა.
ღიმილისმომგვრელია ისტორიული პიროვნების ბიოგრაფიული პორტრეტის შექმნა, მისი ცხოვრების და მოღვაწეობის გაუთვალისწინებლად. თუ ყველა მოვლენა რეჟისორმა გამოიგონა, როგორ შექმნის ისტორიული პიროვნების პორტრეტს; ან რა გამიჯნავს ასეთ ისტორიულ დრამას ფენტეზი ჟანრის ფილმისგან?
ნაპოლეონის პიროვნებას, მის მნიშვნელობას ქმნის ის ისტორიული მოვლენები, რომელიც მის სახელს უკავშირდება. ნაპოლეონის მთელ ცხოვრებაზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში როგორ უნდა აჩვენო ნაპოლეონის დიდი მხედართმთავრობა, თუ სწორად არ იქნება წარმოჩენილი მისი სამხედრო კამპანიები და გენერალური ბრძოლები, გაუგებარია; როგორ უნდა აჩვენო სახელმწიფო მოღვაწე ბონაპარტი ისე, რომ საერთოდ არ დაუთმო დრო იმპერატორის დაუღალავ მუშაობას, კოდექსის შექმნას, სამხედრო, ეკონომიკურ თუ სასკოლო რეფორმებს; როგორ უნდა წარმოაჩინო ნაპოლეონის პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობა, მაგალითად, ერფურტის კონგრესის გარეშე. იგივე ეხება პირად ცხოვრებას, ურთიერთობას ჟოზეფინასთან; ნაპოლეონის ტირანიას - ენგიენის ჰერცოგის დახვრეტას, იაფაში თურქი ტყვეების ამოხოცვას, პოლიციური სახელმწიფოს ფორმირებას და ა.შ.
მაყურებლის ნაწილი მოიხიბლა ბრძოლის სცენებით, რადგან ფილმის დანარჩენ მოსაწყენ ეპიზოდებთან შედარებით, ეს სეგმენტი უფრო საინტერესო იყო. აქაც მრავალი უზუსტობაა - არ იყო ნაჩვენები XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის სამხედრო ტაქტიკა - სახაზო ან კოლონად მოქმედება, კავალერიის მასიური იერიშები,სკოტმა არ გამოიყენა სერგეი ბონდარჩუკის ფილმ „ვატერლოოს“ (1970) ან თუნდაც, სტენლი კუბრიკის „ბარი ლინდონის“ (1975) გამოცდილება ბრძოლის სცენების დასადგმელად.
ყველაფერი დაყვანილი იყო პრიმიტიულ, ერთფეროვან, ერთმანეთში აზელილი ცხენოსნებისა და ქვეითების შეტაკებამდე. შეტაკებები მიმდინარეობდა სანგრებით დაცულ ბანაკებთან. თვალში საცემი იყო ასობით და კიდევ უფრო მეტი დროშა - ერთმა სამხედრო ისტორიკოსმა, ფილმში დადგმული ბრძოლები სამაგიდო თამაშ „სტრატეგოს“ შეადარა. საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომები, გამოირჩეოდა მასობრიობით; ასეთი მაღალბიუჯეტიანი ფილმის კვალობაზე, აუსტერლიცის, ვატერლოოს ბრძოლები თუ რუსეთში ლაშქრობა მცირე მასშტაბის მოჩანს.
ისტორიულ ფილმში, ისევე როგორც, ისტორიულ რომანში, ალტერნატიული ისტორიის ჩვენება, საკვანძო მოვლენების ამოკლება, ბევრი უზუსტობა, გამართლებულია, თუ ის ფილმს მხატვრულ ღირებულებას მატებს.
მაგალითად, ალექსანდრე დიუმას „სამ მუშკეტერში“, საფრანგეთის XVII საუკუნის ისტორიის მისეული, ხშირად, თითქმის ალტერნატიული ვერსიაა მოთხრობილი, მაგრამ ეს შესანიშნავი ისტორიული რომანია, ბრწყინვალე პერსონაჟებითა და საინტერესო სიუჟეტით.
„დიახ, მე ისტორიას ნამუსი ავხადე, მაგრამ, ჩვენ ლამაზი ბავშვები გვეყოლა“
- უთქვამს დიუმას; კვენტინ ტარანტინომ ფილმში „უსახელო ნაბიჭვრებში“ კინოთეატრში ადოლდ ჰიტლერი მოაკვლევინა, თუმცა ეს სცენა ამ ფილმის შინაარსსა და პათოსს კარგად ეხმიანება. განსაკუთრებით რთულია, ისეთი ისტორიული ფილმის გადაღება, რომელშიც ისტორიულ სიზუსტესაც დაიცავ და ამით არც მხატვრული ღირებულება დაიჩრდილება. გამოვარჩევდი პიტერ ვეირის გადაღებულ, პატრიკ ო’ბრაიანის ისტორიული ნაწარმოებებით შთაგონებულ ფილმს „Master and Commander: The Far Side of the World”, რომელიც, მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს ინგლისურ საზღვაო საქმეს ნაპოლეონის ეპოქაში და ამავე დროს, საინტერესო ისტორიასაც მოგვითხრობს. ისტორიულ ნაწარმოებთან შეჭიდებისას რეჟისორებს, მწერლებს, წინ რთული ამოცანა აქვთ - არ უნდა დაამახინჯონ ისტორია და იყვნენ კარგი მთხრობელები, ვინაიდან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებრივ აზრზე.
ისტორიის შესაცვლელად, ალტერნატიული ვერსიის შესაქმნელად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ „ღრიჭოების“ პოვნაა, რომელიც ჯერაც ვერ ამოუვსიათ ისტორიკოსებს და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასეთ დროსაა ისტორიიდან გადახვევა გამართლებული. ნაპოლეონის ცხოვრებაში არის ისეთი ეპიზოდები რომელიც რეჟისორს აძლევს გასაქანს, ითამაშოს ისტორიით: ეგვიპტის ექსპედიცია, სენ-ნიკეზის ქუჩის ტერაქტი, ნაპოლეონის სიკვდილი წმინდა ელენეს კუნძულზე, მარშალ მიშელ ნეიზე შექმნილი კონსპირაციული თეორია და ა.შ. ფილმში „Monsieur N” სწორედ ასეთი კონსპირაციული თეორიისა და რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფს ვხედავთ, სიუჟეტის წყალობით, ეს ფილმი ნამდვილად შედგა.
ვაღიარებ, როგორც ისტორიკოსი, შეიძლება უფრო მეტად ვამახვილებ ყურადღებას ისტორიულ ფილმებში ისტორიის დამახინჯებაზე, მაგრამ როცა ფილმის მხატვრული ღირებულება კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ისტორიული სიზუსტე, ყველაფერი კიდევ უფრო მეტად იქცევს ყურადღებას.
რიდლი სკოტმა სცადა ნაპოლეონის საკუთარი ვერსიის გადაღება, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო, გამოუვიდა ფრაგმენტული, მშრალი, ცარიელი, უინტერესო ბიოგრაფია ვერშემდგარი ტირანისა, რომელსაც ნაპოლეონისა თითქმის არაფერი ეცხო. ვერც ფილმის დასასრულს გამოტანილმა წარწერამ, ნაპოლეონის ბრძოლებში დახოცილი ჯარისკაცების რაოდენობისა, ვერ მისცა ლოგიკური ფინალი იმ გაუგებრობას, რაც ეკრანებზე ვიხილეთ; ნაპოლეონის ომები და მისი შედეგები არ იხსნება მხოლოდ ნაპოლეონის პირადი ამბიციითა და მოტივაციით, არამედ, ეს დიდი და რთული ისტორიული პროცესის ნაწილია; ყველაფრის ერთ კაცზე გადატარება დილეტანტური და პრიმიტიული გამოსავალია.. რიდლი სკოტს სურდა, დაემარცხებინა ნაპოლეონი, მაგრამ ის თვითონ დამარცხდა.
„ნაპოლეონის“ მასშტაბის ისტორიული ფილმის ჩავარდნა სამწუხაროა, განსაკუთრებით, ამ ჟანრის ფილმების და, ზოგადად, რიდლი სკოტის შემოქმედების მოყვარულთათვის. არ ვართ განებივრებულები ისტორიული დრამებით და ყოველი ასეთი წარუმატებლობა მაყურებელსა და კინოსტუდიებს სკეპტიკურად განაწყობს; მოტივაციას უკარგავს მომავალ რეჟისორებს, სცადონ ამ ურთულეს ჟანრში ფილმის გადაღება.
ავტორი: ნიკა ხოფერია