გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დიადი „დიუნი“ | რეზი ქოიავა

1957 წელს ჟურნალისტი ფრენკ ჰერბერტი ორეგონში გაემგზავრა. მის მიზანს ქვიშის დიუნების წინააღმდეგ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ბრძოლის მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა. და მოულოდნელად მას ქვიშა შეუყვარდა. ჰერბერტმა მისი შესწავლა დაიწყო: თავიდან ქვიშის, შემდეგ უდაბნოების, შემდეგ უდაბნოში მაცხოვრებელი ხალხის და მათი რელიგიის - და ხუთ წელიწადში იმდენი ინფორმაცია დააგროვა, რომ სტატიის ნაცვლად ფანტასტიკის ჟანრში რომანი დაწერა. „დიუნი“ 1965 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც ჰერბერტს ოცზე მეტმა გამომცემლობამ უარი უთხრა. იმავე წელს მან „ნებულას“ და „ჰიუგოს“ პრემიები მიიღო და დროთა განმავლობაში წიგნი ბესტსელერადაც იქცა - მას ხშირად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანად მოიხსენიებენ.

„დიუნის“ ერთ-ერთი თავისებურება მისი რთული სამყაროა. თავად ჰერბერტმა მრავალი წლის შემდეგ სტატიაში „როგორ დავწერე დიუნი“ რომანის ყველა ძირითად თემაზე ისაუბრა: ეს არის მითი მესიაზე; განსხვავებული ხედვა ენერგეტიკულ პრობლემებზე; პოლიტიკის, რელიგიის და ეკონომიკის კავშირი; ნარკოტიკი, რომელიც ცნობიერებას ამძაფრებს, მაგრამ დამოკიდებულებასაც იწვევს; სასმელი წყალი, როგორც ნავთობის ანალოგი; ამოწურვადი რესურსები. ეს უნდა ყოფილიყო ეკოლოგიური რომანი, თუმცა უპირველეს ყოვლისა უნდა ყოფილიყო რომანი ადამიანებზე. ფრენკ ჰერბერტის „დიუნი“ კარგია სწორედ ურთულესი სამყაროთი. იგი გაშლილია ათასწლეულებზე, აღწერილ მოვლენებამდე და მას შემდეგ და ამავდროულად რამდენიმე კულტურის და რელიგიის სინთეზს წარმოადგენს. ბუდოისლამი, ძენ-სუნიზმი, ფრემენები როგორც არაბული ტომები და ატრეიდესები, რომელთა ფესვებიც აგამემნონამდე მიდის, სიტყვები არაბული და სლავური ენებიდან. მოკლედ ეს უნივერსალური რომანია, რადგან სამყარო მასში მთელი თავისი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი.

ჰერბერტის რომანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არა მხოლოდ საკუთარი ეპოქის იდეებს ასახავს, არამედ მრავალი წლით უსწრებს მათ. მან ივარაუდა ეკოლოგიური კატასტროფა და ეკოლოგიის მნიშვნელობა მომავლის სამყაროში, როდესაც მისი პლანეტა ჯერ კიდევ არ იყო ავსებული პლასტმასით. ივარაუდა ტექნოლოგიების დასასრული, გიგანტური მსოფლიო დამოკიდებულება ენერგიის წყაროებზე. მის წიგნში არიან ძლიერი ქალები, ბრძოლა მჩაგვრელების წინააღმდეგ და ევროპაცენტრული სამყაროს დასასრულიც. არაბული კონტექსტიც კი ისე იკითხება, თითქოს ჰერბერტმა რაღაც წინასწარ იცოდა. აქ ის ცხადია, წინასწარმეტყველია, რადგანაც თემები, რომლებიც მას აწუხებდა, ყოველწლიურად უფრო აქტუალური ხდება. 2021 წელს „დიუნი“ აბსოლუტურად თანამედროვე რომანია.

„დიუნის“ სამი სვეტი

ფრენკ ჰერბერტისთვის სპეციალური განსაზღვრება - „რბილი სამეცნიერო ფანტასტიკა“ მოიგონეს. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც მკაფიო სამეცნიერო დაშვებებს არ ეფუძნება და არ არის პროგრესისტული. იგი უპირველეს ყოვლისა სოციოლოგიურ-კულტურული და ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური ჟანრის ფანტასტიკაა.

მართლაც სამყარო, რომელშიც „დიუნის“ სიუჟეტი ვითარდება, ფორმით ტექნოლოგიური და შინაარსით აბსოლუტურად არქაული და ფეოდალურია. უფრო მეტიც, მასში, და ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ჰერბერტმა ფანტასტიკის ჟანრში შემოიტანა, პირველად შემოდის დიდი რაოდენობით კულტურული ალუზიები, რომლებიც მანამდე ფანტასტიკის ჟანრისთვის საჭიროდ არ ითვლებოდა.  

პირველი, რასაც ჰერბერტი ეყრდნობა, ანტიკური ტრადიციაა. შემთხვევითი არ არის, რომ მთავარი გმირის გვარია ატრეიდესი. ეს ცხადია, პირდაპირი მინიშნებაა ანტიკურ ატრიდებზე, დაწყევლილ გვარზე, რომელთაც აგამემნონი, ატრევსი, ელექტრა და მათი მრავალრიცხოვანი უბედური ნათესავები მიეკუთვნებოდნენ. პოლ ატრეიდესის ისტორიაც დიდწილად ატრევსის ისტორიაა. ისტორია მამის გამო შურისძიების, რომელიც რაღაც უფრო ღრმაში, რთულსა და მრავალშრიანში გადაიზრდება.   

მეორე იდეა, რომელიც “დიუნის“ საფუძველში დევს, ბიბლიურია. ზოგადად, ფრენკ ჰერბერტი რელიგიური ცოდნის დიდი მოყვარული იყო და ყველა მესიანისტური რელიგია ღრმად აინტერესებდა. ცხადია, რომ საკუთარი რომანის სიუჟეტის განვითარების ადგილად უდაბნოს არჩევისას იგი მინიშნებას ახლო აღმოსავლეთის, ნაყოფიერი ნახევარმთვარის, არაბული უდაბნოს ტრადიციაზე აკეთებდა, საიდანაც საბოლოო ჯამში სამივე დიდი აბრაამული, მესიანისტური რელიგია დაიბადა.  

რელიგიის, კერძოდ მესიანისტურის სოციოლოგია არის თემა, რომელიც ჰერბერტის მთელი მრავალტომიანი ეპოპეის განმავლობაში არ სუსტდება. თავად ავტორი რელიგიაში შესანიშნავად ერკვეოდა, რაზეც ტექსტში ბიბლიიდან და ყურანიდან გაფანტული ციტატები მიუთითებს. „დიუნი“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო წიგნად „მესიანისტურ კონვულსიებზე, რომელიც დროდადრო სოციუმს არყევს“.

ჰერბერტის ინტერესი მესიანიზმის მიმართ ერთვის სადაო და ინგლისურენოვანი კულტურისთვის უჩვეულო პერსონაჟის ლოურენს არაბის შემოქმედების მიმართ დიდ ინტერესსა და სიყვარულს. ლოურენს არაბი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს არაბთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. ეს აჯანყება ინსპირირებული იყო ინგლისელების მხრიდან ანტანტის ქვეყნების დასახმარებლად და უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელთა ბატონობის ქვეშაც არაბები იმყოფებოდნენ. და ცხადია, 1960-იან წლებში პირველად ჩნდება ეკოლოგიური დღის წესრიგი, რომლის ინტეგრირებასაც ჰერბერტი საკუთარ წიგნში ახდენს. მისი რომანები პირველი ნიმუშებია იმ ეკოლოგიური ფენტეზის, რომელსაც დღეს ჩვენს ირგვლივ დიდი რაოდენობით ვხედავთ.

ყველაფერი ამის შერწყმა საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ „დიუნიზე“, როგორც ჟანრული თვალსაზრისით აბსოლუტურად ნოვატორულ რომანზე.

„დიუნის“ ფსიქოლოგიური წაკითხვა

ფრენკ ჰერბერტის „დიუნი“ წარმოადგენს უცნაურ, მრავალშრიან ნაწარმოებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად მრავალგვარი ფსიქოლოგიური და კულტურული არქეტიპებია შერეული.

პირველი და მთავარი ცხადია არის გმირის მოგზაურობის მოდელი, რომელიც აღებულია ჯოზეფ კემპბელის „ათასსახოვანი გმირის“ კონცეფციისგან. თუ ამას „დიუნის“ პირველ რომანს შევუთავსებთ, დავინახავთ, რომ მოგზაურობის ძახილი, ზღურბლის გადალახვა, ტრანსფორმაცია, სახლში დაბრუნება - მონო-მითის ყველა ეს მნიშვნელოვანი ეტაპი პოლთან მიმართებით მუშაობს. ჩვენს წინაშე მართლაც არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით გადის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სულიერ ტრანსფორმაციას და ეს კავშირშია იუნგიანურ ფსიქოლოგიასთან, რადგან ამ ტრანსფორმაციის არსი საკუთარი თავის შეცნობა და აღმოჩენაა. და ეს ყოველთვის ხდება წარსულზე უარის თქმის, შიშის, ტკივილის გავლით. ამავდროულად ჰერბერტი აიძულებს მკითხველს აღნიშნული გზა საკუთარ გმირთან ერთად გაიაროს. ანუ გმირზე სიმართლე მასთან ერთად ეტაპობრივად აღმოაჩინოს.

და როდესაც ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ-კულტურულ არქეტიპებზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჯესიკა და ძალიან მძლავრი გენდერული ასპექტი „დიუნიში“. საქმე იმაშია, რომ სიუჟეტის ერთ-ერთი მამოძრავებელი არის არა მხოლოდ პოლის დედა ჯესიკა, არამედ ორდენი „ბენე გესერიტიც“, რომელიც მის უკან დგას. ეს არის ქალთა ორდენი, რომელიც არა უბრალოდ ნახევრად მონაზვნური ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი თავის ფლობის ტექნიკებს ასწავლის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ორდენი, რომელიც ფლობს ძალაუფლებას და ამავდროულად მისი მართვა მოკლებულია ყოველგვარ ემოციებს. ფსიქოლოგიური ტექნიკების არსი, რომელთაც ჯესიკა შვილს ასწავლის, არის საკუთარი თავის ფლობის ტექნიკები. ორდენი წარმოადგენს აბსოლუტური რაციონალურობის, საკუთარი თავის სრულყოფილი ფლობის მაგალითს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ძალაუფლების შენარჩუნება. თუ თავიდან გვეჩვენება, რომ აღნიშნული ორდენი ცხადია არ არის აბსოლუტური სიკეთის მატარებელი (სიკეთის და ბოროტების კატეგორიები „დიუნიში“ პირობითია), მაგრამ მაინც უფრო პოზიტიურია, მომავალში ჩვენ მის ბნელ მხარესაც ვხედავთ.  იდეა, რომ ძალაუფლების წინაშე ყველა თანაბარია - მამაკაცებიც და ქალებიც, რომ ძალაუფლება არის უნივერსალური კატეგორია, რომელიც თანაბრად ატარებს საფრთხეს ორივესთვის, ორივე თანაბრად მიისწრაფვის მისკენ და ორივე თანაბრად ფლობს ამ ძალაუფლების ხელში აღების და სამყაროების მისი საშუალებით მართვის უნარს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ხაზი „დიუნის“ სამყაროში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ძალაუფლება არა მხოლოდ პოლიტიკურია, არამედ ფსიქოლოგიურიც და ეთიკურიც.

არქეტიპების მესამე ასპექტი კი უკავშირდება ქვიშის მატლებს, რომელთაც წიგნში შაი-ხულუდი ჰქვია. არაბულ ენაზე იგი ნიშნავს მარადიულობის ნივთს ან მარადიულ ნივთს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც სპარსულიდან თარგმნისას შაი-ხულუდი ნიშნავს მარადიულობის ბატონს.  იუნგიანურ ფსიქოლოგიაში გვხვდება დრაკონის ცნება, რომელიც ადამიანის შინაგან რესურსს განასახიერებს. და ეს მატლი, „მარადიულობის ბატონი“ შინაგანი რესურსის რეპრეზენტაციას წარმოადგენს, რომელსაც წიგნის მთავარი გმირი - პოლ ატრეიდესი ფლობს. გახდე მარადიულობის ბატონის მხედარი არის სწორედ საკუთარი თავის პოვნის, მთლიანობის და მეობის გამოხატვის საშუალება.

„დიუნის“ სოციოლოგიური წაკითხვა

„დიუნიში“ ჩვენ ვპოულობთ რუსოისტულ მითს „კეთილშობილ ველურებზე“, რომელთაც თანამედროვე ცივილიზაციის ცოდვები არ ეკარებათ. ისინი პლანეტა არაკისის ჭეშმარიტი მაცხოვრებლები - თავისუფალი ბედუინი ფრემენები არიან. წიგნი ასევე არის XIX საუკუნის აღმზრდელობითი რომანი, რომელშიც მოცემულია ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანის ქარიზმატულ ლიდერად, ბელადად და მოციქულად ტრანსფორმაციის შაბლონური აღწერა. იქ შეგვიძლია ნიცშესეული ზეადამიანის მოსვლის მითიც ვიპოვოთ, რომელიც სამყაროში წესრიგს დაამყარებს. მაგრამ ამასთან, არქეტიპების და სიმბოლოების პრიზმაში ასეთი შაბლონური წაკითხვა, მითოცენტრული წარმოდგენა ჩვენგან სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციოლოგიურ დაკვირვებას მალავს. 1957 წელს ჰერბერტი ორეგონის შტატში ჟურნალისტის რანგში მოგზაურობისას განსაკუთრებით დააინტერესა, თუ როგორ შეიძლება ქვიშის ეკოსისტემა თანამედროვე სამყაროში არსებობდეს და როგორი ტიპის სოციალური ფენომენების წარმოქმნა შეუძლია მას. რას წარმოქმნის უდაბნოს ცივილიზაცია? ჰერბერტის რომანი დიდწილად ქვიშის ცივილიზაციას ეხება და მისი მთავარი პერსონაჟიც ქვიშაა.

ჰერბერტი საკუთარი ინტერესის საგანს - რელიგიების შესწავლას დაუბრუნდა და დეტალურად დაიწყო გაანალიზება, თუ რა აერთიანებს ყველა ქვიშის ცივილიზაციას, ყველა ქვიშის ცივილიზაციის რელიგიას - ეს არის ბედისა და ბედისწერის რწმენა, მორალური აკრძალვების მკაცრი სისტემა, წარმოდგენა რჩეულ ადამიანებზე, რომელთაც ბედისწერის შეცვლა შეუძლიათ. მის რომანში ჩვენ არ ვხედავთ სიკეთის ბოროტებასთან დაპირისპირებას. ჩვენ ვხედავთ ორი ტიპის საზოგადოების დაპირისპირებას, რომელთაგან ერთი მთელი, იმპერიულ-ფეოდალურია, არ აქვს მკაფიო საზღვრები, მოიცავს ყველა ცნობილ სამყაროს, შინაგანად უკიდურესად ჰეტეროგენულია (შედგება სოციალური ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპებისგან) და ამასთან ერთად იერარქიული. თუმცა არავითარი მკაცრი კანონები მის შიგნით არ მოქმედებს - ყველაფერი ინტრიგების, კომპრომისების და პირადი შეთანხმებების დონეზე წყდება.

საპასუხოდ ფრემენების საზოგადოებას აქვს მკაცრი საზღვრები, იგი შინაგანად ჰომოგენური და არაიერარქიულია. სწორედ ეს ფრემენების საზოგადოება, არაკისის პლანეტის მაცხოვრებლები წარმოადგენენ გამოწვევას მთელისთვის და საბოლოოდ ქმნიან იმას, რასაც შეგვიძლია ნამდვილი იმპერია ვუწოდოთ. გარკვეულწილად ეს არაკისის სახელმწიფო თეოკრატიული მართვის საკუთარ პრინციპებს თავს ახვევს დანარჩენ, უკიდურესად განსხვავებულ სამყაროებს. თუმცა ჰერბერტი შემდგომ ნაბიჯსაც დგამს. იგი აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ჩაკეტილი სისტემებისთვის სიკეთის ბოროტებასთან ნებისმიერი კონფლიქტი არის მთელის და ნაწილის დაპირისპირება და ნებისმიერი ნაწილი, რომელიც გარკვეულ საერთო ღირებულებებს თავს ახვევს მთელს, საბოლოო ჯამში თავად იქცევა ბოროტებად. ჰერბერტი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ განსხვავება სუპერგმირსა და სუპერბოროტ ფიგურას შორის მხოლოდ იქ გადის, სადაც თქვენ თხრობას წყვეტთ. ხოლო თუ ამ ისტორიას გააგრძელებთ, სუპერგმირი ყოველთვის გახდება სუპერბოროტი.

***

„დიუნი“ ზედმეტად დიდი რომანია, შეიძლება ითქვას XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნიც კი, რომ მისი ეკრანიზაცია რამდენიმე წარუმატებელი და არშემდგარი მცდელობით შემოფარგლულიყო. საჭირო ხელში მოხვედრის შემთხვევაში ამ რთულ და მრავალშრიან სამყაროს საშუალება აქვს ნამდვილ კინოეპოპეად იქცეს. ეს კი სჭირდება არა მხოლოდ კინოსტუდიებს, არამედ უბრალო მაყურებლებსაც. ყველას გვჭირდება რთული ისტორიები, რომელიც ჰოლივუდური ბლოკბასტერებისთვის დამახასიათებელი კლიშეებით არ შემოიფარგლება. ამიტომაც „დიუნის“ ახალი ეკრანიზაცია გარკვეულწილად ისტორიაა მხსნელზე, დენი ვილნევზე, რომელიც მოვიდა და ყველა გადაარჩინა. სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრში ვილნევის წინა ფილმებიდან ნათელი იყო, რომ მას შეუძლია ფანტასტიკური სამყაროები გადაიღოს, ანტურაჟით არ გაერთოს და ლაკონიურ კონტექსტში იდეების მთელი სპექტრი მოაქციოს.

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვილნევი „დიუნის“ საგის ფანია. ის პირველი რეჟისორია, რომლის ხელშიც მოხვდა რეალურად სასურველი ისტორია, ვისთვისაც „დიუნი“ იქცა არა ხაფანგად, როგორც არაკისი ატრეიდესებისთვის, არამედ მარადიული მელანჟის სასურველ წყაროდ. სწორედ ამიტომაც გამოვიდა „დიუნის“ ბოლო ეკრანიზაცია ამდენად შთამბეჭდავი და მისი ფილოსოფიური შიგთავსი არ შთანთქავს „დიუნის“ ფანტასტიკურ სამყაროს: ფრემენებს ცისფერი თვალებით, მოცეკვავე ქვიშას, დაქირავებულთა არმიას, მუდმივ ბრძოლას, ძალის ფარებს და საბრძოლო ხელოვნებას. და რა თქმა უნდა, ქვიშის მატლებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა