გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერთხელ მექსიკაში. ცოტაც ალექსანდრე კობერიძის ფილმზე | სალომე კიკალეიშვილი

მექსიკა ბებიაჩემის ოთახიდან მახსოვს. ჩემს დაბადებამდე 5 წლით ადრე გასტროლიდან ჩამოტანილი წიგნის სანიშნით, საწოლთან თავზე დაკიდებული თეფშით, და იმ თეთრი ქვების მძივით, რომელიც ახლა მე მიკეთია.

50 წლის შემდეგ, მექსიკაში წასვლის ჩემი ჯერი დადგა.

ამ მოგზაურობაზე აუცილებლად უნდა დავწერო. მეშინია, თუ არ დავწერ, დამეკარგება. 

შავ-თეთრი ფოტოა, ახალგაზრდა ქალი ძველი, ნესტისგან დალაქავებული ბეტონის კედელთან, ძირს დაფენილ კუბოკრულ პლედზე წევს. შიშველია. ერთი ხელი თავქვეშ ამოუდია და მკერდს მზის სხივებს ამაყად უშვერს. ცალი ფეხი მეორეზე გადაუდევს, ტერფებსა და თეძოს ნაწილზე კი მჭიდროდ შემოხვეული ბინტი აქვს, ისეთი, ვარჯიშის დროს რომ იკეთებენ. თვალები დაუხუჭავს, განაბულია. ვუყურებ 100 წლის წინანდელ ფოტოს: ქალის სხეულს, მსუბუქად გამოკვეთილ კუნთებს, ფეხზე წამომდგარ ძუძუს თავებს, სახეზე მოფენილ მზეს.

– გინდათ, წიგნი გაგატანოთ? ვიზაზე რომ მობრუნდებით, მერე დააბრუნეთ, - მეუბნება მექსიკის კონსული. ძალიანაც მინდა, მაგრამ, რატომღაც მერიდება და უარის ნიშნად, ოდნავ უხერხულად ვაქნევ თავს. ფურცელზე ფოტოს ავტორს ვიწერ – მანუელ ალვარეს ბრავო.

გვადალახარა

თებერვალში, ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმმა მექსიკის მთავრობასთან ერთად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კარტელის „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) მალვაში მყოფი ლიდერი, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, იგივე ელ მენჩო გვადალახარასთან ახლოს, თავის ფეშენებელურ რანჩოზე ჩაცხრილა. რასაც, ერთ თვეში კარტელისგან საპასუხოდ მოჰყვა: აეროპორტში შეიარაღებული ადამიანების შევარდნა და იქ გაჩაღებული სროლა, პანიკა, ბენზინგასამართი სადგურებისთვის ცეცხლის წაკიდება, მსხვერპლი. ქვეყნის ყველაზე ძლიერი კარტელის გარდა, ხალისკოს რეგიონის ქალაქი გვადალახარა თავისი კინოფესტივალითაა ცნობილი, რომელიც ლათინო ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მეც მანდ ჩავდივარ.

FIPRESCI-ს (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია) ჟიურიში სამნი ვართ: საქართველოდან პორტუგალიაში გადასახლებული მე, ირანიდან კანადაში გაქცეული აზადეჰ ჯაფარი და აცტეკი ალფრედო ნაიმე. ყოველჯერზე, როცა კი გვერდიგვერდ ვსხდებით, ჩვენ-ჩვენი გასაჭირის გაზიარებას ვიწყებთ. ზოგჯერ, ირანსაც ჩემს თავზე ვიღებ და პარალელური მონტაჟით ვყვები ისტორიებს. როგორც კი ალფრედო მექსიკაზე იწყებს ლაპარაკს, ვხვდები, რაც კი ოდესმე ნარკოდილერებზე, ტრეფიკინგსა და კარტელებზე კინოში მინახავს, ყველაფერი ნამდვილია – „ნარკოსის“ სერიალში ვარ. ქალაქში თითქმის სულ მანქანით დავდივართ. აუტანელი სიცხის გამო, ფეხით ბევრს ვერ ივლი და თან, როგორც მითხრეს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ასე ჯობია. ჩემი შვილის ხელა ორი მექსიკელი ბიჭი მოგვამაგრეს – ლუის პაბლო და ჟული. სადაც წახვალთ, ესენიც იქ წამოვლენო.

კედლის მხატვრობით დავიწყეთ.

1810 წელს დაარსებული კობანიასის ჰოსპიტალი, რომელიც ოდესღაც ობოლთა და ავადმყოფთა თავშესაფარი იყო, ახლა მუზეუმადაა ქცეული. ნეოკლასიციზმის სტილში აგებული მკაცრი ფორმების შენობა დღეს თანამედროვე გამოფენებს მასპინძლობს.

დამთვალიერებელი აქ, ძირითადად, ხოსე კლემენტე ოროსკოს კედლის მხატვრობის სანახავად მოდის, რომლის ცნობილი ნამუშევარი, “ცეცხლის კაცი” ჰოსპიტალის ჭერს ამშვენებს. 27 მეტრის სიმაღლეზე შთამბეჭდავი ვეებერთელა ფიგურები ერთმანეთში ირევა, ყველაფერი ძალიან მასიური და დიდია.

გინდა, ფართოდ გაახილო თვალები და ამ უშველებელ, მონუმენტურ ნამუშევარს, რომელსაც „ამერიკულ სიქსტის კაპელას“ ეძახიან, კარგად დააკვირდე, არაფერი გამოგრჩეს. ერთ-ერთ დარბაზში თანამედროვე ლათინო ამერიკელ არტისტთა ნამუშევრებია. არაფერს სჭირდება ახსნა-განმარტებითი ბარათები და დაძაბული მზერით დაკვირვება, ყველაფერი გასაგები, მარტივი და, ამავდროულად, ჯადოსნურია:  მარმარილოს ნაჭრებით შექმნილი მატლების ქანდაკებებიც და დიდ ტილოზე ძაფებით ამოქარგული სიკვდილ-სიცოცხლის თამაშიც. კობანიასის მუზეუმიდან გვადალახარას უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმში, MUSA-ში მივდივართ, რომ ახლა ოროსკოსა და საბჭოთა რეჟისორის სერგეი ეიზენშტეინის საერთო ობსესიებს შევავლოთ თვალი. მათი კავშირი, წერილებმა და ერთმანეთისთვის გაგზავნილმა ჩანახატებმა შემოინახა. ჰოლივუდში ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, თეორეტიკოსი, რეჟისორი ეიზენშტეინი 1930-იან წლებში მექსიკაში ჩადის, ქვეყნის რევოლუციაზე ფილმის გადასაღებად. თუმცა, გადაღებებს ვერ ასრულებს. შეწყვეტილ ბიუჯეტს მალევე მოჰყვება მოკითხვა თავად სტალინისგან, ხომ არ გაუტკბა საბჭოთა რეჟისორს გრძელვადიანი ვოიაჟი, რაც, ბუნებრივია, იმხანად ერთადერთ რამეს ნიშნავს - სიგნალს, რომ საჭიროა სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება. გადაღებული მასალა ეიზენშტეინს არ გამოატანეს და ფილმი წლების შემდეგ, სხვებმა დაასრულეს. MUSA-ს საპროექციო ოთახში ეს ფილმი ¡Que viva Mexico! გადის.

ეიზენშტეინის კიჩური ჩანახატების შემდეგ გვადალახარას საკათედრო ტაძრის მოზაიკა კიდევ უფრო საინტერესოდ მომეჩვენა. ტაძრიდან მალევე გამოვედით და უკანა კართან გავჩერდით - პირდაპირ, პატარა პარკთან. აღარც მზე იყო მწველი და უეცრად ამოვარდნილი ძლიერი ქარიც გამაგრილებლად უბერავდა.

ღრმად ჩავისუნთქე და მექსიკური ხელოვნებით კმაყოფილმა, პარკს და მის ქვის სკამებს შორიდან შევავლე თვალი. რამდენიმე ადამიანს ძირს დაფენილ ნაჭერზე ათასი ჭრელაჭრულა სისულელე გამოეტანა გასაყიდად. სკამები ერთნაირად იყო აჭრელებული, თითქოს ვიღაცამ ზედ გაზეთი შემოახვიაო. ერთ-ერთ სკამთან მივედი, ზედ 20-30 ერთი და იმავე ზომის განცხადების ფურცელი იყო გაკრული. თითოეულზე, ადამიანის მოზრდილი ფოტო და გვერდზე მახასიათებლები იყო ჩამოწერილი: თმისა და თვალის ფერი, სიმაღლე, ბოლოს სად ნახეს და რა ეცვა. სულ ქვემოთ, ტელეფონის ნომერი ტექსტით „თუ სადმე ნახეთ, დარეკეთ“. სხვა სკამებს გადავხედე და ვხვდები, ყველა ეს „ჭრელი“ სკამი 20-30 ან მეტი დაკარგული ქალისა და კაცის შესახებ ყვება. თარიღებს ვაკვირდები, ზოგი ახალი დაკარგულია, ზოგი ასე 4-5 წლის წინ. უმეტესობა ფერადი ფოტოა. გვერდზე ჟული მიდგას. მეუბნება, რომ “გმირი ბავშვების“ მონუმენტთან, მოედანზე, კიდევ უფრო მეტი განცხადებაა. ვთხოვ, წამიყვანოს. ახლაღა ვამჩნევ, ჩვენს გარშემო ტროტუარზე განლაგებული ბოძებიც აჭრელებულია. ჟული 20-21 წლის იქნება, ანიმაციაზე სწავლობს. ჩემს ცნობისმოყვარეობით სავსე კითხვებს ამომწურავად პასუხობს და, მექსიკაზე შეყვარებული, თავის ქვეყანაზე აღტყინებით მიყვება. საშუალო სიმაღლისაა და ოდნავ ჩასკვნილს, ტალღოვანი თმები მხრებამდე სწვდება. მის სახასიათო სახის ნაკვთებს რომ ვუყურებ, მგონია, ჩემს წინ ჭეშმარიტი აცტეკი დგას. 

გზაში, რკინის გისოსებში ჩასმულ გრძელ შენობას ვხედავთ. მიტოვებულს ჰგავს. ღობე უშნოდ გამოიყურება: სხვადასხვა ფერი საღებავით შემოხაზული სიმბოლოები ერთმანეთზეა გადახატული, ყველგან გინება და წყევლაა. Abort your inner gringo – მწვანე ფერის საღებავითაა ზედ მიჯღაბნილი. როდესაც ამერიკა მექსიკას დაესხა თავს, მწვანე ფერის სამხედრო ფორმების გამო, მექსიკელები მათ “Greens, Go!”-ს უყვიროდნენ. „ეს ამერიკის საელჩოა“, - მეუბნება ჟული.

ჩაპულტეპეკის გამზირზე მანქანები მშვიდად მოძრაობენ, გარშემო ახალი კორპუსები შენდება. ამ უბანში ცხოვრება ძვირია. აი, ამ ახალ კორპუსში, ერთსაძინებლიანი ბინის ქირაობა, დაახლოებით, 1500-2000 დოლარი მაინც ეღირება. ტერასები პირდაპირ მოედანს და დაკარგული ადამიანების მოღიმარ სახეებს უყურებს; შევეჩვიეთ, – მპასუხობს ჟული.

ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლიდან მექსიკაში 130,000-ზე მეტი ადამიანია დაკარგული, თუმცა, სინამდვილეში, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაკარგულთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხალისკოს შტატშია. დღე არ გავა, საინფორმაციო საშუალებებმა 10-15 ახალი შემთხვევა არ ახსენონ. ანხელ მონტენეგროს შესახებ Gardian-ის სტატია მახსენდება. 2022 წლის აგვისტოში, 31 წლის მექსიკელი სამსახურის შემდეგ  ბარში მიდის მეგობართან ერთად. იქიდან გამოსულები, ასე, ღამის 10 საათისთვის გაჩერებაზე დგებიან. უეცრად, იქვე ჩერდება თეთრი ფურგონიანი მანქანა და უცნობები ანხელს მანქანაში ტენიან. უკვე შუაღამით, ადგილზე მოვარდნილ დედასა და ცოლს გაჩერებაზე ხვდებათ ანხელის ძირს დაგდებული ცალი ფეხსაცმელი და კეპი. როგორც ჟულმა მითხრა, გატაცებულებიდან უკან ვერავინ ბრუნდება.

უკვე რამდენიმე წელია, რაც მექსიკაში დაკარგულთა დედებმა დამოუკიდებელი ორგანიზაციები შექმნეს, რომელთა მიზანი საკუთარი ძალებით დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა და გაუჩინარებულთა ადგილსამყოფლის დადგენაა. კარტელის სამიზნე ძალიან ხშირად სწორედ ასეთი ორგანიზაციის აქტიური წევრები არიან.

ზოგჯერ, ვიღაც იტყვის – გავიგე, რომ ამა და ამ გზასთან, სამხრეთით, ამდენი და ამდენი კილომეტრის დაშორებით, მიწები გაუთხრიათ და შიგ გვამები ჩაუყრიათ. ორგანიზაციის წევრი მშობლები ნიჩბებით იწყებენ ორმოების თხრას. „იცი, როგორაა, - მიყვებოდა იმ დღეს ლუის პაბლო, - აი, მაგალითად, ჩემი შეყვარებული კლუბში რომ მიდის, მე ან მამამისი მანქანით ვაკითხავთ. არა აქვს მნიშვნელობა რომელი საათია, ღამის სამია თუ ოთხი. მირჩევნია, ავდგე და მივაკითხო, ვიდრე ტაქსი გამოიძახოს და თავად წამოვიდეს. ჩემი შეყვარებულის მამა ზოგჯერ გვეუბნება, თუ ოდესმე რომელიმე გაგიტაცეს, მირჩევნია ვიცოდე, რომ მკვდრები ხართ“.

არაოფიციალურად, კარტელები მექსიკის ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს აკონტროლებენ. LA Times-ი წერდა, რომ თითოეული კარტელი კვირაში დაახლოებით 350-370 ახალ წევრს იმატებს, რათა დაკავებებისა და მკვლელობების გამო ადამიანური რესურსი არ ამოეწუროს.  ეს რიცხვი მოტაცებული ადამიანებისა და კარტელში, სიღატაკის გამო სამუშაოდ მისულთა ხარჯზე მუდმივად ივსება. მთელ მექსიკაში, დაახლოებით 200-მდე აქტიური კარტელია. „კარტელში ყოფნა რუსული რულეტკის გაუჩერებლად თამაშს ჰგავს“, - წერს გამოცემა. ქალები – პროსტიტუციისათვის, კაცები კი ნარკობიზნესში სამუშაოდ და წვრილი კრიმინალური საქმიანობისთვის სჭირდებათ.

*** 

ლუის პაბლოს მეუბნება, რომ ჩვენ - მე და ირანელ აზადეჰს გულისხმობს - უფრო მალე ვადაპტირდით და იოლად ავუღეთ ალღო მექსიკას, რასაც ვერ ვიტყვით ევროპელებზე, რომლებიც შოკირებულები დადიან. ყოველ ჯერზე, როცა კი უბერის ტაქსის ვიძახებ, მენთება შეტყობინება, რომ შემიძლია, დავაჭირო ღილაკს და მთელი მგზავრობის განმავლობაში აუდიო ჩაიწერება; რომ მათ ტაქსებს დამატებითი უსაფრთხოება აქვთ და მარშრუტის სრული მონიტორინგი ხდება; რომ მაგალითად, აი, ამ მძღოლს კამერა აქვს ჩართული. როცა ტაქსის ვიძახებთ, ლუის პაბლო ჯერ ამოწმებს აპლიკაციაში მითითებულ და ადგილზე მოსული მანქანის ბრენდს, ფერს, მძღოლის სახელს, სახეს, მანქანის ნომრებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვსხდებით. მე მის სიას ახალი ფილტრი დავუმატე - ტაქსისტად მუშაობის წლების გადამოწმება. 

გვადალახარას 40, 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სან ხუან დე დიოსის ბაზარი, ლათინო ამერიკის ყველაზე დიდი ღია ბაზარია. ერთმანეთის გვერდი-გვერდ იყიდება სხვადასხვაგვარი ყველი, ხორცი (უმი და შებოლილების ნაირსახეობა), სუნელები, ჩონჩხის გამოსახულებიანი სასაჩუქრე ჭიქები, ტყავის ჩანთები, DVD და CD დისკები, უცნაური გეომეტრიული ფორმის ხილი, ოქროს სამაჯურები და ვერცხლის საყურეები, როლექსის საათებიც. თუ მოგშივდა, არც ეგ არის პრობლემა, ბაზარში ნაირ-ნაირი საჭმლის დიდი არჩევანია. ჩემი ერთდღიანი დაკვირვებით, 1, 300, 000-იან ქალაქში სან ხუანის ბაზარს დღეში ნახევარი მილიონი მაინც სტუმრობს. თან ცხელა, თან ვიღაც რაღაცაზე უკრავს, თან ჩანთაზე ჩაბღაუჭებული დადიხარ. 

ბაზრიდან თეატრში წავედით. დეგოლადოს თეატრის ნეოკლასიკური შენობა 1866 წელს გაიხსნა. ამ სცენაზე 50 წლის წინ „კავკასიური ცარცის წრე“ ითამაშეს და იმ საგრიმიოროს ნახვა მინდა, ბებიაჩემი რომ იჯდა-მეთქი.

დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით მორთულ ჭერს თვალს რომ გამოაყოლებ, ზედ სცენის თავზე დიდი ოქროსფერი არწივია. ლეგენდის მიხედვით, თუ ოდესმე სცენაზე ბოროტი ძალები ითამაშებენ, არწივი მოწყდება თავის ადგილს და ზედ დაეცემა ყველას, სულ გაჟუჟავსო, – ღიმილით მეუბნება საგანგებოდ ჩემთვის მოსული თეატრის წარმომადგენელი. ლეგენდების მოსმენის შემდეგ, როგორც იქნა, სცენის უკან გავდივართ. საგრიმიორო ოთახში სულ მთლად გადათეთრებული, ახლად გარემონტებული კედლები და MAC-ის თანამედროვე, ქათქათა, ნათურებით მორთული მაგიდები მხვდება. “ყველაფერი გამოიცვალა, მხოლოდ ეს კიბეებია ძველი”, - გაწბილებული სახის დანახვისთანავე მპასუხობს თეატრის წარმომადგენელი. კიბეების თვალიერებას ვიწყებ. ძირს ისე ვიყურები, თითქოს, რაღაცას ვეძებ.

ხვალ ფესტივალის ბოლო დღეა. უკვე ვიცი, ჩემს ახალ, ვარდებიან კაბას ჩავიცვამ. ამის გახსენება აშკარად უკეთეს ხასიათზე მაყენებს. საღამოს ჟიურის შეხვედრაზე მივდივართ და FIPRESCI-ს გამარჯვებულ ფილმს, ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ ვირჩევთ. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში თითქმის სულ მექსიკური ფილმებია. მხატვრული ნამუშევრები: დრამა, კომედია, სათავგადასავლო თუ ფსიქოლოგიური ტრილერი, ყველა სიკვდილზე გიყვება. არ მიკვირს, მექსიკაში ხომ სიკვდილს არ ერიდებიან და მიცვალებულებს ყველაზე ფერად, ყველაზე ლამაზ დღესასწაულებს უწყობენ. დოკუმენტური ნამუშევრები კი ქვეყნის რეალობას - კარტელებისა და დაკარგული ადამიანების ისტორიებს აღწერს.

გადაწყვეტილების მიღება ოდნავ გაგვიჭირდა. ვფიქრობ, არის თემები, რომელთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა – ხმაურის ატეხვა და ხმის ამოღება მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ეს ყველაფერი რაღაც დროს შედეგს მოიტანს. აზადეჰი კიდევ მეწინააღმდეგება და ირანელი რეჟისორის პანაჰის ისტორიას მახსენებს - “ამდენი წინააღმდეგობის, დაპატიმრებების, საერთაშორისო მედიის ჩართულობის მერე შეიცვალა რამე? - მეკითხება უკმეხი სახით, - ეს არაფერს ცვლის”. საბოლოოდ გამარჯვებულ მხატვრულ ფილმს ვასახელებთ და სამოტივაციო წერილს ვწერთ, რომ მაყურებელს ჩვენი არჩევანი ავუხსნათ.

ფესტივალის სამი მთავარი პრიზი, მათ შორის საუკეთესო მექსიკური ფილმი დოკუმენტურმა ფილმმა „ძვირფასო ფატიმა“ აიღო. ეს არის ფილმი 12 წლის მოკლული ფატიმასა და მისი მებრძოლი დედის ლორენა გუტიერესის შესახებ. 

„ძვირფასო ფატიმა, შენ მოგკლეს 10 წლის წინ, მაგრამ ასე მგონია, ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. მე და მამაშენი 10 წელია, ვეძებთ სამართალს. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კოლექტივი და ერთად გადაგვეღო ფილმი. შენი ისტორია მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს“, – ასე იწყება ფილმი, რომლის მთხრობელი და ერთ-ერთი რეჟისორიც ლორენა გუტიერესია. 

თავიდან ხედავ ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელიც მეხიკოს კონსტიტუციის მოედნისკენ, ზოკალოსკენ მიემართება. ადგილზე მისულები ჩანთების ამოლაგებასა და კარვების გაშლას იწყებენ. ქალთა საერთაშორისო დღემდე, 8 მარტამდე, სულ სამიოდე დღეა დარჩენილი, ფემიციდის გასაპროტესტებლად ამაზე კარგ თარიღს ვერ მოიფიქრებ. ლორენასთან ერთად იქ არის მარი კრუზი – კიდევ ერთი მოკლული არასრულწლოვნის დედა. მოძრაობის დანარჩენებმა წევრმა დედებმა ვერ გაბედეს გამოსვლა, ეშინიათ. ქალები მექსიკის პრეზიდენტთან კლაუდია შეინბაუმთან ითხოვენ შეხვედრას, რათა მიიღონ პასუხი, თუ რატომ არ ხდება ამ შემთხვევების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. საპროტესტო ბანერებისა და მოკლულთა პორტრეტების ფონზე ლორენა ყოველ დღე მეგაფონით მიმართავს მოედანზე მოსეირნე ადამიანებს, უყვება მათ ფემიციდზე, ხმის ამოღების აუცილებლობაზე, დაუსჯელობის სინდრომზე. ამბობს, რომ ფატიმას შემდეგ, სულ მცირე 40, 000 ქალი გახდა მექსიკაში ფემიციდის მსხვერპლი; რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიხედვით, მექსიკაში დღეში საშუალოდ 10 ქალი ხდება მსხვერპლი გენდერული ნიშნით, რაზეც ქვეყნის პარლამენტი თვალს ხუჭავს. ზოკალოს მოედანზე გამართულ ფემიციდის წინააღმდეგ გამოსვლებს, 11 წლის წინანდელი ამბის რეკონსტრუქცია ენაცვლება. მთელი ფილმის ნარატივი თითქოს ერთი დიდი წერილია, რომელსაც შვილმკვდარი დედა ხან ომახიანად, ხან კი ბზარშეპარული ხმით კითხულობს. მისი მიზანია, ყველას გააგებინოს, რამდენად დაუცველია ქალი ამ ქვეყანაში; რამდენად მარტოა. შენც უნდა იცოდე, როგორი ბრმა და ყრუა ამ ქვეყნის მართლმსაჯულება. BBC-ზე წაკითხული ეს სტატია მახსენდება: 2025 წლის მაისში, ხალისკოს შტატის ქალაქ საპოპანში, 23 წლის ინფლუენსერი ვალერია მარკესი TikTok-ის პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ეჭვი თავიდანვე ფემიციდზე იყო, თუმცა ფაქტი, რომ ეს ყველაფერი „ხალისკოს ახალგაზრდა თაობის კარტელის“ მიერ კონტროლირებად ქალაქში მოხდა, მათ ამ საქმეში ჩართულობაზე აღძრავდა ეჭვს. BBC-ი მექსიკის პრეზიდენტის ღრმა შეშფოთებაზე წერდა, რომელიც ირწმუნებოდა, საქმეს მალევე გამოვიძიებთო. 

„ძვირფასო ფატიმა“ ისევ ზოკალოს კადრებით მთავრდება. აქციის მონაწილეები კარვებს შლიან და სახლებში მიდიან. - „ერთ დღეს ალბათ მეც მომკლავენ“, – ამბობს ლორენა ფილმში.

პრიზის ასაღებად ლორენა გუტიერესი სცენაზე ქმართან და ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად ადის. “სამართლიანობა მოსმენით შენდება. აქამდე, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არავინ გვისმენდა. ჩემი მიზანია, ამ ფილმის საშუალებით, ყველამ გაიგოს, რა ხდება აქ. მინდა, დამეხმაროთ, ამ ამბის გავრცელებაში”, – ამბობს და დარბაზთან ერთად სკანდირებას იწყებს:

“ფატიმა, შენი დედა ბრძოლაშია – აღარც ერთი ქალი, აღარც ერთი მოკლული ქალი!”.

“აღარც ერთი მოკლული ქალი” - პასუხობს უბრუნებს დარბაზი.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ გარეთ გამოვდივართ და ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტს ვესწრებით. ქანთრისა და როკის გაუგებარ ნაზავს ადგილობრივი პოპულარული ბენდი ასრულებს. საღამოს კაბებსა და მაღალ ქუსლებზე შემხტარი ქალები ცეკვისას „იიიი ჰააააა“-ს გაიძახიან. სადაც გაიხედები, ყველგან ტეკილების მთებია. ტეკილის რიგში ჩემს უკან, რეჟისორი დარენ არანოვსკი დგას.

მექსიკაში ხან აღფრთოვანებისგან ვაღებ პირს და ხან – შიშისგან.

შემიძლია ვილაპარაკო მეხიკოს “Gran Hotel Ciudad de México”-ს არტ ნუვოს სტილში შესრულებულ ჟაკგრიუბერის ვიტრაჟულ ჭერზე, რომელიც 20, 000-ზე მეტი ფერადი მინისგან შედგება და რომლის ტერასაზეც აუცილებლად დავლევ ყავას და მერე უცებ შევცვალო თემა და საფლავების გამთხრელ დედებზე გადავიდე. ეს ყველაფერი აქ ერთ სიბრტყეზე თანაარსებობს და ეს კონსტრასტულობა, ზოგჯერ ძალიან მაშინებს.

მეხიკო 

მეხიკოში რომ ჩავედი, იმ დღეს რამდენჯერმე ვიტირე. ასეთი სილამაზის ქალაქი მეორე არ მინახავს, ჟულის თქმის არ იყოს, კრიმინალი რომ არა, აქ მეც ბედნიერი ვიცხოვრებდი. ზოკალოს მთავარი მოედანი იმხელაა, ლამის ნახევარი დღე ვკვეთდი. დღესასწაული იყო და მთელ ქალაქს აქ მოეყარა თავი: ბავშვებისთვის გამართული წყლის სასრიალოებთან უსასრულო რიგები იდგა; კოსტიუმირებული ვრესტლინგის მოედანთან მამებს შვილები კისრებზე შემოესვათ და საწუწაო კუთხეებთან დიდების როხროხი ისმოდა. პარალელურად, ყველა ბარისა და რესტორნის თავზე, აივანზე გადმომდგარი ქალები იდგნენ და გაჰკიოდნენ – ჩვენთან შემოდით! ჩვენთან უკეთესია! ვიღაც ცხენს მიაჭენებდა, იქვე კი წყვილი სენტიმენტალურ მუსიკაზე ცეკვავდა, კიდეში კი ვეებერთელა ხარაჩო იყო აღმართული, ზედ ჩამოკონწიალებული 20-მდე ხელოსნით, რომლებიც ამ თაკარა +40-ში ვრესტლინგის მონაწილეებს უსტვენდნენ და ხელებს უქნევდნენ – ოიეე, აქეთ დაარტყი, აქეთო. 

მეხიკოში მარტო ვიყავი, ჟულისა და ლუის პაბლოს გარეშე. ტელეფონის რუკაზე წითლად მონიშნულ ზონებში ფეხს არ ვდგამდი და ტაქსში ჩაჯდომის რიტუალსაც კარგად ნასწავლი, მრავალსაფეხურიანი გადამოწმებით ვასრულებდი. ალფონსო კუარონის ბავშვობის სახლიც ვნახე და ზუსტად მის წინ, მისივე ფილმის „რომა“-ს სახლიც. ეს ფილმი, მან თავის გამზრდელს მიუძღვნა. იშვიათად მინახავს ასეთი ჩუმი და ძვირფასი გმირი. “რომას” გახსენებისას ყოველთვის მას წარმოვიდგენ ხოლმე - ტანდაბალ, მიშტეკური წარმოშობის კლეოს, რომელიც სახლის კიბეებს დინჯად გვის. 

კოიოკანში, ფრიდა კალოსთანაც მივედი. შესასვლელში, დიეგო რივერას წერილის წაკითხვის შემდეგ ყელში ბურთი გამეჩხირა და ცრემლებმა ღაპაღუპით იწყო დენა. მისი ნახატებივით ჭრელი „ლურჯი სახლი“ უცნაური სიმძიმით დავათვალიერე და გარეთ გამოსულმა, უცებ, არსაიდან მოვარდნილი ტკივილი ვიგრძენი. მომეჩვენა, რომ რაღაც გამოვტოვე. მუზეუმში ხელმეორედ შევბრუნდი და თავიდან ჩამოვუარე პატარ-პატარა სასაცილო ფორმის კერამიკულ ფიგურებს, დიდ და მოხდენილ სარკეებს, ყვითელი სამზარეულოს ლურჯ დეტალებს, ფრიდას საწოლთან დაკიდულ დიეგო რივერას ფოტოებს, ფრიდას კაბებს, ფუნჯებს, სანახევროდ სავსე საღებავის ქილებსა და აჭრელებულ კორსეტებს. ყველაზე მეტად კი, საწოლის თავზე, დედამისის მიერ დაკიდული სარკე დამამახსოვრდა, თვეობით ჩაწოლილს საკუთარი თავისთვის რომ ეყურებინა და ეხატა. მომეჩვენა, რომ „ლურჯი სახლის“ ნახვის შემდეგ მისმა ნახატებმა ფერი იცვალეს და ახალი ისტორიების მოყოლა დამიწყეს.  

თითქოს, მხოლოდ ახლა გავიცანი, როცა ძლიერისა და თამამის მიღმა კიდევ სხვა ქალის კონტურები დავინახე. კოიოკანიდან, პირდაპირ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წავედი. მინდოდა, კალოს მეტი ნახატი მენახა. მუზეუმის პირველ სართულზე ფოტოგრაფიის ოთახი მხვდება - მანუელ ალვარეს ბრავო. ამ მუზეუმში ვიგებ, რომ მექსიკის მხატვრული ფოტოგრაფიის ფუძემდებელი და ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი, თავის პირველ ცოლთან, ასევე ფოტოგრაფ ლოლა ალვარეს ბრავოსთან ერთად ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ახლო სამეგობრო წრეში შედიოდა.

შესაბამისად, აქ წარმოდგენილი ფოტოების უმეტესობა მხატვარ წყვილს უკავშირდება. არასდროს მეგონა, რომ ვინმეს ასეთი დიეგოს გადაღება შეეძლო. ლოლა ალვარესის ფოტოზე ის გამხმარი, დაღრეცილი ტოტების უკან ზის. ფონი თითქმის ცარიელია, გახუნებული და უდაბნოსავით მშრალი. მის მკაცრ გამომეტყველებას, მხოლოდ ქარის მიერ უდიერად აჩეჩილი თმა არბილებს. 

ბოლო დღეს, ანთროპოლოგიის მუზეუმის მოკლე ტური მოვიწყე და აუცილებლად სანახავი დარბაზები ავარჩიე. მაიასა და აცტეკების ექსპონატების დათვალიერების შემდეგ, ალბათ, ამ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს. დოქები, ჭიქები, ურნები, ცხოველთა ქანდაკებები და სარიტუალო ნიღბები დახვეწილი, ენით აუწერელი სილამაზის ქმნილებებია. მცირე ზომის ქვის ქანდაკებებმა კი, „ვასკვლავთა ომებისა“ და „მეხუთე ელემენტის“ პერსონაჟები გამახსენა. სასტუმროში მისვლამდე ვასკონსელოს „გამჭვირვალე“ ბიბლიოთეკაში შევიარე. თავი შუშის უზარმაზარ გემზე მეგონა, რომელზეც სართულებად ჩამწკრივებული, ასევე შუშის კონტეინერები ეწყო. დარბაზის შუაში, ჭერიდან, 1700 კილოგრამიანი ვეებერთელა რუხი ვეშაპის ჩონჩხი ეშვებოდა. 

ლისაბონი

დროში განსხვავება სახლში დაბრუნებულმა უფრო ვიგრძენი. მექსიკაში, ალბათ, ცნობისმოყვარეობა მშველოდა. მეორე დღეს კინოში ალექსანდრე კობერიძის „ხმელ ფოთოლს“ უჩვენებდნენ და, რა თქმა უნდა, წავედი. სონი ერიქსონის ტელეფონით გადაღებული 186 წუთიანი ფილმი სპორტულ ჟურნალისტ ლიზაზე ყვება, რომელიც ერთ დღეს ქრება, თან წერილს ტოვებს, რომ არ ეძებონ. ლიზას მამა, ირაკლი, ფიქრობს, რომ შეიძლება წერილში სიმართლე არ წერია და შვილის მოსაძებნად მიდის. იგებს, რომ მას საქართველოს სოფლებში მიტოვებული საფეხბურთო მოედნების გადაღება უნდოდა. ამ ძიებას ირაკლისთან ერთად ლიზას მეგობარი, ლევანი უერთდება. გმირი, რომელიც მთელი ფილმი უხილავი რჩება მაყურებლისთვის. სონი ერიქსონის სქელმარცვლოვანი გამოსახულება საშუალებას არ გაძლევს, ყველაფერს გულდასმით დააკვირდე. გაიძულებს, შეგრძნებებით გაჰყვე თხრობას. მიყვარს, კობერიძის ფილმების ყურებისას მოგზაურობა რომ შემიძლია: რეალობასა და ირეალობას შორის ლივლილი, ზოგჯერ თვალების დახუჭვაც. მასთან ერთად,  ყველაზე ჩვეულებრივში ჯადოსნურობისა და სილამაზის ძებნა მიყვარს. ტელეფონში მოკლე ტექსტებს ვიწერ: 

„…ბალახით სავსე მინდორი... 

…დრო... 

…ყვავილებითაა ამოვსებული, სადაც აღარავინ თამაშობს... 

…დრო, რომელიც ყველაფერს ავსებს... 

…როგორ ქრებიან და ჩნდებიან ადამიანები, ისტორიები. რჩება მხოლოდ ყვავილები, ყველგან ამოსული ყვავილები, ბეტონზეც კი... 

…რა კარგია, რომ არსებობს გზები“.  

როცა ფილმი მორჩა და მაყურებელმა ჩუმად დაშლა დაიწყო, მომეჩვენა, ახლა უკვე ყველანი ერთმანეთის ახლობლები ვიყავით; რომ ჩვენ, ყველას, რაღაც ძალიან ძვირფასი საიდუმლო, საკრალური გვაერთიანებდა, რაც დედამიწაზე სხვამ არავინ და არსად იცოდა. მეც ლიზას მამასავით ვარ, გავიფიქრე გარეთ გამოსულმა და თვალწინ დეგოლადოს თეატრის ცარიელი საგრიმიორო დამიდგა. მერე ის უცნობი ქალი გამახსენდა, მეხიკოს საკათედრო ტაძარში გულში რომ ჩამიკრა ჩემი აღელვების მომენტში და დიდხანს მიმეორებდა რაღაც სიტყვებს ჩემთვის გაუგებარ ენაზე. საოცარი გალობა ისმოდა, მზეც ფიგურულად შემოდიოდა ვიტრაჟებში, მაგრამ თან, ეტყობა, მეც გადაღლილი ვიყავი, თორემ ამხელა ქალს აბა, რა ამატირებდა მეხიკოს ტაძარში.  

უკვე გვიანი ღამე იყო, სახლში წასვლა ფეხით გადავწყვიტე. რამდენჯერ წავსულვარ ამ გზით, მაგრამ იმ ღამით ყველაფერი სხვანაირი იყო, ჩრდილებმა მოძრაობა დაიწყეს და გზად, უცნაურ ლაქებად გაწოლილები მხვდებოდნენ. ზუსტად ჩემს წინ, ტროტუარზე, პარკი დავინახე – გახსნილი პირიდან შიგნით ჩაწყობილი და ერთმანეთში აბურდული მძივები ჩანდა. ძველ ნივთებს ადამიანები ასე აქ ხშირად ტოვებენ – იქნებ, გამვლელს მოეწონოს და აიღოს. აჰ, თქვენ, ალბათ, ახალ პატრონს ეძებთ-მეთქი, – უხმოდ, ფიქრში მივმართე მძივებს და პარკიდან სათითაოდ ამოვიყვანე. ხელში აღარ მეტეოდნენ. მაგრად ჩავბღუჯე და გაჩერებისკენ წავედი. ამ ჯადოსნურ საჩუქარზე მეფიქრებოდა და თან, ისევ “ხმელი ფოთოლი” მახსენდებოდა.

დაწვრილებით

ფილმის ფინალში, ირაკლის, სრულიად მოულოდნელად, შროშის გზაზე უცნობი ქალი რომ მიუახლოვდება და ლიზას დატოვებულ ახლა უკვე მეორე წერილს გადასცემს. “ნეტავ, ვინ იყო ის ქალი?” - კითხულობს ფილმში მთხრობელი. “ნეტავ ვინ იყო ის ქალი მეხიკოს ტაძარში? ნეტავ, ვინ დამიტოვა ახლა ესენი გზაზე? - ვფიქრობდი ჩემთვის, ან კი არ ვფიქრობდი, ასე, უხმოდ მივმართავდი ხელში ჩაბღუჯულ მძივებს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა