გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბუდა და პეშტი | ორი ქალაქის ფოტოამბავი

რას იტყოდა დუნაი, ლაპარაკი რომ შეეძლოს?

დუნაის ნაპირებს ბევრი ამბავი უნახავს. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარე უნგრეთის დედაქალაქს ორ ნაწილად ყოფს. მე-19 საუკუნის ბოლოს გაერთიანებული ბუდა, ობუდა და პეშტი ქალაქში ჩასული სტუმრებისთვის სიმშვიდეს და მღელვარებას ჰარმონიული მონაცვლეობით იმეტებს.

ბუდა ციხეებისა და სამეფო რეზიდენციების, თერმული აბანოების, აღმართების და ვიწრო ქუჩების ქალაქია. პეშტი ცოცხალია. წმინდა სტეფანეს ბაზილიკის, სინაგოგის, პარლამენტის შენობის არქიტექტურას, ფერადი ბაზრობის სიჭრელე, ღია კაფეებისა და ბარების ენერგია და სანაპიროზე მოსეირნე ადამიანების სიმშვიდე ერწყმის.

ხიდები, რომელიც ნაპირებს და ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს, ბუდაპეშტის სავიზიტო ბარათია. აქვე ჩამოივლის ყვითელი ტრამვაი. ფერები რომ ბუდაპეშტს არ აკლია, ამას Szimpla kert-იც მოწმობს – ახალგაზრდების თავშეყრის საყვარელ ადგილს, განსხვავებული კონცეფცია, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ჟღერადობა, ალკოჰოლის გამბედაობა და ძვირფასი ურთიერთობების ემოცია აქვს.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში, ბუდაპეშტის გეტოდან ებრაელები გაყინული მდინარის ნაპირებზე მიჰყავდათ. დახვრეტამდე სიკვდილმისჯილებს ფეხსაცმლის გახდას აიძულებდნენ. კინორეჟისორისა და მოქანდაკის ერთობლივი პროექტი – ნაპირზე განლაგებული 60 წყვილი თუჯის ფეხსაცმელი მათ ამბავს ჰყვება, ვინც ვერ გადარჩა.

ამბობენ, დუნაი რომის იმპერიას სხვა სახელმწიფოებისგან გამოყოფდა. საუკუნეები გავიდა და ის აღარაა ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის ჰიპოთეტური ზღვარის გამვლები.

დაწვრილებით

პეშტის ცის ქვეშ მდინარის ნაპირებსა და მშვიდი პარკების სკამებზე ახალგაზრდა წყვილები მზეს ეფიცხებიან; ბუდას ვიწრო, მშვიდ და დამღლელ აღმართებს ხანდაზმული წყვილები მიუყვებიან.

დუნაის რომ ლაპარაკი შეეძლოს, ალბათ, მის ნაპირებზე ახსნილ სიყვარულებსა და დაშორებულ წყვილებზე, დახვრეტილ ადამიანებსა და გადარჩენილ სიცოცხლეებზე მოჰყვებოდა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა